სწავლანი > ღვთისმეტყველება
მართლმადიდებლური ჭეშმარიტების დამახინჯება
რუსულ საღვთისმეტყველო აზროვნებაშიავტორი: არქიეპ. სერაფიმე (სობოლევი)
წინასიტყვაობა
თავის სტატიაში "გამოსყიდვის დოგმატი" (გამოიცა ცალკე ბროშურის სახით 1917 წ.) მიტრ. ანტონი (იგულისხმება მიტრ. ანტონი ხრაპოვიცკი - "აპოკ." რედ.) უარყოფს მართლმადიდებლური სარწმუნოების ძირითად დოგმატს გამოსყიდვის შესახებ. წმიდა ეკლესია, საღმრთო გამოცხადებისა და წმიდა მამათა თხზულებების საფუძველზე, ასწავლის, რომ უფალმა ჩვენი გამოსყიდვა აღასრულა ჯვარზე თავისი სიკვდილით, ანუ პატიოსანი სისხლით, რომელიც მან ჯვარზე დაღვარა. ხოლო მიტროპოლიტი ანტონი ამტკიცებს, რომ ჩვენი გამოსყიდვა აღსრულდა არა ჯვარზე ქრისტეს ვნებითა და სისხლით, არამედ მისი სულიერი ტანჯვით გეთსემანიის ბაღში. უკვე ეს განსხვავება აჩვენებს, რაოდენ დიდი ცდომილებაა მ. ანტონის სწავლება გამოსყიდვის შესახებ!
მართალია, მეუფე მიტროპოლიტი აცხადებს, რომ ის არ უარყოფს უფლის მიერ ჯვარზე ვნების მნიშვნელობას, მაგრამ ეს მნიშვნელობა მის მიერ დაიყვანება იქამდე, რომ მაცხოვრის გოლგოთასეული ტანჯვა მხოლოდ ეხმარება, როგორც ის ამბობს, გეთსემანიის ბაღში მისი სულიერი ტანჯვის ძალას. ისინი არ შედიან ჩვენი ცხონების არსში. გამოსყიდვის არსის ამ თვალსაზრისიდან, მათ არანაირი მნიშვნელობა არა აქვთ, რადგან ჩვენი გამოსყიდვა აღსრულდა არა გოლგოთაზე, არამედ გეთსემანიაში. ამიტომაც მ. ანტონის სწავლების განსხვავება მართლმადიდებლური სწავლებისგან, ამავდროულად კი მთელი მისი ცდომილი სწავლების სიმძიმე გამოსყიდვის შესახებ, ზემოთხსენებული მისი განცხადების მიუხედავად, მთელი თავისი ძალით ცდომილებადვე რჩება.
ეს სიმძიმე კიდევ უფრო იზრდება და რთულდება იმ შეუსაბამო დასკვნებით, რომლებიც მ. ანტონის სწავლებიდან მომდინარეობენ და, რომელთა შესახებაც მისი სტატიის განხილვაში ვლაპარაკობთ. მათზე წარმოდგენა რომ გვქონდეს საკმარისია მივუთითოთ ზოგიერთი მათგანი.
თუკი ჩვენი გეთსემანიის ბაღში ქრისტეს სულიერი ტანჯვით აღსრულდა, მაშინ, აქედან გამომდინარე, მისი ჯვარზე სიკვდილი საჭირო არ ყოფილა; მაშინ ის ჩვენთვის ხდება ზედმეტი და არა მაცხოვნებელი. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ დღემდე ვრჩებით პირველშობილი ცოდვის, წყევლისა და სიკვდილის გავლენის ქვეშ, რადგან ეს გამოხსნა, როგორც ამას ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესია ასწავლის, მოგვენიჭა მხოლოდ ჯვარზე იესუ ქრისტეს ვნებითა და სიკვდილით.
შემდეგ, უფალმა თქვა: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში. ხოლო, ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ექნება საუკუნო სიცოცხლე, და აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს. ... ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია, ხოლო მე - მასში" (იოანე 6:53 - 54, 56). ამ ღვთაებრივი სიტყვებიდან ნათელი ხდება, რომ წმიდა ზიარების გარეშე ვერ შევძლებთ ერთობას იესუ ქრისტეში და მარადიულ ნეტარ ცხოვრებას ვერ დავიმკვიდრებთ. მაგრამ მ. ანტონის სწავლებიდან გამოდის, რომ ქრისტეს ამ სისხლს ჩვენთვის არანაირი მაცხოვნებელი მნიშვნელობა არ ჰქონია. ის რჩება მხოლოდ გარეგან, დამხმარე საშუალებად მაცხოვრის გეთსემანიისეული სულიერი ტანჯვის გასააზრებლად.
აი ამდენად დიდია ცდომილებანი, რომლებიც მომდინარეობენ მიტრ. ანტონის სწავლებიდან თანაგრძნობითი სიყვარულის შესახებ.
აქედან გასაგებია, რატომ გამოიწვია პროტესტი საზღვარგარეთ მართლმადიდებლური სარწმუნოების მოშურნეებში მიტრ. ანტონის სტატიის გამოჩენამ გამოსყიდვის შესახებ და ასევე მისმა კატეხიზმომ (М. Антоний. «Опыт христианского православного катехизиса». 1924 г. Сремския Карловци. Сербия).
ჩვენ მხედველობაში გვაქვს ათონელთა ბროშურა, რომელიც 1931 წ-ს გამოსცეს მთაწმინდელმა პატრიოტებმა სათაურით: "მართლმადიდებლობა და სიახლენი" და "მ. ანტონის ბროშურის "გამოსყიდვის დოგმატის" შესახებ"; ასევე მ. ელეფთერის წერილები, რომლებიც მან მიწერა მიტრ. ანტონის 1925-1935 წლების პერიოდში და 1937 წელს გამოიცა ცალკე წიგნად სათაურით: "გამოსყიდვის შესახებ". ჩვენთვის ცნობილია, რომ იყვნენ სხვებიც, თუმცა გამოუქვეყნებელნი, რომლებმაც წერილობით მიმართეს მიტრ. ანტონის მისი ცრუ დოგმატური სწავლების მხილებით.
