უსჯულოება > გნოსტიციზმი
პროფ. მ. ე. პოსნოვი
II საუკუნის გნოსტიციზმი და ქრისტიანობის გამარჯვება მასზე
«Nullius enim potest haeresim struere, nisi qui ardentis ingenii est, et habet dona naturae; quae a Deo artifice sunt creata. Talis fuit Valentinus, talis Marcion, quos doctissimos legimus. Tales Vardesanes, cujns etiam philosophi admirantur ingenium“.
Hieronimus. Commentariоrum in Osee lib. 11, c. 10, vers. 1.
Migne. Patrologie cursus completus. ser. lat. t. XXV. Hieronymi opera omnia Tomus sextus c. 902.
«Πλείστων oὖv ἐκκλησιαστιχῶν ἀνδρῶν κατ’ ἐκεῖνο καιροῦ τῆς ἀληθείας ὑπεραγωνιζομένων λογικώτερόν τε τῆς ἀποστολικῆς καὶ ἐκκλησιαστικῆς δόξης ὑπερμαχούντων, ἥδη τινὲς καὶ διὰ συγγραμμάτων τοῖς μετέπειτα προφύλακτικὰς, αὐτῶν δὴ τούτον τῶν δηλωθεισῶν αἱρέσεων παρεῖχον ἐφόδους“.
Evsebius. Hist. eccles. IV, 7. 5. (Die griechichen christlichen Schriftsteller. Leipzig. 1903.
Werke. Zweiter Band, erster Teil. p. 310.
***
გამომცემლობისგან
Habent fata sua libella
(წიგნებს თავისი ბედი აქვთ)
ეს ლათინური გამოთქმა სრულიად სამართლიანია წინამდებარე კაპიტალური შრომის, კიევის სასულიერო აკადემიის პროფესორის, მიხაილ ემანუელის ძე პოსნოვის (1873–1931) მიერ გნოსტიციზმის შესახებ დაწერილი სადოქტორო დისერტაციის მიმართ. ის გამოიცა 1917 წ-ს კიევში, მაგრამ შემდეგ ცნობილი ისტორიული მოვლენების შედეგად ამ წიგნის თითქმის მთელი ტირაჟი, სავარაუდოდ, განადგურდა, რადგან რუსეთში, ჩვენთვის ცნობილი ცნობების თანახმად, მხოლოდ რამოდენიმე ეგზემპლარიღა დარჩა, ხოლო დასავლეთის წიგნთსაცავებში მისი პოვნა ნაკლებად არის სავარაუდო.
გნოსტიციზმი ძირს უთხრიდა ქრისტიანობის ღმრთითგამოცხადებულ ჭეშმარიტებებს. ეკლესია სამი საუკუნის განმავლობაში ებრძოდა მას ვიდრე მის დაძლევამდე; მაგრამ ის საბოლოოდ არასოდეს ქრებოდა და საუკუნეთა განმავლობაში სხვადასხვა მწვალებლობებისა და მითების ნიღბით კვლავ აღმოცენდებოდა.
ახალი არნახული ძალით იფეთქა მან XX ს-ის 70-იან წლებში აშშ-ში. ამ მოძრაობის ტალღამ მთელ დასავლურ სამყაროს გადაუარა, განსაკუთრებით ინტელექტუალურ წრეებს, და ახლაც სულ უფრო და უფრო აღწევს აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებში, აუწყებს რა ყველას New Age-ის - ახალი რელიგიურობის, ახალი სულიერი და პლანეტარული ცნობიერების, ღრმა ფსიქიური ცვლილებების და ახალი მსოფლიო რელიგიის შესახებ... ამ სწავლების თანახმად, იესუ ქრისტე არ არის ძე ღმრთისა, არამედ მხოლოდ კოსმიური ქრისტეს მრავალი ემანაციებიდან ერთ-ერთი განხორციელება (ავატარი). ღმერთი მეტად აღარ არის პირი, არამედ მხოლოდ სამყაროს მამოძრავებელი ყოვლადძლიერი ენერგია. ამრიგად, არ არსებობს არც წმიდა სამება, არც განკაცებული ქრისტე მაცხოვარი, არც ეკლესია, არც საიდუმლოებანი... ადამიანი თვითკმარია, ის ვითარდება და ცხონდება "ცოდნის", ფსიქიკისა და სხეულის სხვადასხვა ტქნიკური ვარჯიშების მეშვეობით; ის "რეინკარნაციით" ან მის გარეშე - აღწევს თავისი სულის გათავისუფლებას და კოსმიურ ენერგიას ერწყმის.
პროფ. მ. ე. პოსნოვის წიგნის გამოცემით, გამომცემლობა «Жизнь с Богом» მისდევს ორ მიზანს: საღვთისმეტყველო აზროვნების საგანძურს დაუბრუნოს ცნობილი ღვთისმეტყველის ნაშრომი, და სასულიერო დასსა და მორწმუნე ინტელიგენციას მისცეს სახელმძღვანელო, რომლის შესწავლით ის შეძლებს გაუმკლავდეს არაქრისტიანული აზროვნების მოძალებას.
ბრიუსელი, უფლის ფერიცვალება, 1991 წლის 6 აგვისტო.
Брюссель, Преображение Господне, 6 августа 1991 г.
ავტორისგან
გნოსტიციზმის შესწავლის სურვილი გამიჩნდა ჯერ კიდევ 1908 წელს, როდესაც, წმ. ვლადიმირის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტად არჩევის შემდეგ, ვემზადებოდი შესავალი ლექციისთვის და საგანიც ავირჩიე: "ეკლესიის ძველი ისტორიის აგების ახალი ტიპები". როდესაც XIX ს-ის საეკლესიო-ისტორიული სკოლების კორიფეთა - ავგუსტ ნეანდერის, ფერდინანდ ბაურის, ალბრეხტ რიჩლის და ადოლფ ჰარნაკის კურსებს ვსწავლობდი, დავინახე, თუ რაოდენ უზარმაზარ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ისინი გნოსტიციზმს პირველი სამი საუკუნის ეკლესიის ისტორიაში. შემდგომმა მეცადინეობებმა ამ საუკუნეთა სფეროში, რომელიც პრივატულ კურსთათვის ავირჩიე, კიდევ უფრო დამარწმუნა ამაში. და ჩემი პირველდაწყებითი განზრახვა თანდათანობით სულ უფრო და უფრო მყარდებოდა, სანამ, საბოლოოდ, არ მომწიფდა და გადავიდა გადაწყვეტილებაში საფუძვლიანად შემესწავლა გნოსტიციზმი. ჩემი პირველი ცდები ამ მიმარტულებით ბეჭდვით გამოცემებში გაჩნდა 1910 წლის მიწურულს, სათაურით "Главнейшие философско-этические и религиозные течения в век рождества Христова" (უმთავრესი ფილოსოფიურ-ეთიკური და რელიგიური მიმართულებები ქრისტეს შობის საუკუნეში"), რომელიც დაიბეჭდა "კიევის სასულიერო აკადემიის შრომებში". ამავე ჟურნალში შემდეგ განთავსდა ჩემი ნაშრომის უმნიშვნელოვანესი ნაწილი - მისი თითქმის ორი მესამედი.
