კითხვა-პასუხი - დასაშვებია თუ არა საკუთარი დაბადების დღის ზეიმობა? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > კითხვა-პასუხი
დასაშვებია თუ არა საკუთარი დაბადების დღის ზეიმობა?
ადამიანის დაბადება
ჩვენ ვაგრძელებთ საუბრებს წმიდა წერილის სხვადასხვა საინტერესო ადგილებზე. დღეს განვიხილავთ ასეთ საკითხს: შეიძლება თუ არა საკუთარი დაბადების დღის ზეიმობა?
 
მოდი, ჯერ დავიწყოთ მათეს სახარებით, თავი 14-ე, მუხლი 6-12:
 
"ხოლო ჰეროდეს დაბადების დღეს ჰეროდიადას ასულმა იცეკვა წვეულთა წინაშე და მოხიბლა ჰეროდე. ამიტომ ფიცით აღუთქვა მას, მოგცემ, რასაცა მთხოვო. ხოლო მან, დედამისისგან წინასწარ გაზრახებულმა, სთხოვა ლანგრით მიეცათ იოანე ნათლისმცემლის თავი. შეწუხდა მეფე, მაგრამ, ფიცისა და თანამეინახეთა რიდით, მიცემა ბრძანა. წარგზავნა მსახურნი, რათა იოანესთვის თავი მოეკვეთათ საპყრობილეში. მოართვეს თავი ლანგრით და მისცეს ყმაწვილ ქალს, ხოლო მან მიართვა დედამისს. იოანეს მოწაფეები მივიდნენ, გამოიტანეს მისი ნეშტი და დამარხეს: მერე კი წავიდნენ და აუწყეს იესოს".  
 
სინამდვილეში პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ბიბლიაში ლაპარაკია მხოლოდ ორ ადამიანზე, რომლებმაც იზეიმეს საკუთარი დაბადება. აქ, რა თქმა უნდა, საჭიროა ვითარებაში გარკვევა: იმ ძველ დროებაში არსებობდა მხოლოდ რელიგიური დღესასწაულები, და როდესაც ადამიანი იწყებდა საკუთარი დაბადების დღის აღნიშნვას, ის თავს რელიგიურად მნიშვნელოვან ერთეულად აცხადებდა.
 
 
* * *
 
ჰეროდეს დაბადების დღე მთავრდება უფლის წინასწარმეტყველისა და წინამორბედის იოანე ნათლისმცემელის თავის კვეთით. ბიბლიაში აღწერილია სხვა დაბადების დღეც - ეს არის დაბადების წიგნი, თ. 40-ე, მუხლები: 20-22. აქაც ყველაფერი მკვლელობით და სისხლისღვრით დამთავრდა: "მესამე დღეს, ფარაონის დაბადების დღეს, გაუმართა ფარაონმა ლხინი თავის მორჩილებს და მოიკითხა თავის მორჩილთა შორის მწდეთუხუცესი და მეპურეთუხუცესი. დააბრუნა მწდეთუხუცესი თავის ადგილზე და იგი კვლავაც მიართმევდა ფარაონს თასს. ხოლო მეპურეთუხუცესი ხეზე ჩამოჰკიდა, როგორც განუმარტა მათ იოსებმა".
 
ამრიგად, ჩვენ ვხედავთ დაბადების დღის აღნიშვნის ორ შემთხვევას, და ორ სიკვდილს. არსად არის ნათქვამი, რომ ასეთი ზეიმები ვინმეს დაეწესებინოს. რატომ? იმიტომ, რომ ქრისტიანულ ტრადიციაში იზეიმება ანგელოზის დღე. საკუთრივ, დაბადების დღე ჩნდება მხოლოდ საბჭოურ პერიოდში, როდესაც იწყებენ ბრძოლას ანგელოზის დღესთან, და მას დაბადების დღეს უპირისპირებენ. მაგრამ ხორციელი დაბადების დღე ეს არის აქტი, რომელიც საჭიროებს განწმენდას. 50-ე ფსალმუნის მე-7 მუხლში ვკითხულობთ: "რამეთუ, ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან".
 
ეს არ ნიშნავს, რომ დავით წინასწარმეტყველის მშობლები უკეთური ადამიანები იყვნენ, არა. "უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან" იმიტომ, რომ როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე ქრისტეში აღდგება და ცოცხლობს. ნეტარი იერონიმე მათეს სახარების (მათე 14:6) მისეულ კომენტარში წერს: "ჰეროდესა და ფარაონის გარდა არავინ ვიცით, ვინც საკუთარი დაბადების დღე იზეიმა, ასე რომ ერთნაირად უკეთურნი, ერთნაირად ამთავრებენ ზეიმობას". სხვათა შორის, სატანისტებში უმთავრესი დღესასწაული სწორედ პირადი დაბადების დღეა. რადგან, ეს ეგოცენტრიზმი იქ ყველაფერზე მაღლა დგას.
 
