იდუმალი სამყარო - იდუმალ მოვლენათა სამყარო - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სხვადასხვა > იდუმალი სამყარო
იდუმალ მოვლენათა სამყარო
იდუმალების სფერო
შინაარსი:
 
I. იდუმალი მოვლენები საზოგადოდ. მათი რეალურობა. კვლევის ამოცანა.
 
II. დივინაცია, ანუ მომავალ მოვლენათა წინასწარცნობა: წინათგრძნობა და წინაგანჭვრეტა, წინასწარმეტყველური სიზმრები და ნათელმხილველობა.
 
III. ტელეპატიური მოვლენები: რეალური და სიკვდილის შემდგომი მოჩვენებები, ორეულები და პიროვნების გაორება.
 
IV. მისნობა, ჯადოქრობა და ფაკირიზმი. მოვლენები, რომლებიც ავლენენ ბუნების იდუმალ ძალთა მოქმედებას.
 
V. მშფოთვარე სახლები.
 
 
ავტორი: მიხაილ ვერჟბოლოვიჩი.
 
I. იდუმალი მოვლენები საზოგადოდ. მათი რეალურობა. კვლევის ამოცანა
 
ადამიანი, თავისი ბუნებით, მიდრეკილია ყოველივე იდუმალისკენ, ზებუნებრივისკენ, საკვირველისკენ, - გონებრივად მიუწვდომელისკენ, რომელიც, თუმცა, მასზე რეალურად მოქმედებს. გარეგანი ყოფიერების სფეროში ყველა მხრიდან იდუმალებით მოცული ადამიანი, თვითონაც იდუმალებაა თავისი შინაგანი ცხოვრების მხრივ, და ყველა დროებაში, მეცნიერებისთვის ცნობილი შემთხვევების გარდა, აღიარებდა განსაკუთრებულ იდუმალ ძალებს, რომლებიც მოქმედებენ, როგორც ბუნებაში, ასევე მის სულიერ ცხოვრებაშიც.
 
ამ ძალებისადმი რწმენა ვლინდება არა მარტო კაცობრიობის უძველესი ბარბაროსობის, არამედ უმაღლესი გონებრივი განვითარების პერიოდშიც. თუმცა, ისიც შეუძლებელია ითქვას, რომ ამგვარი რწმენა სრულიად თვითნებური იყო და გააჩნდა ოდენ სუბიექტური საფუძვლები.
 
უძველესი პერიოდიდან მოყოლებული, ყველა დროის მოაზროვნეები ყურადღებით აკვირდებოდნენ სხვადასხვა იდუმალ და ამოუცნობ მოვლენებს, რომლებიც საგანთა ჩვეულებრივ მდინარებას სცილდებოდნენ და ბუნებისა და სულის მეცნიერული გაგების შესაძლებლობებს აღემატებოდნენ. ცნობები ამგვარ მოვლენებზე კაცობრიობის კულტურულ-ისტორიული განვითარების ყველა ეპოქაში არსებობდა და მათ ჩვენამდეც მოაღწიეს.
 
ასე, მაგალითად, ციცერონთან ვპოულობთ საინტერესო მონათხრობს ერთი მოგზაურის წინასწარმეტყველურ სიზმარზე. ორი მეგობარი, მოგვითხრობს ციცერონი, მეგარში ჩამოვიდნენ და ღამის გასათევად სხვადასხვა ადგილას შეჩერდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა ის-ის იყო ჩაიძინა, რომ ძილში მეგობარი გამოეცხადა, რომელიც მასთან მისვლას და დახმარებას სთხოვდა, რადგან სასტუმროს მეპატრონეს მისი მოკვლა განეზრახა. მოგზაურს შეშფოთების გამო გაეღვიძა, მაგრამ, მცირედი განსჯის შემდეგ ამ სიზმარს დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა და კვლავ დაიძინა. მეგობარი მას სიზმარში მეორედაც გამოეცხადა და კვლავ მასთან მისვლა და დახმარება სთხოვა, რადგან მკვლელები უკვე მის ოთახს იყვნენ მომდგარნი.
 
ამჯერად პირველ მოგზაურს მძაფრ მღელვარებაში გაეღვიძა და თითქმის წასვლაც კი გადაწყვიტა თავის მეგობართან, მაგრამ კვლავ განსჯას მისცა თავი, გადაიფიქრა და დაიძინა. ის იყო ჩასთვლიმა, რომ უეცრად მის წინაშე წარდგა უბედური და დასისხლიანებული მეგობარი, რომელიც უკვე მისი მისი მკვლელობისთვის შურისძიებას სთხოვდა და თანაც ამცნობდა, რომ განთიადზე მის სხეულს ფუნით დატვირთული ურმით ქალაქის კარიბჭიდან გაიტანდნენ. სწორედ ამ მითითების წყალობით იპოვეს შემდეგ მოკლულის გვამი და დამნაშავეებიც დააკავეს.
 
