პაპიზმის მეტასტაზები მართლმადიდებლობაში
და ეკლესიის კრებითობაბიზანტიური პატრიარქიზმი, პენტარქიული მწვალებლობა, ბერძნული ეთნოფილეტიზმი, რუსული ნიკონიანელობა, სინოდალური ოლიგარქიზმი, სერგიანელობა
***
"ხოლო თქვენს შორის ხუცესთა ვთხოვ, მე, თანახუცესი, ქრისტეს ვნებათა მოწმე და თანამოზიარე დიდებისა, რომელიც უნდა გაცხადდეს: მწყემსეთ თქვენთვის მონდობილი ღვთის სამწყსო, მაგრამ არა იძულებით, არამედ ნებსით, არა ბილწი ანგარებით, არამედ გულმოდგინებით. ნუ ეუფლებით ღვთის სამკვიდრებელს, არამედ მაგალითი მიეცით სამწყსოს. და როცა მოვა მწყემსმთავარი, დიდების უჭკნობ გვირგვინს მიიღებთ. ასევე უმრწემესნიც დაემორჩილეთ უხუცესთ და ურთიერთმორჩილებით შეიმოსეთ სიმდაბლე, რადგან ქედმაღალთ ეწინააღმდეგება ღმერთი, თავმდაბალთ კი მადლს ანიჭებს".
(1 პეტ. 5:1-5).
"ეს მივწერე ეკლესიებსაც, მაგრამ დიოტროფე, პირველობას რომ იჩემებს მათ შორის, არ გვიღებს ჩვენ. ამიტომ, თუ მივალ, შევახსენებ მის საქმეებს, უკეთური სიტყვით რომ გვიხსენიებს, და ამასაც არ სჯერდება: თვითონ ხომ არ ღებულობს ძმებს, მაგრამ მათი მიმღების მსურველთაც უკრძალავს ამას და ეკლესიიდან აძევებს მათ.
(3 ინ. 9-10).
პაპიზმის ცნებაში საზოგადო მიღებული ტერმინოლოგიით იგულისხმება საეკლესიო უფლებამოსილების გადაჭარბება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პაპიზმის ეს არის რომელიმე იერარქის მიერ ეკლესიაზე მეთაურობის მისაკუთრება ან საკუთარი უფლებამოსილებების უზურპაცია, მაშინ როდესაც, ახალი აღთქმის სწავლებით, ეკლესიის ჭეშმარიტი თავი, დამფუძნებელი და მსაჯული, არის უფალი ჩვენი იესუ ქრისტე.
ამავდროულად პაპიზმი ეს არის კრებითობის საწინააღმდეგო მოვლენა, კრებითობა კი გახლავთ - "მშვიდობის საკვრელით სულის ერთობის შენარჩუნება" (შეად. ეფეს. 4:3), რომლის მეშვეობითაც ეკლესიაში უნდა გამოიხატებოდეს საღმრთო ძალაუფლება და ნება. ცნებათა შუქზე, რომლებიც მოიცავენ კრებითობას, განსაკუთრებული ძალით ვლინდება პაპიზმის შემადგენელი ნაწილები, რომლებიც უკვე მრავალი საუკუნეა ჭამს დასავლეთისა და აღმოსავლეთის საეკლესიო ორგანიზაციას.
მაგრამ, სანამ განვიხილავთ ამ ცნებებს და ვაჩვენებთ, რამდენად ეწინააღმდეგება მათ პაპიზმი, უნდა გავარკვიოთ, როგორი იყო საღმრთო ძალაუფლების ფორმა, რომელიც დამტკიცებულ იყო ძველ დროებაში.