უნდა ვაღიარო, რომ, გნოსტიციზმის შესწავლის პერიოდში, არაერთხელ ვიყავი მზად თავი მიმენებებინა არჩეული საგნისთვის, რომლის სირთულე დასაწყისიდან შეუმჩნეველი იყო. მითუმეტეს, ზოგიერთ უფროს პირთაგან, რომელთაც თავიანთ შრომებში ასე თუ ისე შეხება ჰქონდათ გნოსტიციზმთან, მომდიოდა "მეგობრული რჩევები": დრო ამაოდ არ დამეკარგა და რაიმე, უფრო სასარგებლოს საქმისთვის მომეკიდა ხელი. და თუკი მაინც არ მივატოვე ჩემი საქმე და ბოლომდე მივიყვანე, უმთავრესად ჩემი დახელოვნებული ხელმძღვანელისა და ძვირფასი მასწავლებლის ზნეობრივი მხარდაჭერის წყალობით..., რომელსაც ვწირავ ჩემს ყველაზე ღრმა და გულწრფელ მადლობას. - საგნის დეტალური შესავლის დროს ვაწყდებოდი მრავალ სპეციალურ საკითხს, სხვათა შორის, მოციქულთა პერიოდიდან. ამ შემთხვევაში თავისი რჩევებით და ცნობებით ძალიან დამეხმარა პეტროგრადის სასულიერო აკადემიის პროფესორი ნიკოლოზ ნიკანორის ძე გლუბოკოვსკი. ის თავისი კერძო და ვრცელი ბიბლიოთეკიდან წიგნებითაც კი მამარაგებდა, რის გამოც გამოვხატავ ჩემს გულწრფელ და მხურვალე მადლიერებას.
კიევი, 1916 წ. 25 ნოემბერი.
***
შესავალი
01. პირველი სამი საუკუნის ქრისტიანული ეკლესიის შინაგან ცხოვრებაში გნოსტიციზმი წარმოადგენდა ყველაზე გამოჩენილ მოვლენას. მაგრამ XIX ს-ის ბოლო ათწლეულებამდე ეს მოვლენა ბუნდოვან და გაუგებარ მოვლენად რჩებოდა. მხოლო ზოგიერთი გნოსტიკური და ერესეოლოგიური ძეგლის აღმოჩენამ გასული საუკუნის ნახევარში და ქრისტეს შობამდელი ბოლო საუკუნეების ანტიკური სამყაროს ისტორიის უფრო ღრმა შესწავლის შედეგად, გნოსტიციზმი წარდგა თავისი ჭეშმარიტი და ახალი სახით. აღმოჩნდა, რომ გნოსტიციზმი წარმოადგენდა არა უბრალოდ ქრისტიანულ მწვალებლობას, არამედ იმდროინდელი მსოფლიოს მთლიან, შედგენილ მოძრაობას და არსებითად იყო რელიგიური ხასიათის მოვლენა. მეტიც, ის პირდაპირ რელიგიადაც შეიძლება იწოდოს, რადგან გამოხატავდა ქრისტეს შობამდელი ბოლო საუკუნეების მთელი წარმართული სამყაროს ყველაზე დაფარულ აზრს - როგორ უნდა ყოფილიყო დახსნილი ადამიანი მისი მიწიერი ცხოვრების უბედურებებისგან და გადარჩენილიყო იგი. გნოსტიკოს-ნაასენთა (Hippolytus, Refutatio, V, 10, р. 176) უძველეს ჰიმნში ადამიანი შემოღობილია "ბოროტების ლაბირინთით":
"ცდილობს გაექცეს მტანჯველ ქაოსს,
და არ იცი, როგორ გააღწიოს მას.
ამისთვის წარმაგზავნე მე, მამაო (ამბობს ქრისტე).
მაქვს რა ბეჭედი, ჩავალ, გავივლი ყველა ეონს (αἰῶνας ὅλους),
გავხსნი ყველა საიდუმლოს (μυστήρια),
ვაჩვენებ ღმერთების სახეს,
და წმიდა გზის იდუმალებას (τὰ κεκρυμμένα τῆς ἁγίας ὀδοῦ),
მოვუწოდებ რა გნოზისს (γνῶσιν καλέσας), გადავცემ".
02. ხოლო რადგან გნოსტიციზმი ადამიანის სხეულს უყურებდა, როგორც ბოროტ საწყისს და სულის საპყრობილეს, სკუთრივ გნოსტიკოსებთან ლაპარაკი იყო მხოლოდ სულის ცხონებაზე (1); ამის გამო მხოლოდ მისთვის სურდათ მიეთითებინათ ἁγίαν ὀδὸν და გაეხსნათ წმიდა გზის ყველა იდუმალებანი (τὰ κεκρυμμένα). ეს გზა ნათლის სამეფოში ადამიანის სულის აღმავლობისთვის (ἄνοδος) უკიდურესად რთულია, რადგან ძალაუფლება (εἱμαρμένη) ამ სამყაროზე არხონტებს ეკუთვნით. ისინი გამოისახებიან ორიგენეს ოფიანებში (Origenes. Кατὰ Κέλσου. VI, 31. Die griech. Schrifsteller, Origenes. В. I, p. 168), რომლებიც სხედან კარიბჭეებთან და სულს წინ ეღობებიან; მათ წინაშე საჭიროა განსაკუთრებული ლოცვების კითხვა, რათა მიიღო საშვი. ეპიფანეს ამონაწერებში (2) გნოსტიკური თხზულებიდან მოც. ფილიპე თავისი სახელით წარწერილ სახარებაში უფალს თხოვს გაუხსნას მას, რა უნდა უპასუხოს სულმა, რომელიც ცაში ადის არხონტების გავლით. წმ. ეპიფანე (Епифаний. Epeс. XXVI, 10) მოწმობს, რომ გნოსტიკოს ბარბელიოტებს ჰქონდათ სწავლება, რომლის მიხედვითაც სული ცხონდება, თუკი გაივლის არხონტების სფეროს და ამაღლდება "უზენაეს სფეროში, სადაც ბინადრობს ცოცხალთა დედა ბარბილო ან ვარვილო; და აი ასე ცხონდება სული".
