ლიონისა და ვიენის ეკლესიათა ეპისტოლე ასიისა და ფრიგიის ეკლესიათადმი
წყარო: ევსები კესარიელი. საეკლესიო ისტორია. V. 1, 2.
გალია იყო ქვეყანა, სადაც მომზადდა ხსენებული მოვლენების ასპარეზი. მის მთავარ ქალაქებს, იქ სახელგანთქმულებსა და ყველასგან გამორჩეულებს, ეწოდებოდა ლუგდუნი (ახლანდელი ლიონი - მთარგმნ. შენიშვნა) და ვიენა; ორივე მათგანი გასწვრივ მთელ მხარეს უხვად რწყავდა მდინარე როდანი.
მოწამეთა შესახებ ჩანაწერები ამ ქვეყნის გამორჩეულმა ეკლესიებმა ასიისა და და ფრიგიის ეკლესიებს გაუგზავნეს, და მათთან მომხდარი ამბების თხრობას გადმოგცემთ მათივე სიტყვებით:
"ვიენასა და ფრიგიაში ჩვენი გამოსყიდვის რწმენისა და სასოების მქონე ძმებს, მშვიდობა, მადლი და დიდება მამა ღმერთისა და ჩვენი უფლის იესუ ქრისტესგან".
სხვა შესავალი სიტყვების შემდეგ, იწყებენ თხრობას ამ სიტყვებით:
"ამრიგად, ზედმიწევნით არც თქმა ძალგვიძს, არც წერილობით გადმოცემაა შესაძლებელი იქ მომხდარი შევიწროების სიდიდის, წარმართებისგან წმინდანებზე მოწევნილ ესოდენ დიდი რისხვისა და იმისაც, თუ რამდენი რამ დაითმინეს ნეტარმა მოწამეებმა.
რადგან მთელი სძალით დაგვტყდა თავს მოწინააღმდეგე თავისი გარდაუვალი მოსვლის წინამომასწავებელი და ყველაფერი გამოსცადა ჩვენზე. თავისიანები დააჩვია და გაწრთვნა ღვთის მონათა წინააღმდეგ, ისე რომ, არა მხოლოდ სახლებიდან, აბანოებიდან და ბაზრებიდან გვდევნიდა, არამედ საერთოდ აკრძალული იყო ჩვენი ხილვა რომელიმე ადგილას. მის წინააღმდეგ მხედართმთავარი იყო ღვთის მადლი და უძლურებს აძლიერებდა, მის წინააღმდეგ განაწყობდა მტკიცე საყრდენებს (იგულისხმება ადამიანები - მთარგმნ.), რომლებსაც შეეძლოთ მოთმინებით უკეთურის ყველა სახის გამოვლინების თავის თავზე აღება. ისინი ერთად იკრიბებოდნენ, და გაკიცხვისა და სასჯელის ყველა სახეობას დაითმენდნენ. ქრისტესთვის მოშურნენი მრავალს მცირედ მიიჩნევდნენ, ნამდვილად აჩვენებდნენ, რომ ამჟამინდელი ვნებები არ არის ღირსი შევადაროთ მომავალში ჩვენთვის გაცხადებულ დიდებას (შდრ. რომ. 8:18).
"პირველად ვაჟკაცურად იტანდნენ ყველაფერს, რაც კი ბრბოსაგან თავს ატყდებოდათ; ყვირილს, ცემას, კვეთებას, ძარცვას, ქვების სროლას, საპყრობილეში ჩამწყვდევასა და ყვეალფერს, რისი გაკეთებაც უყვარს გამხეცებულ ბრბოს მტრებისა და მეომრების წინააღმდეგ.
ათასისთავს და ქალაქის თავკაცებს ისინი გამოჰყავდათ ბაზარში მთელი ბრბოს წინაშეს. დაკითხავდნენ, იღებდნენ აღიარებას და ამწყვდევდნენ საპყრობილეში, ვიდრე არ მოვიდოდა ლეგატი.
შემდეგ კი, როდესაც მმართველთან მიიყვანეს ისინი და მან ჩვენს მიმართ მთელი თავისი სისასტიკე გამოიყენა, (შემოიყვანეს) ვეტიუს ეპაგათოსი, ერთ-ერთი ძმათაგანი, ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულით აღსავსე, რომლის მოქალაქობა იმდენად უმწიკვლო იყო, რომ მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, ზაქარია ხუცესის მოწამეობას გაუთანაბრდა. მან უზადოდ განვლო უფლის ყველა მცნებისა და მითითების გზა და მოყვასის მიმართ ყველა მსახურება დაუღალავად აღასრულა, ღვთის მიმართ დიდი მოშურნეობა ჰქონდა და სულით მდუღარე იყო. და ასეთმა პიროვნებამ ვერ აიტანა ჩვენს წინააღმდეგ ასე უგუნურად წარმოებული სასამართლო, ძალიან შეწუხდა და მოითხოვა მისიც მოესმინათ.
