ღვთისმეტყველება - "სული" და "მშვინვა" წმიდა მამებისეულ ღვთისმეტყველებაში - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
"სული" და "მშვინვა" წმიდა მამებისეულ ღვთისმეტყველებაში
სული, მშვინვა და სხეული
მღვდელ ანდრია ლორგუსის წიგნიდან: მართლმადიდებლური ანთროპოლოგია. ნაწილი II. ადამიანის ბუნება.
  
7.2. «სული» და «მშვინვა» წმიდა მამებისეულ ღვთისმეტყველებაში
 
7.2.1. მუდმივი დავა
 
საკითხი ადამიანის არსების შემადგენლობაზე დღემდე ცალსახად გადაუწყვეტელია. როგორია ადამიანის შემადგენლობა? ადამიანი სამი არსებითი ნაწილისგან შედგება თუ ორისგან?
 
პირველი სქემა (როგორც უკვე ვნახეთ) მომდინარეობს წმიდა მოციქულ პავლესგან, რომელიც თესალონიკელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში წერს: "თვით მშვიდობის ღმერთმა წვიდა-გყოთ მთელი სისრულით, რათა თქვენი სული, თქვენი სამშვინველი და თქვენი სხეული უმწიკვლოდ იქნეს დაცული ..." (1 თესალონიკ. 5:23).
 
ეს ტრადიცია მიიღო მართლმადიდებელ ღვთისმეტყველთა უმრავლესობამ.
 
მეორე სქემას, თუმც კი მხარს უჭერს უმცირესობა, მაინც საკმაოდ აქტუალური რჩება. ადამიანი შედგება სულისა და სხეულისგან. ეს ეთანხმება ბიბლიურ ანთროპოლოგიას. "დაბადების" წიგნში (დაბ. 2:7) ლაპარაკია ადამიანის შექმნის ორ ეტაპზე: პირველი - "გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან", და მეორე - "შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა". თხრობის ლოგიკა გვკარნახობს სწორედ ორნაწილევან სქემას. მეტიც, "სულზე", როგორც ადამიანის განსაკუთრებულ არსზე აქ ლაპარაკი არ არის.
 
ამრიგად, არსებობს ორი ტრადიცია: ტრიადოლოგიური და დიადოლოგიური, ანუ ტრიქოტომიული და დიქოტომიური. ერთსაც და მეორესაც საკმაოდ ავტორიტეტული დამცველები და გამაგრძელებლები ჰყავს, ისევე როგორც ოპონენტებიც. მაგრამ დავა, როგორც ასეთი, არასოდეს ყოფილა, რადგან ერთი და მეორე ტრადიცია შეხმატკბილებული იყო ადამიანთან მიმართებაში, კერძოდ: ადამიანი შექმნილია მშვინვისა და ხორცისგან, მაგრამ მას სულიც აქვს. მეტიც, ორივე ტრადიცია არაწინააღმდეგობრივია, რამეთუ გამოდიან სხვადასხვა მეთოდოლოგიური სქემებისგან. ტრიადოლოგიური გამოდის სქემისგან, სადაც სული არის მოქმედი, რეალური ძალა. ხოლო დიადოლოგიური სქემა გამოდის ონტოლოგიიდან და ამტკიცებს მხოლოდ იმას, რომ არსებობს შექმნილი და არა მინიჭებული (სული) არსება.
 
 
7.2.2. დიადოლოგიური სქემები
 
"... რა არის ადამიანი, თუ არა სულისა და ხორცისგან შემდგარი გონიერი ცხოველი? (ფსევდო იუსტინე. fr. res. О воскресении: фрагмент. М. 6.585В).
 
"... მან ადამიანი უკვდავი სულისა და სხეულისგან შექმნა (ათენაგორა ათენელი. res. О воскресении мертвых. 13 М. 6.1000В).
 
"... ადამიანად ... ის ბუნებითად იწოდება: არც სული სხეულის გარეშე, არც, პირიქით, სხეული უსულოდ, არამედ ის, რაც სხეულისა და სულის შეერთებით შედგა ერთ ხატად" (მეთოდე პატრელი. res. О воскресении мертвых. 1.34 GCS vol.27,1917 р.272; М. 41.1097D).
 