***
ნაწილი I
1. პატრიარქალური ძალაუფლება ადამიდან იაკობამდე
ბიბლიური გადმოცემით სულიერი ძალაუფლების პირველ ფორმას წარმოადგენდა პატრიარქალური (πατριάρχης - ბერძნ. "უმთავრესი მამა", "მოდგმის მეთაური") მმართველობა. პატრიარქალური ძალაუფლება მოიცავდა სამეფო (უფრო ზუსტად - ერის ბელადის მსახურებას), მღვდელმთავრულ და წინასწარმეტყველურ მსახურებას, რომელიც ერთ პიროვნებაში ერთიანდებოდა. წარღვნამდე პირველი პატრიარქები იყვნენ ადამი, მისი ძე სეითი (სხვა ვერსიით: სით - "აპოკ." რედ.)*, ასევე მისი შთამომავლები ნოემდე.
________________
* ჩვენი საიტის წინამდებარე და სხვა პუბლიკაციებშიც კერძო და გეოგრაფიული ადგილმდებარეობების სახელწოდებები უმეტესწილად აღებულია ძველქართული თარგმანებიდან. – "აპოკ." რედ.
________________
ჩვეულებისამებრ, პატრიარქალური ძალაუფლება გადაეცემოდა მამიდან ძეს პირველშობილობის მიხედვით. გამონაკლისები იყვნენ: სეითი - ადამის მესამე ძე, რადგან ადამის პირველშობილი კაინი აღმოჩნდა აბელის მკვლელი, რომელიც ადამის მეორე ძე იყო, და ამისთვის დაიწყევლა; ასევე ესავი - ისააკის მეორე ძე, რომელიც გონჯი იყო (იხ. დაბ. 25:25) და თავისი პირველშობილობა ოსპის ერთ შეჭამადზე მიჰყიდა იაკობს (დაბ. 25:30-34).
პატრიარქალური ძალაუფლება - მღვდლობაც, მეფობაც და წინასწარმეტყველური ნიჭიც - ხელის დადებით, კურთხევითა და შელოცვებით გადაეცემოდა შთამომავლობას. როგორც საკრამენტული აქტი, ასეთი კურთხევა წარმოადგენდა მოწმობას პატრიარქალური მემკვიდრეობის გადაცემისა პირველშობილობის მიხედვით.
წმ. ეფრემ ასურელის მიერ მოთხრობილი წარღვნამდელი ისტორიის თანახმად, ადამიდან ნოემდე საკურთხებელი სიტყვები შეიცავდა აბელის სისხლით დაფიცებას იმაში, რომ სეითის შთამომავლები, რომლებიც სამოთხის ახლოს მთაზე ცხოვრობდნენ, არ ჩავიდოდნენ მკვლელი კაენის შთამომავალთა ბანაკში, რომლებიც დაბლობზე ბინადრობდნენ იმ ადგილას, სადაც კაენმა მოჰკლა აბელი; ასევე იმ მტრობის გასახსენებლად, რომელიც იმ დროიდან ჩამოვარდა სეითიტებსა და კაინიტებს შორის (1). ამ ფიცის დაცვა, როგორც ჩანს, უზრუნველყოფდა პატრიარქალური ძალაუფლების ლეგიტიმურობას, რომელიც ადამიდან ნოემდე მემკვიდრეობით გადაეცემოდა მის შთამომავლებს პირველშობილობის მიხედვით.
________________
1. აი, სეითის კურთხევის მაგალითი: "გაფუცებ თქვენ, და დაიფიცეთ აბელის წმიდა სისხლი, რომ არც ერთი თქვენთაგანი არ ჩავა ამ წმიდა მთიდან მკვლელი კაენის შვილებთან. გახსოვდეთ ის მტრობა, რომელიც არსებობდა ჩვენსა და კაენს შორის იმ დღიდან, რაც მან მოჰკლა აბელი". - განძთა ქვაბი. 14.
________________
პატრიარქალური მსახურება გულისხმობდა ღმრთის ერის მართვას "ღმრთისმოშიშებითა და სიწმიდით ღმრთის წინაშე", მღვდელმსახურებასა (მსხვერპლშეწირვას) და ლოცვებს ე. წ. განძთა ქვაბში (**), სადაც იყვნენ დამარხულნი საპატრიარქო ძალაუფლებით შემოსილი ადამისა და მისი შთამომავლობის გვამები. იმ დროს, როდესაც სეითიტებს (სეითის შთამომავლებს - "აპოკ". რედ.) დამყარებული ჰქონდათ ძალაუფლების პატრიარქალური ფორმა, კაინიტები, პირიქით, უმეთაუროდ ცხოვრობდნენ; მათთან ყველაფერში ბატონობდა ცოდვა და სატანა უფლობდა მათზე; ე. ი. კაინიტებში მთელი ძალით იყო განვითარებული ანარქია (განძთა ქვაბი. 21).
