ისტორია - ძველი ეკლესიის ისტორია 00 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
ლუი დიუშენი

ძველი ეკლესიის ისტორია
ძველი რომი


1912 წლის რუსული გამოცემის წინასიტყვაობა
 
აბატი ლ. დიუშენი, რომლის წიგნსაც წინამდებარე თარგმანით ვთავაზობთ მკითხველის ყურადღებას, კათოლიკური მხრიდან ეკლესიის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ისტორიკოსია. მისი სახელი თანაბარი პატივით სარგებლობს ყველა აღმსარებლობის მეცნიერთა შორის. მაგრამ რუსეთში ის თითქმის უცნობია, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია მისი უმთავრესი ნაშრომების სპეციალური ხასიათის გამო. ამიტომ ზედმეტი არ იქნება თუ მცირედ წარმოდგენას მაინც შევიქმნით ამ დაუღალავ მკვლევართან და მეცნიერების წინაშე მის დამსახურებებთან დაკავშირებით.  
 
მან შესანიშნავი სამეცნიერო მომზადება მიიღო სახელგანთქმული არქეოლოგის დე-როსის ხელმძღვანელობით, რომელმაც მსოფლიოს რომის კატაკომბების საგანძურები აღმოუჩინა. 1878 წ.-ს ლ. დიუენმა დაიკავა საეკლესიო ისტორიის კათედრა პარიზის კათოლიკურ ფაკულტეტზე, ხოლო 1895 წ.-ს რომში ფრანგული არქეოლოგიური ინსტიტუტის დირექტორად დაინიშნა, სადაც დღემდე მუშაობს (ანუ 1912 წ.-ს - "აპოკ." რედ.). მეცნიერებაში სახელის მოხვეჭას დიუშენი, უმთავრესად, თავის კრიტიკულ ნაშრომებს უნდა უმადლოდეს ისტორიულ ძეგლთა კვლევის სფეროში, რომლებიც გამოირჩევიან უჩვეულო სირთულით და გადმოცემის ბუნდოვანებით. 1910 წელს პარიზის მეცნიერებათა აკადემიამ  ეს შრომები დააფასა იმით, რომ მათი ავტორი საკუთარ წევრთა რიცხვში ჩარიცხა. მეცნიერ-კრიტიკოსის ლიტერატურულ ნაწარმოებთა გრძელი სიიდან ჩვენ შევჩერდებით მის მხოლოდ ყველაზე უმნიშვნელოვანეს და ყველაზე მახასიათებელ შრომებზე.
 
პაპიზმის ისტორიისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს Liber Pontificalis. ეს არის - ცხოვრებათა კრებული, რომლებიც გვიყვებიან რომის პაპთა წარმომავლობაზე, ხელდასხმებზე, მმართველობაზე, მშენებლობაზე, სიკვდილსა და დაკრძალვაზე. წიგნი ყალიბდებოდა თანდათან ასწლეულების განმავლობაში, რომელშიც შესულია არაერთგვაროვანი ასაკისა და ღირებულების მასალა, რომლებიც ერთმანეთისგან თავიანთი ხასიათითა და ტენდენციებითაც განსხვავდებიან.
 