როდესაც სიტყვას უგებდა ძმების გამო, რომ ჩვენში არაფერი იყო უღმერთო, არც უზნეო, მსაჯულის სავარძლის გვერდით მდგომები უყვიროდნენ მას, რადგან იგი გამოჩენილი პიროვნება იყო, ხოლო მმართველმა ვერ აიტანა მის მიერ ასეთი სამართლიანი მოთხოვნის წაყენება და მხოლოდ ეს ჰკითხა, იყო თუ არა ის ქრისტიანი, მან კი, როდესაც ბრწყინვალე ხმით აღიარა, თვითონაც გაიზიარა მოწამეთა ხვედრი. ქრისტიანთაგან "ნუგეშინისმცემლად" წოდებული თავის თავში ატარებდა ნუგეშინისმცემელს, ზაქარიას სულს, რაც სიყვარულის სისავსის გზით მიიღო, როდესაც სათნო იჩინა ძმების დასაცავად საკუთარი სულის დადება (შდრ. 1 თესალონიკ. 2:8). რადგან იყო და არის უფლის ჭეშმარიტი მოწაფე, მიმდევარი კრავისა, სდაც კი ის წავიდოდა (შდრ. გამოცხ. 14:4).
აქ დანარჩენები გაიყვნენ. აშკარად მზად აღმოჩნდნენ პირველმოწამენი, რომლებიც მთელი სულით აღასრულებდნენ მოწამეობის აღსარებას, გამოჩნდნენ ასევე მოუმზადებლები, გაუწვრთნელები და ჯერ ისევ უძლურები, რომლებსაც არ შეეძლოთ დიდი ბრძოლის წნეხის გაძლება, მათგან დაახლოებით ათი კაცი დაეცა. მათ გამო გვქონდა დიდი მწუხარება და უზომო გლოვა, და სხვების სული გატეხეს, რომლებიც არ იყვნენ შეპყრობილი და რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ ყველა საშინელი განსაცდელი ჰქონდათ გადატანილი, მაინც რჩებოდნენ მოწამეებთან და არ ტოვებდნენ მათ.
მაშინ კი ყველა ძალიან შევშინდით აღსარების ბუნდოვანების გამო, არა თუ მოწევნული სასჯელის გვეშინოდა, არამედ (მოვლენების) დასასრულისაკენ ვიმზირებოდით და გვეშინოდა არ დაცემულიყვნენ ზოგიერთები.
ყოველდღე იჭერდნენ ღირსეულებს და მათ რიცხვს ისე ავსებდნენ, რომ ორი ეკლესიიდან თავს უყრიდნენ ყველა მოშურნეს და მათ, რომელთა მეშვეობით ერთად იკრიბებოდნენ იქ მყოფნი.
მას შემდეგ, რაც მმართველმა ბრძანა სახალხოდ ყველა ჩვენგანის მოძებნა, ზოგიერთი წარმართი იჭერდა ჩვენიანების მონებს. ისინი სატანის მზაკვრობით, იმ სატანჯველებისგან იყვნენ დაშინებულნი, რასაც ხედავდნენ წმინდანების ვნებისას და, როდესაც ჯარისკაცები შეაგონებდნენ, ჩვენზე ცილს სწამებდნენ - თიესტეს ნადიმს, ოიდიპოსის აღრევას (ანუ კაციჭამიობასა და სქესობრივ აღრევას - "აპოკ". რედ.) და იმას, რისი თქმის, ან გაფიქრების უფლებაც არა გვაქვს, არამედ არც იმის დაჯერებას, თუ რაიმე მსგავსი მომხდარა ადამიანებთან.
როდესაც ამას ამბობდნენ, ყველა მხეცდებოდა ჩვენზე, ისე რომ, თუ აქამდე ზოგიერთი მეგობრობის გამო თავს იკავებდა, მაშინ ძალიან სასტიკი ხდებოდა და კბილებს აღრჭენდა ჩვენზე. სრულდებოდა ჩვენი უფლის მიერ ნათქვამი, რომ "მოვა ჟამი, როდესაც ყველა თქვენს მკვლელს ეგონება, რომ ღმერთს ემსახურება" (იოანე 16:2).
დასასრულ, წმიდა მოწამეებმა ენითაუწერელი მოთმინებით აიტანეს სასჯელები, როდესაც სატანა ცდილობდა მათი მეშვეობითაც წარმოთქმულიყო რაიმე გმობა. ბრბოს, მმართველისა და ჯარისკაცების მთელი რისხვა ზეაღმატებული სიძლიერით თავს დაატყდათ საკნტუსს, დიაკონს ვიენიდან და მარტურუსს, ახლად მონათლულს, მაგრამ ნამდვილ მებრძოლს, და ატალუსს, წარმოშობით პერგამონელს, ყოველთვის სვეტსა და სიმტკიცეს იქ მყოფთათვის, და ბლანდინას, ვის მეშვეობითაც ქრისტემ აჩვენა, რომ, რაც ადამიანებთან უმნიშვნელო, უსახური და შესაზიზღი ჩანს, ღმერთთან დიდების ღირსი ხდება მის მიმართ ძალაში წარმოჩენილი და არა გარეგნობით მოქადული სიყვარულის გამო.
როდესაც ჩვენ ყველას გვეშინოდა და ასევე მის ხორციელ ქალბატონსაც, რომელიც აგრეთვე იყო ერთ-ერთი მებრძოლი მოწამეთა შორის, რომ გამბედაობა არ ეყოფოდა აღსარების წარმოსათქმელად სხეულის უძლურების გამო; ბლანდინა აღივსო ისეთი ძალით, რომ მტარვალებმა, რომლებიც დილიდან საღამომდე მორიგეობით სხვადასხვა სახის სატანჯველებით აწამებდნენ, გაუშვეს და მიატოვეს, და მათ თვითონ აღიარეს, რომ დამარცხდნენ და მეტი აღარაფერი შეეძლოთ მისთვის გაეკეთებინათ. მათ უკვირდათ, რომ იგი ცოცხალი დარჩა, როდესაც მთელი სხეული შემუსვრილი და ღია ჰქონდა, და დაამოწმებდნენ, რომ წამების ერთი სახეობაც კი საკმარისი იყო მისთვის სულის ამოსახდელად, არა თუ ასეთი და ესოდენი ტანჯვა.