________________
* აღწერილი ისტორია (გადმოცემა), როგორც ჩანს ბევრწილ არის გამომდინარე ცნობილი აპოკრიფული ძეგლიდან "განძთა ქვაბი". ძველქართული თარგმანის მიხედვით – "ქუაბი საგანძური" (ტექსტი, V,17) აპოკრიფული მწერლობის ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ძეგლია. იგი ბიბლიის (ძველი და ახალი აღთქმის) თავისებურ ეგზეგეზას წარმოადგენს, აპოკრიფული მასალით უხვად გაჯერებულს. III ს-ში სირიულ ენაზე შექმნილი ეს თხზულება ბერძნულად არ არსებობს. ქართული თარგმანი არაბულიდან მომდინარედაა მიჩნეული. ქართულ ენაზე ციალა ქურციკიძემ გამოსცა 2007 წელს. რედაქტორი: ექვთიმე (თამაზ) კოჭლამაზაშვილი (იხ. https://dlab.ug.edu.ge/books/detail/1010).
________________
პირველ ათასწლეულში, ადამიდან მეექვსის, იარედის მმართველობის მეორმოცე წელს, სეითის შვილებმა დაიწყეს წმიდა მთიდან ჩამოსვლა დაბლობზე კაინის შვილებთან; იმ დროიდან უდიდესმა გარყვნილებამ დაისადგურა დედამიწაზე.
ადამიდან მეათეს, პატრიარქ ნოეს სიცოცხლის 480-ე წელს, ღმერთმა გამოუცხადა მას, რომ 120 წლის შემდეგ დედამიწა და ყოველივე ცოცხალი მასზე დიდი წარღვნის წყლებით წაილეკებოდა, ამიტომაც უბრძანა მას აეშენებინა კიდობანი, რომელშიც კაცთაგან გადარჩებოდნენ მხოლოდ თვით ნოე და მისი ოჯახი, რადგან მხოლოდ მათ "ჰპოვეს მადლი უფლის თვალში" (დაბ. 6:8). ნოე უბრალოდ უკანასკნელი მართალი კი არ იყო, არამედ უკანასკნელი წარღვნამდელი პატრიარქიც, რომლის ავტორიტეტი მხოლოდ ნოეს მოდგმაში იყო აღიარებული.
წარღვნის შემდეგ ნოემ და მისმა შთამომავლებმა მიიღეს ახალი აღთქმა (დაბ. 9:9). ნოეს სამივე შვილმა - სემმა, ქამმა და იაფეტმა დაიმკვიდრეს კურთხევა, მაგრამ პატრიარქალური ძალაუფლება, როგორც ჩანს, მიიღო მხოლოდ სემმა, როგორც ნოეს პირველშობილმა შვილმა.
სემის შვილთა შორის პატრიარქალური ძალაუფლება მტკიცედ გადაეცემოდა შთამომავლობას ვიდრე ებერამდე, რომელიც იყო მეხუთე ნოეს შემდეგ, და რომლის დროსაც მოხდა ბაბილონის აღრევა. გადმოცემის თანახმად, მხოლოდ ებერის შვილები არ მონაწილეობდნენ მასში და ამგვარად დაცულ იქნენ გარყვნილებისგან.
გამომდინარე იქიდან, რომ აბრაამმა ღმრთისგან მიიღო განსაკუთრებული მოწოდება და კურთხევა, ასევე აღთქმა (დაბ. 12:1-3), რომელიც მის შთამომავლებს გადაეცემოდა (დაბ. 27:29), გამოდის, რომ თვით აბრაამს პატრიარქობა მემკვიდრეობად თავისი მამის თარრასგან არ მიუღია, რომელიც ქალდეაში ცხოვრობდა და კერპთაყვანისმცემლობას მიეცა.
