Перейти к контенту

ღვთისმეტყველება - მართლმადიდებლური ჭეშმარიტების დამახინჯება რუსულ საღვთისმეტყველო აზროვნებაში II - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
მართლმადიდებლური ჭეშმარიტების დამახინჯება
 რუსულ საღვთისმეტყველო აზროვნებაში
მარცხოვრი ჯვარცმა


ავტორი: არქიეპ. სერაფიმე (სობოლევი)
 
 
ნაწილი II
 
მიტრ. ანტონის მტკიცება, თითქოსდა ჩვენი გამოსყიდვა აღსრულდა არა ჯვარზე ქრისტეს სიკვდილით, არამედ მისი თანამგრძნობი სიყვარულით, ანუ სულიერი ტანჯვით გეთსემანიის ბაღში.
 
 
თავი პირველი
 
მიტრ. ანტონის უსაფუძვლო სწავლება თანამგრძნობი სიყვარულის, როგორც ამაღორძინებელი ძალის შესახებ. სულიწმიდის ნათლისღებითი მადლი, როგორც ამაღორძინებელი ძალა, წმიდა წერილისა და წმიდა მამათა სწავლების მიხედვით. თანაგრძნობითი სიყვარული, როგორც მეორეხარისხოვანი საშუალება ჩვენში სულიწმიდის მადლის გახსნისთვის. თანაგრძნობითი სიყვარულის, როგორც ამაღორძინებელი ძალის შესახებ მიტრ. ანტონის სწავლების შეუსაბამო დასკვნები.

 
ჩვენი კვლევის პირველ ნაწილში ვაჩვენეთ, რამდენად უსაფუძვლოა მიტროპოლიტ ანტონის მიერ გამოსყიდვაზე სამართლებრივი შეხედულების უარყოფა. ასეთივე უსაფუძვლობით გამოირჩევა მისი მტკიცებულებაც, რომ ჩვენი გამოსყიდვა მოხდა იესუ ქრისტეს თანალმობითი სიყვარულით, ანუ მისი სულიერი ტანჯვით გეთსიმანიის ბაღში.
 
მიტროპოლიტ ანტონის ეს მცდარი მოსაზრება მის სტატიაში სამ დებულებაში იხსნება. ჯერ ის საუბრობს თანალმობით სიყვარულზე, როგორც ის ვლინდება ადამიანებში. შემდეგ ის ლაპარაკობს ქრისტეს თანალმობით სიყვარულზე გეთსიმანიის ბაღში, როგორც ჩვენი გამოსყიდვის საშუალებაზე. და ბოლოს, აჩვენებს, თუ როგორ გადმოდის ქრისტეს ეს მაცხოვნებელი სიყვარული ადამიანთა გულებში და ააღორძინებს მათ. უპირველეს ყოვლისა, შევჩერდეთ მიტროპოლიტ ანტონის თეორიის პირველ დებულებაზე.
 
იმისთვის, რათა მისი სტატიის მკითხველებისთვის ნათელი ყოფილიყო, თუ რით გვიხსნის და გვაცხოვნებს უფალი, და შეეთვისებინათ აზრი ქრისტეს მაცხოვნებელი თანალმობითი სიყვარულის შესახებ, მიტროპოლიტი ანტონი თავისი სწავლების პირველ დებულებაში საუბრობს ადამიანური თანალმობითი სიყვარულის მოქმედებაზე ჩვეულებრივ ცხოვრებაში. ამ მიზნით ის უთითებს თანალმობითი სიყვარულის მოქმედების რამდენიმე გულისამაჩუყებელ და თვალსაჩინო მაგალითზე და მოჰყავს ამონაწერი პროლოგიდან, 29 მაისის საკითხავიდან, იმის შესახებ, რომ ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ მოყვასთან ერთად — შევხაროდეთ მის სიხარულს და თანავუგრძნობდეთ მის მწუხარებას. ეს თანალმობითი სიყვარული, რომელიც მოყვასის დაცემას საკუთარ დაცემად იღებს, მიტროპოლიტ ანტონის სწავლებით, უდავოდ, აღმდგენი ძალაა ("Догмат искупления", стр. 21; ხაზგასმა ჩვენია - ავტ.). მისი თქმით, "გარკვეულწილად ის ებოძა თვით აუღორძინებელი ადამიანის (ხაზგასმა ჩვენია - ავტ.) ბუნებასაც, მაგალითად, დედის სიყვარულს, ხოლო საყვარელი მოყვასის ღრმა და გადამწყვეტ აღორძინებას შეუძლია ემსახუროს მას, ვინც თავად ცხოვრობს ქრისტეთი და მისი ძალით ცდილობს მოყვასის აღდგენას" ("Догмат искупления", стр. 26–27).
 
მიტროპოლიტ ანტონის მიერ გამოთქმული შეხედულების გათვალისწინებით, რომ ადამიანური თანალმობითი სიყვარული აღმდგენი ძალაა, უნდა ვთქვათ, რომ ეს შეხედულება სრულიად თვითნებურია. ის არ ეფუძნება არც საღვთო წერილს და არც ეკლესიის წმიდა მამათა სწავლებას. საღვთო წერილის სწავლებით კი, ასეთი აღმდგენი ძალა სხვა არაფერი, თუ არა მხოლოდ სულიწმიდის მადლი. "ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისგან, - ბრძანებს მაცხოვარი, - ვერ შევა ღმრთის სასუფეველში" (ინ. 3:5). მადლის აღმდგენ მოქმედებაზე მოწმობს წმიდა იოანე ნათლისმცემელიც, როდესაც ამბობდა: "ის მოგნათლავთ სულით წმიდითა და ცეცხლით" (ლკ. 3:16). უდავოდ, მადლის ამ მოქმედების გათვალისწინებით თქვა უფალმა: "მოვედი, რათა ცეცხლი მოვდო ამ ქვეყანას, და სხვა რა მსურს, გარდა იმისა, რომ ახლავ აღეგზნოს" (ლკ. 12:49). სწორედ ამიტომ გადმოვიდა მოციქულებზე წმიდა სულის მადლი ცეცხლოვანი ენების სახით. და პირველად მოციქულებზე ვიხილეთ მისი აღმდგენი მოქმედება. მან ისინი სრულიად გარდაქმნა და შეუცნობლებად აქცია.
 