მაგრამ ნეტარი, როგორც ნამდვილი მებრძოლი, აღსარების წარმოთქმისას გაახალგაზრდავდა და მოხდა მისი ამაღლება, განსვენება და იმ ტკივილების დაამება, რასაც მას აყენებდნენ, როდესაც წარმოთქვამდა: "ქრისტიანი ქალი ვარ და ჩვენთან არავითარი ბოროტება არ ხდება".
"სანკტუსმა კი თვითონ ადამიანთაგან ყველა სატანჯველი ახოვნად და ადამიანის ყველა შესაძლებლობაზე აღმატებულად ნამდვილად დაითმინა, და როდესაც ურჯულოებს იმედი ჰქონდათ, ტანჯვის ხანგრძლივობისა და სიმძლავრის გამო მისგან მოისმენდნენ რაიმე უკრძალველს, მათი მოლოდინის საწინააღმდეგოდ ისეთი სიმტკიცე გამოიჩინა, რომ არც საკუთარი სახელი თქვა, არც ეროვნება, არც ქალაქი, საიდანაც იყო, არც ის, მონა იყო, თუ თავისუფალი; არამედ ყველა შეკითხვაზე პასუხობდა ლათინურ ენაზე: "ქრისტიანი ვარ"; ამას აღიარებდა სახელის, ქალაქის, გვარის და სხვა ყველაფრის ნაცვლად, ხოლო სხვა სიტყვას წარმართები მისგან ვერ ისმენდნენ.
ამიტომ მმართველიცა და მტარვალებიც ძალიან ცდილობდნენ მის დამორჩილებას, ისე რომ მისთვის გასაკეთებელი მეტი აღარაფერი დარჩათ. ბოლოს გახურებული სპილენძის ფირფიტებს აწებებდნენ მისი სხეულის ყველაზე მგრძნობიარე ადგილებზე.
ისინი იწვოდა, ხოლო თვითონ დაუწველი და დაუმორჩილებელი რჩებოდა, მტკიცედ იდგა აღსარებაში, ქრისტეს წიაღიდან გადმოსული სიცოცხლის წყლის ციური წყლით მორწყული და გაძლიერებული.
სხეული მასზე შემთხვეულის მოწამე იყო, ერთიანად ჭრილობა და წყლული იყო, კანკალებდა და სახე ადამიანისას აღარ მიუგავდა, მასში ვნებული ქრისტე მეტად განდიდდა, გაანადგურა მოწინააღმდეგე და სხვებისთვის სანიმუშოდ აჩვენა, რომ არაფერია საშიში, სადაც არის მამის სიყვარული, არც ტკივილია, სადაც არის ქრისტეს დიდება.
ურჯულონი რამოდენიმე დღის შემდეგ კვლავ ტანჯავდნენ მოწამეს და ფიქრობდნენ, რომ როცა სხეული დასიებული და დაწყლულებული ჰქონდა, თუ იმავე სატანჯველებს გამოიყენებდნენ, დაამარცხებდნენ (რადგან ხელის შეხებასაც ვერ იტანდა), ანდა მტარვალთაგან მოკლული დანარჩენებს შიშს ჩაუნერგავდა. მაგრამ არათუ მსგავსი რამ არ მოხდა, არამედ ყოველგვარი ადამიანური მოლოდინის საპირისპიროდ ტანჯვის დროს ზე აწია თავი, წამოიმარტა სხეულით და მიიღო პირვანდელი სახე და აღიდგინა (სხეულის) ასოების ქმედითობა ისე, რომ არათუ ევნო, არამედ ქრისტეს მადლით მეორე წამება მისთვის კურნება შეიქნა.
ბიბლისი კი, ერთი უარმყოფელთაგანი, ეშმაკმა წაიყვანა სატანჯველად (მას ეგონა, რომ უკვე შთანთქმული ყავდა და სურდა, რომ მკრეხელობის მეშვეობით განესაჯა), თითქოს უკვე გატეხილს და შეშინებულს აიძულებდა, რომ ეთქვა ჩვენს შესახებ უღმერთო სიტყვები.
წამების დროს იგი გონს მოეგო და, როგორც იტყვიან, ღრმა ძილიდან გამოფხიზლდა, ჟამიერი სასჯელის მეშვეობით გაიხსენა გეენიის საუკუნო სატანჯველი, და აქეთ შეეპასუხა მგმობელებს: "ბავშვებს როგორ შეჭამენ ისეთები, რომლებსაც უგუნურ ცხოველთა სისხლის შეჭმაც კი არკძალული აქვთ?"ს ამის შემდეგ აღიარა, რომ ქრისტიანი იყო და მოწამეთა დასს შეემატა.
როდესაც ქრისტეს მიერ ნეტართა სიმტკიცის მეშვეობით ტირანთა სატანჯველები გაუქმდა, ეშმაკმა სხვა მზაკვრობა მოიფიქრა: საპყრობილეში წყვდიადსა და უმძიმეს ადგილას ჩამწყვდევა, ფიცარზე ფეხების გადაჭიმვა მეხუთე ნახვრეტამდე და სხვა ტანჯვა-წამებანი, რაც სჩვეოდათ განრისხებულ მსახურებს, და ამას ეშმაკისგან აღვსებულნი პატიმრებზე ახორციელებდნენ. ასე იხუთებოდა საპყრობილეში მრავალი , რომელთა ამ სახით წაყვანა ენება უფალს და აჩვენებდა თავის დიდებას.