ძეგლის მნიშვნელობამ, მისი ისტორიის სირთულემ და გადმოცემის დახლართულობამ მეცნიერების ისეთი კორიფეების ყურადღებაც მიიპყრო, როგორიც იყო პროფ. მომზენი. მის შემადგენლობაში შევიდა ეპისკოპოსთა ძველი სიები, ამონაწერები აპოკრიფებიდან და ლეგენდარული თქმულებები მოწამეებზე, ყალბი აქტები, შეტყობინებები, რომლებიც ეფუძნებოდნენ დოკუმენტებს პაპის არქივიდან, აგიოგრაფიულ თხზულებებს, შედგენილთ პაპთა ჟამთააღმწერლების მიერ, რომლებიც თავიანთ შრომას თავიანთ მეუფეთა სამოციქულო საყდარზე ასვლის მომენტიდანვე იწყებდნენ და მასში ჩანაწერებს მოვლენათა განვითარებისდა მიხედვით აკეთებდნენ. ამ ბიოგრაფიებიდან ზოგიერთი დაწერილია ოფიციალურ სტილში, თანდათანობით ჩამოყალიბებული შაბლონის მიხედვით. ისინი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გულმოდგინებით შლიან ლაქებს, მაგრამ თავიანთ კარისკაცული პირმოთნეობითა და თავაზიანობით ბრწყინვალედ ასახავენ პაპისტური ხელმძღვანელობის პოლიტიკურ საწყისებს და რომაელ მღვდელმთავართა მისწრაფებებს.
 
სხვა ბიოგრაფიები ავლენენ მათი ავტორების კერძო დაინტერესებას ამა თუ იმ საეკლესიო პარტიის ცხოვრებაში, ზოგჯერ კი პირად გაღიზიანებასაც. მხოლოდ კვლევა, რომელიც ააშკარავებს ამ ყველაფერს, ქმნის Liber Pontificalis-ს კეთილხარისხოვან წყაროდ ისტორიკოსის ხელში. მაგრამ ძნელი არ არის დავინახოთ, რაოდენი სეპციალური ცოდნა, შრომისმოყვარეობა და კრიტიკული ანალიზის უნარია საჭირო მკვლევრისთვის, რათა გაერკვეს ძეგლის უამრავ რედაქციებში, დაალაგოს ის შემადგენელ ნაწილებად, მიუსადაგოს განსაზღვრულ წყაროებს, გამოავლინოს ამ უკანასკნელთა ხასიათი და ტენდენცია, და მით დაადგინოს ყოველი მათგანის შედარებითი ღირებულება.
 
ეს რთული ამოცანა ბრწყინვალედ გადაწყვიტა დიუშენმა თავის სადოქტორო დისერტაციაში, რომელიც 1877 წ.-ს გამოიცა სათაურით Etude sur le Liber Pontificalis, და თვით ძეგლის ამომწურავ უზარმაზარ ხელნაწერ მასალაში (110 მანუსკრიპტი), რომელიც გამოიცა 1886 და 1892 წლებში, სახელწოდებით: Liber Pontificalis. Texte, introduction et commentaires. Deux Vol. ეს გამოცემა მისი მაღალი ფასისდა (200 tr.) მიუხედავად უსწრაფესად გაიყიდა.
 
ავტორის სხვა კაპიტალურ ნაშრომს წარმოადგენს: Fastes episcopaux de 1'ancienne Gaule. Vol. I. Les provinces du Sud-Est: Gaule narbonnaise, region des Alpes. 1894. Vol. II, L'Aquitaine et les Lyonnaise. 1900. ის ეძღვნება ქრისტიანობის გავრცელების საკითხსა და საეპისკოპოსო კათედრათა ისტორიას გალიაში. ნაშრომი ეფუძნება უზარმაზარი რაოდენობის დაუმუშავებელ მასალას, რომელიც დაცული იყო ლეგენდების სახით ამა თუ იმ პროვინციული ეკლესიის თავდაპირველი წარმომავლობის შესახებ, ეპისკოპოსთა სიებს, აგიოგრაფიულ ძეგლებს მათი წყვეტადი და შემთხვევითი ხსენებებით იმ მოვლენებისა და პირებისა, რომლებიც ცნობილ როლს თამაშობდნენ ადგილობრივ ისტორიაში. ამ სახის ძეგლები წარმოადგენენ ლეგენდების ყველაზე უცნაურ გადახლართვას ნამდვილ ისტორიულ მოგონებებთან და თავისი დამუშავებისთვის ითხოვს მკაცრ კრიტიკას, რომელიც უზადო მეთოდით იქნება შეიარაღებული.
 