კლასიკური ეპოქა ამგვარ წინასწარმეტყველურ სიზმართა მრავალ სხვა ფაქტებსაც გვამცნობს. ასე, მაგალითად, ვინმე სიმონიდმა შესაფერისი პატივით დამარხა მის მიერ შემთხვევით ნაპოვნი უცნობი ადამიანის გვამი. მოგვიანებით, როდესაც დელოსში გემით წასვლა დააპირა, სიზმარში მის მიერ დამარხული უცნობი გამოეცხადა და მგზავრობის გადადება ურჩია. სიმონიდმა დაუჯერა სიზმრისეულ რჩევას და მალევე შეიტყო, რომ გემი, რომლითაც ის გამგზავრებას აპირებდა, ზღვაში ჩაძირულიყო ყველა მგზავრთან ერთად.
 
შემდეგ, კეისრის ცოლს კალპურნიას ქმრის სიკვდილის წინ რამოდენიმე შემაშფოთებელი სიზმარი ჰქონდა და ყველა ძალით ცდილობდა ქმარი იმ საბედისწერო დღეს სახლში გაეჩერებინა. კეისარმა ცოლის რჩევას არ დაუჯერა და იმავე დღეს სენატიდან გამოსვლისას მოკლულ იქნა. ზუსტად ასევე ტარკვინიოს რამოდენიმე სიზმარში ეწინასწარმეტყველა რომის სამეფო ძალაუფლების დაცემა, ხოლო კრეზს - მისი შვილის ატისის დაღუპვა. სვეტონიუსის მოთხრობით, იმპერატორ ავგუსტუსს, სნეულებისდა მიუხედავად, სიზმრების გავლენით ბანაკი უნდა დაეტოვებინა, რომელიც ამის შემდეგ მტერმა დაიპყრო.
 
ტელეპათია, ანუ მეტყველების ან გრძნობათა ორგანოების გარეშე ერთი პიროვნების იდუმალი ზემოქმედება მნიშვნელოვანი მანძილით დაშორებულ სხვა პიროვნებაზე, ძველ ლიტერატურაში ასევე ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ. ჰომეროსის, ევრიპიდეს, ოვიდიუსის, ვირგილიუსის, ციცერონის და სხვათა თხზულებებში უხვად არის მოცემული ცნობები მომაკვდავებზე და გარდაცვლილებზე, მოჩვენებებსა და ხილვებზე.
 
ასე მაგალითად, პლინიუს მცირე თავის "წერილებში" გადმოსცემს ასეთ ამბავს. ფილოსოფოსმა ათინაგორამ ათენში ჩამოსვლისას შეიტყო, რომ იქ ძალიან იაფად იყიდებოდა ერთი სახლი, რომელშიც მოჩვენებები ბუდობდნენ, რის გამოც ადრინდელ ბინადრებს მიეტოვებინათ. ათინაგორამ ეს სახლი იყიდა და მასში თავის თანმხლებ პირებთან ერთად ღამის გასათევად გაჩერდა. ღამით, როდესაც ფილოსოფოსი ჩვეულებისამებრ კითხულობდა და წერდა, უეცრად ძლიერი ხმაური და ჯაჭვების ჟღარუნი შემოესმა. უეცრად მას ჯაჭვებით შეკრული უცნაური გარეგნობის მოხუცი წარუდგა. მოხუცმა ფილოსოფოსს მიანიშნა გაჰყოლოდა, მაგრამ ათინაგორამ, თავის მხრივ, ნიშნებითვე სთხოვა დალოდებოდა, და თავისი საქმიანობა გააგრძელა. მუშაობის დასრულების შემდეგ, ის მიჰყვა მოჩვენებას, რომელმაც ფილოსოფოსი ეზოში გაიყვანა და ერთ ადგილზე, მიწის ქვეშ გაქრა. ათინაგორამ ეს ადგილი მონიშნა და სახლში დაბრუნდა. მეორე დღეს მან მომხდარის შესახებ ხელისუფალთ ამცნო, რომელთაც მისი მინიშნებით კონკრეტული ადგილის თხრა დაიწყეს და ჯაჭვებით შეკრული ადამიანის გვამი აღმოაჩინეს. ძვლები დამარხეს, ჯაჭვები კი გადააგდეს. იმ დღიდან სახლში სიმშვიდემ დაისადგურა.
 
ამ თქმულებებთან ერთად, როგორც ძველ, ასევე შუასაუკუნეობრივ ლიტერატურაში, არსებობს მრავალი გადმოცემა მაგიურ სასწაულებზე, რომელთაც მისნები და ჯადოქრები ასრულებდნენ და, როგორც ჩანს, ეს სასწაულები ბუნებრივ ძალთ აღემატებოდა. ასეთი ჯადოქარი იყო, მაგალითად, სიმეონ მოგვი, რომელიც მოციქულთა დროს ცხოვრობდა. მისი თანამედროვეები ჰყვებიან, რომ შეეძლო ჰაერში ფრენა, ერთი ხელის აქნევით მძიმე საგნების გადაადგილება, აიძულებდა ხეებს ეწინასწარმეტყველათ და სხვა. მის თანამედროვე აპოლონიუს ტიანელს, იმ დროიდან შემორჩენილი გადმოცემების თანახმად, შეეძლო დამოუკიდებლად გადაადგილებულიყო შორ მანძილზე, გადაქცეულიყო ფრინველად, ხედ, ქვად, ეწინასწარმეტყველა მომავალი, ესაუბრა გარდაცვლილთა აჩრდილებთან და სხვა.
 
