Перейти к контенту

კატეხიზაცია - მართლმადიდებლური რწმენის შესახებ. სარჩევი - აპოკალიფსისი

Skip menu
Skip menu
სწავლანი > კატეხიზაცია
მართლმადიდებლური რწმენის შესახებ
ქრისტე პანტოკრატორი
წიგნი 1

რწმენის შესახებ, ანუ სარწმუნოების სიმბოლოს განმარტება


***


ავტორი: არქიეპისკოპოსი ევსები (ორლინსკი) (1806 - 1883).
 
 
სწავლება 1
 
 
1) მართლმადიდებლური რწმენის ცნება
 
ძმანო! ჩვენ მართლმადიდებელ ქრისტიანებად ვიწოდებით: თუ გახსოვთ, რატომ ვიწოდებით ასე? იმიტომ, რომ მივიღეთ წმიდა ნათლისღება და ვიღებთ სხვა საიდუმლოებებს ქრისტეს მართლმადიდებლურ ეკლესიაში, მივდევთ მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებას და ვხელმძღვანელობთ მათით, ან, მოკლედ რომ ვთქვათ: მართლმადიდებელ ქრისტიანებად ვიწოდებით იმიტომ, რომ შევიცავთ მართლმადიდებლურ რწმენას.
 
მართლმადიდებლური რწმენა ის რწმენაა, რომელიც სწორად, მართლად და ჭეშმარიტად ასწავლის ღმრთის დიდებას, ანუ უცდომელად რწმენას ღმრთისადმი და მის თაყვანისცემას ცხონების მისაღწევად.
 
სხვაგვარადაც შეგვიძლია ვთქვათ: მართლმადიდებლური რწმენა არის ის ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება, რომელიც ქრისტემ, ქვეყნიერების მაცხოვარმა, ასწავლა თავის მოწაფეებს და მოციქულებს. ეს რწმენა მოციქულებმა თავიანთი ქადაგებით გაავრცელეს მთელ ქვეყნიერებაზე, და წერილობითაც გადმოგვცეს.
 
მოციქულთა ეს რწმენა მიიღეს მათმა მემკვიდრეებმა, წმიდა მამებმა და მსოფლიო მოძღვრებმა. ეს რწმენა თავიანთი კანონებითა და დადგენილებებით დაადასტურეს და ყოველგვარი ცრუსწავლებებისგან შემოზღუდეს მსოფლიო და ადგილობრივმა მართლმადიდებლურმა კრებებმა. ეს რწმენა დღემდე უცვლელია და მას იუწყება ქრისტეს მართლმადიდებლური საყოველთაო (კათოლიკე) ეკლესია.
 
თუკი ვინმე თქვენგანს ჰკითხავენ: რატომ იწოდებით მართლმადიდებლურ ქრისტიანებად? უპასუხე: იმიტომ, რომ მე შევიცავ მართლმადიდებლურ რწმენას, ანუ ღმრთის სწორ და მართებულ თაყვანისცემას, ასევე მართებულ ღვთისმსახურებას, რომელსაც ასწავლის ქრისტეს მართლმადიდებლური ეკლესია, და ჩემს რწმენასა და ჩემს საქმეებში განუხრელად ვხელმძღვანელობ სწორედ მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებით, რის გამოც განვეშორები ყოველგვარ მწვალებლობას, სქიზმას და ცრუმოძღვრებას.
 
 
2) რა არის აუცილებელი ჩვენი ცხონებისთვის?
 
ვიწოდებით რა მართლმადიდებელ ქრისტიანებად, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველთვის უნდა ვატაროთ და სულში ვზარდოთ ჭეშმარიტი რწმენა და, ამ რწმენის ხელმძღვანელობით, აღვასრულოთ ქრისტეს მცნებები. რადგან, ცხონების მისაღწევად, აუცილებელია ჭეშმარიტი რწმენა და კეთილი საქმეები.
 
რწმენის აუცილებლობის შესახებ წერილი ბრძანებს: "რწმენის გარეშე კი შეუძლებელია ესათნოვო ღმერთს" (ებრ. 11:6). ღმრთის სათნოყოფა შეუძლებელია რწმენის გარეშე, რადგან ჩვენ მხოლოდ რწმენით ვიღებთ შემეცნებას ღმრთისა და მისი საქმეების შესახებ; რწმენის მიერ შევიმეცნებთ მის წმიდა ნებას, და ვითავისებთ ქრისტე მაცხოვრის დამსახურებებს, ღმრთის წინაშე ჩვენს გასამართლებლად.
 
