Перейти к контенту

გნოსტიციზმი - II საუკუნის გნოსტიციზმი და ქრისტიანობის გამარჯვება მასზე - I - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
უსჯულოება > გნოსტიციზმი
პროფ. მ. ე. პოსნოვი
 
II საუკუნის გნოსტიციზმი და ქრისტიანობის გამარჯვება მასზე
გნოსტიკოსები
 
 
თავი პირველი


შესავალი
 
უმთავრესი ფილოსოფიურ-ეთიკური და რელიგიური დინებები ქრისტეს შობის საუკუნეში
 
(ზოგადი მიმოხილვა) (1).


01. ქრისტეს შობამდე უკანასკნელი ხუთი–ექვსი საუკუნის განმავლობაში ანტიკური კულტურის მატარებელი ბერძენი ერია. ამ ერში ძველი ქვეყნიერების განვითარება თავის მწვერვალს აღწევს. მის ისტორიასთან არის დაკავშირებული ანტიკური მემკვიდრეობის საბოლოო ბედი.
 
ბერძნულმა სულმა, რომელმაც თავის ზენიტს ძვ. წ. V–IV საუკუნეების ფილოსოფიაში მიაღწია და თავისი აყვავება განიცადა, ერის პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაცემასთან ერთად, სწრაფად აიღო გეზი დასასრულისკენ. დიდ მაკედონელ დამპყრობელთან ერთად ბერძნული კულტურა აღმოსავლეთსაც გადასწვდა; მაგრამ აქ, ძველი ცივილიზაციის ნაშთებთან ბრძოლაში, თავის სფეროში ძლიერის, ალექსანდრეს (ფილიპეს ძის) ფოლადის ხმალთან შედარებით, მისი ძალები სუსტი აღმოჩნდა.
 
აღმოსავლეთმა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე დაჩაჩანაკებული იყო, მაინც საკმარისი ძალები მოიკრიბა იმისთვის, რათა ბერძნულ სულს არ დამორჩილებოდა, ხოლო ურთიერთგავლენის პირობებში, მასთან ერთად ელინიზმში გაერთიანდა. აღმოსავლეთიდან ელინიზმი დასავლეთისაკენ დაიძრა, საბერძნეთის გავლით რომისკენ, და ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე მთელი ძველი ქვეყნიერების პოლიტიკურ დამპყრობელზე გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა.
 
ელინიზმი, რომელმაც ანტიკური უნივერსალური მსოფლმხედველობა შექმნა, ძველი ქვეყნიერების უკანასკნელი მსოფლიო მონარქიის მტკიცე ცემენტი გახდა მანამ, სანამ თავისი ადგილი არ დაუთმო ქრისტიანობას, – თუმც არც თუ უბრძოლველად – რომელსაც, ფორმალური განვითარების საქმეში თავისი შემწეობაც აღმოუჩინა.
 
ბერძენი ერის ისტორია, ჩვენთვის საინტერესო მხრიდან, შეიძლება წარმოდგენილი იქნას იმავე ზოგადი მონახაზებით. ისტორიის დასაწყისი დიდებული ოლიმპიური რელიგიის შექმნით აღინიშნება (ძვ. წ. VII ს.). შემდგომი საუკუნეები (ძვ. წ. VI–IV) ხასიათდება იმ უმაღლესი ფილოსოფიის დაბადებითა და განვითარებით, რომელიც მხოლოდ ძველმა ქვეყნიერებამ იცოდა. ძვ. წ. IV საუკუნის დასასრული მოწმობს ცხოვრების ყოველმხრივ დაკნინებას. III საუკუნიდან მოყოლებული პერიოდი ელინისტურის სახელწოდებითაა ცნობილი. ამ დროს გამოდის სამი ფილოსოფიური სკოლა – სტოიკური, ეპიკურეული და სკეპტიკური, – რომლებიც ჩვენი გამოკვლევის საგანს წარმოადგენენ, მკვეთრად გამოხატული ეთიკური მიმართულებით.
 
I საუკუნეში ისინი ადგილს უთმობენ ნეოპითაგორიზმისა და პლატონიზმის ეკლექტიკურ რელიგიურ-ფილოსოფიურ სისტემებს, – აგრეთვე რელიგიურ სინკრეტიზმს.
 
ძვ. წ. IV საუკუნის დასასრული, როგორც უკვე აღინიშნა, საბედისწერო აღმოჩნდა ბერძნული გენიის შემდგომი განვითარებისთვის. ამ დროს ბერძენმა ერმა დაკარგა თავისი დამოუკიდებლობა. ხოლო პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ეროვნული თავისუფლების მოკლებისთანავე, დიდი ხნით, უფრო სწორად, სამუდამოდ შეკვეცა ფრთები ბერძნულ გენიას. მისი შემოქმედებითი ნაკადი დაიშრიტა. თუმცა იმდენი სულიერი საუნჯე იყო დაგროვილი, რომ საბერძნეთის ძლევამოსილი დამპყრობლებიც კი პატივს მიაგებდნენ ბერძნულ კულტურას და მისი მხურვალე ადეპტები ხდებოდნენ. ალექსანდრე მაკედონელმა, ერთ-ერთი გენიალური ბერძენი მოაზროვნის მოწაფემ, თავისი ცხოვრების მისიად მის მიერ დაპყრობილ ქვეყნებში ბერძნული განათლების დანერგვა მიიჩნია.
 
წინა აზიის დაპყრობის შემდეგ, მისი პირველი საქმე აღმოსავლეთის პროვინციებსა და ქალაქებში ბერძნული კულტურის დამკვიდრება იყო. ნაადრევმა სიკვდილმა ხელი შეუშალა ამ დიდებული ადამიანის მიერ განზრახული ვრცელი გეგმების განხორციელებას. თუმცა მის სუსტ მემკვიდრეებს, მრავალრიცხოვან დიადოქოსებს, თუ ბოლომდე არ გაუზიარებიათ მისი ზრახვები, ნებისმიერ შემთხვევაში, არც აშკარა წინააღმდეგობა გაუწევიათ მათთვის. ბერძნული კულტურის გავრცელების საქმე აღმოსავლეთში მის ბუნებრივ მსვლელობაზე იყო მინდობილი, და მას, სულ ცოტა, თვალსაჩინო გარეგნული წარმატება ჰქონდა.
 
02. ბერძნული კულტურული ელემენტების აღმოსავლურთან შერევით ჩამოყალიბდა ახალი კულტურული დინება, რომელიც დროიზენის დროიდან მოყოლებული ელინიზმის სახელით არის ცნობილი. ელინიზმი არის ჩამავალი ანტიკური სამყაროს ძალიან რთული მოვლენა რაც, სამწუხაროდ, სპეციალური კვლევის საგანი დღემდე არ ყოფილა. ის თავს იჩენს როგორც პოლიტიკისა და სამართლის, რელიგიისა და მეცნიერების, ენისა და ლიტერატურის, აგრეთვე საზოგადოებრივი ცხოვრებისა და კერძო ყოფიერების სფეროებში. – ჩვენ მხედველობაში გვაქვს მხოლოდ ფილოსოფიური, ზნეობრივი და რელიგიური ცხოვრების ძირითადი მოვლენები.
 
ჩვენ მიერ შემოსაზღვრულ წრეში ბერძნული კულტურის გავლენა აღმოსავლეთზე საკმაოდ ზედაპირული იყო და მხოლოდ ცხოვრების ფორმალურ მხარეს ეხებოდა. აღმოსავლეთს უკვე განვლილი ჰქონდა თავისი ხანა და მასში ახალი სუნთქვის ჩაბერვა ბუნებრივი ადამიანური ძალებით ადვილი არ იყო (თუმცა აღმოსავლეთი გარკვეულწილად რეაგირებდა კიდეც ახალ ზეგავლენებზე, და იქ დაიწყო რელიგიური მღელვარება, როგორც ეს ნაწილობრივ ჩანს ქრისტიანული ერესების ისტორიიდან). აღმოსავლეთის მიმღებლობის ნაკლებობა თავის ახსნას ბერძნული კულტურის ხასიათშიც პოულობს. აღმოსავლეთში შეაღწია არა სუფთა, ახალგაზრდა, შემოქმედებითმა ბერძნულმა სულმა, არამედ უკვე ჩამქრალმა. და რისი შეთავაზება შეეძლო მას აღმოსავლეთისთვის? აბსტრაქტული თეორიული ფილოსოფია არასოდეს ყოფილა აღმოსავლეთის სფერო. მისი აზროვნება ყოველთვის მიისწრაფოდა რელიგიისაკენ და მიმართული იყო იმ სფეროსკენ, რომელიც, როგორც ჩანს, ყველაზე მჭიდროდ იყო მასთან დაკავშირებული – ვარსკვლავური ცისკენ – და გამოიმუშავა კიდევაც თეოსოფია და ასტროლოგია.
 
რაც შეეხება თვით ბერძნულ რელიგიას, ამ დროისთვის მხატვრულ-მითოლოგიურმა რელიგიამ უკვე თვით საბერძნეთშიც დაკარგა ნდობა, ხოლო მისტიციზმი პითაგორეიზმთან ერთად უფრო აღმოსავლეთს განეკუთვნებოდა, ვიდრე საბერძნეთს. ყოველივე ამის გამო, მოსალოდნელი იყო არანაკლები საპირისპირო ზეგავლენა აღმოსავლეთიდან ბერძნულ კულტურაზე. ასეც მოხდა. პირველ რიგში, აღმოსავლეთთან შეხებისას გაძლიერდა უბრალო ბერძენი ხალხის უძველესი რწმენა-წარმოდგენები, რადგან მათ აქ ნათესაური ნიადაგი და მრავალი საერთო ელემენტი შეხვდათ. ამ რწმენა-წარმოდგენებმა სულ უფრო მეტად დაიწყეს გავრცელება, ვინაიდან დამონებულ საბერძნეთში არისტოკრატიის, უმაღლესი ფენების რიგები სწრაფად მცირდებოდა, ხოლო ქვედა ფენები სულ უფრო მეტად გათავისუფლებულებით, მონებითა და ჯარისკაცებით ივსებოდა.
 
აღმოსავლეთის გავლენა შეეხო ბერძნულ ფილოსოფიასაც და მას რელიგიურ-მისტიკური ხასიათი მისცა, როგორც ამას განსაკუთრებით ნეოპითაგორეიზმსა და პლატონიზმში ვხედავთ. ბერძნული და აღმოსავლური კულტურები, ურთიერთზეგავლენის მოხდენით, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში ერთგვარად ურთიერთზღუდავდნენ და ავიწროებდნენ ერთმანეთს, სრულიად გაიფურჩქნენ, როცა ისინი რომის იმპერიაში, დასავლურ ნიადაგზე, ელინიზმში გაერთიანდნენ. აქ გულუხვი მიღება ჰპოვა როგორც ელინისტურმა ფილოსოფიამ, ისე აღმოსავლურმა რელიგიებმაც.
 
არ არის შესაძლებელი, ელინისტური პერიოდის ბერძნული რწმენა-წარმოდგენებს ცალკე, დამოუკიდებლად მივყვეთ. ეს ის დრო იყო, როდესაც რელიგიასა და ფილოსოფიას შორის არსებული უფსკრული თანდათან ვიწროვდებოდა: ფილოსოფია თანდათან კარგავდა თავის თეორიულ ხასიათს და ეთიკის მეშვეობით უახლოვდებოდა რელიგიას, რომელიც საბოლოოდ უმაღლესი ცოდნის წყაროდაც კი გამოცხადდა. ამიტომ განვიხილავთ ელინისტური პერიოდის მთავარ ფილოსოფიურ დინებებს, და მაშინ უკვე ნათელი იქნება არა მხოლოდ ის, თუ რა ფილოსოფიური შეხედულებებით ცხოვრობდა ჩამქრალი ანტიკური სამყარო, არამედ ისიც, თუ რა რელიგიური რწმენით საზრდოობდა მისი სული და როგორი ზნეობრივ-პრაქტიკული იდეალების განხორციელებისაკენ ისწრაფოდა.
 
03. მას შემდეგ, რაც პლატონისა და არისტოტელეს ფილოსოფიაში თითქოსდა თავის უკიდურეს სრულყოფილებას მიაღწია და თავისი ძალები ამოწურა, ბერძნულმა გენიამ სწრაფად დაიწყო დახრა თავისი აღსასრულისკენ. თეორიული მსჯელობით დაღლილი ბერძნული აზროვნება განუხრელად მიისწრაფის მთლიანი ფილოსოფიური მსოფლმხედველობისკენ, ანალიზისა და კვლევის ნაცვლად მიმართავს სისტემასა და დოგმას. ასეთი მსოფლმხედველობა დროისა და განახლებული კულტურის მოთხოვნილებად იქცევა. ბერძნულმა მითოლოგიურმა რელიგიამ დაკარგა თავისი ძალა, და ფართო განათლებულ წრეებში მისი ადგილი ფილოსოფიამ დაიკავა, რომელმაც, შესაბამისად, ცოდნის გარკვეული სისტემა უნდა მიეცა რელიგიური ელფერით. პოლიტიკური, სამოქალაქო და საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარება შეწყდა, და ბერძენი ერი ყოველდღიურ კერძო ცხოვრებაში ჩაეფლო; პიროვნების ჰორიზონტი შევიწროვდა, და ის მცირე, საოჯახო წრით შეიზღუდა.
 
მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერესები ცხოვრებიდან ამოღებულ იქნა, საჭირო გახდა საკუთარი თავისკენ, თავისი შინაგანი ცხოვრებისკენ მიქცევა, რის გამოც პირადი ყოფის გონივრული მოწყობა ყოფიერების მთავარ ამოცანად იქცა. ბუნებრივია, ამ ცხოვრების პირობებში, წინა პლანზე უნდა წამოწეულიყო ცხოვრებისეულ-პრაქტიკული ინტერესები. ამასთანავე, თეორიული საკითხების გადაწყვეტით დაღლილმა ფილოსოფიურმა აზროვნებამაც, როგორც აღინიშნა, ეთიკურ პრობლემებს მიჰყო ხელი (2).
 
ზუსტად, ამ ცხოვრების მიმართულებას შეესაბამებოდა სამი ახალი ფილოსოფიური სკოლა, რომლებიც ძვ. წ. III საუკუნიდან გამოჩნდნენ – სტოიკური, ეპიკურეული და სკეპტიკური (პერიპათეტიკური სკოლა, როგორც ჩანს, თავისი გავლენით ცხოვრებაზე საგრძნობლად ჩამორჩება დასახელებულ სკოლებს). ისინი, თავისთავად, მეტაფიზიკური საკითხებით დამოუკიდებლად არ დაკავებულან, არამედ ამ მხრივ წინარე ფილოსოფიურ სისტემებს მიჰყვებოდნენ, მთავარ ყურადღებას ეთიკურ საკითხებზე ამახვილებდნენ და ადამიანური ბედნიერების პრობლემას წყვეტდნენ.
 
თანაც, თვით ფილოსოფიაც აღიარებულ იქნა ბედნიერების მიღწევის საშუალებად. სტოიკოსთა აპათია, ეპიკურეელთა თვითკმაყოფილება და სკეპტიკოსთა ატარაქსია სწორედ პირადი ცხოვრების ნეტარების შექმნას ისახავდნენ მიზნად. აღმოსავლეთის გავლენა ახლახან ნახსენები ფილოსოფიური სკოლების განვითარებაზე ეჭვს არ იწვევს. განსახილველი პერიოდის ფილოსოფოსთა უმრავლესობა, განსაკუთრებით სტოიკოსებიდან, აღმოსავლური წარმოშობის ადამიანები იყვნენ – მცირე აზიიდან, სირიიდან და აღმოსავლეთის არქიპელაგის კუნძულებიდან. დასახელებული ფილოსოფიური სკოლები კოსმოპოლიტური მიმართულებით გამოირჩეოდნენ; მათში ეთიკა განცალკევდა პოლიტიკისგან და უნივერსალური ხასიათი მიიღო. და ეს სავსებით გასაგებია ახლადშექმნილი მსოფლიო მონარქიის ცხოვრებიდან გამომდინარე, რომელიც შლიდა დამოუკიდებელ, ერთმანეთისაგან თავისუფალ სახელმწიფოთა საზღვრებს და მოქალაქეს კოსმოპოლიტად აქცევდა.
 