_______________________
1. "აქედან შეიძლება დავინახოთ, - რა თქმა უნდა ირონიულად შენიშნავს პრეიშენი, - რაოდენ მოსწრებულია სახელწოდება "გნოსტიკოსი" იმ ადამიანებისთვის, რომელთა მთელი ინსტერესი კონცენტრირებულია მათი უკვდავი სულის ცხონებაზე" (Е. Preuschen. Zwei gnostische Hymnen. Gieszen. 1904. s. 61). - დიახ, რა თქმა უნდა, კლასიკური ბერძნული ენის თვალსაზრისიდან გამომდინარე სახელწოდება "გნოსტიკოსი" ძალიან არადამახასიათებელია მათი ძირითადი მისწრაფებისთვის. მაგრამ, მეორე მხრივ, საჭიროა მხედველობაში მივიღოთ ტექნიკური აზრი, რომელიც ჯერ კიდევ ძველად მიაკუთვნეს ამ სახელს. სწორედ ასეთი აზრი - ტექნიკური, მისტიკური - მიეკუთვნება გნოზისს გნოსტიციზმისთვის დამახასიათებელ შემდეგ გამონათქვამში: "ἀρχὴ τελειώσεως γνῶσις ἀνθρώπου, Θεοῦ δὲ γνῶσις ἀπηρτισμένη) τελείωσις". Hippolytus. Refutatio. V, 10.
_______________________
_______________________
2. «იხ. ფრაგმენტი ეპიფანესთან - მწვალებლობა XXVI, 13: "Ἀπεκάλυψέ μοι ἡ κύριος τί τὴν ψυχὴν δεῖ λέγειν ἐν τῷ ἀνιέναι εἰς τὸν οὐρανόν, καὶ πῶς ἑκάστῃ τῶν ἄνω Δυνάμενων (sc. τῷ Ἄρχοντι) ἀποκρίνεσθαι". "ეს მდგომარეობანი, - ამბობს ჰარნაკი (Texte und Untersuch. 1891. S. 196), სრულყოფილია აზრსა და სტილში (ganz im Sinne und Stile) P. S.“ (=Pistis Sophia). ფილიპეს სახარების არსებობა დასტურდება ნამდვილი გნოსტიკური თხზულებით Pistis Sophia, с. 42. С. Schmidt. Koptisch-gnost. Schriften. (Leipzig. 1905). В. 4, p. 44.
_______________________
გნოსტიკოსებს საკმაოდ რთული კულტი ჰქონდათ, რომელშიც, სხვათა შორის, შედიოდა სხვადასხვა ჰიმნებისა და ფსალმუნების გალობა; მას მიეკუთვნებოდა სხვადასხვა სახის სიმბოლური მოქმედებები და განსაკუთრებული მისტერიები. ნამდვილი გნოსტიკური თხზულებები - Pistis Sophia და წიგნი Jeû - დაკავებულნი არიან რელიგიური საკითხებით - სულის ცხონებითა და მისი პირობებით, - მისტერიებით, ლოცვებით, საიდუმლო და მნიშვნელოვანი მოქმედებებით და ა. შ.
რადგან გნოსტიციზმი ამ სამყაროს უყურებდა არა როგორც სახიერი ღმერთის ქმნილებას, არამედ როგორც ბოროტ დემონთა წარმონაქმნს, რომლებსაც თავიანთ ძალაუფლებაში მომწყვდეული ჰყავდათ ადამიანის სული, გნოსტიციზმი ძირითადად ღრმად პესიმისტურად არის განწყობილი.
03. გნოსტიციზმს შეიძლება შევხედოთ, როგორც წარმართული სამყაროს ბუნებრივ მზადებას ქრისტიანობისათვის, რომელიც აგვირგვინებს იმავე სახის მთელ რიგ მრავალრიცხოვან და რთულ მოვლენებს. გნოსტიციზმის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ელინიზმი, ანუ ძველი სამყაროს ისეთი მოვლენა, როდესაც, ალექსანდრე მაკედონელის აზიაში ლაშრობების დროს, აღმოსავლეთმა და დასავლეთმა ხელი გაუწოდეს ერთურთს, და აღმოსავლეთის რელიგიები ერთმანეთს დაუახლოვდნენ, შემდეგ კი გაერთიანდნენ დასავლეთის კულტურასთან. მაშინ, სხვადასხვა მიზეზთა გამო, დაიწყო ფილოსოფიაში თეორიული აზროვნების დაცემა და მასში ეთიკური პრინციპების აღზევება, როგორი ნიშნებიც ახასიათებთ სტოიკოსთა, ეპიკურელთა, სკეპტიკოსთა და ეკლექტიკოსთა მიმართულებებს. ამის შემდეგ ძლიერდება რელიგიური, სინკრეტული მიმდინარეობები, რომლებმაც სხვა დანარჩენები დათრგუნეს; ისინი მოასწავებდნენ იმ დროს, "როდესაც (ადამიანებმა) დაკარგეს ნდობა ცოდნისადმი და რწმენას მიაშურეს". აღმოსავლეთის რელიგიები, რომლებიც გამოირჩევიან ინდივიდუალისტური და მისტიკური ხასიათით, მაშინ განსაკუთრებულად პოპულარულები გახდნენ. დასავლეთში მათ მრავალრიცხოვანი ადეპტებიც მოიპოვეს. ამრიგად, როდესაც ყველგან წარმართულ სამყაროში შეიქმნა ხელსაყრელი ნიადაგი, რაც გულისხმობდა შეხედულებათა ერთიანობას და რელიგიურ ინტერესთა ბატონობას ყველა სხვა დანარჩენზე: მაშინ გამოჩნდა გნოსტიციზმიც. დღემდე გადაწყვეტილი არ არის თუ სად დაიბადა იგი. მაგრამ, ყველაზე სავარაუდოდ, გნოსტიციზმის მამებს წარმოადგენდნენ ბაბილონელი მოგვები და ასტროლოგები, სწორედ ისინი, რომლებიც ჩვენთვის წმიდა სახარებისეული ისტორიის პირველი გვერდებიდანვეა ცნობილი, "მოგვები აღმოსავლეთიდან", რომლებიც შეისწავლიდნენ ადამიანის ბედს და პლანეტური სამყაროს გავლენას მასზე; მათ იოლად შეეძლოთ მისვლა იმ დასკვნამდე, რომ ადამიანის სულის ყოველგვარი ტანჯვა მომდინარეობს εἱμαρμένη-დან, ანუ არქონტების ძალაუფლებიდან, რომელიც მათ მთელ სამყაროზე მოიპოვეს.
გნოსტიციზმში, როგორც სინკრეტულ მოვლენაში, გაერთიანდა ანტიკური სამყაროს თითქმის ყოველი ნამდვილი ან მოჩვენებითი ღირებულება (3), რაც მას გააჩნდა თეო ან ფილოსოფიურ, მორალურ ან რელიგიურ, მისტიკურ ან მაგიურ სფეროებში.
