Перейти к контенту

კითხვა-პასუხი - არის თუ არა ქრისტიანობა რელიგია? - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
სწავლანი > კითხვა-პასუხი
არის თუ არა ქრისტიანობა რელიგია?
სოდომისა და გომორას განადგურება
"ქრისტიანობა – ეს არ არის რელიგია, ეს არის პირადი ურთიერთობა ღმერთთან" – ეს არის ფრაზა, რომელიც დღეს ბევრი ქრისტიანისგან შეიძლება მოისმინო. სწორია თუ არა იგი? პასუხი შეიძლება იყოს როგორც "დიახ", ისე "არა". ყველაფერი დამოკიდებულია იმ კონტექსტზე, რომელშიც ეს ითქმის.
 
 
ბიბლიური კონტექსტი
 
ადამიანი ცხონდება რწმენით, და არა საქმეებით. დღეს ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ თუ ისინი ეკლესიაში დადიან, მეათედს გასცემენ, მოკრძალებულად იცვამენ, არ სვამენ და არ ეწევიან, ეხმარებიან სხვებს და ა.შ., მაშინ ამ საქმეებით ან რაიმე რიტუალებით თავისთვის ხსნას გამოიმუშავებენ. ამიტომ ისინი ქრისტიანობას აღიქვამენ როგორც რელიგიას, ანუ როგორც რიტუალებსა და ტრადიციებს, რომლებშიც პოულობენ სიმშვიდესა და ხსნას. თუმცა ბიბლია ნათლად ამბობს: "მადლმა გიხსნათ რწმენის წყალობით; მაგრამ ეს თქვენგან კი არ არის, არამედ ნიჭია ღვთისა; და არც თქვენს საქმეთაგან, რათა არავინ იქადოდეს" (ეფეს. 2:8).
 
ადამიანი უნდა დაიბადოს ხელახლა სინანულითა და ნათლისღებით: "იესუმ მიუგო: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში" (იოანე 3:5).
 
ჩვენ ვცხონდებით არა იმის გამო, რომ რაღაც საქმეებს ვაკეთებთ, არამედ იმის გამო, რომ გვწამს იესუ ქრისტეს მსხვერპლი და მონანიების გზით ვიღებთ ამ მსხვერპლს. მაგრამ ვერანაირი გარეგანი რიტუალები და ღვთისმოსაობა ვერ იხსნის ადამიანს. ქრისტიანობა – ეს არის პირადი ურთიერთობა ქრისტესთან. და სწორედ ამ ურთიერთობის წყალობით, ხელახლა დაბადებული ქრისტიანი ცხოვრობს ღვთისმოსავი ცხოვრებით. ღმერთს სურს დაინახოს ადამიანის გული, და არა გარეგანი რიტუალები. როგორც ქმარს სურს, რომ ცოლი არ აკეთებდეს მის მიმართ სიყვარულის სიმულაციას, არამედ ეს სიყვარული იყოს მის გულში, ასევე ღმერთს სურს, რომ ჩვენი მოქმედებები მომდინარეობდეს გულიდან და არ იყოს უბრალო სიმულაცია.
 
სწორედ ამიტომ ამხელდა ქრისტე ფარისევლებს, რომლებსაც ჰქონდათ რელიგია – გარეგანი რიტუალები და ტრადიციები, მაგრამ ამ რიტუალების მიღმა იდგა სიცარიელე და ბოროტი გული. ქრისტე ამბობდა: "ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ასე რომ ჰგავხართ შეფეთქილ საფლავებს, რომლებიც გარედან მშვენიერნი ჩანან, ხოლო შიგნით სავსენი არიან მკვდრების ძვლებითა და ყოველგვარი უწმინდურებით. ასევე თქვენც გარეგნულად მართალნი ჰგონიხართ ხალხს, შიგნით კი სავსენი ხართ თვალთმაქცობითა და ურჯულოებით" (მთ. 23:27-28).
 
ამიტომ ქრისტიანობა  - ეს არ არის რელიგია იმ გაგებით, რომ ის გარეგანი რიტუალები როდია, რომლებიც იხსნიან, არამედ – სიყვარულია ღმრთისადმი, მისი მცნებების აღსრულების სურვილია.
 
 
არაბიბლიური კონტექსტი
 
სამწუხაროდ, დღეს ეს ფრაზა გამოიყენება არაბიბლიურ კონტექსტშიც. როდესაც საუბარი ეხება ღმერთთან პირადი ურთიერთობის გარეგნულ გამოვლინებებს, ან სხვა სიტყვებით – ქრისტესადმი ცოცხალი რწმენის ნაყოფებს, მაშინ ბევრი ქრისტიანი ამბობს: "ქრისტიანობა – ეს არ არის რელიგია, ეს არის პირადი ურთიერთობა ღმერთთან, ამიტომ ეს ყველაფერი არც ისე მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი არასაჭირო რელიგიაა". განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარი ეხება პრაქტიკულ საკითხებს.
 