მწარედ გვემულნი, როდესაც ჩანდა, ყველა საშუალებითაც რომ ემკურნალათ, მაინც ვერ გადარჩებოდნენ, საპყრობილეში აგრძელებდნენ ცხოვრებას. ადამიანთა მზრუნველობისგან მიტოვებულნი, მაგრამ უფლისგნა სხეულითა და სულით განმტკიცებულნი და გაძლიერებულები, სხვებსაც ამხნევებდნენ და ნუგეშს სცემდნენ. უფრო ახალბედები კი ახლახან შეპყრობილნი, რომელთა სხეულებს ჯერ არ მოპყრობოდნენ მსგავსად, პატიმრობის სიმძიმეს ვერ უძლებდნენ, და შიგნით იღუპებოდნენ.
ნეტარ პოთინოსს ქალაქ ლუგდინაში ეპისკოპოსობის მსახურება მიანდეს, ოთხმოცდაათი წლის ასაკისას და სხეულით მთლიანად დაუძლურებულს. მას ძლივს ედგა სული სხეულის უძლურების გამო, მაგრამ მოშურნე სულის მიერ გაძლიერებული იყო მოწამეობის წადილით. იგი მსაჯულის სავარძელთან მიათრიეს, თუმცა სხეული მოხუცებულობისგან და სნეულებისგან დასუსტებული ჰქონდა, სული მასში მტკიცე იყო, რათა მისი მეშვეობით ქრისტეს შეესრულებინა ტრიუმფალური სხვლა. იგი ჯარისკაცებმა მიიყვანეს მსაჯულის სავარძელთან. მას თან ახლდნენ ძალაუფლების მქონე მოქალაქეები და მთელი ბრბო, რომელიც მთელი ხმით გაჰყვიროდა, რომ იგი იყო ქრისტე. და მან მისცა მშვენიერი მოწმობა.
როდესაც მმართველმა ჰკითხა, თუ ვინ არის ქრისტიანთა ღმერთი, უპასუხა: "თუ ხარ ღირსი, გაიგებ".
შემდეგ კი მას უმოწყალოდ დაათრევდნენ და მრავალგზისი დარტყმებით ტანჯავდნენ, მასთან ახლოს მყოფნი ხელებითა და ფეხებით მრავალგვარ შეურაცხყოფას აყენებდნენ, არც მის ასაკს სცემდნენ პატივს; ხოლო მოშორებით მდგომნი, რაც ხელში მოხვდებოდათ, მას ესროდნენ; ყველა თვლიდა, რომ დიდი ცთომილება და უზნეობა იქნებოდა, თუ ვინმეს გამორჩებოდა მისთვის შეურაცხყოფის მიყენება. რადგან ფიქრობდნენ, რომ ამგვარად შურს იძიებდნენ მათი ღმერთებისთვის. ძლივს ედგა პირში სული, როდესაც ჩააგდეს საპყრობილეში, და ორი დღის შემდეგ სული ამოხდა.
შემდეგ იქნა ღვთის დიდი განგებულება და გამოჩნდა იესუს უზომო წყალობა, რაც ძმებს შორის იშვიათად ხდებოდა, მაგრამ ქრისტეს ხელოვნებისგან მიტოვებული არ ყოფილან.
რადგან პირველი შეპყრობის დროს უარმყოფელებიც დაატუსაღეს და გაიზიარეს იქაური საშინელებები. იმ დროს უ არყოფამ მათ ვერ უშველა: ვინც იყო აღმსარებელი, ჩამწყვდეულ იქნა როგორც ქრისტიანი, რომელსაც სხვა ვერანაირი ბრალი ვერ წაუყენეს, დანარცენები კი როგორც კაცისმკვლელები და უწმინდურები შეეპყრათ, და სხვებზე ორმაგად ძლიერ სტანჯავდნენ.
მათ (აღმსარებლებს - მთარგმნ) ამხნევებდათ მოწამეობის სიხარული და აღთქმათა სასოება, ქრისტესადმი სიყვარული და მამისეული სული, ამათ (უარმყოფელებს - მთარგმნ.) კი სინდისი დიდად სტანჯავდათ, ისე რომ ყველა დანარჩენებტან გამოსვლისას სახეზე ემჩნეოდათ.
რადგან ისინი მხიარული მიდიოდნენ წინ, მათი სახე მრავალი დიდებითა და მადლით იყო შეფერილი, ისე რომ ბორკილები ედოთ როგორც რამ მშენიერი სამკაული, და როგორც სიზეს, მრავალსახოვანი ოქროს ფოჩებით შემკობილს, ქრისტეს კეთილსურნელება ასდიოდათ, ზოგი იმასაც ფიქრობდა, თითქოს მათ გამოყენებული ჰქონდათ ამქვეყნიური ნელსაცხებელი. ხოლო ესენი იყვნენ დამწუხრებული, დამდაბლებული, უსახური და ყველანაირი სირცხვილით აღსავსე, ამას გარდა წარმართებისგანაც გაკიცხული, როგორც უღირსი და მხდალი, კაცისმკვლელი ბრალდების მქონე, რომლებმაც დაკარგეს ყოვლად საპატიო, დიდებული და ცხოველმყოფელი სახელი. როდესაც ამას სხვები ხედავდნენ, განმტკიცდებოდნენ და მათთან ერთად შეპყრობილები ეჭვის გარეშე აღიარებდნენ, და ეშმაკის მტკიცებულებებს არც კი უფიქრდებოდნენ".