საკუთარი ცხოვრების გამოცდილებით შეიმეცნეს რა სულიწმიდის მადლის აღმდგენი ძალა, მოციქულები ასწავლიდნენ, რომ არა თანალმობითმა სიყვარულმა ან სხვა რამემ, არამედ ღვთის მადლმა უნდა აცხოვნოს ყველა ადამიანი, ანუ ვნებათაგან განწმიდოს ისინი და წმიდანებად აქციოს ქრისტესთან ზიარებაში, მის დიდებულ სასუფეველში მარადიული ნეტარებისთვის. აქედან გასაგებია, რატომ თქვა მოციქულმა პავლემ: "ხოლო როდესაც გამოჩნდა სიტკბოება და კაცთმოყვარეობა ჩვენი მაცხოვრის - ღვთისა,  მან გვიხსნა არა ჩვენს მიერ აღსრულებულ კეთილ საქმეთა გამო, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სული წმიდის მიერ განახლებით, რომელიც უხვად მოგვფინა ჩვენი მაცხოვრის იეს ქრისტეს მიერ, რათა მისი მადლით გამართლებულთ სასოებისამებრ დაგვემკვიდრებინა საუკუნო სიცოცხლე" (ტიტ. 3:4-7). "რადგანაც მოგვევლინა მადლი ღვთისა, ყოველი კაცის გამომხსნელად, ჩვენს დასამოძღვრად, რათა უარვყოთ უღმერთოება, ამქვეყნიური გულისთქმანი და მოკრძალებით, სიმართლით და ღვთისმოსაობით ვიცხოვროთ ქვეყნად, და მოველოდეთ ნეტარი სასოებისა და ჩვენი დიდი ღმერთისა და მაცხოვრის ქრისტე იესს დიდების გამოჩენას" (ტიტ. 2:11-13).

ასე ასწავლიდნენ წმიდა მამებიც წმიდა სულის მადლის, როგორც აღმდგენი ძალის შესახებ. "უფალმა, — ამბობს წმიდა მაკარი დიდი, — შეიყვარა რა კაცთა მოდგმა, როგორც საკუთარი ხატი, ინება მისი წარმოშობა თავისი ღვთაებრივი თესლისაგან... უფალს სურს, ყველა ადამიანი გახდეს ღირსი ამ შობისა, რამეთუ იგი ყველასთვის მოკვდა და ყველა მოუწოდა სიცოცხლისკენ. ხოლო ცხოვრება ეს არის ღვთისგან ზეგარდმო შობა. რამეთუ ამ შობის გარეშე სულისთვის შეუძლებელია ცხოვრება, როგორც უფალი ბრძანებს: "ვინც არ დაიბადება ხელახლა, ვერ იხილავს ღმრთის სასუფეველს" (ინ. 3:3)... ყველა ანგელოზი... ხარობს სულის გამო, რომელიც სულიწმიდისგან იშვა... რამეთუ ეს სხეული სულის მსგავსებაა, ხოლო სული — სულიწმიდის ხატია; და როგორც სხეული სულის გარეშე მკვდარია და ვერაფერს იქმს, ასევე ციური სულის, ღვთის სულის გარეშე, სულიც მკვდარია სასუფევლისთვის და სულიწმიდის გარეშე ვერ იქმს იმას, რაც ღვთიურია" (Преп. Макарий Великий, Беседа 30, стр. 231. Святой Троице Сергиевская Лавра. 1904).
 
ასევე ასწავლის ნეტარი დიადოხოსიც, რომელიც ამბობს, რომ ნათლისღებისას ჩვენ ვიღებთ სულიწმიდის მადლს, როგორც შინაგან ღვთაებრივ ძალას, და სულისგან ვიბადებით წმიდა ცხოვრებისთვის (Добротолюбие, т. III, стр. 54–57). ასეთივე სწავლებას ვხვდებით ღირს ეპისკოპოს ნიკიტა სტიფატთან (Добротолюбие, т. V, стр. 160–161) და წმიდა გრიგოლ სინელთან (Добротолюбие, т. V, стр. 205–206). სულიწმიდის მადლის ამ აღმდგენი ძალის შესახებ მშვენიერ სწავლებას ვხვდებით წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის თხზულებებში (Слова преп. Симеона Нового Богослова. Вып. I, стр. 201. М. 1882). ხოლო იგივე ღირსი მაკარი დიდი, განმარტავს რა ქრისტეს სიტყვებს: "მოვედი, რათა ცეცხლი მოვდო ამ ქვეყანას, და სხვა რა მსურს, გარდა იმისა, რომ ახლავ აღეგზნოს!" (ლკ. 12:49), ამბობს: "ეს ცეცხლი მოქმედებდა მოციქულებში, როდესაც ცეცხლოვანი ენებით მეტყველებდნენ... ეს ცეცხლი დევნის ეშმაკებს, ანადგურებს ცოდვას, ის არის აღდგომის ძალა... ვილოცოთ, რომ ეს ცეცხლი შეგვეხოს ჩვენც; და მაშინ, მუდმივად სინათლეში მავალნი, მცირეოდენშიც კი არ წავიბორძიკდებით ქვაზე, არამედ როგორც ნათლით მოსილები, რომლებიც გამოჩნდნენ ამქვეყნად, ვატაროთ ჩვენში მარადიული სიცოცხლის სიტყვები, ღვთიური სიკეთეებით დავტკბეთ და განვისვენოთ სიცოცხლეში უფალთან ერთად, ვადიდებთ რა მამას და ძეს, და სულიწმიდას" (Преп. Макарий Великий, Беседа 25, стр. 190–191).
 
თუმცა, წმიდა მამათა სწავლებით, სულიწმიდის მადლი, მისით ჩვენი აღორძინებისას, არა მარტო დევნის ჩვენგან ეშმაკებს, არამედ გვანიჭებს ძალას ღვთაებრივი მცნებების აღსასრულებლად და ზეციური ნეტარებით გულებს გვივსებს: ის გვეხმარება ქრისტეს უღლის ტვირთვაში ჩვენი მხრიდან ყოველგვარი იძულების გარეშე, ანუ იოლად და სიხარულით აღვასრულოთ ღვთაებრივი მცნებები (Преп. Макарий Великий, Беседа 18, стр. 157–158).
 
ასეთია წმიდა მამათა სწავლება სულიწმიდის ამაღორძინებელი მადლის შესახებ. ეს სწავლება აჩვენებს, რომ მადლის გარეშე არ არსებობს ახალი, მაცხოვნებელი ცხოვრება, რამეთუ იგი მადლისაგან იბადება და, როგორც ღირსი მაკარი დიდი ამბობს, ამ მადლითვე ეწყობა და სრულქმნილ იქმნება (Добротолюбие, т. I, стр. 249).
 