"რადგან ადამიანი ორი ნაწილისგან, სულისა და სხეულისგან შედგება, განწმენდაც ორგვარია" (წმ. კირილე იერუსალიმელი. Кирилл Иерусалимский, святитель. Поучения. С.33)
 
"სამად კი არ ჰყოფს ადამიანს საღვთო წერილი, არამედ ამბობს, რომ ეს ცხოველი შედგება სულისა და სხეულისგან" (ღირ. თეოდორიტე კვირელი. ham. Пять книг о баснословии еретиков. 5.10. М. 83.492А).
 
ღირსი მამის უკანასკნელი გამონათქვამი, როგორც ჩანს, უფრო ძველი აღთქმის წიგნებს განეკუთვნება, რომლებშიც უფრო ხშირად ლაპარაკია ადამიანის ორნაწილევან ბუნებაზე. ახალ აღთქმაში, უფრო სწორედ მოციქულ პავლეს ეპისტოლეებში, პირველობს სწავლება ადამიანის სამნაწილედობაზე.
 
 
7.2.3. ტრიადოლოგიური სქემები
 
ტრიადოლოგიური მიდგომის საფუძველში ძევს მოციქულ პავლეს ღვთისმეტყველება: "თვით მშვიდობის ღმერთმა წვიდა-გყოთ მთელი სისრულით, რათა თქვენი სული, თქვენი სამშვინველი და თქვენი სხეული უმწიკვლოდ იქნეს დაცული ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისთვის" (1 თესალონიკ. 5:23) (ტექსტი გამოყოფილია ა. ლ.-ს მიერ).
 
ეს ტრიადოლოგიურ მიდგომას ანიჭებს უფრო მეტ წონას და ავტორიტეტს. მართლმადიდებლურ ანთროპოლოგიაში უპირატესად ვითარდება ეს მიდგომა.
 
"... სრულყოფილი ადამიანი შედგება სხეულის, სამშვინველის და სულისგან" (წმ. ირინეოს ლიონელი. ham. Пять книг против ересей. 5.9.1. М. 7.1144В).
 
"... ადამიანი შედგება სხეულის, მშვინვის და სულისგან" (ორიგენე. princ. О началах. 4.2.4. GCS vol.22, 1913 р.313.2; М.11.365А).
 
"... ადამიანი ამ სამისგან შედგება, და ამის მოწმეა პავლე, რომელმაც ეფესელებზე ხორცის, მშვინვისა და სულის მადლს მოუწოდა (პროკოფი ღაზელი. Cen. Катены на Осмокнижие. 1:26. М. 45.1233С).
 
უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ ორნაწილედობაზე ითქმის "შედგება" და "შეიქმნა", მაშინ როდესაც სამნაწილედობაზე - მხოლოდ "შედგება". ეს შეიძლება განიმარტოს, როგორც ირიბი მოწმობა იმისა, რომ ადამიანის სულზე, როგორც ქმნილებაზე ლაპარაკი არაკორექტულია.
 
მაგრამ წმიდა წერილში გვხვდება არა ტერმინი "შექმნილი სული", არამედ "გამოსახული", შექმნილის აზრით:
 
"... ასე ამბობს უფალი; რომელმაც გადაფინა ცა და დაამყარა მიწა, რომელმაც გამოსახა ადამის სული მის წიაღში" (ზაქ. 12:1).
 
სხვა ადგილას ჩვენ ვხვდებით ადამიანის სულის "შობას", და არა "შექმნას":
 
"ხორცის მიერ შობილი ხორცია და სულის მიერ შობილი - სული" (იოანე 3:6).
 
ნათქვამი მხოლოდ აძლიერებს ტრიადოლოგიური მიდგომის გაგებას, რომლის დროსაც ცნება "სული" ეხება არა შექმნილ ბუნებას, არამედ ღმრთისგან ბოძებულ ნიჭს, რომელიც აღემატება ბუნებას. ამასთან სული სრულყოფილია დაცემულ ბუნებასთან შედარებით, და ალბათ აღემატება კიდეც მას, შესაძლოა ადამიანის სრულყოფის მიზნით:
 
"მშვინვა რაღაც შუალედურია უძლურ ხორცსა და კეთილ სულს შორის" (ორიგენე. Цит. по: Киприан (Керн), архимандрит. Антропология святителя Григория Паламы. С. 119).
 
