კითხვა-პასუხი - ეშმაკი, მხეცი და ცრუწინასწარმეტყველი - ვინ არიან ისინი და როგორ დაისჯებიან? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > კითხვა-პასუხი
ეშმაკი, მხეცი და ცრუწინასწარმეტყველი - ვინ არიან ისინი და როგორ დაისჯებიან?
ეშმაკი, მხეცი და ცრუწინასწარმეტყველი ჯოჯოხეთში
კითხვა: თქვენთან მაქვს კითხვა გამოცხადებაში დაწერილიდან გამომდინარე, სადაც ნათქვამია: "ხოლო ეშმაკი, რომელმაც აცდუნა ისინი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც არიან მხეცი და ცრუ წინასწარმეტყველი; და ეწამებიან დღე და ღამ უკუნითი უკუნისამდე" (გამოცხ. 20:10).
 
 
პასუხი: აქ ლაპარაკია ბნელეთის ძალთა სამ მთავარ ბელადზე, რომლებიც უკანასკნელ და სასტიკ ბრძოლას გააჩაღებენ ქრისტიანობის წინააღმდეგ, მაგრამ დამარცხდებიან და მათი ამ მარცხით საბოლოოდ განადგურდება ბოროტება.
 
1. ეშმაკი (ბერძნ. დიაბოლოს - ცილისმწამებელი, ბრალმდებელი, წამქეზებელი) - მთავარი დაცემული ანგელოზი, რომელმაც მრავალი სხვა ზეციური ანგელოზიც თან გაიყოლა. ის არის ღმრთისა და მისი სასუფევლის, ასევე კაცთა მოდგმის ძირითადი მტერი. წმიდა ძველაღთქმისეულ ტექსტებში ეშმაკს ხშირად ეწოდება სატანა (ებრ. სატან - მოწინააღმდეგე). წმიდა სახარებაში ის ნახსენებია სხვადასხვა სახელებით: ბელზებელი (ლკ. 11:15), ბელიარი (2 კორ. 6:15), წუთისოფლის თავადი (ინ. 12:31), ჰაერის ძალთა მთავარი (ეფეს. 3:2), მტერი (ბერძნ. – "ეხტროს") - იგავში ღვარძლის შესახებ, რომელიც ხორბლის ველში ჩაითესა (მთ. 13:24-30). წმიდა წერილში ეშმაკის მიმართ გამოიყენება კიდევ ერთი სახელწოდება - მაცდური (ბერძნ. "პეირაძონ" - მთ. 4:3; 1 თეს. 3:5), რადგან ის მიმართავს ეშმაკობასა და  პირფერობას, რათა ადამიანი ჩამოაშოროს ღმერთს და წარწყმიდოს იგი. გამოცადებაში ეშმაკი იწოდება ურჩხულად და ძველ გველად (გამოცხ. 12:9; 20:2).
 
2. მხეცი. ბოლო ბიბლიურ წიგნში (გამოცხადებაში) ნახსენები მხეცი არის აპოკალიპტური ხატება, რომელსაც ეგზეგეტები აიგივებენ ანტიქრისტესთან - ურჯულოების კაცთან, წარწყმედის ძესთან, რომელიც გამოჩნდება ჟამთა აღსასრულს. ეს არ იქნება ხორცშესხმული სატანა, არც დემონი, არამედ ადამიანი. ანტიქრისტეს (მხეცის) კერძო სახელი, რომელიც მოცემულია (დაშიფრულია) რიცხვში ექვსას სამოცდა ექვსი, ღმრთის განგებით დაფარულია კეთილგონივრული მიზნით, და მხოლოდ მომავალში, თავის დროზე, გაიხსნება იესუ ქრისტესა და მისი ეკლესიის უბოროტესი მტრის სახელი. იდუმალთმხილველი იოანე ხედავს მას, როგორც ამომავალს ზღვიდან (გამოცხ. 13:1). სიტყვა ზღვა ბიბლიურ წიგნებში ხშირად მეტაფორულად მრავალ ხალხს აღნიშნავს. ზოგიერთი ეგზეგეტის აზრით აქ იგულისხმება ცხოვრებისეული ზღვა (მღელვარება). პირველ და მეორე განმარტებაში ნათლად არის გამოხატული ერთი აზრი, რომ ანტიქრისტე გამოვა ცოდვილი კაცობრივი ზღვიდან (მღელვარებიდან). ქვეყნიერება იმდენად მოიწყლება ცოდვით და გაიმსჭვალება ბოროტებით, რომ ხალისით მიიღებს ანტიქრისტეს, როგორც თავისი ცხოვრებისეული მისწრაფებებისა და ინტერესების გამომხატველს. ეშმაკი უხელმძღვანელებს ანტიქრისტეს მოქმედებებს, "მას, ვინც მოვა სატანის მოქმედებით, მთელი ძალმოსილებით, ნიშებით და ცრუ სასწაულებით, ისევე, როგორც უსამართლობის ყველა საცდურით - წარწყმედილთათვის, რადგანაც არ შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული, რომელსაც შეეძლო ეხსნა ისინი" (2 თეს. 2:9-10).
 