კეთილი საქმეების შესახებ ღმრთის სიტყვა ასწავლის: "საქმის გარეშე რწმენა მკვდარია" (იაკ. 2:20); ჭეშმარიტი რწმენა აუცილებლად უნდა იყოს შეერთებული კეთილ საქმეებთან. თუ ვიტყვით, რომ ღმრთისა გვწამს, უნდა ვიცოდეთ სწავლება ღმრთისა და მისი საქმეების შესახებ, უნდა ვიცოდეთ მაცხოვრისა და მისი მეშვეობით ცხონების შესახებ; მაგრამ ამავდროულად თუკი არ შევასრულებთ ღმრთის მცნებებს, არ ვიცხოვრებთ იესუ ქრისტეს სწავლების მიხედვით, ჩვენი რწმენა არაჭეშმარიტი გამოდგება; ჩვენი რწმენა აღმოჩნდება უნაყოფო ან მკვდარი, რომელიც ვერ შეძლებს ჩვენს ცხონებას.
 
ამრიგად, ვიწოდებით რა მართლმადიდებელ ქრისტიანებად, ჩვენ ყველაზე უმეტესად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რათა მუდმივად ვატაროთ ჩვენს სულში და ვზარდოთ ჭეშმარიტი რწმენა ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესუ ქრისტეს მიმართ, დავადასტუროთ ჩვენი რწმენა ღმრთისა და ადამიანების წინაშე კეთილი საქმეებით და მცნებათა აღსრულებით.
 
მართლმადიდებლური რწმენის სწავლება მომდინარეობს საღმრთო გამოცხადებიდან: ამიტომაც შემდეგ სწავლებაში მოგიყვებით სწორედ საღმრთო გამოცხადების შესახებ.
 
მამებო და დედებო, ასევე თქვენ, ვინც მათ ადგილს იკავებთ! რაც აქ გესმათ და კიდევ მომავალში მოისმენთ, ეცადეთ, რამდენიც შეძლოთ, გადასცეთ თქვენს შვილებს. ხშირად ესაუბრეთ მათ მართლმადიდებლური რწმენის შესახებ. შთააგონეთ მათ, რომ მართლმადიდებლური რწმენა უდიდესი საგანძურია ადამიანისთვის, რადგან მის გარეშე შეუძლებელია ესათნოვო ღმერთს და მიაღწიო მარადიულ ნეტარებას. უთხარით მკათ, რომ ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი, ცხონების მისაღებად, იესუ ქრისტეს სწავლების თანახმად, აუცილებლად უნდა იყოს ღმრთის მორწმუნე, თავისი რწმენა კი დაამტკიცოს კეთილი საქმეებით, უფლისა და მაცხოვრის მცნებათა აღსრულებით. რადგან, თვით წმიდა მოციქულთა თქმით, "რწმენის გარეშე შეუძლებელია ესათნოვო ღმერთს" (ებრ. 11:6), და "რწმენა, საქმის გარეშე, თავისთავად მკვდარია" (იაკ. 2:17).
 
ქრისტე მაცხოვარმა და ღმერთმა ჩვენმა, სულიწმიდის მადლით, მოგანიჭოთ ძალა და მოშურნეობა მისი საღმრთო სწავლების შესამეცნებლად, მისი წმიდა მცნებების დასაცველად, მის სადიდებლად მამასთან და სულიწმიდასთან ერთად. ამინ.



სწავლება 2

 
საღმრთო გამოცხადების შესახებ
 
წინა გაკვეთილში გესმათ, რომ სწავლება მართლმადიდებლური სარწმუნოების შესახებ აღებულია საღმრთო გამოცხადებიდან. ამჯერად ამ საღმრთო გამოცხადების შესახებ გესაუბრებით.
 
საღმრთო გამოცხადება არის ის მაცხოვნებელი სწავლება, რომელიც თვით ღმერთმა კეთილინება გამოეცხადებინა კაცთათვის, რათა მათ შეძლებოდათ ჭეშმარიტებით ერწმუნათ მისი, ღირსეულად თაყვანი ეცათ და სათნო ყოფილიყვნენ მისთვის, რითაც მიაღწევდნენ ცხონებას.
 
