სწავლანი > კითხვა-პასუხი
აქვს თუ არა მღვდელს შეიარაღების უფლება?
ამასწინათ გამოჩნდა ვიდეო, სადაც მართლმადიდებელი ღვთისმსახურის შესამოსელში შემოსილი ვინმე პიროვნება ე. წ. РПГ-7-დან, ანუ ტანკსაწინააღმდეგო რეაქტიული ყუმბარმტყორცნიდან ისვრის. РПЦ (Русская Православная Церковь) და РПГ (Реактивный Противотанковый Гранатомет) - საეჭვო შერწყმაა საეკლესიო კანონების თვალსაზრისით. აქედან იბადება კითხვა - აქვს თუ არა შეიარაღების უფლება მართლმადიდებელ მღვდელმსახურს?
მოცმეული საკითხის გასარკვევად ბიბლიისადმი მიმართვას აზრი არა აქვს, რადგან ეკლესიის კანონები საეკლესიო მოძღვრებმა და კრებებმა ბიბლიის ტექსტზე დაყრდნობითა და ადრინდელი ეკლესიის პრაქტიკიდან გამომდინარე ჩამოაყალიბეს.
ამიტომაც პასუხი უნდა ვეძებოთ იმ შრომებში, რომელთაც მართლმადიდებლობაში წმიდა მამებისეულს უწოდებენ.
წმიდა მოციქულთა კანონები
ეს არის IV ს-ის საეკლესიო კანონიკური ტექსტი, რომელსაც მართლმადიდებლურ ეკლესიაში უდიდეს პატივს მიაგებენ. ჩვეულებრივ, მღვდლის მხრიდან შესაძლო ძალადობის შემთხვევაში მოციქულთა 27-ე კანონს იმოწმებენ:
"ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც გალახავს, დაჩაგრავს და ამ გზით მოინდომებს დამნაშავის დაშინებას, ასეთი პირის სასულიერო წოდებიდან განკვეთას ვბრძანებთ, რამეთუ ეს უფალს ჩვენთვის სრულებითაც არ უსწავლებია, პირიქით, სცემდნენ და იგი არ პასუხობდა დარტყმებით, "...ევნებოდა და იგი არავის აგინებდა, ევნებოდა და არავის უთქუმიდა..." (I პეტ. 2,23)".
საკმაოდ მკაცრი და კატეგორიული განჩინებაა. აქ ნათქვამია, რომ მღვდელს ეკრძალება ვინმეს ცემა, როგორც ქრისტიანისა, ისევე არაქრისტიანისა. კონსტანტინოპოლის ორგზისი კრების (861 წ.) მე-9 კანონი ამ განწესებას კვლავ ადასტურებს:
"სამოციქულო და საღვთო კანონი განკვეთს მღვდლებს, რომლებიც სცემენ ცოდვის ჩამდენ მორწმუნეს ან შემავიწროვებელ და მოძალადე ურწმუნოს. ... საღვთო მღვდელმა სწავლითა და სჯულისდებით, როდესაც საჭიროა, საეკლესიო განკანონებით უნდა შეასმინოს უწსოებს და არა ცემით და შოლტით დასეროს ადამიანის სხეული.."
ამგვარად, მღვდელს უფლება არა აქვს გამოიყენოს რაიმე სახის ძალადობა, თვით საკუთარი თავის დაცვის შემთხვევაშიც კი. მღვდელი უნდა ბაძავდეს იესუ ქრისტეს, რომელსაც, "სცემდნენ და იგი არ პასუხობდა დარტყმებით".
წმ. ბასილი დიდის კანონები
წმ. ბასილი დიდი, IV საუკუნის უდიდესი მოძღვარი და ორთოდოქსიის ერთ-ერთი მნათობია. თავის 43-ე კანონში ბასილი დიდი წერს: "თუ ვინმემ სასიკვდილო ჭრილობა მიაყენოს თავის მოყვასს, იგი კაცისმკვლელია, სულ ერთია, თვითონ დაჭრა პირველმა თუ საპასუხოდ მიაყენა ჭრილობა შურისძიების მიზნით".
აქ ლაპარაკია არა მარტო მღვდლებზე, არამედ ყველა ადამიანზე. წმ. ბასილი დიდი თავის 55-ე კანონში მღვდლების შესახებ ამბობს:
"ვინც ავაზაკებს შეებრძოლება, უზიარებლობით დაისჯება საიდუმლოსაგან განყენებული. თუ სასულიერო პირი იყოს, პატივი აეყაროს, რადგან "ყველა, ვინც აიღებს მახვილს, - ნათქვამია, - მახვილით მოკვდებაო" (მათე 26,52)".