აქედან ცხადი ხდება, რომ ებერის შთამომავლობაში პატრიარქალური ძალაუფლება დაკნინდა და პირდაპირ შთამომავლობას პირველშობილობის პრინციპით უკვე აღარ გადაეცემოდა. მაგრამ, აბრაამის შეხვედრა იდუმალ მეფესთან და სალემის მღვდელმთავარ მელქისედეკთან, რომელმაც აკურთხა აბრაამი და, რომელსაც აბრაამმა თავისი ქონების მეათედი მისცა (დაბ. 14:17-20), მოწმობს, რომ მელქისედეკი ერთ-ერთი იმ პატრიარქთაგანი იყო, რომელმაც პატრიარქალური ძალაუფლება მემკვიდრეობით მიიღო.
წმ. ეფრემ ასურელი მიიჩნევს, რომ ეს იყო თვით პატრიარქი სემი (Ефрем Сирин. Творения. Т. 6. Сергиев Посад. 1901, стр. 277-278), - და ეს აზრი უსამართლო როდია, რადგან ბიბლიაში არაფერია ნათქვამი არც მის წლოვანებაზე, არც მის სიკვდილზე. სწორედ სემი ცხოვრობდა იმ წილხვედრ მიწაზე, რომელიც სემის შვილებს მიეცათ, - იქვე, სადაც ღმრთის მოწოდებით აბრაამი მოგზაურობდა.
აბრაამიდან პატრიარქალური ძალაუფლება ისააკს გადაეცა, მისგან კი იაკობს პირველშობილს ესავის ნაცვლად, რომლის მიზეზიც უკვე ზემოთ ვახსენეთ. იაკობი ბოლო პატრიარქი იყო, რომელსაც პატრიარქალური და ერთპიროვნული მმართველობის მთელი სისრულე ჰქონდა, და, რომელიც მან მემკვიდრეობითად მიიღო ადამისგან.
2. პატრიარქალური ძალაუფლების გაყოფა 12 პატრიარქის დროს,
იაკობის ძენი და თეოკრატიისა და სამეფოს დამყარება
მართალია, იაკობის 12-ვე ძე პატრიარქებად იწოდებიან, მაგრამმათ დროს იაკობის სიკვდილსთანავე პატრიარქალური ძალაუფლება დაიყო: სამეფო დაიმკვიდრა იუდამ, მღვდლობა კი - ლევიმ (4). მათგანვე წარმოიშვნენ სამეფო და სამღვდლო ტომები, რომელთა ქარიზმა განისაზღვრებოდა მხოლოდ და მხოლოდ მათი საგვარტომო კუთვნილებით. ძალაუფლების ასეთი გადანაწილება წინაგანგებულებითი გახდა ეგვიპტური მონობის ჭრილში, რომლის უღელქვეშ ისრაელის ძენი 400 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ, და სადაც მემკვიდრეობითი პატრიარქალური ძალაუფლების შენარჩუნება შეუძლებელი იყო.
________________
4. 12 პატრიარქის აღთქმა: სიმეონის აღთქმა 7:1, 2; დანის აღთქმა 5:10; იოსების აღთქმა 19:11. წმ. ირინეოს ლიონელი წერს: "მათ (ისრაელიტებმა) მოასწავეს ქრისტე მოწოდება და ქვეყნად შობა, რადგან ის წინასახეობრივად იყო მოცემული იოსებში; ლევიდან და იუდადან კი ის იშვა ხორციელად, როგორც მეფე და მღვდელმსახური" (Сочинения св. Иринея Лионского. СПб 1900, стр. 537).
