სწავლანი > კითხვა-პასუხი
ნეტ. ავგუსტინესთან და ფილიოკვესთან დაკავშირებული ორიოდ კითხვა
კითხვა: რატომ არ შეიწყნარებს მართლმადიდებლობა სწავლებას ფილიოკვეს (1) შესახებ, თუკი ნეტ. ავგუსტინე, თავის შრომაში "სამების შესახებ", მკაფიო სწავლებას გვთავაზობს ამ საკითხთან დაკავშირებით?
_____________
1. ფილიოკვე (ლათ. Filioque - "და ძისაგან") - საღვთისმეტყველო ტერმინი, რომელიც გამოხატავს რომაულ-კათოლიკური სწავლა-მოძრვრების ცრუ დოგმატს იმის შესახებ, რომ სულიწმიდა თავის მარადიულ ყოფიერებაში გამოდის არა მარტო მამისგან, არამედ ძისგანაც.
_____________
პასუხი: ამ კითხვას კარგი პასუხი გასცა ერთმა წმიდა მამამ ჯერ კიდევ 600 წლის წინათ: "თუმცა, ამბობენ, რომ ასე ასწავლიდაო ნეტ. ავგუსტინე. მაგრამ ჩვენ გვწამს არა ავგუსტინესი ან დამასკელის, არამედ წმიდა ეკლესიის, რომელიც მყარდება კანონიკური წერილებითა და ერთგულ ქრისტიანთა საზოგადო კრებებით, რაც ხელს უწყობდა ქრისტიანული ეკლესიის განმტკიცებას".
კითხვა: მაშინ, შეიძლება თუ არა ვთქვათ, ავგუსტინე ასევე მწვალებელია, რადგან ფილიოკვე მწვალებლობად არის შერაცხილი მართლმადიდებლობაში, ხოლო ავგუსტინე მას აღიარებდა?
პასუხი: ამ კითხვას პასუხობს თვით ავგუსტინე, როდესაც ის სხვა წმინდანის - კვიპრიანე კართაგენელის ზოგიერთ ცდომილ შეხედულებას განმარტავდა.
ნეტ. ავგუსტინე წერს: "კვიპრიანე ნათლად აჩვენებდა საკმაო მზადყოფნას იმისთვის, რათა გაესწორებინა თავისი შეხედულებები, ვინმეს მათი არამართებულება რომ დაემტკიცებინა მისთვის.
ვერც ჩვენ გავბედავთ რაიმე მსგავსის თქმას, თუკი მოვალენი არ ვიქნებით ვცადოთ რაიმეს დამტკიცება, რომ არ გვამყარებდეს მთელი ეკლესიის ერთსულოვანი ავტორიტეტი. უეჭველად მას (ეკლესიას - "აპოკ". რედ.) დაუთმობდა კვიპრიანეც, იმ დროს, მოცემულ საკითხზე, ჭეშმარიტება მყარად რომ ყოფილიყო გარკვეული და ეკლესიის კრებითი სისავსის მიერ გაჟღერებული. რადგან, თუკი ის იმოწმებდა პეტრეს, როგორც მშვიდობიანი და მომთმენი თანხმობის ნიმუშს, რამდენად სწრაფად დათმობდა საკუთარ პოზიციებს, თავისივე პროვინციის კრებასთან ერთად, ჭეშმარიტება მთელი მსოფლიო საეკლესიო ავტორიტეტის მიერ რომ ყოფილიყო გაცხადებული?"
ზოგიერთი წმიდა მამა შეცდომით აღიარებდა სწავლებას, რომელიც შემდგომ ეკლესიის მიერ იქნა დაგმობილი, მაგრამ რადგან მათ ეს ამგვარ შეხედულებათა კრებით დაგმობამდე გაიზიარეს, მათი უნებლიე ცდომილება საპატიოა.
განსაკუთრებულად მკაფიოა ეს ავგუსტინესთან მიმართებაში, რადგან ყოველთვის ხაზს უსვამდა იგი, რომ შეიძლება შეცდეს და დაჟინებით არ ითხოვდა მისი აზრის გათვალისწინებას: "მე არ მოვერიდები ვიკითხო, თუკი სადმე დავეჭვდები; და არ შემრცხვება ვისწავლო, თუკი სადმე ვცდები. ამიტომაც, დაე გამოჰყვეს ჩემს თავდაჯერებულობას ყოველი თავდაჯერებული მკითხველი; დაეჭვებულმა კი ჩემთან ერთად იკითხოს; ხოლო ყოველი, ვინც შეამჩნევს თავის შეცდომას, დამიბრუნდეს, და თუ ჩემსას შეამჩნევს - განზე გამწიოს" (Aug. De Trin. I, 4–5; რუს. თარგმ.: Августин Блаженный, свт. О Троице I, 4-5. М., 2018. С. 6-7).
კითხვა: შესაძლებელია თუ არა ორიგენსაც მივუყენოთ ეს ციტატა?
პასუხი: ორიგენე თავის სიცოცხლეშივე იყო მხილებული. გარდა ამისა, მის შემთხვევაში არსებობდა არა ცალკეული შეცდომები სწორ სისტემაში, არამედ მისი მთელი სისტემა იყო ცდომილი და გნოსტიკური.
ინტერნეტ მასალებიდან (მართლმადიდებლური წყაროები).