ძნელი იყო ჩემთვის გულგრილი დავრჩენილიყავი მოცემული სწავლებისადმი. 1927 წ-ს რუსეთის სამღვდელმთავრო სინოდის ოფიციალურ სხდომაზე, რომელიც სრემსკი კარლოვცებში შედგა და, რომელსაც თავმჯდომარეობდა თვით მიტრ. ანტონი, მოისმინეს აწ გარდაცვლილი არქიეპისკოპოსის თეოფანე პოლტაველის მოხსენება გამოსყიდვის დოგმატზე მიტრ. ანტონის სწავლებასთან დაკავშირებით და ჩემი მოხსენება მიტრ. ანტონის კატეხიზმოსთან დაკავშირებით (1).
_________________
1. ეს მოხსენება თითქმის უცვლელად არის განთავსებული წინამდებარე წიგნში სათაურით: "მ. ანტონის კატეხიზმოსთან დაკავშირებით".
_________________
ამის შემდეგ, ძალიან მალე, რუსეთის სამღვდელმთავრო სინოდის ოფიციალურ სხდომაზე, არქიეპ. თეოფანემ თავისი და ჩემი სახელით მიმართა მიტრ. ანტონის თხოვნით არ გაევრცელებინა თავისი დოგმატური სწავლება, რათა არ წამოგვეწია ეს მტკივნეული თემა რუსეთის საზღვარგარეთული ეკლესიის მღვდელმთავართა მომავალ კრებაზე.
მიტრ. ანტონი დათანხმდა ჩვენს თხოვნას. მაშინვე, რაც მას გაეცნო ჩვენი სინოდის რამოდენიმე წევრი, სინოდალურ კანცელარიას ჩავაბარე გამოსყიდვის შესახებ მიტრ. ანტონის სტატიასთან დაკავშირებული ჩემი მოხსენება (2).
_________________
2. მითითებული მოხსენება წინამდებარე წიგნში შევიდა გადამუშავებული სახით.
_________________
მიტრ. ანტონისთვის უცხო იყო მწვალებელთათვის დამახასიათებელი მისწრაფება, რაც უნდა დაჯდომოდა გაევრცელებინა თავისი სწავლება. მან შეასრულა ჩვენი თხოვნა და შემდეგში გამოსყიდვის შესახებ საკუთარი შეხედულების დასაცავად არაფერი დაუბეჭდავს. სამწუხაროდ, თავისი სულის სიღრმეში, მან ეს სწავლება არ უარჰყო. 1933 წელს პირისპირ ვესაუბრე მის დოგმატურ სწავლებასთან დაკავშირებით და კვლავ განვუცხადე, რომ ის ეწინააღმდეგება წმიდა წერილისა და წმიდა მამათა სწავლებას. მან მიპასუხა, რომ მისი სწავლება საღმრთო გამოცხადების თანხმიერიცაა, და ეკლესიის წმიდა მამათა სწავლებისაც. ამის შემდეგ მიტრ. ანტონისთან ამ თემაზე საუბარმა აღარ მომიწია.
მაგრამ, თუ თვით მიტრ. ანტონი დაბეჯითებით არ ითხოვდა თანაგრძნობითი სიყვარულის, როგორც ჩვენი გამოსყიდვის საშუალების შესახებ თავისი სწავლების გავრცელებას, ამაზე მისმა მიმდევრებმა იზრუნეს.
იმის გამო, რომ მიტრ. ანტონის ცდომილება, და თანაც ასეთ მნიშვნელოვან დოგმატურ საკითხზე, საშიშია მართლმადიდებლური სარწმუნოებისთვის და უკვე თავისი მიმდევრებიც ჰპოვა, საკუთარ წმიდათაწმიდა მოვალეობად ჩავთვალეთ დაგვებეჭდა წინამდებარე ჩვენი გამოკვლევა მიტრ. ანტონის დოგმატური სწავლების შესახებ.
ამ გამოკვლევის მთელი შინაარსი დავყავით სამ ნაწილად:
მათგან პირველში ჩვენ ვლაპარაკობთ მიტრ. ანტონის მიერ გამოსყიდვაზე იურიდიული შეხედულების უარყოფაზე და ღმრთითგამოცხადებულ და წმიდა მამათა მოწმობებიდან მოგვყავს მაგალითები მისი ამ აზრის უარსაყოფად.
მეორე ნაწილის საგანია თვით მიტრ. ანტონის სწავლების გადმოცემა, რომლის თანახმადაც ჩვენი გამოსყიდვა მოხდა ქრისტეს თანაგრძნობითი სიყვარულით, გეთსემანიის ბაღში მისი სულიერი ტანჯვით. ეს სწავლება ასევე უარყოფილია წმიდა წერილისა და ეკლესიის წმიდა მამათა სწავლებების მონაცემებით.
და ბოლოს, ჩვენი წიგნის მკითხველთა გულებში რომ უფრო ჩაიბეჭდოს სწავლება გამოსყიდვის შესახებ, ვიძლევით მის მოკლე გადმოცემას საღმრთო გამოცხადებაზე, წმიდა მამათა სწავლებაზე და საღვთისმსახურებო წიგნებზე დაყრდნობით, რაც საკუთრივ შეადგენს ჩვენი წინამდებარე გამოკვლევის მესამე ნაწილს.
