სწავლანი > განმარტებანი
ვინ გვაცდუნებს - და ვის ვაცდუნებთ? როგორ ვეწინააღმდეგოთ საცდურთ?
როგორ გავიგოთ, რა არის საცდური, რომელიც მორწმუნეებს ასე ხშირად ესმით ტაძარში და კითხულობენ წმიდა მამათა თხზულებებში? შევეცდებით ამ კითხვას ვუპასუხოთ წინამდებარე სტატიით.
"და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა"
სიტყვა "განსაცდელი" ჩვენს თანამედროვე ენაზე ნიშნავს - "გამოცდას". ეს სიტყვა ყოველი მორწმუნე ადამიანისთვის ცნობილია ლოცვიდან "მამაო ჩვენო", რომელიც ადამიანებს თვით უფალმა ასწავლა: "და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან". ამ სიტყვების წარმოთქმისას ჩვენ ვაღიარებთ საკუთარ უძლურებას ცოდვის წინაშე, შეგნებული გვაქვს ცოდვის მიერ ადამიანის მოწყვლის მთელი სიმძიმე. ჩვენ ვითხოვთ: "ნუ დაუშვებ დავეცე შენსკენ მომავალ გზაზე, დამეხმარე, ნუ გადავვარდები უფსკრულში".
ღმერთი კი არ აგდებს ადამიანს უფსკრულში - არამედ ადამიანი თვითონ ვარდება მასში საკუთარი დაუდევრობით. "ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა" ნიშნავს "დამიცავი მე განსაცდელის დროს, რადგან შენ იცი ჩემი უძლურება". შემთხვევითი არ არის ის, რომ ამ ლოცვის ბოლოს ჩვენ ვაღიარებთ საკუთარ უმწეობას ღმერთის წინაშე.
მორწმუნეები ხშირად ამბობენ: "ყველაფერი ღმრთის ნებაა". წმიდა წერილში ასეთი სიტყვები არ არსებობს, არის უფრო ზუსტი ფორმულირება: არაფერი ხდება ღმრთის ნების გარეშე. არსებობს ორი ცნება, რომლებიც ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ: ეს არის ღმრთის კურთხევა და ღმრთის დაშვება. განსხვავება კარგად ჩანს იობ მრავალტანჯულის მაგალითზე. გახსოვთ როგორ მიეახლა ეშმაკი ღმერთს თხოვნით მოევლინა იობისთვის ათასგვარი განსაცდელი? და მხოლოდ უფლის დაშვებით შეძლო ეშმაკმა მათი განხორციელება.
კიდევ საიდან ვიცით განსაცდელთა შესახებ? სახარებიდან. ახალი აღთქმის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო ეპიზოდი გახდა ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს განსაცდელი უდაბნოში. ჩვენ გვახსოვს, რომ იესუსთან ადამიანის სახით მივიდა სატანა და ცდილობდა ისე ეცდუნებინა იგი, როგორც სხვა ადამიანებს აცდუნებდა. ჯერ პური შესთავაზა, შემდეგ ძალაუფლება და სასწაული, რითაც წარმოაჩინა სამი იარაღი, რომლებითაც ის იბრძვის კაცთა წინააღმდეგ. გასაოცარი8ა, რომ უფალმა, რომელიც იყო არა მარტო ღმერთი, არამედ ადამიანიც, თავის თავზე დაუშვა ეშმაკის გამოცდა, რომელსაც წმიდა წერილის სიტყვებით იგერიებდა, კერძოდ - მეორე სჯულიდან: "დაწერილია: არა მხოლოდ პურით იცოცხლებს კაცი, არამედ ყოველი სიტყვით, რომელიც გამოდის ღმერთის პირიდან" (მათე 4:4), "ესეც დაწერილია: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი" (მათე 4:7), "გამშორდი, სატანა, რადგანაც დაწერილია: უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე" (მათე 4:10).
როგორ შეუძლია ადამიანს გამოსცადოს ღმერთი?
მივაქციოთ ყურადღება სიტყვებს: ”არა გამოსცადო უფალი ღმერთი შენი": როგორც ვხედავთ, ადამიანსაც შეუძლია გამოსცადოს ღმერთ. როგორ არის ეს შესაძლებელი? ღმერთის გამოსცდა შეიძლება იმით, რითაც გამოსცდიდნენ ქრისტეს იუდეველები - ისინი მისგან სასწაულს ითხოვდნენ: "მაშინ ზოგმა მწიგნობარმა და ფარისეველმა უთხრა მას: მოძღვარო, გვსურს სასწაული ვიხილოთ შენგან" (მათე 12:38). და რა უპასუხა ქრისტემ? ჩვენ გვახსოვს: "უკეთური და მემრუშე მოდგმა სასწაულს ეძებს; მაგრამ სასწაული არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის სასწაულისა" (მათე 12:39).
ადამიანი, რომელიც ღმერთს გამოცდის და მისგანს სასწაულს ეძებს, ძალიან სახიფათო გზას არის შედგომილი. ის თავისი რწმენის ნაგებობას აშენებს მყიფე ქვიშაზე, რომელსაც არ გააჩნია საძირკველი. რწმენა სასწაულისადმი და მასზე დაფუძნებული რწმენა, - ეს არის რწმენა ანტიქრისტესადმი. ადამიანები მოხიბლულები იქნებიან სასწაულებით, რომელთაც ანტიქრისტე უხვად მოიმოქმედებს. თუკი ადამიანის რწმენა სასწაულს ეფუძნება, მაშასადამე, მას მცდარი სულიერი გზა აქვს არჩეული.