16-ე ს-ის ცნობილმა ალქიმიკოსმა და ექიმმა პარაცელსმა განსაკუთრებულად გაითქვა სახელი სხვადასხვა დაავადებათა დისტანციური მკურნალობით. ის ამას მის მიერ დამზადებული მალამოების მეშვეობით ახერხებდა.
 
18-ე ს-ის დიდი საკვირველთმოქმედი კოლიოსტრო, დახელოვნებული ექიმი, ნათელმხილველი და მუცლითმეზღაპრე, კოლექტიური ცრუხილვების გამოწვევის უნარს ფლობდა, შეეძლო სხვადასხვა და ურთიერთდაშორებულ ადგილას ერთდროულად გამოჩენილიყო.
 
მაგიური სასწაულების გამოწვევის უნარით ძველთაგანვე იყვნენ ცნობილნი ფაკირები. ისინი თვალსაჩინოდ აჩვენებდნენ მცენარის ზრდას, რომელიც პუბლიკის თვალწინ თესლიდანვე იზრდებოდა, აჯადოვებდნენ ცხოველებსა და ფრინველებს, კვდებოდნენ და იმარხებოდნენ ჩვეულებრივად რამოდენიმე თვის განმავლობაში, რის შემდეგაც კვლავ სიცოცხლეს უბრუნდებოდნენ.
 
უახლოეს პერიოდში განსაკუთრებულად ცნობილი გახდა სულთა ტელეპათიური ურთიერთობის ფაქტები, ან კიდევ თანამედროვე და წარსულ გარდაცვლილთა მოჩვენებითი გამოცხადებები. ასეთია ამ ფაქტებზე არსებულ გადმოცემათა საერთო შინაარსი. მრავალი ადამიანი, უმეტესწილად ფხიზელ მდგომარეობაში, სრულიად აშკარად ხედავს ახლობელ ადამიანთა, მეგობართა, ნაცნობთა სახეებს და ზოგჯერ ლაპარაკობს კიდეც მათთან. შემდეგში კი აშკარა ხდება, რომ მოჩვენებათა გამოცხადების ეს ფაქტები გამოცხადებულ ადამიანთა სიკვდილის მომენტებს, ან მათი ცხოვრების სერიოზულ კრიზისებს ემთხვევა.
 
ახლო წარსულის ეს მოვლენები სხვადასხვა ფსიქოლოგიურ საზოგადოებათა სამეცნიერო კვლევის საგანი გახდა. მათ მრავალრიცხოვნებაზე შეიძლება ვიმსჯელოთ შემდეგი მონაცემების მიხედვით. ლონდონის "ფსიქიურ კვლევათა საზოგადოებამ" გასული საუკუნის 80-იან წლებში გამოაქვეყნა მარტოდენ "ცოცხალ მოჩვენებათა" 700-მდე მკაცრად გადამოწმებული და ზუსტად დამტკიცებული შემთხვევა ისე, რომ გარდაცვლილ მოჩვენებათა გამოცხადებებს არ შეხებიან.
 
ცნობილმა ფრანგმა ასტრონომმა კ. ფლამარიონმა 1899 წელს გამოაქვეყნა მოთხოვნა მისთვის ტელეპათიურ მოვლენათა ფაქტები გამოეგზავნათ. შედეგად მან მიიღო 1824-მდე წერილი, რომლიდანაც 1130 უდავო, უეჭველი და კრიტიკულად გადამოწმებული ფაქტი აარჩია. ეს იყო სულთა ტელეპათიური ურთიერთობის ფაქტები.
 
დასასრულ, ჩვენს დროში არც თუ იშვიათად, ჩვენი ვრცელი სამშობლოს (იგულისხმება რუსეთი, წინამდებარე თხზულების მწერლის სამშობლო. - "აპოკ". რედ.) მრავალ ადგილას, სხვადასხვა სახლებში ვლინდება მედიუმური მოვლენები, თანაც იმდენად მშფოთვარე, რომ ამ სახლების ბინადრები ჩვეულებრივ იძულებულნი არიან დატოვონ იქოურობა, რის შემდეგაც ეს სახლები დიდი ხნის განმავლობაში უკაცრიელდება და ბოლოს ნადგურდება.
 