კეთილმა ღმერთმა ქვეყნიერების დასაბამიდან გამოუცხადა თავისი ნება რჩეულ ადამიანებს, რათა მათ სხვებისთვის გადაეცათ იგი. ღმერთი ესაუბრებოდა ადამს სამოთხეში, და მისცა მას მცნება არ ეჭამა სიკეთისა და ბოროტების შემეცნების ხის ნაყოფი. პირველმშობელთა დაცემის შემდეგ, ღმერთმა ამხილა ისინი მცნების დარღვევაში; გამოთქვა მათზე თავისი სამართლიანი მსჯავრი, მაგრამ ამავდროულად, თავისი უსაზღვრო კაცთმოყვარებით, ინება ენუგეშებინა ისინი და აღუთქვა მათ ქვეყნიერების მაცხოვარი (დაბ. 3:15).
 
პირველმშობელთა დაცემის დროიდან, კაცთა გონება დაბნელდა; ვნებები თანდათანობით მატულობდნენ და ვრცელდებოდნენ კაცთა მოდგმაში, ხოლო ვნებათა და ცოდვათა გამრავლების კვალობაზე ბნელდებოდა ცოდნაც ჭეშმარიტ ღმერთსა და მის რჯულზე. ადამიანები მიეცნენ უზრუნველობას და უდარდელობას, ბრმად მიჰყვნენ წუთისოფლისეულ ამაოებას და ბიწიერ ვნებებს. ამიტომ, ჭეშმარიტი ცოდნა ღმერთზე და მის წმიდა ნებაზე სრულიად რომ არ დაკარგულიყო კაცთა მოდგმაში, მოწყალე ღმერთი მრავალგზის უცხადებდა თავის ნებას მის რჩეულ კაცებს.
 
საღმრთო გამოცხადების ღირსნი ხდებოდნენ ღვთისმოსავი ადამიანები, რომლებმაც თავიანთი სათნოებებით ღმრთის კეთილგანწყობა მოიპოვეს და შემძლენი იყვნენ მიეღოთ ღმრთის სიტყვა, რათა შემდეგ გაევრცელებინათ იგი ადამიანთა შორის. პირველად ასეთი ღვთისმოსავები იყვნენ პატრიარქები წარღვნიდან და წარღვნის შემდეგ, კერძოდ:
 
ადამი და შემდეგ ენოქი, რომელიც, მოციქულ იუდას თქმით, უწინასწარმეტყველებდა თავის თანამედროვეთ და ამხელდა მათ უკეთურებასა და ბიწიერებას (იუდ. მ. 14). თავისი წმიდა ცხოვრებისთვის ის სხეულებრივად იქნა აყვანილი ცაში (დაბ. 5:24). ნოე, რომელიც სინანულს უქადაგებდა თავის თანამედროვეთ და, რომლებიც, თავიანთი უკეთურებისა და ცოდვების გამო, ღმრთისგან საყოველთაო წარღვნით დაისაჯნენ; აბრაამი, ისააკი და იაკობი, რომელთაც ღმერთი მრავალგზის ეცხადებოდა და უცხადებდა მათ თავის ნებას.
 
მართალ პატრიარქთა შემდეგ საღმრთო გამოცხადების ღირსნი გახდნენ წინასწარმეტყველნი, როგორებიც იყვნენ: დიდი წინასწარმეტყველი მოსე, რომელმაც მრავალგზის მიიღო საღმრთო გამოცხადება, სინას მთაზე ესაუბრებოდა ღმერთს და მისგან რჯულიც გადმოეცა; ასევე მეფე და წინასწარმეტყველი დავითი, წინასწარმეტყველები: ესაია, იერემია, ეზეკიელი, დანიელი, ზაქარია და სხვები, რომლებიც სულიწმიდით დარიგებულნი და ძღვანებულნი ხალხს ღმრთის ნებას აუწყებდნენ, ამხელდნენ ერის ცოდვებს და მათი თანამედროვე ადამიანების ცდომილებებს; ასწავლიდნენ ჭეშმარიტ ღვთისმოსაობას, განმარტავდნენ მოსეს რჯულის ჭეშმარიტ სულს, და ამავდროულად იმეორებდნენ და განმარტავდნენ წინასწარმეტყველებას კაცთა მოდგმისთვის აღთქმულ მაცხოვარზე.
 