_______________________
   
1. წინამდებარე ნარკვევის შედგენისას ვისარგებლეთ შემდეგი სახელმძღვანელოებით: Dr. Ed. Zeller. Die Philosophie der Griechen in ihrer geschichtlichen Entwicklung. Dritter Teil. 1–2 Abteilung. 3 Auflage. Leipzig. 1880.– Dr. O. Gruppe. Griechische Mythologie und Religionsgeschichte. 1–2 Band. München. 1906. (S. Handbuch der Klassischen Altertums-Wissenschaft... herausgegeb: von Dr. Ivan von Müller, V Band. 2 Abt.).– Hans von Arnim. Die Evropäische Philosophie des Altertums. (S. Die Kultur der Gegenwart herausgegeb. von P. Hinneberg. Allgemeine Geschichte der Philosophie. Berlin und Leipzig. 1909). Есть русский перевод.– Franz Gumont. Die orientalischen Religionen im Römischen Heidentum. 1910. Leipzig und Berlin и некот. друг.
 
2. მართალია, ატიკური ფილოსოფიაც არ ერიდებოდა ზნეობრივ საკითხებს, როგორც ეს ჩანს სოფისტებთან, სოკრატესთან და ნაწილობრივ პლატონთან. მაგრამ იქ ამ საკითხებს სხვა ფორმულირება ჰქონდა და სისტემებში სხვა ადგილი ეკავათ, ვიდრე ელინისტური პერიოდის ფილოსოფიაში.

_______________________



სტოიციზმი
 
1. სტოიკური სკოლის დამაარსებელი იყო ზენონი, რომელიც დაიბადა ძვ. წ. IV საუკუნის შუა ხანებში და გარდაიცვალა ძვ. წ. III საუკუნის 70-იან ან 60-იან წლებში. მისი საქმის ყველაზე მნიშვნელოვან გამგრძელებლად სამართლიანად ითვლება ქრისიპე (ძვ. წ. 281–208). ამ უკანასკნელის ხელმძღვანელობით სტოიკური სკოლა ათენის სკოლათა შორის ყველაზე გავლენიანი გახდა. ქრისიპემ ნაწილობრივ შეცვალა სტოიციზმის სისტემა, მიანიჭა მას მეტი მთლიანობა და დაიცვა იგი სკეპტიკოსთა თავდასხმებისგან. ქრისიპეს მემკვიდრემ — დიოგენე სელევკიელმა — გაავრცელა სტოიკური მოძღვრება თავისი მოწაფეების, არქიმედესა და ანტიპატრეს მეშვეობით აღმოსავლეთსა და დასავლეთში, რომსა და ბაბილონში.
 
რომაულ პერიოდში, ძვ. წ. II საუკუნის მეორე ნახევრიდან, სტოიციზმმა თავდაპირველად ეკლექტიკური მიმართულება მიიღო, მაგრამ მალე მოიშორა იგი და განვითარება ორი მიმართულებით განაგრძო — პოპულარულ-ფილოსოფიურითა და უფრო სამეცნიეროთი, რომელიც ძველ სტოიკურ მოძღვრებას უახლოვდებოდა. — ცნობები სტოიციზმის შესახებ ძირითადად რომაელი სტოიკოსების — ციცერონის, სენეკასა და სხვათა — თხზულებებიდან, აგრეთვე პლუტარქეს ნაშრომებიდან მოიპოვება. ამის გამო შეუძლებელია ზენონის თავდაპირველი მოძღვრების გარჩევა გვიანდელი დანაშრევებისგან. სტოიკური ფილოსოფიური სისტემის საერთო სახე შემდეგნაირად წარმოდგება.
 
2. ფილოსოფიის დანიშნულება, სტოიკოსთა შეხედულებით, მდგომარეობს მეცნიერულად დასაბუთებულ და გონივრულ-ზნეობრივ მოქმედებაში. კინიკოსებთან ერთად, სტოიკოსები ადამიანურ ცოდნაში მხოლოდ სათნო ქცევისა და სიკეთის მიღწევის საშუალებას ხედავდნენ, ხოლო ფილოსოფიის მთავარ დანიშნულებას მოიაზრებდნენ სათნოებისკენ, სწორი მოქმედებებისკენ ხელმძღვანელობაში, მათში ვარჯიშის გზით. ამიტომაც ისინი ფილოსოფიას მარტივად განსაზღვრავდნენ, როგორც "სათნოებაში ვარჯიშს", როგორც ἄσκησις ἀρετῆς-ს, ანუ ვარჯიშს გონივრულ მოქმედებაში. მაგრამ გონივრული მოქმედება შეუძლებელია ჭეშმარიტი, ობიექტური ცოდნის გარეშე, რადგან გონივრული ქცევა უნდა შეესაბამებოდეს ადამიანისა და ყოველივე არსებულის ბუნებას, ხოლო ამისთვის აუცილებელია სამყაროსა და ადამიანის კანონების შემეცნება. ამიტომ ფილოსოფია, რომელიც "სათნოებაში ვარჯიშად" განისაზღვრება, ამავე დროს არის "ღვთაებრივისა და კაცობრივის შემეცნება".
 
აქ სტოიკოსები, ცხადია, სოკრატეს მიჰყვებიან, ამტკიცებენ რა ცოდნის აუცილებლობას სათნოებისთვის და აყენებენ ამ უკანასკნელს პირველზე დამოკიდებულებაში. ფილოსოფიის აღნიშნული განსაზღვრებიდან გამომდინარეობს ორი მეცნიერების — ფიზიკისა და ეთიკის — აუცილებლობა. სტოიკური სისტემის მესამე მეცნიერება — ლოგიკა — უშუალო კავშირში არ არის პირველ ორთან, და სტოიკოსები, ადარებენ რა მას ქალაქის კედლებს, კვერცხის ნაჭუჭს, მიაწერენ მას მეთოდურ, ტექნიკურ და გნოსეოლოგიურ მნიშვნელობას. ამიტომ ლოგიკა მათ სისტემაში პირველია (თანმიმდევრობით), მაგრამ ამავე დროს უკანასკნელიც (მნიშვნელობით). სტოიკოსთა მსჯელობანი ფიზიკისა და ეთიკის შედარებით მნიშვნელობაზე სიცხადითა და გააზრებულობით არ გამოირჩევა. მაგრამ, მათი სისტემის ხასიათის შესაბამისად, როგორც იგი ქრისიპესთან ჩამოყალიბდა, აუცილებელია ეთიკა მეცნიერებათა ცენტრში ან მწვერვალზე დაისვას, რომლისკენ გზაც ლოგიკიდან ფიზიკის გავლით მიდის.
 
3. ლოგიკაში სტოიკოსები, ქრისიპეს დროიდან მოყოლებული, გულისხმობენ მეცნიერებათა მთელ ჯგუფს, რომელიც აზრებსა და წარმოდგენებს ეხება. ისინი, უპირველეს ყოვლისა, ლოგიკის ორ ნაწილს — რიტორიკასა და დიალექტიკას — განასხვავებდნენ, როგორც აღმნიშვნელსა და აღსანიშნავს, ფორმასა და შინაარსს; მათ მესამესაც უმატებდნენ — კრიტერიუმის, ანუ ზოგადად — შემეცნების თეორიის სწავლებას, ზოგჯერ კი მეოთხესაც — ცნებათა განსაზღვრებათა შესახებ. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ის ნაწილი, რომელიც შემეცნებასა და კრიტერიუმს განიხილავს. სტოიკოსთა შემეცნების თეორია სენსუალისტური ხასიათისაა: სტოიკოსები ემპირიკოსები არიან. ჩვენი ყოველი წარმოდგენა (φαντασίαι), მათი შეხედულებით, საგნის (უფრო სწორად, წარმოსადგენის, φανταστὸν) სულზე ზემოქმედებით წარმოიშობა. დაბადებიდან ჩვენი სული სუფთა დაფას ჰგავს, მხოლოდ აღქმის გზით იწერება მასზე შინაარსი.
 
ამგვარად, აღქმები ჩვენი წარმოდგენების ერთადერთი და პირველწყაროა. აღქმებისგან რჩება ხსოვნა, მრავალი ერთგვაროვანი ხსოვნისგან იქმნება, ანუ ყალიბდება, გამოცდილება, ხოლო გამოცდილებიდან დასკვნების გზით გამოიტანება ცნებები. ბუნებრივად, არახელოვნურად ჩამოყალიბებულ ცნებებს ეფუძნება "საერთო ცნებები", κοιναὶ ἔννοιαι, რომლებსაც აგრეთვე προλήψεις ეწოდება, როგორც უეჭველად ჭეშმარიტ დებულებებს, რომლებსაც სამეცნიერო გამოკვლევა არ სჭირდება. ეს ცნებები უმაღლესია, და მათ განეკუთვნება სიკეთისა და ღვთაების იდეა. ცნებათა მეთოდური, ხელოვნური ჩამოყალიბების გზაზე კი წარმოიშობა მეცნიერება, როგორც მსგავს ცნებათა სისტემა.
 
რაც შეეხება წარმოდგენათა ჭეშმარიტების უკანასკნელ თავდებს, ანუ შემეცნების კრიტერიუმს, იგი სტოიკოსებთან სუბიექტური ხასიათისაა და პრაქტიკულ პოსტულატს ეფუძნება. სკეპტიკოსთა საპასუხოდ, შემეცნების სარწმუნოობის წინააღმდეგ მიმართულს, სტოიკოსებს მხოლოდ ისღა შეეძლოთ ეთქვათ, რომ ჭეშმარიტების შემეცნება შესაძლებლად უნდა ჩაითვალოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ვერცერთი მოქმედება ვერ დაეფუძნებოდა მტკიცე დარწმუნებებსა და ფუნდამენტურ დებულებებს.
 
ამგვარად, პრაქტიკული საჭიროება ერთადერთი სიმაგრეა ეჭვთა წინააღმდეგ. "ჭეშმარიტია ის წარმოდგენა — განავრცობენ სტოიკოსები თავიანთ კრიტერიუმს, — რომელიც სინამდვილეს ისე წარმოგვიდგენს, როგორიც ის არის". ჭეშმარიტ წარმოდგენას აუცილებლად უკავშირდება ჩვენი დარწმუნება-თანხმობა (συγκατάθεσις), ის უნებლიედ იწვევს ჩვენში ერთსაც და მეორესაც. აქედან გამომდინარე, სტოიკოსთა უკანასკნელი კრიტერიუმი "გასაგებ", აღქმულ წარმოდგენაში მდგომარეობს — φαντασία καταληπτικὴ. (ფორმალური ლოგიკის, კერძოდ, კატეგორიათა სწავლება ჩვენი თვალსაზრისით ინტერესს არ წარმოადგენს).
 
4. სტოიკოსთა სისტემაში ფიზიკას, ლოგიკასთან შედარებით, შეუდარებლად უფრო მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. სტოიკოსთა შეხედულებები არსებობის უკანასკნელ საფუძვლებზე უხეშ-მატერიალისტური ხასიათით გამოირჩევა, რაც მათ ლოგიკაშიც და შემეცნების თეორიაშიც, შესაძლებლობას იძლევა წინასწარ იქნას განჭვრეტილი ლოგიკა შემეცნების თეორიაში.
 
სტოიკოსები, პლატონთან ერთად, რეალურს განსაზღვრავენ, როგორც იმდაგვარ რამეს, რასაც მოქმედების ან ვნების ძალა აქვს; მაგრამ ამ თვისებას ისინი მხოლოდ სხეულებში პოულობენ, და აქედან მათთვის გამომდინარეობს, რომ სხეულების გარდა არავითარი რეალობა არ შეიძლება არსებობდეს. ამ ცნებას ისინი სულსაც, სათნოებასაც და სხვა მსგავს სუბსტანციებსაც მიაკუთვნებენ, თუმცა სხეულის ცნებას სულაც არ აფართოებენ, რადგან მას სივრცით განფენილობასა და სხეულებრიობის ყოველ თვისებას მიაწერენ, ამ სიტყვის საკუთრივი მნიშვნელობით. სხეულებად სტოიკოსები საგნების თვისებებსაც მიიჩნევენ. სიკეთე სხეულია, რადგან სიკეთე სათნოებაა, ხოლო სათნოება — სულის განსაზღვრული მდგომარეობა — სხეულია.
 
რაც გინდ მწვავედ წარმოაჩინონ სტოიკოსებმა მატერიალიზმი და რაც გინდ პირდაპირ მიჰყვნენ მას, ისინი მაინც შორს არიან ბუნებაზე მექანიკური შეხედულებისგან, რომელსაც ჩვენ მკაცრი მატერიალიზმის გარდაუვალ შედეგად მივიჩნევთ. სტოიკოსთა შეხედულება დინამიურია: ძალის ცნება მატერიაზე მაღლა დგას. სტოიკოსების სწავლებით მხოლოდ სხეულებრივია რეალური. ხოლო რეალურის განმასხვავებელი ნიშანი მოქმედებისა და ვნების უნარში მდგომარეობს. მაგრამ ეს უნარი მატერიას მხოლოდ იმ დაშვებით შეიძლება მიეწეროს, რომ მას გარკვეული ძალები ახასიათებს, რომლებიც მას განსაზღვრულ თვისებებს ანიჭებენ. ყოველი თვისება მათი წარმოქმნელი პნევმის განფენილობას გულისხმობს. ამგვარად, სხეულებრივის ცნების შინაარსში შემავალი ორი პრინციპი — მოქმედი და ვნებითი — ძალასა და მატერიას შეესაბამება.
 
მაგრამ იმისთვის, რათა სამყაროს, როგორც მტკიცედ ჩაკეტილი ერთიანობის, როგორც ჰარმონიული მთელის, წარმოდგენა შენარჩუნდეს, სტოიკოსები ერთ წამსაც არ უშვებენ მხედველობიდან პირველსაწყისის, უმაღლესი მოქმედი პირველმიზეზის ერთიანობას. ეს პირველმიზეზი, სტოიკოსთა ძირითადი ცნების შესაბამისად, სხეულებრივია. სითბო, ცეცხლი — აი, რა არის პირველადი ძალა, რადგან ის განაპირობებს სიცოცხლესა და მოძრაობას, კვებასა და ზრდას. ეს ძალა ამავე დროს სამყაროს სულიც უნდა იყოს, როგორც უმაღლესი გონება, როგორც სათნო, კაცთმოყვარე არსება, როგორც ღვთაება. "უკვე ღმერთების რწმენის საყოველთაობა, — ამბობენ სტოიკოსები, — და მათი ყველგან პატივისცემა უდავოდ ამტკიცებს უმაღლესი გონების, ანუ ღვთაების, არსებობას". ზუსტმა გამოკვლევამ შეიძლება მხოლოდ დაადასტუროს ეს, რადგან მატერია თვითონ ვერ იმოძრავებს და ვერც ჩამოყალიბდება; მხოლოდ მის გამჭოლ ძალას, რომელიც მასში ისევე აღწევს, როგორც სული აღწევს ჩვენში, შეეძლო ამ ყოველივეს შექმნა. სამყარო ვერ იქნებოდა უკეთესი და უსრულყოფილესი, რომ არ ყოფილიყო მასში გონება.
 