სრულიად სავარაუდოა, რომ უჩვეულო მოვლენებზე საუბრისას შეიძლება შეგვხვდეს გადაჭარბებებიც, უზუსტობებიც, შეცდომებიც და ფაქტების დამახინჯებებიც. მრავალი მონათხრობი დისკრედიტირებულია სკეპტიკურად განწყობილთა მიერ მათში აღმოჩენილი ცრურწმენების, ილუზიების, სიცრუისა და თაღლითობის გამო. მიუხედავად ამისა, ყოველივე ამის გამოკლებით, მაინც რჩება უამრავი უეჭველი ფაქტი, რომელიც სერიოზულ ყურადღებასა და კვლევას იმსახურებს.
 
სანდო მოწმეთა და განსწავლულ მთხრობელთა ავტორიტეტი, მათდამი მიძღვნილი აღწერებისა და სამეცნიერო კვლევების სიუხვე, ასევე თვით მრავალ უჩვეულო ფაქტთა აღმოცენების ვითარებები და პირობები, რომლებიც გამორიცხავენ მოტყუებასა და თვითმოტყუებას, საკმარისად ადასტურებენ მათ რეალურობას.
 
თვით სახელგანთქმული კანტიც კი შორს იყო იდუმალი ფაქტების ლიტონი უარყოფისა და საქმისადმი ამრეზითი დამოკიდებულებისგან, რომელიც ასე ხშირად გვხვდება იმგვარ ადამიანებში, ყოველივეს საზომად ოდენ საკუთარ გონებას რომ ეყრდნობიან.
 
ჰუმბოლდტის აზრით, მედიდური სკეპტიციზმი, რომელიც ფაქტებს განხილვის გარეშე უარყოფს, მრავალ მიმართებაში უფრო იმსახურებს კიცხევას, ვიდრე მიამიტური რწმენა (Фламмарион. «Неведомое». СПб, 1901 г., стр.34). ამიტომაც, კარპენტერთან ერთად ვიტყვით, - დაუშვებელია იდუმალ მოვლენებზე არსებულ ყველა მონათხრობში მხოლოდ ეპიდემიური შეცდომილება დავინახოთ, რომელიც ცვლის მხოლოდ ფორმას და ერთსა და იმავე არსს ინარჩუნებს (Месмеризм, одилизм и пр., стр. 2–3). და ჭეშმარიტად, სულიერი ცხოვრების სიმდიდრე და სულის იდეალურ მისწრაფებათა სიმაღლე შეუდარებელია მიწიერ მოთხოვნილებებთან, რაც გვაიძულებს ვაღიაროთ, რომ ინდივიდუალური სულიერი არსი დაჯილდოვებულია მრავალი უნარით, რომელიც ზუსტი მეცნიერებებისთვის ჯერაც უცნობია.
 
ზოგიერთ გამონაკლის შემთხვევაში მას შეუძლია დისტანციურად იგრძნოს და იმოქმედოს გარეგანი ორგანოების გარეშე, შეუძლია აღიქვას დაშორებული ადგილი და დრო, ასევე ზემოქმედება მოახდინოს სხვა ადამიანებზე, თანაც სივრცითი შეზღუდვების გარეშე. ზუსტად ასევე ბუნების ძალები სრულად როდია ცნობილი თანამედროვე მეცნიერებისთვის. მათთან გაცნობას და მათით ზოგიერთი, განსაკუთრებული პიროვნების მიერ სარგებლობსა შეიძლება თან ახლდეს მრავალი უჩვეულო მოვლენა, რომელიც ბუნების განმარტების ჩვეულ სამეცნიერო შესაძლებლობებს აღემატება.
 
იდუმალ მოვლენათა ფაქტები ფსიქიური ცხოვრების სფეროსა და გარეგან ვითარებებში ადამიანს რომ აკრავს, იმდენად მრავალგვაროვანი და განსხვავებულია, რომ გარკვეულ ჯგუფებად მისი ზუსტი კლასიფიცირება შეუძლებელია. აქედან მომდინარეობს მათი კლასიფიკაციის მრავალგვაროვნება სხვადასხვა ავტორებთან.
 
მიუხედავად ამისა, თვით მოვლენათა ტიპიური თავისებურებების საფუძველზე, ყველაზე ადვილია მათი დაყოფა შემდეგ ჯგუფებად:
 
ა) დივინაციური მოვლენები, ანუ მომავალ მოვლენათა გამოცნობა: წინათგრძნობის და წინასწარხედვის ფაქტები, წინასწარმეტყველური სიზმრები და ნათელმხილველობა;
 
ბ) სულთა ტელეპათიური ურთიერთობის ფაქტები, ან ცოცხალ და გარდაცვლილ სულთა გამოცხადებები;
 
გ) მაგიური სასწაულები და ფოკუსები, რომლებიც ბუნების იდუმალ ძალებთან კავშირს ეფუძნება და ბოლოს:
 
დ) თავისთავადი მედიუმური მოვლენები ე. წ. მშფოთვარე სახლებში: გაუგებარი კაკუნები და ხმაურები, რომლებსაც, როგორც ჩანს გონივრული ძალები იწვევენ, - საგნების ჰაერში ფრენა და მათი გადაადგილება ხილული შეხების გარეშე, სხეულის ცალკეული ნაწილების ან ადამიანის მთელი ფიგურის მატერიალიზაცია და სხვა.
 
