სწავლანი > განმარტებანი
წმ. იოანე ოქროპირი
არაქრისტეანებთან გამოყენებული მისიონერული ხერხების შესახებ
"რატომ იყენებს მოციქული პავლე თავის ქადაგებაში წარმართ მწერალთა თხზულებებს?
იმიტომ, რომ წარმართებს განსაკუთრებული წარმატებით მაშინ ვამხელთ, როდესაც მათთვის ახლობელ მოწმობებსა და ბრალდებებს ვიმოწმებთ, როდესაც მათთვის პატივსაცემ ავტორებს მათსავ მამხილებლად წარმოვაჩენთ. ამიტომაც, სხვა ადგილას მან გამოიყენა სიტყვები: "უცნობ ღმერთს" (საქმე 17:23). ათინელებმა, თავიდან ყველა ღმერთი როდი შეიწყნარეს, თუმცა შემდგომში დანარჩენებიც აღიარეს, როგორებიც იყვნენ მაგალითად, ჰიპერბორეული ღმერთები, ასევე პანი და დიდი თუ მცირე მისტერიები, და აქედან გამომდინარე, თვლიდნენ რომ შეიძლება იყოს კიდევ მათ მიერ შეუცნობელი სხვა ღმერთიც, რომლის მიმართაც სურდათ კეთილგანწყობილნი ყოფილიყვნენ. ამიტომაც დაუდგეს მას სამსხვერპლო წარწერით: "უცნობ ღმერთს". ამით მათ თითქოსდა თქვეს, "თუ არის კიდევ რომელიმე უცნობი ღმერთი" მასაც თაყვანსვცემთ. ამიტომაც უთხრა მათ მოციქულმა: "მეც სწორედ იმას გახარებთ, ვისაც შეუცნობლად ეთაყვანებით" (საქმე 17:23).
ხოლო სიტყვებით "მისი მოდგმა ვართ" (საქმე. 17:28), რომელიც წარმართი პოეტის მიერ ითქვა ზევსზე, ჯერ ასე: "ზევსის მიერ სავსეა გზები და აღვსებულია ზღვა", შემდეგ კი მიამატა: "მისი მოდგმა ვართო", გამოხატა ის, რომ ჩვენ ღმრთისანი ვართ. რატომ მიაწერს პავლე ზევსზე გამოთქმულ სიტყვებს ყოვლის შემოქმედს? ზევსზე თქმულს კი არ მიაწერს ღმერთს, არამედ განაკუთვნებს მას მისთვის საკადრისს და იმას, რაც უსამართლოდ და არაზუსტად ზევსს განაკუთვნეს; და თვით სიტყვა "ღმერთი" მხოლოდ მას ერთს ეკუთვნის, რომელსაც უსჯულოდ კერპებს მიაწერენ.
თანაც, საიდან შეეძლო პავლეს მოეხმო მოწმობანი ასეთი მსმენელების წინაშე? წინასწარმეტყველთაგან? - ისინი არ დაიჯერებდნენ. ამიტომაც იუდეველებსაც არაფერს ეუბნება სახარებიდან, არამედ წინასწარმეტყველთაგან: "იუდეველებთან ვიყავი როგორც იუდეველი, რათა შემეძინა იუდეველნი; რჯულის ქვეშ მყოფთათვის - როგორც რჯულის ქვეშ მყოფი, რათა შემეძინა რჯულის ქვეშ მყოფნი. ურჯულოთათვის - ურჯულო (თუმცა არა ურჯულო ღვთისა, არამედ რჯულიერი ქრისტესი), რათა შემეძინა ურჯულონი" (1 კორინთ. 9:20, 21).
წყარო: Толкование на послание к Титу, беседа 3.