სწავლანი > ღვთისმეტყველება
მოძღვრება განღმრთობის შესახებ ეკლესიის მამათა თხზულებებში (I–XIV სს.)
(ნაწილი პირველი)
ავტორი: წიგნისმკითხველი ალექსი ბესპალოვი
უეჭველია, რომ სწავლება ადამიანის განღმრთობის შესახებ ღვთიური გამოცხადების ნაწილს წარმოადგენს და მას მტკიცე საფუძველი აქვს წმიდა წერილში (იხ.: ფსალმ. 81:6; იოან. 6:56; იოან. 10:34; 2 პეტრ. 1:4; 1 იოან. 3:2; რომ. 8:29; 1 კორ. 15:49; 1 კორ. 3:16; 1 კორ. 15:28; 2 კორ. 3:18; გალ. 3:26; ეფ. 1:10; კოლ. 3:10). მიუხედავად ამისა, ცხადია ის ფაქტიც, რომ ეს სარწმუნოებრივი ჭეშმარიტება, ისევე როგორც სხვა ქრისტიანული დოგმატები (მაგ.: წმიდა სამების დოგმატი, უფალ იესუ ქრისტეს პიროვნების დოგმატი, ღვთისმშობელისა და მარადქალწულ მარიამის დოგმატი და სხვ. – ავტ. ა. ბ.), წმიდა წერილის ტექსტებში მხოლოდ დაფარული სახით, თითქოსდა ჩანასახოვან მდგომარეობაშია მოცემული. ბუნებრივად იბადება კითხვა: როგორ უნდა გავიგოთ ეს ანტინომია?
ერთი მხრივ, ეკლესია ყოველთვის ამტკიცებდა, რომ ქრისტეში მოგვეცა გამოცხადების სრული სისავსე (იხ.: იოან. 15:15), მეორე მხრივ კი ვხედავთ, რომ ყველა ფუნდამენტური დოგმატი წმიდა წერილში მხოლოდ მონიშნულია, მაგრამ სრულად არ არის გამოვლენილი. ამ უმნიშვნელოვანეს, ხოლო მრავალთათვის პრინციპულ საკითხზე პასუხს წმიდა მამებთან ვპოულობთ. მაგალითად, წმიდა ირინეოს ლიონელთან ვხვდებით ასეთ სიტყვებს: "მხოლოდ ერეტიკოსთა ბოროტება გვაიძულებს ვისაუბროთ იმაზე, რაზეც დუმილი უფრო შესაფერისი იქნებოდა" (Афанасий Великий, свят. Творения: В 4 т. М.: Изд-во Спасо — Преображенского Валаамского монастыря, 1994. Т. 1. С. 260).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქრისტიანობის ყველა საკვანძო დებულება, რომლებმაც მოგვიანებით დოგმატის სტატუსი შეიძინა, ყოველთვის წარმოადგენდა ეკლესიის ცოცხალი სარწმუნოების საგანს, თუმცა ყველა მათგანი შეიმეცნებოდა გამოცდილებით, სულიწმიდის მიერ, რომელიც, როგორც ღირსი ისააკ ასურელი წერს, ჭეშმარიტებას "ადამიანის ცხოვრების ძალისამებრ" ავლენს.
ეს ნიშნავს, რომ ღმერთი შეიცნობა არა თეორიული მსჯელობის გზით, რომელიც რომელიღაც გონებრივ გამოკვლევებს ეფუძნება, არამედ პირადი შეხვედრით, რომელიც, მაცხოვრის თქმით, მხოლოდ წმიდა გულის მქონეთათვის არის შესაძლებელი (იხ.: მათ. 5:8). თავად დოგმატები კი მხოლოდ ის საზღვრებია, რომლებსაც ეკლესია ადამიანურ გონებას უწესებს, რათა მან არ გადალახოს ნებადართული ზღვარი და არ გადაუხვიოს ჭეშმარიტ ღვთისთაყვანისცემას. ამასთანავე, ეს დოგმატური განსაზღვრებები არავითარ შემთხვევაში არ ამოწურავენ იმ რეალობას, რომელიც მათ უკან დგას.