ამიტომ ეს მადლი, როგორც უძვირფასესი საგანძური, ან, მაკარი დიდისა და ანტონი დიდის სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორც ძვირფასი მარგალიტი, რომლის შესახებაც ამბობდა უფალი (მთ. 13:45-46), გახლდათ ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის მიზანი (Преп. Макарий Великий, Беседа 30, стр. 231, 233; Добротолюбие, т. I, стр. 222). ამიტომ, როგორც წმიდა მღვდელმთავრები კალისტე და ეგნატე მოწმობენ, სულიწმიდის მადლი, ჩვენში მისი გამოვლინებებითურთ, უნდა იყოს ჩვენი ყოველი მისწრაფების მიზანიც (Добротолюбие, т. V, стр. 337). ასე ასწავლის ამის შესახებ წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველიც. "ყველა ღვთისნიერად მცხოვრების მიზანია, — ამბობს იგი, — სათნო-ეყოს ქრისტეს, ჩვენს ღმერთს, და შეურიგდეს მამა ღმერთს სულიწმიდის მიღებით, და ამგვარად მოიწყოს თავისი ცხონება: რამეთუ ამაში მდგომარეობს ყოველი სულის ცხონება. თუ ეს არ გვაქვს (მიზნად და მოქმედებაში), ამაოა ყოველგვარი სხვა შრომა და ფუჭია ჩვენი ყოველი ღვაწლი" (Добротолюбие, т. V, стр. 37).
 
ზემოთ მოყვანილი ღვთივგამოცხადებული და წმიდა მამებისეული სწავლებიდან სულიწმიდის მადლით ჩვენი აღდგომის შესახებ, ნათელი ხდება მიტროპოლიტ ანტონის სწავლების მთელი მცდარობა თანალმობითი სიყვარულის, როგორც აღმდგენი ძალის შესახებ.
 
თანალმობითი სიყვარული შეიძლება იყოს მხოლოდ საშუალება, თანაც არა უმთავრესი, ჩვენში სულიწმიდის მადლის გამოსავლენად. რამეთუ, წმიდა მამათა სწავლებით, ამ მადლის გამოსავლენად უმთავრესი საშუალება ღვთის სიყვარულია, როგორც ქრისტეს პირველი და უმთავრესი მცნება. ღვთის სიყვარულის გარეშე მოყვასის სიყვარულიც შეუძლებელია. სწორედ ამიტომ უთხრა უფალმა მოწაფეებს: "თუ გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებანი.... ვისაც ვუყვარვარ, დაიცავს ჩემს სიტყვას" (ინ. 14:15, 23). ქრისტეს სწავლების საფუძველზე ვიცით, რომ ჭეშმარიტი მწყემსის განმასხვავებელი ნიშანი მისი სიყვარულია სამწყსოსადმი (ინ. 10:1–16). თუმცა, ქრისტესვე სწავლებიდან ვხედავთ, რომ უფალმა მოციქული პეტრე სამწყემსო მსახურებაში მხოლოდ მაშინ მოიწვია — მის მიერ სამგზისი უარყოფის შემდეგ, — როდესაც პეტრემ სამგზის დაადასტურა ქრისტესადმი თავისი სიყვარული (ინ. 21:15–17).
 
მოყვასისადმი სიყვარულის ღვთის სიყვარულიდან მომდინარე მნიშვნელობა, მშვენივრად აღწერა ღირსმა აბბა დოროთე. იგი სამყაროს წრეს ადარებს, ღმერთს — ამ წრის ცენტრს, ხოლო ადამიანური ცხოვრების გზებს — რადიუსებს. რაც უფრო ღრმად შედიან ადამიანები წრის შიგნით და ღმერთს უახლოვდებიან, მით უფრო უახლოვდებიან ერთმანეთსაც; და რამდენადაც უახლოვდებიან ერთმანეთს, იმდენადვე უახლოვდებიან ღმერთს (Преп. Авва Дорофей, стр. 113–114. М. 1888).
 
ზუსტად ასევე ასწავლიან ღვთისა და მოყვასის სიყვარულის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ: ნეტარი დიადოხოსი (Добротолюбие, т. III, стр. 68), წმიდა მაქსიმე აღმსარებელი (Добротолюбие, т. III, стр. 180), წმიდა აბბა თალასე (Добротолюбие, т. III, стр. 313) და ეკლესიის სხვა წმიდა მამები.
 
ამრიგად, თანალმობითი სიყვარული არა თუ ვერ იქნება აღმდგენი და ამაღორძინებელი ძალა, არამედ ამ ძალის ვერც ჩვენში აღმძვრელი მთავარი საშუალება, რამეთუ ასეთი საშუალება, როგორც ვნახეთ, ღვთის სიყვარულია.
 
ესეც ცოტაა. თანალმობითი სიყვარული მოყვასისადმი სიყვარულის უმაღლესი სახეც კი არ არის. წმიდა იოანე ოქროპირის სწავლებით, თანამოხარული სიყვარული თანალმობით სიყვარულზე მაღლა დგას. "ხარობდეთ მათთან ერთად, რომელნიც ხარობენ, და ტიროდეთ მათთან ერთად, რომელნიც ტირიან" (რომ. 12:15) არც ისე ადვილი საქმეა: უფრო ადვილად ვუთანაგრძნობთ ხოლმე უბედურებაში მყოფთ, ვიდრე თანავმხიარულობთ კეთილდღეობაში მყოფებთან ერთად. იქ თავად უბედურების ბუნებაც საკმარისია იმისთვის, რათა თანალმობისკენ ქვაც კი აღძრას; ხოლო აქ, კეთილდღეობისას, შური და არაკეთილგანწყობა ნებას არ აძლევს არც ისე ბრძენ ადამიანს, გაიზიაროს სხვისი სიხარული... ამიტომ ვეცადოთ, თანამოხარულნი ვეყოთ კეთილდღეობაში მყოფთ, რათა განვწმიდოთ ჩვენი სული შურისა და არაკეთილგანწყობისგან, — ვერაფერი ისე ვერ დევნის ამ მძიმე და ძნელად განკურნებად სნეულებას, როგორც სათნოდ მცხოვრებთა მიმართ თანამხიარულება" (Творения святителя Иоанна Златоуста т. II, стр. 664. СПБ. 1912; сравн.: Творения святителя Иоанна Златоуста т. IX, кн. 2-я, стр. 767–768. СПБ. 1903).
 
სანამ მიტროპოლიტ ანტონის თეორიის პირველი დებულების განხილვას დავასრულებდეთ, ყურადღება მივაქციოთ მისი სტატიის შემდეგ სიტყვებს: "ამრიგად, ჩვენ ვამკვიდრებთ იმ ჭეშმარიტებას, რომ ზნეობრივად აღმდგენი საწყისი ანუ ძალა — არის თანალმობითი სიყვარულის ძალა. გარკვეულწილად ის ებოძა თვით აუღორძინებელი ადამიანის ბუნებასაც" («Догмат искупления», стр. 26).
აქ მიტროპოლიტი ანტონი, უპირველეს ყოვლისა, ლოგიკურ შეცდომას უშვებს. თუ აღმდგენი საწყისი აღუდგენელ ადამიანსაც გააჩნია, მაშინ ის უკვე აღარ არის აღუდგენელი. ამგვარად, მიტროპოლიტ ანტონის ამ სიტყვებიდან შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ სამყაროში სრულიად აღუდგენელი ადამიანები საერთოდ არ არსებობენ, რაც, რა თქმა უნდა, მცდარია.
 