ყველა ამ ხსენებული მოვლენის იდუმალება და აუხსნელობა, ასევე მათი სამეცნიერო დამუშავების სიახლე, მიზეზი იყო იმისა, რომ მათ არ მიენიჭა ერთი, ზუსტი და მათი არსების განმსაზღვრელი ტერმინი. უმეტესწილად მათ მისტიურ მოვლენებს უწოდებენ და ამით მათ იდუმალებაზე უთითებენ.
 
მაგრამ ეს სახელწოდება სულაც არ განსაზღვრავს მათ არსსა და ხასიათს. თანაც, მას გააჩნია დროებითი, გარდამავალი მნიშვნელობა, რადგან დღეს აუხსნელი მოვლენა შესაძლოა უახლოეს მომავალში სრულიად ახსნადი და გასაგები გახდეს.
 
ვლ. სოლოვიოვის აზრით, რომელიც, ამ მოვლენათა ზენორმალურ ხასიათს აღიარებდა, უფრო მოხერხებულია მათ ფსიქურგიული ვუწოდოთ, რადგან ამ ტერმინით გამოიხატება მოვლენათა მთელი არსი: მათში მოქმედებს ფსიქიური სუბიექტი, როგორც დამოუკიდებელი ძალა, რომელიც სივრცის, დროისა და მექანიკური მოძრაობის პირობებს არ ექვემდებარება (См. его «предисловие» к р. пер. соч. Гернея и др. «Прижизненные призраки», СПб., 1893 г., стр. XIV).
 
ჩვენს მომდევნო განხილვებში შევეცდებით მიმოვიხილოთ ყველაზე თვალსაჩინო და გახმაურებული ფაქტები იდუმალი და უჩვეულო მოვლენების სფეროდან, რომლებიც აღბეჭდილნი არიან სანდოობისა და უეჭველობის ბეჭდით და იმსახურებენ ყურადღებას, რადგან მოწოდებულნი არიან სამეცნიერო პირთა მიერ.
 
შემდეგ შევეხებით რამოდენიმე ჰიპოთეზას და თეორიას, რომელსაც განმარტების სახით ამ ფაქტების მკვლევარები გვთავაზობენ. თავისთავად იგულისხმება, რომ იდუმალ მოვლენათა ზუსტი და საფუძვლიანი განმარტება შეუძლებელია, როგორც მათი სერიოზული შესწავლის, ასევე ჩვენი დროის სამეცნიერო შესაძლებლობების სიმწირის თვალსაზრისით. თანაც, ზედმეტი არ იქნება გვახსოვდეს, რომ ზუსტი მეცნიერების როლი უმეტესწილად მხოლოდ ფაქტების კონსტატაციით და იმ პირობების განსაზღვრებით შემოიფარგლება, რომელთა გარემოშიც ისინი ხდება; იდუმალ მოვლენათა ჭეშმარიტ მიზეზებზე კი მეცნიერებას არაფრის თქმა არ ძალუძს.
 
მაგალითად, რატომ იზიდავს დედამიწა თვითმყოფად სხეულს? რატომ იზიდავს მზე დედამიწას? რატომ ერთდებიან ჟანგბადი და წყალბადი? ეს ყველაფერი ჩვენთვის უცნობია. თუკი ფიზიკა გვეუბნება, რომ ზემოთ ასროლილი ქვა, მიზიდულობის კანონის საფუძველზე კვლავ დედამიწაზე ეცემა, ან თუკი ასტრონომი ამტკიცებს, რომ ზეციური სხეულები ერთმანეთზე მოქმედებენ მიზიდულობის კანონიდან გამომდინარე, მაშინ ეს განმარტებები მხოლოდ ფაქტის პერიფრაზირებაა და არა მისი ზუსტი განმარტება.
 
საერთოდ მითითებულ მოვლენათა მიზეზებზე შეიძლება მხოლოდ ერთი რამ ითქვას: სხეულები აწარმოებენ ცნობილ მოვლენებს, რადგან შესაბამისი თვისებები გააჩნიათ. სამეცნიერო დაკვირვებების მეშვეობით კი მხოლოდ პირობების განსაზღვრა შეგვიძლია, და არა თვით ფაქტთა მიზეზებისა. ზუსტად ასეთი დამოკიდებულება შეიძლება გვქონდეს ჩვენს მიერ მონიშნულ სფეროსთანაც. ჩვენ მოვახდენთ საკმაოდ გადამოწმებული ფაქტების კონსტატაციას და გამოვთქვამთ ვარაუდებს ამ მოვლენების არსთან და მათი წარმომავლობის პირობებთან დაკავშირებით.
 
