სწავლანი > ღვთისმეტყველება
ნათლისღება - ღვთის განცხადება
ავტორი: თეიმურაზ ბუაძე. ღვთისმეტყველების მეცნიერებათა დოქტორი.
ქრისტიანული სწავლებით, ღმერთი ყველგან არის. ისაა სული, რომლითაც ივსება ყველა და ყველაფერი - სული, რომელიც "სადაც ინებებს ქრის და მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და სად მიდის" (იოანე 3:8). ის ხან მრისხანე ძალით ვლინდება - ელვასა და ჭექა-ქუხილში, ხანაც სინაზით და სიტკბოებით - ნიავის ქროლვაში. საღმრთო გამოცხადება გვასწავლის, რომ მისი საყდარი ზეცაშია და მისი ქალაქი ზეციური იერუსალიმია; ამ მინიშნებებით ვიგებთ იმ გარემოებებს, რომელშიც ღმერთი უფრო აშკარადაა გაცხადებული, ვიდრე ჩვენთვის - ამქვეყნად მცხოვრები ადამიანებისთვის; რადგანაც, როგორც წმინდა ეკლესია გვასწავლის, ადამიანის მიერ ღვთის ჭვრეტისა და შემეცნების შეესაძლებლობა ამქვეყნად ბევრად ჩამორჩება იმას, რაც მომავალში - იმ ქვეყნად, ზეციურ სასუფეველში დამკვიდრებულ ადამიანებს მიეცემათ (1 კორინთ. 13:12).
ღმერთი თავისუფალი და დაუსაბამოა და ის ნივთიერ, ხილულ სამყაროში მოქმედებს. მას არც უძრაობის ვალდებულება აწუხებს და არც პირიქით - მოძრაობისა; ამიტომაც შეუძლია საკუთარი განზრახვა ისე აღასრულოს, როგორც სურს და სადაც სურს. ღმერთი ყოველგანმყოფია და შეუზღუდავი. ამიტომაც შეზღუდული სული ადამიანისა მის შეთვისებას კონკრეტული, მკაფიოდ გამოვლენილი სახე-ხატებით ახერხებს. აბა, სხვაგვარად როგორ შემოსაზღვრავს, როგორ მოიცავს ქმნილება უსასრულოსა და უსაზღვროს, თუ არა მხოლოდ იმდენად, რამდენადაც თავად ის, უსასრულო, ყოველგან მყოფი და უსაზღვრო ღმერთი მოისურვებს, რომ გამოუჩნდეს, გამოეცხადოს ადამიანს - მხოლოდ ამდენად შეითვისებს მას ადამიანი. როგორც ისაა შესაძლებელი ჩვენთვის, - ადამიანებისთვის - რომ ღმერთის უხილავი ძალა შევიმეცნოთ ამქვეყნიურ, ნივთიერ სამყაროში მისი უეჭველი მოქმედებების მეშვეობით, ასევეა შესაძლებელი ისიც, რომ უხილავი ღმერთის გამოვლინება ამქვეყნიური სახე-ხატების საშუალებით ვიხილოთ. ერთიცა და მეორეც ღვთის ძალის ამქვეყნიურ გამოცხადებას წარმოადგენს.
ქრისტიანობა ღვთაების იმდენად სრულყოფილი გამოვლინებაა, რამდენადაც ეს საერთოდ შესაძლებელია ამქვეყნად. ცოდნა ამ უდიდესი საიდუმლოს შესახებ ადამიანს ყველაზე აშკარად სწორედ იესუ ქრისტეს ნათლისღების მომენტში მიეცა.
ქრისტეს განკაცებამდე ღმერთი ადამიანს პატარა ბავშივით ელაპარაკებოდა; ადამიანი-ბავშვისთვის უფალი თავის სიმართლესა და ჭეშმარიტებას ხელშესახები და გრძნობადი სახე-ხატებით აჩვენებდა; ამდენად, თავიდან ღმერთი ადამიანებს ჭეშმარიტებას უცხადებდა წერმოსახვისა და განცდისათვის გასაგებ ენაზე, ქრისტემ კი უჩვენა მათ ის, რაც ზრდასრულთათვის იყო განკუთვნილი.
თუკი წარმოვიდგენთ, რომ ძველი აღთქმის მამათმთავართა, მართალთა, მამათა და წინასწარმეტყველთათვის ღმერთს არასოდეს გამოუცხადებია წმინდა სამების საიდუმლო ისეთი სიცხადით, როგორც ეს ნათლისღების დროს გააკეთა, მაშინ გასაგები გახდება, თუ რატომ უწოდებს ეკლესია ამ დღეს "განცხადებას".
