სწავლანი > განმარტებანი
ხიბლის, ანუ დემონთა მზაკვარების შესახებ
"დე განაღოს უფალმა თქვენი გულის თვალები, რათა იხილოთ, რაოდენ მრავალრიცხოვანნი არიან დემონთა მზაკვარებანი და რაოდენ ბოროტებას გვაყენებენ ისინი ყოველდღე, - და, დე მოგანიჭოთ უფალმა გულის სიმხნევე და სულის სიბრძნე, რათა შეგეძლოთ ღმერთს მიუძღვნათ საკუთარი თავი, ყოველჟამ უფრთხოდეთ დემონთა შურსა და ბოროტ რჩევებს, მათ ფარულ მზაკვარებას და მიმალულ ბოროტებას, მათ მომატყუებელ სიცრუეს და ბილწ აზრებს, ფაქიზ შთაგონებებს, რომლებსაც ყოველდღე ნერგავენ ისინი ჩვენს გულებში..." (ანტონი დიდი. სათნოთმოყვარება).
"უპირველესად ყოვლისა ის უნდა ვიცოდეთ, რომ დემონები - ბოროტი სულები - თავდაპირველად იმ სახით არ არიან შექმნილნი ღმერთის მიერ, რა სახისთვისაც იწოდებიან კიდეც ბოროტ სულებად, რადგანაც შემოქმედს არაფერი ბოროტი არ დაუბადია. ეშმაკნიც კეთილ სულებად და ნათლის ანგელოზებად არიან შექმნილნი, მაგრამ შემდეგში ამპარტავნებით აღივსნენ, მოშორდნენ ზეციურ სიბრძნეს და დაეცნენ - ამქვეყნად გარდამოხდნენ, სადაც მათ მოჩვენებებით აცთუნეს ბერძნები; ხოლო რადგანაც შურთ ჩვენი - ქრისტეს მოსავი ადამიანებისა, დემონები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა ხელი შეგვიშალონ ჩვენ ზეცისკენ მისწრაფებაში, იქ ამაღლებაში, საიდანაც თვით ისინი დამდაბლებულან. ამიტომ აუცილებელია ბევრი ვილოცოთ კიდეც და ბევრიც ვიშრომოთ, რათა სულიწმიდის მიერ სულიერი განსჯის უნარი მოგვემადლოს, ანუ "განკითხვაი სულთაი", როგორც პავლე მოციქული ამბობს (1კორ. 12,10), და ამ უნარით აღჭურვილებმა შევიძლოთ გამორკვევა, თუ ბოროტ სულთაგან რომელია აღმატებული ბოროტებაში და რომელი - ნაკლებ სასტიკი, ანუ ვის რა საქმე და მოვალეობა აკისრია დემონთა შორის. თუ ამას გამოვარკვევთ, მაშინ გვეცოდინება, როგორ უნდა ვებრძოლოთ ხოლმე მათ, რა გზით დავამხოთ და რა ღონისძიებით განვდევნოთ ჩვენგან თითოეული ბოროტ სულთაგან, რომელნიც კი თავს დგვესხმიან, რადგანაც მათ მრავალი მზაკვარება აქვთ მომზადებული ჩვენს დასაღუპად, და ასევე მრავალრიცხოვანია სახეობანიც მათი ცილისმწამებლობისა და დამბეზღებლობისა. ნეტარმა მოციქულმა პავლემ და მისმა მოწაფეებმა კარგად უწყოდნენ ყოველივე ეს, როცა ამბობდნენ: "არა გონებასა მისსა (ანუ წინააღდგომისა - ეშმაკისა) უმეცარ ვართო" (2 კორ. 2,11). ჩვენ კი რა სახითაც ვიქმნებით გამოცდილი ბოროტ სულთაგან, იმ სახითა და გამოცდილებით უნდა დავმოძღვროთ ერთურთი, რათა მომავლისათვის გავფრთხილდეთ და ფხიზლად ვიყოთ. ამიტომაც, აჰა, მეც, რაკი თავადაც არაერთგზის გამომიცდია დემონთა მზაკვარება და საცთურის წინაშეც ხშირად ვმდგარვარ, როგორც შვილებს გეტყვით მათთვის და გაგაფრთხილებთ" (სწავლანი ქრისტესმიერი ცხოვრებისათვის, ჩვენი წმიდა მამის ანტონი დიდისა).
1. ხიბლის შესახებ (ზოგადად)
2. იმის შესახებ, რომ მრავალ ქრისტეანს
მხოლოდ ზედაპირული შეხედულება გააჩნია ხიბლის გარშემო
ადამიანზე ღმრთის მადლის ზემოქმედებასა და მის გამოვლინებებზე თუ ვისაუბრებთ, დავინახავთ, რომ ქრისტეანთაგან მრავალს ან საერთოდ არა აქვს ან კიდევ ძალზედ დამახინჯებული აქვს წარმოდგენა მასზე, რაც თან სდევს ადამიანის სხვა უბედურებას, - საკუთარი თავისა და მტრის ქმედებების ვერშემეცნებას, რომელიც გამუდმებით ჩასაფრებულია ქრისტეანს და თავისი მზაკვარებით სულის წარსაწყმედ მახეს უგებს. ამიტომაც, დეტალურად უნდა შევჩერდეთ დაცემულ ანგელოზთა ქმედებებზე, რათა ნათლად დავინახოთ განსხვავება ღმრთის მადლის მოქმედებასა და ეშმაკის მოქმედებებს შორის.
როდესაც უმაღლეს სულიერ მდგომარეობათა და ღმრთის მადლის ზემოქმედებათა შესახებ წმიდა მამათა სწავლებებს ვარჩევთ, სამწუხაროდ, გვიწევს ლაპარაკი ისეთ მოვლენაზე, როგორიცაა ხიბლი და რომელიც ღმრთის მადლის ადამიანზე ზემოქმედების დამახინჯებულ მსგავსებას წარმოადგენს. ამის შესახებ აუცილებელია ლაპარაკი, რადგან წმიდა მამები ყოველთვის გვირჩევდნენ და მოგვიწოდებდნენ გვესწავლა გარჩევა მტრის (ეშმაკის) ქმედებებისა ღმრთის ჭეშმარიტ ქმედებათაგან.
