Перейти к контенту

განმარტებანი - წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის 5 რჩევა სარწმუნოებაში დაეჭვებულთ - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
სწავლანი > განმარტებანი
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის 5 რჩევა სარწმუნოებაში დაეჭვებულთ
ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი. პასექი.
ეჭვი - სულიერი ცხოვების ბუნებრივი ნაწილია. თვით დიდი წმინდანები და ღვთისმეტყველებიც კი ხშირად წაწყდომიან საკითხებს რწმენის, ცხოვრების დანიშნულებისა და ღმრთის ბუნების შესახებ, რომლებშიც ვერ გარკვეულან.
 
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი (329-390), ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი მამა, ცნობილი თავისი სიბრძნით და თეოლოგიური გამჭრიახობით, გვაძლევს რჩევებს, რომლებიც შეიძლება დაეხმაროს მათ, ვინც დღეს სულიერ კრიზისს განიცდის და სარწმუნოების მრავალ საკითხში დაეჭვებულია.
 
აი, ხუთი საკვანძო იდეა, რომელიც გრიგოლ ღვთისმეტყველმა ღმერთის არსებობაში დაეჭვებულებს და ჩვენს ცხოვრებაში მისი განგებულების უარმყოფელებს მიუძღვნა.
 
 
1. ღმერთი ჩვენს წარმოდგენაზე აღმატებულია
 
წმ. გრიგოლი ხაზს უსვამდა, რომ ადამიანის გონებას არ ძალუძს ღმრთის სრული შემეცნება, რომელიც უსასრულოდ მეტია, ვიდრე ჩვენი წარმოდგენები მის შესახებ. ის ამბობდა: "თუკი ყველაფერი იცი, მაშინ მიპასუხე: სად არის რწმენის ადგილი?"
 
ეჭვები ხშირად ჩნდება იქ, სადაც კაცობრივი ლოგიკის ჩარჩოებში ცდილობენ ღმერთის წვდომას. მაგრამ რწმენა - ეს იმდენად სრული და აბსოლუტური შემცენება არ არის, რამდენადაც ნდობაა იმისადმი, ვინც ყოველგვარ შემეცნებას აღემატება.
 
რჩევა დაეჭვებულთ: ნუ შეუშინდებით გაურკვევლობასა და ბუნდოვანებას. რწმენა - ეს არის გზა, რომელზეც ზოგიერთი საკითხი მხოლოდ დროთა განმავლობაში იხსნება.
 
 
2. ჭეშმარიტი ღვთისმეტყველება ლოცვისგან იბადება
 
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობდა, რომ ღვთისმეტყველება უბრალო ინტელექტუალური დისციპლინა როდია, არამედ ღმრთის გამოცდილებითი შემეცნება, რომელიც გულისხმობს ლოცვას, თვითანალიზს და სულის განწმენდას ვნებათაგან. ღვთისმეტყველება, რომელიც დაკავშირებული არ არის ლოცვისა და ღვთისმოსაობის პირად გამოცდილებასთან, წმიდა მამას უსარგებლოდ და უაზროდ მიაჩნია.
 
ის ამტკიცებდა: "ღმერთზე ფიქრი (წმიდა მამათა მემკვიდრეობაში ასე იწოდება შინაგანი ლოცვა - ავტ.) სუნთქვაზე უმეტესია... და ამ ფიქრით საკუთარი თავი სიწმიდემდე აგვყავს. ამგვარად ვკრძალავ ფიქრშიც კი ღმრთისგან განშორებას, არამედ განუწყვეტელი ღვთისმეტყველებისკენ მოვუწოდებ; მეტიც, ვკრძალავ არა თუ ღმრთისმეტყველებისგან განშორებას, თითქოსდა ის რაიმე არაღვთივსათნო საქმე იყოს, არამედ უდროობას, უსწავლელობას და ზომის დაუცველობას".
 
სხვა ადგილას წმიდა მამა წერდა: "დიდი საქმეა ილაპარაკო ღმერთზე, მაგრამ ღმრთისთვის თავის განწმენდა - ამაზე უფრო დიდია".
 