სანამ მიტრ. ანტონის ნაშრომის განხილვაზე გადავიდოდეთ, გვსურს აღვნიშნოთ, თუ რატომ ვლაპარაკობთ პირველ ნაწილში მიტრ. ანტონის მიერ გამოსყიდვაზე იურიდიული შეხედულების უარყოფაზე, და არა თვით მის სწავლებაზე თანაგრძნობითი სიყვარულის შესახებ. მიტრ. ანტონი, თუმც კი აცხადებს, რომ "გამოსყიდვის საქმე - თანაგრძნობითი სიყვარულის ღვაწლია... ის არ უნდა არღვევდეს ცხოვრების სხვა კანონებს, ანუ სამართლიანობას" ("Догмат искупления", стр. 44), მიუხედავად ამისა აქვე მეორეხარისხოვანს უწოდებს გამოსყიდვასთან დაკავშირებულ იურიდიულ თვალსაზრისს ("Догмат искупления", стр. 44). მაგრამ, ის ამითაც არ შემოიფარგლება. გამოსყიდვასთან დაკავშირებული საღმრთო მართლმსაჯულების დაკნინებაში მიტრ. ანტონი კიდევ უფრო შორს მიდის. მის მიერ მითითებული მეორეხარისხოვანი თვალსაზრისი სრულიად ნადგურდება მისივ შეხედულებით თანაგრძნობით სიყვარულზე, რომელიც არა მარტო უმთავრესია, არამედ ერთადერთი მიზეზია გამოსყიდვისა, რადგან დასაშვებად არ მიიჩნევს საღმრთო მართლმსაჯულების არანაირ არსებით მონაწილეობას ამ საქმეში, არც მის მოთხოვნილებას ჯვარზე ქრისტეს სიკვდილისა, როგორც საღმრთო სამართლიანობის დამაკმაყოფილებელ მსხვერპლს.
ამრიგად, მიტრ. ანტონი სრულიად უარყოფს იურიდიულ შეხედულებას ჩვენი გამოსყიდვის საქმეში და ასწავლის, რომ აქ მოქმედებდა მხოლოდ თანაგრძნობითი სიყვარული.
საინტერესოა გავარკვიოთ, სად არის მიტრ. ანტონის ამგვარი სწავლების საფუძველი? ჩვენს გამოკვლევაში გამოვარკვევთ, რომ ამ სწავლებისთვის არ არსებობს არანაირი საფუძველი არც წმიდა წერილში და არც წმიდა მამათა თხზულებებში. მაშ, სად არის ეს საფუძველი?
ათონელთა მითითებულ ბროშურაში თანაგრძნობითი სიყვარულის შესახებ მიტრ. ანტონის სწავლების მიზეზად დასახელებულია მისი უკიდურესი გატაცება ფ. მ. დოსტოევსკით. ამ უკანასკნელმა 1849 წლის 21 დეკემბერს საშინელი სულიერი ტანჯვა განიცადა ეშაფოტზე. ამ ზნეობრივმა რყევამ უბიძგა მას თავის წიგნში "იდიოტი" თავად მიშკინის პირით ეთქვა, რომ სულიერი ტანჯვა ხორციელზე უმძიმესია და უსაშინელესი. აი საიდან იღებს, ათონური ბროშურის ავტორის აზრით, მიტრ. ანტონში დასაბამს შეხედულება, რომ ქრისტეს სულიერი ტანჯვა გეთსემანიის ბაღში გოლგოთაზე უმძიმესია და ამიტომაც, სწორედ მათით და არა ჯვარზე ვნებით და სიკვდილით გამოისყიდა უფალმა ჩვენი ცოდვები ("Православие и новшество" и "По поводу брошюры М. Антония "Догмат искупления"", стр. 22–23.).
ჩვენ ვიცით, როგორ იტაცებდა მიტრ. ანტონის დოსტოევსკის პიროვნება და თხზულებები. მაგრამ, ამ გატაცებაში როდი ვხედავთ თანაგრძნობითი სიყვარულის შესახებ მისი სწავლების აღმოცენების საფუძველს. ეს მიზეზი უნდა ვეძებოთ ხელისუფლების კანონიერებისა და დანაშაულისთვის დასჯის უარყოფის იმ სულში, რომლითაც იზრდებოდა და ყალიბდებოდა ჩვენი რუსული ინტელიგენცია. ჩვენი თანამედროვეებიდან მცირდენი თუ პოულობდნენ საკმარის სულიერ ძალას, რათა წინააღმდეგობა გაეწიათ ამ დამანგრეველი სულისთვის.
უარყოფის გამხრწნელმა სულმა, თავის უკიდურეს გამოვლინებაში, რუსი ადამიანები რევოლუციამდე და სამშობლოს დაღუპვამდე მიიყვანა. მაგრამ ყველაში ერთნაირად როდი ვლინდებოდა იგი. უეჭველად, უარყოფის ეს სული მოქმედებდა იმ რუსი ადამიანების ცხოვრებაშიც, რომლებიც გატაცებით ქადაგებდნენ ღვთაებრივ სიყვარულს, როგორც ჩვენი ზნეობრივი ცხოვრებისა და საქმიანობის ერთადერთ საწყისს, მაგრამ აშკარად ან ფარულად უარყოფდნენ სიცოცხლის სხვა აუცილებელ საწყისს - საღმრთო მართლმსაჯულებას, უკეთურთა დასჯის მისეულ მოთხოვნილებას. უდავოდ, ამ სულის გავლენა იმდენად ძლიერი იყო, რომ მისგან ვერ გათავისუფლდა ვერც მიტრ. ანტონი, რომელიც უარყოფის ეპოქის შვილი იყო.
აქედან გასაგები ხდება, თუ რატომ დაეუფლა მას, როგორც თვითონ ამბობდა, ჯერ კიდევ ცამეტი წლის ყმაწვილს აზრი თანაგრძნობითი სიყვარულის შესახებ. ეს აზრი, რომელიც მას დროების სულმა ჩაბერა, მთელი თავისი ძალით გამოვლინდა მის სწავლებაში გამოსყიდვის შესახებ. უარყოფის ამ სულისგან, როგორც თავისი პირველმიზეზისგან, აღმოცენდა კიდევაც იგი. მიტრ. ანტონი თავისუფალი რომ ყოფილიყო ამ გავლენისგან, მაშინ მას არ ექნებოდა გოლგოთის მსხვერპლის გამომსყიდველობითი მნიშვნელობის უარყოფა, რომელიც ქრისტემ საღმრთო მართლმსაჯულების დასაკმაყოფილებლად გაიღო. მაშინ არ იქნებოდა მისი სწავლებაც თანაგრძნობითი სიყვარულის შესახებ.