რაც შეეხება თვით იდუმალ ფაქტთა სერიოზული შესწავლის მნიშვნელობას, ერთი რამ ეჭვგარეშეა: წმიდად თეორიული ინტერესის გარდა, - რაც სულის შემეცნებით ძალებსა და თვისებებს, ასევე მეცნიერებისთვის დღემდე უცნობ ძალებს მოიცავს, - მას შეუძლია დაგვარწმუნოს სულისა და მისი იდეალური ბუნების, მისი უმაღლესი ღირებულებისა და პირადი უკვდავების არსებობაში.


II. დივინაცია, ანუ მომავალ მოვლენათა წინასწარცნობა: წინათგრძნობა და წინაგანჭვრეტა, წინასწარმეტყველური სიზმრები და ნათელმხილველობა

ადამიანში, ზოგიერთ განსაკუთრებულ ფსიქიურ მდგომარეობაში, შეიმჩნევა წინასწარგრძნობისა და წინასწარცნობის უნარი ხვედრთან დაკავშირებით - და არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება საკუთარი, ახლობლის, მეგობრის, ნათესავის თუ სხვა რომელიმე ადამიანის ხვედრი. ასეთ მდგომარეობებს ძველად დივინაციას უწოდებდნენ და მას ადამიანის სულზე ღვთაების უშუალო და რეალურ ზემოქმედებად მიიჩნევდნენ. დივინაციის შინააარსი ძირითადად უკავშირდება პირვნებისა და მისი ახლობლების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს: სერიოზული სნეულება, სიკვდილი, საშიშროება სიცოცხლისთვის. ეს მომენტები, დადგომამდე, არცთუ იშვიათად სკმაოდ მკაფიოდ და სხვადასხვა ფორმებში აღიქმება შორსმჭვრეტელი სულის მიერ
 
დივინაციის პირველ და უდაბლეს საფეხურს წარმოადგენს წინათგრძნობები, რომლებიც თავისი სიმკვეთრით ზოგჯერ წინასწარცნობის დონემდე ადის. არსებობს მრავალრიცხოვანი გადმოცემა, დაკვირვებები და ფაქტების მთელი რიგი წინამგრძნობელობასთან დაკავშირებით.
 
ცნობილია ისეთი წინათრგძნობებიც,რომლებიც ადამიანთა სულებს შორის რეალურ და უშუალო ურთიერთობებზე მოწმობენ, განსაკუთრებით თუ ესენი არიან ახლო ნათესავები ან მეგობრები. მაგალითად, დედა, რომელიც თავისი შვილისგან მოშორებით იმყოფება, გრძნობს, რომ მას რაღაც საშიშროება ემუქრება, ან კიდევ, შვილთან ერთად ერთ სახლშია, და გრზნობს მის უბედურებას, რომელიც შეიძლება მომავალში დადგეს. ზუსტად ასევე, არცთუ იშვიათად მშობელთა უმიზეზო კაეშანი ემთხვევა სერიოზულ კრიზისს, რომელსაც შორს მცხოვრები შვილები განიცდიან.
 
ზოგჯერ წინათგრძნობა, რომელიც მოახლოვებულ საშიშროებაზე უთითებს, ისეთი კონკრეტული ფორმით გამოიხატება, რომელიც თავისი სიმკვეთრით შეესაბმება ხედვას ან ნამდვილი მოვლენის აღქმას.
 
დასასრულ, ზოგიერთი ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში გაურბის ერთი რომელიმე სახის უნებლიე სიკვდილს - ცეცხლისგან, წყლისგან და ა. შ., და ყოველ ღონეს ხმარობს, რათა თავიდან აიცილოს ამგვარი განსაცდელი, მაგრამ უბედური შემთხვევის შედეგად სწორედ იმისი მსხვერპლი შეიქნებიან ხოლმე, რისიც ეშინოდათ.
 
ამგვარი ფაქტების ზუსტი ბუნებრივ-სამეცნიერო განმარტება, მათი ზენორმალური ხასიათის გამო, შეუძლებელია. უდავოა, რომ დაუშვებელია ლაპარაკი იყოს წინათგრძნობისა და მოგვიანებით მომხდარი რეალური მოვლენის შემთხვევით თანხვედრაზე. ამის საწინააღმდეგოდ მეტყველებს თვით ამგვარ თანხვედრათა ფაქტების მრავალრიცხოვნება, რომელიც გამორიცხავს შემთხვევითობის თეორიას.
 
