სწავლანი > კითხვა-პასუხი
არის თუ არა შემთხვევითობა კანონზომიერი?
ავტორი: პროფ. ალექსეი ოსიპოვი.
ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რომ ჩვენს ცხოვრებაში ბევრი რამ შემთხვევით ხდება. მაგრამ ქრისტიანული თვალსაზრისით ჩვენს ცხოვრებაში შემთხვევითობები არ ხდება. ასე ბრძანებს მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორი ალექსეი ილიას ძე ოსიპოვი.
ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება - კანონზომიერებაა. მაგრამ, რაზეა დამოკიდებული იგი? ღმერთი - მოსამართლე ან ჯალათი კი არა რის, ის - მოსიყვარულე მკურნალია.
ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა მოსამზადებელი ეტაპი მარადიული ცხოვრებისთვის. სიცოცხლე მხოლოდ მარადისობასთან ერთად იწყება. ყველა ჩვენი ტანჯვა და ჭირვება, სნეულებანი და მიწიერი ცხოვრების განცხადი არ არის შემთხვევითი.
ჩვენს უბედობასა თუ წარუმატებლობებში დამნაშავენი არ არიან არც ბუნებრივი კატაკლიზმები, არც მემკვიდრეობითი სნეულებანი, არც ბოროტი ადამიანები. ქრისტიანობა ამბობს, რომ ბოროტები - ეს მხოლოდ იარაღია კეთილი და ბრძენი ღმერთის ხელში.
ეს ცხოვრება, როგორიც გინდ იყოს იგი, მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპია და ყოველ ადამიანს მასში უწევს იმისი გადატანა, რაც ყველაზე სასარგებლოა მისთვის. ყველა ტანჯვა, რასაც ადამიანი განიცდის, არის არა სასჯელი ან შურისძიება ღმერთის მხრიდან, არამედ აუცილებელი წამალი იმისთვის, რათა ადამიანი შევიდეს მარადიულ სიცოცხლეში.
რას ნიშნავს შესვლა? და რატომ არის შეუძლებელი მარადიული ცხოვრების დამკვიდრება სატანჯველებისა და განსაცდელების გარეშე? ადამიანი შექმნილია იმისთვის, რათა იმეფოს ამ სამყაროში. აქ ჩვენ ვხვდებით კოლოსალურ პრობლემას ან კითხვას: ვის შეიძლება მივანდოთ მარადიული ცხოვრების სამეფო? მხოლოდ იმას, ვისაც შეგნებული აქვს, რომ შეუძლია იმეფოს მხოლოდ იმ პირობით, თუკი ერთიანი იქნება მასთან, ვინც მას ეს სამეფო მიანდო.
ეს ძალზედ მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური მომენტია. ვიქნები თუ არა მე მასთან, ვინც ეს სამეფო მომანდო? გახსოვდეთ, სწორედ ეს მოხდა პირველქმნილ ადამიანებში. გველმა უთხრა ადამსა და ევას: "ღმერთებივით იქნებით".
აი რაშია ადამიანის ცხოვრების არსი - გავიგოთ, რომ ღმერთის გარეშე, იმის გარეშე, ვინც ყველაფერს გვაძლევს, არარაობანი ვართ და არაფრის შემძლენი. მასთან ერთად კი - პირიქით, მეფეები და ყველაფრის შემძლენი.
ყველა ტანჯვა, რომლის გადატანაც უწევს ადამიანს - შემთხვევითობა როდია. ეს ყველაფერი განისაზღვრება ჩემი სულიერი მდგომარეობით, რომლის განკურნებისთვის ყოველ ადამიანის სჭირდება სხვადასხვა პირობები.
კაცთაგან ერთნი მრავალს იტაჯნებიან სნეულებათაგან, სხვები კი, პირიქით, ფუფუნებასა და დიდებაში ცხოვრობენ. როგორც ერთ, ასევე მეორე შემთხვევაში ადამიანს ეძლევა პირობები იმისთვის, რათა გონს მოეგოს, გაიგოს, რომ ყველაფერი ამ წუთისოფელში - წარმავალია.