აქედან გამომდინარე გასაგები ხდება, რატომ იხსნება სწავლება ადამიანის განღმრთობის შესახებ წმიდა მამათა თხზულებებში, რომელიც, როგორც სხვა დოგმატები, ზოგადი მონახაზებით არის მოცემული წმიდა წერილში (რამდენადაც საერთოდ შესაძლებელია მისი გადმოცემა ადამიანური ენის საშუალებით, რადგან, როგორც ნებისმიერი საიდუმლო, განღმრთობა ბოლომდე გამოუთქმელია. – ბ. ა.). წმიდა მამები თანდათანობით, კონკრეტული ისტორიული რეალიებიდან გამომდინარე შლიდნენ ამ მოძღვრებას და ღვთითგამოცხადებულ ჭეშმარიტებას სიტყვიერ ხორცს ასხამდნენ.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ თავში ავტორი განზრახ არ განიხილავს განღმრთობის შესახებ იმ წმიდა მამათა და საეკლესიო მწერალთა შეხედულებებს, რომელთა თვალსაზრისი ამ საკითხზე არ ემთხვევა ადამიანის განღმრთობის მართლმადიდებლურ გაგებას, რომელიც მიღებულია ეკლესიის სრული სისავსის მიერ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მსგავსი მიმოხილვა სცდება ამ სამაგისტრო დისერტაციის ფარგლებს და ცალკეული კვლევის საგანს წარმოადგენს.
განღმრთობა ნიკეამდელი პერიოდის წმიდა მამათა თხზულებებში
წმიდა ეგნატე ანტიოქიელი
წმიდა მამებისეული სწავლების საწყისები განღმრთობის შესახებ უკვე შეიმჩნევა მოციქულებრივ კაცთა ნაშრომებში. მოციქულთა უშუალო მიმდევართა ლიტერატურული მემკვიდრეობის დამახასიათებელი ნიშანია ის, რომ ისინი, ჩვეულებრივ, არ ეძლევიან გონებრივ ჭვრეტას, არამედ ისწრაფვიან იმისკენ, რათა ცხონებაზე ისაუბრონ ადამიანის მიერ უკვდავებისა და უხრწნელების მიღწევის კონტექსტში.
ეკლესიის მამათაგან ერთ-ერთი პირველი, ვისთანაც ვხვდებით მსჯელობას ამ თემაზე, არის წმიდა ეგნატე ანტიოქიელი (37–107 წწ.). მისთვის განღმრთობა არ არის მხოლოდ ზნეობრივი მსგავსება ქრისტესთან, არამედ მასთან უშუალო ერთობის მისტიკაა. ამ მისტიკური ღვთიური ზიარების საწინდარი მდგომარეობს იმაში, რომ ქრისტიანი მოწოდებულია, გახდეს უფალ იესუ ქრისტეს ტაძარი.
როგორც ვხედავთ, წმიდა ეგნატი ამ საკითხში უშუალოდ მისდევს მოციქულ პავლეს (იხ.: 1 კორ. 3:16). ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში ის წერს: "ყველაფერი ისე ვქნათ, თითქოს ის თავადვე იყოს ჩვენში, რათა ჩვენ ვიყოთ მისი ტაძრები, ხოლო ის მკვიდრობდეს ჩვენში როგორც ღმერთი" (Писания мужей апостольских. – Издательский Совет Русской Православной Церкви, 2008. С. 338) (ძვ. ქართ.: "ყოველსავე ესრეთ ვიქმოდით, ვითარმცა იგი თავადი ჩუენ შორის მკჳდრ იყო, რაჲთა ვიქმნნეთ ტაძარ მისსა და იგი თავადი მკჳდრ იყოს ჩუენ შორის, ვითარცა ღმერთი" (მეათერთმეტე ეპისტოლე წმიდისა ეგნატისი ეფესელთა მიმართ. https://karibche.ge/skhvadaskhva/stsavlebani/13768-meatherthmete-epistole-tsmidisa-egnatisi-efeseltha-mimarth.html).
ამრიგად, ჭეშმარიტი ქრისტიანები, წმიდა ეგნატეს აზრით, ღვთისმტვირთველნი ხდებიან. ამის მიღწევა კი, მღვდელმთავრის თქმით, შესაძლებელია სულიწმიდის მოხვეჭით, სახარებისეული მცნებების აღსრულებით, რათა "ერთი ერთობით იყვნეთ დამტკიცებულ, ერთი ნებით და ერთი გონებით" (იქვე); ან კიდევ: "ერთი ერთობით ერთნება იყვნეთ ღმრთისმიერი შეერთებით" (იქვე).