_______________________
3. რა თქმა უნდა, გნოსტიციზმი არ ყოფილა ანტიკური სამყაროს რელიგიური ცხოვრების ერთადერთი გამოხატულება: იყო სხვა მიმართულებებიც, უფრო თეორიული, რელიგიური ხასიათისა. მაგალითად, პლატონიზმი, ნეოპითაგორელობა და განსაკუთრებით, ოდნავ გვიან, ნეოპლატონიზმი; მაგრამ ყველაზე პოპულარული მიმართულება იყო გნოსტიციზმი. ნეოპლატონიზმი, მიიჩნევდა რა საკუთარ თავს ელინისტური ფილოსოფიის ერთადერთ კანონიერ მემკვიდრედ, გნოსტიციზმში საშიშ კონკურენტს ხედავდა. ნეოპლატონიზმის ისეთმა უდიდესმა წარმომადგენელმა, როგორიც იყო პლოტინი, საჭიროდ ჩათვალა გნოსტიკოსთა წინააღმდეგ დაეწერა სპეციალური თხზულება - "Πρὸς Γνωστικοὺς".
_______________________
"გნოსტიციზმი - ეს არის ელიპსისი ორი ფოკუსით - ერთი მხრივ სპეკულაციით და მეორე მხრივ მისტიკით" (კელერი). მისი მიმდევრები იყვნენ ფილოსოფოს-მორალისტები, რელიგიურად განწყობილი უზარმაზარი სახალხო მასები, რომლებიც თავიანთ დაკმაყოფილებას პოულობდნენ მისტიკურ კულტსა და მაგიაში. გნოსტიციზმი აღმოსავლეთში, უეჭველად, ქრისტიანობაზე ადრე გაჩნდა. არსებობდნენ ან არსებობენ ისეთი გნოსტიკური სექტები, როგორებიც არიან ოფიანელები (იგივე "ოფიტები". Ὀφιανοί - ოფიანოი, სიტყვიდან ὄφις - ოფის, ანუ - "გველი" – "აპოკ." რედ.), რომლებიც არ შეიცავდნენ არანაირ ქრისტიანულ ელემენტს.
დღეს ქრისტიანობამდელი გნოსტიციზმის აღიარება - მოცემულ სფეროში ჩატარებულ გამოკვლევათა ერთ-ერთ დადებით შედეგად მიიჩნევა. ძველ სამყაროში გავრცელებისდა კვალად, გნოსტიციზმი გარდაუვალად უნდა შეხვედროდა და მართლაც შეხვდა ქრისტიანობას. მან მასში დაინახა მისთვის ნათესაური მოვლენა თავისი ძირითადი მისწრაფებებით ადამიანის ცხონებისკენ, რომელიც ამავდროულად აღემატებოდა მას: გნოსტიციზმი ქრისტიანობაში აღიარებდა აბსოლუტურ რელიგიას. მაგრამ გნოსტიციზმმა არ გააკეთა ის აუცილებელი დასკვნები, რომელიც მომდინარეობდნენ ამ აღიარებიდან. მან უარი არ თქვა საკუთარ რწმენასა და ცნებებზე, არამედ მოინდომა შეეერთებინა ისინი ქრისტიანობასთან. მისი სინკრეტული ხასიათის პირობებში ეს საკმაოდ ბუნებრივი და გასაგები იყო. გნოსტიციზმს სურდა "გაესწორებინა" (recurare) ქრისტიანობა და შეევსო იგი. ამისთვის მან გამოიტანა მიზეზიც, თითქოსდა ქრისტეს სწავლება უკვე მის პირველ მიმდევართაგანვე დაიჩრდილა (4). შედეგად, გნოსტიციზმი ცდილობდა ქრისტიანობა გაეგო თავისებურად, საკუთრივ რომ ითქვას, აეღო მისგან მხოლოდ სახელი და ფორმა და მასში საკუთარი შინაარსი ჩაესხა, ამით კი მისი ნამდვილი ღირებულება გაეყალბებინა.
_______________________
4. ამ პუნქტში ცნობილმა გნოსტიკოსმა მარკიონმა მთელი 17 საუკუნით დაასწრო ახალ-ტიუბინგენურ ანუ ბაურულ სკოლას, გამოთქვა რა თეზისი, რომ მოციქულმა პეტრემ და სხვა მოციქულებგმა ვერ გაიგეს ქრისტიანობა, და ის იუდაიზმს შეურიეს; მხოლოდ მოციქულ პავლეს შეეძლო გაეთავისებნა იესუ ქრისტეს სახარების უნივერსალურობა (იხ. ქვემოთ. თ. 2. განყოფილება "კერდონი და მარკიონი". პ. 16-17).
_______________________
04. ნათქვამიდან ჩანს, რომ რელიგიურ-ისტორიული თვალსაზრისით გნოსტიციზმი არ ყოფილა რელიგიური აზროვნების ან გრძნობის უბრალო და შემთხვევითი ცდომილება, არამედ ეს იყო ორგანული შეუძლოდ ყოფნა, ადამიანური სულის ბუნებრივი სნეულება, რომელიც რელიგიური ცხოვრების ახალ სფეროზე გადასვლისას დაავადდა; ის არ იყო უბრალო ქრისტიანული მწვალებლობა, არამედ წარმოადგენდა ანტიქრისტიანობას (5), მთლიან რელიგიურ მსოფლმხედველობას, პირდაპირ რელიგიასაც კი, რომელიც ელტვოდა ქრისტიანობის ადგილის დაკავებას მისსავ ტანისამოსში.
_______________________
5. სამართლიანად ამბობს იტალიელი მწერალი F. Buonaiuti (Lo Gnosticismo. Roma. 1907. 63) გნოსტიციზმის შესახებ: "ის უარყოფდა არა რომელიმე დოგმას, არამედ ყველაფერს"
_______________________
ფლობდა რა ძველი სამყაროს ცოდნის საგანძურებს და თავის მიმდევართა შორის არცთუ იშვიათად ჰყავდა რა ტალანტური და საკმაოდ ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც თავიანთი დროის სამეცნიერო განათლების სიმაღლეებზე იდგნენ, გნოსტიციზმმა განავითარა ფართო და საკმაოდ წარმატებული პროპაგანდა ქრისტიანთა შორის, რომელთაც, პირიქით, ჯერაც არ ჰქონდათ ფორმულირებული ძირითადი სწავლება, არ ჰქონდათ ორგანიზებული ცხოვრება, სამეცნიერო მუშაობა კი ეს-ესაა ფეხს იდგამდა. ასეთ პირობებში გნოსტიკური პროპაგანდის წარმატება სრულად გასაგებია, და ის მართლაც ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. არაფერი რომ არ ვთქვათ უბრალო მორწმუნეებზე, არცთუ იშვიათად მათ მხარეს გადადიოდნენ თვით ეკლესიის მოძღვრებიც, როგორებიც იყვნენ, მაგალითად, ფლორინი, ბარდესანი და სხვები. გნოსტიციზმის აყვავების პერიოდში ლაპარაკი იყო იმაზე, რომ სახელგანთქმული გნოსტიკოსები - ვალენტინე და მარკიონი, რომლებიც გნოსტიციზმს ასევე ქრისტიანობიდან შეუერთდნენ, რომის ეკლესიის ეპისკოპოსები უნდა გამხდარიყვნენ (6), რომლებიც უკვე მაშინვე სარგებლობდნენ უზარმაზარი ავტორიტეტით.
