კატეხიზაცია - კატეხიზაცია - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > კატეხიზაცია
კატეხიზაცია
უფალი იესუ ქრისტე
კატეხიზაცია (ბერძნ. "კატეხიზისი" – κατήχησις - ბერძნულიდან κατηχέω (კატეხეო) - დარიგება, განსწავლა).

1) მართლმადიდებლური სარწმუნოების საფუძვლების შესწავლა იმ პირთათვის, რომლებიც მოსანათლავად ემზადებიან;

2) იმ პირთა დარიგება ჭეშმარიტ სარწმუნოებაში (იგულისხმება სარწმუნოების უფრო ღრმა შესწავლა), რომლებმაც უკვე მიიღეს ნათლობა და ეკლესიის წევრები გახდნენ.

კატეხიზაცია - ეს არის მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტებებისა და საეკლესიო ცხოვრების წეს-განგების შესწავლა. კატეხიზაციის მიზანია გაეკლესიურება, ანუ ადამიანების თანაზიარობა ღმრთითსასურველ ქრისტიანულ ცხოვრებასთან.

უფრო სრულად კატეხიზაციაში შეიძლება გამოვყოთ მისი რამოდენიმე ურთიერთშემავსებელი განყოფილება.

ა) მოსანათლავ პირთა, ანუ კათაკმეველთა (ე. ი. ვინც ნათლისღების საიდუმლოს შეგნებული მიღებისთვის ემზადება) ქრისტიანულ სწავლა-მოძღვრებაში განსწავლა.

ბ) კათაკმეველთა თანაზიარობა საეკლესიო ცხოვრებასთან (ლოცვით-ევქარისტული ცხოვრება, სულიერი ხელმძღვანელობა, მარხვა, სულიერი საკითხავები, მოწყალება);

გ) კატეხიზაცია, როგორც ქმედითი თემური ცხოვრება საეკლესიო სამრევლოში;

დ) როგორც საკუთარი სულიერ-ზნეობრივი ცხოვრება საეკლესიო ყაიდაზე.

მართლმადიდებლური ეკლესიის ყველა კანონიკური ნორმა, რომელიც ნათლისღების საიდუმლოს მისაღებ სამზადისს ეხება, ლაპარაკობენ სარწმუნოების შესწავლის მნიშვნელობაზე (I მსოფლ. კრების მე-2 კანონი, ლაოდიკიის კრების 45 და 47-ე კანონები და სხვა). მეტიც, კანონებით გათვალისწინებულია კათაკმეველთა, ანუ ნათლობის მოსურნეთა მიერ სარწმუნოების შეთვისების დონისა და მათი გულწრფელობის ხარისხის შესწავლაც (ლაოდ. 46, VII მსოფლ. კრებ. მე-8 კან.). კანონები ახალმოქცეულთ ასევე განუწესებენ ეკლესიაში სიარულს და სწავლებათა მოსმენას (II მსოფლ. კრებ. მე-7 კან.).

"კატეხიზაციის" ცნება თავისი აზრით ახლოსაა "სწავლების", "მომზადების" ცნებასთან. მათ ხშირად იყენებენ კათაკმევლობის სინონიმად. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღეისთვის კატეხიზაციის ცნება უფრო ფართო მნიშვნელობისაა, ვიდრე ძველი ეკლესიის კატეხუმენატისა ან კათაკმევლობისა, სადაც სარწმუნოებაში განსწავლას, ეკლესიის ისტორიული მდგომარეობიდან გამომდინარე, განსაზღვრული თავისებურებები ახასიათებდა:

ძველ ეკლესიაში კათაკმევლობა უპირატესად წარმოადგენდა სიტყვიერ დარიგებას, დღეს კი ახალმოქცეულთა დარიგებისას იყენებენ კატეხიზმოებს და სხვა სასწავლო ლიტერატურას, რომლებშიც სისტემატურად არის განმარტებული ქრისტიანული სარწმუნოების საფუძვლები;

ძველ ეკლესიაში კათაკმევლები ხდებოდნენ მხოლოდ ის ქრისტიანები, ვისაც ქრისტიანობის მიღება სურდა, დღეს კი კატეხიზაცია შეიძლება ჩაუტარდეს ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ქრისტიანობის საფუძვლების შესწავლა გადაუწყვეტია;

ძველ ეკლესიაში კათაკმევლობა ("კატეხუმენატში მიღება") ნიშნავდა ქრისტიანობის მიღებას, ეს იყო ქრისტიანის სულიერი ცხოვრების პირველი საფეხური, რომელიც მიდიოდა მეორე საფეხურთან - ნათლობასთან, დღეს კი კატეხიზმური მუშაობა წარმოებს, როგორც მონათლულებთან, ასევე მოუნათლავ ადამიანებთან, რომლებიც შეიძლება განეკუთვნებოდნენ, როგორც მორწმუნე ქრისტიანთა რიეგებს, ასევე იმათ, ვინც ჯერაც ღმრთის შემეცნების ძიებაშია.

ამგვარი განსხვავება გამოწვეულია იმით, რომ ძველი ეკლესიის ცხოვრება მიმდინარეობდა დევნულებების პერიოდში და კატეხიზაცია წარმოადგენდა არა მარტო მზადებას ნათლისღებისა და ევქარისტული ცხოვრების, არამედ მოწამეობრივი და აღმსარებლობითი ღვაწლის მისაღებადაც.

ამავდროულად კატეხიზაციის თანამედროვე პრაქტიკა ერთგულად იცავს ძველი ეკლესიისგან მემკვიდრეობით მიღებულ ტრადიციას, რადგან ის იმავე სარწმუნოებრივ ამოცანას ემსახურება, რასაც ემსახურებოდა ძველი ეკლესია. ამიტომაც კატეხიზაციის თანამედროვე პრაქტიკა შეიძლება განვიხილოთ სხვაგვარ ისტორიულ ვითარებაში წარმოებულ კატეხიზაციად.

მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.

საიტი "აპოკალიფსისი". 14. 12. 2020 წ.
Назад к содержимому