სამყაროს შემქმნელი ამ ძალის, ანუ ღვთაების ადგილსამყოფელს ზოგი ცაზე მიიჩნევდა, ზოგი — სამყაროს ცენტრში, ზოგი კი, ბოლოს და ბოლოს, ღვთაებას მზეში ხედავდა. სტოიკოსთა მსჯელობებში ღვთაების შესახებ პირველ ადგილზე ხან ნივთიერი მხარე გამოდის, ხან სულიერი. ღვთაება განისაზღვრება, როგორც ცეცხლი, როგორც ეთერი, როგორც ჰაერი, ყველაზე ხშირად კი — როგორც სუნთქვა, ანუ პნევმა, რომელიც ყოველ საგანს გამონაკლისის გარეშე აღწევს, როგორც უმაღლესი გონება და საყოველთაო კანონი.
 
ესა და სხვა გამონათქვამები ერთიანდება, ანუ თანხმდება ღვთაების ცეცხლოვან გონებად, მატერიაში არსებულ სულად, გონივრულ სუნთქვად და მსგავს სახელწოდებებში. შემდგომ, ღვთაების სულიერი და მატერიალური განსაზღვრების საპირისპირობა მოჩვენებითი აღმოჩნდება: ღვთაება, რაკი "რეალური", ნამდვილი არსებაა, აუცილებლად განსაზღვრული სხეული უნდა იყოს (რომელშიც სტოიკოსები ყოველგვარ რეალობას გულისხმობენ).
 
ღვთაებასა და პირველად მატერიას შორის არავითარი რეალური განსხვავება არ არსებობს, პირიქით — ეს ერთი და იგივე არსებაა. მოქმედ პირველმიზეზსა და ნივთიერებას, ღვთაებასა და მატერიას შორის საპირისპირობა სულაც არ არის პირველადი და საბოლოო. სტოიკოსთა მოძღვრებით, მატერიის ყოველი ცალკეული სახეობა და ფორმა ღვთაებიდან, ანუ პირველცეცხლიდან, მხოლოდ დროის განმავლობაში ვითარდება, მაგრამ მსოფლიო პერიოდის დასასრულს ყოველივე მათგანი კვლავ მასში ბრუნდება. აქედან ნათლად გამომდინარეობს, რომ სტოიკოსები ღმერთსა და სამყაროს შორის არავითარ არსებით განსხვავებას არ ცნობენ, და მათი სისტემა მკაცრად პანთეისტურია.
 
საყოველთაო გონებას, როგორც სამყაროს შემქმნელ ძალას, λόγος σπερματικός-ს ეწოდება. ეს სახელწოდება, სამყაროს შექმნისა და მისი შემდგომი არსებობისას მიუთითებს გონების მიმართებაზე მსოფლიო მთელთან; შიდა აუცილებლობითა და კანონზომიერებით არა მხოლოდ თვით სამყაროს წარმოიშობა პირველცეცხლიდან, როგორც მცენარე თესლიდან, არამედ სამყაროს აწმყო წესრიგშიც ყოველი ჩამოყალიბება და ფორმა, ყოველი სიცოცხლე და გონება იქიდანვე მომდინარეობს. ყოველი არსება, ყოველი საგანი სამყაროში თავის გამოჩენამდე მსოფლიო გონებაში ცნებებად იაზრებოდა და ღვთაების განვითარების განსაზღვრულ მიზნებად მოისურვებოდა.
 
მსოფლიო გონების ყოველი ამ ჩანაფიქრს და იდეას, როგორც სამყაროს ერთგვარი ჩანასახებს, რომელიც დროში აუცილებლად უნდა განხორციელდეს, λόγοι σπερματικοί ეწოდება. ადამიანის შესახებ მოძღვრებაში λόγοι σπερματικοί — სულის შემოქმედებით პოტენციას ნიშნავს, როგორც სულის იმ ნაწილს (ἡγεμονικόν), რომელიც ისევე უნდა გავიაზროთ ადამიანის სულთან მიმართებაში, როგორც ზემოთ ხსენებული λόγοι σπερμ-ი — მსოფლიო სულთან, ანუ λόγος σπερμ-თან (3).
 
________________
   
3. "აპოკ". რედ. შენიშვნა: λόγος σπερματικός (ლოგოს სპერმატიკოს) სიტყვასიტყვით ნიშნავს "თესლოვან გონებას" ანუ "მთესველ სიტყვას":
 
     
  • λόγος — გონება, სიტყვა, საწყისი,      კანონზომიერება;
  •  
  • σπερματικός — თესლოვანი, მთესველი,      ნაყოფისმომცემი (σπέρμα — თესლი).
 
სტოიკურ ფილოსოფიაში ეს ტერმინი აღნიშნავს სამყაროშემქმნელ გონებას, რომელიც, როგორც თესლი შეიცავს მთელი მცენარის ძალასა და ფორმას, ისე თვითონ შეიცავს ყოველი არსებულის ჩანასახს. იგი არის ღვთაებრივი ცეცხლი — აქტიური, შემოქმედებითი საწყისი, რომელიც მატერიაში აღწევს და მას აფორმებს.
 
მრავლობითში — λόγοι σπερματικοί (ლოგოი სპერმატიკოი) — არის ამ ერთიანი გონების ცალკეული "თესლები", ანუ ყოველი კონკრეტული არსების, ფორმისა და მოვლენის წინასწარი ჩანაფიქრი მსოფლიო გონებაში.
 
ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში ეს ცნება შემდგომში ათვისებულ იქნა წმიდა მამების მიერ (იუსტინე ფილოსოფოსი, კლემენტი ალექსანდრიელი), რომლებმაც იგი იოანეს სახარების ლოგოსთან (იოან. 1:1) დააკავშირეს.
 
________________
 
 
 
ადამიანის შესახებ მოძღვრებას სტოიკოსები, როგორც ჩანს, განსაკუთრებული ინტერესითა და სრული თანმიმდევრულობით ამუშავებენ. აქ ნათლად ვლინდება სტოიკური სისტემის მთავარი დებულებანი: მატერიალიზმი — ანთროპოლოგიაში, პანთეიზმი — ადამიანის ყოველი მოქმედების ღვთაებამდე აყვანაში და მონიზმი — სულიერი ცხოვრების გაგებაში.
 
ადამიანის სული რომ ნივთიერია — ნათლად გამომდინარეობს სტოიკოსებისთვის მათი მატერიალიზმის საერთო წანამძღვრებიდან. მაგრამ ისინი სულის მატერიალურობას განსაკუთრებული ანთროპოლოგიური დებულებებითაც ამტკიცებენ. მათი თქმით: "რაც სხეულთან ურთიერთქმედებაში იმყოფება, რაც ეხება მას და მისგან განცალკევდება — ის სხეულია. მაშასადამე, როგორ შეიძლება სული ბუნებით არასხეულებრივი იყოს?" ის, რაც სივრცის სამი მიმართულებით მოძრაობს — სხეულებრივია. მაგრამ სული სწორედ ამ სამი მიმართულებით მოძრაობს მთელ სხეულში.
 
შემდგომ ვამჩნევთ, რომ ჩვენი სხეული თავის მოძრაობას სიცოცხლის სისავსეს (ანუ ყოველი ფუნქციის გამართულ მოქმედებას) უმადლის, რომ სიცოცხლე ჩვენში სუნთქვით ნარჩუნდება, ხოლო მის გარეშე წყდება; აგრეთვე გამოცდილება გვასწავლის, რომ სულიერი ძალები ფიზიკურ საფუძველზე იზრდებიან და შემოქმედებითი ხდებიან, მაშასადამე, უნდა არსებობდეს სხეულებრივი სუბსტრატი, რომელშიც ისინი თავმოყრილი იქნებოდა. აქედან, სტოიკური მოძღვრებით, მსოფლიო სული სხვა არაფერია, თუ არა ცეცხლოვანი სუნთქვა; ასევე ადამიანის სულიც ცეცხლად, სუნთქვად, ან უფრო ზუსტად, თბილ სუნთქვად უნდა იაზრებოდეს, რომელიც მსგავსადვე უნდა ვრცელდებოდეს სხეულში და მას ერთიანობას, მთლიანობას ანიჭებდეს, როგორც მსოფლიო სული ვრცელდება სამყაროში და მოიცავს მას. ცალკეული სული მსოფლიო სულთან ისეთივე მიმართებაშია, როგორც ნაწილი მთელთან.
 
ადამიანის სული არა მხოლოდ, ყოველ სხვა სასიცოცხლო ძალასავით, საერთო სასიცოცხლო ძალის ნაწილი და გამოჟონვაა, არამედ იგი, თავისი გონიერების წყალობით, განსაკუთრებულ ნათესაობრივ მიმართებაში დგას ღვთაებრივ არსებასთან, რომელიც (ნათესაობა) მით უფრო ძლიერად ვლინდება, რაც უფრო მეტად ვაძლევთ ჩვენში გონივრულ ღვთაებრივ საწყისს ბატონობის საშუალებას. მაგრამ მაინც, ჩვენი სული ვერ გათავისუფლდება ყოველი არსების კანონისგან, საერთო აუცილებლობისგან, ანუ დამოკიდებულებისგან, და ეს — მოტყუებაა, თუ ჩვეულებრივი წარმოდგენა სულს თავისუფლებას, ერთგვარ პირველმიზეზობრიობას, მსოფლიო დინებისგან დამოუკიდებლობას მიაწერს. არა, სამყაროში εἱμαρμένη ბატონობს — ბედისწერა, ანუ ყოველივე სამყაროში ბუნებრივი და გარდაუვალი მიზეზთა და შედეგთა კავშირის ძალით ხდება, როგორც ამას მთელის ბუნება და კანონი მოითხოვს; და ადამიანის სული ამ კანონს არ არის გამოცლილი, არამედ საერთო მსოფლიო პროცესს განეკუთვნება. ადამიანის ნება, ასე ვთქვათ, ბუნებრივ მიზეზთა განუწყვეტელ ჯაჭვშია ჩაქსოვილი. მთელი განსხვავება იმაშია, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიცოდეთ ან არ ვიცოდეთ ის საფუძვლები, რომლებიც ჩვენს ნებას განსაზღვრავს, და მთელი ჩვენი თავისუფლება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი ნება არა გარედან, არამედ შიგა მდგომარეობათა ზემოქმედებით, თავისივე ბუნების გავლით განისაზღვრება. ნებისმიერ შემთხვევაში ამ თვითგანსაზღვრას მაღალი მნიშვნელობა ენიჭება: არა მხოლოდ ჩვენი მოქმედებანი მისგან მომდინარეობს და ამიტომ გარკვეულწილად შეიძლება ჩვენსად მიეწეროს, როგორც ჩვენი, არამედ ჩვენი მსჯელობანიც, როგორც სტოიკოსებს მიაჩნდათ, ჩვენს ხელშია.
 
თუმცა, ჩვენი რწმენები და ჩვენი მოქმედებანი, რაკი ჩვენს ხელშია, ამავე დროს ჩვენი ნების ბუნებრივ-აუცილებელი ნაყოფია. — როგორც ჩვენი სული საკუთრივ ვერ განავითარებს მთელისგან დამოუკიდებელ მოქმედებას, ისე ვერ აიცილებს მთელის ბედისწერასაც. იგი აგრეთვე მსოფლიო პროცესის დასასრულს პირველმატერიაში უნდა გადაიქცეს, რაც იგივეა, — ღვთაებას დაუბრუნდეს, როგორც ყოველივე სამყაროში. სტოიკოსები მხოლოდ იმაში არ ეთანხმებოდნენ ერთმანეთს, ყველა სული იარსებებს თუ არა მსოფლიო პროცესის დასასრულამდე — დადებითად პასუხობდა კლეანთე — თუ მხოლოდ ბრძენთა სულები, როგორც ქრისიპე ამტკიცებდა. მაშასადამე, სტოიკოსები, რაკი სულის სიცოცხლეს სხეულის სიკვდილის შემდეგ შესაძლებლად მიიჩნევდნენ, გარკვეული გაგებით საიქიო ცხოვრების გაგრძელებას აღიარებდნენ. პრაქტიკული თვალსაზრისით შეიძლებოდა ეგონათ, რომ ისინი უკვდავებას ასწავლიდნენ. ასეც მოხდა, მაგალითად, რომაელი სტოიკოსების მიმდევრებში. თავიანთი დროის ატმოსფეროს გავლენით, სულის მოჩვენებითი უკვდავების ეს იდეა განსაკუთრებით რომაელმა სტოიკოსმა სენეკამ განავითარა.
 
05. სტოიკოსთა სისტემის უმთავრეს ნაწილს ეთიკა შეადგენს. სტოიკოსები ეთიკის საერთო ნაწილში სამ მნიშვნელოვან პრობლემას წყვეტენ, კერძოდ: უმაღლესი სიკეთის, სათნოებისა და ბრძენის შესახებ. ყოველი არსების ცხოვრების საყოველთაო ძირითადი სტიმული თვითშენარჩუნება და ეგოიზმი, ანუ თვითსიყვარულია. ყოველი არსებისთვის მხოლოდ იმას აქვს ფასი (ἀξία), რაც მის ბუნებას შეესაბამება. ამიტომ უმაღლესი სიკეთე და უმაღლესი მიზანი, ანუ ნეტარება, ბუნების შესაბამის ცხოვრებაში მდგომარეობს. ბუნების შესაბამისი კი თითოეულისთვის მხოლოდ ის შეიძლება იყოს, რაც მსოფლიო მთელის სვლასა და კანონს, ანუ საყოველთაო მსოფლიო გონებას, ეთანხმება.
 
შეიძლება ითქვას, რომ თითოეულის სიცოცხლე იმდენად უახლოვდება თავის მიზანს — ნეტარებას, ან შორდება მას, რამდენადაც ეთანხმება ან ეწინააღმდეგება იგი საყოველთაო მსოფლიო დინების კანონსა და ადამიანის გონივრულ ბუნებას. გონივრული ცხოვრება კი სათნოებრივი ცხოვრებაა. მაგრამ რაკი გონივრული ცხოვრება ამავე დროს სიკეთეცაა და ბედნიერებაც, მაშასადამე, სტოიკოსთა შეხედულებით, სიკეთე და სათნოება თანასწორდებიან.
 
ამიტომ სტოიკოსთა ზნეობრივი პრინციპი ორ სიტყვით შეიძლება გამოითქვას: მხოლოდ სათნოებაა სიკეთე, ანუ ბედნიერება მთლიანად სათნოებაში მდგომარეობს; როგორც სათნოების გარეშე სიკეთე არ არსებობს, ისე მის შინაარსში, ასე ვთქვათ, მის შიგნით და მასში შეუძლებელია ბოროტება იყოს (4). სიკეთეს აბსოლუტური ხასიათი აქვს. სიკეთის სხვადასხვა ხარისხი არ შეიძლება არსებობდეს. მისი განსხვავება არა-სიკეთისგან არა ხარისხში, არამედ სახეობაშია. რაც თავისთავად სიკეთე არ არის — არც იქნება იგი არანაირ ვითარებაში და არანაირი ხარისხით.
 
________________
 
4. სოკრატეს გამონათქვამის შესაბამისად, სტოიკოსები სათნოებას ერთადერთ სასარგებლო საქმედ მიიჩნევდნენ; სათნოების გარდა სარგებელი არ არსებობს: მაშასადამე, სათნოება ემთხვევა სიკეთესა და სარგებელს, გონებისა და მოვალეობათა შესაბამის მოქმედებას.
 