მაგალითად, თუ რომელი პროგრამებსა და ფილმებს არ უნდა ვუყუროთ, რომელი ჩაცმულობაა ქრისტიანისთვის მოკრძალებული და რომელი – არა, საჭიროა თუ არა ეკლესიაში სიარული და ა.შ. ის ადამიანები, რომლებსაც არ სურთ თავიანთი ცხოვრების მოწესრიგება წმინდა წერილის შესაბამისად ამ სფეროებში (და ბევრ სხვაში), პოულობენ საბაბს, ამტკიცონ, რომ ქრისტიანობა არ არის რელიგია.
 
თუმცა, ეს იგივეა, ქმარი ამბობდეს, რომ უყვარს ცოლი, მაგრამ ცარიელი სიტყვების გარდა ამ სიყვარულს არაფრით გამოხატავს, არაფერს იქმს იმისთვის, რაც მისი სიტყვების გულწრფელობას და ჭეშმარიტებას დაადასტურებდა; ან იზამდა რამეს ამის საჩვენებლად, მაგრამ ძალიან ცოტას. მათ სურთ მხოლოდ ზოგადი ფრაზები ითქვას იესუზე და სიყვარულზე ცოდვის მხილებისა და სინანულისკენ მოწოდების გარეშე. თუმცა, იმავე ლოგიკით, მაშინ უნდა გაუქმდეს უფლის სერობაც (ლიტურგია), რადგან ასეთი ადამიანებისთვის ის მხოლოდ რიტუალია. ნათლისღებაც არ არის საჭირო – ეს ყველაფერი ხომ რელიგიაა, ეს ყველაფერი გარეგანია, ღმერთს კი ეს არ სჭირდება!
 
იგივე ადამიანები ამბობენ ხოლმე: "ეს ყველაფერი კანონიერებაა (რჯულიერებაა), ჩვენ კი ქრისტეში თავისუფალნი ვართ". თუმცა, სინამდვილეში ისინი "თავისუფალნი არიან ცოდვაში" და არა ქრისტეში, და სწორედ ასეთი ფრაზებით ფარავენ თავიანთ თვითნებობასა და სიჯიუტეს. მათ არ სურთ, თავიანთი ცხოვრების ყველა ასპექტი დაუმორჩილონ ღმერთს, რადგან საკუთარი თავი და ქვეყნიერება უფალზე მეტად უყვართ.
 
წმინდა წერილი კი გვაფრთხილებს, რომ მოვლენ ადამიანები, რომლებმაც "გარყვნილებად აქციეს ჩვენი ღვთის მადლი" და აყოლილნი არიან "თავიანთ გულისთქმას" (იუდა 1:4, 16). ასეთნი "სიტყვით აღიარებენ, საქმით კი უარყოფენ ღმერთს, უკეთურნი, ურჩნი და ყოველი კეთილი საქმისათვის ურგებნი" (ტიტ. 1:16).
 
წმინდა წერილი ასევე ნათლად გვეუბნება, რომ "ვინც ამბობს, რომ შეიცნო იგი, მაგრამ არ იმარხავს მის მცნებებს, ცრუა და ჭეშმარიტება არ არის მასში" (1 ინ. 2:4) და რომ "ვინც შორდება ქრისტეს მოძღვრებას და არ მკვიდრობს მასში, არა ჰყავს ღმერთი, ხოლო ვინც მკვიდრობს ქრისტეს მოძღვრებაში, მამაცა ჰყავს და ძეც" (2 ინ. 1:9). "ყოველი, ვინც სცდება ქრისტეს სწავლებას და არ რჩება მასში, ღმერთი არა ჰყავს; ვინც რჩება ქრისტეს სწავლებაში, მას ჰყავს მამაც და ძეც“ (2 იოანე 1:9).

ამიტომ, ყოველმა ადამიანმა უნდა გამოსცადოს თავი, არის თუ არა იგი რწმენაში (2 კორ. 13:5), ხომ არ იყენებს ის სხვადასხვა ლამაზ ბიბლიურ ციტატებს თავისი ცოდვის დასაფარად; და თუ ასეა, მაშინ ბიბლია მას მონანიებისკენ მოუწოდებს: "მიატოვოს ბოროტეულმა თავისი გზა და ცოდვილმა კაცმა - თავისი ზრახვები; მიაქციოს უფლისკენ და ის შეიწყალებს მას, და ჩვენი ღმერთისკენ, რადგან მრავალგზის მიმტევებელია" (ეს. 55:7).

 
მართლმადიდებლურ წყაროებზე დაყრდნობით პუბლიკაცია მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2026 წ.
Назад к содержимому