_______________________
6. ასე მოწმობს ტერეტულიანე ვალენტინესთან დაკავშირებით (Adver. Valen. с. IV), იხ. ქვემოთ. თ. 2, განყოფილება "ვალენტინე", პ. 09, ხოლო ეპიფანე - მარკიონთან დაკავშირებით (Epeс. XLII), იხ. ქვემოთ, თ. 2, განყოფილება "კერდონი და მარკიონი", პ. 13.
_______________________
გნოსტიციზმის საუკეთესო წარმომადგენლებმა თავიანთი სამეცნიერო ცოდნა და შემეცნება ქრისტიანობის სფეროში გამოიყენეს ტენდენციური მიმართულებით. ცუდი ტენდენცია განსაკუთრებით გამოვლინდა ქრისტიანობის წყაროთა - წმ. გადმოცემისა და წმ. წერილის შესწავლასთან მიმართებაში, ასევე - მათ განმარტებაში. გნოსტიკოსთა ლიტერატურული ნაყოფიერება ძალზედ წარმატებული იყო, მისი ფორმები საკმაოდ მრავალფეროვანი, გამოცდილება კი ზოგჯერ საკმაოდ ღრმა და გასაოცარი.
_______________________
7. მარკიონმა - პირველმა დაიწყო წმიდა წიგნთა კანონის შეგროვება და კრიტიკის გამოყენება ისაგოგიუირ და ტექსტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. იხ. ქვემოთ, თ. 2, განყოფილება "კედრონი და მარკიონი", პპ. 17-19. მაგალითად, ეფესელთა მიმართ მოც. პავლეს ზედწერილის გასწორებაში "ლაოდიკიელთა მიმართ" და ასევე წმ. ტექსტის ცალკეული ადგილების კრიტიკაში, მარკიონი, როგორც ცანი (Th. Zahn) ამბობს, "მიუწვდომელი ნიმუშია უახლესი კრიტიკოსებისთვის ამ საქმეში" (Th. Zahn, Einleitung in das neue Testament. В. I. 1900. s. 112. «deren (sc. neuerer Kritik) unerreichtes Vorbild Marcion geblieben ist)“.
_______________________
05. აქედან ჩანს, რაოდენ დიდი საშიშროება ელოდა ეკლესიას გნოსტიციზმის მხრიდან, რომელიც მის არსებობასაც კი ემუქრებოდა. მომაკვდინებელი საშიშროება შეგნებული ჰქონდათ მათ, ვინც ეკლესიის სათავეში იდგნენ და მის ცხოვრებას ხელმძღვანელობდნენ. ეკლესიის დევნულებათა მავნეობა იმდენად საშინელი არ ჩანდა, როგორც საფრთხე გნოსტიციზმისგან. თუ დევნილ ქრისტიანთა დასაცავად რამოდენიმე აპოლოგეტი გამოდიოდა; გნოსტიციზმთან ბრძოლაში, როგორც ჩანს, ყველა ჩაება, ვისაც კი მეტ-ნაკლებად წერა შეეძლო. გნოსტიციზმის მოწინააღმდეგე პოლემისტთა შორის შეიძლება დავასახელოთ - უკვე წმ. ეგნატე, პოლიკარპე, შემდეგ იუსტინე, აგრიპა კასტოროსი, ეგეზიპე, დიონისე კორინთელი, პინიტე კრიტელი, ფილიპე, აპოლინარი, მელიტონი, მუზონი, მოდესტი, თეოფლიე ანტიოქიელი, და ბოლოს წმ. ირინეოსი, ტერტულიანი, იპოლიტე, კლიმენტი ალექსანდრიელი და სხვები.
მათი უმრავლესობისგან მხოლოდ სახელებიღა შემორჩა. შეიძლება ვიფიქროთ, რომ გნოსტიციზმის უარყოფის გამოცდილება მრავალში პრიმიტიული და უმნიშვნელო იყო, ასე რომ ისინი, უფრო სოლიდური აპოლოგეტების გამოჩენით, დაიჩრდილნენ, მიივიწყეს და ჩაიკარგნენ. თუმცა არა მარტო ეს ვითარება იყო მიზეზი გნოსტიციზმის წინააღმდეგ დაწერილ თხზულებათა დაკარგვისა; ამ შემთხვევაში შეიძლებოდა ადგილი ჰქონოდა უბრალო შემთხვევითობასაც. მაგალითად, ჩვენამდე ვერ მოაღწია ისეთმა ფასეულმა თხზულებებმა, რომლებიც გვიანდელ სერიოზულ ნაშრომებს დაედო სფუძვლად. ასეთები იყო იუსტინესა და იპოლიტეს მიერ მწვალებელთა წინააღმდეგ დაწერილი სინტაგმები.
გნოსტიციზმის წინააღმდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი პოლემისტები იყვნენ ერესოლოგები - ირინეოსი, ტერტულიანე და კლიმენტი ალექსანდრიელი. წმ. ირინეოსმა გნოსტიციზმი იმანენტურ კრიტიკას დაუქვემდებარა, მიუთითა რა მის სისტემაში არსებულ შინაგან წინააღმდეგობებზე, და რაც მთავარია, მან ეკლესია დაიცვა გნოსტიციზმის თავდასხმებისგან, განამტკიცა იგი იმ პუნქტებში, რომლებსაც გნოსტიციზმი უტევდა. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ქრისტიანულ ჭეშმარიტებათა ფორმულირებისთვის ირინეოსს მოუწია გნოსტიკოსებისგან ესწავლა სხვადასხვა ფორმალური ხერხი - იქნებოდა ეს სამეცნიერო თუ ტექნიკური - ქრისტიანულ ჭეშმარიტებათა გადმოსაცემად. ის გნოსტიციზმს მათგანვე ნასესხები იარაღით უტევდა.
ტერტულიანი თავის აგნოსტიკურ საქმიანობაში ირინეოსს მისდევდა. კლიმენტი ალექსანდრიელმა გნოსტიციზმი რწმენისა და გნოზისის შესახებ მისი პრინციპული საკითხებიდან გამომდინარე გააკრიტიკა, მისი ცდომილებები გამოამზეურა და ქრისტიანული ღვთისმეტყველების ძირითადი საფუძვლები განსაზღვრა. რამდენად სერიოზული და მნიშვნელოვანი იყო ირინეოსის და მისი თანამოაზრეების საქმიანობა, მოწმობს შემდეგი ვითარება: ისეთი ძლიერი გონებისა და ფილოსოფიური გაქანების მქონე ღვთისმეტყველი, როგორიც ორიგენე იყო - ირინეოსის მიერ გნოსტიციზმის წინააღმდეგ გამომუშავებულ მთავარ პოსტულატებს საკუთარი შემდგომი ღვთისმეტყველების საფუძვლად იყენებს.
წმ. ირინეოსი (ნაწილობრივ მისი მოწაფე იპოლიტეც) და ტერტულიანე კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიის უმთავრეს ორგანიზატორებად მიიჩნევიან. მაშასადამე, იდეური ბრძოლა გნოსტიციზმთან II საუკუნეშივე დასრულდა. III ს-დან იწყება გნოსტიციზმის დაცემა (8).