________________
   
იგივე ძალა აქვს ბოროტებასაც. როგორც სიკეთე აბსოლუტურია, ისევე აბსოლუტურია ბოროტებაც, როგორც უვარგისობა (κακία). ყოველი სხვა საგანი, პირიქით, გულგრილია (ἀδιάφορα): ისინი არც სიკეთეს განეკუთვნებიან, არც ბოროტებას. არც ჯანმრთელობა, არც სიმდიდრე, არც პატივი, არც სიცოცხლე — არ არის სიკეთე. ზუსტად ისევე საპირისპირო მდგომარეობანი — სიღარიბე, უბედურება, ავადმყოფობა, სიკვდილი — არ არის ბოროტება; მაგრამ ისინი შეიძლება იყოს მასალა ან სიკეთისთვის, ან ბოროტებისთვის. — სათნოების უპირობო ფასს, როგორც სიკეთეს, ზიანი ადგება, თუკი რაიმე დაიშვება გარე ადამიანისა, როგორც სიკეთე, ან მისი ცხოვრების მიზანი. მაგალითად, ვისაც ტახტზე აჰყავს (ეპიკურესთან ერთად) სიამოვნება, ის სათნოებას მონად აქცევს. სიამოვნება ვერასოდეს იქნება ჩვენი მისწრაფებების მიზანი, რადგან სათნოებაში ჭეშმარიტი სიამოვნების განუყოფელი პირობა ძევს. ზნეობრივ ქცევას ხომ ყოველთვის თან ახლავს გარკვეული კმაყოფილება, შეუძრავი სიცხადე და სულის სიმშვიდე.
 
ამიტომ, შეიძლება ითქვას, მხოლოდ ბრძენი განიცდის ჭეშმარიტ და ხანგრძლივ სიხარულს. მაგრამ ეს კმაყოფილი მდგომარეობა მიზანი კი არა, მხოლოდ სათნოებრივი მოქმედების შედეგია. სიამოვნება და სათნოება ბუნებითა და არსებით განსხვავდებიან: სიამოვნება შეიძლება არაზნეობრივი იყოს, ზნეობრივ საქციელს შეიძლება სიმძიმე და მწუხარება ახლდეს; სიამოვნებას უზნეონიც განიცდიან, სათნოება მხოლოდ კეთილთ ახასიათებთ; სათნოება აღმატებულია, მუდმივი და განუქარვებელია, ხოლო სიამოვნება — დაბალი, არამდგრადი და წარმავალია.
 
ისეთი რიგორისტი სტოიკოსები, როგორიც კლეანთე იყო, სიამოვნებას ადამიანის ბუნების საწინააღმდეგოდაც კი მიიჩნევდნენ. სათნოებას არავითარი გარეშე დამატება არ სჭირდება, არამედ თვითონვე შეიცავს ბედნიერების ყოველ პირობას: როგორც ბოროტების, დანაშაულის სასჯელი, ისე კეთილი საქციელის ჯილდო უშუალოდ მის შიდა თვისებებში ძევს, იმაში, რომ ეს ბუნების საწინააღმდეგოა, ეს კი მისი შესაბამისია; და იმდენად უპირობოა ეს სათნოების ავთარკია (თვითკმარობა), რომ ბედნიერება, რომელსაც ის იძლევა, მის გარეთ ვერ გაიზრდება, მაგალითად, თვით ბედნიერების ხანგრძლივობით. კეთილი ადამიანის ბედნიერება — და ამაშია სტოიციზმის განმასხვავებელი ნიშანი — გაცილებით უფრო უარყოფითი ხასიათისაა, ვიდრე დადებითის, ანუ ის უფრო სულის სიმშვიდეში (მის უშფოთველობაში), გარეშეებისგან დამოუკიდებლობაში მდგომარეობს, ვიდრე სიამოვნებაში. "თავისუფალი იყო ღელვისგან, — ამბობს სენეკა, — ბრძენის დიდი უპირატესობაა; ეს ფილოსოფიის ნიჭია, თუ ჩვენ უშიშრად ვცხოვრობთ, თუ ჩვენ ცხოვრების ბოროტებას ვამარცხებთ". ზნეობრივი მიზნის უარყოფითი გაგება უეჭველად გამომდინარეობს როგორც სტოიკური ეთიკის საერთო ხასიათიდან, ისე მათი მოძღვრებიდან ბრძენის აპათიის შესახებ.
 
როგორც გონიერი არსება, რომელიც სიკეთისკენ ისწრაფვის, ადამიანი საყოველთაო სამყაროს წესრიგს, მსოფლიო კანონს ემორჩილება, რომელსაც იგი ითვისებს და თავისი ბუნების კანონად განიხილავს. სამართლებრივი და ზნეობრივი კანონი ამავე დროს მცნებაცაა, და ყოველი გონიერი არსებისთვის სავალდებულოა. მაგრამ ადამიანი მხოლოდ გონიერი არსება არ არის; მას გონივრულ მისწრაფებებთან ერთად არაგონივრული მისწრაფებანიც აქვს; ის სათნოა არა თვით ბუნებით, არამედ მხოლოდ აფექტებზე გამარჯვების გზით ხდება ასეთი.
 
აფექტი, ანუ ვნება, არის სულის მისწრაფება გონებისა და ბუნების საწინააღმდეგოდ, მოძრაობა, რომელიც კანონიერ ზღვარს სცილდება. ყოველი აფექტი მსჯელობის შეცდომიდან, სიკეთისა და ბოროტების შესახებ მცდარი აზრიდან წარმოიშობა. მაგალითად, სიხარბე სხვა არაფერია, თუ არა მცდარი აზრი ფულის მნიშვნელობაზე, შიში — ეს არის ცდომილება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, ხოლო მწუხარება — აწმყო საფრთხეს უკავშირდება. ამიტომ სათნოება უშუალოდ უარყოფითად განისაზღვრება, როგორც აფექტებისგან თავისუფლება, როგორც აპათია.
 
სათნოების დადებითი მხარე მდგომარეობს — რამდენადაც მის შინაარსს ვგულისხმობთ — ბუნების საყოველთაო კანონისადმი დამორჩილებაში და — რამდენადაც მის ფორმას ვითვალისწინებთ — კანონშესაბამის თვითგანსაზღვრაში. სათნოება გამონაკლისის გარეშე გონების საქმეა, ის სხვა არაფერია, თუ არა სწორად განწყობილი გონება. უფრო ზუსტად, სათნოება ორ ელემენტს შეიცავს: თეორიულსა და პრაქტიკულს. ყოველი გონივრული მოქმედების ფესვი და პირობა, სტოიკოსთა შეხედულებით, რომლებიც ამ საკითხში სოკრატეს დებულებასა და კინიკურ-მეგარულ მოძღვრებას უერთდებიან, — სწორი ცოდნაა; ბუნებრივი, ანუ მარტივი ვარჯიშით მოპოვებული სათნოება, ცხადია, მათ მიერ უარყოფილია; სათნოება სოკრატესებურად განისაზღვრება — ზოგადად, როგორც მეცნიერება, არა-სათნოება კი — როგორც უცოდინრობა. თუმცა სტოიკოსები ცოდნაზე, როგორც ასეთზე, არ ჩერდებიან.
 
ისინი ცოდნაში მხოლოდ გონივრული მოქმედების საშუალებას ხედავენ. თუ სათნოებას შეიძლება ცოდნა ეწოდოს, ის ამავე დროს განისაზღვრება, როგორც სულის ჯანმრთელობა და სიმტკიცე. თეორიული ელემენტი მოთხოვნით შემოიფარგლება, რომ ადამიანმა არასოდეს დაივიწყოს საერთო სიკეთე და ყოველთვის მისთვის იშრომოს. მაშასადამე, სათნოება წარმოადგენს თეორიულისა და პრაქტიკულის ისეთ კავშირს, რომელშიც მოქმედება გადამწყვეტად სამეცნიერო შემეცნებას ეფუძნება და ეს უკანასკნელი ზნეობრივ საქციელსა და მოქმედებებში პოულობს თავის მიზანს. სხვა სიტყვებით, სათნოება არის (სასიცოცხლო-პრაქტიკული) ნების აქტი, რომელიც გონივრულ ცოდნას ეფუძნება.
 
ყოველი სათნოების საერთო ფესვად ზენონი განჭვრეტულობას (φρόνησις) მიიჩნევს, კლეანთე — სულის ძალას, არისტონი — ჯანმრთელობას. მოგვიანებით, ქრისიპეს დროიდან მოყოლებული, მას ცოდნაში, ანუ სიბრძნეში, როგორც სრულყოფილ ცოდნაში, ეძებდნენ, რომელშიც ღვთაებრივისა და კაცობრივის მეცნიერებას გულისხმობდნენ. ამ საერთო წყაროდან მრავალი სათნოება მომდინარეობს, რომლებიც, პლატონის მაგალითის მიხედვით, ოთხ მთავარში ერთიანდება: გონივრულობაში, სიმამაცეში, სამართლიანობასა და თვითმფლობელობაში. გონივრულობა არის ცოდნა კეთილისა და ბოროტის შესახებ, და იმისა, რაც არც კეთილია, არც ბოროტი, ანუ — გულგრილის შესახებ. სიმამაცე არის ცოდნა იმისა, რაც უნდა აირჩიო და რასაც უნდა მოერიდო, და იმისა, რაც არც ასარჩევია და არც მოსარიდებელი; ან, თუ ცოდნის ნაცვლად მის შესაბამის ქცევას დავსვამთ — სიმამაცე არის უშიშარი დამორჩილება გონების კანონისადმი, ის არის მუდმივობა და მოთმინება.
 
სამართლიანობა არის ცოდნა იმისა, რომ ყოველს მიაგო ის, რასაც იმსახურებს. როგორც ზემოთ ვაჩვენეთ, სიკეთისა და ბოროტების სტოიკოსთა მიერ მოცემული განსაზღვრებიდან გამომდინარეობს, რომ ადამიანურ ინდივიდუალობათა, ანუ პიროვნებათა შორის მხოლოდ და მხოლოდ ზნეობრივი განსხვავება, სათნოებათა და ბოროტებათა ურთიერთდაპირისპირებაა შესაძლებელი; მაგრამ თითოეული ამ კლასის შიგნით უკვე არავითარი (ხარისხობრივი) განსხვავება არ არსებობს. ვინც სათნოებას ფლობს, მას მხოლოდ მთლიანად, სრულად შეიძლება ფლობდეს; ვისაც იგი არ აქვს, აბსოლუტურად არ აქვს. ამიტომ სტოიკოსები ყოველ ადამიანს ორ კლასად ყოფენ: ბრძენებად და უგუნურებად. მათ შორის არაფერია საერთო: ბრძენი სრულიად თავისუფალია უგუნურებისგან, პირიქით, უგუნურს გონივრულობა სულაც არ ახასიათებს; ბრძენი მდიდარია და ბედნიერი, რადგან სულიერი სიკეთეები ყველაფერზე ძვირფასია; მხოლოდ ბრძენს შეუძლია დამორჩილება, მაგრამ მხოლოდ მასვე ძალუძს ბატონობაც; მხოლოდ ბრძენია მადლიერების, სიყვარულისა და მეგობრობის უნარიანი, — არაბრძენი, პირიქით, გადაჭრით უგუნური და უბედურია, და არსებითად არანორმალური, შეშლილი ადამიანია. ბრძენის ამ გამოსახულებაში სტოიციზმის ზნეობრივი იდეალიზმი თავის მწვერვალს აღწევს.
 
კეთილი ნება იმდენად განცალკევებულია ცხოვრების გარეგანი გრძნობადი პირობებისგან, იმდენად თავისუფლდება ბუნებრივი ცხოვრების ყოველი საზღვრისგან, ინდივიდი იმდენად პირდაპირი ორგანოა საყოველთაო კანონისა, რომ უნებლიედ ჩნდება კითხვა — შეუძლია თუ არა სტოიკოსთა იდეალურ ბრძენს ცოცხალ ადამიანებს შორის ყველაზე ცოცხალი ადამიანი იყოს? ასეთ ბრძენებს, თავიანთი თავისა და მათი ნათესავი ფილოსოფოსების გარდა, სტოიკოსები ძალიან ცოტას პოულობდნენ. სტოიკური საზომით, თითქმის მთელი კაცობრიობა არაბრძენთა კლასს უნდა მიეკუთვნოს; და თუ შემდგომ ყოველი არაბრძენი — გადაჭრით ბოროტია: მაშინ კაცობრიობაში მხოლოდ სიბინძურისა და მანკიერების ზღვა უნდა ვიხილოთ, და მხოლოდ მცირედ მცურავნი (ბრძენნი) ამოყვინთავენ აქ თუ იქ. ადამიანი თავის ცხოვრებას, როგორც კლეანთე უკვე ჩიოდა, მანკიერებებში ატარებს; მცირედნი ძლივსღა თუ აღწევენ სათნოებას ცხოვრების დასასრულს. ჩვენი წინაპრები ზნეობის დაცემაზე ჩიოდნენ, ჩვენც ვჩივით ამაზე, და ჩვენი შთამომავალნიც ამავეზე იჩივლებენ. იცვლება ბოროტების ფორმები, მისი ძალა კი ყოველთვის რჩება. ყველა მანკიერია, და ვისაც არანაირი ბოროტება არ ჩაუდენია, ის მაინც შეძლებდა ამის ჩადენას.
 
კაცობრიობის ზნეობრივი მდგომარეობის ასეთი პირქუში შეფასება სრულიად გასაგებია. ფილოსოფია, რომელიც გაბატონებული ცნებებით ასე მწვავედ უპირისპირებდა თავის ზნეობრივ იდეალს, ერთი მხრივ, არსებული მდგომარეობის გადამწყვეტი დაგმობიდან უნდა გამოსულიყო, ხოლო მეორე მხრივ, მხოლოდ ასეთ დაგმობამდე უნდა მისულიყო.
 
პრაქტიკული, ანუ გამოყენებითი ზნეობის საკითხებიდან უპირველეს ყოვლისა ის ამოცანებია განსახილველი, რომლებიც ცალკეული ინდივიდის, როგორც ასეთის, ზნეობრივ მოქმედებას ეხება, და განვასხვავოთ ისინი მოვალეობათაგან, რომლებიც ზოგადსაკაცობრიო ცხოვრებას განეკუთვნება, ხოლო შემდგომ დასკვნაში უნდა განვმარტოთ სკოლის ძირითადი დებულებანი საერთო მსოფლიო დინებასთან და საერთო აუცილებლობასთან ადამიანის მიმართების შესახებ.
 
სტოიკური სისტემის მთელი მიმართულება მეტ ყურადღებას უთმობს ცალკეულ ადამიანს, ვიდრე ადრინდელი ფილოსოფია. ბერძენთა სახელმწიფოებრივი ცხოვრების დაცემასთან ერთად საზოგადოებრივი ინტერესიც უნდა დაცემულიყო, და იმავე ხარისხით ცალკეული პიროვნება და მისი მოქმედება კერძო ცხოვრებაში წინა პლანზე უნდა გამოსულიყო. მართალია, არისტოტელე უკვე შედის ადამიანის მოვალეობათა განხილვაში; მაგრამ მისთვის კლასიკური საბერძნეთის იდეალები ჯერ კიდევ იმდენად მაღალი იყო, რომ იგი ეთიკას პოლიტიკის წინ ვერ დააყენებდა. მხოლოდ არისტოტელეს შემდგომ პერიოდში იცვლება დამოკიდებულებანი, და ეთიკა წინა პლანზე გამოდის. სტოიკოსებთან ამას მათი სისტემის საერთო სული ითხოვდა.
 