ამ ბნელ გადმოცემათა ანალიზი, როგორც ავტორის მრავალწლიანი ძიების ნაყოფი, დიდხანს დარჩება შრომისმოყვარების, გამჭრიახობისა და ფრთხილი კრიტიკის ნიმუშად, რომელსაც ყველაზე ბუნდოვანი წყაროდანაც კი ძალუძს გამოჰყოს ისტორიული ჭეშმარიტების მარცვალი, და მკითხველზე მოახდინოს ტითქმის ესთეტიური შთაბეჭდილება აზრის სიმკაცრითა და თანმიმდევრულობით. ესენია - იმ უიშვიათეს წიგნთაგანნი, რომელთა შესწავლა აღზრდის სამეცნიერო ტაქტსა და გემოვნებას, და უფრო მეტად უწყობს მათ გავრცელებას ხელს, ვიდრე ყოველგვარი მეთოდოლოგიური რეცეპტები.
 
მსგავსი ხასიათით გამოირჩევა დიუშენის გამოკვლევა ძველ საეკლესიო საღვთისმსახურებო კალენდრების ისტორიასთან დაკავშირებით, რომელიც დაკავშირებულია ე. წ. იერონიმეს მარტიროლოგის ტექსტთან, მის გამოცემასთან და მისი წყაროების გამორკვევასთან, რომელიც არასწორად მიეწერებოდა დასავლეთის ეკლესიის ამ ნაყოფიერ მწერალსა და მეცნიერს (Martyrologium Hieronymianum ad fidem codicum adjectis prolegomenis ediderunt, I. B. de Rossi et L. Duchesne. Paris, 1894).
 
აქამდე აღვნიშნავდით დიუშენის თხზულებებს ძველი ტექსტების კრიტიკასთან დაკავშირებით. "მისი "ქრისტიანული კულტის ისტორია" (Origines du culte chretien. Etude sur la liturgie latine avant Charlemagne. Paris, 1899) წარმოადგენს ფართო შინაარსის მქონე ისტორიულ მონოგრაფიას. მცირედი შესავლის შემდეგ, რაც ეხება I-II საუკუნეთა ქრისტიანული ღვთისმსახურებისა და IV ს-ის აღმოსავლური ლიტურგიის განვითარების საკიტს, ავტორი გადმოსცემს ლათინური, უფრო სწორედ გალიკანური ლიტურგიის ისტორიას ვიდრე კარლოს დიდამდე. წიგნს საფუძვლად დაედო ყოველგვარი ფორმისა და რედაქციის ლიტურგიკული ძეგლების დეტალური შესწავლა, თანაც ავტორისეული გამჭრიახობით, რომელიც განაცალკევებს პირველდაწყებით მარცვალს გვიანდელი დანაშრევებისგან. ამ მასალების ნაწილი პირველად ხელმისაწვდომი გახდა იმის შემდეგ, რაც ავტორი სხვადასხვა ბიბლიოთეკების ხელნაწერ საგანძურებს გაეცნო. ასეთია მის მიერ ამ ნაშრომის დამატებად გამოცემული მე-9 ს-ის 12 წეს-განგება (ordines) (рр. 439–464, 467–471).
 
დიუშენის უფრო მცირე ზომის, მაგრამ ეკლესიის ისტორიისთვის მნიშვნელოვან ნაშრომებს შორის უნდა ვახსენოთ მის მიერ დოკუმენტების დაცვა (Gesta purgationis Caeciliani et Felicis), როლებიც ეხებოდნენ დონატიზმის პირველდაწყებით ისტორიას (Le dossier du donatisme. Melanges d'archeologie d'histoire publies par L'Ecole francaise de Rome, 1890), და სტატიას პასექის შესახებ, რომელიც სრულიად ახლებურად აშუქებს უთანხმოებათა არსს, რომელიც განხილვის საგანს წარმოადგენდა პირველ მსოფლიო კრებაზე (La question de la pâque au concile de Nicée. Rev. de questions historiques t. XXVIII, 1880 p. 5–42).
 