რომელ შემთხვევაში შეიძლება გახდეს დღესასწაული დაბადების დღე? ამგვარი დაბადებაა - ქრისტეს შობა! რადგან აქ არაფერია ცოდვილი. აქ ყველაფერი წმიდაა. ლუკას სახარებაში ვკითხულობთ: "მიუგო ანგელოზმა და უთხრა მას: სული წმიდა გადმოვა შენზე, და უზენაესის ძალა მოგიჩრდილებს. ამიტომაც ღმრთის ძედ იწოდება წმიდა შობილი" (ლუკა 1:35). თუკი ჩვეულებრივი ადამიანები "უსჯულოებათა შინა" იბადებიან, უცოდველი ღმრთის ძის შობა სიწმიდის ენით გამოუთქმელი აქტია: "ამიტომაც ღმრთის ძედ იწოდება წმიდა შობილი".
 
იოანე ნათლისმცემელზეც ვიცით, რომ ის ჯერ კიდევ დაბადებამდე იყო განწმენდილი სულიწმიდის მიერ. ამას გვიდასტურებს ლუკას სახარება: "ხოლო ანგელოზმა უთხრა მას: ნუ გეშინია, ზაქარია, ვინაიდან შესმენილ იქნა შენი ვედრება, და შენი ცოლი ელისაბედი გიშობს ძეს, და უწოდებ მას სახელად იოანეს.  გეღირსება სიხარული და სიხალისე, და მრავალნი გაიხარებენ მისი შობით. ვინაიდან დიდი იქნება უფლის წინაშე, ღვინოსა და სიკერას არ დალევს, და სულით წმიდით აღივსება დედის საშოშივე" (ლუკა 1:13-15). სწორედ სულიწმიდით აღვსებულობა ქმნის იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღეს წმიდა დღესასწაულად.

 
* * *

 
აქედან გამომდინარე, ჩვენ ვზეიმობთ ქრისტეს, იოანე ნათლისმცემელისა და ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის შობას.
 
თუკი ქალწულ მარიამზე ვილაპარაკებთ, ქებათა ქებაში ნათქვამია: "ყოვლად შუენიერ ხარ, მახლობელო ჩემო, და ბიწი არა არს შენ თანა" (ქებათა ქება 4:7). ხოლო ლუკას სახარებაში ნათქვამია: "შევიდა ანგელოზი მასთან და უთხრა: გიხაროდეს მადლით მოსილო: უფალი შენთანაა; კურთხეული ხარ დედათა შორის" (ლუკა 1:28). ანუ ის უკვე კურთხეულია დედათა შორის; ამიტომაც მისგან შობილი წმიდა "დიდი იქნება და უზენაესის ძედ იწოდება, და მისცემს ღმერთი მამამისის, დავითის, ტახტს" (ლუკა. 1:31-32). მაშასადამე, როდესაც მას ანგელოზი ესალმება - ის უკვე მადლმოსილია.
 
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ყველა ადამიანზე უაღმატებულესია, და წმიდა სამების შემდეგ ჩვენი უპირველესი სასოებაა, ამიტომ ის ასეთი საკვირველი გზით განიწმინდა. სხვაგვარად ჩვენ არ ვიდღესასწაულებდით მის შობას.
 
ლათინები (პაპისტი-კათოლიკეები) ქალწულ მარიამის უბიწო ჩასახვასაც ზეიმობენ, მაგრამ, ჩვენ, მართლმადიდებელნი, ამას არ ვაღიარებთ და ვამბობთ: ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ჩაისახა როგორც ყოველი ადამიანი, მაგრამ შესაძლო იყო მისი განწმენდა და ის განიწმინდა ჯერ კიდევ თავის დაბადებამდე, სხვაგვარად მისი შობის ზეიმობა შეუძლებელი იქნებოდა.
 
სხვათა შორის წინასწარმეტყველ იერემიაზე ცნობილია, რომ ისიც წინაგანწმენდილ იყო შობამზე. წინასწარმეტყველ იერემიას წიგნში ვკითხულობთ: "ვიდრე მუცელში გამოგსახავდი, გამოგარჩიე; ვიდრე საშოდან გამოხვიდოდი წმიდა გყავი, ხალხების ქადაგად დაგადგინე" (იერემია 1:5). ჩვენ ვიცით, როგორ დასტიროდა და მეტიც, სწყევლიდა თავის დაბადებას იობ მრავალტანჯული:
 