ბოლოს შეუდარებელი სისრულით და სრულყოფილებით საღმრთო სწავლება ადამიანებს გამოუცხადა ღმრთის მხოლოდშობილმა ძემ, განკაცებულმა მაცხოვარმა იესუ ქრისტემ. ღმერთკაცი იესუ, იმყოფებოდა რა დედამიწაზე, თვითონ აუწყებდა ადამიანებს თავისი ზეციერი მამის ნებას; თავისი რჩეული მოწაფეები დააწესა მოციქულებად; ხოლო ცაში ამაღლების შემდეგ წარმოავლინა სულიწმიდა, და მის მიერ დამოძღვრა ისინი ყოველ ჭეშმარიტებაში, განამტკიცა სამოციქულო მსახურებაში, გააგზავნა ისინი ქვეყნის კიდეებზე, რათა ყველა ხალხისთვის ექადაგათ საღმრთო გამოცხადება, ანუ სახარება, იგივე სამახარობლო ამბავი კაცთა მოდგმის ცხონების შესახებ, რომელიც გვენიჭება მისდამი, ანუ ქვეყნიერების მაცხოვრისადმი რწმენით.
 
ამ საღმრთო გამოცხადების შესახებ მოციქული პავლე ასე წერს: "ღმერთი, რომელიც მრავალგზის და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველთა პირით, ამ უკანასკნელ დღეებში გველაპარაკა ჩვენ ძის მიერ, რომელიც დაადგინა ყოვლის მემკვიდრედ და რომლის მეშვეობითაც შექმნა საუკუნენი" (ებრ. 1:1). ეს ნიშნავს, რომ "ღმერთი, რომელიც მრავალგზის და მრავალგვარად ელაპარაკებოდა ძველ მამებს წინასწარმეტყველთა მეშვეობით, ბოლო ჟამს გველაპარაკა ძის მიერ, რომელიც მან დააწესა ყოვლის მემკვიდრეთ და რომლის მიერაც შექმნა საუკუნენი".
 
წმიდა მახარობელი იოანე გვახარებს: "ღმერთი არავის არასოდეს უხილავს: მხოლოდშობილმა ძემ, რომელიც იყო მამის წიაღში, მან გაგვიცხადა" (ინ. 1:18). ანუ: ღმერთი თავისი არსით არავის არასოდეს უხილავს. წინასწარმეტყველმა მოსემ ის იხილა მხოლოდ გრძნობითი და საკვირველი სახით (გამ. 33:20); მაგრამ მისთვის არ ყოფილა გამოცხადებული სრულყოფილი შემეცნება ღმერთზე. მაშინ როდესაც მხოლოდშობილმა ღმრთის ძემ, იესუ ქრისტემ, როგორც მამის წიაღში მყოფმა და ერთარსებამ მამისამ, სრულყოფილად იცის მამა და მისი ღვთაებრივი ბუნება; ამიტომაც მან გამოუცხადა ადამიანებს ჭეშმარიტი და უსრულყოფილესი სწავლება ღმერთზე, თუმცა იმ ზომით, რა ზომითაც თვით საღმრთო მადლით განათლებული ადამიანები დაიტევდნენ მას თავიანთი შეზღუდული ბუნებიდან გამომდინარე. იესუ ქრისტე ამბობს: "ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას" (მთ. 11:27). ღმრთის ძე, ვისთვისაც ინებებს იმას სრულ ცოდნას კი არ უცხადებს, რაც მას აქვს მამის შესახებ, არამედ იმდენს, რამდენის დატევნაც ძალუძს თვით ადამიანს ღმრთის სულის მადლის შეწევნით.
 
შეიძლება ვინმემ იკითხოს, ან იფიქროს: ნუთუ ადამიანს არ შეუძლია შეიმეცნოს ღმერთი ღმრთის განსაკუთრებული გამოცხადების გარეშე?
 