მახარებლები ერთხმად მოგვითხრობენ: ამ დროს მამამ ზეციდან დაადასტურა, რომ იესუ მისი საყვარელი ძეა და სულიწმიდა მტრედის სახით გადმომავალი დადგა მასზე (მათე 3:16-17; მარკ. 1:9-11; ლუკა. 3:21-22). შესაბამისად, სწორედ ამ დროს, როგორც დღესასწაულის საგალობელი ამბობს, "სამების თაყვანისცემა გამოჩნდა". სამების თაყვანისცემა და მისი სახელით ნათლობა არის პირობა იმ სამეფოს მოქალაქობისა, რომელიც ქრისტემ კაცობრიობის გამოხსნის შედეგად დააფუძნა. ამაღლების წინ მან ეს სიტყვები წარმოთქვა: "მომეცა მე მთელი ძალაუფლება ცაში და ქვეყანაზე. წადით და დაიმოწაფეთ ყველა წარმართი და მონათლეთ ისინი მამის, ძის და სულიწმიდის სახელით და ასწავლეთ მათ - დაიცვან ყოველივე, რაც გამცნეთ თქვენ. და აჰა, მე თქვანთან ვარ ყოველდღე, საუკუნეთა დასასრულამდე. ამინ" (მათე 28:18-20).
აქედან ცხადია, თუ რატომ ითხოვს ეკლესია ყოველი მისი წევრისგან ღვთის მართებულ რწმენას; თუკი ადამიანს ღმერთის შესახებ სწორი ცოდნა არა აქვს, ის ვერ ჩაერთვება ღვთის მადიდებელ - მართლმადიდებელ ცხოვრებაში; ამიტომაც, უმეცრება ღვთისა დიდ სირცხვილად ითვლება ეკლესიაში: "ზოგიერთი თქვენგანი არც იცნობს ღმერთს. თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ" (1 კორინთ. 15:34) - წერს პავლე მოციქული. ეს მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ქრისტიანული ცხოვრების უმთავრეს მიზანს სწორედ იმგვარი სრულყოფის მიღწევა წარმოადგენს, რომ მორწმუნემ საკუთარი თავი სრულად დაივიწყოს და თავისი ცხოვრებით ადიდოს ყოვლადწმინდა სამება - მამა, ძე და სულიწმიდა უფალი.
ყოვლადწმიდა სამების სახელით ნათლობა, რომელიც ქრისტემ თავად დაადგინა, ისევე, როგორც თავად მისი ნათლისღება, წყლის მეშვეობით ხდება, რაც, თავის მხრივ, საღმრთო განგებულებით იქნა განწესებული. წყალი წმინდა წერილის დასაწყისშივე არის ნახსენები: "სული ღმრთისა იქცეოდა ზედა წყალსა" (დაბ. 1:2); წყალი გამუდმებით იხსენიება ძველსა და ახალ აღთქმაში, როგორც ყოველნაირი სიცოცხლის, განახლების, განწმენდის, ღვთის მადლის მოქმედების საშუალება: ნათლის ღრუბელი, რომელიც აგრილებდა და იცავდა მოსეს მიერ ეგვიპტიდან გამოყვანილ ებრაელ ხალხს, კლდიდან სასწაულებრივად გადმოსული წყალი, რომელიც არწყულებდა ამ ხალხს და სხვ. ამავე დროს, წყალი იყო დამღუპველი ყველასთვის, ვინც ვერ გადაურჩა ღვთის რისხვას: ნოეს დროს, როცა მოხდა წარღვნა; მოსეს დროს, როცა ფარაონი თავის ამალასთან ერთად შთანთქა წითელმა ზღვამ...