"ძველი ეკლესიის ისტორია" დიუშენმა გამოსცა მისი მეგობრების თხოვნით. ეს არის უნივერსიტეტში მისი მრავალწლიანი მასწავლებლობის ნაყოფი, რომელიც თავიდან მის მოწაფეთა შორის ვრცელდებოდა ჯერ ლიტოგრაფირებული ლექციების, შემდეგ კი დასაბეჭდად რედაქტირებული და უახლეს გამოკვლევებთან შეთანხმებული სახით. წიგნი აღმოცენდა სტუდენტური აუდიტორიის წინაშე ცოცხალი, ზეპირი გადმოცემიდან, რამაც თავისი დაღი დაასვა ამ წიგნს.
 
ეს, რა თქმა უნდა, კომპილაცია არ არის, არამედ შედეგების პოპულარული გადმოცემაა, რომელიც წარმოადგენს ყველაზე რთული და დახლართული დოკუმენტების დამოუკიდებელი შესწავლის შედეგს; მაგრამ ლექციათა კურსში ავტორს ბუნებრივად არ შეეძლო მთელი სისავსით გაეშალა თავისი ვრცელი ერუდიცია ისე, რომ არ გაერისკა ჩაკარგულიყო მცირე დეტალებში და თავისი ლექციები სრულიად მიუწვდომელი გაეხადა მსმენელისთვის.
 
კურსი არ ატარებს ავტორის განსწავლულობის გარეგან ნიშნებს: წყაროებისა და ლიტერატურის დამოწმების რაოდენობა იოლად შეიძლებოდა მრავალგზის გაზრდილიყო, ხოლო ავტორთა და ციტირებულ თხზულებათა სახელწოდებები ზოგჯერ ისეთი შემოკლებული ფორმითაა დამოწმებული, რომ ბუნდოვანია რიგითი მკითხველისთვის, რომელმაც ნაკლებად იცის ძველ-საეკლესიო ლიტერატურა; ზოგიერთი მდგომარეობა და ფაქტი სულაც წყაროების გარეშეა მოცემული, ხოლო დოკუმენტებიდან ამონაწერები ხშირად მეხსიერებით არის დამოწმებული და გადახრილია ნამდვილი ტექსტისგან; ბიბლიოგრაფია არასაკმარისია და არ არის განთავსებული განყოფილებების მიხედვით, ასევე არ გვაქვს ნაშრომის კითხვის შემამსუბუქებელი ცნობარი.
 
მეცნიერი ავტორი თავის კურსს არ ტვირთავს ზედმეტი დეტალებით. ნიკეამდელი პერიოდის ქრისტიანული ლიტერატურის უდიდესი ნაწილის დაკარგვისა და დაცულ ძეგლთა უდიდესი ნაწილის ფრაგმენტარული ხასიათის გამო, ეკლესიის ისტორიის ამ უძველეს პერიოდს განეკუთვნება მთელი რიგი კითხვები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად გადაჭრილი არ არის, ეს კი აზრთა, ჰიპოთეზათა, მიგნებათა და ვარაუდთა მრავალფეროვნებას ბადებს, რომელთა ლაბირინთებში იოლი როდია ორიენტირება.
 
საკითხთა ეს სირთულე მკითხველთა ფართო წრეზე დამთრგუნველად მოქმედებს, და უჩენს ეჭვს ძველი ქრისტიანობის წარსული ცხოვრების დეტალების აღდგენის თვითნებობასა და წინასწარაკვიატებულობაში. დიუშენი არ ცდილობს ამ შეხედულებათა გადმოცემასა და კლასიფიკაციას. ის ფლობს შესანიშნავ უნარს, მოიშოროს დამაბნეველი წვრილმანები, მონიშნოს პრობლემის არსი, ნათლად დასვას საკითხი, და მასზე მოგვცეს განსაზღვრული პასუხი, საიდანაც უკვე გამოჰყავს უმნიშვნელოვანესი მტკიცბულებანი მის სასარგებლოდ.
 