ასევე შეუძლებელია მსგავსი თანხვედრები აიხსნას სულის ბუნებრივი ქვეცნობიერი საქმიანობით, რომელიც ამუშავებს უკვე მიღებულ რეალურ აღქმას, როგორც აკეთებენ ამას ფსიქოლოგიის ფიზიოლოგიური მიმართულების წარმომადგენლები. მათი აზრით, საფრთხის შემცველი მრავალი წინათგრძნობა, - როდესაც, მაგალითად, ადამიანს მკაფიოდ გაცნობიერებული მიზეზის გარეშე საწოლი ოთახის ერთი კუთხიდან გადააქვს მეორე კუთხეში, ან გაუცნობიერებელი იმპულსით ერთი ადგილიდან გადადის მეორეზე, - განიმარტება ადრე აღქმული, მაგრამ ცნობიერებამდე ვერ მისული შთაბეჭდილებებით. მაგალითად, ამბობენ, რომ ადამიანს არაერთგზის შეეძლო სიზმარში აღექვა ან ჩაფიქრებულობის მდგომარეობაში მყოფს შექმნოდა ჭერის ჩამონგრევის შთაბეჭდილება, რაც ხის ჭრაჭუნმა შეუქმნა, მაგრამ ეს ყველაფერი გაცნობიერებული არ ჰქონია ან მათი სისუსტის გამო, ან კიდევ იმიტომ, რომ სხვა საგნებისადმი იყო მიპყრობილი მისი ყურადღება. შემდეგში იგივე შთაბეჭდილებები, სულის შინაგანი მუშაობის დროს, ძლიერდება, ეუფლება ყურადღებას და ძლიერი იმპულსი ხდება მუშაობისთვის, თუმცა, თავისი წარმომავლობით ადამიანისთვის გაუგებარი რჩება (1). ამის შესაბამისად, ხანძრის წინათგრძნობას ხსნიან ნამწვის სუსტი და არამკაფიო შეგრძნებების აღქმით, რომელიც უკვე დაიწყო, მაგრამ ჯერაც შეუმჩნეველია სახლის დაფარულ ადგილებში.
 
________________
 
1. ასეთ შეხედულებებს გამოთქვამენ კარპენტერი, მაუდსლი, ბიტპერი და სხვები.
 
________________
 
ასეთი ახსნა არ შეიძლება არ ვაღიაროთ საკმაოდ ხელოვნურად და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დაუჯერებლად. სუსტ და გაუცნობიერებელ შთაბეჭდილებებს ჩვენ ვიღებთ ყოველწუთიერად, ისინი განაპირობებენ მხოლოდ მათი შესაბამისი განწყობების აღმოცენებას, და ეს უკანასკნელიც ცნობიერებისთვის მისაწვდომი მხოლოდ საზოგადო ფორმის ან ტონის მხრივ ხდება.
 
რაც შეეხება იმ ხარისხობრივ განსაზღვრულობას, რომელიც მნიშვნელოვანწილად ახასიათებს წინათგრძნობებს, და განსაკუთრებით წინასწარხედვას, შესაძლოა ის სულაც არ ეკუთვნოდეს განწყობილებებს. აშკარად, არა რაიმე რეალურ შთაბეჭდილებებში მდგომარეობს წინათგრძნობის მიზეზი, არამედ სულის რომელიღაც განსაკუთრებულ, გონებრივ და მიზანმიმართულად მოქმედ ძალაში.
 
როგორც ჩანს, სულს ახასიათებს განსაკუთრებული, მეცნიერებისთვის უცნობი უნარი, რომელიც თავის საიდუმლო ქმედებებს იშვიათ და განსაკუთრებულ შემთხვევებში აღასრულებს. ჯერ კიდევ ძველ დროში პითაგორა, ემპედოკლე, ქსენოფონტე და პლუტარქე, ასევე ბერძნული ფილოსოფიის სახელგანთქმული წარმომადგენლები - სოკრატე, პლატონი და არისტოტელე სულს მიაწერდნენ წინასწარხედვის და მომავლის შეცნობის უნარს; მათი აზრით ზოგიერთ განსაკუთრებულ მდგომარეობაში სული ბატონობს სხეულზე.
 
უახლოეს დროებაში გერმანელი ფსიქოლოგი ფიხტე მცირე ცდილობდა წინასწარცნობის ფაქტების სულის განსაკუთრებული მაგიური ძალების მოქმედებით აეხსნა, რომელიც სულთა ურთიერთზემოქმედებისა და ადამიანის სულზე ღმრთის ზემოქმედების შედეგად ჩნდება.
 
კერძოდ, მისი სწავლებით, ყოველ ადამიანს სხვადასხვა ხარისხით ახასიათებს წინასწარმცნობელობის უნარი. უკანასკნელი აიხსნება ქვეცნობიერიდან, მაგრამ რეალური და უშუალო ურთიერთზემოქმედებით ადამიანთა სულებს შორის, ასევე საგნებთან, რომელთაც მათთან გარკვეული ახლო ურთიერთობა გააჩნიათ. მაგალითად, ორგანიზმის ავადმყოფური მდგომარეობის დროს, სული წინასწარ ხედავს და პოულობს სასარგებლო სამედიცინო საშუალებას, რომელიც სადღაც შორს იმყოფება (2).
 