აი რატომ დავიწყეთ წინამდებარე ნაშრომი მიტრ. ანტონის მიერ გამოსყდივაზე იურიდიული შეხედულების უარყოფის განხილვით. ის იყო უახლოესი საფუძველი მისი სწავლებისა თანაგრძნობითი სიყვარულის შესახებ.
ნიშანდობლივია, რომ გამოსყიდვაზე იურიდიული შეხედულების მისეულ უარყოფაში, მიტრ. ანტონი იმოწმებს არქიმანდრიტ სერგის, დღეისთვის მოსკოვის მიტროპოლიტს, კიევის უნივერსიტეტის პროფესორს, დეკანოზ სვეტლოვს, მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორს, არქიმანდრიტ ილარიონს (ტროიცკი) და მღვდელმონაზონ ტარასის.
ამ მოწმობებმა წაგვაქეზა ამ წიგნის გვერდებზე განგვეხილა მიტრ. ანტონის მიერ მითითებულ ავტორთა თხზულებებიც. მათი განხილვიდან ჩანს, რომ შეუძლებელია რომელიმე მათგანი საერთოდ რაიმე საღვთისმეტყველო ავტორიტეტს წარმოადგენდეს და, კერძოდ, გამოსყიდვის შესახებ სწავლებაში. გარდა ამისა, მარტოდენ გამოსყიდვის იურიდული შეხედულების უარყოფით, ისინი, მიტრ. ანტონის მსგავსად, ჩვენი დროების იმავე სულისგამხრწნელი სულისკვეთების მსხვერპლად წარმოჩინდებიან.
ნაწილი I
მიტრ. ანტონის მიერ გამოსყიდვის იურიდიული შეხედულების უარყოფა.
თავი პირველი
გამოსყიდვის შესახებ მიტრ. ანტონის სწავლების უსაფუძვლობა წმიდა წერილსა და წმიდა მამათა თხზულებებზე მისი დაუფუძნებლობის გამო. მიტრ. ანტონის მოწმობები იმგვარ პირთა თხზულებებზე, რომელთაც არ გააჩნიათ საღვთისმეტყველო ავტორიტეტი. ეპ. თეოფანე დაყუდებულის არასწორი შეხედულება, როგორც პირველშობილი ცოდვის სქოლასტიკური კომენტატორისა. მიტრ. ანტონის უარყოფითი დამოკიდებულება ცნებებისადმი: "დაკმაყოფილება" და "ქრისტეს გამომსყიდველობითი დამსახურებანი".
გამოსყიდვის დოგმატის შესახებ მიტრ. ანტონის სწავლების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი გამოსყიდვა თითქოსდა აღსრულდა არა ჯვარზე, გოლგოთის მსხვერპლით, არამედ ქრისტეს სულიერი ტანჯვით გეთსემანიის ბაღში (М. Антоний. "Догмат искупления", стр. 31). ასეთ შეხედულებას შეუძლებელია სხვა რამე ვუწოდოთ, თუ არა სიახლე, რადგან მას არ გააჩნია საფუძველი არც წმიდა წერილში და არც წმიდა მამათა თხზულებებში. მარტო ეს ვითარება უკვე აჩვენებს მოცემული დოგმატური შეხედულების უსაფუძვლობას, რადგან მართლმადიდებლურ სწავლებას თავის საფუძველში ყოველთვის გააჩნია საღმრთო გამოცხადება და წმიდა მამებისეული სწავლება.
ამგვარ უსაფუძვლობაზე მეტყველებს საკუთარი სწავლების დასამტკიცებლად მ. ანტონის მიერ დამოწმებული წყაროებიც. ის ეყრდნობა არქიმანდრიტ სერგის, დღეისთვის მოსკოვის მიტროპოლიტს (იგულისხმება სერგი სტრაგოროდსკი - "აპოკ." რედ.), პროფესორ დეკანოზ სვეტლოვს, მღვდელმონაზონ ტარასის და არქიმანდრიტ ილარიონს, მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორს ("Догмат искупления", стр. 2-3, 13). ეს პიროვნებები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შეუძლებელია იყონ საღვთისმეტყველო ავტორიტეტები, ღმრთითგამოცხადებულ და წმიდა მამათა სწავლებათაგან მათი განდგომილების გამო, რაც აისახა ცდომილებებში, რომლებიც მოცემულია ქვემოთ, ჩვენ მიერ განხილულ მათ თხზულებებში.
მ. ანტონის ახალი თეორიის სასარგებლოდ არ მეტყველებს მისი არასათანადო დამოკიდებულება ეპ. თეოფანე დაყუდებულისადმიც, როგორც ღვთისმეტყველისადმი, რომელიც პირველშობილ ცოდვაზე სამოციქულო სწავლების თითქოსდა სქოლასტიკურ განმარტებებს გვაძლევს (რომ. 5:12; "Догмат искупления", стр. 52.).
აქ, ისევე, როგორც წმიდა წერილის სხვა ადგილების განმარტებისას, ეპ. თეოფანე დაყუდებული მკაცრად მისდევს წმიდა მამებისეულ სწავლებას. ჩვენთვის ეპ. თეოფანე არის მადლიანი კომენტატორი, რომელიც თავისი ცხოვრებისა და იმის ძალით, რომ სრულად იყო გამსჭვალული წმიდა მამებისეული სულით, საღმრთო წერილის თავის განმარტებებში არაფერს ამბობდა თავისით, არამედ წმიდა მამებისეული სწავლებით მეტყველებდა. მტკიცება იმისა, რომ ეპ. თეოფანე წმიდა წერილის მითითებულ ადგილას მისდევს სქოლასტიკურ განმარტებებს, ნიშნავს იმის თქმას, რომ ეკლესიის წმიდა მამებიც, რომელთა განმარტებები მოჰყავს ეპ. თეოფანეს, ასევე სქოლატიკური კომენტატორები იყვნენ, და, ამგვარად, აკნინებს წმიდა მამებისეულ ავტორიტეტს. ჩვენ ამას არასოდეს დავეთანხმებით. ჩვენი ღრმა რწმენით, მხოლოდ მაშინ გავიგებთ წმიდა წერილს და არ შევცოდავთ ჭეშმარიტების წინაშე, თუკი ყოველთვის მივყვებით ეკლესიის წმიდა მამებს.