წმ. გრიგოლ სინელი ("სათნოთმოყვარეობა", ტ. 5:131). "ახლა კი აუცილებელია ხიბლზეც ვილაპარაკოთ შეძლებისდაგვარად, რადგან მრავალთათვის ის, თავისი მზაკვარების მრავალფეროვნებისა და მრავალგვაროვნების გამო, არცთუ იოლი ამოსაცნობია და თითქმის მიუწვდომელიც".
ამრიგად, ხიბლი საკმაოდ მრავალფეროვანია, მაგრამ შეიძლება გამოვყოთ ხიბლის სამი ძირითადი გამოვლინება: 1. ეშმაკით შეპყრობილობა, როგორც უწმინდურ სულთა აშკარა ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, 2. ხიბლი აშკარა გამოვლინებებით, რომლის დროსაც ადამიანს შგნებული აქვს, რომ ეს არის სულიერ ძალთა მოქმედება და 3. ხიბლი ფარული ზემოქმედებით, რომლის დროსაც ადამიანს შეგნებული არა აქვს, რომ ეს ბოროტ სულთაგან არის. ყველაზე იშვიათი მოვლენაა - შეპყრობილობა, ხოლო ყველაზე გავრცელებული -ფარული ხიბლი, რომელიც კაცობრიობის საზოგადო ხიბლია, რომელიც ზოგჯერ მკაცრი მოსაგრეებისთვისაც იყო დამახასიათებელი და მოვლენის სიხშირით მოსაგრეთა რაოდენობაზეც იყო დამოკიდებული.
წმ. მამები ხიბლის მრავალგვარ განმარტებას გვაძლევენ. მისი სახეობები მრავალგვაროვანია, მაგრამ ჩვენ, როგორც სულიერად ყრმებს, მცირედი რამ თუ ვიცით მის შესახებ. ქვემოთ დამოწმებულ სწავლებებში მოკლედ არის გადმოცემული სხვადასხვაგვარი ცთუნების (ხიბლში ყოფნის) მაგალითები.
წმ. იოანე კიბისაღმწერელი (კიბე, სიტყვა 19. § 4): "დავუფიქრდეთ და მივხვდებით: როცა სულიერ საყვირს დასცემენ, ანუ ჟამის ლოცვას დარეკავენ, მაშინ ძმები ხილულად იკრიბებიან ლოცვისთვის, ხოლო მტრები უხილავად - ბრძოლისთვის. აი, ამიტომ ზარის დარეკვის შემდეგ ეშმაკები გარს გვეხვევიან და გვეუბნებიან: "ერთი წუთით დაისვენე, ვიდრე პირველს ფსალმუნს იტყოდნენ და შემდეგ წადი ეკლესიაში". ასევე არსებობენ ეშმაკებიც, რომლებიც ლოვაზე მისულებს ძილით დაგვნთქავენ; სხვებს ხორციელი საჭიროების გამო უჩვეულოდ ხშირად გავყავართ გარეთ; სხვები ეკლესიაში საუბრისკენ გვიბიძგებენ; სხვები ბილწი აზრებით წარგვტაცებენ გონებას; სხვები, როგორც უძლურებს, კედელს მიგვაყრდნობენ და ხშირ უზომო მთქნარებას იწვევენ ჩვენზე; ზოგიერთი მათგანი ცდილობს ლოცვის დროს გაგვაცინოს და ამით ღმერთი განარისხოს ჩვენზე: სხვები დავითნის სწრაფად თქმას გვაიძულებენ, სხვები ჟამნობისას სიამაყეს გგვრიან, სხვები ჟამნობით ტკბობას აღგვიძრავენ; ასევე, სხვები ბაგეებზე გვასხდებიან და ლოცვისთვის პირის გაღებას არ გვანებებენ".
წმ. ანტონი დიდი (სწავლანი): "უნდა იცოდეთ, რომ მტერი მართლმორწმუნეთ აცთუნებს სიკეთის სახით, და მრავალნიც ცთუნდებიან, რადგან არ გააჩნიათ განსჯა და სიბრძნე".
სხვა ადამიანთა ხიბლზე მსჯელობა კარგად ძალგვიძს, რადგან ვცდილობთ საკუთარი თავი არ დავაზიანოთ მათი ცრუ შეხედულებების მიღებით, მაგრამ როგორ განვსაზღვროთ რომელია ცრუ და რომელი არა? რა თქმა უნდა, ცხოვრების წესისა და მსჯელობის მიხედვით, რომელსაც ადამიანი წარმოთქვამს.
წმ. გრიგოლ სინელი (ხიბლის შესახებ): "გაუცხოებულია თუ არა ვინმე ხიბლისგან, იმით გაიგებ, იღვწის თუ არა ეს ადამიანი და ესმის თუ არა საღმრთო წერილის მოწმობანი, და აქვს თუ არა მოშიშება იმ საგნის მიმართ, რომელზეც განსჯა მართებს".
ამრიგად, ღირსი მამის ამ დარიგებიდან ვგებულობთ, რომ პირველ რიგში უნდა ვარკვევდეთ რა სახის ცხოვრებას ეწევა ადამიანი და ასრულებს თუ არა ის ღმრთის მცნებებს, თუმცა, ეს ყოველთვის ცნობილი როდია ჩვენთვის, რამეთუ მოცემულ პიროვნებას შესაძლოა ყოველთვის ვერ ვხედავდეთ და მისი ცხოვრებაც დაფარული იყოს ჩვენთვის. ამიტომაც უნდა მივმართოთ მეორე ნიშანს: რამდენად შეესაბამება მისი მსჯელობა წმიდა წერილსა და წმიდა მართლმადიდებელ მამათა სწავლებას. მესამეც: რამდენად ვლინდება მის მსჯელობაში მორჩილება, თავმდაბლობა, საკუთარი უღირსების შეგნება - ხომ არ განიკითხავს ცოდვილს, ან მართალს; აქვს თუ არა ღმერთზე გამუდმებული ფიქრი, და განიხილავს თუ არა ყველაფერს ღვთაებრივი სწავლების პრიზმაში, და არა ადამიანური სიბრძნისამებრ; ხომ არ ვლინდება მის მსჯელობაში მედიდურობა, საკუთარი თავის ამაღლების მცდელობა ან ამპარტავნება; როგორ შთაბეჭდილებას გვიტოვებს მისი სიტყვები? - აღშფოთებას, მშფოთვარებას, მედიდურობას და ა. შ. თუ თავმდაბლობას, მორჩილებას, საკუთარი უღირსების შეგნებას და სხვა.