თუ ადამიანის ბედნიერება მხოლოდ მის შიდა მდგომარეობით განისაზღვრებოდა, და არაფერ გარეგანს არ შეეძლო მასზე ზემოქმედება, მაშინ მეცნიერება, რომელიც ბედნიერებამდე მიგვიყვანს, უპირველეს ყოვლისა თვით ადამიანის ზნეობრივ მოქმედებას უნდა ეხებოდეს, ხოლო ადამიანურ საზოგადოებას — მხოლოდ იმდენად, რამდენადაც მის ცხოვრებაში მონაწილეობა ადამიანის მოვალეობაა. თუმცა სტოიკოსები მიზნად არ ისახავდნენ ამოეგლიჯათ ადამიანი სხვებთან ბუნებრივი კავშირიდან.
 
პირიქით, სტოიკოსებს მიაჩნდათ, რომ რაც უფრო სრულად აღესრულება ადამიანში ზნეობრივი განთავისუფლების საქმე, მით უფრო მტკიცედ მოქმედებს სხვებთან თანაზიარობისკენ მისწრაფებაც. ყოველი ინდივიდის ზნეობრივ თავისუფლებასთან ისინი სრულიად ათავსებდნენ მის ურთიერთობას ადამიანებთან და აყენებდნენ მოთხოვნას, რომ ყოველს თავისი განსაკუთრებული მიზნები საზოგადოების საჭიროებებისა და მიზნებისთვის დაექვემდებარებინა. რადგან ადამიანი გონივრულად მხოლოდ მაშინ აზროვნებს და მოქმედებს, როცა მისი პირადი საქმე საერთო კანონს შეესაბამება, რომელიც ერთი და იგივეა ყოველი გონიერი არსებისთვის. — დადებითი, რაც სტოიკურ ფილოსოფიაში პოლიტიკის ადგილზე გამოდის, — კოსმოპოლიტიზმია.
 
არცერთ ადრინდელ სისტემას ასე შეგნებულად არ აღმოუფხვრია ეროვნული თავისებურებანი ან დაპირისპირებულობანი, როგორც სტოიციზმს. ისეთი მაღალი მოაზროვნეებიც კი, როგორიც პლატონი და არისტოტელე იყვნენ, ხელშესახებად გრძნობდნენ ელინობის უპირატესობას ბარბაროსობაზე და ტკბებოდნენ მით. აქაც მხოლოდ კინიკოსები გამოდიან სტოიკოსთა წინამორბედებად. მაგრამ მხოლოდ სტოიკური ფილოსოფიის წყალობით ივსება მსოფლიო მოქალაქეობის აზრი დადებითი შინაარსით და ხდება ნაყოფიერი. მაგრამ აქ, როგორც ყოველთვის, ფილოსოფია დროის ისტორიულ გარემოებებს ასახავდა, კერძოდ — მაკედონელი დამპყრობლის გამარჯვებით სვლას, რომელმაც მყიფე ეროვნებანი თავის მსოფლიო სამეფოში გააერთიანა.
 
კოსმოპოლიტიზმი სტოიციზმის სისტემაში რაიმე გარეშე დანმატი ან შემთხვევითობა როდია, პირიქით, ის მთელ სისტემასთან უმჭიდროეს კავშირში დგას. მართლაც, თუ ადამიანური ურთიერთობა ცალკეულ პირებში გონებათა ერთიან ბუნებას ეფუძნება, მაშინ ჩვენ არავითარი საფუძველი არ გვაქვს ეს ურთიერთობა ერთი ერით შევზღუდოთ, ან ერთთან თავს უფრო ნათესავად ვგრძნობდეთ, ვიდრე მეორესთან: ყოველი ადამიანი — იმის თქმის გარეშე, თუ რას წარმოადგენენ ისინი თავისთავად — ერთმანეთთან თანაბრად ახლოს დგას, რადგან ყოველს ერთი და იგივე გონება თანაეზიარება; ყოველნი ერთი სხეულის ასონი არიან, რადგან ერთი და იგივე ბუნება ქმნის მათ ერთნაირი მატერიისგან საზოგადო დანიშნულებისთვის; ან როგორც ეს მშვენივრად, რელიგიური ფორმით გამოხატა ეპიქტეტემ († დაახლ. 120 წ. ქრ. შ.): ყველანი ძმები არიან, რადგან ყველას ერთნაირად ღმერთი ჰყავთ მამად.
 
სტოიციზმის მოთხოვნათა საბოლოო პუნქტი ცალკეული ადამიანის მიმართ ის დებულებაა, რომ მან, თავისი მოქმედების ზნეობრივ ხასიათზე ზრუნვისას, თავი საერთო მსოფლიო დინების ხელში  უნდა მისცეს. ისტორიული გარემოებებისა და სისტემის საერთო მიმართულების გავლენით — სტოიციზმში ფატალიზმი ვითარდება. ეს იყო დრო, როცა ერების პოლიტიკურ თავისუფლებას დამპყრობელთა მძვინვარება თელავდა, როცა ძალადობა, როგორც ცოცხალი ბედისწერა, ყოველ დამოუკიდებლობას ანადგურებდა. ვინც პირადი კეთილდღეობა უმაღლეს მიზნად დაისახა, მას მხოლოდ საყოველთაო საგნობრივი დინების ფატალისტური აუცილებლობისადმი დამორჩილებაღა დარჩენოდა. და სტოიკოსები თავიანთ საუკუნეს მიჰყვებოდნენ, როცა ეს ფატალიზმი დოგმად აქციეს. მეორე მხრივ, ფატალიზმი შიგა აუცილებლობით გამომდინარეობდა მთელი სტოიკური სისტემიდან: რადგან თუ სამყაროში ყოველი ცალკეული, ერთეული მხოლოდ საყოველთაო მიზეზთა და შედეგთა ჯაჭვის ერთ-ერთი აქტია, მაშინ რაღა გვრჩება ამ აბსოლუტური აუცილებლობის მიმართ, თუ არა უპირობო დამორჩილება. ბედისწერისადმი მორჩილება — მრავალი სტოიკოსი მწერლის საყვარელი თემაა.
 
"სათნო (ადამიანი), — ამბობენ ისინი, — ღვთაებას პატივს სცემს იმით, რომ თავის ნებას საყოველთაო სამყაროს წესრიგს უქვემდებარებს; მოვლენათა საერთო რკინის ჯაჭვში გონიერი არსების უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის თავისუფლად მიჰყვება გარდაუვალ დინებას; მხოლოდ ერთი გზა არსებობს თავისუფლებისა და ბედნიერებისკენ — მხოლოდ ის სურდეს, რაც საგნების ბუნებაში ძევს და რაც ჩვენი ნების გარეშე აღესრულება". — მაგრამ ბედისწერამ შეიძლება ბრძენი ისეთ მდგომარეობაში ჩააყენოს, რომელიც მისთვის აუტანელია. ამ შემთხვევაში ნებადართული იყო სიცოცხლისგან თვითმკვლელობის გზით განთავისუფლება. ეს პუნქტი სტოიკურ ეთიკაში უაღრესად მნიშვნელოვანია. სენეკას მსჯელობით, სიცოცხლიდან ნებაყოფლობითი გასვლის (ანუ თვითმკვლელობის) შესაძლებლობას არსებითად ეფუძნება ბრძენის თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ყოველი გარეშესგან. და ეს დებულება სტოიკოსებთან მხოლოდ სამწუხარო გამონაკლისი არ არის, რომელიც ცხოვრების აუტანელ გარემოებებში დაიშვებოდა, არამედ ზნეობრივი (?) თავისუფლების უმაღლეს დადასტურებას წარმოადგენს.
 
სკოლის განვითარების ისტორიაში მრავალმა უაღრესად მნიშვნელოვანმა სტოიკოსმა — ზენონმა, კლეანთემ, ერატოსთენემ, ანტიპატრემ და მრავალმ სხვამ — თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე. არცერთი ადრინდელი სისტემა ისე მჭიდროდ არ შეზრდია რელიგიას, როგორც სტოიკური. მისი მთელი მსოფლმხედველობა იმ დებულებიდან გამომდინარეობს, რომ ღვთაება ყოველ სასრულ არსებას თვითონ შეიცავს და თვითონვე წარმოშობს. საკუთრივ ისეთი თეოლოგიური განმარტებანი, როგორიცაა ღვთის არსებობის მტკიცება და განგებულების ბატონობა, გამოკვლევა ღვთაების არსისა და სამყაროში მისი მოქმედების სახეობის შესახებ, ასევე ადამიანის თვითშემოქმედების მიმართებაზე ღვთიური სამყაროს წესრიგთან — სტოიციზმის სისტემაში ძალიან ფართო ადგილს იკავებს. სტოიციზმი, ერთი სიტყვით, არა მხოლოდ ფილოსოფიური, არამედ რელიგიური სისტემაცაა. პლატონიზმთან თავისი კავშირის წყალობით, ის განათლებულთათვის გარკვეულწილად რელიგიას ცვლიდა და ზნეობრივ ცხოვრებაში საყრდენს იძლეოდა. როგორც ფილოსოფიური რელიგია, სტოიციზმს სახალხო რელიგიასთან არავითარი შეხება არ ჰქონია.
 
მაგრამ არსებობდა ორი გარემოება, რომელიც სტოიკოსებს სახალხო რელიგიასთან მიახლოებას და მასზე დაყრდნობასაც კი აიძულებდა. უპირველესად, "სისტემისთვის, რომელიც ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ადამიანთა საერთო აზრს ღმერთების რწმენის დასაბუთების საქმეში, — ძალზედ სახიფათო იყო ღმერთების შესახებ გაბატონებული წარმოდგენების მარტივ ცდომილებად გამოცხადება". მეორეც, — და ეს ალბათ უფრო მნიშვნელოვანია, — სტოიკური ფილოსოფიის ეთიკური თვალსაზრისი სახალხო რელიგიის დაცვას უფრო მოითხოვდა, ვიდრე მის რღვევას, რადგან ეს უკანასკნელი ყოველთვის იარაღდებოდა ადამიანური მისწრაფებების ამაოების წინააღმდეგ. სტოიკოსებს შეიძლებოდა იმის შიში ჰქონოდათ, რომ სახალხო ღმერთების რწმენის გაქრობასთან ერთად, აღმოიფხვრებოდა შიში იმ ღვთაებისა და ღვთიური კანონის წინაშე, რომელზეც ისინი თვითონ აფუძნებდნენ ზნეობრივ მოძღვრებას. ისინი, რასაკვირველია, ვერ უარყოფდნენ, რომ სახალხო რწმენაში ძალზე ბევრი რამ, მაგალითად, ღვთისმსახურების გარეგანი ხასიათი, მითიური წარმოდგენები ღმერთებაზე,— მათ ძირითად დებულებებს არ შეესაბამება (5).
 
________________
 
5. ზენონი, მაგალითად, კრძალავდა ტაძართა გამშვენებას. სენეკა ლოცვის სარგებლობას უარყოფდა; ის სისულელედ მიიჩნევდა ღმრთისადმი, ამ ყოვლადკეთილი არსებისადმი შიშს; მას სურდა, რომ ღვთაება არა მსხვერპლშეწირვითა და ცერემონიებით, არამედ ცხოვრების სისუფთავით ყოფილიყო პატივცემული, არა ქვის ტაძრებში, არამედ საკუთარი სულის საწმინდარში. რომ ღვთაებას არავითარი კაცობრივი სახე არ აქვს — სტოიკური სკოლის საყოველთაოდ აღიარებული მოძღვრება იყო, რის გამოც სტოიკოსებს მათი მოწინააღმდეგე ეპიკურელები ღმერთებისადმი სახალხო რწმენის მტრობას აბრალებდნენ.
 
________________
   
და მაინც, სტოიკოსები ამ ყოველივეის აღმოფხვრას მიზნად არ ისახავდნენ. მაგალითად, მათ სწამდათ, რომ მითოლოგიის სასაცილო ფორმის ქვეშაც შეიძლებოდა არსებითად ჭეშმარიტი შინაარსის აღმოჩენა, და ამიტომ ისინი ცდილობდნენ არსებული რწმენის გარკვეულწილ გამართლებასაც. რაკი ერთ ღვთაებად პირველარსებას აღიარებდნენ, ისინი ვერავითარ დაბრკოლებას ვერ ხედავდნენ იმაში, ღვთაებრივი ეწოდებინათ შეზღუდული, გაგებით ყოველი იმისთვის, რასაც ერთი ღვთაებრივი ძალა განსაკუთრებული წესით ავლენს. ერთ უზენაეს ღვთაებასთან ერთად, რომელსაც სტოიკოსები ზევსის სახელით მოიხსენიებდნენ, მათში განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდნენ შემდეგი დაბალი, დაქვემდებარებული ღვთაებანი: ციური მნათობები, რომლებსაც უკვე პლატონისა და არისტოტელეს დროიდან მოყოლებული ღვთაებრივი თაყვანისცემა მიეგებოდა, ჰაერი, წყალი, მიწა, წელიწადის დროები, თვეები და სხვ. სხვა მოწყალე არსებებთან ერთად სტოიკოსები ძველი დროის გმირებსაც მიაგებდნენ პატივს. გმირების თაყვანისცემასთან კავშირშია დემონთა თაყვანისცემაც.
 
დემონი — ეს ადამიანის სულის უკეთესი ნაწილია, მისი გონებაა. ის ხელმძღვანელობს ადამიანს, იცავს ბოროტებისგან, მფარველობს და ნეტარებისკენ მიუძღვის. დემონებისადმი რწმენის ასეთი განმარტებით მათ შესახებ სახალხო წარმოდგენებს უცხო აზრი ედებოდა საფუძვლად. დემონთადმი რწმენის გარდა არსებობდა სხვა რწმენებიც, რაც საერთო იყო (სახელწოდებით) სტოიკოსებისა და ხალხისთვის, რომელთა ფილოსოფიურ განმარტებასაც სტოიკური სკოლა ისახავდა მიზნად.
 
რასაკვირველია, იმისთვის, რომ ფილოსოფიური ცნობიერება ჩვეულებრივთან შეეთანხმებინათ, ისე, რომ პირველს მისთვის მონათესავე იდეები ამ უკანასკნელის სახეებში ეცნო, — სამეცნიერო შუამავლობა იყო საჭირო. ეს შუამავლობა ახლა სტოიკოსებისთვის, როგორც მოგვიანებით ამავე გზაზე იუდეველებისა და ქრისტიანებისთვის, ალეგორიულ განმარტებაში მდგომარეობდა. იმისთვის, რათა ძველ რელიგიასა და ახალ ფილოსოფიას შორის ხიდი გაედოთ, სტოიკოსები ალეგორიას უფართოესად იყენებდნენ, ამასთან სახალხო რწმენების შინაარსს თითქმის შეუცნობლობამდე ამახინჯებდნენ. უკვე ზენონი, ხოლო კიდევ უფრო მეტად კლეანთე, ქრისიპე და მათი მიმდევრები ზრუნავდნენ იმაზე, რომ სახალხო რწმენის ღმერთებში და ამ ღმერთების შესახებ თხრობებში ნატურფილოსოფიური და ზნეობრივი იდეები ეჩვენებინათ. ამასთან, რასაკვირველია, ბევრი თვითნებობა დაიშვებოდა. მაგრამ სტოიკოსები ალეგორიულ განმარტებაში ხედავდნენ ერთადერთ საშუალებას, რათა თავიანთი ერის რწმენა გადაერჩინათ და აღმოეფხვრათ მწვავე საყვედურები გადმოცემებისა და პოეტური ნაწარმოებების გამო, რომლებითაც ბერძნები აკვნიდანვე იკვებებოდნენ.
 
