"ვაი ჭკუისგან",
ანუ
რაოდენ საშიშია რუსეთში იყო მეცნიერი
ავტორი: იური რუბანი. ისტ. მეცნ. კანდ. ღვთისმეტყველების კანდ.
3 თებერვალს (ძვ. სტ. 21 იანვარს) - ეკლესია აღნიშნავს თავისი დროის ერთ-ერთი უგანათლებულესი ადამიანისა და XVI ს-ის რუსული განმანათლებლობის სახელგანთქმული მოღვაწის, ღირ. მაქსიმე ბერძენის ხსენებას (დაიბ. დაახლ. 1470 – 12.XII.1555), რომელსაც თავისი ევროპული განათლებულობა და ადამიანური წესიერება ძვირად დაუჯდა. ის მრავალი წლის განმავლობაში იყო ჩამწყვდეული მონასტრის საპყრობილეში.
მიქაელ ტრივოლისი - ასეთია მაქსიმე ბერძენის საერო სახელი - ის დაიბადა არტში, ტრივოლისების ბერძნულ არისტოკრატულ ოჯახში. 1490-1491 წლებში ის კენჭს იყრიდა (წარუმატებლად) კუნძულ კორფუს საბჭოს შემადგენლობაში, ერთი წლის შემდეგ კი გაემგზავრა იტალიას, სადაც უბრწყინვალესი საუნივერსიტეტო განათლება მიიღო.
თავიდან მიქაელი დაეფუძნა ფლორენციაში, სადაც გაიცნო ანჯელო პოლიციანო, მარსილიო ფიჩინო და აღორძინების ხანის სხვა ცნობილი იტალიელი ჰუმანისტები. ის ასევე სწავლობდა ცნობილ ჰუმანისტ იოანე ლასკარისთან; იყო ბოლონიაში, პადუაში, მილანსა და ვენეციაში. მაგრამ ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება მასზე მოახდინა ჯიროლამო სავონაროლამ, რომლის დაღუპვა 1498 წელს მაქსიმე ბერძენმა უკვე მოსკოვიაში ყოფნისას აღწერა ("Повесть страшна и достопамятна и о совершенном иноческом жительстве").
ცხადია, სავონაროლას გავლენით გადაწყვიტა მან აღკვეცილიყო სან მარკოს დომინიკანურ მონასტერში, მაგრამ იქ მცირე ხანი დაჰყო (1502–1504). იტალიელ ჰუმანისტთა მოსწავლე გადავიდა ათონის მთაზე და იქ ვათოპედის მონასტერში ბერად აღიკვეცა, სახელით მაქსიმე. მიქაელ-მაქსიმეს ცხოვრებაში მოხდა გარდატეხა: მან უარყო თავისი ადრინდელი გატაცებები, რათა მთლიანად კონცენტრირებულიყო ღვთისმეტყველებაზე, თუმცა რენესანსის კულტურის გამოძახილები მის მრავალ გვიანდელ შრომაში კიდევ გაიჟღერებს.
მშვიდი ცხოვრება დიდხანს ვერ გაგრძელდა: 1516 წელს დიდი თავადის ბასილი III-ის თხოვნით მაქსიმე ბერძენი მოსკოვში ჩავიდა, რათა ეთარგმნა განმარტებითი ფსალმუნი. როდესაც სამუშაო დასრულდა (როგორც ჩანს, 1522 წ-ს), მეცნიერი მხცოვანი, მიუხედავად მისი სპეციალური თხოვნისა, უკან ათონზე არ გაუშვეს, არამედ მოსკოვში დატოვეს, რათა ეთარგმნა და გაესწორებინა სხვა წიგნებიც. იყო სხვა მოტივებიც, რომელთა შესახებაც მაქსიმეს გულწრფელობით აღტყინებულმა მისმა მოსკოველმა ნაცნობმა ბერსენ ბეკლემიშევმა ამცნო: "აქ კი ჩამოხვედი, მაგრამ გონიერი კაცი ხარ, იხილე ჩვენი კარგიც და ცუდიც, და უკან რომ გაბრუნდები ამ ყველაფერს ყველას მოუყვები"!