რადგან ჩვენ თვითონ ბუნდოვანი წარმოდგენა გაგვაჩნია ხიბლის შესახებ, ხშირად ისეც ხდება, რომ ადამიანი უდებებას იჩენს სინანულის მიმართ, არ ელტვის სულიერ განწმენდას, არ იბრძვის ვნებათა წინააღმდეგ, არ ლოცულობს და კიდევ, - პირადი გამოცდილებით არა აქვს ცოდნა ხიბლისმიერ სულიერ მოქმედებებზე, ხოლო როდესაც აფასებს სხვა ადამიანთა სულიერ მდგომარეობას, რომელიც მისი მდგომარეობის საპირისპიროა, უბრალოდ განიკითხავს მას ან რაღაც შორეულზე მსჯელობს. სწორედ ასეთ ადამიანს არ სწამს, ან ეშინია ხიბლის და მასში ვიღაცას ადანაშაულებს.
წმ. გრიგოლ სინელი (ლოცვისა და მდუმარების შესახებ): "და მადლი, რომელიც მრავალი შრომისა და ღვაწლის შემდეგ გვეძლევა, ხბილად გვიჩნს, ხოლო თუ სხვა მოსაგრეებში მის მოქმედებაზე გვესმის, შურის გამო მივიჩნევთ, რომ ეს ხიბლია".
წმ. მაქსიმე აღმსარებელი (თავნი სიყვარულის შესახებ. მესამე ასეული, მ. 81): "თუ გსურს, რომ ჭკვიანი და ამასთანავე თავმდაბალიც იყო და ამპარტავნობის ვნებას არ დაემონო, საგნებში ყოველთვის ის ეძებე, რაც შენი გონებისთვის დაფარულია და როცა მიხვდები, რომ ბევრი რამ შენთვის უცნობია, საკუთარ უვიცობას აღიარებ და საკუთარ სიბრძნეს დაამდაბლებ. საკუთარი არარაობის შეცნობასთან ერთად კი მრავალ დიად და საოცარ საგანს შეიცნობ. საკუთარ ცოდნაზე ოცნება კი შემეცნებაში წარმატებას ვერ მოგიტანს".
წმ. გრიგოლ სინელი (სათნოთმოყვარება. ტ. 5): "ჭეშმარიტად, ხორციელნი და თავმოყვარენი, რომლებიც თავმომწონეობენ ყოველთვის გემოთმოყვარებასა და ამპარტავნებას ემსახურებიან; შური მყარად არის დაბუდებული მათში. ბოროტი სიხარულით გამხმარნი და მოყვასის წარმატებებით დაბოღმილნი, ცილს სწამებენ კეთილს, ვითარც ბოროტს, ვითარც ვითომცდა ხიბლისგან წარმოშობილს, და არ შეიწყნარებენ მას "ვინც სულისგან არის", ან არ სწამთ მისი; ამგვართ, თავიანთი მცირედმორწმუნეობითა და სულიერი სიბრმავით, არც ღმრთის ხილვა ძალუძთ და არც მისი შემეცნება, ამიტომაც სამართლიანად მოისმენენ: "არა გიცნი თქუენ" (მათე 25:12).
ამიტომაც ვისარგებლოთ კეთილგონიერებით და შევიგნოთ, რომ არ შეუძლია ხიბლზე იმსჯელოს იმან, ვინც თვითონ იმყოფება ხიბლში, ანუ იმან, ვინც მოსაგრეობის გზაზე არ შემდგარა, არც ლოცვა უსწავლია და არც აზრთა გარჩევა; მას, ვისაც არც ერთხელ არ განურჩევია თავისი აზრი მტრის აზრისგან და არ შეწინააღმდეგებია; მას, ვისშიც მოიხილვება ვნებიანი აზრები და წარმოსახვანი ათსგვარი ოცნებებითა აქვს სავსე.
რაც შეეხება შიშს ხიბლის მიმართ, წმიდა მამები ამბობენ, რომ მისი კი არ უნდა გვეშინოდეს არამედ ვიღვწოდეთ და ვსწავლობდეთ, მუდმივად ვებრძოდეთ ვნებებს და ცოდვას. და მაშინ, ღმრთის მადლი ასწავლის ადამიანს გაარჩიოს რა არის კეთილი მისთვის და რა ცუდი.
წმ. იოანე ოქროპირი (ტ. 2. ნაწილი 1. ეშმაკის შესახებ. ჰომილია 2): "... ცოდნა ეშმაკის შესახებ უსაფრთხოებას მოგვიპოვებს: ის ჩვენი ცხოვნების მტერია, მტრის შესახებ კი უსაფრთხოების მიზნით მკაფიო წარმოდგენა უნდა გქონდეს"
წმ. გრიგოლ სინელი (ხიბლის შესახებ): "მისმინე, მე მინდა, რათა შენ ზუსტად იცოდე ხიბლის შესახებ, უფრთხოდე მას და უმეცრებით მავალმა არ დააზიანო შენი თავი და შენი სული. ადამიანის თავისუფალი არჩევანი ადვილად მიიდრიკება მტრების საზოგადოებისკენ, განსაკუთრებით გამოუცდელებში, რადგან ყველაზე მეტად მათზე ნადირობენ ეშმაკნი".