ჩვენი ხსნა წმიდა ეგნატე ანტიოქიელს ესმის, როგორც სიკვდილის განადგურება, უხრწნელებისა და უკვდავების მონიჭება. "სახარება, – წერს ის, – უხრწნელების აღსრულებაა" (Писания мужей апостольских. – Издательский Совет Русской Православной Церкви, 2008. Там же. С. 362).
ქრისტე მაცხოვარში, მისი სიკვდილის მიერ, გამობრწყინდა ჩვენი სიცოცხლე. ის აღდგა და აღვდგებით ჩვენც, მისდამი მორწმუნენი, "რამეთუ მის გარეშე არა გვაქვს ჭეშმარიტი სიცოცხლე" (იქვე, გვ. 350). ამ უხრწნელებასა და საუკუნო სიცოცხლისთვის აღდგომის შესაძლებლობას მორწმუნეებს ანიჭებს ევქარისტიის საიდუმლო, რომელიც არის "უკვდავების წამალი, არა მხოლოდ სიკვდილისგან დამცველი, არამედ საუკუნო სიცოცხლის მომნიჭებელი იესუ ქრისტეში" (იქვე, გვ. 340.).
ევქარისტიას ასეთი ძალა აქვს იმიტომ, რომ ის არის ხორცი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, რომელიც მან შესწირა მსხვერპლად ჩვენი ცოდვებისთვის. ამრიგად, წმიდა ეგნატეს აზრით, ჩვენი ხსნის საფუძველია იესუ ქრისტეს მოვლინება ქვეყანაზე, ვნებანი და აღდგომა, მისი მიღწევის საშუალებაა – ევქარისტია, მიზანი კი – აღდგომა და უხრწნელი სიცოცხლე.
წმიდა ეგნატე ანტიოქიელის სოტერიოლოგიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა წმიდა ირინეოს ლიონელზე (130-200 წწ.), ხოლო მისი მეშვეობით – მომდევნო წმიდა მამებზეც და, უპირველეს ყოვლისა, წმიდა ათანასე ალექსანდრიელზე (296-373 წწ.). ერთ-ერთი თანამედროვე რუსი პატროლოგის აზრით, ანტიოქიელი მღვდელმთავრის მოძღვრებამ ხელი შეუწყო ხსნის, როგორც ადამიანური ბუნების გარდაქმნის შესახებ ხედვის ზუსტ ჩამოყალიბებას (См.: Скурат К. Е. Учение о спасении святителя Афанасия Великого. М.: Свято-Троицкая Сергиева Лавра, 2006. С. 31).
წმიდა ირინეოს ლიონელი
"თავისი ეპოქის მწერალთა შორის, – წერს ცნობილი რუსი ღვთისმეტყველი და პატროლოგი, არქიმანდრიტი კვიპრიანე (კერნი), – წმ. ირინეოსის გავლენა განსაკუთრებით დიდია, რამეთუ ის მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს წინ მასზე ადრე მოღვაწე აპოლოგეტებთან შედარებით. ადამიანის განღმრთობის მოძღვრებაში ის ათანასე დიდის უშუალო წინამორბედია" (иприан (Керн), архим. Антропология св. Григория Паламы. Киев: Изд-во имени святителя Льва, папы Римского, 2005. С. 98).
წმ. ირინეოს ლიონელის სოტერიოლოგიის უმნიშვნელოვანესი და, შეიძლება ითქვას, ამოსავალი წერტილი არის ღვთის სიტყვის განკაცების დოგმატი, ხოლო მისი საბოლოო წერტილი – მოძღვრება ადამიანის განღმრთობის შესახებ. თავისი სოტერიოლოგიური პოზიცია ლიონელმა მღვდელმთავარმა გადმოგვცა რეკაპიტულაციის (ლათ. recapitulatio – მეთაურობა, რაიმეს პირვანდელი სახით ან პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა) თეორიის კატეგორიებში, რომლის მიხედვითაც, მაცხოვარმა მთელი თავისი ცხოვრებით: შობით, ვნებით, სიკვდილითა და აღდგომით, – თითქოსდა უკუაქცია ადამის დაცემა. წმ. ირინეოსი იწყებს ანთროპოლოგიით.