მაგრამ მიტროპოლიტ ანტონის მთავარი და არსებითი შეცდომა ისაა, რომ ის ამ საკითხში ეკლესიის სწავლებას სცდება. ეკლესია ასწავლის, რომ ამაღორძინებელი ძალა, ანუ სულიწმიდის მადლი, ეკლესიის საიდუმლოებებში მხოლოდ ქრისტიანებს ენიჭება. წარმართებს, მაჰმადიანებსა და იუდეველებს ჩვენი ეკლესია აუღორძინებლებად მიიჩნევს, რამეთუ მათ სულიწმიდის მადლი, როგორც შინაგანი ამაღორძინებელი ძალა არ გააჩნიათ. ამიტომ, მიტროპოლიტ ანტონის ზემოთ დამოწმებული სიტყვებიდან ცხადი ხდება, რომ ის არასწორად, ანუ არაწმიდამამებისეულად მსჯელობს სულიწმიდის მადლის შესახებ.
 
თუმცა, ამ საკითხს კიდევ ერთხელ შევეხებით მიტროპოლიტ ანტონის საღვთისმეტყველო თეორიის მესამე დებულების განხილვისას. ახლა კი მეორე დებულების განხილვაზე გადავიდეთ.


თავი მეორე
 
მიტროპოლიტ ანტონის სწავლება ქრისტეს თანაგრძნობითი სიყვარულით, გეთსიმანიის ბაღში, ჩვენი გამოსყიდვის შესახებ. ქრისტეს გეთსიმანიისეული სულიერი ტანჯვის განხილვა, როგორც ჯვარზე განცდილ ტანჯვასთან შედარებით უფრო ძლიერი ტანჯვისა. მიტროპოლიტ ანტონის მიერ ქრისტეს გეთსიმანიის ლოცვის არამართლმადიდებლური განმარტება.
 
 
მეორე დებულების — მიტროპოლიტ ანტონის დოგმატურ თეორიაში ყველაზე ძირითადი დებულების — არსი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მდგომარეობს იმაში, რომ უფალმა გეთსიმანიის ბაღში თავისი თანაგრძნობითი სიყვარულით გამოგვისყიდა.
 
აქ მიტროპოლიტი ანტონი ამტკიცებს, რომ ქრისტეს ამ თანაგრძნობითი სიყვარულით გამოწვეული სულიერი ტანჯვა შეუდარებლად უფრო ძლიერია იმ სხეულებრივ ტანჯვასა და სიკვდილზე, რომელიც მაცხოვარმა ჯვარზე გადაიტანა ("Догмат искупления", стр. 56).
   
ეს სულიერი ტანჯვა მიტროპოლიტ ანტონს წარმოუდგენია როგორც უდიდესი მწუხარება, რომლითაც უფალი გეთსიმანიის ბაღში იყო დათრგუნული (Догмат искупления», стр. 30) და რომელიც, თითქოსდა, წარმოიშვა "ყველა ადამიანური თაობის ცოდვილი ცხოვრებისა და ცოდვილი განწყობილების ჭვრეტისგან" ("Догмат искупления", стр. 33).
   
„უნდა ვიფიქროთ, — ამბობს მიტროპოლიტი ანტონი, — რომ იმ გეთსიმანიის ღამეს ღმერთკაცის აზრმა და გრძნობამ მოიცვა ყველა დაცემული ადამიანი, მათი მრავალი მილიარდის რიცხვში, და სიყვარულით აღვსილი მწუხარებით თითოეული მათგანი ცალ-ცალკე დაიტირა, რაც, რა თქმა უნდა, მხოლოდ ღვთაებრივი, ყოვლისმცოდნე გულისთვის იყო მისაწვდომი. ამაში მდგომარეობდა ჩვენი გამოსყიდვა" ("Догмат искупления", стр. 30-31. გამოყოფილია ავტორის მიერ - მთარგმნ.).
 
რაც შეეხება ჯვარზე სხეულებრივ ტანჯვასა და სიკვდილს, მიტროპოლიტ ანტონის სიტყვებით, შეუძლებელი იყო უფალს მათი შეშინებოდა და "სხეულებრივი სიკვდილისთვის, როგორც რაღაც საშინელისთვის, შეეხედა" ("Догмат искупления", стр. 33). ის წერს: "უნდა უარვყოთ ქრისტეს გეთსიმანიის ლოცვის შესახებ გავრცელებული წარმოდგენა — თითქოს იგი მასში მოახლოებული სხეულებრივი ტანჯვისა და სიკვდილის შიშმა აღძრა. ეს სრულიად უღირსი იქნებოდა უფლისა, რომლის მონებიც შემდეგ (და უფრო ადრეც — მაკაბელები) სატანჯველზე რომ მიდიოდნენ, ხარობდნენ და ზეიმობდნენ თავიანთი სხეულის წამებისას" ("Догмат искупления", стр. 32).
   
ამიტომ გეთსიმანიის ლოცვის სიტყვები: "მამაო ჩემო! თუკი შესაძლოა, ამცდეს ეს სასმისი" (მთ. 26:39), მიტროპოლიტ ანტონის განცხადებით, "ეხება არა მისთვის (ქრისტესთვის) მოახლოებულ ჯვარცმასა და სიკვდილს, არამედ სწორედ ამ, სრულიად დამთრგუნველ განწყობილებას (გამოყოფილია ავტორის მიერ - მთარგმნ.). — მისთვის ესოდენ საყვარელი ცოდვილი კაცობრიობის გამო ღრმა მწუხარებას... სწორედ ეს მწუხარება იყო "სასუმელი", რომლის თავიდან აცილებაც მან ზეციერ მამას სთხოვა" ("Догмат искупления", стр. 33).
 
გეთსიმანიის ლოცვის საკუთარი განმარტების დასადასტურებლად მიტროპოლიტი ანტონი წმინდა მოციქულ პავლეს სიტყვებს იმოწმებს: "ქრისტემაც თვითონვე კი არ მიიკუთვნა მღვდელმთავრობის დიდება, არამედ მისი წყალობით, ვინც უთხრა მას: "ძე ხარ შენ ჩემი, დღეს გშობე შენ. ... რომელმაც მისი ხორციელად ყოფნის დღეებში ხმამაღალი ღაღადისითა და ცრემლების ფრქვევით შესწირა ლოცვა-ვედრება მას, ვისაც შეეძლო სიკვდილისაგან ეხსნა იგი, და შესმენილ იქნა მისი ღვთისმოშიშების გამო" (ებრ. 5:5, 7).
 