ასეთ კითხვაზე პასუხს თვით წმიდა წერილი იძლევა. ადამიანს შეუძლია შეიმეცნოს ღმერთი მის საქმეთა ჭვრეტით. მოციქული პავლე წერს: "მისი უხილავი სრულყოფილება, წარუვალი ძალა და ღვთაებრიობა, ქვეყნიერების დასაბამიდან მისსავ ქმნილებებში ცნაურდება და ხილული ხდება" (რომ. 1:19). ანუ, ღმრთის უხილავი არსი, მისი თვისებები, მისი ღვთაებრივი ძალა, მხოლოდ ქმნილებათა მიერ ხდება საცნაური. შეხედეთ, მაგალითად, დედამიწას, რომელზეც ვცხოვრობთ, შეხედეთ ცას, რომელიც ჩვენს ზემოთაა: საიდან არის ეს ყოველივე? ვინ შექმნა ის, რასაც ვხედავთ, დედამიწა და ყოველივე, რაც არის მასზე, მის ქვემოთ და მის ზემოთ; ვინ შექმნა ცა, მზე, მთვარე და ვარსკვლავები? ყოვლადძლიერმა ღმერთმა.
 
ასევე, შეხედეთ ქმნილებათა ბრძნულ მოწყობას, წესრიგს და სილამაზეს, მრავალ ცოცხალ ქმნილებას, ყოველი მათგანის არსებობის ფორმას და საშუალებას, როგორ იცავენ ისინი თავიანთ სიცოცხლეს და მოდგმას: და კვლავ, ეს ყველაფერი ყოვლადძლიერ, ბრძენ და ყოვლადსახიერ შემოქმედზე მეტყველებს.
 
მაგრამ ეს შემეცნება, რომელსაც საღმრთო გამოცხადების გარეშე ვიძენთ, არასრულყოფილია და არასაკმარისია ადამიანისთვის: ის ადამიანს ამზადებს რწმენის მისაღებად და აუცილებელი სახელმძღვანელოა ღმრთის შესამეცნებლად. მაგრამ გამოცხადების დახმარების გარეშე, ვნებებითა და ბიწიერებით დაბრმავებული ადამიანი, იოლად ცდება ღმრთისა და მისი წმიდა ნების შემეცნებაში. ეს ცნაურდება წარმართთა მაგალითზე. ისინი, რადგან არა აქვთ გამოცხადება, ბრმები არიან ღმერთისა და მისი წმიდა ნების შემეცნების საკითხში.
 
აი, რას წერს ამის შესახებ მოციქული პავლე: "რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლობდნენ, არამედ ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული. თავიანთ თავს ბრძენს უწოდებენ და გამოსულელდნენ. და უხრწნელი ღვთის დიდება გაცვალეს ხრწნადი ადამიანის, ფრინველთა, ოთხფეხთა და ქვეწარმავალთა ხატების მსგავსებაში. ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა უწმიდურებას მათი გულისთქმებითურთ, რათა თავად შეებილწათ თავიანთი სხეულები. რომელთაც ღვთის ჭეშმარიტება შეცვალეს სიცრუით, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ ქმნილებას, ნაცვლად შემოქმედისა..."  (რომ. 1:21-25).
 
მაშ, გაიაზრეთ, ძმანო, როგორი მადლობელნი  უნდა ვიყოთ ღმრთისა მისი იმ უდიდესი წყალობის გამო, რომ განგვანათლებს თავისი მადლითა და საღმრთო გამოცხადებით, და ჩვენც, ღმრთის სიტყვის ნათელში, ჭეშმარიტ ღმერთს ასე მოხერხებულად და უცდომელად შევიმეცნებთ, როგორც წმიდა სამებას, შევიმეცნებთ ღმრთის საქმეებს და კაცთა ცხონებას მისი მხოლოდშობილი ძის, ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესუ ქრისტეს მიერ, რომელმაც მისდამი რწმენის მეშვეობით ყველას გაუხსნა გზა ცხონებისკენ.
 
საღმრთო გამოცხადება რომ არ განგვანათლებდეს, ჩვენც წარმართებად დავრჩებოდით და უმეცრებისა და ცდომილების ბნელში ვივლიდით; არ გვეცოდინებოდა ერთი ჭეშმარიტი ღმერთი და ერთი ჭეშმარიტი გზა ცხონებისა, რომელსაც ქრისტე მაცხოვრისადმი რწმენის მეშვეობით მოვიპოვებთ.
 
საღმრთო გამოცხადება დაცულია მართლმადიდებლურ ეკლესიაში და წმიდა წერილისა და წმიდა გადმოცემის მეშვეობით ვრცელდება კაცთა შორის; ამიტომაც მომდევნო სწავლებებში ჯერ წმიდა წერილზე ვილაპარაკებთ, შემდეგ კი წმიდა გადმოცემაზე.
 
