სწავლანი > კატეხიზაცია
წმიდა მამათა მნიშვნელობა
ვინ არიან წმიდა მამები?
მართლმადიდებლობაში წმინდანებად იწოდებიან ქრისტესადმი ჭეშმარიტი რწმენით მცხოვრები ადამიანები, რომლებიც ესათნოვნენ ღმერთს თავიანთი მართალი, პატიოსანი და სათნო ცხოვრებით. ეკლესიის მამები, ანუ წმიდა მამები, - ღმრთის მართალთა უფრო ვიწრო კატეგორიაა. მე-4 საუკუნიდან ასე იწოდებიან წმინდანები, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში.
ეკლესიის მამათა ღვთისმეტყველებას და ფილოსოფიას პატრისტიკას უწოდებენ ("pater" ლათინურდან თარგმანში ნიშნავს "მამას"). ეს არის მამათა სწავლების სისტემური გადმოცემა.
ხოლო საღვთისმეტყველო მეცნიერების სფეროს, რომელიც შეისწავლის ეკლესიის მამათა შრომებსა და ცხოვრებას პატროლოგიას უწოდებენ.
ვინ მიეკუთვნება წმიდა მამებს?
საეკლესიო სწავლებისადმი ერთგულება, ცხოვრების სიწმიდე და ზოგადსაეკლესიო აღიარება - აი წმიდა მამათადმი კუთვნილების მთავარი კრიტერიუმები. ყველა გამოჩენილი ღვთისმეტყველი როდი ეღირსა ამ "წოდებას". თავის შრომებში წმიდა მამებმა გადმოსცეს სწავლება ეკლესიის შესახებ. ხოლო მართალი ცხოვრებით მათ დაამტკიცეს მისი ჭეშმარიტება და მაცხოვნებლობა.
როგორც თანამედროვე ღვთისმეტყველები ამბობენ, ჭეშმარიტი ღვთისმეტყველება - ეს არის "ღმერთ სამების ხილვა". და ის შეუძლებელია ღმერთთან ურთიერთობის (ლოცვის), ასკეტური ღვაწლის და საკუთარ თავზე განუწყვეტელი მუშაობის გარეშე. ღვთისმეტყველება აუცილებლად ღმრთისადმი ადამიანის მთლიანი მსახურების შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს. ამიტომაც ეკლესიის ყველა წმიდა მამა ამავდროულად წმიდა მოსაგრე იყო.
შეიძლება თუ არა სიტყვათშეხემება "წმიდა მამა" გამოვიყენოთ დღეს მცხოვრები მართლმადიდებელი მღვდლის მიმართ? სარა, ასეთი ტრადიცია მხოლოდ დასავლეთ ქრისტიანობაში არსებობს. მართლმადიდებლობაში კი მიღებულია ასეთი ფორმულა: "მამაო + სახელი". მაგალითად, "მამაო ანდრია" ან უბრალოდ "მამაო" და ა. შ.
წმიდა მამათა მნიშვნელობა
ეკლესიის მამებს "სამოციქულო სულის მემკვდირეებს" უწოდებენ. ისინი თავიანთი სულის მადლისმიერი სიწმიდით და ღმრთითგანათლებული გონების მეშვეობით გვასწავლიან ქრისტეს წმიდა ჭეშმარიტებას. ქრისტეს ჭეშმარიტებაში კი იგულისხმება ნამდვილი, მაცხოვნებელი და არა დამახინჯებული ცრუ სწავლებანი. სწორედ ამიტომ ასეთ გამოჩენილ პიროვნებებს ხატოვნად "მამებს" უწოდებენ, რადგან ისინი ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის რწმენაში დამმოძღვრელნი გახდნენ.
ეკლესიის ყველაზე ავტორიტეტული მამები აღნიშნულ იქნენ მსოფლიო კრებებზე. წმიდა მამებს განაკუთვნებენ ბასილი დიდს, გრიგოლ ღვთისმეტყველს, იოანე ოქროპირს, გრიგოლ ნოსელს, ამფილოქე იკონიელს, კირილე ალექსანდრიელს, იოანე დამასკელს და სხვებს. აღსანიშნავია, რომ საღმრთო გამოცხადება არ არის შემოსაზღვრული ქრონოლოგიური ჩარჩოებით, სულიწმიდა ყველა დროის ადამიანთა მიერ მოქმედებს.
ამიტომ წმიდა მამებად იწოდებიან არა მარტო ქრისტიანობის პირველ საუკუნეთა საეკლესიო მწერლები, ზოგიერთი მათგანი შუასაუკუნეებში ცხოვრობდა (მაგ.: პატრიარქი ფოტიოსი, გრიგოლ პალამა და სხვები), და ზოგი კი ჩვენს უახლოეს ეპოქაში იღვწოდა ქრისტესა და ეკლესიის სადიდებლად.
წმიდა მამები სულიწმიდით შთაგონებული მოღვაწეები იყვნენ, და ყოველი ქრისტიანი ვალდებულია ისმენდეს მათ სწავლებებსა და შეგონებებს.