3. უწმინდურ სულთა მრავალგვაროვნობა და მათი ზემოქმედების მრავალსახოვნება
აბბა სერენი (იოანე კასიანეს პირველი გასაუბრება, თ. 32): "უწმინდური სულები, უდავოდ, იმდენსვე იქმან რამდენსაც ადამიანები. ზოგიერთი მათგანი (რომელთაც ხალხში უბრალოდ ფავნებს ან ტყის ღმერთებს უწოდებენ) მაცთური და ხუმარაა, ისინი მუდმივად იკავებენ ცნობილ ადგილებს გზებზე, არ ერთობიან მოგზაურთა წამებით, რომელთა მახეში გაბმა მათთვის ადვილია, არამედ მხოლოდ დაცინვებითა და ანცობით კმაყოფილდებიან; ისინი ადამიანთა შეშინებას უფრო ცდილობენ, ვიდრე დაზიანებას; ზოგიერთი მხოლოდ ღამისეულ უვნებელ თავდასხმებს აწყობს ადამიანებზე (მაგ.: წარმოუსახავს ხოლმე მათ საშინელებებს); მაგრამ, ზოგიერთი იმდენად მძვინვარე და გააფთრებულია, რომ არ კმაყოფილდება რა ადამიანის დაუფლებული სხეულის ულმობელი ტანჯვით, ცდილობს სხვებსაც დაესხას თავს და სასტიკი დარტყმებით მოწყლას ისინი, როგორც ეს აღწერილია სახარებაში (იხ. მათე 8:28) და ნათქვამია, რომ მათი შიშით "ვერავინ ბედავდა ამ გზაზე გავლას" (მათე 8:28). ისინი იმდენად მძვინვარენი არიან, რომ აკმაყოფილებთ მხოლოდ ომები და სისხლისღვრები.
არიან ისეთი დემონებიც, რომლებიც მათ მიერ შეპყრობილ ადამიანს ამპარტავნებით აღავსებენ, ჩააგონებენ მედიდურობას ან პირიქით, დაკნინებას და ესენიც ხდებიან მლიქვნელები; თუმცა, დემონები მათ ხან სახელგანთქმულობისკენ უბიძგებენ, ხან კიდევ მაჩვენებლობისკენ, რადგან ჩააგონებენ, რომ ღირსნი არიან ყოველთა ყურადღების. ზოგიერთი ეშმაკი ცდილობს ადამიანებს შთააგონოს არა მარტო სიცრუე, არამედ მკრეხელობაც. ჩვენ ამგვარი საქმეების მომსწრენიც ვართ. გვსმენია, როგორ აშკარად აღიარებდა დემონი, რომ არიოზისა და ევნომეს პირით წარმოშვეს უკეთური და მკრეხელური სწავლებები. ასევე მე-3 მეფეთა წიგნში წერია, რომ ამგვარ სულთაგან ერთ-ერთი ამბობს: "გავალ და სიცრუის სულად ვიქცევი ყველა მისი წინასწარმეტყველის ბაგეში" (3 მეფ. 22:22; 2 ნეშტთა 18:21).
მოციქული, რომელიც ამხელს ამგვარ სულთაგან ცთუნებულთ ბრძანებს, რომ "უკანასკნელ ჟამს რწმენისაგან განდგებიან ზოგიერთნი და შეუდგებიან მაცდურ სულთა და დემონთა მოძღვრებას" (1 ტიმ. 4:1-2). სახარება ადასტურებს, რომ არიან სხვა სახის დემონებიც, მაგალითად, ყრუ-მუნჯობისა (ლკ. 11:14; მკ. 9:25). წინასწარმეტყველი ასევე ახსენებს ვნებისა და გემოთმოყვარების დემონს, და ამბობს: "ბოზობის სულმა შეაცდინა ისინი და განუდგნენ თავიანთ ღმერთს" (ოსია 4:12).
წმიდა წერილი ასწავლის, რომ არიან დღისა და შუადღის დემონებიც (ფსალმ. 90:6). მათ განსხვავებაზე რომ გვესაუბრა, მოგვიწევდა წმიდა წერილის ყველა იმ ადგილის განხილვა, რომლებშიც წინასწარმეტყველი ზოგიერთ მათგანს მიკიოტს წინასწარმეტყველი, ზოგს კი - ალქაჯს, ზოგს სირინოზსა და ზოგს - ვირკენტავროსს, ზოგს ალსა და ზოგს კიდევ - ოჩოკოჩს (იხ. ესაია 13:21-22; 34:11-14), ზოგს ასპიდსა და ზოგს - ვასილისკოსს, ზოგს ლომსა და ზოგს კიდევ - გველეშაპს (ფსალმ. 90:13); ზოგს მორიელს (ლუკა 10:19), ზოგს ამა ქვეყნის მთავართ (იოანე 14:30), ზოგს კი - ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთ (ეფეს. 6:12).
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სახელწოდებები მათ შემთხვევით, მიზეზგარეშე როდი ეწოდათ, არამედ იმ მხეცთა შესაბამისად, რომლებიც მეტ-ნაკლებად მავნენი და დამღუპველნი არიან. ამგვარი შედარებით აღინიშნება მათი მძვინვარება და სისასტიკე, ედრებიან ქვეწარმავლებს მათი შხამიანი და მომწამვლელი ბოროტების გამო, ან იმ მეთაურობის მიხედვით, რომელიც გააჩნია ზოგიერთ პირუტყვს თავისი ძლიერებითა და ბოროტებაში აღმატებულებით.
თავისი დაუოკებელი მძვინვარების გამო მიიღო ზოგიერთმა დემონმა ლომის სახელწოდება, ზოგმა კი თავისი მომაკვდინებელი შხამის გამო - ვასილისკოსი, რომელიც მანამდე კლავს, სანამ მსხვერპლი რამეს იგრძნობდეს; ზოგს ვინკენტავროსი უწოდა წერილმა, ზოგს ზღარბი ან სირაქლემა თავისი ბოროტების სიმჭკნარისა და უხალისობის გამო".
ტიხონ ზადონელი: "ამიტომაც მზაკვარებმა და ეშმაკებმა მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებიან იციან როგორ მიეახლონ ადამიანს, რომელი მხრიდან დაესხან თავს და ასევე, როგორ ან რითი მოწყლან მისი სული; იციან მიახლება სიკეთის ან ბოროტების სახით, იციან თავიანთი შხამის მოთაფლვა და ბოროტებით სიკეთისგან განშორება, ხშირად კი ჩვენი მოჩვენებითი სიკეთითაც გვებრძვიან და მედიდურობაში გვამყოფებენ".
თეოფანე დაყუდებული (118-ე ფსალმ. განმარტება. მ. 85): "ბოროტი სულები ჩვენს საქმეებში იმაზე მეტად მონაწილეობენ, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია. ნაბიჯს ვერ გადავდგამთ ისე, მათ რომ რაიმე არ ჩაგვიკვეხონ, ამიტომაც გვაფრთხილებს უფალი: "ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ" (მარკ. 13:37).