დასასრულ ვიტყვი: გსმენიათ, რომ კეთილი ღმერთი თავის გამოცხადებას აღირსებდა მხოლოდ რჩეულ კაცებს, რომლებიც მას ღვთისმოსაობითა და კეთილი ცხოვრებით ესათნოვნენ: ამიტომაც, სრულყოფილად რომ გავიგოთ საღმრთო გამოცხადების სწავლება, ჩვენც ღვთისმოსაობით და კეთილი ცხოვრებით უნდა ვცხოვრობდეთ, საღმრთო გამოცხადების სწავლებას მუდმივად ვისმენდეთ და ღმრთისგან გამოცხადებულ ჭეშმარიტებას გულწრფელად ვიღებდეთ.
 
მშობლებო! რაც ახლა გესმათ, გადაეცით თქვენს შვილებს. უთხარით მათ, რომ ჩვენ ვიცით ღმერთი და მისი ნება იმიტომ, რომ თვით მან, თავისი უსაზღვრო სიკეთით, გამოგვიცხადა იგი. ასე რომ არ მომხდარიყო არ გვეცოდინებოდა ღმერთი და წარმართთა მსგავსად ცდომილების სიბნელეში ჩავრჩებოდით, რომლებიც, რაკიღა არ უწყიან ხილული და უხილავი სამყაროს ჭეშმარიტი შემოქმედი, ღმრთის ნაცვლად ქმნილებებს აღმერთებენ. უთხარით მათ, რომ საღმრთო გამოცხადება ღმრთისგან ბოძებული უდიდესი სიკეთეა, და ამ წყალობით ყოველთვის უდიდესი ღვთისმოშიშებით უნდა ვსარგებლობდეთ, რის გამოც მუდმივად ვმადლობდეთ უფალ ღმერთს და მუდმივად სწორედ მას: მამას, ძეს და სულიწმიდას ვადიდებდეთ. ამინ.



სწავლება 3
 
 
1) წმიდა წერილის შესახებ
 
თქვენ უკვე გესმათ, რომ საღმრთო გამოცხადება დაცულია მართლმადიდებლურ ეკლესიაში და ადამიანთა შორის ვრცელდება ორი გზით: წმიდა წერილის და წმიდა გადმოცემის მეშვეობით. ამჯერად ვილაპარაკებთ წმიდა წერილის შესახებ.
 
წმიდა წერილად იწოდებიან წიგნები, რომლებიც ღმრთის სულის შთაგონებით დაიწერა წინასწარმეტყველთა და მოციქულთა მიერ, და შეიცავენ ადამიანებისთვის ღმრთითგამოცხადებულ სწავლებას მათი დარიგებისთვის ჭეშმარიტ რწმენასა და ღვთისმოსაობაში.
 
ვინ არიან წინასწარმეტყველნი და ვინ მოციქულნი? წინასწარმეტყველებად იწოდებიან ის წმიდა კაცები, რომლებიც თავიანთი ღვთისმოსაობისა და ღვთისმოშიში ცხოვრებისთვის ღირს იქმნებოდნენ ღმრთის ისეთი წყალობისა, რომ ღმერთი განანათლებდა მათ სულიწმიდით (ინ. 16:13), და იგივე სული ასწავლიდა მათ ჭეშმარიტებასა და სიმართლეს, აუწყებდა მათ მომავალ მოვლენებს და მათ მიერ წინასწარმეტყველებდა კაცთა მოდგმის ხსნის შესახებ ქვეყნიერების აღთქმული გამომხსნელის მეშვეობით. წინასწარმეტყველებად ისინი იწოდებიან იმიტომ, რომ წინასწარ იუწყებოდნენ მომავალს.
 
მოციქულები ქრისტე მაცხოვრის რჩეული მოწაფეები იყვნენ, რომლებსაც თავიდან თვით მაცხოვარი ასწავლიდა, სანამ დედამიწაზე იყო, ხოლო ზეცად ამაღლების შემდგომ, გამოაგზავნა მათზე სულიწმიდა, რომელმაც ისინი დამოძღვრა ყოველგვარ ჭეშმარიტებაში. ისინი მოციქულებად იწოდებიან იმიტომ, რომ იყვნენ უფალ იესუ ქრისტეს წარგზავნილები, რათა ექადაგათ სახარება, ანუ სასიხარულო ცნობა ადამიანთა გამოხსნის შესახებ იესუ ქრისტესადმი, როგორც ქვეყნიერების გამომსყიდველისადმი რწმენით.
 