მისი აზრით, მართალია სამოთხეში პირველი ადამიანები უმჭიდროვეს ურთიერთობაში იმყოფებოდნენ ღმერთთან, მაგრამ ის სრულყოფილება, რომლისკენაც ისინი იყვნენ მოწოდებულნი, მათ ერთბაშად, სრული სისავსით, მათი შექმნის მომენტშივე ვერ მიეცემოდათ. მხოლოდ ღვთის სულში თავისუფალი და ხანგრძლივი ყოფნის პირობებში "მიიწევს წინ ადამიანი სრულყოფილებისკენ" (Ириней Лионский, свят. Против ересей. Доказательство апостольской проповеди/ Перевод протоиерея П. Преображенского, Н. И. Сагарды. – СПб.: «Издательство Олега Абышко», 2008. С. 443), რათა გახდეს შემძლე, სრულად განახორციელოს თავისი დანიშნულების ღვთიური იდეა, რომელიც ადამიანური ბუნების სრულყოფილ განღმრთობაში მდგომარეობს. მღვდელმთავარი თანმიმდევრულად და დაჟინებით ატარებს იმ აზრს, რომ ადამიანის აღმასვლა ღვთისმსგავს ღირსებამდე მისი თავისუფალი არჩევანის შედეგი უნდა ყოფილიყო.
მაგრამ პირველქმნილმა ადამიანებმა სათანადოდ ვერ გამოიყენეს თავიანთი თავისუფლება. ეშმაკისეულ ცდუნებას დამორჩილებულნი, ისინი განუდგნენ ღმერთს და გაწყვიტეს მასთან ცხოველმყოფელი კავშირი. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ცოდვაში დაცემის შემდეგ ადამიანმა დაკარგა შემოქმედისადმი თავისი მსგავსების უნარი, ამას ხელი არ შეუშლია ადამიანთან დაკავშირებით ღვთის საუკუნო განზრახვის აღსრულებისთვის. რამეთუ ჩვენი ხსნის იკონომია, წმ. ირინეოსის სწავლებით, ღვთის გამოუთქმელ სიყვარულსა და მის მიერ შექმნილი ადამიანის მიმართ მოწყალებას ეფუძნება. ეს სიყვარული და მოწყალება ღვთის განკაცებაში გამოიხატა.
ადამიანური ბუნების შეთვისებითა და განღმრთობით, ქრისტემ, როგორც მეორე ადამმა, აღგვიდგინა ღვთისმსგავსებაში ზრდის შესაძლებლობა. "აღადგენდა რა ადამიანს საკუთარ თავში, – წერს წმ. ირინეოსი, – ის, უხილავი, ხილული იქმნა, უსაზღვრელი – შემოსაზღვრული გახდა, უვნებელი კი – ვნებული, და სიტყვა კაცი იქმნა, რათა ყველაფერი აღედგინა საკუთარ თავში" (Ириней Лионский, свят. Против ересей. Доказательство апостольской проповеди/ Перевод протоиерея П. Преображенского, Н. И. Сагарды. – СПб.: «Издательство Олега Абышко», 2008. С. 283).
ლიონელი მღვდელმთავარი ქრისტეს განკაცებაში მიუთითებს განუყოფელ კავშირზე ადამიანისადმი ღვთის მიმსგავსებასა და ღვთისადმი ადამიანის მიმსგავსებას შორის. "ღვთის სიტყვა დაემკვიდრა ადამიანში, – ამბობს ის, – რათა შეაჩვიოს ადამიანი ღვთის მიღებას, ხოლო ღმერთი – ადამიანში დამკვიდრებას" (იქვე, გვ. 300.).
უდავოდ, ღვთის განკაცების დოგმატის გახსნაში წმ. ირინეოს ლიონელის ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ის არის, რომ ეკლესიის მამათაგან მან პირველმა ვრცლად და სრული სიცხადით გამოთქვა აზრი ადამიანის განღმრთობასთან ღვთის განკაცების უშუალო კავშირის შესახებ.
თავის აპოლოგიაში წმ. ირინეოსმა დაწერა ცნობილი სიტყვები: "ღვთის სიტყვა კაცი იქმნა, და ძე ღვთისა – ძე კაცისა, რათა ადამიანი …. გახდეს ძე ღვთისა" (იქვე, გვ. 296), რომელიც, როგორც სრულიად სამართლიანად აღნიშნავს მიტროპოლიტი ილარიონ (ალფეევი), ეკლესიის შემდგომ მამათა სწავლებაში განღმრთობის შესახებ მოძღვრების ქვაკუთხედად იქცა (См.: Иларион (Алфеев), игум. Преподобный Симеон Новый Богослов и Православное Предание. – СПб.: Алетейя, 2001. С. 415).
გაგრძელება იქნება.
წყარო: old.spbda.ru