ღმერთი არავის გამოცდის
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ღმერთი არავის გამოცდის. წმიდა მამები წერენ, რომ განსაცდელები არის წუთისოფლისგან, ხორცისგან და ეშმაკისგან. ეს არის ის სამი ფრონტი, რომელიც თავს ატყდება ადამიანს. წუთისოფლისგან - ნიშნავს, გარედან, ადამიანთაგან, გარემომცველი ბუნებიდან და ჩვენი ცხოვრებისეული ვითარებებიდან. ხორცისგან - ანუ ადამიანის დაზიანებული ბუნებისგან, ესენია ჩვენი ვნებები, მიდრეკილებები, ცოდვები და ბიწიერებანი: სევდა, უსასოობა, სიამაყე, ამპარტავნება, ვერცხლისმოყვარება და ა. შ. ხოლო ეშმაკისგან - ეს არის დემონური შთაგონებანი, აზრები, ვითრებები, როდესაც ღმერთი დაუშვებს ეშმაკი ჩაერიოს ადამიანის ცხოვრებაში, ასევე ეშმაკებთან პირდაპირი შეხვედრის შემთხვევები, როგორც ეს მრავალჯერ მომხდარა წმიდა მოსაგრეთა ცხოვრებაში.
მოციქული იაკობი წერს: "ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღვთისაგან გამოვიცდებიო; ვინაიდან ღმერთი არ ცდუნდება ბოროტით და არც თვითონ აცდუნებს ვინმეს" (იაკობი 1:13). ეს ძალიან მნიშვნელოვანია! ზოგიერთი ადამიანი არასწორად განმარტავს "მამაო ჩვენოს" სიტყვებს, რადგან მიიჩნევს, რომ ღმერთს შეჰყავს ისინი საცდურებში. გავიმეორებთ, რომ ეს ასე არ არის. ადამიანი თვითონ იცდება თავისი ვნებებით და მიდრეკილებებით: "ყველა საკუთარი გულისთქმით ცდუნდება და წარიტაცება. ხოლო შემდეგ გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას, ჩადენილი ცოდვა კი სიკვდილსა შობს" (იაკობი 1:14-15).
როგორც წმიდა მამები ამბობენ, ეშმაკი ძლიერია მხოლოდ ჩვენი უძლურების გამო. ჩვენი ვნებები, ცოდვები და ბიწიერებანი - ეს ღია კარია ნებისმიერი დემონური ძალისთვის. სწორედ ამიტომაც უნდა მივაქციოთ ყურადღება ჩვენს სულიერ მდგომარეობას. წმიდა მოსაგრეები წერენ, რომ ეს ძალზედ მნიშვნელოვანია. სცადეთ დღე გაატაროთ ისე, რომ ყურადღებით დააკვირდეთ საკუთარ თავს: აზრებს, გრძნობებს, განცდებს, - და გაიგებთ, თუ რაოდენ სერიოზული იარაღია ეს. ჩვენ ხომ სხვებს განვიკითხავთ, ვბილწსიტყვაოთ და დავცინით ისე, რომ არც კი დავფიქრდებით, თუ რა შედეგები მოაქვს მას ჩვენთვისაც და მოყვასისთვისაც. მაგრამ საკუთარ სულთან ფხიზელი დამოკიდებულებით მრავალი ცოდვილი ჩვევა თანდათანობით გვშორდება.
წინასწარმეტყველ იერემიასთან არის ასეთი სიტყვები: "სარკმელებით შემოგვივიდა სიკვდილი, შემოდის დარბაზებში" (იერ. 9:21).წმიდა მამები ამ სიტყვებს ასე განმარტავენ: მტერი გვცდის, უპირველეს ყოვლისა მხედველობისა და სმენის მეშვეობით, ანუ ჩვენ ვიცდებით მით, რასაც ვხედავთ და გვესმის. მონაწილეობა ლაპარაკში, ჭორებში, განკითხვებში - განა ეს ყველაფერი ჩვენი საყვარელი საქმიანობა არ არის? თუმცა, ადამიანი, ვისაც განსაცდელთა არიდება სურს, უნდა ერიდებოდეს ასეთ "გართობებს".
განსაცდელებთან ბრძოლა საჭიროა აზრების დონეზეც: მოვიდა რაიმე ცუდი აზრი - ის იმწამსვე უნდა აღმოიფხვრას. არის რამოდენიმე საფეხური, რომლითაც ცოდვა შემოდის ადამიანის გულში. ეს რომ არ მოხდეს, ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანმა თქვას: "არ გაძლევ უფლებას!" ან "განმშორდი სატანა!" არსებობს წმიდა იოანე ოქროპირის ასეთი ლოცვაც: "ვილტვი შენგან, სატანა, ამპარტავნებისგან შენისა და მსახურებისგან შენისა, და შეგიდგები შენ ქრისტე, სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა, ამინ".
კიდევ ერთი უდიადესი იარაღი განსაცდელთა წინააღმდეგ არის - თავმდაბლობა და მორჩილება. ამასთან დაკავშირებით გვახსენდება წმ. ანტონი დიდი, რომელსაც ერთხელ ღმერთმა აჩვენა, რომ მთელი დედამიწა ეშმაკის ბადეში იყო გახვეული. მან იკითხა: მაშ, ვინ შეძლებს მათგან თავდახსნას და ცხონებას?", - რაზეც უპასუხეს: "მორჩილთ ეს მახეები არც კი შეეხებათ". მორჩილება - სულიერი სრულყოფილების უმაღლესი ხარისხია, მისი მიღწევა ძალიან ძნელია, მაგრამ ვეცადოთ ვისწავლოთ მაინც მორჩილების წესები და დავნერგოთ ის ჩვენი ცხოვრების წესად.
მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.
საიტი "აპოკალიფსისი". თბილისი 2022.10.