მასალების განლაგებაში ავტორი არ მიჰყვება ეკლესიის ისტორიის კურსებში საზოგადოდ მიღებულ სქემებს. ის ამჯობინებს მოიცვას ის მთელ რიგ ნარკვევებში, რომლებიც მთლიანად წარმოგვიჩენენ ქრისტიანობის პირველდაწყებითი განვითარების შორეულ ეპოქას. ამას შეეძლო გამოწევია ზოგიერთი განყოფილების გამოტოვება.
 
ამას შეეძლო გამოეწვია რამოდენიმე განყოფილების გამოტოვება. მაგრამ ასეთი ნაკლოვანება არ შეიმჩნევა. მართალია, ზოგიერთი რეცენზენტი, როგორიცაა, მაგალითად, ლუაზი, ავტორს საყვედურობენ ქრისტიანობის აღმოცენებისა და პირველდაწყებითი გავრცელების ისტორიის საკმაოდ მოკლე გადმოცემას.
 
ეს საყვედური გასაგებია ახალი აღთქმის ბიბლიური კრიტიკის სპეციალისტისგან, მაგრამ ასევე გასაგებია დიუშენის გადახრა ამ ამოცანისგან, რომლის სპეციალური დასაქმების სფერო გვიანდელ ეპოქას ეხება. მეტიც, სახარებისეული ისტორიის საკითხთა სირთულე და პასუხისმგებლობა, რომელიც სპეციალურ ცოდნას და მსგავს ტრაქტატებს ითხოვს, საკმაოდ განმარტავს და ამართლებს იმ ფაქტს, რომ ეკლესიის ისტორიის თითქმის ყველა კურსში ისინი მოკლედ არის გადმოცემული და აქვს ერთგვარი შესავლის დანიშნულება.
 
უფრო მეტად შეიძლებოდა გული დაგვწყდომოდა გარკვეულ ნაკლზე სარწმუნოების ისტორიის გადმოცემაში: ტერტულიანის მნიშვნელობა დოგმატების ისტორიაში ავტორს თითქმის აღნიშნული არა აქვს, ორიგენეს სისტემა მოცემულია საკმაოდ ზოგად მონახაზებში, მონტანისტების სწავლება საერთოდ გამოტოვებულია, დისციპლინარულ მოძრაობათა იდეური მხარეც განუხილველია. ამის შედეგად მკითხველისთვის შეუძლებელია ნათელი იყოს საწინააღმდეგო მოძრაობატა იდეოლოგია, რომელთა შეტაკების შესახებ ასე დეტალურად ჰყვება ავტორი.
 
ჩამოთვლილ თავისებურებათა გამო დიუშენის კურსი ბევრად უთმობს სხვა სამეცნიერო სახელმძღვანელოებს. ის არ შეიძლება იყოს დამწყების სამაგიდო წიგნი, რომელშიც ყოველთვის მოხერხებულია გაკეთდეს აუცილებელი ცნობა. ჩვენ აქ ვერ ვიპოვით ყოველ საკითხზე წყაროების ჩამონათვალს, ცნობებს ძეგლთა გამოცემის შესახებ, სრულ ბიბლიოგრაფიას, უმთავრეს ჰიპოთეზათა საფუძვლიან გადმოცემას და კრიტიკას. არცთუ იოლია აქ ვიპოვოთ საინტერესო ფაქტი სწორედ იმიტომ, რომ ერთგვაროვანი მასალა გაშლილია სხვადასხვა თავებში. მაგრამ კარგავს რა სასწავლო სახელმძღვანელოს მხრივ, დიუშენის კურსი იგებს გადმოცემის სიცხადითა და თვალსაჩინოებით.
 