ლოცვა - ეს მარტო თხოვნები როდია, არამედ ღმრთის შემეცნების შესაძლებლობაა მასთან პირად ურთიერთობაში. რაც უფრო მეტს ვლოცულობთ, მით უფრო იწმიდება ჩვენი სული და მით უფრო შორს მივდივართ ღმრთისშემეცნების გზაზე. ამრიგად, შეიძინე ახალი გამოცდილება, რომელსაც ღვთაების საიდუმლოში შევყავართ.
 
როგორც რელიგიური ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი ვლადიმერ ლოსკი თავის "მისტიკურ ღვთისმეტყველებაში" წერდა, "არ არსებობს ღვთისმეტყველება გამოცდილების გარეშე: საჭიროა ცვლილება, ახალ ადამიანად გარდაქმნა... შეუძლებელია იყო ღვთისმეტყველი და ღმერთთან შეერთების გზით არ იარო. ღმრთისშემეცნების გზა ეს უეჭველად განღმრთობის გზაა".
 
რჩევა დაეჭვებულთ: თუკი ეჭვობთ, ეცადეთ პასუხები ლოცვებში იპოვოთ, და არა მარტო წიგნებში ან მსჯელობებში. ღმერთი გვეხსნება არა არგუმენტებში, არამედ გულის სიმყუდროვეში.
 
 
3. რწმენის მნიშვნელობის აღიარებისას, ნუ უარყოფთ ცოდნას
 
ხშირად ღმრთისშემეცნების საკითხში გონების წინაშე პრიორიტეტს რწმენას ანიჭებენ, გრიგოლ ღვთისმეტყველი ქრისიანებს აფრთხილებდა არ უგულებელეყოთ საერო მეცნიერება და განათლება. ის მიიჩნევდა, რომ უმეცრება, სწავლის წინასწარგანზრახული უარყოფა, აზრი იმის შესახებ, რომ მეცნიერებები ღმრთისგან განაშორებენ ადამიანს, შეუთავსებელია ნამდვილ ქრისტიანობასთან. მსგავს შეხედულებებს ადამიანები ავრცელებენ იმისთვის, რათა გაამართლონ საკუთარი ზარმაცობა და ცოდნის უკმარობა.
 
ის წერდა: "ვფიქრობ, რომ ყოველს, ვინც კი გონიერია, პირველ სიკეთედ სწორედ განსწავლულობა უნდა მიაჩნდეს, და არა მარტო ის განსწავლულობა, რომელიც, უარყოფს რა ყოველგვარ მორთულობას და მჭევრმეტყველებას, ოდენ ცხონებას და გონებით საჭვრეტ სილამაზეს ჩასჭიდებია, არამედ გარეგან განსწავლულობას, რომელიც ქრისტიანთაგან მრავალს საკუთარი შეუგნებლობით საშიშ და ღმრთისგან განმაშორებელ რამედ მიუჩნევია.
 
მაგრამ ჩვენ არ უნდა დავაკნინოთ განსწავლულობა, როგორც ამას ზოგიერთი ცდილობს, პირიქით, სულელად და უმეცრად უნდა ვაღიაროთ ის, ვისაც, - მიჰყვება რა ასეთ აზრს, - სურს ყველა მისნაირი იყოს, რათა საზოგადო ნაკლოვანებაში დაჰფაროს საკუთარი უცოდინრობა და თავი აარიდოს უმეცრებაში მხილებას".
 
ეს არის შეხსენება იმისა, რომ რწმენა და გონება ურთიერთწინააღმდეგობაში როდი არიან, არამედ პირიქით, ავსებენ ერთურთს. როგორც მარტოდენ გონებით ვერ შევიმეცნებთ ღმერთს, ასევე ოდენ ბრმა რწმენით, განსჯის გარეშე, მხოლოდ ცდომილებამდე მივალთ.
 
რჩევა დაეჭვებულთ: ისწავლეთ, იკვლიეთ, იკითხეთ, იმსჯელეთ, იფიქრეთ. ნამდვილი რწმენა არ უშინდება კითხვებს და შეუთავსებელია უმეცრებასთან.
 
 
4. ტანჯვის გააზრებით ადამიანს შეუძლია მიუახლოვდეს ღმერთს
 
გრიგოლ ღვთისმეტყველი მიიჩნევდა, რომ ტანჯვისა და განსაცდელების გააზრებით ადამიანს შეუძლია უფრო ღრმად შეიმეცნოს ღმერთი და უფრო აშკარად შეიგრძნოს მისი თანადგომა.
 