_______________________
8. "გნოზისი (რა თქმა უნდა III ს-ის დასაწყისში) თვითდაშლის სტადიაში იყო, თუმცა ჯერაც საკმაოდ სიცოცხლის უნარიანი გახლდათ" - ამბობს ფოლკმარი (G.Volkmar. Hippolytus und die römischen Zeitgenossen. Zürich. 1855. s. 166).
_______________________
მაგრამ საეკლესიო და ცხოვრებისეულ-პრაქტიკულ მიმართულებაში გნოსტიციზმი კიდევ უფრო შთამბეჭდავ ძალას წარმოადგენდა. მის წინააღმდეგ IV ს-ში წერდნენ - ეპიფანე და ფილასტრიუსი, ხოლო V ს-ში თეოდორიტე. გნოსტიციზმთან ბრძოლას უკვე ამთვრებენ V და VI საუკუნეების ბიზანტიელი ჩინოვნიკები, რომლებიც თეოდოსიანური და იუსტინიანური კოდექსებით ხელმძღვანელობდნენ. მაგრამ გნოსტიციზმი გასაოცრად სიცოცხლისუნარიანია. მისი არსებობის ნაკვალევი შუასაუკუნეებშიც ჩანს და ახალ დროებაშიც, XIX ს-შიც და XX საუკუნეშიც. მართალია, გნოსტიციზმისგან აქ მხოლოდ სახელიღა დარჩა და მისგან, ცნობილი ისტორიული მოვლენისსგან არასწორად და უყურადღებოდ გამოიყვანეს პრინციპი - გნოზისის, ცოდნის უპირატესობისა რწმენაზე, რომლისგანაც დისიდენტობა, განხეთქილება, საზოგადო ეკლესიურისგან გადახრა და არასაეკლესიო მიმართულება წარმოიშვა.
დოქტორი შმიდტი (9), მაგალითად, რაღაც გნოსტიკურს ხედავს - მანიქეველობაში, კაბალაში, კვაკერობაში, გერმანულ ფილოსოფიაში, გერმანულ მისტიციზმში და რუსულ დუხობორობაში (10). გნოსტიკოსებს ის მიაკუთვნებს - სკოტ ერიუგენას, სვედენბორგს, ფრ. ნიცშეს, საკუთარ თავს და "თანამედროვეობის გამოჩენილ გნოსტიკოს მასწავლებელს - ლევ ტოლსტოის" (E.Н. Schmitt. В. I. s. 4-5). ხოლო შვეიცერმა (A. Schweizer) დაამტკიცა, რომ არსებობს ჰეგელის, შელინგისა და ჰარტმანის კავშირიც გნოსტიკოსებთან (A. Schweizer. Zeitschrift für Wissenschaft. Theologie. 1874. s. 407).
_______________________
9. E.Н. Schmitt. Die Gnosis. Grundlagen der Weltanschaung einer edleren Kultur. B. I. Die Gnosis des Altertums. Leipzig. 1903. В. II. Die Gnosis des Mittelalteres und der Neuzeit. Jena. 1907. მაშასადამე, შმიდტი გნოზისს განმარტავს, როგორც უმაღლესი კულტურის მსოფლმხედველობის საფუძველს, და განსაზღვრავს მას, როგორც საკუთარ თავში ჩაღრმავებას, - ამის წყალობით კი, - როგორც გარეგან მოვლენათა შემეცნებას (s. 9).
10. დუხობორები (რუს.: Духобо́ры (духобо́рцы)) — რუსული ეთნოკონფესიური დაჯგუფება. ისტორიულად რუსული რელიგიური სექტა, რომელიც უარყოფდა ეკლესიის გარეგან წეს-ჩვეულებებს და,რომელიც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ზოგიერთი რელიგიათმცოდნისა თუ სოციოლოგის მიერ კვალიფიცირებულია, როგორც ქრსიტიანული მიმართულების კონფესია. იდეურად ის ახლოსაა ინგლისურ კვაკერებთან. მაგრამ მთელი რიგი სწავლების გამო მან მიიღო "სულიერ ქრისტიანთა" საზოგადო სახელწოდება (Г. Гололоб. Богословие и национальный вопрос). დუხობორების სათავეში იდგა სილუანე კოლესნიკოვი, რომელიც 1755-1775 წლებში ეკატერინოსლავის გუბერნიის სოფ. ნიკოლსკში ცხოვრობდა (წყარო: https://ru.wikipedia.org/wiki/ Духоборы#cite_ref-2) – "აპოკ." რედ. შენიშვნა.
_______________________
პაპი პიუს X მოდერნისტების საწინააღმდეგო თავის ენციკლიკაში "Раscendi domici gregis", რომელიც მან 1907 წლის 8 სექტემბერს გამოაქვეყნა, ატარებს იმ აზრს, რომ მოდერნიზმში აღორძინებას იწყებს ძველი გნოსტიციზმი. გერმანიაში არსებობს ჟურნალი "Gnosis", რომელიც გნოსტიკურ მიმართულებას ეძღვნება. საფრანგეთში, პარიზში, არსებობს თავისებური გნოსტიკური საეკლესიო საზოგადოება, რომელიც საკმაოდ პრეტენზიულ სახელწოდებას ატარებს: "église gnostique de France". საფრანგეთის ამ "გნოსტიკური ეკლესიის" აღმსარებლობის მე-3 და მე-5 პარაგრაფებში ნათქვამია: "გნოსტიციზმი, თავისი სახელწოდების თანახმად, აღიარებს, რომ ჭეშმარიტი რელიგია ეს წმიდა ცოდნაა"... ეს უკვე გონების კულტია!...
06. რა თქმა უნდა, არსებობს დიდი ინტერესი უფრო ახლოს გაეცნო ისეთ რთულ მოვლენას, როგორსაც წარმოადგენს გნოსტიციზმი, - რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნდა კათოლიკე ეკლესიის განვითარებაში, - და წარმოისახო იგი ისტორიულ დეტალებში (11). მაგრამ გნოსტიციზმის შესასწავლად პირდაპირი წყაროების რაოდენობა საკმაოდ მწირია. თვით გნოსტიკოსების თხზულებებიდან შრომისმოყვარე ეპიფანესთან (S. Epiphanius. Haer. XXXIII, 3. Corpus haer. Oehler’a. II, 1, p. 400...; рус. пер. ч. I, стр. 364.) მთლიანობაში დაცულია მხოლოდ ვალენტიანელი პტოლომეუსის მიერ ფლორესადმი მიწერილი ტრაქტატი. გნოსტიკური თხზულებები საკმაოდ კარგად არის დაუცლი ასკევიანური (Сodex Askewianus) (12) და ბრუსიანურ კოდექსებში (Codex Brucianus).