წმიდა მამები და ეკლესიის მოძღვრები
არსებობს ასეთი ცნებაც: "ეკლესიის მოძღვარი", რომელსაც ორი მნიშვნელობა გააჩნია. ჯერ-ერთი, ასე უწოდებენ ყველაზე ცნობილ წმიდა მამებს. მათ შორის არიან ათანასე დიდი, იოანე ოქროპირი, ბასილი დიდი და სხვები...
მეორე მნიშვნელობით ეკლესიის მოძღვრებად იწოდებიან ის სახელგანთქმული ღვთისმეტყველები, რომლებიც არ ყოფილან შერაცხილნი წმინდნებად. ასეთ კატეგორიას განეკუთვნებიან, მაგალითად, კლიმენტი ალექსანდრიელი და სხვები. ზოგიერთი მათგანი სწავლება ეკლესიამ უარყო და მწვალებლურადაც კი გამოაცხადა (მაგ.: ტერტულიანეს და ორიგენეს ზოგიერთი თხზულებები). მაგრამ თავის დროზე ამ პიროვნებებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თეოლოგიის განვითარების საქმეში.
შეიძლება თუ არა წმიდა მამები შეცდნენ?
წმიდა მამები ღვთისმეტყველების უდავო ავტორიტეტები არიან. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ მათ არ გამოუგონიათ რწმენის საკითხები და სწავლანი. ისინი იყვნენ არა შემოქმედნი, არამედ ჭეშმარიტების მოწმენი და მქადაგებელნი, რომელსაც იცავდა და აღიარებდა ეკლესია. მაგრამ, ზოგჯერ თავიანთ თხზულებებში ეკლესიის მამები გამოხატავდნენ საკუთარ შეხედულებებსაც, რომლებიც მათ სუბიექტურ გამოცდილებას ეყრდნობოდა. ეს გახლავთ მიზეზი იმისა, რომ ზოგჯერ წმიდა მამებთანაც გვხვდება განსხვავებული აზრები და ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებები სარწმუნოებისა და საეკლესიო ცხოვრების ზოგიერთ საკითხზე. თუმცა, ეს სხვაობანი არ ეხებოდა ფუძემდებლურ დოგმატურ ჭეშმარიტებებს. ამიტომაც, მათ კერძო მოსაზრებებს ხელი არ შეუშლია ეკლესიისთვის ისინი წმინდანთა და ღვთისმეტყველთა დასში შეერაცხა.
ზოგჯერ წმიდა მამები შეცდომებსაც უშვებდნენ. როგორც ცალკე აღებული ქრისტიანები შეცდომებისგან არც ისინი არიან დაზღვეულნი, განსახვავებით ეკლესიისა, - რომელიც არის ჭეშმარიტების სვეტი და სიმტკიცე (1 ტიმ. 3:15). მაგალითად, იოანე ოქროპირი გამოთქვამდა მცდარ ვარაუდს ქრისტეს შობის შესახებ. ხოლო გრიგოლ ნოსელი დიდი ხნის განმავლობაში აღიარებდა ეკლესიის მიერ უარყოფილ სწავლებას აპოკატასტასისის შესახებ. ასე უწოდებენ იდეას ჯოჯოხეთში მყოფ დემონთა და ცოდვილ სულთა საყოველთაო ცხონების შესახებ. უნდა შევნიშნოთ, რომ სიცოცხლის ბოლოში ღვთისმეტყველმა მაინც უარი თქვა ამ იდეაზე. ამიტომაც წმიდა მამათა ყველა თხზულება ერთნაირად ჭეშმარიტი როდია. ეკლესიის მიერ ცალკეული პიროვნების წმინდანად აღიარება სულაც არ ვრცელდება ყოველივე მის მიერ დაწერილსა და ნაქადაგებზე.
რაში გვჭირდება მამათა თხზულებები, თუკი გვაქვს ბიბლია?
აუცილებელია გვესმოდეს, რომ საღმრთო გამოცხადება ქრისტიანებს ორი გზით გადაეცემათ. პირველი - ეს არის წმიდა წერილი, ანუ ძველი და ახალი აღთქმის წმიდა ტექსტების ერთობლიობა; და მეორე, - წმიდა გადმოცემა (ღმრთისგან მიღებული და მემკვიდრეობით გადაცემული საეკლესიო სწავლება), რომელიც მოიცავს წმიდა მამათა სწავლებასაც. ქრისტიანებს სწამთ ქრისტეს სიტყვების: "ჭეშმარიტების სული, წაგიძღვებათ ყოველი ჭეშმარიტებისაკენ" (იოანე 16:13). და ეს დარიგება მომდინარეობს არა მარტო მოციქულთაგან, არამედ წმიდა მამათა და მსოფლიო კრებათაგანაც.