ნიკოლოზ სერბი ("თეოდულე ანუ ღვთის მონა". თ. "სულები"): "უხორცო სამყარო - ეს არის ანგელოზთა სამყარო, ბნელეთისა (დემონები - "აპოკ." რედ.) და ნათლის (წმიდა ანგელოზები - "აპოკ." რედ.) მკვიდრნი, ისინი, ვინც თავიდანვე არიან ჩართულნი ადამიანური ყოფიერების დრამაში. მათი მნიშვნელოვანი როლის გარეშე კაცობრიობის ისტორია არ იქნებოდა ის, რაც ის ახლა არის.
აქაა ის ბოროტი სული, ღმრთისმოძულე, რომელმაც მოატყუა ევა სამოთხეში; აქაა ისიც, ვინც კაენი თავისი ძმის, აბელის მოსაკლავად წააქეზა; და ისიც, ვინც კვლავ წააქეზა ლამექი (დაბ. 4:23-24) მიებაძა კანისთვის და მასზე უარესი ექნა (დაბ. 4:19-24). აქვე არიან ის ბოროტი სულები, რომლებმაც ადამიანები ჩამოაშორეს ღმერთს გულბოროტობისა და ყოველგვარი დაუმორჩილებლობის სახით. სწორედ ისინი იყვნენ წარღვნის პირველმიზეზნი; ამიტომაც ღმერთმა დაუშვა, რათა მოესპო ცოდვაში შთავარდნილი მთელი კაცობრიობა და ნოედან დაეწყო კაცობრიობის ისტორიის ახალი თავი. აქვე არიან ის ღმრთიმოწინააღმდეგე სულები, ვინც ადამიანებს ბაბილონის გოდოლის მშენებლობა ჩააგონა, რათა ყველას ერთად ეცხოვრა ღმრთის ნების გარეშე, იმ ღმრთისა, რომელმაც შეიყვარა ისინი, დედამიწაზე ცხოვრება უკურთხა და უთხრა: "ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს" (დაბ. 1:28; 9:7).
აქვე არიან ის ბილწი სულები, რომლებიც უსიყვარულობას თესავენ შვილებსა და მშობლებს შორის. მათ ასწავლეს ქამს მამის (ნოეს) დაცინვა, მის გამო წყევლა მოეფინა მის შვილს ქანაანს და მის შთამომავლობას (დაბ. 9:20-27). აქვე არიან გარყვნილებისა და სოდომიის სულები, რომლებმაც ადამიანები პირუტყვებზე უარეს არსებებად გარდაქმნეს და რომელთა გამოც მოიწია განადგურებამ სოდომზე (დაბ. 19). აქვე არიან კერპთაყვანისმცემლობის, მკითხავობის და მჩხიბავობის მდაბიო სულები, რომლებიც განივრცნენ მთელს ცისქვეშეთში, განსაკუთრებით ეგვიპტესა და ქანაანში, მზაკვარი სულები, რომლებიც მრავალღმერთობას ასწავლიდნენ ადამიანებს, რათა ბოლოს და ბოლოს იქამდე მიეყვანათ ისინი, რომ არც ერთი მათგანის რწმენა ჰქონოდათ და სრულიად უღმრთონი სატანის მსახურები გამხდარიყვნენ.
აქვეა ის სულიც, რომელიც მართალ იობს აცთუნებდა, მაგრამ იობმა დაამარცხა იგი; აქვეა მეფე საულთან შესული ბოროტი სული, რომელმაც ის დავითის წინააღმდეგ აამხედრა (იხ. 2 მეფ. 2:4; 5:1-2), სანამ ბოლოს და ბოლოს არ დაღუპა თვით საული; აქვე არიან კერპთაყვანისმცემელ მღვდელთა და წინასწარმეტყველთა შთამაგონებელი ბოროტი სულები, რომლებსაც უსმენდნენ აქაბი და იეზაბელი (1 მეფ. 31:4-10), მაგრამ დიდებულად ამხილა წინასწარმეტყველმა ილიამ და დახოცა ისინი (3 მეფ. 16-22).
აქვეა, ძმაო თეოდულე, ბოროტ სულთა ლეგიონები და ლეგიონები, რომლებიც ბოროტების მარცვლებს თესავდნენ და თესავენ კაცთა სულებში, აჩაღებდნენ და აჩაღებენ სიძულვილს ღვიძლ ძმებს შორის, ტომთა და ხალხთა შორის; რომლებიც ამაოებას უმონებენ ადამიანებს და კაცთა მოდგმას რყვნიან ვნებებითა და ბიწიერებით, - ერთი სიტყვით, თავიანთი ბინძური და ამაზრზენი საშუალებებითა თუ მეთოდებით იბრძოდნენ და იბრძვიან ღმრთისა და მისი სჯულის წინააღმდეგ.
ცისქვეშეთის ყველა ამ ბოროტ სულთა, ჯოჯოხეთის ამ ნაყარის მეთაური, ცდილობდა მთელი ორმოცი დღისა და ღამის განმავლობაში ეცთუნებინა უდაბნოში მყოფი მესია, ძე ღმრთისა, მაგრამ დამარცხებულ, შერცხვენილ და განდევნილ იქნა".
ამრიგად, როგორც ვხედავთ არსებობს სხვადასხვა სახის ბოროტ სულთა ურიცხვი რაოდენობა, და ბუნებრივად, მათი შესაბამისი მოქმედებებიც. ამიტომაც მოკლედ განვიხილავთ ამ საკითხს ჩვენი ღმერთის წყალობით, რომელსაც ეკუთვნის დიდება და პატივი აწ და, მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
განყოფილება 1.1: შეპყრობილობის შესახებ
ერთ-ერთი გავრცელებული ფობია (შიში) მტრის წინაშე გახლავთ დემონით შეპყრობილობის შიში, ამიტომ დეტალურად განვიხილოთ, რა არის შეპყრობილობა, შემდეგ კი გადავიდეთ ხიბლის საკითხზე.
განსხვავება შეპყრობილობასა და საზოგადო ხიბლს შორის
არსებობს განსხვავება ნამდვილ შეპყრობილობასა და მტრისეულ შთაგონებას შორის, და, შესაბამისად, ისინი შეპყრობილობად და ხიბლად იწოდებიან. აქედან გამომდინარეობს, რომ ყველა ცოდვილი ადამიანი ხიბლშია, ანუ ექვემდებარება შთაგონებას, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ ესმით ან თავს მოხიბლულად არ მიიჩნევენ. შეპყრობილობაში კი მცირედნი არიან, თუმცა მრავალი საკუთარ თავს შეპყრობილად მიიჩნევს მტრის მოქმედებათა უცოდინრობისა და მის წინაშე შიშის გამო. ეკლესიის მამების თქმით ხიბლი შეპყრობილობაზე უფრო საშიშია.