შემდეგ ზოგი რამ დასძინეს და კვლავ განაგრძეს:
"ამის შემდეგ მათი (ამქვეყნიდან) გასვლის მოწმობა ყველა სახით გამოვლინდებოდა. რადგან სხვადასხვა ფერის ყველანაირი ყვავილისგან ერთი მოწნუილ გვირგვინი მიუძღვნეს მამას, კეთილშობილმა მებრძოლებმა დაითმინეს მრავალი სახის ბრძოლა, ძლიერ გაიმარჯვეს და მიიღეს უხრწნელების დიდი გვირგვინი.
მატურუსი, სანქტუსი და ატალუსი მიიყვანეს სამხეცეში, წარმართების სახალხო და საზოგადო არაადამიანურ სანახაობაზე, როდესაც ჩვენიანების გამო გამართეს მხეცთა ბრძოლების სათანადო დღეები. მატურუსმა და სანქტუსმა კვლავ გაიარეს ამფითეატრში ყველა სატანჯველი, თითქოს აქამდე სრულიად არ ეტანჯათ, უფრო კი როგორც მოწინააღმდეგის უკვე მრავალი წლის გავლით მძლეველებმა და თვით მისი გვირგვინისთვის ბრძოლის გამმართველებმა კვლავ დაითმინეს იქ ჩვეული მათრახება, და მხეცებთან ძალის დატანებით მიგდება და ყველაფერი, რასაც გაშლეგებული ხალხი სხვადასხვა ადგილიდან გაჰყვიროდა და ბრძანებებს იძლეოდა. ყოველივეს დასასრულს კი - რკინის სკამი, რომელზეც დამდნარი სხეული წვის კვამლმა შემოსა ისინი.
მაგრამ არც ამან დააცხრო ისინი, არამედ უფრო და უფრო გაშლეგდნენ, სურდათ დაემარცხებიათ მათი გამძლეობა, და სანქტუსისგან სხვა არაფერი ესმოდათ გარდა იმისა, რისი თქმაც თავიდანვე ჩვეოდა, - აღსარების სიტყვა.
როდესაც დიდი ბრძოლის გავლით მრავალი რამ დაითმინა მათმა სულმა, საბოლოოდ ისინი მსხვერპლად შეწირეს, იმ დღის განმავლობაში მთელი მრავალსახოვანი ბრძოლების ნაცვლად ისინი იქცნენ სანახაობად ქვეყნიერებისათვის;
ბლანდინა კი ძელზე ჩამოკიდებული მასზე მისეული მხეცების საჭმელა იყო განკუთვნილი. იგი, ჩამოკიდებული, ჯვრის სახედ იხილვებოდა და ძლიერი ლოცვის მეშვეობით დიდად აგულიანებდა მებრძოლებს (ქრისტიანებს - მთრგმნ.), რომლებიც ბრძოლის დროს თავიანთი დის მეშვეობით გარეგანი თვალებითაც ხედავდნენ მათ გამო ჯვარცმულს, რათა დარწმუნებულიყვნენ მისი მორწმუნენი, რომ ყველას, ქრისტეს დიდების გამო ვნებულს მარადჟამს აქვს ზიარება ცოცხალ ღმერთთან.
და როდესაც არცერთი მხეცი არ შეეხო მას, ძელიდან ახსნეს და კვლავ საპყრობილეში დააბრუნეს, სხვა ბრძოლისათვის შეინახეს, რათა მრავალი შერკინების გავლით გამარჯვებულს დაგრეხილი გველის დასჯა შეუქცევადი გაეხადა და ძმები გაემხნევებინა. პატარას, უძლურსა და უსახურს დიდი და უძლეველი ქრისტე ემოსა, მრავალ შეტაკებებში მოწინააღმდეგზე გამარჯვებულმა ბრძოლის უხრწნელების გვირგვინი დაიდგა.
ატალუსსაც ძალიან ითხოვდა ბრბო, რადგან იყო სახელოვანი კაცი. იგი შევიდა მზადმყოფი მებრძოლი, რადგან სინდისი უმწიკვლო ჰქონა და გაწვრთნილი იყო ქრისტიანულ წესებში. ყოველთვის იყო ჩვენთან ჭეშმარიტების მოწმე. იგი შემოატარეს ამფითეატრის წრეზე, მის წინ მიჰქონდათ დაფა, რომელზეც ეწერა ლათინურად "ეს არის ატალუსი, ქრისტიანი", როდესაც ხალხი ძლიერ გაღიზიანდა მასზე, მმართველმა გაიგო რა, რომ რომაელი იყო, ბრძანა დანარჩენებთან ერთად საპყრობილეში დაბრუნება, მის შესახებ მიწერა კეისარს და მისგან პასუხს ელოდებოდა.
დროის ეს შუალედი არ ყოფილა მათთვის უქმი და უნაყოფო: მათი მოთმინების მეშვეობით წარმოჩნდა ქრისტეს უზომო წყალობა, რადგან ცოცხალთა მეშვეობით გააცოცხლა მიცვალებულები, მოწამეებმა მადლი გადასცეს მათ, რომლებმაც არ დაამოწმეს, და მრავალი სიხარული ჰქონდა ქალქულ დედას (ეკლესიას - მთარგმნ.), რომელმაც ისინი მკვდარი შვა და მათვე (ახლა) ცოცხალს იღებდა.