"ხედავთ, — ამბობს მიტროპოლიტი ანტონი, — ... უფალი ლოცულობს არა ჯვარცმისა და სიკვდილისაგან დახსნისთვის, რადგან მაშინ შეუძლებელი იქნებოდა გვეთქვა, რომ ის შესმენილ იქნა, ვინაიდან ჯვარცმა და სიკვდილი მან მაინც დაითმინა. ის ლოცულობდა ცოდვილი კაცობრიობის გამო მისი დამპყრობელი მწუხარების შემსუბუქებისთვის: სწორედ ეს მწუხარება იყო "სასმელი", რომლის თავიდან აცილებაც მან ზეციერ მამას სთხოვა. ის ლოცულობდა, რათა, თუ შესაძლებელი იყო, ეს ჟამი აცილებოდა მას" (მკ. 14:37; შდრ.: მთ. 26:39–42; ლკ. 22:42).
 
ამ გამონათქვამებიდან არ ჩანს, რომ უფალი ლოცულობდა მისთვის მოახლოებული ტანჯვის გამო და არა იმის გამო, რასაც იგი განიცდიდა "ამ ჟამს", ანუ თვით ლოცვის ჟამს. მაგრამ, ჩვენი განმარტების შემთხვევაში, როგორ იქნა იგი შესმენილი? — მას ანგელოზი გამოეცხადა და განაძლიერებდა მას... სწორედ ამ აზრით იქნა იგი შესმენილი, ხოლო მოციქულის შემდგომი სიტყვები ადასტურებს ჩვენს განმარტებას გეთსიმანიის ლოცვისა, როგორც სამღვდელმთავრო ლოცვისა: " და თუმცა ძე იყო, ტანჯვის გზით ისწავლა მორჩილება. ასე რომ, სრულქმნილი, მისდამი მორჩილთ საუკუნო ხსნის მიზეზად ექმნა. და იწოდა ღვთის მიერ მღვდელმთავრად, წესისამებრ მელქისედეკისა" (ებრ. 5:8–10).
 
"ეს სიტყვები, — ასკვნის მიტროპოლიტი ანტონი, — სიტყვასიტყვით ადასტურებს იმას, რასაც ზემოთ ვწერდით: კერძოდ, ქრისტეს თანაგრძნობითი სიყვარული არის ჩვენს გულებში განმწმენდელი ძალა და სწორედ ამ აზრით არის იგი ჩვენი მღვდელმთავარი" ("Догмат искупления", стр. 33-34).
 
რაც შეეხება მიტროპოლიტ ანტონის მიერ გადმოცემულ სწავლებას, რომლის თანახმადაც გეთსიმანიის ბაღში ქრისტეს სულიერი ტანჯვით ვართ გამოსყიდულნი, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვთქვათ, რომ უფლის გეთსიმანიისეული სულიერი ტანჯვის დაპირისპირება გოლგოთის ტანჯვასთან, როგორც სხეულებრივ ტანჯვასთან, სრულიად მცდარია. განა ჯვარზე, ფიზიკური ტანჯვის გარდა, ქრისტეს სულიერი ტანჯვაც არ ჰქონდა? შეიძლება თუ არა, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, უფლის ჯვარზე ტანჯვაზე მხოლოდ როგორც ფიზიკურ ტანჯვაზე საუბარი?! ჩვენ უდავო ჭეშმარიტებად უნდა ვაღიაროთ, რომ სხეულის ტანჯვასთან ერთად სულიც განიცდის ტანჯვას. უეჭველია, რომ მაცხოვრის სხეულებრივი ტანჯვა ჯვარზე უკიდურესად მძიმე იყო. ცხადია, რომ ასეთივე, უაღრესად მძიმე, იყო ის სულიერი ტანჯვაც, რომელიც უფალმა აქ უკვე მხოლოდ სულისა და სხეულის ურთიერთკავშირის ძალით განიცადა.
 
და საერთოდ, არ შეიძლება არავითარი ეჭვი არსებობდეს იმაში, რომ მაცხოვრის ჯვარზე ტანჯვა, კერძოდ კი სულიერი ტანჯვა, უფრო მძიმე იყო, ვიდრე გეთსიმანიის ბაღში განცდილი სულიერი ტანჯვა. ამაში წმინდა წერილი გვარწმუნებს. წმინდა წერილი გვიჩვენებს, რომ უფლის ჯვარზე ტანჯვა მისი დაუძლურების უმაღლესი ხარისხი იყო. იეს ქრისტეს სული არანაკლებ იტანჯებოდა, ვიდრე მისი სხეული, რადგან რა შეიძლება იყოს ღმერთის მიერ მიტოვებაზე უფრო მტანჯველი და უბედური?! სწორედ ეს უმძიმესი მდგომარეობა განიცადა მაცხოვარმა ჯვარზე, რასაც მოწმობს მისი ღაღადისი: "ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე მე?" (მთ. 27:46). გეთსიმანიის ბაღში ღმერთის მიერ მიტოვებულობა მხოლოდ იწყებოდა, რის გამოც ჩვენმა მაცხოვარმა თავის სამ უსაყვარლეს მოწაფეს სთხოვა, მასთან დარჩენილიყვნენ მისი სასიკვდილო სულიერი მწუხარების ჟამს (მთ. 26:38).
 
მაგრამ აქ ღმერთის მიერ მიტოვებულობა, როგორც ქრისტეს სიკვდილისწინა სულიერი მწუხარების მიზეზი, ვერ აღწევდა იმ ხარისხს, რომლითაც იგი ჯვარზე გამოვლინდა. გეთსიმანიის ბაღში მაცხოვრის დაუძლურების ნუგეში იყო ღვთაებრივი მამის მიერ მის გასაძლიერებლად მოვლენილი ანგელოზი ([ლკ. 22:43]). ხოლო ჯვარზე იეს ქრისტეს უკვე არავითარი ნუგეში აღარ ჰქონდა. ღვთაებრივმა მამამ თავის მხოლოდშობილ ძეს ნება მისცა, სრულად, უკანასკნელ წვეთამდე შეესვა ჩვენი გამოსასყიდი ტანჯვის სასმელი — უკიდურეს ზღვრამდე დასულიყო თავის ადამიანურ უძლურებაში, დატოვა რა იგი, როგორც ადამიანი, თავისი შეწევნის გარეშე; ამიტომაც აღმოხდა ჯვარზე ამ ღვთაებრივი ტანჯულის მკერდიდან ასეთი ღაღადისი (მთ. 27:46).
 