ის წერდა: "რაც უფრო ძლიერ ვითრგუნები, მით უფრო ვუახლოვდები ღმერთს; ტანჯვა უმჭიდროვესად მაკავშირებს ღმერთთან; ჩემთვისაა ჩემ მადევარ მეომართა მხედრობა, რომლებიც მაიძულებენ კედელს შევაფარო თავი. შენ ნუგეშისმცემელებად გყავს - შვილები, ცოლი, მეგობრები, და თუკი დაკარგავ მათ - უდიდეს უბედურებას ეწვევი. მე კი შიმშილში, სიცივეში, ჭირვებაში და განსაცდელებში საყრდენად და სიხარულად - ღმერთი მყავს".
 
განსჯის რა იმის შესახებ, რომ ტანჯვები ხშირად ღმრთის დაშვებით ხდება ცოდვებში შთავარდნილი ადამიანის შესაგონებლად და მოსაქცევად, წმიდა მამა ამავდროულად გვაფრთხილებს თავი შევიკავოთ ტანჯვათა და კეთილდღეობათა ძველაღთქმისეული შეფასებისგან, როგორც ადამიანის ცოდვილიანობის ან სიმართლის მაჩვენებლისგან. არ შეიძლება ადამიანის შინაგან სამყაროზე ვიმსჯელოთ გარეგნული კრიტერიუმებით და მით საკუთარი თავი ღმერთად წარმოვიდგინოთ. ადამიანის ცხოვრებაში მიმდინარე ყოველი მოვლენის არსი მხოლოდ ღმერთმა იცის და ყველასთვის ცნობილი მხოლოდ მომავალ საუკუნეში გახდება:
 
(ადამიანები) "ბედავენ ასე ლაპარაკს: "ღმერთმა მოუვლინა ტანჯვა, ღმერთისგან არის ჩვენი კეთილდღეობა. და ვინ ვარ მე, რათა გავბედო საღმრთო განსაზღვრება და უფრო მეტად კეთილი ვიყო, ვიდრე თვით ღმერთია? დაე იყონ სიძნელეში, ჭირვებაში, განსაცდელში, დაე იტანჯონ: მაშასადამე, ასე დაიმსახურეს!" ვინც ასე მეტყველებს ის მხოლოდ მაშინაა ღმრთისმოყვარული, როდესაც საკუთარი ფულის შენახვა ადარდებს... მაგრამ ჯერაც უცნობია, ღმერთისგან ევლინებათ იმ უბადრუკთ სატანჯველები თუ არა, რადგან მატერიამ თვითონ, თავისთავად შეიძლება მიაყენოს ადამიანს მრავალი ჭირვება... და ვინ იცის, ბოროტი საქმეებისთვის ისჯებიან ზოგიერთნი, და საქებარი საქმეებისთვის აღზევდებიან სხვები? იქნებ, სულაც პირიქითაა: ეს ამაღლებულია თავისი ბიწიერების გამო, ხოლო ის სათნოებებში გამოიცდება; ეს მაღლა და მაღლა მიიწევს, რათა უფრო მტკივნეული და ღრმა იყოს მისი დაცემა... ხოლო მეორე ჩვეულებრივზე მეტად გამოიცდება, რათა, გაივლის რა ამ განსაცდელს, როგორც ოქრო განიწმინდება ღუმელში, უმცირესი ბოროტებისგანაც კი განიწმინდოს...
 
ზოგჯერ სასჯელს გარკვეული სარგებელი ამქვეყნადაც მოაქვს - ან იმისთვის, რათა უბედურებებით მოკვეთილ იქნას ბოროტი ბიწიერება, ან კიდევ ამქვეყნიური კეთილდღობით სათნოებისკენ სვლა გაუადვილდეთ კეთილთ - მაგრამ ასე ყველგან და ყოველთვის როდი ხდება; სრული მისაგებელი მომავალ საუკუნეს ეკუთვნის, სადაც ერთნი დაჯილდოვდებიან სათნოებათათვის, სხვები კი დაისჯებიან - ბიწიერებისთვის... აქ ყველაფერი სხვა კანონითა და სხვა ცოდნით ხდება, და ყველაფერი მიმართულია საიქიო ცხოვრებისკენ; ღმრთის თვალში, რა თქმა უნდა, სწორი შეიძლება იყოს ის, რაც ჩვენ უსწორმასწოროდ გვეჩვენება".
 