რადგან მათი მეშვეობით მრავალი უარმყოფელი დაიბადა და კვლავ მიდგომილ იქნა და კვლავ აღეგზნო, და ისწავლა აღიარება. როდესაც დაატკბო ისინი ღმერთმა რომელსაც არ სურს ცოდვილის სიკვდილი, სინანულისადმი კი გულკეთილია, ცოცხლები და გაძლიერებულები მიყვანილ იქნენ მსაჯულის სავარძელთან, რათა კვლავ დაეკითხათ.
კეისარმა პასუხად მიწერა, რომ ისინი ცემით უნდა მოეკლათ, მაგრამ თიუ ვინმე უარყოფდა, უნდა გაეშვათ. ადგილობრივი დღესასწაულის დაწყებისას (იგი არის ხალხმრავალი, რადგან ყველა ერიდან ამისთვის იკრიბებიან) (1), მიჰგვარეს მსაჯულს, ნეტარნი ბრბოსთვის თეატრალურ სანახაობად აქციეს. ამიტომ კვლავ დაკითხეს და მათ, რომლებიც, ჩანდა, რომ ატარებდა რომის მოქალაქეობას, თავს კვეთდნენ, დანარჩენებს კი სამხეცეში აგზავნიდნენ.
________________
1. ყოველწლიური დღესასწაული, რომელზეც იკრიბებოდნენ მთელი გალიის წარმომადგენლები. იგი იწყებოდა 1 აგვისტოს და რამდენიმე კვირა გრძელდებოდა.
________________
ძლიერ განდიდდა ქრისტე მათგან, რომლებმაც პირველად უარყვეს და ახლა წარმართების მოლოდინის საწინააღმდეგოდ აღიარებდნენ. რადგან იმ მოსაზრებით დაკითხავდნენ მათ, რომ გაეშვათ, და როდესაც აღიარებდნენ, მოწამეთა რიცხვს შეემატებოდნენ. გარეთ კი რჩებოდნენ ისინი, რომლებსაც არც რწმენის კვალი, არც საქორწინო სამოსელი, არც ღვთის შიშის გააზრება არ გააჩნდათ, რამედ მათი განდგომით გმობდნენ გზას, ისინი არიან დაღუპვის ძენი, ყველა დანარჩენი კი ეკლესიას შეეძინა.
მათგან დაიკითხა ვინმე ალექსანდრე, წარმომავლობით ფრიგიელი, განათლებით მკურნალი. იგი მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა გალიაში და ყველასთვის ცნობილი იყო ღვთისადმი სიყვარულითა და სიტყვის კადნიერებით (რადგან სამოციქულო მადლთან იყო ნაზიარები). იგი იდგა მსაჯულთან და ნიშნებით ამხნევებდა მათ აღსარებისთვის, მსაჯულის გვერდით მდგომებს ეჩვენებოდათ, რომ იგი მშობიარობით იტანჯებოდა.
უკმაყოფილო ბრბომ იმით, რომ ადრე უარმყოფელებმა ახლა კვლავ აღიარეს, დაუყვირა ალექსანდრეს, ამის გამკეთებელს, როდესაც მსაჯულმა მოუხმო მას და ჰკითხა, თუ ვინ იყო იგი, და მან უპასუხა - "ქრისტიანი", განრისხებულმა განაჩინა მისი მხეცებთან მიგდება, მეორე დღეს ამფითეატრში შევიდა ატალუსთან ერთად და მმართველმა ბროს საამებლად ატალუსი კვლავ მიუგდო მხეცებს.
ამფითეატრში მათ გაიარეს საწამებლად გამოგონილი ყველა იარაღი და დაითმინეს დიდი ბრზოლა, ბოლოს, ისინიც შეწირეს მსხვერპლად. როდესაც ალექსანდრე არც მოთქვამდა, არც ხმას იღბდა საერთოდ, არამედ გულში ღმერთს ესაუბრებოდა.
ატალუსი რკინის საკმზე იჯდა და იწვოდა, და როდესაც სხეულმა სუნი გაუშვა, ბრბოს მიმართა ლათინურად: "აჰა, ეს არის ადამიანის ჭამა, რასაც თქვენ იქმთ; ჩვენ კი არც ადამიანებს ვჭამთ, არც სხავ რამე უკეთურებას ჩავდივართ". როდესაც ჰკითხეს რა იყო ღვთის სახელი, უპასუხა: "ღმერთს სახელი არა აქვს, როგორც ადამიანს".
ყოველივე ამასთან ერთად ბრძოლების უკანასკნელ დღეს ბლანდინა კვლავ შეიყვანეს თხუთმეტი წლის ჭაბუკთან, პონტიკუსთან ერთად; ისინი ყოველდღე შეყავდათ დანარჩენებთან ერთად დასჯის საყურებლად. აიძულებდნენ დაეფიცათ მათი კერპები და რადგან ისინი მშვიდი რჩებოდნენ და არ უსმენდნენ მათ შეგონებებს, ბრბო გამძვინვარდა მათ მიმართ ისე, რომ არც ბიჭის ასაკი შეეცოდათ, არც ქალს სცეს პატივი, ყველა საშინელება დაატეხეს მათ თავზე და წრიულად ყევლა სატანჯველი შემოატარეს. განუწყვეტლივ აიძულებდნენ დაეფიცათ, მაგრამ ვერ შეძლეს ამის გაკეთება.