სწორედ ამაში მდგომარეობს ჩვენთვის ეპ. თეოფანე დაყუდებულის უდიდესი მნიშვნელობა. ის თავისი თხზულებებით, სახარების საოცარი და გასაგები გადმოცემით, გვიძღვის წმიდა მამებისკენ, ნერგავს რა ჩვენს გონებაში საღმრთო გამოცხადების წმიდა მამებისეულ მადლისმიერ გაგებას.
ამიტომ მ. ანტონი ერთნაირად მოწმობს თავისი საღვთისმეტყველო თეორიის უსაფუძვლობაზე, როდესაც ღვთისმეტყველების სფეროში ავტორიტეტებად მიიჩნევს იმათ, ვინც დაცილებულია წმიდა მამათა სწავლებებს, და მაშინაც, როდესაც არასოდეს აღიარებს ამგვარ ავტორიტეტს იმ ადამიანში, ვინც რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში უდიდეს საღვთისმეტყველო ავტორიტეტს წარმოადგენს და არის ეკლესიის დიდება და მშვენება სწორედ იმიტომ, რომ თავისი გულითა და გონებით, მთელი თავისი ცხოვრებით შეერწყა წმიდა მამებს.
რა თქმა უნდა, მ. ანტონის სწავლების უსაფუძვლობა გამოსყიდვის შესახებ იმხილება არა მარტო იმაში, რომ ის თავის სწავლებაში ეფუძნება საღვთისმეტყველო ავტორიტეტის არმქონე თხზულებებს, და ეპ. თეოფანე დაყუდებულს ეპყრობა, როგორც ღმრთითგამოცხადებული ტექსტის (რომ. 5:12) სქოლასტიკურ კომენტატორს. ეს უსაფუძვლობა უმთავრესად წარმოჩინდება მისი უარყოფითი დამოკიდებულებით ჩვენი გამოსყიდვის იურიდიული შეხედულებისადმი, რომლის განხილვასაც ჩვენ შევუდგებით.
აუცილებელია აღინიშნოს, რომ მართლმადიდებლური ეკლესია გამოსყიდვას უყურებს, როგორც საღმრთო მართლმსაჯულებისა და საღმრთო სიყვარულის ერთდროულ გამოვლენას. თავისთავად იგულისხმება, რომ გამოთქმები: "იურიდიული" და "სამართლებრივი", ესოდენ მიღებული ადამიანურ ურთიერთობებში, თავისი შინაარსით ყოველთვის როდი ემთხვევა გამოთქმებს: საღმრთო სიმართლე, საღმრთო მართლმსაჯულება. საკმაოდ შორსაა ადამიანური სიმართლე საღმრთო სიმართლისგან. მაგრამ ჩვენ სხვა ტერმინი არ გვაქვს ღმერთსა და ადამიანებს შორის საღმრთო მართლმსაჯულების საფუძველზე აგებული ურთიერთობის აღსანიშნად, გარდა სიტყვისა - იურიდიული ან სამართლებრივი. და თუ ჩვენ ამ ტერმინით ვსარგებლობთ, მით იმის თქმა კი არ გვსურს, რომ ღმერთსა და ადამიანებს შორის შესაძლებელია ისეთივე იურიდიული ურთიერთობა, როგორიც არსებობს ადამიანებს შორის. კერძოდ, სწავლებაში გამოსყიდვისა და ქრისტეს ჯვარზე სიკვდილით ჩვენი ცხონების შესახებ, ტერმინ "იურიდიულის" ან "სამართლებრივის" გამოყენებით მხოლოდ ქრისტეს გამომსყიდველობით საქმეზე მივანიშნებთ, რომელშიც საღმრთო მართლმსაჯულების თვისება გამოვლინდა.
ეს ცნობილია მ. ანტონისთვის. მან იცის, რომ გამოსყიდვის იურიდიული თეორია, რომელსაც ის სრულიად ანადგურებს (1), არსებითად, არის ღმრთითგამოცხადებული და წმიდა მამათა სწავლება საღმრთო მართლმსაჯულების დასაკმაყოფილებლად ჯვარზე ქრისტეს სიკვდილით ჩვენი გამოსყიდვის შესახებ. მიუხედავად ამისა, ის ღიად უარყოფს მართლმადიდებლური ეკლესიის ამ იურიდიულ შეხედულებას გამოსყიდვის საქმეზე, და ამტკიცებს, რომ უკანასკნელში მოქმედებს მხოლოდ ღმრთის სიყვარული, თანაც თანაგრძნობითი სიყვარული.
___________________
1. "კარგი იქნებოდა იმ იურიდიულ თეორიას, ამბობს მ. ანტონი, მოჩვენებითი ლოგიკურობა მაინც ჰქონოდა, რადგან მისი შინაგანი წინააღმდეგობის მხილება უკვე "საერთო ადგილი"* ხდება, და მისი ამასწინანდელი მცველი (Левитов. «Вера и Разум» 1916 г.) მას თვითონვე უარყოფს და ერთგვარად "აუქმებს მის უკიდურესობებს", რომლის შემდეგ იმ თეორიისგან აღარაფერი რჩება" (დედანში: "И добро бы та юридическая теория, говорит М. Антоний, имела за себя хотя бы кажущуюся логичность, а то обличать ее внутреннее противоречие теперь уже становится «общим местом», и ее недавний защитник (Левитов в «Вера и Разум» 1916 г.) сам же ее опровергает, как бы «устраняя ее крайности», за устранением которых от той теории ничего не остается") ("Догмат искупления", стр. 11.).