ღმრთის სული მოძღვრავდა წინასწარმეტყველებსა და მოციქულება წმიდა წიგნთა დაწერის დროსაც: ამიტომაც წმიდა წერილის წიგნები ღმრთითშთაგონებულ წიგნებად იწოდებიან, როგორც ღმრთის სულის შთაგონებით დაწერილნი.
 
წმიდა წერილი იყოფა ორ ნაწილად. პირველი შეიცავს უძველეს წიგნებს, რომლებიც დაიწერა წინასწარმეტყველთა მიერ ქვეყნად აღთქმული მაცხოვრის მოსვლამდე, ანუ, ქრისტეს შობამდე. ეს წიგნები, რომლებიც წინასწარმეტყველებმა დაწერეს, ძველ აღთქმად, ანუ ძველი აღთქმის წიგნებად იწოდებიან.
 
წმიდა წერილის მეორე ნაწილიშეიცავს უკვე ქრისტეს შობის შემდეგ მოციქულთა მიერ დაწერილ წიგნებს და ახალ აღთქმად, ანუ ახალი აღთქმის წიგნებად იწოდება.
 
ორივე ნაწილი ერთად იწოდება ბიბლიად. ბიბლია (Βίβλια) ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს წიგნებს. ეს სახელწოდება იმ აზრს შთაგვაგონებს, რომ ამ წიგნებს სხვა ვერანაირი წიგნი ვერ შეედრება, რადგან ისინი შეიცავენ ღმრთითბოძებულ სწავლებას, ყველაზე აუცილებელს ადამიანისთვის, ამიტომაც სხვა წიგნებზე უპირატეს ღირსნი არიან განსაკუთრებული პატივისცემისა და შესწავლისა,
 
 

2) ძველი და ახალი აღთქმა
 
რას ნიშნავს ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა? ეს ნიშნავს: ძველ კავშირს ღმრთისა ადამიანებთან და ახალ კავშირს ღმრთისა ადამიანებთან.
 
ძველი კავშირი ღვთისა ადამიანებთან მდგომარეობდა იმაში, რომ ღმერთმა ადამიანებს აღუთქვა მაცხოვარი და მრავალრიცხოვანი გამოცხადებების, აღთქმების და სხვადასხვა წინასახეების მეშვეობით ამზადებდა მათ მის მისაღებად. ასეთი მოსამზადებელი ღონისძიებები იყო მსხვერპლშეწირვები, რომლებიც წინასწარ გამოსახავდნენ იესუ ქრისტეს სიკვდილს და მთელ საწესჩვეულებო კანონს, რომელიც მომავალ სიკეთეთა აჩრდილი იყო (ებრ. 10:1). ღმერთთან ამ ძველ კავშირში შემავალნი ვალდებულნი იყვნენ ჰქონოდათ რწმენა კაცთა მოდგმის მაცხოვრისადმი და, ამ რწმენის დასამტკიცებლად უნდა აღესრულებინათ ღმრთის რჯული, რომელიც მათ მოსეს მიერ ებოძათ. ღმრთის ეს ძველი კავშირი ადამიანთან, ანუ ძველი აღთქმა, დაიწყო პირველი აღთქმით, რომელიც ღმერთმა მისცა ადამს და უთხრა, რომ ქვეყნად მოვიდოდა კაცთა მოდგმის მაცხოვარი, და გრძელდებოდა უფალ იესუ ქრისტეს განკაცებამდე, და ჯვარზე მის სიკვდილამდე: რადგან იესუ ქრისტეს სიკვდილი ჯვარზე გახლდათ ყველა ძველაღთქმისეული წინასახეობრივი მსხვერპლშეწირვის აღსრულება და მთელი ძველაღთქმისეული ღმრთისმსახურების დასრულება. უფალ იესუს გამომსყიდველობითი მსხვერპლი და მისი აღდგომა მკვდრეთით წარმოადგენდა ახალაღთქმისეული ღვთისმსახურების დასაბამსა და საწყისს.
 