ამრიგად, ერთი მხრივ, წმიდა წერილის მოწმობით გეთსიმანიის ბაღში ანგელოზის მოვლინება ქრისტეს სულიერი ტანჯვის შესამსუბუქებლად, ხოლო, მეორე მხრივ, ჯვარზე მისი ღვთაებრივი მამის მიერ ყოველგვარი შეწევნის გარეშე დატოვებ გვაფიქრებინებს, თითქოსდა ქრისტეს გეთსიმანიისეული სულიერი ტანჯვა გოლგოთის ტანჯვაზე უფრო ძლიერი იყო, მაგრამ ეს მცდარი აზრია; იგი არ გვხვდება წმინდა წერილში და ეწინააღმდეგება საღვთო გამოცხადების მონაცემებს.
 
ცოდვილობის ჭვრეტისაგან წარმოიშვა. ასეთი წარმოდგენისთვის წმინდა წერილი არავითარ საფუძველს არ გვაძლევს. აქ საერთოდ არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ ქრისტეს გეთსიმანიისეული სულიერი ტანჯვა თუნდაც გარკვეულწილად იყო დამოკიდებული მის მიერ მთელი კაცობრიობის ცოდვების გაცნობიერებაზე. გეთსიმანიის ლოცვის შესახებ სახარებისეულ თხრობას თუ გავითვალისწინებთ, შეგვიძლია მხოლოდ ის ვთქვათ, რომ გეთსიმანიის ბაღში იესუ ქრისტეს ჰქონდა სასიკვდილო სულიერი მჭმუნვარება სიკვდილის შიშისა და საკუთარი მარტოობის, ანუ ღმრთის მიერ მიტოვებულობის შეგნების გამო. და ამ სასიკვდილო შიშის გამოვლენაში იესუ ქრისტესთვის არაფერი იყო უკადრისი, როგორც ამას შეცდომით ფიქრობს მიტროპოლიტი ანტონი ("Догмат искупления", стр. 32), ვინაიდან იგი ამ შიშს განიცდიდა როგორც ადამიანი და არა როგორც ღმერთი. სიკვდილის შიში თვით ღმერთის მიერ არის ჩადებული ადამიანის ბუნებაში და წარმოადგენს მისი უძლურების განუყოფელ ნიშანს.
 
წმინდა მოწამეები ყოველთვის როდი "მიდიოდნენ სატანჯველად, ხარობდნენ და ზეიმობდნენ თავიანთი სხეულის წამებისას" ("Догмат искупления", стр. 32). ამ სიხარულს ისინი მხოლოდ მაშინ განიცდიდნენ, როდესაც თავიანთი ტანჯვის დროს ღვთისაგან საკვირველ მადლმოსილ შეწევნას იღებდნენ, და იმდენად, რომ ზოგჯერ საერთოდ ვერც კი გრძნობდნენ ამ ტანჯვას.
 
ხოლო ჩვენი მაცხოვარი მიტოვებული იყო თავისი ღვთაებრივი მამის მიერ. ტანჯვისას ის მხოლოდ თავის ადამიანურ ძალებს იყო მინდობილი. შეუძლებელი იყო, როგორც ადამიანს, ქრისტეს არ შეშინებოდა მოსალოდნელი ტანჯვისა და ჯვარზე სიკვდილის.
 
ამიტომ, სახარებისეული თხრობის საფუძველზე, გეთსიმანიისეული სულიერი ტანჯვა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ მაცხოვარი არა მხოლოდ ღმერთია, როგორც ამას მწვალებლები — მონოფიზიტები — ამტკიცებდნენ, არამედ ადამიანიც. როგორც ადამიანი, ის გეთსიმანიის ბაღში უდიდეს მწუხარებას განიცდიდა მისთვის მოახლოებული გოლგოთის ტანჯვისა და სიკვდილის გამო. სწორედ ჯვარზე ამ ტანჯვის სასმელის აცილების შესახებ ლოცულობდა იგი თავისი ღვთაებრივი მამისადმი.
 
თუმცა მიტროპოლიტი ანტონი, სახარებისეულ ტექსტებზე დაყრდნობით: (მკ. 14:37; მთ. 26:39–42 და ლკ. 22:42) ("Догмат искупления", стр. 32), ამტკიცებს, რომ უფალი ლოცულობდა არა ჯვარზე ტანჯვისა და სიკვდილის სასმელის აცილებისთვის, არამედ მის მიერ — მიტროპოლიტ ანტონის მიერ — მითითებული უდიდესი მწუხარების აცილებისთვის, რომელსაც იესუ ქრისტე "ამ ჟამს", ანუ თავისი გეთსიმანიის ლოცვის ჟამს განიცდიდა ("Догмат искупления", стр. 34).
   
მივაპყროთ ყურადღება მიტროპოლიტ ანტონის მიერ მითითებულ ტექსტებს. პირველ მათგანში ვხვდებით უფლის შემდეგ სიტყვებს: "დაბრუნებულმა მძინარენი ნახა ისინი და უთხრა პეტრეს: სიმონ, გძინავს? ერთ საათსაც ვერ გასძელი ფხიზლად ყოფნა?" (მკ. 14:37). როგორც ვხედავთ, ამ სიტყვებში მხოლოდ მაცხოვრის საყვედურია პეტრესადმი, რომ მან გეთსიმანიის ლოცვის დროს ერთი საათის განმავლობაში ვერ შეძლო მღვიძარება, და აქ საერთოდ არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რაზე ლოცულობდა უფალი. აქ ოდნავი მინიშნებაც კი არ არის, რომელიც მიუთითებდა, რომ უფალი ლოცულობდა, რათა აცილებოდა მას უდიდესი მწუხარების სასმელი, რომელიც ყველა ადამიანური თაობის ცოდვილობის ჭვრეტით ჰქონდა გამოწვეული ("Догмат искупления", стр. 34). სრულიად გაუგებარია ისიც, თუ როგორ შეძლო მიტროპოლიტმა ანტონიმ ეს აზრი ქრისტეს მიერ მოციქული პეტრესადმი ნათქვამ სიტყვებზე დაეფუძნებინა. ამ სიტყვებსა და მიტროპოლიტ ანტონის ამჟამინდელ აზრს შორის საერთო არაფერია.
 