* საერთო ადგილი (ბერძნ. τόπος κοινός, ლათ. locus communis) - ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტერმინი კლასიკურ რიტორიკასა და ლიტერატურულ თეორიაში, რომელიც აღნიშნავს წარმოსახვით თემას, რომელიც განაპირობებს მრავალთაგან მოცემული აზრის, მოცემული ხატების არჩევას (wikipedia).
___________________
ამ უარყოფას, მ. ანტონი, უპირველეს ყოვლისა ავლენს თავის დამოკიდებულებაში ტრადიციული ღვთისმეტყველებისადმი, რომელიც თითქოსდა სქოლასტიკურია, ასევე ამ ღვთისმეტყველების სწავლებისადმი ჩვენი ცხონების საღმრთო აღმშენებლობის შესახებ, დაწყებული პირველმშობელთა ცოდვით დაცემით და დამთავრებული ქრისტეს გამომსყიდველობითი სიკვდილით.
გადმოსცემს რა ირონიით ამ სწავლებას, მ. ანტონი ამბობს: "... შუასაუკუნეობრივმა და გვიანდელმა სქოლასტიკურმა ღვთისმეტყველებამ... სცადა სწორედ დუელის კუთხით გაერკვია თვით კაცთა მოდგმის გამოსყიდვა ქრისტეს ვნებებით. ღმრთის უზენაესი არსება შეურაცხყოფილია ადამის დაუმორჩილებლობით და პირველ ადამიანთა უნდობლობით საღმრთო სიტყვებისადმი, რომელიც ეხებოდა შემეცნების ხეს; ეს ზღვარგადასული შეურაცხყოფაა: ის დაისაჯა არა მარტო დამნაშავეთა, არამედ მთელი მათი მოდგმის დაწყევლით. მაგრამ უკანასკნელის ტანჯვა და საშინელი სიკვდილი, რომელიც იწევს ადამის შვილებზე, არასაკმარისია საშინელი შეურაცხყოფის ჩამოსაბანად: ამისთვის საჭიროა არა მონის, არამედ იმ არსების სიკვდილი, რომელიც შეურაცხყოფილი ღმრთაების თანასწორია, ანუ ღმრთის ძისა, რომელმაც ნებაყოფლობით მიიღო საკუთარ თავზე ადამიანთა სასჯელი და მით განრისხებული შემოქმედისგან გამოითხოვა მიტევება, რომელიც დაკმაყოფილდა ღმრთის ძის მიერ დაღვრილი სისხლით და მისი სიკვდილით. უფალმა აქ აჩვენა თავისი მოწყალებაც, და თავისი სამართლიანობაც. - ძნელია შეეპასუხო სკეპტიკოსებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ეს განმარტება გამოცხადების შესაბამისი რომ ყოფილიყო, უკანასკნელში, პირიქით, აისახებოდა უმოწყალობა და უსამართლობა" ("Догмат искупления", стр. 6–7).
ყოველი ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანისთვის ძნელი არ არის გარკვევა იმისა, რომ მ. ანტონის მიერ აქ გადმოცემული, თუმც დამახინჯებული სახით, სწავლება ტრადიციული დოგმატური ღვთისმეტყველებისა წარმოადგენს არა სქოლასტიკურ, არამედ ჭეშმარიტ ღვთისმეტყველებას, რომელიც ეფუძნება წმიდა წერილისა და წმიდა მამების მოწმობებს. ეს ღვთისმეტყველება არასოდეს ცდილობდა კაცთა მოდგმის გამოსყიდვა გამოერკვია ჯვარზე ქრისტეს ვნებისა და სიკვდილს შორის დუელის, ან სატისფაქციის თვალსაზრისით, რომელიც აღებულია ფეოდალური ხანის რაინდთა სამართლიდან, რომელიც შურისძიებით ან გარდაუვალი სისხლისღვრით ითხოვდა დაკმაყოფილებას მიყენებული შეურაცხყოფისთვის (იხ. "Догмат искупления", стр. 4–5).
გონებისთვის მიუწვდომელია, როგორ გაბედა მ. ანტონიმ ჭეშმარიტი ღვთისმეტყველებისთვის თავს მოეხვია გამოსყიდვის საიდუმლოს ასეთი სულელური ახსნა და მისთვის დუელი ეწოდებინა?! ამ შედარების აქ გამოყენება შეუძლებელია. დუელი ეს არის დავის შედეგი იმ ორ ადამიანს შორის, რომლებიც თანასწორნი არიან თავიანთი საზოგადოებრივი მდგომარეობით. მაგრამ ჭეშმარიტ მორწმუნეთაგან ვის შეუძლია ილაპარაკოს ქმნილების თანასწორობაზე ღმერთთან? თანაც, ყოველი დუელიანტი ბოროტი გრძნობის დასაკმაყოფილებლად მხოლოდ თავისი მოწინააღმდეგის სიკვდილს ელტვის. მაშინ როდესაც ჯვარზე ქრისტეს სიკვდილი შეწირულ იქნა ღმრთის რისხვისა და სამართლიანობის დასაკმაყოფილებლად, რომელიც შეუდარებელია ადამიანურ ცოდვილ მრისხანებასთან და ადამიანის არასრულყოფილ სიმართლესთან. თანაც, ეს მსხვერპლი შეწირულ იქნა არა ბრაზით, არამედ ჩვენდამი ღმრთის გამოუთქმელი სიყვარულით, არა ადამიანთა დასაღუპად, არამედ მათ საცხონებლად. გვიწევს კონსტატირება იმ ფაქტისა, რომ მ. ანტონი, დუელის კუთხით გამოსყიდვის დოგმატური ჭეშმარიტების განმარტებაში, ტრადიციულ ღვთისმეტყველებას ადანაშაულებს მხოლოდ დაკმაყოფილების ცნებასთან მისი გარეგანი მსგავსების გამო, რომელიც წარმოიშვა ჩვენი გამოსყიდვის დროს და, როგორც ეს ხდება ხოლმე დუელშიც.