პონტიკუსმა, დის მიერ გამხნევებულმა, რაც წარმართებაც დაინახეს, რომ ის იყო მისი შემაგონებელი და განმამტკიცებელი, ყველა ტანჯვა დაითმინა კეთილშობილურად და სული განუტევა.
ნეტარმა ბლანდინამ კი ყველაზე ბოლოს, როგორც შვილების გამამხნევებელმა კეთილშობილმა დედამ და გამარჯვებით მოსილთა მეფესთან წარმგზავნელმა, მანაც თავიდან გაიარა შვილების სატანჯველები და გაეშურა მათკენ, გარდაცვალების გამო გახარებული და მხიარული, როგორც საქორწინო ნადიმზე მიწვეული, არათუ მხეცებისადმი მიგდებული. მათრახების, მხეცებისა და ტაფის შემდეგ, ბოლოს, კალათითი იქნა ჩაგდებული ხართან.
პირუტყვი საკმაოდ დიდხანს აგდებდა (რქებზე), მაგრამ მას არ გააჩნდა გრძნობა მასზე მოწევნული სასოების, მისგან ნარწმუნების პყრობისა და ქრისტესთან საუბრის გამო. იგიც მსხვერპლად შეწირეს, თვითონ წარმართებაც აღიარეს, რომ მათთან ქალი არასოდეს ვნებულა ასე და ესოდენ ხანს.
წმ. ბლანდინას ხატი
მაგრამ ამ სახითაც ვერ ყირჭდებოდა მათი სიშლეგე და წმინდანების მიმართ სისასტიკე. რადგან ველური მხეცის (ეშმაკის - მთარგმნ.) მიერ ველური და ბარბაროსული ტომები მუდამ აღეგზნებულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, და მათი სითავხედე ახლა სხვაგვარად მიადგა სხეულებს;
მათ, დამარცხებულებს (იგულისხმება წარმართების ბრბო - მთარგმნ) არ რცხვენოდათ, რადგან არ გააჩნდათ ადამიანური აზროვნება, არამედ უფრო მეტად აღეგზნო მათი რისხვა მხეცის მსგავსად, და მმართველი და ხალხი ერთნაირ უსამართლობას იჩენდნენ ჩვენს მიმართ, რათა აღსრულდეს წერილი: "ურჯულო კვლავ ურჯულოებდეს, და მართალი კვლავ იყოს მართალი" (გამოცხ. 22:11).
რადგან საპყრობილეში გაგუდულები მიუგდეს ძაღლებს და მზრუნველად იცავდნენ ღამით და დღისით, რათა არ დაგვემარხა ვინმე. შემდეგ მხეცთაგან და ცეცხლიდან გამოიტანეს ნარჩენები, დაგლეჯილები და დანახშირებულები, და დანარჩენთა თავები ტანებთან ერთად, და ამდენ სხეულს მრავალი დღის განმავლობაში დაუმარხველს იცავდნენ ჯარისკაცების მზრუნველობით.
საშინლად იყვნენ განრისხებულნი და კბილებს აღრჭიალებდნენ მათზე, ეძებდნენ მათზე უფრო მეტ შურისგებას, დასცინოდნენ და ამასხარავებდნენ, განადიდებდნენ თავიანთ კერპებსა და მათ მიაწერდნენ ქრისტიანების დასჯას, უფრო კეთილი ადამიანები კი, რომელთაც, ჩანდა, რომ მცირე თანალმობა ჰქონდათ ჩვენდამი, ძალიან გვკიცხავდნენ და ამბობდნენ: "სად არის მათი ღმერთი და რა სარგებელს აძლევს მათ ღვთისმსახურება, რაც მათ აირჩიეს მათი სიცოცხლის უწინარეს?"
ასეთი ჭრელი აზრები ჰქონდატ მათ, ჩვენთან კი დიდი მწუხარება იყო, რადგან არ შეგვეძლო მათი სხეულების მიწაში დაფლვა. რადგან არც ღამე შეგვეწეოდა ჩვენ, არც ვერცხლი არწმუნებდა, არც მუდარა არცხვენდა, ყველანაირი გზით იცავდნენ, თითქოს დიდ რაიმე სარგებელს მიიღებდნენ, თუ არ დაუშვებდნენ მათ დამარხვას".
ამის შემდეგ ამბობდნენ: "ამრიგად, მოწამეთა სხეულები ერთ ადგილას საჩვენებლად და ღიად იდო ექვსი დღის განმავლობაში, შემდეგ დაწვეს და დაანაცრეს, და ურჯულოებმა იქვე მდინარე როდანში ჩახვეტეს ისე, რომ მათი ნეშტი მეტად აღარ ჩანდა მიწაზე.
ეს გააკეთეს თითქოს ღვთის დამარცხება შეძლეს და მათ კვლავშობა (აღდგომა - მთარგმნ.) წაართვეს, რათა, როგორც ისინი ამბობდნენ: "აღარ ჰქონოდათ აღდგომის სასოება, რის მორწმუნეებსაც უცხო და ახალი მსახურება შემოჰქონდათ ჩვენთან და უგულებელყოფდნენ საშინელებებს, მზად იყვნენ სიხარულით წასულიყვნენ სიკვდილზე; ახლა ვნახავთ, თუ აღადგენს და თუ შეძლებს მათ შველას მათი ღმერთი და გამოიტაცებს ჩვენს ხელთაგან"" (2).