წმ. გრიგოლ პალამა (1296–1357) წერს: "ვინც ღმრთისაგან არის, ღმრთის სიტყვებს ისმენს" (იოანე 8:47), ამბობს უფალი; ანუ ის, ვინც ემორჩილება ღმრთის მცნებებს, სიტყვას საქმედ აქცევს, ცხოვრობს და მოქმედებს ქრისტეს სწავლების მიხედვით, და იქმნს ზეციერი მამის ნებას, "ღმრთის მემკვიდრენი და ქრისტეს მემკვიდრენი" (რომ. 8:17) ხდებიან. ხოლო ვინც არ ისმენს ღმრთისას და ცოდვებს ჩადის, ასევე, უკანმოუხედავად ეკვრის მას, ხოლო "ვინც სცოდავს, ცოდვის მონაა" (იოანე 8:34) და "ღვთისაგან არ არის იგი" (1 იოანე 3:10), არამედ "ბოროტისმიერია" (მათე 5:37). ასეთი ბოროტი ნებით რყვნის ღმრთითბოძებულ ბუნებას, და წარწყმედის მამას (ეშმაკს) ემსგავსება. ამიტომაც უთხრა უფალმა იუდეველთ: "თქვენ მამათქვენის - ეშმაკისაგან ხართ და მამათქვენის სურვილთა აღსრულება გსურთ" (იოანე 8:44). ამგვარნი კი თვით აშკარად შეპყრობილებზე უბედურნი არიან, თუმცა მრავალთა ყურადღების მიღმა რჩებიან. ეს იმიტომ ხდება, რომ ეშმაკის მიერ შეპყრობილნი ტანჯავენ საკუთარ სხეულს და ზოგჯერ სხეულებრივ ზიანს აყენებენ შემხვედრთაც; ხოლო ბოროტის მოთავისადმი მიმსავსებულნი თავიანთი მზაკვარი ვნებებით და საქმეებით წარწყმედენ საკუთარ სულს და მათთან გაუფრთხილებლად მიახლოვებულთ. ხოლო სიკვდილის ჟამს შეპყრობილნი თუ სხეულთან ერთად იხდიან დემონურ გაბოროტებასაც, მოუნანიებლად შემცოდენი უკვდავი და უკურნებელი წყლულებით არიან დასნებოვნებულნი. ამიტომაც დემონის მიერ სხეულებრივად აშკარად შეპყრობილს შევიბრალებთ, ხოლო მკვლელსა და ვერცხლისმოყვარეს, ამპარტავანს და ურცხვს, დაუმორჩილებელსა და ღმერთს ამხედრებულს არა თუ არ შევიბრალებთ, არამედ მოვიძულებთ კიდეც. რადგან თუ პირველი (შეპყრობილი) უნებურად ექვემდებარება ტანჯვას, ცოდვის მოყვარული თვით იწვევს საკუთარ თავზე მის მიერ არჩეულ უბედურებას და ზოგჯერ შინაგანადაც იტანჯება ავადმყოფური გარყვნილებითა და ბოროტზნეობით".
მტერი, სარგებლობს რა მრავალი ადამიანის ასეთი უმეცრებით, შთააგონებს მათს, რომ ისინიც შეპყრობილები არიან და შიშითა თუ ცთომილებებით განაშორებს ბრძოლას ვნებებთან და გამუდმებულ ლოცვებს. ამიტომაც უნდა განვასხვავოთ ნამდვილი შეპყრობილობა ვნებათა მოქმედებისგან, რადგან პირველ რიგში ვნებებით შეპყრობილობა ყველა ადამიანში ვლინდება თავისი ცოდვისმიერი მოსურვებით, და არა დემონთამიერი აშკარა თუ დაფარული შეპყრობილობით.
შემჩნეულია, რომ გაღიზიანებადი ადამიანები, მრისხანების ძლიერი, ამასთანავე ხანგრძლივი აგონიისა და მთელი მისი მტანჯველობის განცდის შემდეგ, როგორც იტყვიან, ბარხატივით ლბებიან, ხდებიან მორჩილნი და თავმდაბალნი. რაც ითქვა ბრაზიანობასა და გაღიზიანებადობაზე, იგივე უნდა ითქვას სხვა ვნებებზეც. თვით უფალმა მათთვის სასჯელი თვით მათსა და მათ უკიდურეს აგონიაშივე მიგვანიშნა. ასე ისჯება სიამაყე, შური, სიძულვილი, სიძუნწე, ვერცხლისმოყვარება. ყოველ ვნებას ჰყავს მისით შეპყრობილი ყოველი კაცის საკუთარი მასწავლებელიც და ამავდროულად ჯალათიც.
ყოველი ადამიანი დედამიწაზე ცოდვის ციებ-ცხელებითაა დაავადებული, მას სჭირს ცოდვითი სიბრმავე და ცოდვის სიცოფით არის შეპყრობილი; ხოლო რაკიღა ცოდვა უფრო მდგომარეობს სიბოროტესა და ამპარტავნებაში, ყოველ ადამიანს, როგორც ცოდვის სნეულებით მოწყლულს, უნდა მოვეპყრათ თვინიერი სიყვარულითა და გულისხმიერებით - ეს არის მთავარი ჭეშმარიტება, რომელსაც ხშირად ვივიწყებთ; ჩვენ ძალიან ხშირად ვმოქმედებთ მის საწინააღმდეგოდ: სიბოროტეს საკუთარ ბრაზიანობასა და სიბოროტეს ვუმატებთ და ამპარტავნებას ამპარტავნებითვე ვებრძვით. ასე იმატებს ჩვენში ბოროტება და არ იკლებს; არ იკურნება, არამედ უფრო და უფრო სნებოვნდება.