გამოსყიდვაზე იურიდიული შეხედულების უარყოფიდან გამომდინარე, მ. ანტონი ძლიერ ილაშრებს ისეთი ცნებების წინააღმდეგ, როგორიცაა: "ღმრთის სიმართლის დაკმაყოფილება" და "გამოსყიდვითი დამსახურებები". ის ამბობს: "რაც შეეხება ზნეობრივ თვალსაზრისს... ყველაზე ამოზნექილად გამოხატა იგი სასულიერო აკადემიის პროფესორმა ილარიონმა, ამჟამად არქიეპისკოპოსმა, რომელმაც ერთ შესავალ ლექციაში მსმენელს მოუწოდა ჯვაროსნული ლაშქრობისკენ ისეთ გამონათქვამთა (და იდეათა) წინააღმდეგ, როგორებიცაა: გამომსყიდველობითი დამსახურებები და ღმრთის სიმართლის დაკმაყოფილება, რომლებიც სრულიად არაეკლესიურია, თუმცა მათით აჭრელებულია ჩვენი სასულიერო სახელმძღვანელოები" ("ეს ლექცია დაბეჭდილია ჟურნალში Богословский Вестник, 1914 ან 1915 წ-ის გამოცემაში. "Догмат искупления", стр. 3).
მაგრამ ტერმინი "დაკმაყოფილება" ჩვენმა ღვთისმეტყველებამ აიღო არა ფეოდალური ეპოქის რაინდთა სამართლიდან, არამედ წმ. მოციქულ პავლეს სიტყვებიდან: "ყველანი უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლითა და იესუ ქრისტესმიერი გამოსყიდვის წყალობით, ქრისტესი, რწმენის მეოხებით წინასწარ რომ დაადგინა ღმერთმა შენდობის მსხვერპლად, რათა ეჩვენებინა მისი სიმართლე უწინდელ ცოდვათა მიტევების გზით" (რომ. 3:25) (ძვ. ქართ.: "რომელი-იგი წინაწარ განჰმზადა ღმერთმან სალხინებელად სარწმუნოებითა თჳსითა მით სისხლითა, გამოჩინებად სიმართლისა მისისა, მოტევებითა მით პირველთა ცოდვათაჲთა" – "აპოკ". რედ.).
მოციქულის ამ სიტყვების განმარტებისას ეპ. თეოფანე დაყუდებული ამბობს: "განწმენდა - ίλαστηιον - განსაწმენდელი. ასე იწოდებოდა ოქროს დაფა, რომელიც ფარავდა კიდობანს... ღმერთი უხილავად მყოფობდა განსაწმენდელზე და იღებდა ამ სისხლს, როგორც მოწყალების მსხვერპლს... რასაც განსაწმენდელი წინასახეობრივად ერთჯერადად იძლეოდა და ერთი წლით ის, უფალში, მისი სისხლით, განუწყვეტლივ გვეძლევა უკუნითი უკუნისამდე. ამ ჭეშმარიტებას შთაგვაგონებს მოციქული, როდესაც ამბობს, რომ ღმერთმა საუკუნითგან განამზადა უფალი იესუ ქრისტე, რათა ყოფილიყო ჩვენთვის განსაწმენდელი ან მომალბობელი" (დედანში: "Сию истину и внушает апостол, когда говорит, что Бог от века положил быть Господу Иисусу Христу для нас очистилищем, или умилостивилищем" – "აპოკ."რედ.) (Епископ Феофан Затворник. Толкование I-VIII гл. послания апостола Павла к Римлянам, стр. 230. М. 1890). ამგვარად, მოციქულის სიტყვებიდან, როგორც მას განმარტავენ ეპ. თეოფანე და ეკლესიის წმიდა მამები, რომელთაც ეფუძნება ის მოცემულ შემთხვევაში (Епископ Феофан Затворник. Толкование I-VIII гл. послания апостола Павла к Римлянам, стр. 230–231. М. 1890), ნათელი ხდება, რომ განწმენდა ანუ მოწყალება არსებითად სხვა არაფერია, თუ არა ღმრთის სიმართლის, ან საღმრთო მართლმსაჯულების დაკმაყოფილება.
აქ მოციქული პავლე სწორედ საღმრთო სიმართლის დაკმაყოფილებაზე რომ ლაპარაკობს დასტურდება ეპ. თეოფანეს შემდგომი სიტყვებითაც მისი განმარტებიდან მოციქულ პავლეს რომაელთა მიმართ ეპისტოლეზე: "რათა ეჩვენებინა მისი სიმართლე უწინდელ ცოდვათა მიტევების გზით" (რომ. 3:25). ეპ. თეოფანე ამბობს: "ღმერთმა ჩვენთვის "მისი სიმართლის საჩვენებლად" მოაწყო გამართლების მოცემული სახე, რათა ყველასთვის ნათელი ყოფილიყო, რომ ის წყალობს და ამართლებს არა უმისამართოდ, ან სახიერების სიჭარბით, არამედ სამართლიანად. წყალობას, - როდესაც სიმართლე დაკმაყოფილებული არ არის, - არ დაუშვებდა სიმართლე; მაგრამ, როდესაც სიმართლე დაკმაყოფილებულია, თვით სიმართლე ითხოვდა შეწყალებას. სიმართლისადმი დაკმაყოფილება განმზადებულია ღმრთის დამოუკიდებელი სახიერებით. არსებობს თავისუფალი მადლი, რომელიც უსასყიდლოდ გაიცემა. ხოლო დაკმაყოფილების შემდეგ გამართლება მოქმედებს არა მხოლოდ სახიერების სიუხვის, არამედ სიმართლის მიხედვითაც. სწორედ ამის შესახებ ლაპარაკობს აქ მოციქული, - რომ ჩვენი გამართლებით, ანუ უფალ იესუ ქრისტეს სისხლში ჩვენი განწმენდით, ღმერთი ავლენს თავის სიმართლეს" (Епископ Феофан Затворник. Толкование I-VIII гл. послания апостола Павла к Римлянам, 231–232. М. 1890).