სწორედ ამ სამეცნიერო მძიმეწონიანობის არარსებობა ხდის წიგნს მისაწვდომს მკითხველთა ფართო წრისთვის, გამოსადეგს საკითხავად. მოვლენები მასში სრულად არის მოთხრობილი, მაგრამ ზედმეტი დაწვრილმანების გარეშე, ცოცხლად და ხატოვნად.
 
თავისი "ეკლესიის ისტორიის" შესავალში დიუშენი თავს მორიდებით უწოდებს პოპულარიზატორს, და მართლაც ამ თხზულებაში ის გამოდის უპირატესად, როგორც პოპულარიზატორი, მაგრამ ამ სიტყვის საუკეთესო მნიშვნელობით: საზოგადოდ მისაწვდომ ფორმაში ის აქ გადმოსცემს სპეციალურ კვლევებში მიღწეულ შედეგებს და საკუთარ კრიტიკულ შრომებს.
 
კათოლიკური კლირისა და მონაზვნობის დამსახურება მეცნიერების წინაშე კარგად არის ცნობილი. ეკლესიის ისტორია მათ შრომასა და თავგანწირულ ერთგულებას უნდა უმადლოდეს ესოდენ მრავალრიცხოვანი ძეგლებისა და ღირებული გამოკვლევების გამოცემას. მაგრამ კათოლიკე ისტორიკოსების მიუკერძოებლობა არცთუ უსაფუძვლოდ ეჭვქვეშ არის დაყენებული.
 
აღმსარებლობითი ტრადიციებით შევიწროვებულნი, რომლებიც დეტალებამდე სქოლასტურად შემუშავებულია ისე, რომ არანაირ თავისუფლებას არ ტოვებენ პირადი რელიგიური სწრაფვისთვის, არც სამეცნიერო ორიგინალობისთვის, ცენზურით დევნილი და Index-ის მუდმივი მუქარების ქვეშ მყოფნი, ისინი იძულებულნი არიან ღიად დაიცვან სკოლის ცრურწმენები და კურიის პოლიტიკა, ან კიდევ გვერდი აუარონ უხერხულ კითხვებს და ფართე განზოგადოებებს. მათ შორის დიუშენი საკმაოდ იშვიათი გამონაკლისია. მისი სამეცნიერო მიუკერძოებლობა და სულის თავისუფლება საზოგადოდ არის აღიარებული. მაგრამ ამასთანავე ის ჭეშმარიტი კათოლიკეა. მისი თხზულებები ბრწყინვალე მტკიცებულებაა იმისა, რომ მკაცრი სამეცნიერო მეთოდი, რომელიც ეკლესიის წარსული ცხოვრების გამოკვლევაშია გამოყენებული, არა თუ არ ითხოვს ქრისტიანობის ძირითადი ჭეშმარიტებებისგან განდგომას, არამედ იოლად ეგუება მას კონფესიონალური თვალსაზრისითაც.
 
მდგომარეობა, რომელიც დიუშენს უკავია ჩვენი დროის მებრძოლ სამეცნიერო დინებებს შორის, მის მიერვე ზუსტად არის დახასიათებული "ეკლესიის ისტორიის" წინასიტყვაობაში. "არსებობს საშუალო მიმართულება, ამბობს ის, რომელიც წარმოდგენილია სერიოზული და საღად მოაზროვნე ადამიანების მსჯელობებით, სწორედ ის ხდება ავტორიტეტი საგნის გარშემო ყველა მშვიდად განმსჯელ ადამიანთათვის. მე არ მჭირდება იმისი თქმა, რომ მე მივეკუთვნები ამ მიმართულების მიმდევარს. შეიძლება ეს - თვითცდუნებაა, მაგრამ მე ერთნაირად მძულს სხვა თეორიათა სისულელეები, ისევე, როგორც სხვა ლეგენდები". მაგრამ ეს საშუალო მიმართულებაც მიუღებელი აღმოჩნდა რომის კურიისთვის. მიმდინარე წლის (იგულისხმება 1912 წელი - "აპოკ." რედ.) 1 სექტემბერს კონსისტორიალურმა კონგრეგაციამ გამოსცა ცირკულარი, რომელიც იტალიის სასულიერო სემინარიებში კრძალავს დიუშენის "ძველი ეკლესიის ისტორიის" კითხვას.
 