მაგრამ არა მარტო ასეთ აშკარად არანორმალურ გამოვლინებებში შეიმჩნევა შეპყრობილობა. არსებობს მთელი რიგი მოვლენები, რომლებსაც ყველაზე ჩვეულებრივ რამედ მივიჩნევთ, რომლებიც განსაკუთრებულ ეჭვსა და განგაშს არ იწვევენ, და რომლებიც, მიუხედავად ამისა, უეჭველად დაკავშირებულნი არიან ბოროტი სულის მოქმედებასთან. ეს არის ე. წ. აფექტები, ანუ სხვადასხვაგვარ ვნებათა აფეთქებანი. განსაკუთრებულად შესამჩნევია უცხო მტრული ძალის ყოფნა ვნებათა ბობოქარ და დამანგრეველ შემოტევებში. ესენია: მრისხანება, ეჭვიანობა და ა. შ. თითქმის ყველა მკვლელი, რომელმაც სიცოცხლე მოუსწრაფა თავის მსხვერპლს სიფიცხისა და გაბოროტების წუთებში, შემდეგ ამის შესახებ რომ ჰყვებიან, ამბობენ, რომ ისინი ამ მომენტში გრძნობდნენ თითქოსდა "ვიღაცამ მათი გული შეიპყრო". სავარაუდოდ, ყოველი ჩვენგანი, თუკი მას ოდესმე განუცდია მრისხანებისა და გაბოროტების მსგავსი შემოტევები, დაგვეთანხმება, რომ ისიც დაახლოებით იმასვე გრძნობდა და, მასაც თითქოსდა რომელიღაც გარეგანი ძალა ფლობდა.
ჩვენი ვნებებიც ეშმაკით შეპყრობილობაა, მაგალითად, მრისხანება, ბრაზიანობა, შური და სხვა. ეს ვნებები ადამიანში შეიძლება განვითარდნენ მიწიერი სიმდიდრისადმი მიდრეკილების, მძიმე ცოდვებისა და სხვადასხვა დაავადებების დროს. ბოროტი სული ეუფლება ადამიანს, იმონებს მის ნებას, რის შედეგადაც ადამიანს ეუფლება ბოროტი უსასოობა, გაღიზიანებადობა და გასაგებია, რომ ამგვარი ადამიანი უნდა აკვირდებოდეს საკუთარ თავს და ცდილობდე ამ ბოროტ სულთაგან გათავისუფლებას... ასე, მაგალითად, მრისხანებით შეპყრობილი ადამიანი ეშმაკით შეპყრობილია, მასში ეშმაკები ბობოქრობენ. შური, სიძულვილი, განკითხვა, ლოთობა, გარყვნილება - ასევე ეშმაკით შეპყრობილობაა. ასე რომ ნუ გვიწყენთ, თუ ვიტყვით, რომ ტაძარში მდგომთაგანაც მრავალი მსგავსი დემონითაა შეპყრობილი, რადგან იმ ადამიანთა მთავარი თავისებურება, რომლებიც უწმინდურ სულებს შეუპყრია, - მხოლოდ სისაძაგლისა და ბოროტების კეთებაა.
არ იცნობთ ადამიანებს, რომლებიც ყოველთვის ცრუობენ, უსასრულოდ იტყუებიან, და არც ერთ მართალ სიტყვას არ იტყვიან?! განა შეპყრობილნი არ არიან ისინი სიცრუის უწმინდური სულის მიერ, რომელსაც უფალმა სიცრუის მამა უწოდა. და ვინ არის ეს სული, თუ არა - ეშმაკი? ხოლო როდესაც თქვენ ხედავთ გარყვნილებაში გახევებულ მეძავს, არ იტყვით მაშინ, რომ ისიც მრუშობის დემონით არის შეპყრობილი? ის ავაზაკები, ბანდიტები, რომლებიც ათობით ადამიანს ჰკლავენ გაძარცვის მიზნით და მზად არიან დაკლან თვით მეძუძური ჩვილებიც კი, განა არ არიან სისხლს მოწყურებული, მკვლელი და მოძალადე დემონებით შეპყრობილნი? ეს ყველაფერი შეპყრობილობაა და ამგვარი შეპყრობილები ბევრია ჩვენ შორის.
რამდენად შორს ვართ მათგან? - არა, არ ვართ შორს. ჩვენ ყველანი შეპყრობილები ვართ სიამაყით, ამპარტავნებით, პატივმოყვარეობით, დიდებისმოყვარებით, შურით. ეს კი რა არის? ესეც პატივმოყვარებისა და შურის დემონებით შეპყრობილობაა. ეშმაკეული დღემდე უამრავია და ბევრნი არიანი ისინი ჩვენს შორისაც, ოღონდ ისეთები არა, როგორიც იყო ღადარინელი ეშმაკეული, მაგრამ მაინც, ეშმაკით შეპყრობილი ძალზედ ბევრია.
არსებობს ასევე მოჩვენებითი ეშმაკეულობა.
ვინმე თუ იკითხავს, არსებობს თუ არა ჩვენს დროში ეშმაკეულობა? - ამაზე შეგვიძლია დადებითად ვუპასუხოთ: დიახ, ისინი დღესაც არსებობენ. მაგრამ, ზოგჯერ ხდება მოჩვენებითი ეშმაკეულობა, თუმცა ის შეიძლება ნამდვილიც იყოს.
ადამიანთაგან ზოგიერთს ზედმეტად სჯერა ეშმაკეულობის და მას საკუთარ თავსაც მიაწერს, რადგან ზუსტად არ უწყის ეშმაკეულობის ჭესმარიტი არსი; სხვებმა არ იციან ის, რომ მათი შეპყრობილობა მდგომარეობს მათ ვნებიან გულში, სადაც ეშმაკნი ბუდობენ.
ჩვეულებრივ ადამიანებს, თვით ქრისტიანებსაც კი, რომლებიც არ უარყოფენ ეშმაკთა არსებობას, შეგნებული არა აქვთ, რომ ისინი შეპყრობილნი არიან დემონებით. ბევრია შეპყრობილი, მაგრამ ისინი უფრო ფაქიზად ავლენენ ამ სნეულებას და დემონებიც მათში ისე უხეშად არ მოქმედებენ, როგორც ღადარინელი ეშმაკეულის სულსა და სხეულზე. და ყველამ უნდა იცოდეს, არ არსებობს დღე ეშმაკი არ ცდილობდეს ჩვენს მიდრეკას სიკეთის გზიდან ბოროტებისკენ. ისინი მთელი ძალებით ცდილობენ ამას, ყოველ დღე, ყოველ საათს და მზაკვრულად მოქმედებენ ჩვენს გულებზე, რამეთუ ისინი იქ ცხოვრობენ და ჩვენც შეპყრობილნი ვართ მათით.