06. სტოიკური ფილოსოფიის საერთო სახე აჩვენებს, რომ თეორიული თვალსაზრისით განსახილველი სისტემა საკმაოდ სუსტია. მისი ამოსავალი პუნქტი — ἄσκησις ἀρετῆς ("ასკესის არეტეს") (6) — სასიცოცხლოდ პრაქტიკულია. ფილოსოფიურ მეცნიერებათა — "ღვთაებრივისა და კაცობრივის" — შესწავლის აუცილებლობის ცნობიერებამდე ეს სისტემა გამოყვანის გზით მიდის. სტოიკური ლოგიკის, ფიზიკისა და ეთიკის თეორიული დებულებანი წინმსწრები ფილოსოფიიდანაა ნასესხები.
 
________________
 
6. "აპოკ". რედ. შენიშვნა: ἄσκησις ἀρετῆς ("ასკესის არეტეს") "სათნოებაში ვარჯიში", ანუ „სათნოების ვარჯიში" / „სათნოებითი მოღვაწეობა".
 
ἄσκησις (ასკესის) — ვარჯიში, წვრთნა, მოღვაწეობა, განსწავლა;
 
ἀρετῆς (არეტეს) — სათნოების (ἀρετή-ს ნათესაობითი ბრუნვა).
 
სტოიკოსებთან ეს ტერმინი აღნიშნავს ფილოსოფიის პრაქტიკულ, სასიცოცხლო დანიშნულებას: ფილოსოფია მხოლოდ თეორიული ცოდნა კი არა, არამედ სათნოებაში მუდმივი ვარჯიში, ყოველდღიური ზნეობრივი მოღვაწეობაა.
 
შენიშვნა: სწორედ ამ სიტყვიდან — ἄσκησις — მომდინარეობს ქრისტიანული ტერმინი „ასკეტიზმი" (მარხვა, ლოცვა, სხეულის დამორჩილება), თუმცა სტოიკოსებთან იგი უფრო ფართო, ზოგად ზნეობრივ ვარჯიშს ნიშნავს.
 
________________
 
მეტაფიზიკური თვალსაზრისით სტოიციზმი წარმოადგენს პლატონურ-არისტოტელური ფილოსოფიის დუალიზმის აღმოფხვრისა და მკაცრად მონისტური მსოფლმხედველობის აღმოფხვრის მცდელობას. მაგრამ ამ მცდელობას ძლივს თუ ჩავთვლით წარმატებულად. თუ მკაცრი მატერიალიზმის თვალსაზრისით უკვე ძალთა შესახებ მოძღვრებაც გაუგებარია, მაშინ მით უმეტეს გაუგებარია სწავლება მსოფლიო გონებისა და ღვთაების შესახებ. მაგრამ განსაკუთრებით უცნაურია მატერიალისტი სტოიკოსების მიმართება რელიგიასა და ღმერთების სახალხო რწმენასთან. საერთოდ, სუფთად ფილოსოფიური აზრის თვალსაზრისით, სტოიციზმი წარმოადგენს ლოგიკური თვალსაზრისით არაჰარმონიულ, გაუაზრებელ, ადგილ-ადგილ წინააღმდეგობრივ სისტემას. — მაგრამ სტოიციზმის ნაკლოვანებანი, როგორც ფილოსოფიისა, — ლოგიკური აზრის სისუსტე, მისი სასიცოცხლო-პრაქტიკული მიმართულება, ვრცელი მსჯელობანი რელიგიურ და წმინდა ღვთისმეტყველურ საგნებზე, — ძალზე დამახასიათებელია იმ ეპოქისთვის, როდესაც სტოიციზმი ჩამოყალიბდა, ანუ ელინისტური პერიოდისთვის.


ეპიკურელობა
 
01. ეპიკურელთა სკოლის დამაარსებელი იყო ეპიკურე, რომელიც ძვ. წ. IV საუკუნის ორმოციან წლებში დაიბადა. არც ერთი სხვა სკოლა ისე ნაკლებად არ ზრუნავდა თავისი მოძღვრების ფილოსოფიურ დასაბუთებაზე, როგორც ეპიკურელთა სკოლა. თვით ეპიკურეს მოძღვრება დოგმატური ხასიათით გამოირჩეოდა. მას საჭიროდ არ მიაჩნდა რაიმე მტკიცებულების მოყვანა ან თუნდაც მხოლოდ განმარტება, რადგან მისი მოძღვრების უპირატესობა მისთვის თავისთავად ცხადი იყო. მისი მოწაფეები, რომლებიც მისი მოძღვრების ძირითად დებულებებს ზეპირად სწავლობდნენ, ყველაფერში მას მისდევდნენ და ერიდებოდნენ უმნიშვნელო ცვლილებებსა თუ რაიმე სიახლეების შემოტანას. ამის გამო შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ეპიკურელთა სკოლის გადმოცემებში უფრო მეტად თავად დამაარსებლის მოძღვრებასთან გვაქვს საქმე, ვიდრე სხვა სკოლებში.
 
თუკი უკვე სტოიკოსებთან, ფილოსოფიის ამოცანის განსაზღვრისას, თეორიული ინტერესი პრაქტიკულ ინტერესს ემორჩილება, ეპიკურესთან მეცნიერული მისწრაფებების უგულებელყოფა შეინიშნება. ფილოსოფიის მიზნად ადამიანის ბედნიერება მიიჩნევა, ხოლო ფილოსოფია სხვა არაფერია, თუ არა საქმიანობა, რომელიც აზრისა და სიტყვის საშუალებით ბედნიერების მიღწევაში გვეხმარება. ეპიკურეს აზრით, ბედნიერებისკენ მეცნიერება (ან ცოდნა) გვიძღვება არა თავისთავად, არამედ მხოლოდ იმით, რომ გვასწავლის სწორ პრაქტიკულ ქცევას ან ცხოვრების გზაზე დაბრკოლებებს გვაცილებს. თუ მეცნიერული საქმიანობა ამ მიზანს არ ემსახურება, მაშინ იგი ზედმეტი და უაზროა.
 
სხვადასხვა ცოდნას შორის ეპიკურე ყველაზე დიდ მნიშვნელობას ბუნების შესახებ მოძღვრებას ანიჭებდა, რადგან, მისი აზრით, ეს იყო ერთადერთი საშუალება, რომელსაც შეეძლო სული ცრურწმენათა მიერ გამოწვეული შიშებისგან გაეთავისუფლებინა. ღმერთებისა და სიკვდილის შესახებ აზრი რომ არ გვამძიმებდეს, ბუნების გამოკვლევა საერთოდ არ დაგვჭირდებოდა. ეპიკურე ასევე მნიშვნელობას ანიჭებდა ჩვენი სურვილების გამოკვლევას, რადგან ამგვარ ცოდნას შეეძლო გავლენა მოეხდინა მათ შეზღუდვასა და ზომიერებაზე.
 
02. ეპიკურელები იზიარებდნენ მათ ეპოქაში ჩვეულებრივ ფილოსოფიის სამ ნაწილად დაყოფას — ლოგიკად, ფიზიკად და ეთიკად. მაგრამ მათი ფილოსოფია უკიდურესად ღარიბია. ლოგიკიდან ისინი გამორიცხავდნენ დიალექტიკას, განყოფილებას მსჯელობებისა და ცნებათა წარმოქმნის შესახებ, და ის შემეცნების კრიტერიუმამდე დაჰყავდათ; ამ მოძღვრებას კი "კანონიკა" უწოდეს. ფიზიკაში ეპიკურელები ბუნებისმეტყველებისადმი ნაკლებ თეორიულ ინტერესს ავლენდნენ და უფრო მეტად პრაქტიკული საკითხების განმარტებით იყვნენ დაკავებულნი. მათთან, ისევე როგორც სტოიკოსებთან, ლოგიკა (კანონიკა) და ფიზიკა თითქოს ეთიკის შესავალს წარმოადგენდა. ამიტომ ჩვენც ჯერ ეპიკურელთა სისტემის პირველ ორ ნაწილს შევეხებით და შემდეგ გადავალთ ეთიკაზე.
 
კანონიკა შემეცნების, ანუ ჩვენი ცოდნის კრიტერიუმის შესახებ საკითხის გამოკვლევით შემოიფარგლებოდა. ეპიკურეს მოძღვრების თანახმად, ყოველგვარი შემეცნება გრძნობად აღქმას ემყარება. ვინაიდან მხოლოდ გრძნობად აღქმას შეუძლია გვასწავლოს, რა არის სასიამოვნო და უსიამოვნო, რა იმსახურებს სურვილს და რა — ზიზღს, ჩვენი მსჯელობა ჭეშმარიტებისა და სიცრუის შესახებაც მხოლოდ მას უნდა ემყარებოდეს. თეორიული თვალსაზრისით, კრიტერიუმს წარმოადგენს აღქმა, ხოლო პრაქტიკული თვალსაზრისით — სიამოვნებისა და უსიამოვნების განცდა. თუ გრძნობათა მოწმობას უარვყოფთ, მაშინ, ეპიკურეს აზრით, მით უფრო ვერ ვენდობით გონებით შემეცნებას, რადგან ეს უკანასკნელი მთლიანად გრძნობად აღქმას ემყარება. ასეთ შემთხვევაში ჩვენ აღარ გვექნება არც ჭეშმარიტების რაიმე ნიშანი და არც მტკიცე რწმენის შესაძლებლობა, და საბოლოოდ უსაზღვრო ეჭვის ძალაუფლებას დავემორჩილებით.
 
მაგრამ თუ ყოველგვარი ეჭვი თავისთავად წინააღმდეგობას წარმოადგენს, რადგან იგი ჭეშმარიტებად ამტკიცებს იმას, რომ არაფრის ცოდნა არ შეიძლება, მაშინ იგი განსაკუთრებით ეწინააღმდეგება ადამიანის ბუნებას, ვინაიდან არა მხოლოდ ყოველგვარ ცოდნას გამორიცხავს, არამედ თავად (გონივრული) მოქმედების შესაძლებლობასაც და, საერთოდ, ადამიანის გონივრული ცხოვრების ყველა პირობასაც. ეჭვის თავიდან ასაცილებლად უნდა ვაღიაროთ, რომ აღქმა, როგორც ასეთი, ყოველთვის და ყოველგვარ ვითარებაში ჭეშმარიტია. რით შეიძლებოდა, — კითხულობს ეპიკურე, — გრძნობათა მოწმობის უარყოფა? გონებით? მაგრამ თავად გონება გრძნობებზეა დამოკიდებული და როგორ შეუძლია მას იმაზე იმსჯელოს იმის წინააღმდეგ, რაც მისი საკუთარი სანდოობის საფუძველს წარმოადგენს? ან რაიმე სხვა საშუალებით? მაგრამ სხვადასხვა აღქმა ერთსა და იმავე საგანს არ მიეკუთვნება, ხოლო ერთნაირ (იდენტურ) აღქმებს თანაბარი ძალა აქვთ.
 
რჩება მხოლოდ ერთი დასკვნა: ჩვენ უნდა ვენდოთ ყოველ გრძნობად აღქმას; იგი უშუალოდ სარწმუნოა და ამიტომ ეპიკურე მას "სიცხადეს" (ἐνάργεια) უწოდებს. გრძნობათა მოტყუებამაც კი არ უნდა შეგვარყიოს ამ რწმენაში, რადგან ასეთ შემთხვევებში შეცდომა თავად აღქმაში კი არ მდგომარეობს, არამედ მხოლოდ ჩვენს მსჯელობაში. ჩვენი გრძნობები მხოლოდ გვიჩვენებენ, რომ საგანი ასე თუ ისე მოქმედებს ჩვენზე, რომ ესა თუ ის სახე (ასლი) ჩვენს სულს ეხება — და ეს ყოველთვის სწორია. ხოლო ასლიდან მის პირველსახემდე, ანუ საგნამდე, დასკვნის გამოტანა მსჯელობის (δόξα, ὑπόληψις) ამოცანაა. ამასთან, რა თქმა უნდა, შესაძლებელია შეცდომებიც.
 
აღქმათა განმეორების შედეგად წარმოიქმნება ცნებები (πρόληψις), რომლებიც სხვა არაფერია, თუ არა აღქმულის საერთო სახე, მტკიცედ აღბეჭდილი მეხსიერებაში. კანონზომიერად განმეორებად მოგონებებსა და წარმოდგენებს ემყარება ყოველგვარი მეტყველება და აზროვნება, ხოლო შემდგომ — მთელი მეცნიერული ცოდნაც.
 
03. ეპიკურელები ფიზიკას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, ვიდრე ლოგიკას ან კანონიკას; მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, მას მხოლოდ პრაქტიკული სარგებლობის გამო აფასებდნენ. მათი აზრით, ბუნების შესწავლა საშუალებას გვაძლევს, მოვლენათა ბუნებრივი მიზეზები შევიცნოთ და ამით ზებუნებრივი მიზეზების დაშვების საჭიროება თავიდან ავიცილოთ. ამასთან, იგი ცრურწმენათა წინააღმდეგ დამცავ საშუალებადაც მიაჩნდათ. მაშასადამე, ეპიკურელთა ფიზიკის ძირითადი მიმართულება იყო მოვლენათა წმინდა ბუნებრივი მიზეზებით ახსნა, რითაც ისინი ტელეოლოგიასა და რელიგიურ მსოფლმხედველობას უპირისპირდებოდნენ. ამიტომ ეპიკურელთა მოძღვრებაში ვერ ვხვდებით ყოფიერების ძირითადი საკითხების განხილვას.
 
ეპიკურე ასეთ საკითხებს გამოცდილებისა და ცოდნის საზღვრებს მიღმა მყოფად მიიჩნევდა. როგორც ჩანს, ეპიკურელთა ფიზიკისთვის არაფერია იმაზე მეტად მიუღებელი, ვიდრე მტკიცება, რომ ბუნებისთვის მიზანშეწონილობაა დამახასიათებელი და რომ მისი შექმნა რაიმე უმაღლესი მიზნის მიხედვით არის გათვლილი. არ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გვაქვს ენა იმისთვის, რათა დანაწევრებული მეტყველებით ვილაპარაკოთ, ყურები — იმისთვის, რათა გვესმოდეს და ა. შ.; პირიქით, ჩვენ ვლაპარაკობთ იმიტომ, რომ ენა გვაქვს, გვესმის იმიტომ, რომ ყურები გვაქვს და ა. შ. ერთი სიტყვით, მოქმედებენ მხოლოდ ბუნებრივი ძალები, წმინდა აუცილებლობის კანონის შესაბამისად.
 
თავის ონტოლოგიაში ეპიკურე თითქმის მთლიანად დემოკრიტეს ეყრდნობა და მის მატერიალისტურ ატომიზმში მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებები შეაქვს. ეპიკურე დემოკრიტეს ეთანხმება იმ ძირითად დებულებაში, რომ ატომები და სიცარიელე ყველა საგნის შემადგენელი ნაწილებია; ხოლო სული, როგორც პირველმამოძრავებელი პრინციპი, კატეგორიულად გამოირიცხება. ყველა სხეული, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ნაწილებისგან შედგება. მაგრამ თუ ნაწილებად დაყოფას უსასრულოდ გავაგრძელებდით, მაშინ, როგორც ეპიკურე და დემოკრიტე მსჯელობენ, საბოლოოდ ყველაფერი არარაობად იქცეოდა და, შესაბამისად, ყველაფერი არარსებულისგან წარმოიშობოდა. ამიტომ უნდა ვაღიაროთ, რომ საგანთა პირველსაწყისი ნაწილები არც ოდესმე წარმოშობილან, არც განადგურდებიან და თავიანთ მდგომარეობაში ცვლილებას ვერ განიცდიან.
 