"მაშინ გახსნა იობმა ბაგე და დასწყევლა თავისი დღე. ალაპარაკდა იობი და თქვა: დაიქცეს ის დღე, როცა მე გავჩნდი, და ღამე, როცა ითქვა, კაცი ჩაისახაო! დაბნელდეს ის დღე, აღარ მოხედოს მას უფალმა ზეგრდამო, აღარ ინათოს მასზე ნათელმა. მოიცვას წყვდიადმა და აჩრდილმა სიკვდილისა, ღრუბელი გადაეფაროს, თავზე და დღის სიშავემ შეაძრწუნოს! ბნელმა წაიღოს ის ღამე! არ გაიხაროს წლის დღეთა შორის! თვეთა რიცხვში აღარ ითვლებოდეს! აჰა, გაბერწდეს ის ღამე, აღარ ეღირსოს სიხარული! შეაჩვენონ დღის მაწყევართა, ლევიათანის გამღვიძებელთა! დაბნელდნენ მისი განთიადის ვარსკვლავები, ელოდოს ნათელს და არ ჩანდეს, ვერ იხილოს ცისკრის წამწამები! რომ საშოშივე არ ჩამიკეტა კარი და არ განმარიდა ამ სატანჯველს! რატომ არ მოვკვდი დედის მუცელშივე? რატომ არ გავთავდი გამოსვლისთანავე? რისთვის ამიქვეს მე მუხლებმა, რა იყო ის ძუძუ, რომელსაც ვწოვდი? ახლაც ვიწვებოდი დამშვიდებული, ძილში ვიქნებოდი მოსვენებით!" (იობი 3:1-13).
 
და მაინც, შეიძლება თუ არა ვიდღესასწაულოთ საკუთარი დაბადების დღე? მოდი გავიხსენოთ, როდესაც ღმრთის ანგელოზები აბრაამს ეახლნენ, მან ის თავის კარავში მიიწვია მამბრეს მუხნარში, ტრაპეზი გაუშალა და გაუმასპინძლდა. ანგელოზებმაც ჭამეს. რაზე მიგვანიშნებს ეს? რატომ ჭამეს ანგელოზებმა, ისინი ხომ მიწიერ საკვებს არ საჭიროებენ?! ამით უფალი გვასწავლის: იმ ადგილას, სადაც შენ ცხოვრობ - იმავე ადგილის ჩვეულებისამებრ უნდა მოიქცე.
 
მაგალითად, თუკი თქვენი შვილი სკოლაში სწავლობს, ყველამ იცის მისი დაბადების დღე და ის კიდევ ამ დღეს არ მოიტანს კამფეტებს და სხვა ბავშვებს არ გაუმასპინძლდება - ცუდად შეაფასებენ. ამიტომ აქ ლოგიკური იქნება მოამზადო რაიმე ტკბილეული, რათა ბავშვმა შეძლოს მეგობრების გულის მოგება და მეტიც, ნარჩევი მეგობრები სახლშიც კი მიიპატიჟოს საზეიმო სუფრაზე.
 
თქვენი ნათესავები თუ მიეჩვივნენ იმას, რომ ყოველთვის ზეიმობდით დაბადების დღეს, მაგრამ შემდეგ, რაც გაერკვიეთ ბიბლიურ ჭეშმარიტებებსა და წმიდა მამათა თვალსაზრისში, რომ ამგვარი ათეისტური პრაქტიკა შესაცვლელია, და შეცვალეთ, თუმცა, ამავდრულად ისიც გესმით, რომ დაუშვებელია გული დაწყვიტო ახლობელთ და, თანაც, ასე უცებ ყველას ყველაფერს ვერ გააგებინებ, - ამზადებ სუფრას: უმასპინძლდები მეგობრებს, ნათესავებს და იღებ მათგან მისალოც საჩუქრებსაც. ასეთ შემთხვევაში შენ იქცევი იმ ჩვეულების შესაბამისად სადაც ცხოვრობ, როგორც მოიქცნენს უფლის ანგელოზები, რომლებიც აბრაამს სტუმრობდნენ და თუმცა უხორცო და უსხეულო არსებები იყვნენ, აბრაამის მიერ შეთავაზებული საჭმელი ჭამეს.

 
* * *

 
ამასთან ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ არსებობს უმნიშვნელოვანესი თარიღი - დღე ჩვენი ნათლისღებისა, რომელიც ჭეშმარიტად არის ჩვენი მეორედ შობა, რადგან ნათქვამია: "ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში" (იოანე 3:5).
 
ხორცი, რომელიც მატერიალურ სამყაროში იბადება, ხრწნილებას იმკვიდრებს და საფლავში ჩადის. ადამიანური ყოფიერების სისრულე მხოლოდ მაშინ განხორციელდება, როდესაც მოხდება საყოველთაო აღდგომა და ადამიანის სული თავის ხორცს აღიდგენს. მაშინ მოხდება ჰარმონიული შერწყმა ადამიანის განახლებული ხორცისა და სულისა უბიწო მდგომარეობაში. ეს იქნება ნამდვილი და მარადიული დაბადების დღე.

პუბლიკაცია ეფუძნება მასალას წყაროდან: https://www.youtube.com/watch?v=-MEDZtdBZsw

საიტი "აპოკალიფსისი". 10 მაისი. 2021 წ.
Назад к содержимому