ეშმაკი ყოველთვის ცდილობს დამალოს თავისი ყოფნა ცოდვილ ადამიანში, მაგრამ ამას ყოველთვის ვერ ახერხებს, რადგან ადამიანური ბუნების ფარდა, ხორცის სიუხეშისა და მიწიერების პირობებშიც, მისი სახის ყველაზე ძლიერი გაშავების შემთხვევაშიც კი - ჯერაც საკმაოდ გამჭვირვალეა ჯოჯოხეთის ძალთათვის. ბოროტი ძალა, რომელიც ჩვეულებისამებრ დამალულია სულის სიღრმეში, ზოგჯერ უცებ გამოხტება ცოდვილის სულიდან, ეშმაკის სახე იშვიათად გამოკრთება ადამიანის კეთილსახოვნებიდან, რომელსაც ხშირად ატარებენ მშვიდობისმოყვარენი, და როდესაც ასეთ ადამიანს უმზერენ არ იციან რა იფიქრონ მასზე, და ყველაზე ახლო ნათესავებიც კი მზად არიან გაექცნენ მას და შეძრწუნებულნი ამბობენ: მასში ბოროტი სულია! ეს ადამიანი კი არა ეშმაკია. ყველაზე უბედური ცოდვილიც კი, მიუხედავად ყოველივე ბოროტისკენ და ეშმაკეულისკენ მისი მიდრეკილების გამო, დრო და დრო გრძნობს, რომ უფსკრულში იმყოფება, რომ შეკრულია ბოროტების საკვრელებით, რომ მის სულში თითქოსდა ვიღაც ზის მასზე ასჯერ უფრო ბოროტი და შავი, რომ ის უხილავი და ღმრთისმოწინააღმდეგე ძალის გავლენას განიცდის. აქედან მოდის ცოდვილთა მძიმე და შემაძრწუნებელი ოხვრანი და გამოთქმანი: მე დაღუპული ადამიანი ვარ! ცოდვისკენ ეშმაკეული ძალა მექაჩება! მე უკან ბოროტი სული დამდევს! უკეთესი იყო არც დავბადებულიყავი! და ა. შ.
არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც დაქვემდებარებულნი არიან შემდეგი სახის უკიდურესობას - ისინი უარყოფენ ან ეჭვობენ წმიდა მამათა სწავლებებს მტრის (ეშმაკის) მოქმედებებთან დაკავშირებით. ასე, მაგალითად, გვხვდება აზრი, რომ მტრის მოქმედება, მიმართული ადამიანის წინააღმდეგ, იქნება ეს შთაგონებით თუ სხვაგვარი ზემოქმედებით - გამონაგონია, ეს არის ადამიანის თავის ტვინის მუშაობის შედეგი, ფიზიოლოგია, ბუნებრივი მოვლენა და ა. შ., და ამიტომაც, ამგვარ მოვლენებს ყურადღებას არ უნდა ვაქცევდეთ. მაგრამ, წმინდანები, უარყოფენ რა ამგვარ შეხედულებას, არა მარტო აქტიურად ქადაგებენ, არამედ განგვიმარტავენ კიდევაც თუ რატომ და როგორ არის ეს შესაძლებელი.
მარკოზის სახარების მეხუთე თავში მოთხრობილი ამბავი ეშმაკეულის განკურნებაზე პრინციპულად უარყოფს იმ რაციონალისტა მჭევრმეტყველებას, რომლებსაც არ სწამთ უწმიდურ სულთა და ეშმაკეულთა არსებობა და ყოველივეს ადამიანის ავადმყოფურ მდგომარეობას მიაწერენ. ასეთ სნეულებებად კი ასახელებენ: ეპილეფსიას, კრუნჩხვებს, ნერვულ აშლილობებს ან კიდევ სხვა მსგავს დაავადებებს. წმიდა მარკოზის თხრობა და ის დეტალები, რომლებიც მას მოჰყავს: დემონების გადასვლა ღორების კოლტში, შემდეგ ამ კოლტის დაღუპვა, ამის შემდეგ შეპყრობილის განკურნება - არანაირად არ ურიგდება მსგავს განმარტებებს. აქ შესაძლებელია მხოლოდ ერთი: ან უნდა უარყო სახარებიესეული თხრობა, და მიიჩნიო ის არარეალურ გამონაგონად, ან კიდევ დაუშვა ბოროტი სულის არსებობა. ჩვენთვის, სახარების მორწმუნეთათვის, რა თქმა უნდა, მხოლოდ მეორეა დასაშვები.
დემონები ზოგჯერ ადამიანის გულში იბუდებენ და იქ ჩუმად სხედან ისე, რომ კაცი არც კი ეჭვობს მის გულში ეშმაკნი რომ სახლობენ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს კაცი უარყოფს ყოველივე სულიერს და თვით ეშმაკთა არსებობასაც კი: ამით ის საკუთარ თავს უსპობს იმათი შემჩნევის შესაძლებლობას, ვისი არსებობისაც არ სწამს. მით უარესი მისთვის. თუკი ადამიანს არ სურს იცოდეს ეშმაკთა შესახებ, არ სწამს მათი არსებობისა, ამით დემონთათვის მიცემული აქვს მის გულში სრული და თავისუფალი მოქმედების უფლება, რადგან არ მიმართავს სიფრთხილის იმ ზომებს, რას ასეთ შემთხვევაშია საჭირო: არ ებრძვის მათ, როგორც ებრძოდნენ ბოროტ სულებს წმინდანები, და მთელი ძალისხმევით იგერიებდნენ ეშმაკთა თავდასხმებს თავიანთ გულებში; მათ შეეძლოთ საკუთარ გულში გაერჩიათ დემონთა მოქმედება ანგელოზთა მოქმედებისგან, ბოროტი სულის მოქმედება სულიწმიდის მოქმედებისგან. გასაოცარია, თუ როგორ ცნობდნენ წმინდანები ეშმაკთა მზაკვარებას და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ყველა საშუალებაც უწყოდნენ.
გაგრძელება იქნება.