ამასთან წიგნის წინააღმდეგ წარდგენილი ზოგიერთი ბრალდება გაოგნებს თავისი უსაფუძვლობით და უსამართლობით. ავტორს დანაშაულად უთვლიან კვლევის კრიტიკულ მეთოდს და დუმილს ზებუნებრივ ფაქტორზე ისტორიაში. მაგრამ როდესაც ლაპარაკობენ დუმილზე, მსჯავრი ჩვეულებრივ მიდის აზრობრივ კითხვაზე, რაც შეეხება კრიტიკულ მეთოდს, დიუიშენი მისით სარგებლობდა არა მარტო "ეკლესიის ისტორიაში", არამედ მთელი თავისი მრავალწლოვანი სამეცნიერო მოღვაწეობის განმავლობაში, რომელმაც საეკლესიო ხელისუფლების თვალწინ ჩაიარა მისივე მხარდაჭერით. მას საყვედურობენ იმას, რომ ქრისტიანთა მდევნელებს ის წარმოადგენს კარგ მეფეებად, რომლებიც ქრისტიანებს დევნიდნენ რომის სახელმწიფოს ძირითადი პოლიტიკური პრინციპებიდან გამომდინარე.
 
მაგრამ ხომ არ შეიძლება წახვიდე ისტორიული ფაქტების წინააღმდეგ და ანტონინუს პიუსი და მარკუს ავრელიუსი დახატო მტარვალებად მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი უსამართლონი იყვნენ ქრისტიანებისადმი, და კომოდუსი აღაზევო მხოლოდ იმიტომ, რომ მის დროს ქრისტიანთა ცხოვრება მიედინებოდა შედარებითი მშვიდობით. ამასთანავე, დიუშენის მიერ გამოთქმული აზრი, უკვე დიდი ხანია შევიდა ყველა კათოლიკურ სახელმძღვანელოში. ბრალდებათა სიაში, რომელიც დიუშენის წინააღმდეგ არის მიმართული, ბოლო ადგილი მოკრძალებით უჭირავს საყვედურს იმის შესახებ, რომ დიუშენი არასწორად გამოხატავს რომის ეკლესიის მდგომარეობას და მის პრეროგატივას. ამ საკითხს ყველაზე მეტად გამოჰყავს მწყობრიდან კათოლიკური იერარქიის წარმომადგენლები, და, სავარაუდოდ, სწორედ ეს პუნქტი გახდა მთავარი მიზეზი დიუშენის კურსის საწინააღმდეგო პოზიციისა.  
 