მაგრამ ბასილი დიდი ამასთანავე მე-13 კანონში განმარტავს, რომ ომის შემთხვევაში ქრისტიანი მკვლელობას არ ჩადის, თუმცა, რადგან მისი ხელები სისხლით არის მოთხვრილი, მას ზიარება ეკრძალება 3 წლით:
"ბრძოლის დროს ჩადენილი მკვლელობები ჩვენს მამებს არ მიაჩნიათ მკვლელობად, რადგანაც, როგორც მე მგონია, მათ შეუნდეობენ, როგორც მოღვაწეებს სიწმინდისა და კეთილი მსახურებისათვის. მაგრამ იქნებ უკეთესია, ვურჩიოთ მათ, როგორც ხელით არაწმინდებმა, სამი წლით თავი შეიკავონ საიდუმლოთა ზიარებისაგან ".
პატრ. თეოდორ ბალსამონის კომენტარი
მაშ, რა ვთქვათ იმ მღვდლების შესახებ, რომლებიც ომში მონაწილეობდნენ და მკვლელობებიც ჩაიდინეს? ამ შემთხვევისთვის XII ს-ის ანტიოქიის პატრიარქი და კანონისტი თეოდორ ბალსამონი წერს:
"როდესაც, მეფის ბრძანებით, კრების წინაშე წარდგნენ სხვადასხვა მღვდლები, ასევე ზოგიერთი ეპისკოპოსი, და აღიარეს, რომ ისინი მონაწილეობდნენ ბრძოლაში მტრის წინააღმდეგ და მრავალი მათგანიც მოჰკლეს, წმიდა და საღმრთო კრებამ, მისდევდა რა იმავე წმინდანის (ბასილი დიდის) წინამდებარე 43-ე კანონს და ასევე სხვა ღვთაებრივ დადგენილებებს, ისურვა, რათა ამიერიდან მათთვის აკრძალა ღმრთისმსახურება".
მოციქულთა 83-ე კანონის განმარტებაში ბალსამონი მღვდლების მიერ იარაღის ტარების შესახებ ბრძანებს:
"წინამდებარე კანონი ადგენს, რომ, ვინც სამხედრო საქმეში იწრთვნება, ანუ სამხედრო განაგებს სამხედროთა ხელფასს, ქონებას და ჯარში გასაწვევებს პატივიდან უნდა დაემხონ. რადგან, ჩემი ვარაუდით, სწორედ ასეთი სამხედრო საქმე უნდა ვიგულისხმოთ აქ, და არა იარაღის გამოყენება, რადგან ეს უკანასკნელი სრულიად აკრძალულია".
ამრიგად, მღვდელს ეკრძალება ომში ვინმეს მოკვლა, ასევე ეკრძალება ხელში იარაღის აღება. მეტიც, კაპელანებს, სამხედრო-საველე მღვდელმსახურებს, არა აქვთ იარაღის ტარების უფლება.
კანონებიდან გადახვევის მაგალითები
ეკლესიის მთელი ისტორიის განმავლობაში ეპისკოპოსები, მღვდლები, დიაკვნები და ბერები ხშირად არღვევდნენ კანონებს. საკმარისია გავიხსენოთ კულიკოვის ბრძოლა (1380 წ.), როდესაც ბერები პერესვეტი და ოსლაბია დიმიტრი დონელის მხარეს იბრძოდნენ. დიდი სამამულო ომის დროს მრავალ მღვდელმსახურს მეთაურის თანამდებობაც ეპყრა, მონაწილეობას იღებდნენ შეტაკებებში და კლავდნენ ადამიანებს. ბერძენი და ჩერნოგორელი მღვდლები აქტიურად მონაწილეობდნენ თურქების საწინააღმდეგო სამხედრო ბრძოლებში.
მსგავსი გადახრები მრავლადაა, რადგან ეკლესია ყოველთვის იყო გადაჯაჭვული რთულ პერიოდებთან, შემოსევებთან და ომებთან. მოცემული პარადოქსი მარტივად აიხსნება: რადგან კანონიკური სიმკაცრე არ ეხება დოგმატურ სწავლებას, ისინი, ვითარებიდან გამომდინარე, შეიძლება შერბილდნენ. მაგრამ გადაწყვეტილების მიღება შერბილების (იკონომიის) შესახებ ხდება საეკლესიო ხელისუფლების მიერ, და არა მღვდლების ინდივიდუალური შეხედულებებიდან გამომდინარე.
"აპოკალიფსისი". მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.