რაც შეეხება სახარების დანარჩენ ორ ტექსტს, რომლებზეც მიტროპოლიტი ანტონი მიუთითებს, პირველი მათგანი შეიცავს შემდეგ სიტყვებს: "ცოტაზე გაშორდა მათ, პირქვე დაემხო, ლოცულობდა და ამბობდა: მამაო ჩემო! თუკი შესაძლოა, ამცდეს ეს სასმისი; თუმცა არა როგორც მე მნებავს, არამედ - როგორც შენ. მივიდა თავის მოწაფეებთან და მძინარენი ჰპოვა ისინი, და უთხრა პეტრეს: ასე, ერთ საათსაც ვერ შესძელით გეფხიზლათ ჩემთან ერთად? იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ საცდუნებელში: სული მხნეა, მაგრამ ხორცია უძლური. მეორედაც გაშორდა მათ, ლოცულობდა და ამბობდა: მამაო ჩემო! თუკი შეუძლებელია ამცდეს ეს სასმისი, რათა არ შევსვა იგი, დე, იყოს ნება შენი (მთ. 26:39–42). მეორე ტექსტში ნათქვამია: "და ამბობდა: მამაო, თუ გნებავს, ამაცალე ეს სასმისი! თუმცა იყოს არა ჩემი ნება, არამედ შენი" (ლკ. 22:42).
 
როგორც ვხედავთ, უფლის ზემოთ მოყვანილ სიტყვებში, მის მიერ პეტრესა და სხვა ორი მოწაფისადმი გამოთქმული საყვედურის გარდა, ლაპარაკია გეთსიმანიის ლოცვაზე, რომელშიც მაცხოვარი თავის ზეციერ მამას სთხოვდა, აცილებოდა მისთვის განკუთვნილი ტანჯვის სასმელი. მიტროპოლიტი ანტონი ამ ლოცვას სასმელის აცილების შესახებ ისეთ განმარტებას აძლევს, რომლის დასაბუთება ამ ღვთაებრივი სიტყვებით სრულიად შეუძლებელია. თუ ქრისტეს საყვედურს პეტრესადმი, რომ მან ვერ შეძლო გეთსიმანიის ლოცვის დროს მღვიძარება, არაფერი აქვს საერთო მიტროპოლიტ ანტონის აზრთან, თითქოს ეს ჟამი მიუთითებდეს მაცხოვრის უდიდეს სულიერ მწუხარებაზე, რომელიც მას ყველა ადამიანური თაობის ცოდვილობის ჭვრეტისაგან ჰქონდა გამოწვეული, მაშინ არც ქრისტეს ლოცვას თავისი სატანჯველის აცილებაზე აქვს რაიმე საერთო მიტროპოლიტ ანტონის ამ აზრთან. ამ ლოცვის სიტყვები ეხებოდა არა იმ სულიერი ტანჯვის სასმელს, რომელსაც უფალი გეთსიმანიის ლოცვის ჟამს განიცდიდა, თითქოსდა ყველა ადამიანური თაობის ცოდვილობის ჭვრეტის გამო, არამედ მისი ტანჯვის იმ სასმელს, რომელიც მას ჯვარცმის ჟამს უნდა განეცადა.
 
ძალიან სამწუხაროა, რომ მიტროპოლიტი ანტონი მხედველობიდან უშვებს იოანეს სახარების იმ სიტყვებს, რომლებიც ასევე ქრისტეს ტანჯვის ჟამზე, ოღონდ არა გეთსიმანიისეულ, არამედ ჯვარზე ტანჯვის ჟამზე, მეტყველებს. სახარების ეს სიტყვები ცხადყოფს მიტროპოლიტ ანტონის მიერ იმ სასმელის გაგების სრულ მცდარობას, რომლის აცილებისთვისაც უფალი გეთსიმანიის ბაღში ლოცულობდა.
 
ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ უფლის შემდეგი სიტყვებს: "მოაწია კაცის ძის განდიდების ჟამმა. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი მიწაზე დავარდნილი პურის მარცვალი არ მოკვდა, ცალად დარჩება, ხოლო თუ მოკვდა, უამრავ ნაყოფს გამოიღებს. აწ შეძრწუნდა ჩემი სული და რა უნდა ვთქვა? მამაო, მიხსენ ამ ჟამისაგან; მაგრამ სწორედ ამისთვის მოვედი ამ ჟამს" (ინ. 12:23, 24, 27).
 
წმინდა იოანე ოქროპირის განმარტების თანახმად, უფალი აქ თავისი ჯვარზე ტანჯვისა და სიკვდილის ჟამზე მეტყველებს, რასაც მოწმობს მისი სიტყვები ხორბლის მარცვლის სიკვდილზე, აგრეთვე ის გარემოება, რომ უფალი თავისი განდიდების ჟამზე საუბრობს, რომელშიც მისი ჯვარზე ტანჯვა და სიკვდილი იგულისხმება (Творения святителя Иоанна Златоуста т. VIII, кн. 1, стр. 445–446; 450–451).
 
დამოწმებული სახარებისეული ტექსტისა და წმინდა იოანე ოქროპირის მიერ მისი განმარტების საფუძველზე, ქრისტეს ეს სიტყვები სრულ პარალელში უნდა დავაყენოთ მის გეთსიმანიის ლოცვის სიტყვებთან. აქაც და იქაც მაცხოვარი თავის ზეციერ მამას ჯვარზე ტანჯვისა და სიკვდილისაგან დახსნისთვის ევედრება, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ პირველ შემთხვევაში ჯვარზე ტანჯვა იწოდება როგორც "ეს ჟამი", ხოლო მეორეში — როგორც "ეს სასმელი".
 
სწორედ ქრისტეს ამ სიტყვებისთვის უნდა მიექცია ყურადღება მიტროპოლიტ ანტონის, გეთსიმანიის ლოცვის სწორად განმარტების მიზნით, და არა იმ სიტყვებისთვის, რომლებიც უფლის მიერ პეტრესა და სხვა მოწაფეებისადმი საყვედურზე მეტყველებენ, რომ მათ ვერ შეძლეს ერთი საათის განმავლობაში ქრისტესთან ერთად მღვიძარება გეთსიმანიიაში მისი ლოცვის დროს (მკ. 14:37; მთ. 26:39–42).
 
გარდა ამისა, სრულიად გაუგებარია, რატომ ჩასვა მიტროპოლიტმა ანტონიმ ბრჭყალებში სიტყვები: "ის ლოცულობდა, რათა, თუ შესაძლებელი იყო, ეს ჟამი აცილებოდა მას", რომელთა შემდეგაც მითითებულია (მკ. 14:37; შდრ.: მთ. 26:39–42 და ლკ. 22:42) ("Догмат искупления", стр. 33). არც ერთ ამ ტექსტში ასეთი სიტყვები არ გვხვდება.
 