"რომის ეკლესიის ავტორიტეტი, წერს მეცნიერი ისტორიკოსი, უფრო იგრძნობოდა, ვიდრე გამოიხატებოდა; იგრძნობოდა, ჯერ-ერთი, თვით რომაელთა მიერ, რომლებიც წმ. კლიმენტის დროიდან არც ერთხელ არ გადახრილან საკუთარი მოვალეობის შესრულებისგან ქრისტიანული სამყაროს წინაშე; გრძნობდნენ მას სხვებიც, რადგან ეს გრძნობა არ აწყდებოდა ამა თუ იმ მომენტის სპეციალურ ინტერესს. ავლენდა რა თავის ზნეობრივ ავტორიტეტს, რომის ეკლესია, ამგვარ გამოვლინებათა სრული განუსაზღვრელობის პირობებში, ხან ხელს უწყობდა მას, ხან კი პირიქით, დაბრკოლებას წარმოადგენდა დაინტერესებული მხარეებისთვის. სანამ ის მათ არ ეწინააღმდეგებოდა, ადამიანებს სიტყვებიც კი არ ყოფნიდათ გამოეხატათ თავიანთი ენთუზიაზმი და პატივისცემა, რომელსაც ის მათ შთააგონებდა, და თვით მისდამი მორჩილების მიმართაც კი, რომელსაც ისინი სავალდებულოდ მიიჩნევდნენ. ხოლო შუღლისა და მტრობის დროს, როგორც ეს გამოჩნდა, მაგალითად, პაპ ვიქტორისა და სტეფანეს დროს, წმ. პეტრეს კათედრის პრეროგატივები ნაკლებად უდავონი ხდებოდნენ. ცხადია, ეს გულწრფელი სიტყვები შეუძლებელია მოსწონებოდათ მებრძოლი ულტრამონტანიზმის ბანაკში.
 
თვით წიგნის განკითხვა მოხდა საკმაოდ უცნაურ ვითარებაში. ის გამოიცა რომის ცენზურის ნებართვით 1906 წელს. იმ დროიდან ის ხუთჯერ გამოიცა, გადაითარგმნა ინგლისურ და ესპანურ ენებზე და ცხადია ფართო გავრცელებაც ჰპოვა. საეკლესიო ხელისუფლება ამის წინააღმდეგ არაფერს ამბობდა და არანაირ დაბრკოლებას არ უქმნიდა წიგნის გავრცელებას.
 
მაგრამ სურათი მკვეთრად შეიცვალა, როგორც კი დადგა იტალიურ ენაზე კურსის გადათარგმნის საკითხი. კლერიკალურმა გაზეთმა "Unita Cattolica"-მ, რომელიც ფლორენციაში გამოიცემოდა, გააფთრებული კამპანია გააჩაღა თარგმანის წინააღმდეგ და ცალკე ბროშურად გამოსცა პამფლეტი დიუშენზე. 10 კარდინალი, 5 არქიეპისკოპოსი და 30 ეპისკოპოსი მზად იყვნენ თავიანთი თანაგრძნობა გამოეხატათ ავტორისთვის. მთელი ეს ხმაური აჩვენებს, რომ გუშინდელი დღიდან როდი გროვდებოდა ცხელი მასალა, რომლისთვისაც დიუშენის "ძველი ეკლესიის ისტორიის" თარგმნის გამოცემა გახდებოდა ის ნაპერწკალი, რომელიც გამოიწვევდა აფეთქება. მაგრამ, რა თქმა უნდა, კათოლიკური იერარქიის გარემოში, პარტიულ ურთიერთობებსა და შუღლში გაუნდობელი პირისთვის სარისკო იყო რაიმე მოსაზრების გამოთქმა ამ საკითხზე.
 
ჩვენს საზოგადოებაში არასოდეს გამქრალა ინტერესი რელიგიისა და მისი ისტორიისადმი. პირთა მცირე ჯგუფი, რომელიც ხელს უწყობს მას და თავის მცირე თავისუფალ დროს გამოჩენილ უცხოელ ავტორთა რელიგიური თხზულებების თარგმნასა და რედაქტირებას უძღვნის, იმედოვნებს, რომ მათი ნამდვილი პირველი მცდელობა თანაგრძნობით იქნება მიღებული მკითხველის მიერ.
 
ი. პოპოვი.


წყარო: История древней церкви : Пер. с 5-го фр. изд. / Л. Дюшен; Под ред. проф. И.В. Попова и проф. А.П. Орлова. Т. 1-2; [Предисл. к рус. пер.: И. Попов]. - Москва : Путь, 1912-1914. - 2 т. / Т. 1. - 1912.
Назад к содержимому