კითხვა-პასუხი - გამიტყდა ჯვარი - ეს ცუდი ნიშანია? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > კითხვა-პასუხი
გამიტყდა ჯვარი - ხომ არ არის ეს ცუდი ნიშანი?
მართლმადიდებლური ჯვარი
ხშირად გვეკითხებიან არის თუ არა ჯვრის გაბზარვა ან გატეხვა რაიმე ავისმომასწავებელი ნიშანი? როგორ უნდა მოვეპყრათ ასეთ ჯვრებს? და თუ ეს რაიმე ცოდვის ნიშანია, როგორ მოვიქცეთ?

სამწუხაროა, რომ მრავალ მართლმადიდებელ ქრისტიანს სჯერა ავისმომასწავებელი ნიშნების. ეს ცრურწმენაა და მას არაფერი აკავშირებს მართლმადიდებლურ სარწმუნოებასთან. მინიშნებები კარგია, როდესაც ლაპარაკია რეალურად, გამოცდილებით და მიზეზ-შედეგობრივი კავშირით დამტკიცებულ შემთხვევებზე. მაგალითად,  ბუნებრივი, კლიმატური ნიშნები, როგორიცაა თუნდაც მერცხლების დაბლა ფრენა, რაც წვიმის მომასწავებელია და სხვა.

მაგრამ ფიზიკური, ბუნებრივი ნიშნების გარდა ადამიანებს სჯერათ ასევე მეტაფიზიკური ნიშნებისა, თუნდაც ისეთის, როგორიც არის გაბზარულ და გატეხილ ჯვრებთან დაკავშირებული ცრურწმენები. აქ კი ვიტყვით, რომ ამგვაირ მეტაფიზიკური ხასიათის ნიშნებს საერთოდ არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, რადგან, როგორც წესი, ეს ყოველივე ადამიანთა გამოგონებაა, მათი ცრურწმენაა.

ოდესღაც ამგვარი "ნიშნები" ადამიანებს ერთგვარ ფსიქოლოგიურ სამსახურს უწევდა, მაგალითად, რაღაც ნიშნებზე ისინი თავს მშვიდად გრძნობდნენ, რაღაცაზე კი პირიქით - ღელავდნენ და მშფოთვარებდნენ, რადგან ეგონათ, რომ კარგად იცნობდნენ ფიზიკური სამყაროს კანონებს. მაგრამ ეს ასე როდი იყო. თქვენ იცით რეალური კანონები, რომლებსაც სწავლობენ ფიზიკის, ქიმიის და სხვა ზუსტი თუ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კურსებზე (სკოლებში, ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებში).

პირველ რიგში მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ცრურწმენა - ცოდვაა. შესაბამისად ცრურწმენებისადმი ქრისტიანებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი დამოკიდებულება - არ შემოუშვან იგი საკუთარ სულში.

გაბზარული, დამტვრეული ან დაკარგული ჯვარი არ უნდა იქნას ასოცირებული რაიმე ნიშანთან.

მართლმადიდებლური ეკლესია გვასწავლის, რომ ჯვარი - რწმენის სიმბოლოა და თავისთავად ის არანაირ მაგიურ ატრიბუტს, თილისმას ან ავგაროზს (ამულეტს)  არ წარმოადგენს. ეს არის სიწმიდე, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ. მაგრამ თუ ისე მოხდება, რომ ქრისტიანს ჯვარი დაემტვრევა ან დაეკარგება, უნდა მიხვდეს, რომ უპირველეს ყოვლისა ჯვარი ან არც ისე ხარისხიანად იყო დამზადებული ან ჯვრის მასალა ხანგრძლივი ხმარებისგან გაცვთა, რამაც გამოიწვია შესაბამისი დაზიანებები. ამიტომ გაბზარული ან გატეხილი ჯვარი შეგიძლიათ დატოვოთ სახლში, თუკი ის თქვენთვის ძვირფასია, აღგიძრავთ მოგონებებს ან შეგიძლიათ შეარემონტოთ იგი, თუკი დაზიანება ამის შესაძლებლობას გაძლევთ; ხოლო თუ არა, მაშინ მიიტანეთ ეკლესიაში, სადაც მოახდენენ მის უტილიზაციას შესაბამისი ფორმით.

თქვენ იცით სულიერი ცხოვრების კანონები, რომლებიც აღწერილია სახარებებში და, რომლებიც აპრობირებულია წმინდანთა გამოცდილებით. და ეს სრულიად საკმარისია! არ არის საჭირო კიდევ რაღაცის გამოგონება. ჯვარი - ქრისტიანობის სიმბოლოა, მაგრამ მისი გაბზარვა ან დაკარგვა ჯვრის მფლობელის ცხოვრებაზე და სულის ცხონებაზე არანაირ გავლენას არ ახდენს.

რაც შეეხება ცოდვებს, ისინი სინანულის საიდუმლოში უნდა ვაღიაროთ. კარგად დააკვირდით თქვენს ცხოვრებას, თქვენს გულს, და დაინახავთ, თუ რაში გამხელთ თქვენი სინდისი, რაში სცილდება თქვენი საქმეები სახარებისეულ სწავლებას - და შეინანეთ... ცრურწმენებსა და ათასგვარ მინიშნებებს მეტაფიზიკურ პლანში ნუ ერწმუნებით.

გფარავდეთ ღმერთი!

"აპოკალიფსისი" - მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.

31.10.2020.


Назад к содержимому