რაც შეეხება ქრისტეს გამომსყიდველი დამსახურებების ცნებას, ისიც ჩვენი ღვთისმეტყველების მიერ აღებულია საღმრთო გამოცხადებიდან. არსებითად, სრულიად ერთნაირი იქნება, ჩვენ ქრისტეს გამომსყიდველ საქმეებზე ვილაპარაკებთ, ან ჯვარზე მის ვნებებსა და სიკვდილზე, თუ ქრისტეს გამომსყიდველ დამსახურებებზე, რომლებშიაც მისი ვნება და სიკვდილი იგულისხმება. პირველთ გააჩნიათ მეორეთა მნიშვნელობა; მეორეთ კი - პირველთა. ქრისტეს ამ საქმეთა და ამ დამსახურებათა გამო ჩვენ ჩვენი ცოდვებისგან გამოსყიდულები ვართ და მოგვენიჭა ცხონება. ამავე აზრით განმარტავს ჩვენი ღვთისმეტყველება მოციქულ პეტრეს სიტყვებს: "რაკიღა იცით, რომ ხრწნადი საფასით - ოქრო-ვერცხლით როდი ხართ გამოსყიდულნი მამათა მიერ მოცემული ამაო ცხოვრებისაგან, არამედ უმანკო და უბიწო ტარიგის - ქრისტეს ძვირფასი სისხლით" (1 პეტრე 1:18-19). ასევე მოციქულ პავლეს სიტყვებს: "სასყიდლითა ხართ ნაყიდნი" (1 კორინთ. 6:20).
ძვირფასი საფასურის ან სასყიდლის აზრით ქრისტეს გამომსყიდველობითი დამსახურებების ასეთი გაგება, ქრისტემ თავისი სისხლით რომ გადაიხადა, უეჭველად მხედველობაშია მიღებული წმ. იოანე ოქროპირის მიერაც, რომელმაც თქვა: "ქრისტემ იმაზე მეტი მეტი გადაიხადა, ვიდრე ჩვენ გვემართა და იმდენად ბევრი, რამდენადაც უსაზღვროა ზღვა პატარა წვეთთან შედარებით. მაშ, ნუ გეეჭვება, ადამიანო, მადლის ასეთი სიუხვის შემხედვარე, ნუ იკითხავ, სიკვდილისა და ცოდვის ნაპერწკალი როგორ ჩაქრაო, რადგანაც მადლის ნიჭების ზღვამ დაშრიტა იგი" (Св. Иоанн Златоуст. Толкование на послание к Римлянам беседа X, п. 2, стр. 211–212. М. 1894).
განმარტავს რა ჩვენთვის ქრისტეს გამომსყიდველი დამსახურებების მნიშვნელობას, მ. მაკარი თავის დოგმატურ ღვთისმეტყველებაში ამბობს: "მან (უფალმა) არა მარტო სრულიად გადაიხადა ჩვენი ვალი თავისი ფასდაუდებელი სისხლით, არამედ მისით ჩვენთვის იყიდა და შეიძინა მარადიული სიკეთენიც. ამ ჭეშმარიტებას ნათლად ქადაგებს წმიდა მოციქული, როდესაც ამბობს: "მაგრამ მადლი ისე როდია, როგორც ცოდვა, ვინაიდან თუ ერთის შეცოდებით მრავალი მოკვდა, მით უმეტეს, მადლი და ნიჭი ღვთისა, ერთი კაცის - იესუ ქრისტეს მადლით, მრავალსაც მოსჭარბდა სიუხვით. ... რადგან თუ ერთის შეცოდებით სიკვდილი სუფევდა ერთის მიერ, მით უმეტეს, მადლისა და სიმართლის ნიჭის უხვად მიმღებნი იმეფებენ სიცოცხლეში ერთის - იესუ ქრისტეს მიერ" (რომ. 5:15-17).
"ამიტომაც, - აგრძელებს მ. მაკარი, - გვწამს, რომ ჩვენი მაცხოვრის ვნებასა და სიკვდილს გააჩნია არა მარტო ჩვენი გამოსყიდვისა და ჩვენი ვალის გადახდის, არამედ უდიდესი დამსახურების მნიშვნელობაც მარადიული სიმართლის სამსჯავროს წინაშე, რომლისთვისაც ღმერთი "მოგვანიჭებს ყოველს" (რომ. 8:32); ან შეიძლება კიდევ ვთქვათ მართლმადიდებლური კატეხიზმოს სიტყვებით: "მისი (ანუ იესუ ქრისტეს), როგორც უცოდველისა და ღმერთკაცის ნებაყოფლობითი ვნება და ჯვარზე სიკვდილი, წარმოადგენს რა უსასრულოდ ღირებულსა და ღირსეულს, სრული დაკმაყოფილებაა ღმრთის მართლმსაჯულებისა, რომელმაც სიკვდილით დაგვსაჯა ცოდვისთვის, და უზომო დამსახურებაა, რომელმაც შესძინა მას უფლება, მართლმსაჯულების შეურაცხყოფის გარეშე მოგვანიჭოს ჩვენ ცოდვილთ ცოდვათა მიტევება და მადლი გამარჯვებისა ცოდვასა და სიკვდილზე" (Господь Иисус имеет естество человеческое... IV, стр. 54) (24 Догматическое Богословие митр. Макария, т. II, стр. 53–54).
გაგრძელება იქნება.
წყარო: Архиепископ Серафим (Соболев). Искажение православной истины в русской богословской мысли. София, 1943.
ინტერნეტში: https://azbyka.ru/otechnik/Serafim_Sobolev/iskazhenie-pravoslavnoj-istiny-v-russkoj-bogoslovskoj-mysli/#note3
თარგმანი: საიტი "აპოკალიფსისის" რედ. თბილისი 2022.10.