კითხვა-პასუხი - 5 კითხვა ჯოჯოხეთის შესახებ - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > კითხვა-პასუხი
5 კითხვა ჯოჯოხეთის შესახებ
ჯოჯოხეთი
დღეს მოკლედ განვიხილოთ პასუხები ისეთ კითხვებზე, როგორიცაა: "რა არის ჯოჯოხეთი", "როგორ გამოიყურება იგი ადამიანთა წარმოდგენებში და სინამდვილეში? "როგორი სატანჯველებია ჯოჯოხეთში"? "ვინ არის ჯოჯოხეთში ბატონ-პატრონი"? და "მარადიულია თუ არა ჯოჯოხეთური სატანჯველნი"?
 
 
რა არის ჯოჯოხეთი?
 
ეს არის სამოთხის საპირისპირო ადგილი, სწორედ მასში ადამიანის სული იმყოფება ღმრთის გარეშე. ჯოჯოხეთი ღმერთს არ შეუქმნია. მაგრამ მან შექმნა გონიერი არსებები - ანგელოზები და ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ღმერთთან ერთად იცხოვრონ სამოთხეში, ან კიდევ განვარდნენ მისგან. აი განვარდნილთათვის არსებობს სწორედ ე. წ. ჯოჯოხეთი, სადაც იქნება "ტირილი და კბილთა ღრჭენა" (მათე 8:12). ისტორიულად ჯოჯოხეთზე ჩამოყალიბდა ნეგატიური წარმოდგენა, ჩამოყალიბდა სიმბოლოები, რომლებითაც თვით იესუ ქრისტეც სარგებლობდა, როდესაც ჯოჯოხეთს აღწერდა, როგორც ცეცხლის გეენას, როგორც ადგილს, სადაც "ულევია მათთვის მატლი და უშრეტი - ცეცხლი" (მარკ. 9:48)
 
 
როგორ გამოიყურება ჯოჯოხეთი?
 
მარადიული ცეცხლი ან ყინვა - ჯოჯოხეთში არსებული ფიზიკური მოვლენები როდია. ეს არის მარადიულ სატანჯველთა სახეები, რომელთა დახმარებით ქრისტიანები ძველთაგანვე განუმარტავდნენ ერთმანეთს ჯოჯოხეთური სატანჯველების არსს. არავინ იცის როგორ გამოიყურება ჯოჯოხეთი. არსებობს წარმოდგენა, რომ ყოველ ცოდვილს თავისი ჯოჯოხეთი აქვს. ზოგჯერ ისინი ეფუძნებიან სახარების სიტყვებს: "ხოლო ის მონა, რომელმაც იცოდა თავისი პატრონის ნება, მაგრამ არ აღასრულა იგი და არ დახვდა მზად, საშინლად იგვემება. ის კი, ვინც არ იცოდა, მაგრამ ისე მოიქცა, რომ სასჯელი დაიმსახურა, ნაკლებად იგვემება" (ლუკა 12:47-48).
 
 
როგორი სატანჯველებია ჯოჯოხეთში ცოდვილთათვის?
 
მარადიული. ამით ყველაფერია ნათქვამი. ჯოჯოხეთი - ეს გარეგნული სატანჯველი კი არ არის, არამედ შინაგანი ქაოსია, სულის სიბნელეა. და აი, მიწიერ ცხოვრებაში მოუნანიებელი სული მთლიანად იძირება იმ შინაგან საშინელ ქაოსსა და სიბნელეში, რომელი ტანჯვისგანაც ადრე დედამიწაზე, მატერიალურ პირობებში ხორცში ცხოვრება იხსნიდა, ახლა კი მას უკვე ვეღარაფერი იხსნის... და ყველაზე მთავარი - ადამიანს ყველაზე მეტად დატანჯავს იმის შეგნება, რომ უკვე ყველაფერი გვიანია!
 
 
სიმართლეა თუ არა, რომ ეშმაკი - ჯოჯოხეთის "ბატონ-პატრონია"?
 
სინამდვილეში ეს არის ჯერ კიდევ შუასაუკუნეებში გავრცელებული ცდომილება. სატანა და დემონები - ყველაზე ნამდვილი უსასრულო ტანჯულები არიან ღმრთისადმი თავიანთი წინააღმდეგობის გამო. მაგრამ ეს პროცესი მათთვის არა მარტო უსასრულოა, არამედ უსარგებლოც. საერთოდ ჯოჯოხეთი იმის შემდეგ გაჩნდა, რაც ეშმაკი - ოდესღაც ყველაზე მძლავრი და ნათელი ანგელოზი - ღმერთს აუმხედრდა. შემდეგ ეს დაცემული ანგელოზი ციდან ჩამოგდებულ იქნა. ეს ყველაფერი აღწერილია წინასწარმეტყველ ესაიას მიერ: "როგორ ჩამოემხე ციდან, მთიებო, ძეო განთიადისა! მიწას დაენარცხე, ხალხთა მტარვალო! გუშინ ამბობდი: ცად ავხდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ტახტს დავიდგამ და დავჯდები საკრებულო მთაზე, ჩრდილო კალთებზე. მაღლა ღრუბლებში ავიჭრები, უზენაესს გავუტოლდებიო! მაგრამ შავეთში ჩადიხარ, ქვესკნელის უფსკრულებში" (ეს. 14:12-15).
 
 
 
მარადიულია თუ არა ჯოჯოხეთი?
 
სხვა სიტყვებით "მარადიულნი არიან თუ არა მარადიული სატანჯველნი"? საკითხის ასეთი დაყენებით გამოდის ერთგვარი ტავტოლოგია. ყოველივე დროებითი, და წარმავალი იმქვეყნად მხოლოდ ერთი საზომით იზომება, რომლის სახელი - მარადისობაა. წმ. ნიკიტა სტითათი ამბობდა:  "მწამს აღდგომისა მკვდრეთით და აღვიარებ დაუსრულებელ სუფევას მართალთა უკუნითი უკუნისამდე და იმისა, რომ ცოდვილთა და თვით დემონთა დასჯა გაგრძელდება მარადის და არასდროს შეწყდება, და რომ ცოდვილები და ეშმაკნი კვლავ არ დაუბრუნდებიან პირველქმნილ მდგომარეობას, როგორც ცდებოდა გონებადაბნელებული ორიგენე" (სარწმუნოების აღსარება. 13). და ბოლოს, აუცილებლად უნდა დავამატოთ: საეკლესიო გადმოცემით ცოცხალ ადამიანთა ლოცვას და ეკლესიის შუამდგომლობას შეუძლია შეუმსუბუქოს გარდაცვლილს, ხოლო ზოგიერთი (არც ისე მძიმედ შემცოდენი) საშინელ სამსჯავროზე დაიხსნას მარადიულ სატანჯველთაგან. აი რატომ არის ესოდენ მნიშვნელოვანი მიცვალებულთათვის ლოცვა!

 
მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.
 
საიტი "აპოკალიფსისი". თბილისი 2023 წ.
Назад к содержимому