"სული, თავისთავად მიტოვებული, უკვე ვეღარ იქნებოდა მშვინვისა და სხეულის ბატონი, არამედ წარტაცებულ იქნა და თვითონ, დაეუფლა მათ" (ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული. Феофан Затворник, епископ. Что есть духовная жизнь. C.74,75).
 
მოტანილი მაგალითებიდან ჩანს, რომ ორივე თვალსაზრისი საკმაოდ საფუძვლიანად არის არგუმენტირებული და ავტორიტეტულად წარმოდგენილიც. ჩვენ დღეისთვის არ გვაქვს არც საღვთისმეტყველო, არც სხვა აუცილებლობა გავაერთიანოთ ეს ორი თვალსაზრისი ან მივიღოთ ერთი და უარვყოთ მეორე. მათი აღრევაც არ შეიძლება. თუკი გავაგრძელებთ ადამიანის მშვინვისა და სულის განხილვას, როგორც ერთიან სულიერ ბუნებას ადამიანში, სიძნელეებს მაშინაც წავაწყდებით. სული და მშვინვა თუ ერთი და იგივე ბუნებაა, მაშინ სულის მშვინვაზე უპირატესობა კარგავს ონტოლოგიურ ძალას, და ხდება მხოლოდ ყოფიერების ზნეობრივი ასპექტი. თუკი სული სხვა ბუნებისაა, სულიერია და უტოლდება მშვინვას, როგორც ვასწავლოთ მაშინ სულის ქმნილებაზე? როგორც შემოქმედის ცალკე აღებულ შემოქმედებით აქტზე? ცხადია, რომ საღვთისმეტყველო ვითარება ამასთან უფრო მძაფრდება და იძაბება. შეიძლება თუ არა განვასხვავოთ სული და მშვინვა ისე, რომ არ დავარღვიოთ შემოქმედებითი აქტის ერთობა, ღმრთის მიერ "სულის შთაბერვა"? გამოსავალი, როგორც ჩანს, შეიძლება იყოს იმაში, რომ ონტოლოგიურ მიდგომაში საჭიროა განვასხვავოთ ადამიანის ორი ბუნება, ღმრთითშექმნილი სული და სხეული, ხოლო ეგზისტენციალურში - სამი ონტოლოგიური დონე: სული, მშვინვა და სხეული (ასეთი გაგება არის საავტორო ვარაუდი. არსებობს სხვა თვალსაზრისებიც, რომლებიც მყარ ტრიადოლოგიურ საფუძველზე რჩებიან. მაგალითად, პ. ი. მალკოვის აზრი. იხ. წმიდა ტიხონის მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ინსტიტუტის (ПСТБИ) ყოველწლიური საღვთისმეტყველო კონფერენციის მასალები. 2003 წ. სხვა აზრი აქვს მღვდელ ვლადიმირ შმალის. მის გაგებას შეიძლება ვუწოდოთ დიადოლოგიური. ის ადამიანის სულს განიხილავს, როგორც მშვინვის ნაწილს, რომელიც არის განსაკუთრებული, უმაღლესი, მაგრამ მაინც მშვინვის ბუნების ნაწილი - ა. ლ.).
 
ეს ნაწილობრივ გასაგებია, თუკი ყურადღებით განვიხილავთ რა იგულისხმება "მშვინვასა" და "სულში" სამნაწილევან სქემებში.
 
 
7.2.4. "მშვინვისა" და "სულის" მსგავსება
 
ბიბლიურ ანთროპოლოგიაში ადამიანის მშვინვას ხშირად "სული" ეწოდება. ეს გასაგებია, თუკი გავიხსენებთ, რომ მშვინვამ საკუთარი არსება მიიღო სულისგან (ღმრთისგან - "აპოკ." რედ.), "მობერვისგან". თავისი უკიდურესი კატეგორიული განსაზღვრებით, ბუნებით, მშვინვა არის კიდევაც სული.
 