3. ცრუწინასწარმეტყველსაც წმ. იოანე ღვთისმეტყველი ხედავს მხეცის სახით, მაგრამ როგორც ამომავალს მიწიდან (გამოცხ. 13:11). ეს სიმბოლურად ნიშნავს, რომ ის იქნება ადამიანი, მთელი მისი არსება, სურვილები, აზრები და გრძნობები იქნება მიწიერი, ყოველივე ზეციერისგან გაუცხოვებული. წმ. ირინეოს ლიონელი მას "ანტიქრისტეს საჭურველთმტვირთველს" უწოდებს. მისი სახელდება ცრუწინასწარმეტყველად, აჩვენებს, რომ ის იქნება ანტიქრისტეს წინამორბედი და მისი წარმწყმედელი გზის მომამზადებელი. ცრუწინასწარმეტყველის მიზანი იქნება ადამიანთა ცდუნება ახალი, ანტიქრისტიანული ცრურელიგიით, რათა ადამიანები მიიყვანოს ანტიქრისტეს თაყვანისცემამდე. წმიდა სამებისადმი რწმენისგან განდგომილი ადამიანები ირწუნებენ ანტიქრისტეს, რომელიც თავს ღმერთად გამოაცხადებს და მისთვის განსაკუთრებული ღვთისმსახურების დაწესებას მოითხოვს. სატანა მთელი თავისი ძალით აღავსებს ანტიქრისტეს, რათა მან მსოფლიო ბატონობას მიაღწიოს (გამოცხ. 13:7). ცრუწინასწარმეტყველი უპირველესი შემწე იქნება მისი ამ საქმეში.
 
როგორი იქნება უკანასკნელი ჟამის უკიდურესი ღმრთითმბრძოლობის წინამძღოლთა მომავალი ხვედრი? მთელი მსოფლიოს დამპყრობი ურჯულოების დასასრულის დასაწყისი იქნება ღვთაებრივი მსაჯულის გამოჩენა (გამოცხ. 19:11). შურისგება დაიწყება ანტიქრისტეთი და ცრუწინასწარმეტყველით. მათ, როგორც უამრავ ადამიანთა მაცდუნებლებმა, პირველებმა უნდა იგემონ ცეცხლის გეენის საშინელებანი. როგორც იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს: "შეპყრობილ იქნა მხეცი და მასთან ერთად ცრუ წინასწარმეტყველიც, მის წინაშე რომ ახდენდა სასწაულებს, რითაც აცთუნა მხეცის ნიშნის მიმღებნი და მისი ხატის მოთაყვანენი, და ორივენი ცოცხლად იქნენ ჩაყრილი გოგირდით მოგიზგიზე ცეცხლის ტბაში" (გამოცხ. 19:20).
 
ღმრთის სასუფევლის ამ პირდაპირი და ყველაზე დაუძნებელი მტრებისთვის სამსჯავროც კი არ გაიმართება. ისინი უშუალოდ ამავე ცხოვრებიდან გადავლენ მარადიულ სატანჯველში. ამაზე უთითებენ სიტყვები: "ორივენი ცოცხლად იქნენ ჩაყრილი გოგირდით მოგიზგიზე ცეცხლის ტბაში" (გამოცხ. 19:20). ხოლო მათი მიმდევრებისთვის დაშვებული იქნება საზოგადო წესი: "ადმიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი, მერე კი განკითხვა" (ებრ. 9:27). ადამიანები, რომლებსაც მესიის დიდებით მეორედ მოსვლა ცოცხლებს მოუსწრებს დედამიწაზე, მყისიერ შეიცვლებიან: "აჰა, გეტყვით თქვენ საიდუმლოს: ყველანი როდი მოვკვდებით, მაგრამ ყველანი შევიცვლებით" (1 კორ. 15:51). შემდეგ კი მათთვის, ისევე, როგორც მკვდრეთით აღმდგარი ადამიანებისთვის, იქნება სამსჯავრო.
 
ეშმაკი (სატანა, ძველი გველი; ურჩხული), ანტიქრისტესა და ცრუწინასწარმეტყველის შემდეგ, ჩაგდებულ იქნება გეენაში (ცეცხლისა და გოგირდის ტბაში), მაგრამ მათ მსგავსად საშინელ სამსჯავრომდე.
 
ყველაზე ავტორიტეტული და სრულიად ხელმისაწვდომი განმარტება გამოცხადების წიგნისა მოცემულია ეპისკოპოს ანდრია კესარიელის იოანეს გამოცხადების განმარტებაში.

 
წყარო: https://pravoslavie.ru/6714.html

პუბლიკაცია მოამზადა საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციამ. 2024 წ.
Назад к содержимому