რჩევა დაეჭვებულთ: ისეც ხდება, რომ ტანჯვა ღმრთის სიკეთეში და მის განგებულებაში დაეჭვებას იწვევს. მაგრამ ხშირად სწორედ ტანჯვაში, თუკი ადამიანი მას გააზრებულად მიუდგება, გამოიწრთობა მისი რწმენა, ხოლო თვით ადამიანი აშკარად იგრძნობს ღმრთის მყოფობას თავის ცხოვრებაში. ნუ აღიქვამთ ტანჯვას, როგორც მხოლოდ ზეგარდმო მოვლენილ სასჯელს. შესაძლოა, ისინი თქვენზე დაშვებული იყოს იმისთვის, რათა გაძლიერდეთ და უფრო გაღრმავდეს თქვენი რწმენა.
 
 
5. სიყვარული - თვისება, რომელსაც ღმერთთან ავყავართ
 
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის აზრით, სიყვარული უმაღლესი საფეხურია ღმრთისშემეცნების გზაზე, რომელიც ღმრთის შიშს აღემატება და გამომდინარეობს სიბრძნისგან. სწორედ სიყვარულის მეშვეობით ხდება ადამიანის მიშვილება ღმერთთან.
 
ის წერდა: "კანონი, რომ "სიბრძნის დასაბამი - ღმრთის შიშია" (ფსალმ. 110:10; იგავნი 1:7), მხოლოდ პირველი სახვევია; სიბრძნე, რომელიც დაძლევს შიშს, გადადის სიყვარულში და შეგვქმნის ღმრთის მეგობრებად, მონობიდან ძეობამდე ავყავართ".
 
ღმერთი ჩვენ სულში მისდამი სიყვარულის მზარდობის საზომისაებრ გვეხსნება. ყველაზე პირდაპირი და ქმედითი მეთოდი ასეთი სიყვარულის განვითარებისა - სახარებათა მცნებების დაცვაა. როგორც თვით უფალმა იესუ ქრისტემ თქვა, "ვისაც აქვს ჩემი მცნებანი და იცავს მათ, მას ვუყვარვარ, ხოლო ვისაც მე ვუყვარვარ, შეიყვარებს მას მამაჩემი; მეც შევიყვარებ და ჩემს თავს გამოვუცხადებ მას" (ინ. 14:21).
 
ხშირად ღმრთის სიკეთეში დაეჭვება ადამიანური სისასტიკისა და უსამართლობის გამო ხდება. მაგრამ ამ ნეგატიურ მოვლენათა ძირითადი მიზეზი - ადამიანებში ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულის არქონაა, რომელსაც შეუძლია მხოლოდ სამყაროს საღმრთო მადლით აღვსება.
 
რჩევა დაეჭვებულთ: ეძებეთ ღმერთი იქ, სადაც არის სიყვარული და თანაგრძნობა. ეცადეთ არა მარტო იკითხოთ სახარება, არამედ იცხოვროთ მისი მცნებების შესაბამისად. ნამდვილი რწმენა საქმეში გამოიხატება და არა სიტყვებში.
 
 

***
 
 
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველმა დატოვა უზარმაზარი მემკვიდრეობა, რომელსაც შეუძლია სულიერ სირთულეებთან შეჭიდებული ადამიანის დახმარება. მისი რჩევები დღემდე აქტუალურია:
 
- მიიღეთ ის, რომ ღმერთი ჩვენს შემეცნებაზე აღმატებულია.
 
- ილოცეთ, რათა შეიმეცნოთ ღმერთი არა მარტო გონებით, არამედ გულითაც.
 
- ნუ გეშინიათ კვლევისა და განსჯის.
 
- განსაცდელები აღიქვით, როგორც რწმენის განმამტკიცებელი საშუალება.
 
- სიყვარული - ადამიანის სულში ღმერთის მყოფობის უმთავრესი პირობაა.
 
 
წყარო: foma.ru

მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2025 წ.
Назад к содержимому