ეს პირველსხეულები, ანუ ატომები, სიცარიელეს არ შეიცავენ და ამიტომ მათი დაყოფა, განადგურება ან რაიმე სახით შეცვლა შეუძლებელია. ეპიკურეს აზრით, ატომები საკუთარი სიმძიმის გამო მარადიულად ვერტიკალურად მოძრაობენ. თუმცა მათი მოძრაობა ყოველთვის ზუსტად ვერტიკალური არ არის: დაცემისას ატომები ოდნავ გადაიხრებიან და სწორედ ამის შედეგად ხდება მათი შეჯახება. სამყაროს წარმოშობა კი ასეა წარმოდგენილი: ოდესღაც, სივრცის გარკვეულ ადგილას, სხვადასხვა ფორმისა და ზომის ატომები ერთმანეთს შეეჯახნენ და მათი თავმოყრის შედეგად წარმოიქმნა მატერია.
 
ამ შეჯახების დროს, უფრო სწორად კი, მის წინმსწრებ მოძრაობაში, მათი წარმოდგენით, ატომთა გადაადგილება მოხდა: ზოგიერთი მათგანი, თავისი ზომისა და სიმძიმის გამო, ქვემოთ დაეშვა, ხოლო მათთან შერეული უფრო მსუბუქი და მცირე ატომები გამოეყვნენ მათ და ზემოთ აიწიეს. პირველი ატომებისგან, ეპიკურელთა მიხედვით, წარმოიქმნა მყარი სხეულები, მათ შორის დედამიწა, ხოლო უკანასკნელთაგან — ეთერი, მზე და ვარსკვლავები. მათი წარმოდგენით, ახლად წარმოქმნილი დედამიწის შიგნით ზოგან სიცარიელე იყო, რის გამოც იგი ზოგიერთ ადგილას ჩაიწია და იქ ზღვები წარმოიქმნა. მათივე შეხედულებით, ახლად წარმოქმნილ დედამიწაზე მხოლოდ მცენარეები კი არ გაჩნდნენ, არამედ ცხოველებიც. ეს უკანასკნელნი, მათი წარმოდგენით, გარკვეული თანმიმდევრობით ვითარდებოდნენ — მარტივი და უშნო ფორმებიდან უფრო სრულყოფილ და რთულ ფორმებამდე.
 
ადამიანის წარმოშობის საკითხზე ეპიკურელებს, როგორც ჩანს, განსაკუთრებული ყურადღება არ გაუმახვილებიათ: მათი მოძღვრების მიხედვით, ადამიანები ცხოველებთან ერთად წარმოიშვნენ. როგორც ეპიკურელი ლუკრეციუსი ფიქრობს, თავდაპირველად ადამიანები უფრო ძლიერები და ღონიერები იყვნენ, მაგრამ ცხოვრობდნენ უმეცრად და უხეშად, მხეცების მსგავსად; არ იცოდნენ არც საზოგადოებრივი ცხოვრება და არც სამართალი. მათი წარმოდგენით, პროგრესისკენ პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ადამიანებმა მაშინ გადადგეს, როდესაც ცეცხლის გამოყენება, საცხოვრებლების აგება და ტანსაცმლის დამზადება ისწავლეს.
 
შემდგომი პროგრესი, ეპიკურელთა შეხედულებით, თანდათანობით მიმდინარეობდა. ანარქიის თავიდან ასაცილებლად ადამიანებმა, მათი აზრით, უმაღლესი ხელისუფლება აირჩიეს და წესრიგის დამრღვევთა დასჯის გზით მის შენარჩუნებას შეეცადნენ.
 
ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ეპიკურელთა შეხედულება ადამიანის ფსიქიკურ ცხოვრებაზე. ეპიკურეს მოძღვრების თანახმად, სული, ისევე როგორც ყოველივე არსებული, სხეულია (ამ საკითხში ეპიკურელები სრულიად ეთანხმებიან სტოიკოსებს.) თუმცა ეს სხეული უმცირესი, უმსუბუქესი და ყველაზე მოძრავი ატომებისგან უნდა შედგებოდეს. ამის საფუძვლად ისინი ასახელებენ სულიერი მოძრაობების სისწრაფესა და ცხოველმყოფელობას, სიკვდილის შემდეგ სულის მყისიერ გაქრობას და იმ ფაქტს, რომ მკვდარი სხეული იმდენივეს იწონის, რამდენსაც ცოცხალი.
 
სული ოთხი ელემენტისგან შედგება: ცეცხლოვანი, ჰაეროვანი, პნევმატური და უცნობი, ანუ უსახელო ელემენტისგან. ამა თუ იმ ელემენტის სიჭარბე ადამიანს შესაბამის ტემპერამენტს ანიჭებს. სული ადამიანის მთელ სხეულშია განფენილი, მაგრამ სულის გონივრული ნაწილი (ἡγεμονικόν) მკერდში მდებარეობს. სულიერი მოქმედება — აღქმები და წარმოდგენები, სულისა და ნების მოძრაობები — მხოლოდ ამ გონივრულ ნაწილს ეკუთვნის; საბოლოოდ, თავად სიცოცხლეც მასზეა დამოკიდებული.
 
სული და სხეული ერთ მთლიან არსებას ქმნიან, თუმცა გარკვეული დროით მათ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებობაც შეუძლიათ. მხოლოდ მაშინ, როდესაც სულსა და სხეულს შორის კავშირი მთლიანად წყდება, სული ვეღარ აგრძელებს არსებობას. მისი ატომები, რომლებიც უკვე აღარ არიან სხეულის გარსით შეკავებული, განსაკუთრებული სიმსუბუქისა და მოძრავობის გამო მყისიერად იფანტებიან. სხეულიც, თავის მხრივ, რადგან სულის გარეშე არსებობა არ შეუძლია, ხრწნას ექვემდებარება.
 
თუ ვინმე მიიჩნევდა, რომ ამგვარი შეხედულება ადამიანს მომავლის შესახებ ნუგეშის მომცემს არაფერს უტოვებდა, ეპიკურესთვის ასეთი შეხედულება გაუგებარი იყო. მისი აზრით, სიკვდილთან ერთად წყდება ტანჯვის განცდაც. ამიტომ ის დრო, როდესაც აღარ ვიარსებებთ, ჩვენ ისევე ნაკლებად გვეხება, როგორც ის დრო, როდესაც ჯერ არ ვარსებობდით. შესაბამისად, ეპიკურე ფიქრობდა, რომ სწორედ მისი მოძღვრება შეიძლება დაგვეხმაროს სიკვდილის წინაშე სიმშვიდის შენარჩუნებაში, რადგან იგი მთლიანად აღმოფხვრის შიშსა და საიქიოსთან დაკავშირებულ ყოველგვარ საშინელებას.
 
ჩვენ მიერ მიღებული შთაბეჭდილებები სულს მოძრაობაში მოჰყავს. აღქმებისგან წარმოიქმნება წარმოდგენები, ხოლო წარმოდგენებიდან მომდინარეობს ნების მოქმედება. ეპიკურესთან ნების არსის შესახებ ზუსტი ფსიქოლოგიური გამოკვლევა არ გვხვდება; მისი ერთადერთი ინტერესი ნების თავისუფლების დაცვაა. იგი თავისუფალ ნებას უპირობო აუცილებლობად მიიჩნევდა, რადგან სხვაგვარად, მისი აზრით, მოგვიწევდა ან უარი გვეთქვა ზნეობრივ პასუხისმგებლობაზე, ან შევგუებოდით დაუნდობელ და სასტიკ ბედისწერას.
 
04. ეპიკურელთა სისტემის ბოლო ნაწილი ეთიკაა. მათი შეხედულებით, ფიზიკის ამოცანაა ადამიანი იმ ცრურწმენებისგან გაათავისუფლოს, რომლებიც მის ბედნიერებას ხელს უშლის. ეთიკამ კი უნდა განმარტოს, რა არის ბედნიერება და როგორ შეიძლება მისი მიღწევა.
 
როგორც ეპიკურელთა ფიზიკის საფუძველს ატომიზმი წარმოადგენს, ასევე მათი ეთიკის მთავარი ნიშანია ინდივიდუალიზმი, ანუ ცალკეული ადამიანის მნიშვნელობის წინ წამოწევა. ადამიანის ყოველგვარი საქმიანობის მიზნად მიჩნეულია მისი ინდივიდუალური გრძნობა და კეთილდღეობა. ეპიკურეს მოძღვრების თანახმად, ერთადერთი უპირობო სიკეთე სიამოვნებაა, ხოლო ერთადერთი უპირობო ბოროტება — მწუხარება, ნაღველი. ამ დებულებას, მათი აზრით, მტკიცება არ სჭირდება, რადგან იგი თავისთავად ცხადია და ადამიანის საქმიანობის საზომს წარმოადგენს. ყველა ცოცხალი არსება დაბადებიდანვე ისწრაფვის სიამოვნებისკენ და გაურბის უბედურებას.
 
სიამოვნება და მწუხარება საკმაოდ რთული მდგომარეობებია. ზოგჯერ საჭიროა ერთ სიამოვნებაზე უარის თქმა უფრო ხანგრძლივი სიამოვნების მისაღებად. ზოგჯერ კი გარკვეულ სიამოვნებაზე უარი უნდა ვთქვათ, რათა თავიდან ავიცილოთ მასთან დაკავშირებული ღრმა და ხანგრძლივი მწუხარება. ზოგჯერ კი პირიქით ხდება. საკუთრივ სიამოვნების მნიშვნელობა მოთხოვნილების დაკმაყოფილებაში მდგომარეობს. ეს კი ნიშნავს იმ უსიამოვნების აღმოფხვრას, რომელიც დაუკმაყოფილებლობას ახლავს.
 
ამრიგად, ყოველი სიამოვნების არსი და მიზანი მწუხარების არარსებობაა. სიკეთე კი სხვა არაფერია, თუ არა ბოროტებისგან თავისუფლება. კირენაიკელთა საწინააღმდეგოდ, ეპიკურეს მიხედვით, ნეტარების მთავარი და უშუალო საფუძველი სულის სიმშვიდეა, ანუ ატარაქსიაა. დადებითი სიამოვნება მხოლოდ სულის სიმშვიდის ხელშემწყობი პირობაა, რადგან იგი დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებით გამოწვეულ უსიამოვნებას აღმოფხვრის. დადებითი სიამოვნება გრძნობადი აღგზნებების დაკმაყოფილებას უკავშირდება. ამიტომ ეპიკურე სხეულებრივ სიამოვნებებს სულიერ სიამოვნებებს უქვემდებარებს.
 
თუ სიამოვნებას უმაღლეს სიკეთედ მივიჩნევთ, — მსჯელობს ეპიკურე, — ამაში არ იგულისხმება არც გარყვნილებით მიღებული სიამოვნება და არც საერთოდ გრძნობადი სიამოვნება. იგულისხმება ის, რომ სხეული თავისუფალი იყოს მწუხარებისგან, ხოლო სული — შფოთისგან. ცხოვრებას სასიამოვნოს არ ხდის არც ნადიმები და სმა-ჭამა, არც ყმაწვილებთან და ქალებთან დაკავშირებული სიამოვნებები და არც სუფრის მეგობრები. ამის უზრუნველყოფა შეუძლია საღ გონებას. იგი იკვლევს ყოველგვარი მოქმედების საფუძვლებს და განდევნის ცრურწმენებს, რომლებიც ჩვენი კეთილდღეობის ყველაზე საშიში მტრებია.
 
საფუძველი ყოველივესი და უდიდესი სიკეთე არის კეთილგონიერება. მხოლოდ ის გვხდის თავისუფალს. ჩვენი აუცილებელი მოთხოვნილებები ძალიან მარტივია და მათი დაკმაყოფილებაც ადვილია. თავად ბუნება ზრუნავს ჩვენს ბედნიერებაზე. ვინც ბუნების შესაბამისად ცხოვრობს, ის არასოდეს არის ღარიბი. ბრძენი, რომელსაც პური და წყალი აქვს, ზევსს არ უნდა შესჩიოდეს. გარეგანი უბედურებები მასზე ძალას ვერ ახდენს, ხოლო სხეულებრივი ტანჯვა ბრძენის სიმშვიდეს ვერ დაარღვევს. ბრძენს ყველაზე მძიმე წამების დროსაც კი შეუძლია ბედნიერი იყოს. თუ სხეულებრივი ტანჯვა არც ისე მძიმეა, მაშინ არც გრძნობადი, ანუ სხეულებრივი სიამოვნებაა განსაკუთრებით დიდი, რადგან იგი ხანმოკლე და არასრულია.
 
მეორე მხრივ, რამდენად მძიმეა სულიერი ტანჯვა! სული მხოლოდ აწმყოში არსებულ უბედურებებს კი არ განიცდის, როგორც სხეული, არამედ წარსულსა და მომავალსაც. ამიტომ, შესაბამისად, რამდენად უფრო ამაღლებულია სულიერი სიამოვნებაც! ის არის ერთადერთი ჭეშმარიტად წმინდა და წარმავალი ყოფიერებისგან თავისუფალი სიამოვნება. თუმცა ეპიკურელთა სისტემა არ უარყოფს, რომ სხეულებრივი სიამოვნება თავდაპირველი და, საბოლოოდ, ყოველგვარი სიამოვნების წყაროა. ეპიკურე და, განსაკუთრებით, მისი საყვარელი მოწაფე მეტრადორე ამ აზრს ძალიან მკვეთრად, ზოგჯერ კი უხეშადაც გამოხატავენ. ამ უკანასკნელის მიხედვით, ყოველგვარი სიკეთე მუცელს უკავშირდება. არისტონი კი სხეულებრივ სიამოვნებას უმაღლეს სიკეთედ მიიჩნევდა. ეთიკის ამ ძირითად დებულებებს შეესაბამება ეპიკურელთა მოძღვრება სათნოებათა შესახებ.
 
ეპიკურე ზნეობის ფილოსოფოსებს ეთანხმება იმაში, რომ სათნოება ბედნიერებისგან განუყოფელია და, პირიქით, ბედნიერებაც სათნოებისგან ვერ გაიმიჯნება. ამ მხრივ მისი მოძღვრების დასკვნები სტოიკოსთა მოძღვრებას არ ეწინააღმდეგება. მაგრამ ეპიკურეს მიაჩნდა, რომ იმის სწავლება, თითქოს სათნოება თავისთავად უნდა იყოს სასურველი, ილუზიების გამოდევნებას ნიშნავს. მხოლოდ ის ფლობს თავისი საქმიანობის ნამდვილ მიზანს, ვინც თავის მიზნად ისახავს სიამოვნებას.
 
სათნოებას თავისი ფასი მხოლოდ პირობითად აქვს, როგორც მიზნის მიღწევის საშუალებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანს ბედნიერს თავისთავად სათნოება კი არ ხდის, არამედ მისგან მომდინარე სიამოვნება. ეპიკურელები ამ სიამოვნებას მოვალეობის შესრულების შეგნებაში ან სათნო ქცევაში კი არ ხედავდნენ, არამედ მხოლოდ შიშის, საფრთხისა და შფოთისგან სრულ თავისუფლებაში.
 
სათნოება ცხოვრების ხელოვნებაა და მისი ფასი მხოლოდ იმ სარგებლობაში მდგომარეობს, რომელიც მას მოაქვს. ადამიანს სასიამოვნოდ ცხოვრება მხოლოდ მაშინ შეუძლია, როდესაც იგი გონივრულად, ზომიერად, ვაჟკაცურად და სამართლიანად ცხოვრობს.
 
სიბრძნე და კეთილგონიერება გვასწავლის, სწორად გავიგოთ ბუნება და მასში ჩვენი მდგომარეობა. ისინი გვიჩვენებენ, რა უნდა იყოს ჩვენი სწრაფვის ნამდვილი მიზანი და როგორ მივაღწიოთ მას. ამგვარად, სიბრძნე და კეთილგონიერება გვათავისუფლებს ზომაზე მეტი სურვილებისა და ამაო მისწრაფებებისგან. ისინი ასევე გვასწავლიან, რომ მწუხარება მეორეხარისხოვან და წარმავალ რამედ მივიჩნიოთ.
 