პირველი კოდექსი (13) შდგება ოთხი არათანაბარი ნაწილისგან: 1) 1–162; 2) 163–164; 3)164–231; 4) 232–254. 82-ე გვერდზე არის წარწერა: "მეორე წიგნი Pistis Sophia", მაგრამ ეს წარწერა გვიანდელი წარმოშობისაა. პირველი განყოფილების ანუ ნაწილის ნამდვილი სათაური მოცემულია ქვემოთ 162-ე გვერდზე "ნაწილი მაცხოვრის წიგნებიდან" (Μέρος τῶν τευχῶν τοῦ Σωτῆρος), მეორე განყოფილება იწყება 163-ე გვერდზე და მალევე მთავრდება (164 გვ.) სიტყვებით: "რადგან ეს არის გნოზისი გამოუთქმელის შემეცნებისა, რომლის შესახებაც დღეს გესაუბრეთ". ნაწყვეტის ფორმიდან და შინარსიდან ჩანს, რომ ეს არის დაკარგული წიგნის დასკვნა. თუკი ამ განყოფილებას განვიხილავთ, როგორც ჩანართს, მაშინ მომდევნო განყოფილება უშუალოდ მიუერთდებოდა პირველ წიგნს, ბოლოში მასაც ასეთი წარწერა გააჩნია: " «Μέρος τῶν τευχῶν τοῦ Σωτῆρος“ (გვ. 231).
_______________________
11. პრეიშენი ამბობს: "შეუძლებელია ჯეროვნად გესმოდეს პირველქრისტიანობის არსი და მისი განვითარება, თუკი არ გაქვს ნათელი წარმოდგენა გნოსტიციზმსა და მისი ისტორიაზე" (Er. Preuschen. Zwei gnostische Hymnen. Gieszen. 1904. s. 5).
12. ასკევიანურმა კოდექსმა (codex Askewianus) თავისი სახელწოდება მიიღო მისი პირველი მფლობელისგან, ინგლისელი დოქტორის ასკევისგან (Askew), რომელიც ცხოვრობდა XVIII ს-ში. როგორ მოხვდა ეს კოდექსი მის ხელში უცნობია. XVIII ს-ის მიწურულს ასკევის მემკვიდრეებისგან ის ბრიტანეთის მუზეუმმა შეიძინა. პირველი ცნობები იშვიათ კოდექსზე პრესაში 1778 წ. გამოაქვეყნა Woide-მ, მაგრამ მას ეს კოდექსი არ გამოუცია. 1812 წ-ს დანიელმა ეპისკოპოსმა მონტერმა ასკევიანური კოდექსიდან გამოსცა ფსევდო-სოლომონის ხუთი ფსალმუნი. 1838-40 წლებში, ფრანგმა მეცნიერმა დიულორიმ (Dulaurier) კოდექსი გადაწერა, მაგრამ არც მას გამოუცია იგი. 1848 წ-ს პრუსიის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის დავალებით, ინგლისში, კერძოდ ბრიტანეთის მუზეუმში კოდექსის შესასწავლად გაემგზავრა მ. შვარცი და მისი ასლი გადაიღო. ინგლისიდან დაბრუნების შემდეგ, ის ენერგიულად შეუდგა მის გამოცემას, მაგრამ მოულოდნელმა სიკვდილმა შეწყვიტა მისი მუშაობა. მხოლოდ 1851 წელს გამოცემა დაასრულა ი. გ. პეტერმანმა და გამოსცა სათაურით "Pistis Sophia: opus gnosticum Valentino adjudicatum e codice manuscripto Coptico Londinensi descripsit et latine vertit M.G. Schwarze, edidit J.H. Petermann. Berolini. 1857".
მიუხედავად ზოგიერთი ნაკლოვანებისა, გამოცემა ბრწყინვალედ იყო შესრულებული. სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო იმავე კოდექსის ახალი გამოცემა თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ, 1895 წელს დაიბეჭდა პარიზში, სახელწოდებით: "Πίστις Σοφία (Pistis Sophia), ouvrage gnostique de Valentin, traduit du Copte en Français avec une introduction (Les classiques de l’occute)".
მომდევნო წელს გამოჩნდა G.R.S. Mead-ის ინგლისური გამოცემა: Pistis Sophia. А gnostic gospel (vith extracts from the books of the Saviour appended) originally translated from Greek into Coptic and now for the first time engiisched from Schwartze’s Latin version onthe only Known Coptis M. S. and checked by Amélineau’s French version with an introduction". London. 1896.
უკანასკნელი გერმანელი გამომცემლისა და მთარმგმნელის კ. შმიდის განაჩენით, ამელინოს ფრანგული გამოცემა ჩამოუვარდება შვარც-პეტერმანის გამოცემას, ხოლო მიდის გამოცემას არ გააჩნია არავითარი დამოუკიდებელი სამეცნიერი მნიშვნელობა და ღირებულია მხოლოდ წინასიტყვაობაში მოცემული ლიტერატურის მიმოხილვის გამო.
დასასრულ 1905 წელს, Pistis Sophia გერმანულ ენაზე გადათარგმნეს და გამოსცეს ხსენებულმა Саrl-მა და Schmidt-მა პრუსიის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის სერიაში: "Die griechischen christlichen Schriftsteller der ersten drei Jahrhunderte, Band 13" – სათაურით "Koptisch-gnostische Schriften. Erster Band. Die Pistis Sophia.– Die Bücher des Jeû. Unbekanntes altgnostisches Werk". Leipzig. 1905.
ასკევიანური კოდექსი დაწერილია პერგამენტზე და მოიცავს 178 ფურცელს, In quarto, სიმაღლით 21 სმ, ხოლო სიგანით 16,5 სმ. ყოველი გვერდი - მათი რაოდენობა სულ 356-ია - იყოფა ორ სვეტად, თითოეულ სვეტში 40-34 სტროფია. კოდექსში არის ნუმერაცია, ზოგჯერ მხოლოდ ფურცელზე, ზოგჯერ კი ფურცელზეც და მეორე მხარეზეც. კოდექსი ძალიან კარგად არის დაცული ოთხი დაკარგული ფურცლის გარდა. კოდექსში ნათლად შეიმჩნევა ორი ხელწერა. ერთი დაწერილია ლამაზი, ძველი უნციალებით და მოიცავს 22 გვერდსა და 29 სტროფს, ხოლო მომდევნო სტროფები იწყება უკვე სხვა ხელწერით და გრძელდება 195 გვერდამდე, ის უფრო დაუდევრად არის დაწერილი და პირველზე უარესია, ხოლო ასოების არასწორ მოხაზულობათა მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ მისი შემსრულებელი ხანში შესული გადამწერი იყო. 196-ე გვერდზე მას ცვლის პირველი და ამთავრებს 354-ე გვერდზე. ორივე ხელწერა მელნის ფერითაც განსხვავდებიან ერთურთისგან.