________________
ისრაელი ხალხის ბელადები, ღვიძლი ძმები მოსე და აარონი, რომლებმაც ებრაელები ეგვიპტიდან გამოიყვანეს, ორივენი ლევის ტომისანი იყვნენ, ანუ მემკვიდრეობით მღვდლებს წარმოადგენდნენ. ამასთან მოსე გახდა ბელადიც, რჯულმდებელიც და წინასწარმეტყველიც, ხოლო აარონმა მიიღო დიდი მღვდელმთავრის ძალაუფლება. მისგან მღვდელმთავრობა მემკვიდრეობითად გადადიოდა მის მოდგმაში ყველაზე უფროსზე (ლევ. 8).
შემდეგ მოსედან ბელადობისა და წინასწარმეტყველების ძალაუფლება მემკვიდრეობითად გადავიდა იესუ ნავეს ძეზე (რომელიც, როგორც ჩანს, უკვე აღარ იყო ლევიანთა შთამომავალი), ხოლო აარონიდან მღვდელმთავრობა, მოსეს რჯულმდებლობის თანახმად, გადავიდა ელეაზარზე და შემდეგ მის შვილებზე.
ამრიგად, ჩვენ ვხედავთ, რომ დროთა განმავლობაში მოსეს და აარონის დროიდან, შემდეგ კი ისრაელის მსასჯულთა პერიოდში ვიდრე წინასწარმეტყველ სამუილამდე, ღმრთის ერზე ძალაუფლებამ მიიღო თეოკრატიული ფორმები და მმართველობა გადაეცა უკვე არა ერთ, არამედ ორ ქარიზმატულ პიროვნებას, თანაც ბელადის და წინასწარმეტყველის ძალაუფლება არანაირად იყო დაკავშირებულია რომელიმე ტომის კუთვნილებასთან, არც მემკვიდრეობითობასთან პირველშობილობის მიხედვით.
ისრაელიტებში თეოკრატიული ძალაუფლება შეიცვალა მეფობის დაწესებით. საულის არჩევა, რომელიც ბენიამინის ტომს ეკუთვნოდა, ღმერთს არ სურდა, ამიტომაც უფალმა ისრაელის ძეთ გამოუცხადა, რომ საულის სახით ისინი ისრაელზე მის (ანუ ღმერთის - "აპოკ." რედ.) მეფობას უარყოფდნენ. მეფობამ, "სხვა ხალხების წესისამებრ" (1 მეფ. 8:5), საღმრთო კურთხევა ვერ მიიღო. მაგრამ, საულის უარყოფის შემდეგ, იუდას სამეფო ტომიდან მეფედ ცხებულ იქნა წინასწარმეტყველი დავითი, რომელმაც განსაკუთრებული აღთქმა მიიღო, კერძოდ: არა მარტო ის, რომ მისი მოდგმის შთამომავლები მის ტახტს დაიმკვიდრებდნენ, არამედ ისიც, რომ მისი მოდგმიდან იშვებოდა მესია.
3. ერთპიროვნული დინასტიურ-მემკვიდრეობითი ძალაუფლების აზრი ძველ აღთქმაში და მისი დასრულება ქვეყნად მაცხოვრის განკაცებით
ამრიგად, ამ მოკლე მიმოხილვიდან ძველაღთქმისეული ძალაუფლებრივი მოწყობის შესახებ, წარღვნამდელი სეითის შთამომავლებსა და წარღვნის შემდგომი სემის, აბრაამის, ისააკისა და იაკობის შთამომავლებში ვიდრე ქრისტეს შობამდე, მკაფიოდ იხილვება შემდეგი ტენდენციები:
პატრიარქალურ ძალაუფლებას, შემდეგ კი მღვდლობისა და მეფობის ძალაუფლებას, როგორც ერთპიროვნულს თავის საფუძვლად ჰქონდა დინასტიური მემკვიდრეობითობის მკაცრი პრინციპი და შთამომავლობას გადაეცემოდა სისხლით ნათესაობის პრინციპით, ანუ მამიდან ძეს საკრამენტული მღვდელმსახურების მეშვეობით.