ამავე უსაფუძვლობით ხასიათდება მიტროპოლიტ ანტონის მითითებაც, რომლითაც იგი თავისი ამ მცდარი აზრის დასადასტურებლად მოციქულ პავლეს სიტყვებს იყენებს ებრაელთა მიმართ ეპისტოლედან (ებრ. 5:7). ეს ტექსტიც არავითარ საფუძველს არ გვაძლევს ვიფიქროთ, რომ უფალი ლოცულობდა იმ უდიდესი მწუხარების აცილებისთვის, რომელიც მთელი კაცობრიობის ყველა ცოდვის ჭვრეტისგან იყო გამოწვეული. პირიქით, აქ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ უფალი ლოცულობდა ჯვარზე სიკვდილის სასმელის აცილებისთვის, კერძოდ, შემდეგ სიტყვებში: "რომელმაც მისი ხორციელად ყოფნის დღეებში ხმამაღალი ღაღადისითა და ცრემლების ფრქვევით შესწირა ლოცვა-ვედრება მას, ვისაც შეეძლო სიკვდილისაგან ეხსნა იგი..." (ებრ. 5:7). ამრიგად, მიტროპოლიტ ანტონის ეს აზრი აქ კი არ მტკიცდება, არამედ უარიყოფა.
 
ამ აზრის დასტურს ვერ ვპოულობთ ვერც მოციქულის შემდგომ სიტყვებში: "შესმენილ იქნა მისი ღვთისმოშიშების გამო" (ებრ. 5:7). დიახ, ღვთაებრივმა მამამ თავისი მხოლოდშობილი ძე სიკვდილისგან არ იხსნა. ამის მიუხედავად, მოციქულს სრული საფუძველი ჰქონდა ეთქვა, რომ ღვთაებრივმა მამამ შეისმინა მისი ლოცვა, ვინაიდან მან თავის ძეს გასაძლიერებლად ანგელოზი მოუვლინა (ლკ. 22:43). აქ სიტყვა "შეისმინა" არ შეიძლება გავიგოთ იმ აზრით, თითქოს ქრისტეს ლოცვა მთლიანად შესრულდა. ეს სიტყვა უნდა გავიგოთ იმ აზრით, რომ ღვთაებრივი მამა გამოეხმაურა თავისი ძის ლოცვას და, მის პასუხად, ყველაფერი გააკეთა იესუ ქრისტეს ადამიანური, უძლური ბუნების განსაძლიერებლად, საღვთო განგებულების გეგმების დაურღვევლად.
 
წმინდა წერილის განმარტებისას უნდა ვიხელმძღვანელოთ წმინდა მამათა გაგებით. აი, როგორ განმარტავს წმინდა იოანე ოქროპირი იესუ ქრისტეს გეთსიმანიისეულ სულიერ ტანჯვას და მის ლოცვას სასმელის აცილების შესახებ. "თუ მისი (ქრისტეს) ლოცვა გეთსიმანიის ბაღში მის ღვთაებრიობას ეხებოდა, — ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, — მაშინ იგი აღმოჩნდებოდა საკუთარი თავის უარმყოფელი, საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მყოფი და საკუთარ თავთან შეუთანხმებელი. აქ იგი ამბობს: "მამაო ჩემო! თუკი შესაძლოა, ამცდეს ეს სასმისი", და ყოყმანობს და თავს არიდებს ტანჯვას (მთ. 26:39); მაშინ როცა სხვა ადგილას, მას შემდეგ, რაც თქვა, რომ ძე კაცისა უნდა გადაცემულიყო და ეტანჯა, და მოისმინა პეტრეს სიტყვები: "შორს შენგან, უფალო; ღმერთმა ნუ ქნას ეგ!", ისე მკაცრად უსაყვედურა მას, რომ უთხრა: "გამშორდი, სატანა! ჩემი საცთური ხარ! რადგან ღმერთისას კი არ ფიქრობ, არამედ კაცისას" (მთ. 16:22–23)... და წმინდა წერილის მრავალ სხვა ადგილასაც ვხედავთ, რომ იგი წინასწარ აცხადებდა თავის ტანჯვას და სურდა, რომ ის აღსრულებულიყო, და სწორედ ამისთვის მოვიდა კიდეც".
 
რატომ ამბობს იგი აქ: "თუკი შესაძლოა"? ის გვიჩვენებს ადამიანის ბუნების უძლურებას, რომელსაც არ შეუძლია ადვილად განშორდეს ამჟამინდელ ცხოვრებას, არამედ თავს არიდებს და ყოყმანობს იმის გამო, რომ მასში ღმერთის მიერ დასაბამიდანვე ჩადებულია ამჟამინდელი ცხოვრების სიყვარული. თუ ყველა ამ სიტყვის შემდეგაც ზოგიერთმა გაბედა იმის თქმა, რომ მას ხორცი არ მიუღია, მაშინ რას აღარ იტყოდნენ, მსგავსი არაფერი რომ არ ყოფილიყო ნათქვამი? იქ იგი, როგორც ღმერთი, წინასწარ აუწყებს თავის ტანჯვას და სურს, რომ ის აღსრულდეს, ხოლო აქ, როგორც ადამიანი, თავს არიდებს მას და გაურბის... მაშასადამე, როდესაც ამბობს: "თუკი შესაძლოა, ამცდეს ეს სასმისი" და: "თუმცა არა როგორც მე მნებავს, არამედ - როგორც შენ", ამით სხვა არაფერს გამოხატავს, თუ არა იმას, რომ ჭეშმარიტი ხორცით იყო შემოსილი, რომელსაც სიკვდილის ეშინია, რადგან მისთვის დამახასიათებელია სიკვდილის შიში, მისგან თავის არიდება და მწუხარებაში ჩავარდნა" (Творения святителя Иоанна Златоуста т. I, кн. 2, стр. 565–567. СПБ. 1898).
 
ზუსტად ამავე აზრით განმარტავს ქრისტეს ამ ლოცვას, როგორც მისი გეთსიმანისეული ტანჯვის გამოხატულებას, წმინდა ეფრემ ასურელიც (Творения Святых Отцов, преп. Ефрем Сирин. «Толкование на четвероевангелие», стр. 291. М. 1895).
 
ასეთია გეთსიმანიის ლოცვის წმინდა მამათა განმარტება. სწორედ ამ განმარტებას უნდა მივყვეთ, თუ არ გვსურს ჭეშმარიტების წინააღმდეგ შევცოდოთ და წინააღმდეგობაში აღმოვჩნდეთ მასთან.

 
გაგრძელება იქნება.
  
წყარო: Архиепископ Серафим (Соболев). Искажение православной истины в русской богословской мысли. София, 1943.
 
ინტერნეტში: https://azbyka.ru/otechnik/Serafim_Sobolev/iskazhenie-pravoslavnoj-istiny-v-russkoj-bogoslovskoj-mysli/#note3
 
თარგმანი: საიტი "აპოკალიფსისის" რედ. თბილისი 2026
Назад к содержимому