13. ჩვენ მხედველობაში გვაქვს - С. Schmidt - ის კოდექსის გამოცემა. კოდექსის შესახებ ცნობები ავიღეთ ხსენებული გამოცემის წინასწიტყვაობიდან, ხოლო ნაწილი ჰარნაკის გამოკვლევიდან Pistis Sophia – Texte und Untersuchungen. В. VII. Η. 2. 1891 და კ. შმიდის სხვა თხზულებიდან ბრუსიანური კოდექსის შესახებ. Texte und Unter. VIII, 1–2. 1892. s. 552 და შემდგ.
_______________________
კოდექსის შემდგომ განყოფილებას კვლავ არ გააჩნია სახელწოდება. ბოლო გვერდზე (254), რომელიც დანომრილი არ არის, ex abrupto მოცემულია ნაწყვეტი: der (?) Gerechte (δίκαος), რომელიც აშკარად წარმოადგენს მნიშვნელოვანი მთლიანი ნაწარმოების დასკვნას, როგორც ამას აჩვენებს ორი, სამწუხაროდ ამოფხეკილი სტროფი, რომელიც აშკარად წიგნის დასათაურებას წარმოადგენდა. დასკვნის მიხედვით, ეს მთლიანი ნაწარმოები მჭიდროდ არ იყო დაკავშირებული მთელ ხელნაწერთან; რადგან ის გვაგონებს აპოკრიფული სახარების ეპილოგს, რომელიც მარკოზის მიხედვით არის შედგენილი. ხელნაწერს პირველი ფურცელი აკლია, ისევე როგორც ყდა, რომელზეც მთელი ნაწარმოების სათაური იყო წარწერილი; ეს შეიძლებოდა ყოფილიყო "Τεύχη τοῦ Σωτῆρος", ასე რომ დასათაურება Pistis Sophia სავარაუდოდ არაკორექტულია (С. Schmidt. Koptisch gnost. Schriften. В. I. s. XIV).
ბოლო ზედწერა პასუხობს მხოლოდ პირველი განყოფილების შინაარსს, რადგან Pistis Sophia-ს - გნოსტიკური სისტემის ერთ-ერთ ეონს - აქ უმთავრესი როლი განეკუტვნება, თუმცა, მე-2 განყოფილებაში ის უკვე აღარ მოიხსენიება. შედარებით უფრო შეკავშირებული ჩანს წიგნის პირველი სამი ნაწილი, რომელიც 1-დან 231-ე გვერდამდე გრძელდება, ხოლო პირველ და მის მომდევნო ნაწილებთან ნაკლებად დაკავშირებული ბოლო ნაწილი 232-254 გვერდებს მოიცავს.
უნდა აღინიშნოს, რომ წიგნი ანუ ყველა ნაწილი ურთიერთდაკავშირებულია მასში ნახსენები პირებითა და საგანთა ერთგვაროვნებით. ოთხივე წიგნი საერთო ჯამში დიალოგის ფორმით შეიცავს იესუ მაცხოვრის საუბრებს თავის მოწაფეებთან და მენელსაცხებლე დედებთან, მისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, თანაც პირველი სამი ემთხვევა მე-12 წელიწადს, ხოლო ბოლო წინ უსწრებს მათ და განეკუთვნება დროს, რომელიც უშუალოდ მოსდევს აღდგომას. პირველი სამი წიგნის საუბრების ადგილი ზეთისხილის მთაა; ხოლო ბოლო წიგნში ადგილი მითითებულია აბნეულად - ხან ეს არის წყალი ოკეანე (р. 288. з. 29), ხან გალილეის მთა (р. 243, з. 12) და ა. შ. წიგნს წინ უძღვის თავისებური შესავალი, რომელიც 28 თავს მოიცავს.
მომდევნო ნაწილი 29-82 გვერდებზეა გაშლილი და შეიცავს მოთხრობებს Pistis Sophia-ს ხვედრზე, მისი დაცემიდან ვიდრე თავის პირვანდელ ადგილზე, 13 ეონთან დაბრუნებამდე, იესუს დახმარებით. მეორე ნაწილში (თ. 83-135) მოთხრობილია იმის შესახებ, როგორ მიეახლნენ იესუს მოწაფეები და მენელსაცხებლე დედები. იესუს შემკითხველთა შორის პირველ პლანზე დგას მარიამ მაგდალინელი, ასე რომ ასკევიანური კოდექსის მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება დასათაურებულ იყოს, როგორც "Ἐρωτήσεις Μαρίας". კითხვები მიმართულია ქვეყნიერების საიდუმლოთა, - განსაკუთრებით გამოუთქმელის და პირველი მისტერიის საიდუმლოს, - გარკვევისკენ. ხელნაწერის გაჩენის ადგილად უნდა ვაღიაროთ ეგვიპტე.
წარმოშობის დრო უნდა განვაკუთვნოთ III საუკუნეს. კოდექსი დაწერილია კოპტურ ენაზე. Woide, რომელიც კოდექსს ვალენტინეს მიაწერდა, ამტკიცებდა, რომ მან, როგორც ბუნებრივმა ეგვიპტელმა, იცოდა ეთიოპიური ენა, და ამიტომ თავისი თხზულება, პროპაგანდის მიზნით, ეთიოპიურ და ბერძნულ ენებზე გამოაქვეყნა. ეს აზრი შემდეგ მეცნიერებმა ერთხმად აღიარეს ნაჩქარევ აზრად, და დღეს ხელნაწერის ტექსტი არავის მიაჩნია ორიგინალურ ქმნილებად, არამედ ფიქრობენ, რომ ის ითარგმნა ბერძნულიდან, რაზეც მიუთითებს ბერძნული საკუთარი სახელები, რომლებიც უთარგმნელად არის დატოვებული, ტერმინები და მეტყველების კონსტრუქციები. ხელნაწერის ავტორის საკითხი საბოლოოდ დღემდე გადაუჭრელია.
მეცნიერთა ერთი ნაწილის, უფრო ინგლისელებისა და ფრანგების (Woide, Renan, Amelineau, Schwarze–Petermann) აზრით ხელნაწერის ავტორი იყო ან ვალენტინე, ან კიდევ ვინმე მის მიმდევართაგან; სხვა მეცნიერთა, კერძოდ, გერმანელი მკვლევრების (Harnack, Schmidt) უფრო საფუძვლიანი მსჯელობით, ავტორი ძველ ბარბელო-გნოსტიკოსთა, ანუ ოფიტთა დიდ ჯგუფს ეკუთვნოდა. უფრო დეტალურად ამის შესახებ ქვემოთ ვიმსჯელებთ (იხ. ქვემოთ, თ. 2, განყოფილება "ოფიტური სექტები", პპ. 01–02; 33–36).
გაგრძელება იქნება.
თარგმანი შესრულებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2024 წ.
წყარო: Гностицизм II века и победа христианской церкви над ним / М.Э. Поснов, эк.-орд. проф. Киев. духов. акад. и прив.-доц. Ун-та св. Владимира. - Киев : тип. АО "Петр Барский в Киеве", 1917.