ახალი კავშირ ღმრთისა ადამიანთან დაიწყო იესუ ქრისტეს ქვეყნად მოსვლით (განკაცებით), ანუ იმ დროიდან, რაც უფალმა და მაცხოვარმა თავისი სიკვდილით ღმერთთან შეარიგა ადამიანი, და გაგრძელდება იგი სამყაროს აღსასრულამდე: რადგან იესუ ქრსიტემ მორწმუნეებს აღუთქვა, რომ მათთან იქნებოდა აღსასრულამდე სოფლისა (მთ. 28:20).
 
ახალი აღთქმა, ანუ ღმერთთან ახალი კავშირი, მდგომარეობს იმაში, რომ აღთქმული მაცხოვრის, იესუ ქრისტეს დედამიწაზე მოსვლის შემდეგ, ადამიანები ცხონდებიან ქვეყნიერების მაცხოვრისადმი რწმენით, რომელიც მოვიდა დედამიწაზე და აღასრულა კაცთა ცხონების საქმე; ადამიანების ცხონებისთვის ასევე აუცილებელია ქრისტეს მცნებების შესრულება, რათა ის გახდეს წინდი მარადიული ცხოვრებისა და ღმრთისგან მიიღონ სხვადასხვა მადლმოსილი ნიჭები.
 
ამჯერად ხედავთ, თუ რას ნიშნავს ძველი აღთქმა და რას ახალი. აღთქმათა შორის ამ განსხვავებიდან აშკარავდება ძველი და ახალი აღთქმის წიგნთა შორის განსხვავებაც. ძველი აღთქმის წიგნები, რომლებიც წინასწარმეტყველთა მიერ იყო დაწერილი, შეიცავენ იმ საღმრთო სწავლებას, რომლითაც მორწმუნეები ძველთაგან ემზადებოდნენ აღთქმული მაცხოვრის მისაღებად; ხოლო ახალი აღთქმის წიგნები, რომლებიც დაწერეს მოციქულებმა, შეიცავენ სწავლებას იმის შესახებ, თუ როგორ აღასრულა მიწაზე მცხოვრებმა იესუ ქრისტემ, განკაცებულმა მაცხოვარმა კაცთა მოდგმის გამოხსნა, და თუ როგორ უნდა გვწამდეს მისი და ვესათნოებოდეთ მას ამ ახალ კავშირში.
 
ძმებო! გახსოვდეთ, თუ რა გესმათ დღეს და განსაჯეთ: რაოდენ ბედნიერნი ვართ, რომ ვცხოვრობთ დედამიწაზე იმ დროს, როდესაც აღთქმული მაცხოვარი უკვე მოვიდა და აღასრულა კაცთა მოდგმის გამოხსნა, ახლა კი ჩვენ ყველანი მოწოდებულნი ვართ ცხონებისკენ ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს რწმენის მეშვეობით; ვსარგებლობთ მაცხოვნებელი ნიჭებით, თუკი ჭეშმარიტებით გვწამს ქრისტესი და მივდევთ მის საღმრთო სწავლებას.
 
ამ ყოველივეზე ფიქრში, ვმადლობდეთ უფალს, მამა ღმერთს, რომელმაც ქვეყნად წარმოაგზავნა თავისი მხოლოდშობილი ძე; ვმადლობდეთ უფალ იესუ ქრისტეს, რომელმაც აღასრულა ჩვენი გამოხსნა და მოგვიწოდა სულიწმიდის მადლისკენ, რათა მონაწილენი ვიყოთ იმ მარადიული სიკეთეებისა, რომელიც მან მომავალი ცხოვრებისთვის მოგვიმზადა. მაშ, მთელი სულითა და გულით, მთელი სარწმუნოებრივი საქმეებით ვადიდოთ ერთი სამიპოსტასოვანი ღმერთი. დიდება ერთ ჭეშმარიტ ღმერთს მამას, ძეს და სულიწმიდას, აწდა, მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
 
 
გაგრძელება იქნება.
 

ტექსტის ითარგმნა და მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2025 წ.
 
წყარო: О православной вере: поучения, предложенные по порядку пространного катехизиса Православной Церкви / Евсевия, архиепископа Могилевского. - 3-е изд, в 2 кн. – С.-Петербург : Тип. Д-та Уделов, 1877. / Кн. 1.

URL: https://azbyka.ru/otechnik/Evsevij_Orlinskij/o-pravoslavnoj-vere-kniga-1-o-vere-ili-iz-jasnenie-simvola-very/1
Назад к содержимому