1525 წელს მოსკოვის საეკლესიო და საერო ხელისუფლებმა მაქსიმე ბერძენს უსამართლოდ დასდეს ბრალი მწვალებლობაში და იოსებ ვოლოკოლამელის მონასტრის საპყრობილეში ჩაამწყვდიეს, თან ამ ყველაფერს თურქეთის სასარგებლო ჯაშუშობის ბრალდებაც დაუმატეს (ეს ჩვენთვის კარგად არის ცნობილი უახლესი ისტორიის მიხედვით!). 1531 წელს მაქსიმეს ახალი ბრალდებები წაუყენეს, კერძოდ, თითქოსდა მან "გააფუჭა" საღვთისმსახურო წიგნები. მომხდარი თითქმის გარდაუვალი იყო ადამიანთა იმ უმრავლესობის დაბალი კულტურული დონის გამო, რომელიც გარს ერტყა მაქსიმე ბერძენს. მრავალს შურდა მისი და სძულდა სამართლიანი მხილებებისთვის. მცირერიცხოვანი მომხრეები მეცნიერისა და ჰუმანისტი ბერისა, რომელმაც აშკარად გაუსწრო თავის დროებას, უძლურნი იყვნენ დაეცვათ იგი. მხოლოდ 1551 წ-ს (ანუ ცოტა უფრო ადრე, 1547-1548 წლებში) მას მოუხსნეს საეკლესიო აკრძალვა და გადაიყვანეს მოსკოვის ტროიცე-სერგიევო მონასტერში (მოგვიანებით - ლავრა), სადაც ის გარდაიცვალა (სავარაუდოდ 1555 წ-ს) და სადაც დავანებულია მისი წმინდა ნაწილები (მოპოვებულია 1996 წ.) (მაქსიმე ბერძენის ხსენების ტრადიციული თარიღი, 21 იანვარი, რომელიც დაწესდა 1556 წელს, მისი ზეციური მფარველის - წმ. მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღეს შეუფარდეს).
ღირ. მაქსიმე გახდა თავისი განსწავლულობის და მორალური წესიერების მსხვერპლი. რუსეთში ჭკვიან ადამიანებს აუცილებლობის დროს მარჯვედ იყენებდნენ, მაგრამ არაადამიანურად ეპყრობოდნენ. საჭირო გახდა "სულ რაღაც" ოთხნახევარი საუკუნე, რათა რუსეთის ეკლესიას ჯეროვანი პატივი მიეგო მისთვის და წმინდანთა დასში შეერაცხა. როგორც ერთმა რუსმა პოეტმა თქვა: "любить мы умеем только мёртвых" ("სიყვარული მხოლოდ მკვდრებისა ვიცით"). არც ისე დიდი ხნის წინ მეცნიერი ბერძენი გახდა მხატვრული ნაწარმოების, მიცოს ანლექსანდროპულოსის რომანის გმირი, რომელსაც ეწოდება "სცენები მაქსიმე ბერძენის ცხოვრებიდან" (მოსკ. 1980 წ.).
მაქსიმე ბერძენის ლიტერატურული მემკვიდრეობა საკმაოდ მრავალწახნაგოვანია და წიგნების სამასამდე დასახელებას ითვლის. მისი მრავალი ნაშრომი დღემდე გამოუქვეყნებელია და თავის დროს ელის. მისი შემოქმედების ერთ-ერთი მკვლევრის ალექსანდრე პიპინის თქმით, ძველრუსული განათლების ისტორიაში მაქსიმე ბერძენი იყო "პირველი შუალედური რგოლი, რომელმაც ძველი რუსული მწერლობა დააკავშირა დასავლეთის სამეცნიერო სკოლას დააკავშირა".
წყარო: azbyka.ru
პუბლიკაცია მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2023 წ. თებერვალი.