ჩვენს ბედნიერებას ხელს უწყობს საკუთარ თავზე ბატონობაც, ანუ იგივე ზომიერება. ის გვასწავლის, სწორად მოვექცეთ სიამოვნებასა და მწუხარებას. ამის წყალობით ჩვენს ცხოვრებაში მრავალი სიამოვნება და რაც შეიძლება ნაკლები მწუხარება გვხვდება.
 
ვაჟკაცობა გვეხმარება, შეურყევლად გადავიტანოთ შრომა, ტანჯვა და საფრთხე. იგი სიკვდილის შიშისგანაც გვათავისუფლებს, როდესაც ამ ყველაფრის თავიდან აცილება შეუძლებელია. სამართლიანობა კი საშუალებას გვაძლევს, ღმერთებისა და ადამიანების წინაშე შიშის გარეშე ვიცხოვროთ. ვინც კანონს არღვევს, ვერასოდეს იქნება სრულიად დაცული დევნისა და სასჯელისგან, თუნდაც დანაშაული უდიდესი საიდუმლოების პირობებში ჩაიდინოს. აქედან გამომდინარე, სულის სიმშვიდისთვის სამართლიანობა აუცილებელია.
 
ეპიკურელთა კერძო ზნეობრივი წესები მრავალ პრაქტიკულად მნიშვნელოვან მითითებას შეიცავს. მათი ყველა ცხოვრებისეული წესი ერთ მიზანს ემსახურება: ადამიანი ბედნიერებისკენ მიიყვანოს სურვილების შეზღუდვითა და ვნებებისგან თავშეკავებით. სიმდიდრის გაზრდა კი არ გვხდის მდიდრებს, არამედ სურვილების შეზღუდვა. მხოლოდ წარმოსახვით სიმდიდრეს არ აქვს საზღვარი, ხოლო ბუნების შესაბამისად ცხოვრება ადვილად მისაღწევია.
 
უმარტივესი საკვებიც ისეთივე სიამოვნებას გვანიჭებს, როგორსაც ყველაზე მდიდრული სუფრა. ადამიანს შეუძლია წყლითა და პურით იკვებებოდეს და ბედნიერებისთვის ღმერთს მადლობა შესწიროს. უგუნურებაა აწმყო მომავლის საზრუნავში გავფლანგოთ და თვით ცხოვრება მხოლოდ მომავალი ცხოვრების საშუალებად ვაქციოთ.
 
სტოიკოსთა მსგავსად, ეპიკურელებიც თავიანთი ბრძენის იდეალს აღწერენ. იგი არაფრით ჩამოუვარდება სტოიკოსთა ბრძენს. თუმცა ეპიკურელი ბრძენი სტოიკური აპათიის მქონე არ არის. იგი სრულიად თავისუფალი არ არის გრძნობებისგან და შეუძლია განიცადოს სულის ამაღლებული მოძრაობები, მაგალითად, თანაგრძნობა. მაგრამ ეს მის ფილოსოფიურ საქმიანობას ხელს არ უშლის.
 
ეპიკურელი ბრძენი სიამოვნებას არ გაურბის, მაგრამ საკუთარ სურვილებზე ბატონობს. ის არ იცხოვრებს არც ცინიკოსივით და არც ღარიბი ადამიანის მსგავსად.
 
იგი იმდენად მაღლა დგას ჩვეულებრივ ადამიანებზე, რომ ეპიკურე თავის მოწაფე მეტროდორს, როგორც ბრძენს, ჰპირდება, რომ იგი მოკვდავთა შორის ღმერთივით იცხოვრებს. ბრძენი ადამიანთა საზოგადოებაში ცხოვრობს, მაგრამ ადამიანური თანაცხოვრების ყველა ფორმა მისთვის მისაღები არ არის.
 
ეპიკურე სახელმწიფოს არცთუ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. მისი აზრით, სახელმწიფო და მასში არსებული სამართალი და კანონები ადამიანთა უმრავლესობის მიერ მხოლოდ სასჯელის შიშით სრულდება. სახელმწიფოსთან არის დაკავშირებული ოჯახური ცხოვრებაც. ბრძენისთვის უმჯობესია, თავი შეიკავოს ქორწინებისა და შვილების ყოლისგან, რადგან ეს მის ცხოვრებაში ბევრ შფოთს შეიტანს.
 
ადამიანთა ურთიერთობის უმაღლეს ფორმად ეპიკურე მეგობრობას მიიჩნევდა. მეგობრობა თავისუფალი კავშირია, რომელიც ადამიანის ინდივიდუალური მიდრეკილებების შესაბამისად ყალიბდება. იგი ურთიერთსარგებლობასა და საერთო სიამოვნებას ემსახურება.
 
05. რაც შეეხება ეპიკურელთა რელიგიურ შეხედულებებს, ისინი თავიანთ დამანგრეველ არგუმენტებს, უპირველესად, ხალხურ პოლითეიზმისა და ღვთაებრივი განგებულების რწმენის წინააღმდეგ მიმართავდნენ. ეპიკურეს აზრით, ხალხის წარმოდგენები ღმერთებზე იმდენად აბსურდულია, რომ უღმერთობაში დამნაშავე სწორედ ის არის, ვინც ამ წარმოდგენებს იზიარებს და არა ის, ვინც მათ უარყოფს.
 
ლუკრეციუსის თქმით, რელიგიას უმძიმესი ბოროტება მოაქვს. ამიტომ ის, ვინც ბუნებრივ მსოფლმხედველობაზე დაყრდნობით რელიგიას აღმოფხვრის, უნდა განიდიდოს, როგორც კაცობრიობის ყველაზე საშიშ მტერზე უდიდესი გამარჯვების მომპოვებელი.
 
ეპიკურე ღვთაებრივ განგებულებას ზღაპრად მიიჩნევდა და მას ხალხურ რელიგიაზე მაღლა არ აყენებდა. ხოლო სტოიკოსთა ფატალისტური გაგებით წარმოდგენილ განგებულებას ხალხურ რელიგიაზე დაბლა აყენებდა. ეპიკურელები კითხულობდნენ: როგორ შეიძლება ღვთაებრივი განგებულება იყოს იმ სამყაროს შემოქმედი, რომელშიც უთვალავი ბოროტებაა, სადაც კეთილი ადამიანი ასე ხშირად იტანჯება, ხოლო ბოროტი იმარჯვებს? როგორ შეიძლება სამყარო ადამიანისთვის იყოს შექმნილი, როდესაც ადამიანები მისი მხოლოდ მცირე ნაწილს იკავებენ და ა. შ.?
 
ეპიკურეს მიხედვით, ღმერთებისა და დემონების შესახებ წარმოდგენები უმეცრებისა და შიშისგან წარმოიშვა. სიზმრისეული ხილვები ადამიანებმა რეალურ არსებებთან აურიეს. ზეციური სხეულების მოძრაობაში არსებული კანონზომიერება კი უმეცრების გამო ღმერთებს მიაწერეს. ბუნების საშიშმა მოვლენებმა, მაგალითად, ძლიერმა ქარიშხლებმა და მიწისძვრებმა, ადამიანთა სულში უმაღლესი ძალის წინაშე შიში წარმოშვეს.
 
ამიტომ, ეპიკურელთა შეხედულებით, შიში რელიგიის ძირითადი განცდაა. ამ შიშისგან გათავისუფლება კი ფილოსოფიის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა.
 
თუმცა ეპიკურეს ღმერთებისადმი რწმენის მთლიანად აღმოფხვრა არ სურდა. მოსაზრება, თითქოს იგი ღმერთების რწმენას მხოლოდ საერთო, საყოველთაო რწმენასთან შესაგუებლად აღიარებდა, უსამართლო შეფასებაა. მისი მსჯელობა ღმერთების შესახებ გულწრფელობის შთაბეჭდილებას ტოვებს. მაშასადამე, ეპიკურეს ღმერთების აღიარების გარკვეული საფუძვლები ჰქონდა.
 
ერთ-ერთი ასეთი საფუძველი, როგორც ჩანს, ის იყო, რომ ღმერთების რწმენის საყოველთაობა მას მათი ობიექტური არსებობის დამადასტურებლად მიაჩნდა. სწორედ ამ საფუძველზე ეპიკურე ღმერთების არსებობას უშუალოდ ცხად ჭეშმარიტებად მიიჩნევდა. მისი აზრით, ღმერთების შესახებ წარმოდგენა ჩვენს ბუნებრივ ცნებებშია ფესვგადგმული. ამ ბუნებრივ ცნებებს ის πρόληψις-ს უწოდებდა.
 
ამ თეორიულ საფუძველს ეპიკურესთან კიდევ ერთი, ესთეტიკურ-რელიგიური ინტერესი ემატებოდა. მას სურდა, ღმერთებში განხორციელებულად დაენახა თავისი იდეალი. სწორედ ეს იდეალი განსაზღვრავდა მის წარმოდგენებს ღმერთების შესახებ. ამიტომ მისი ღმერთები აშკარად ადამიანისმაგვარნი არიან. თუმცა ეპიკურე მათ ორ უმნიშვნელოვანეს ღვთაებრივ თვისებას მიაწერდა: მარადიულობასა და ნეტარებას.
 
მისი აზრით, ღმერთებს ეს თვისებები მხოლოდ იმიტომ შეიძლება ჰქონდეთ, რომ მათი სხეული ადამიანის სხეულის მსგავსია, თუმცა სფერული ფორმა აქვს და უმცირესი და უმსუბუქესი ატომებისგან შედგება. ასეთი სხეულების მქონე ღმერთები ჩვენს სამყაროში ვერ იცხოვრებდნენ. ისინი ვერც სხვა სამყაროში იცხოვრებდნენ, თუ მათ საბოლოო განადგურება ელოდებოდათ. მისი შიში კი მათ ნეტარებას დაარღვევდა.
 
ამიტომ ეპიკურე ღმერთების საცხოვრებლად სამყაროებს შორის არსებულ სივრცეებს მიიჩნევდა. როგორც ლუკრეციუსი ამბობს, იქ მათ ვერავითარი ავდარი ვერ აწუხებთ და ისინი მუდამ ნათელი ცის ქვეშ ცხოვრობენ.
 
ღმერთებს არ შეიძლება სამყაროსა და ადამიანთა ცხოვრების პირობებზე ზრუნვა დაეკისროთ. ასეთი საზრუნავი მათ ნეტარებას დაარღვევდა. ისინი სრულიად თავისუფალნი არიან შრომისა და საზრუნავისგან და თავიანთი უპირატესობის შეგნებით სუფთა ნეტარებით ტკბებიან.
 
ღმერთთა საზოგადოება ეპიკურელი ფილოსოფოსების იდეალური საზოგადოებაა. მათ აქვთ ყველაფერი, რაც ეპიკურელ ფილოსოფოსებს შეიძლება სურდეთ: მარადიული სიცოცხლე, საზრუნავისგან თავისუფლება და სასიამოვნო საუბრებისთვის მუდმივი შესაძლებლობა. ასეთი ღმერთები თავისუფალნი და წმინდანი არიან. ისინი შიშს არ იწვევენ, თუმცა თავიანთი უპირატესობის გამო შეიძლება პატივს მიაგებდნენ. ასეთი ღმერთები უთვალავია.
 
როგორც ვხედავთ, ეპიკურელები არა მხოლოდ იზიარებენ ხალხური რელიგიის ანთროპომორფიზმს, არამედ მის პოლითეიზმსაც იღებენ. მეტიც, ისინი ღმერთთა რიცხვს უსასრულოდ ამრავლებენ. ისინი არც არსებული კულტის უარყოფას ცდილობდნენ.
 
თუმცა, მთლიანობაში, ეპიკურელთა დამოკიდებულება ხალხური რელიგიის მიმართ უარყოფითი იყო. სტოიკოსებისგან განსხვავებით, ისინი თითქმის არ მიმართავდნენ მითების ალეგორიულ განმარტებებს. მათ არც ხალხური რელიგიის რაიმე სახით შენარჩუნება სურდათ.
 
06. ეპიკურელობის ახლახან მოკლედ გადმოცემული სისტემის უმნიშვნელოვანესი განსხვავება სტოიციზმისგან ისაა, რომ სტოიციზმის მთავარი პრინციპი მატერიალისტური მონიზმია, ხოლო ეპიკურელობის საფუძველს (მატერიალისტური) ატომიზმი წარმოადგენს. ეს განსხვავება მთელ მათ სისტემებს გასდევს და, კერძოდ, მკაფიოდ ვლინდება მათ უმთავრეს მეცნიერებაში — ეთიკაში. ცალკეულ განსხვავებებს აქ არ შევეხებით. თუმცა ეპიკურელთა სკოლის სტოიკურ სკოლასთან შედარებისას იმდენად განსხვავებებზე კი არ გვიწევს საუბარი, რამდენადაც მსგავსებებზე.
 
ეპიკურელთა ფილოსოფია თეორიული თვალსაზრისით, შესაძლოა, სტოიკურზე არანაკლებ და უფრო ღარიბიც კი იყოს. მეტაფიზიკური თვალსაზრისით, პირველი ისევე არ არის დამოუკიდებელი, როგორც მეორე; თუ სტოიკოსთა მატერიალისტური პანთეიზმი ჰერაკლიტეს ფილოსოფიიდან მომდინარეობს, ეპიკურელთა მექანიკური ატომიზმის წყარო დემოკრიტეს ფილოსოფიაა. ეპიკურელობაშიც სიმძიმის ცენტრი ეთიკურ, ანუ ცხოვრებისეულ-პრაქტიკულ საკითხებზეა გადატანილი. ორივე სისტემაში რელიგიისადმი დამოკიდებულება თანმიმდევრული არ არის.
 
წმინდა მატერიალისტური თვალსაზრისიდან გამომდინარე, არც სტოიციზმს და არც ეპიკურელობას ღმერთების რწმენაზე მსჯელობის აუცილებლობა არ უნდა ჰქონოდათ. მიუხედავად ამისა, ორივე მათგანი საკმაოდ დაწვრილებით მსჯელობს ამ საკითხზე, აღიარებს ღმერთების არსებობას და ხალხურ რელიგიასაც ბოლომდე არ უარყოფს.
 
როგორც ჩანს, ამ ორი ფილოსოფიური სისტემის წარმოშობა და განვითარება უფრო მეტად განპირობებული იყო არა ორი განსხვავებული ტიპის ფილოსოფოსით, რომლებიც ღრმად და ორიგინალურად, თუმცა განსხვავებულად აზროვნებდნენ, არამედ დროის გარკვეული მიმდინარეობით, რომელზეც ცალკეულ პიროვნებათა ინდივიდუალურმა განსხვავებებმა და სხვადასხვა მიდრეკილებებმა მოახდინა გავლენა. ამ სისტემებში ადამიანები კი არ ბატონობენ დროზე, აძლევენ მას მიმართულების განმსაზღვრელ პრინციპებს და უჩვენებენ გზას; პირიქით, დრო ბატონობს ადამიანებზე. ისინი, გენიოსებისა და ძლიერი ნიჭის მქონე ადამიანების საპირისპიროდ, დროზე წინ კი არ მიდიან და თვითონ კი არ მიჰყავთ წინ, არამედ, პირიქით, მორჩილად მისდევენ დროის დინებას.


გაგრძელება იქნება.

მასალა რუსულიდან თარგმნა და გამოსაქვეყნებლად მოამზადა საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციამ. თბილისი 2026 წ.

წყარო: Гностицизм II века и победа христианской церкви над ним / М.Э. Поснов, эк.-орд. проф. Киев. духов. акад. и прив.-доц. Ун-та св. Владимира. - Киев : тип. АО "Петр Барский в Киеве", 1917.
Назад к содержимому