________________
2. მოწამეთა: სანქტუსის, მარტურუსის, ატალუსის, ბლანდინას, ბიბლიდას, ეპაგათოსის, ალექსანდრეს, წმ. მოწამე პოთინოსის და სხვა ორმოცდასამი მოწამის, რომლებიც ეწამდნენ 177 წ. ლიონში, ხსენების დღეა 25 ივლისი.
________________
***
ეს შეემთხვა ქრისტეს ეკლესიებს ზემოხსენებული იმპერატორის დროს. აქედან გნოივრული ანგარიშით შესაძლებელია დანარჩენ პროვინციებში ნამოქმედარზე დასკვნის გაკეთება. ღირსია, ნათქვამს იმავე წერილიდან სხვა სიტყვებიც დავურთოთ, რომელთა მეშვეობით ზემოხსენებული მოწამეების სიკეთე და კაცთმოყვარება ამ სიტყვებით აღიწერა: "ისინი, ესოდენ დიდი მოშურნეები და მიმბაძველები გახდნენ ქრისტესი, რომელმაც ღვთის ხატად მყოფმა მიტაცებად არ მიიჩნია ღვთის წორად ყოფნა (შდრ. ფილ. 2:6), რომ, ასეთ დიდებაში მყოფებმა და არა ერთგზის, არც ორგზის, არამედ ხშირად დაამოწმეს და მხეცთაგან კვლავ გამოსულები, დამწვრობების, წყლულებისა და იარების მქონენი, თავიანთ თავს არ აცხადებდნენ მოწამეებად, არც ჩვენ გვრთავდნენ ნებას ამ სახელით მიგვემართა მათთვისს; არამედ, თუ ოდესმე რომელიმე ჩვენგანი ეპისტოლის მეშვეობით მათ მოწამეებს უწოდებდა, მკაცრად კიცხავდნენ, რადგან სიამოვნებით უთმობდნენ მოწამეობის სახელს ქრისტეს, სარწმუნო და ჭეშმარიტ მოწამეს და მკვდართაგან პირმშოს, ღვთის სიცოცხლის მეთაურს.
იხსენიებდნენ უკვე (ამქვეყნიდან) გასულ მოწამეებს და ამბობდნენ: "ისინი უკვე არიან მოწამეები, რომლებიც ღირს ყო ქრისტემ აღსარების დროს აეყვანა, გასვლის გზით დაბეჭდა მათი მოწამეობა, ჩვენ კი უბრალო და გლახაკი აღმსარებლები ვართ", და ცრემლებით სთხოვდნენ ძმებს, რათა გულმოდგინედ ელოცათ მათი აღსარებისთვის.
მოწამეობის ძალას საქმით აჩვენებდნენ, დიდი კადნიერებით მიდიოდნენ წარმართებთან და კეთილშობილებას დათმენის, უშიშობისა და უშფოთველობის მეშვეობით წარმოაჩენდნენ, ძმებისგან არ იღებდნენ მოწამის სახელს, ღვთის შიშით აღსავსენი".
მცირე ხნის შემდეგ კვლავ აგრძელებენ: "ამდაბლებდნენ თავიანთ თავს ძლიერი ხელის ქვეს, რომლის მიერაც ახლა საკმაოდ ამაღლებულნი არიან. იმ დროს ყველას იცავდნენ და არავის ადანაშაულებდნენ; ყველას ათავისუფლებდნენ და არავის კრავდნენ, სატანჯველთა მომწყობთა გამო ლოცულობდნენ, როგორც სტეფანე, რსული მოწამე, ამბობდა: "უფალო, ნუ შეერაცხება მათ ეს ცოდვა" (საქმე 7:60). თუკი მქოლავტა გამო ლოცულობდა, რამდენად მეტად ძმებისთვის".
და კვლავ ამბოდნენ სხვა სიტყვის შემდეგ: "რადგან მატ ეს ყველაზე დიდი ომი სიყვარულის სიწრფელის გამო ჰქონდათ გამართული, რათა დაეხრჩოთ მხეცი (ეშმაკი - მთარგმნ.) და ისინი ამოენთხია, რადგან არ იქადოდნენ დაემულებზე, არამედ რაშიც მდიდარნი იყვნენ, უფრო გაჭირვებულებს იმით ეხმარებოდნენ დედობრივი სიყვარულის მქონენი, და მათ გამო მრავალ ცრემლს ღვრიდნენ მამის წინაშე, ითხოვდნენ სიცოცხლეს მათთვის, და იგი აძლევდა მათ, რასაც უწილადებდნენ მახლობლებს, და ყველაფერში გამარჯვებით მოსილნი ღმერთთან მიემგზავრებოდნენ.
ყოველთვის უყვარდათ მშვიდობა და მშვიდობას შეგვაგონებდნენ ჩვენ, მშვიდობით მიდიოდნენ ღმერთთან, არ უტოვებდნენ დედას (ეკლესიას - მთარგმნ.) შრომას, არც ძმებს შფოთსა და ომს, არამედ სიხარულს, მშვიდობას, ერთსულოვნებასა და სიყვარულს".
ეს სარგებლის მომტანი ამონარიდი ამ ნეტართა დაცემული ძმების მიმართ გამოჩენილი სიყვარულის შესახებ წინ დაიდო არაადამინური და უმოწყალო განწყობის მქონეთა გულისთვის, რომლებიც ამ ამბების შემდეგ ქრისტეს ასოებს სასტიკად ეპყრობოდნენ.
წყარო: ევსები კესარიელი. საეკლესიო ისტორია. V. 1, 2. გამომც. "ახალი ივირონი". თბილისი 2007 წ. გვ. 181-195.