სწორედ ამ მიმართებით უნდა გავიგოთ, როგორც ჩანს, წმ. იოანე ოქროპირის გამონათქვამიც:
 
"ადამიანებში არ არის არანაირი განსხვავება სულსა და მშვინვას შორის: არამედ ეს ორი სახელწოდება აღნიშნავს ერთსა და იმავეს, როგორც ერთი და იგივეა სხეული და ხორცი" (Цит. по: Киприан (Керн), архимандрит. Указ. соч. С.168).
 
როგორც უკვე დავინახეთ, "მშვინვა" და "სული" ხშირად - უბრალოდ სინონიმებია. თანაც ეს ვრცელდება როგორც მშვინვის არსზე, ასევე მშვინვის მდგომარეობაზეც, რომელიც არის სულიერი ან ფსიქიური მდგომარეობანი. ასე, მაგალითად, "მოწყინება", როგორც მშვინვის მდგომარეობა "მოწყინების სულად" იწოდება.
 
"უფალო, ყოვლისა მპყრობელო, ღმერთო, ისრაელისა, სული შევიწროებული და სული შეწუხებული შემოგღაღადებს შენ" (ბარუქი. 3:1).
 
ასევე უნდა გავიგოთ "სული გულისხმისყოფისა", "სული სიცრუისა", "სული შურისა" და ა. შ.
 
ამრიგად, ცნებების "მშვინვისა" და "სულის" მსგავსება შეიძლება გავიგოთ, როგორც ბუნებრივი და იგივეობრივი საქმიანობითი მსგავსება, ასევე როგორც მეტაფორული სინონიმია.
 
 
7.2.5. განსხვავებანი ცნებებში "მშვინვა" და "სული"
 
ამ ორ ცნებას შორის განსხვავებანი მრავალგვაროვანია და ეფუძნება, ჯერ-ერთი, მათი მოქმედებების თვისებათა განსხვავებას, მეორეც, მშვინვის ფლობას და სულის არფლობას, და, მესამე, მათი მოქმედებების შედეგებს.
 
"სხვა არის სიცოცხლის სუნთქვა, რომელიც ადამიანს შეიქს ფსიქიურ არსებად, და სხვა - სული ცხოველმყოფელი, რომელიც ადამიანს სულიერად შეიქს" (წმ. ირინეოს ლიონელი. Цит. по: Позов А. Сын человеческий. С.31).
 
როდესაც სრულყოფილი კაცი, მოღვაწე და მლოცველი, აღწევს სულიერ ჭვრეტას, ჩვეულებრივი ფსიქიური მოქმედებები ჩერდება, და მაშინ მოქმედებს სული:
 
"... კაცი მაშინ ხედავს (ღმრთის ხილვისას - ა. ლ.) სულით, არც გონებით და არც სხეულით; მან ზუსტად იცის, რომ ხედავს ნათელს, რომელიც უზეშთაესია ნათელზე, მაგრამ რით ხედავს მას, იმხანად მან არ იცის და თავისი ხილვის ბუნების გამორკვევაც მას არ შეუძლია იმ სულის გამოუკვლეველობის გამო, რომლითაც ხედავს (Григорий Палама, святитель. Триады в защиту священнобезмолствующих. С.82 // ქართულად. იხ. წმ. გრიგოლ პალამა. ტრიადები საღმრთოდ მდუმარეთა დასაცავად. წიგნი I. ტრიადა I. 3. გურჯაანის ყოვლადწმიდის მონასტერი. 2014 წ. გვ. 99).
 
იერარქია, რომელშიც სული არის ადამიანში უზენაეს უნართა ნიჭი, ხოლო მშვინვა სულთან მიმართებაში - ფსიქიური, გრძნობითი უნარი, მყარდება არა მხოლოდ, როგორც ზნეობრივი კატეგორია, არამედ როგორც ყოფითი წესრიგი. მშვინვა - ეს არის გონება, გუილ, სინდისი, შეგნება, ხოლო სული - ჭვრეტა, ცოდნა, სიყვარული. როგორც გინდ ნაწილდებოდეს მშვინვის თვისებები ან ძალები, ანუ ის, რაც ფსიქოლოგიაში ფსიქიკის ფუნქციებად იწოდება, სრულყოფილების დონეების მიხედვით, სულ ერთია, სულიერი ცხოვრების სიმდიდრე და მადლმოსილება არ შეიძლება დაყვანილ იქნას მშვინვამდე და მის გამოვლინებებამდე. სული თავად მოწმობს საკუთარ თავზე. თანაც სულიერი ადამიანში ყოველთვის ზემოდანაა, "არა თავისია", მადლისმიერია. ამის შესახებ მოწმობს წმ. ირინეოს ლიონელი:
 