ზოგიერთი ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ნათლისღება იესუ ქრისტეს ამყვეყნიურ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მომენტია, რადგან ის, გარკვეული აზრით, ქრისტეს მომავალი საშინელი ტანჯვის საწინდარია; უფალი თავისი პირველი ქადაგების წინ, თავისი ჯვარცმისკენ მომავალი გზის დასაწყისში საკუთარ თავზე იღებს ადამიანის დაცემის მთელ სიმძიმეს და ეშვება წყალში, რომელიც თავის თავში შეიცავს მთელი დაცემული კაცობრიობის ცოდვას - მთელ მის მომაკვდინებელ შხამსა და ბოროტებას. ამის შესახებ ამბოდა ესაია წინასწარმეტყველი: "მან იკისრა ჩვენი სნეულებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი" (ეს. 53:4); ეს მომენტი ყველაზე მეტად ქრისტეს გეთსემანიის ბაღში განმარტოებისა და ჯვარცმის შემაძრწუნებელ მომენტებს მოგვაგონებს - როცა ქრისტე ადამიანის ხვედრს ტვირთულობს, ხოლო ჯოჯოხეთში ჩასვლით მთავრდება ეს პროცესი და ბოროტებაზე საბოლოო გამარჯვება მოიპოვება. ამიტომაცაა ეს დღესასწაული ასეთი დიდებული და შესანიშნავი, რომ იორდანის წყალი ქრისტესთან შეხებით იწმინდება, განახლდება და კვლავ თავდაპირველი, მადლისმიერი ძალით იმოსება.
არ არსებობს ქრისტეს მიერ დაფუძნებული ეკლესიის წევრობის სხვა საშუალება, გარდა ნათლობისა, რადგან ესაა საიდუმლო, რომლის მეშვეობით ადამიანი სულიერად იბადება. ამიტომაც, ნათლობა განუმეორებელი მოვლენაა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. "აღვიარებ ერთსა ნათლისღბასა მოსატევებელად ცოდვათა" - ნათქვამია ქრისტიანული სარწმუნოების სიმბოლოში - "მრწამსში", რომელსაც ყოველი ადამიანი წარმოთქვამს ნათლობის დროს. ქრისტიანობის მსურველი ადამიანი უნდა გაემიჯნოს ყველაფერს, რაც ბოროტისგანაა და შეუდგეს ქრისტეს. ეს ორი მომენტი: ეშმაკთან კავშირის გაწყვეტა და ქრისტესთან დაკავშირება არის მთავარი პირობა, რადგან ნათელღებული ამ საიდუმლოს ძალით ურიგდება, უერთდება ღმერთს და ეს ხდება არა მისი პირადი დამსახურების, არამედ ღვთის წყალობის შედეგად მოცემული შესაძლებლობით.
ცოდვისთვის მკვდრად ყოფნა ქრისტეში სიცოცხლის გაგრძელებაა და სიკვდილზე გამარჯვების თანაზიარობის საწინდარია. ამიტომაც ამბობს პავლე მოციქული: "ან იქნებ არ იცით, რომ ვინც მოვინათლეთ იესო ქრისტეს მიერ, მის სიკვდილში მოვინათლენით? მასთან ერთადვე დავიმარხეთ სიკვდილში ნათლისღებით, რათა როგორც ქრისტე აღდგა მკვდრეთით მამის დიდებით, ჩვენც ასევე ვიარებოდეთ ახალ სიცოცხლეში. ... ხოლო თუ ქრისტესთან ერთად მოვკვდით, გვწამს, რომ სიცოცხლითაც ერთად ვიცოცხლებთ. რადგანაც ვიცით, რომ ქრისტე, მკვდრეთით აღმდგარი, აღარა კვდება: სიკვდილი ვეღარ უფლობს მასზე. რადგანაც, თუ მოკვდა, ცოდვისთვის მოკვდა ერთხელ, ხოლო რაკიღა ცოცხლობს, ღმერთისთვის ცოცხლობს. ასევე თქვენც მკვდრებად შერაცხეთ თავი ცოდვისთვის და ცოცხლებად - ღმრთისთვის ქრისტე იესუს მიერ" (რომ. 6:3-4; 8-11).
წყლის კურთხევა არის საიდუმლო, რომლის ტრადიციაც ასევე უკავშირდება იესუ ქრისტეს ნათლისღებას; მორწმუნე ქრისტიანი ნაკურთხი წყლის მეშვეობით ცოცხალ ღმერთთან ამყარებს კავშირს; წყლის კურთხევით ეკლესია მიგვანიშნებს ახალი სამყაროს შექმნაზეც - როგორც ძველი შესაქმისას იყო, ისევეა მეორე, მომავალი სამყაროს დაფუძნებისას - თავისი ახალი საუფლოს წყლებსაც აკურთხებს და მაცოცხლებელი ძალით ავსებს უფალი ღმერთი ჩვენი, რათა საუკუნო სასუფეველი გაუმზადოს თავის მართლმადიდებელ მსახურებს.
წყარო: რჯული ქრისტესი. ნათლისღება. წიგნი I. გამომც. "ალილო". თბილისი 2017 წ. გვ. 5-9.