წარღვნამდელ დროში პატრიარქალური ძალაუფლება, რომელიც ღმერთმა უბოძა ადამს (დაბ. 1:28) და მის მემკვიდრეებზე პირველშობილობის პრინციპით გადადიოდა, მოასწავებდა მომავალი ახალი ადამის სამეფო-სამღვდელმთავრო და საწინასწარმეტყველო ღირსებას, რომელიც უნდა წარმოშობილიყო ძველი ადამის მართალი შთამომავლებისგან, რომელმაც ამის შესახებ აღთქმა ცოდვით დაცემისთანავე მიიღო.
თუმცა, პირველშობილობითი რჩეულობა განპირობებული იყო პატრიარქალური ძალაუფლების მემკვიდრეთა პირადი თვისებებითაც, ანუ მათი სიმართლით. წარღვნამდელ დროში ამ მემკვიდრეობისგან გამორიცხულ იქნა ჯერ კაენი და მისი შთამომავლები, შემდეგ პერიოდში კი - ესავი და მისი შთამომავლები.
ადამიდან ნოემდე, ნოედან აბრაამამდე, რომელმაც პატრიარქალური ძალაუფლება მიიღო სემისგან, აბრაამიდან იაკობამდე ჩვენ გვაქვს პატრიარქალური ძალაუფლების მკაცრი, მემკვიდრეობითი, ერთპიროვნული გადაცემა, რომელიც ხორციელდებოდა ერთ პირში.
შემდეგში ეს მემკვიდრეობა მიიღეს ლევისა და იუდას ტომებმა და ძალაუფლება გაიყო. ეს ტომები იმიტომ აირჩა, რომ სწორედ მათი შთამომავლობისგან უნდა წარმოშობილიყო მესია (5).
________________
5. 12 პატრიარქის ანდერძი: "ხოლო თქვენ, შვილნო ჩემნო, დაიცავით უფლის მცნებები და პატივი მიაგეთ ლევისა და იუდას, რადგან მათი თესლისგან მოვა ღმრთის კრავი, რათა საკუთარ თავზე აიღოს ქვეყნიერების ცოდვები" (იოს. 19:11). სიტყვები: "შენ ხარ მღვდელი წესისამებრ მელქისედეკისა" (ფსალმ. 109:4) არ ნიშნავს იმას, რომ მელქისედეკი არ მიეკუთვნებოდა სამღვდლო ტომს, როგორც ქრისტე. როდესაც მოც. პავლე მელქისედეკის შესახებ ბრძანებს: "უდედმამო, უგვარტომო, რომელსაც არც დღეთა დასაბამი აქვს და არც სიცოცხლის დასასრული, არამედ, მსგავსად ღვთის ძისა, მღვდლად რჩება უკუნისამდე" (ებრ. 7:3), ამას კი არ ამტკიცებს, არამედ მხოლოდ იმას ამბობს, რომ წერილმა დაიდუმა მელქისედეკის მოდგმის შესახებ. საკუთრივ "წესისამებრ მელქისედეკისა" ნიშნავს ძალაუფლების სისრულეს: სამეფოს, სამღვდლოს და წინასწარმეტყველურს, რომელიც ეკუთვნის ქრისტეს.
________________
მოგვიანებით მეფე და წინასწარმეტყველი დავითი მიიღებს კიდევ ერთ განსაკუთრებულ აღთქმას, რომელიც კონკრეტული მითითებაა, თუ რომელი მოდგმიდან (ტომიდან) მოვიდოდა მაცხოვარი (ფსალმ. 88:5, 30). დავითისთვის მიცემული ეს აღთქმა, ასევე მისი კუთვნილება იუდას სამეფო ტომისადმი, ერთადერთი საფუძველია ერთპიროვნული მონარქიული ძალაუფლების დინასტიური მიღებისა მის პირდაპირ შთამომავალთა შორის ვიდრე იესუ ქრისტეს შობამდე, მიუხედავად იმისა, რომ დავითის თითქმის ყველა შთამომავალი სამეფო ტახტზე აღმოჩნდა თავისი მოწოდებისთვის შეუფერებელი.