მეტიც, გადმოცემა პირველადია (ანუ ის უფრო ადრე აღმოცენდა) წმიდა წერილთან მიმართებაში. ეს ცხადია ბიბლიური ტექსტიდანაც. მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი ელაპარაკებოდა ძველაღთქმისეულ პატრიარქებს და ისინიც ჭეშმარიტებას მისგან სწავლობდნენ, შემდეგ კი ამ ყველაფერს შთამომავლობას ზეპირად გადასცემდნენ მანამ, სანამ ბიბლია დაიწერებოდა. ამგვარად, შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ წმიდა წერილი - ეს არის წმიდა გადმოცემის ჩაწერილი ნაწილი და ისინი ერთმანეთის გარეშე არ არსებობენ. გადმოცემებისადმი მიდევნება ქრისტიანებს წმიდა მოციქულებმა მოუწოდეს:
"მაშ, მტკიცედ იდექით, ძმანო, და ხელთ გეპყრათ სწავლა, სიტყვით თუ წერილით რომ გადმოგეცით" (2 თესალონიკ. 2:15).
სამართლიანად აღინიშნება, რომ ღმრთის გამოცხადების ჭეშმარიტება მიეცა არა ერთ რომელიმე პირს ეკლესიაში, თუნდაც ძალიან ღვთისმოსავსა და ბრძენს, არამედ მთელ ეკლესიას, ამიტომაც ერთი რომელიმე მამის მოწმობა კი არ გამოხატავს ამ ჭეშმარიტებას, არამედ ეკლესია. წმიდა მამათა გამოცდილება ჩვენ გვეხმარება დავიცვათ თავი ამ ცვალებად სამყაროში, დავიცვათ ქრისტიანული იდეალები და ცხოვრება ჩვენს ყოველდღიურობაში.
წმიდა მამები: ყოველთვის მათია თუ არა ბოლო სიტყვა?
არის თუ არა წმიდა მამათა სიტყვა რომელიმე საკითხზე საბოლოო? და ყველაფერი თქვეს თუ არა მათ? მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ეკლესიის სწავლება თავის შინაარსში არ ევოლუციონირებს. ეს ხომ ფილოსოფიური სისტემა ან პოლიტიკური თეორია არ არის. ის მხოლოდ წმინდანთა მიერ ვლინდება, როგორც სულიწმიდის გამოცხადება. და ეს ხდება უწყვეტად საუკუნეების განმავლობაში. წმინდანები ცხოვრობდნენ და იღვწოდნენ განსაზღვრული ისტორიული კონტექსტის ჩარჩოებში. მაშასადამე, მათი შეხედულებები გარკვეულ საკითხებზე (დოგმატების გარდა) დროთა განმავლობაში ივსებოდა და იცვლებოდა.
მაგალითად, სწავლება ყოვლადწმიდა სამების ან ქრისტეს მიერ კაცობრიობის გამოსყიდვა ცოდვის წყევისგან - ეს დოგმატური პოზიციებია, რომელთაც ეკლესია არასოდეს ცვლიდა და არ შეცვლის. ხოლო წმიდა მამების მიერ ქალკედონის კრებაზე მიღებული განწესება დიაკონისების ხელდასხმის შესახებ, რომ ისინი არ უნდა იყონ 40 წელზე ახალგაზრდა - დაძველებული ნორმაა. ახლა მართლმადიდებლურ ეკლესიაში დიაკონისების ხარისხი საერთოდ არ არსებობს.
ისტორიულის გარდა მნიშვნელოვანია ცხოვრებისეული, ყოფითი კონტექსტი. ასე, მაგალითად, წმიდა მამათა უმრავლესობა იყვნენ ბერ-მონაზვნები. ამასთან დაკავშირებით მათ შრომებში ნაკლებად არის დამუშავებული ერისკაცთათვის ესოდენ აქტუალური საკითხები. მაგალითად, წმიდა მამები არ უღრმავდებოდნენ მამაკაცსა და ქალს შორის ურთიერთობის საკითხებს.
დოგმატური სწავლება უცვლელია, მაგრამ ყოველდღიური მორალის, ქცევისა და სხვადასხვა სახის ცოდვებისადმი დამოკიდებულება მამებს არ შეეძლოთ სამუდამოდ გამოეხატათ... მაგალითად, არავის, V საუკუნეში მცხოვრებთაგანას არ შეეძლო დეტალებში აღეწერა XXI ს-ის ქცევის მოდუსი, როგორი წმინდანიც გინდ ყოფილიყო იგი. მამებმა ძალიან ბევრი რამ თქვეს. მაგრამ ყველაფრის თქმა მათ არ შეეძლოთ და არც ჰქონდათ ამისი უფლება! ყველაფერი, რაც მათ თქვეს, საჭიროა შევისწავლოთ, ხოლო გამოყენებისას - დღევანდელი პირობები გავითვალისწინოთ.
ამრიგად, მართლმადიდებელ ქრისტიანებს აუცილებლად მართებთ ორიენტაცია წმიდა მამათა შეხედულებებზე ჰქონდეთ, მაგრამ მხედველობაში უნდა მიიღონ ისტორიული ცვლილებები და ღვთისმეტყველთა ადამიანური შეცდომებიც მეორეხარისხოვან საკითხებში.
მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.
საიტი "აპოკალიფსისი". თბილისი 2022.10.