"მშვინვა და სული შეიძლება იყონ ადამიანის ნაწილები, ... სრულყოფილი კაცი არის მშვინვის ერთობა და კავშირი, რომელიც იღებს მამის სულს, ხორცთან, რომელიც შექმნილია ღმრთის ხატად" (წმ. ირინეოს ლიონელი. Ириней Лионский, святитель. Творения. С.455.)
 
სული შეიძლება განხილულ იქნას, როგორც ადამიანის ნაწილი, მაგრამ მხოლოდ ყოფიერებაში. ადამიანი "იღებს" საკუთარ სულს "მამის სულისგან". ეს არის წმიდა მამებისეული ღვთისმეტყველების უმთავრესი აზრი.
 
მაგრამ ადამიანის სულის შინაგანი ცხოვრება რთულია და იდუმალი. ჩვენ ვასწავლით, რომ სული არის მშვინვის მრავალი მოძრაობისა და მისი ცხოვრების მრავალი მოვლენის მიზეზი, მაგრამ ამაზე გვერდიდან დაკვირვება არ ძალგვიძს. როგორც უკვე ითვა, სული თავისთავად მოწმობს. ერთ-ერთი მკაფიო და დამაჯერებელი მოწმობა სულისა არის ადამიანის მეტყველება.
 
"ადამიანში არის გონება, სიტყვა და სული; არც გონება არის სიტყვის გარეშე, არც სიტყვა სულის გარეშე, არამედ ყოველთვის ერთმანეთში არიან ისინი და თავისთავადაც. გონება მეტყველებს სიტყვის საშუალებით, და სიტყვა ვლინდება გონების მეშვეობით" (ღირ. გრიგოლ სინელი. Добротолюбие. Т.5. С.186).
 
ჩვენ უნდა დავადასტუროთ განსაკუთრებული სირთულის მქონე დოგმატური პრობლემის არსებობა. მშვინვასთან და სულთან დაკავშირებით ის მდგომარეობს წმიდა მამებისეული ღვთისმეტყველების არაერთმნიშვნელობაში. მაგრამ მაინც ვცადოთ ჩამოვაყალიბოთ მისი განსაზღვრება.
 
1. მშვინვა არის სუვერენი, პირადი ყოფიერების სუბიექტი. სული არის მოქმედება, ენერგია, ნიჭი, ხარისხი და ის არ ეკუთვნის ადამიანს, ადამიანი არ ფლობს სულს.
 
2. მშვინვა ყოველთვის ერთი და იგივეა ადამიანში; ის მას სიცოცხლეში არ ერთმევა, ის ცხოვრობს სიკვდილის შემდეგაც. სული მოდის და მიდის, ერთი სული ცვლის მეორეს. ის შეიძლება წართმეულ იქნას, რაც არ ნიშნავს ფიზიკურ სიკვდილს. ის შეიძლება "განაცხოველებდეს" მშვინვას, და შეიძლება ტოვებდეს მას.
 
3. დასასრულ, მშვინვა არის სულიერი "სხეული", არსი; სული არის ენერგია, მოქმედება, ხარისხი (ქმნილ სულთაგან, არსთაგან განსხვავებით).
 
თუკი სული სხვა ბუნებითი ძალაა, ენერგიაა, რომელიც მშვინვაში მოქმედებს, მაშინ ადამიანის დაცემულ ბუნებაში არის ის, რაც რჩება სინანულის, იმედის, აღდგენის, განახლების, რწმენის და სიყვარულის წინდად. თუკი სული ბუნებაა, მაშინ, ის დაცემული ბუნება უნდა იყოს, და ადამიანში ვერსად იქნება სახილველი "ღმრთის ნაპერწკალი", ვერსად იქნება სახილველი ღმრთის ნათელი. მაგრამ კაცობრიობის მთელი რელიგიური გამოცდილება, ტანჯვა და სასოება, მოწმობენ ადამიანში საღმრთო სიკეთის არსებობას.
 