რას ნიშნავს მორწმუნე ადამიანისთვის ტანჯვა და ძლიერი განცდები? ეს ღმრთის უსამართლობა როდია. შენ თუ ფიქრობ, თუ გგონია, რომ კარგი ხარ - სწორედ ამიტომაც იტანჯები.
ცხოვრების გამოცდილება და ისიც კი, რაც დაკავშირებულია ტანჯვასთან და განცდებთან, მხოლოდ ერთადერთი მიზნისთვის არის საჭირო, რათა ადამიანმა გაიგოს, რომ ემზადება არა რაღაც მორიგი უბადრუკი, არამედ მარადიული, ენით აუწერელი ცხოვრებისთვის, ემზადება იმისთვის, რათა იმეფოს. მაგრამ არავის შეუძლია ეს ქნას სიამაყით და იმ აზრით, რომ არავითარი ღმერთი არ სჭირდება. ამგვარი ადამიანი განიდევნება სამოთხიდან.
თუკი ადამიანი განსაცდელებსა და ჭირვებებს მოეპყრობა ისე, როგორც საჭიროა, მაშინ ის ჩაუკვირდება საკუთარ თავს, შეხედავს თავის ცხოვრებას, დაინახავს საკუთარ ცოდვებსა და ვნებებს, შემდეგ კი იტყვის: "ღირსეულად მივიღე ჩემი ცოდვებისთვის!"
ის, ვინც ამ მდგომარეობამდე მიდის, იღებს იმას, რაც კეთილგონიერმა ავაზაკმა. ხომ გახსოვთ, რა უთხრა მას ჯვარცმულმა იესუმ: "დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში".
მიწიერი ცხოვრება მსწრაფლწარმავალია. ადამიანი, ვისაც ესმის, რომ იღებს თავისი საქმეების მიხედვით, უკვე სხვანაირად ეკიდება მისი ცხოვრების ყველა ტანჯვას.
წარმოვიდგინოთ ორი ადამიანი, რომლებიც რაიმე სნეულებისგან იტანჯებიან. ერთს არ ესმის, რატომ ხდება ეს, წყევლის თავის ბედს და ყველაფერს ქვეყნად, იხევა მრისხანებისგან, უბედურებისა და სასოწარკვეთილებისგან. მეორე კი ღმერთს მადლობს, რადგან იცის, რა მიზეზით ხდება ეს ყოველივე მის თავს. მისი სიცოცხლე იღებს სულ სხვა ხასიათს.
როგორ ღირებულებას წარმოადგენს ქრისტიანობა ადამიანებთან დამოკიდებულების თვალსაზრისით? მორწმუნე ადამიანი მთელ თავის ცხოვრებას კრიტიკულად უყურებს, აანალიზებს, აფასებს საკუთარ თავს ღმრთის მცნებათა შუქზე. ასეთი ადამიანი სწავლობს საკუთარ თავს და ხედავს მას.
როდესაც ვხედავ ყოველივე იმას, რაც ჩემშია და, ვცდილობ ვებრძოლო ჩემს ყოველგვარ მანკიერებას (სიცრუეს, კაცთმაამებლობას, განკითხვას, პირმოთნეობას, მრისხანებას), მაგრამ არაფერი გამომდის, როგორ შემიძლია განვიკითხო სხვა ადამიანი ვისშიც იგივეს ვხედავ?
ლოთები არასოდეს განიკითხავენ ერთმანეთს, არამედ ცდილობენ საერთო ენის პოვნას და შეამხანაგებას, რომ ერთი ბოთლი ერთად დალიონ. საავადმყოფოში ავადმყოფები ერთმანეთს არ განიკითავენ, არამედ თანაუგრძნობენ და ეხმარებიან ერთურთს.
იგივე ხდება სულიერ პლანშიც. როდესაც მე ვხედავ საკუთარ ვნებებს, როგორ შემიძლია განვიკითხო სხვები? ისააკ ასურელი წერდა: "ნეტარ არს კაცი, რომელმაც საკუთარი თავი შეიმეცნა".
წყარო: zen.yandex.ru