მაცხოვრის შობის შემდეგ სამეფო და სამღვდლო ძალაუფლების მთელი სისავსე საბოლოოდ მასშია (ანუ ქრისტეშია) კონცენტრირებული. ახალ აღთქმაში მყარდება თეოკრატია, რომლის წინასახე იყო ღვთითრჩეულ მსაჯულთა და წინასწარმეტყველთა ძველაღთქმისეულ-თეოკრატიული ძალაუფლება (თუმცა, არცთუ სისხლით ნათესაობის გარეშეც, რომელიც მოცემულ შემთხვევაში ისრაელისადმი კუთვნილებაში გამოიხატება) (6). მარადიული სიკეთეებისკენ ყველა ხალხის მოწოდებით (მთ. 28:19-20) სულიერი ძალაუფლების ყოველგვარი სისხლით-ნათესაობითი მემკვიდრეობა საბოლოოდ გაუქმდა.
________________
6. და მაინც, ძველაღთქმისეული თეოკრატია შეიძლებოდა გავრცელებულიყო მხოლოდ ისრაელის 12 ტომის საზღვრებში და სხვა ხალხები ვერ იქნებოდნენ მისი თანამოზიარენი, როგორც ეს დაწესდა მხოლოდ ახალ აღთქმაში.
________________
მოციქული პავლე ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში დეტალურად განმარტავს, მაცხოვრის გამოჩენით როგორი ცვლილებები მოხდა ახალი და არამემკვიდრეობითი სამღვდელოების მოწყობაში: "ეგეც არ იყოს, ვინ მოსთვლის, რამდენნი იყვნენ ის მღვდლები, რადგან სიკვდილი გამორიცხავდა ერთის მღვდლობას, ხოლო მას, როგორც მარადის მყოფს, მღვდლობაც წარუვალი აქვს. ამიტომაც ძალუძს სრულიად იხსნას ყველა, ვინც მისი მეოხებით მიეახლება ღმერთს, რადგანაც მარად ცოცხალია მათდა მეოხად...მიწაზე რომ დარჩენილიყო, მღვდელიც აღარ იქნებოდა, რადგანაც აქ არიან მღვდღები, რჯულისამებრ რომ სწირავენ შესაწირავს, და მსახურებენ ზეციერის ხატსა და ჩრდილს, როგორც ებრძანა მოსეს კარვის დასრულებისას: „იცოდე, - იყო თქმული, - ყველაფერი გააკეთე იმ ნიმუშის მსგავსად, მთაზე რომ გიჩვენე შენ“. ხოლო აწ ჩვენმა მღვდელმთავარმა მით უკეთესი მსახურება მიიღო, რამდენადაც შუამავალია უკეთესი აღთქმის, რომელიც უკეთეს დაპირებებზეა დაფუძნებული... რადგანაც ქრისტე ხელთქმნილ საწმიდარში, ანუ ჭეშმარიტის ხატებაში კი არ შევიდა, არამედ თვით ცაში, რათა აწ ჩვენთვის წარუდგეს ღმერთს, იმიტომ კი არა, რომ მრავალგზის შეეწიროს, როგორც მღვდელმთავარი ყოველწლიურად სხვისი სისხლით შედის საწმიდარში, თორემ მაშინ მრავალგზის ევნებოდა ქვეყნის დასაბამიდან, ხოლო აწ ერთხელ, საუკუნეთა დასასრულს, გამოჩნდა, რათა თავისი მსხვერპლით გაექარწყლებინა ცოდვა..." (ებრ. 7:23-25; 8:4-6; 9:24-27).
ამრიგად, ნათელი ხდება, რომ ახალ აღთქმაში ერთადერთ მღვდელმთავარს, პატრიარქს და ეკლესიის თავს წარმაოდგენს თვით უფალი იესუ ქრისტე და მხოლოდ ის ფლობს ერთპიროვნულ მონარქიულ, აბსოლუტურ ძალაუფლებას თავის ეკლესიაზე, ღმრთის მთელ ერზე. ქრისტეს ეკლესიაში, მის მიწიერ ნაწილში, მყარდება კრებითობა, როორც თეოკრატიის ახალი ფორმა, რომელმაც საბოლოოდ სეცვალა პატრიარქალური ძალაუფლება.