თუმცა, ასეთი შეხედულება ერთადერთ შესაძლო თვალსაზრისად არ უნდა ჩავთვალოთ. კიდევ ერთხელ უნდა გავუსხვათ ხაზი, რომ წმიდა მამებისეულ ანთროპოლოგიაში ადამიანის მშვინვისა და სულის ურთიერთმიმართება საბოლოოდ არ არის ფორმულირებული, და, გამოვთქვამთ ჩვენს ვარაუდს, რომ შეუძლებელია ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იქნას გადაწყვეტილი.
 
და მაინც, უფრო ადვილია ადამიანის სული წარმოვიდგინოთ ისეთ არსად, რომელიც არ ეკუთვნის ქმნილ ბუნებას, და მისი მოქმედება განვიხილოთ, როგორც ადამიანის ყოფიერების უმაღლესი ფორმა, ვიდრე ვასწავლოთ ქმნილ სულზე, და, მაშასადამე, მის დაცემულობაზე, როგორც ყველაფერი ადამიანში, და ყოველივე უმაღლესი ადამიანში განვაკუთვნოთ მასში მოქმედ ღმრთის მადლს.
 
 
7.2.6. სულის თავისუფლება
 
თვით სიტყვა და მეტყველება სულიერი ცხოვრების უმთავრესი მოწმობაა, მაგრამ როგორც ადამიანის მთელი ცხოვრება, ასევე მისი მეტყველება შეიძლება იყოს არასულიერი, მისი სიტყვა კი ცრუ და მომატყუებელი. ცოდვამ, პირველყოფილ დანაშაულში, გახლიჩა ოდესღაც ცოცხალი კავშირი ადამიანისა ღმერთთან. იმ დროიდან სულს შეუძლია დატოვოს ადამიანი, და ადამიანს არანაირი ძალაუფლება არ გააჩნია მასზე.
 
"კაცი არ ბატონობს სულზე, არავის ძალუძს სულის შეკავება" (ეკლ. 8:8) (1)
 
________________
 
1. რუს.: Человек не властен над духом, чтобы удержать дух // სლავ. Несть человека владущаго духомъ, еже возбранити духу // ბერძნ.: οὐκ ἔστιν ἄνθρωπος ἐξουσιάζων ἐν πνεύματι τοῦ κωλῦσαι σὺν τὸ πνεῦμα... // ლათ.: Non est in hominis potestate dominari super spiritum nec cohibere spiritum // ინგლ (NKJV - New King James Version): No one has power over the spirit to retain the spirit...
 
________________
  
ერთ-ერთი უმთავრესი განსხვავება სულის მოქმედებისა მშვინვის მოქმედებისგან სწორედ იმაშია, რომ მშვინვა განუყოფელია ადამიანისგან, მისი პიროვნებისგან, როგორც აქ, ამ ცხოვრებაში, ასევე საიქიოშიც. სანამ ადამიანი ცოცხალია, მშვინვა მას არ ტოვებს, სხეულისგან არ განცალკევდება, ხოლო სულს შეუძლია დატოვოს კიდეც ადამიანი, თუნდაც დროებით. ადამიანის არასულიერება უმძიმესი სნეულებაა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს შესაძლებელია და ხშირად გვხვდება კიდეც.
 
ამგვარად, ადამიანის სულის, ონტოლოგიურად ადამიანს არ ეკუთვნის. ადამიანი სარგებლობს სულის ნაყოფებით, მაგრამ არ ფლობს მას. სული არ შედის მის თავისუფლებაში. სულის ნაყოფით რომ ისარგებლოს, ადამიანს ძალისხმევა მართებს მოიხვეჭოს მადლი. თავისუფალი რომ გახდეს ადამიანი სულის დახმარებით უნდა ამაღლდეს საკუთარ თავზე, ანუ საკუთარ ბუნებაზე. თავისუფლება იპოსტასური თვისებაა.
  
წყარო: Священник Андрей Лоргус. Православная антропология. Часть II. Природа человека. Глава 7. Дух человека 7.1 – 7.2.6.
 
https://azbyka.ru/otechnik/antropologiya-i-asketika/pravoslavnaja-antropologija/2_93#note404
Назад к содержимому