________________
 
2. ასეა ნაპოვნი, მაგალითად, ხინინის ხე (ლათ. Cínchona), რომელიც სასარგებლოა ციებ-ცხელების მკურნალობისას, ასევე სხვა სამედიცინო საშუალებები. აქ, ფიხტეს მიხედვით, ყველაზე მკაფიოდ ვლინდება ურთიერთობა სულსა და საგნებს შორის, რომელიც წინასწარმცნობელობაში გამოიხატება.
 
________________
 
რაც შეეხება მომავალ მოვლენათა და მათ თანხმლებ შემთხვევით ვითარებათა წინასწარმცნობელობას, ის, ფიხტეს მიხედვით, ადამიანზე უმაღლეს სულთა და თვით ღმერთის ზემოქმედებით აიხსნება. ფიხტეს აზრით ამგვარი უჩვეულო აღქმებისთვის სუბიექტურ პირობად გამოდის სხეულისგან სულის დამოუკიდებლობის ცნობილი ხარისხი და მისი არაცნობიერი მდგომარეობა. ამ უკანასკნელში სული შებოჭილი არ არის შემეცნების ჩვეულებრივი ფორმებით - სივრცით და დროით - და გრძნობითი ორგანოებისგან დამოუკიდებლად მოქმედებს (Imm. Fichte’s Psychologie, s.350–382 и Anthropologie, s.379).
 
აქსაკოვი და ჰარტმანი აღიარებენ, რომ ადამიანი ფლობს განსაკუთრებულ შინაგან ცნობიერებას, რომელსაც საკუთარი ნება და საკუთარი ცნობიერება გააჩნია; გარეგანი ან ჩვენთვის ცნობილი გრძნობითი ცნობიერებისთვის ის მოქმედებს ქვეცნობიერად. ეს შინაგანი ცნობიერება ჩვენი სხეულით არ არის შემოფარგლული, არამედ აქვს გონებრივი ურთიერთობის უნარი სხვა ადამიანურ არსებებთან: მას შეუძლია არა მარტო აღიქვას უცხო ცნობიერების გონებრივი შინაარსის შთაბეჭდილებები - შინაგანი ან გარეგანი, - არამედ შეუძლია საკუთარი გარეგანი გრძნობების მეშვეობის გარეშეც გადასცეს მას საკუთარი შთაბეჭდილებები. გარდა ამისა, შინაგანი ცნობიერება ფლობს უნარს აწმყო და წარსული შეიცნოს, როგორც ფიზიკურ სამყაროში, ასევე გონებრივშიც, - ეს არის შემეცნება, რომელიც შეზღუდული არ არის არც დროით, არც სივრცით და არც შემეცნების ჩვეულებრივ გზებზეა დამოკიდებული (იხ. А. Н. Аксаков."Анимизм и спиритизм", изд. 2, стр. 181 და Э. Гартман"Спиритизм", стр. 15). ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი ტ. ფლურუა და ბიტნერი ასეთ მდგომარეობას "ქვეცნობიერს", ანუ დაფარულ ცნობიერებას უწოდებენ (Битнер. «Верить или не верить», Спб. 1899 г., стр. 110).
 
მართალია, თავიანთ კერძო მიკვლევაში ეს ჰიპოთეზები მეტ-ნაკლებად თავისუფალია, მაგრამ მაინც, მათი ძირითადი აზრი მცირედითაც არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ სწავლებას ღმრთის განგებულებაზე, რომელიც ხელმძღვანელობს ადამიანს ყველა მის გზაზე მთელი ცხოვრების განმავლობაში.
 არაფერია დაუჯერებელი იმაში, რომ საღმრთო განგებულების მოქმედებები და ჩვენზე მფარველი ანგელოზის ზემოქმედება შეიძლება, სხვათა შორის, გამოხატულ იქნას ჩვენი წინათგრძნობებისა და წინასწარმცნობელობის სახით. ხოლო ამ ზემოქმედებათა აღქმა, რომლებიც განპირობებულნი არ არიან გრძნობათა გარეგანი ორგანოებით, ბუნებრივად გვაიძულებენ ვივარაუდოთ სულში არსებული ზენორმალური უნარის არსებობა, რომელიც ამ აღქმათა შესაბამისია. მოცემულ შემთხვევაში ჯეროვანია ვისარგებლოთ სენატორ ლუბიანოვსკის მსჯელობით, რომელიც, ჰყვება რა უმნიშვნელო ამბავს, რომელმაც აიძულა მას ჭერის ჩამონგრევამდე ერთი წამით ადრე ამდგარიყო საწოლიდან, ამბობს: ადამიანის სულს მიეწერება წინათგრძნობისა და მომავლის წინასწარხედვის ბუნებრივი უნარი, მე კი, გულით მწამს უფლის მოწყალებისა, რომელიც ითმენს ჩვენს ცოდვებს და სინანულისკენ მოგვიწოდებს.


გაგრძელება იქნება

წყარო: Мир таинственных явлений / М. О. Вержболович. Издание второе. Санкт-Петербург, издание книгопродавца И.Л. Тузова, 1904 г.
Назад к содержимому