განმარტებანი - უსჯულოების მხილება სავალდებულოა - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
უსჯულოების მხილება სავალდებულოა!

წმ. მამათა სწავლება სამღვდელო პირთა უფლება-მოვალეობათა შესახებ ამხილონ, დაარიგონ და გამოასწორონ ეკლესიის შემცოდე წევრები ან ამათუიმ არასწორი შეხედულებებისა თუ სწავლებების მიმდევრები, რომლებსაც შეუძლიათ საცდური დაამკვიდრონ ეკლესიაში და მით თვითონაც წარიწყმიდონ სული, სხვებიც გაიყოლონ და დაღუპონ თავიანთი მოძღვარიც თუ ეს უკანასკნელი მათდამი დაუდევარი იქნება.
ბასილი დიდი, იოანე ოქროპირი და გრიგოლ ღვთისმეტყველი
ზემოთ ხატზე: წმმ. ბასილი დიდი, იოანე ოქროპირი და გრიგოლ ღვთისმეტყველი

წმ. ბასილი დიდი

აი, რას ბრძანებს წმ. ბასილი დიდი: "ვისაც ყველაზე მზრუნველობა ევალება (ე. ი. ეპისკოპოსს - რედ.) და მომავალში პასუხისმგებელია ღვთის წინაშე თითოეული მათგანისთვის, უწყოდეს, ძმათაგან თუნდაც ერთიც რომ ჩავარდეს ცოდვაში იმიტომ, რომ წინასწარ არ აუწყა საღმრთო სამართალი, ან არ ასწავლის ცოდვაში შთავარდნილს, არ ცდილობს მის გამოსწორებას და ისიც, განუსწავლელი და უცოდინარი იმისა თუ როგორ გამოსწორდეს, წარწყმდება, წარწყმედილი ძმის სისხლს ღმერთი მოძღვარს მოჰკითხავს (ეზეკ. 33:8). განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც მოძღვარი უცოდინარობით კი არ უგულებელყოფს ღვთისათვის რაიმე სათნოს, არამედ მოფერებით ემლიქვნელება შემცოდეთ, შეცოდებისაკენ აქეზებს და ცხოვრების მკაცრ წესებს უმსუბუქებს მათ, რამეთუ ნათქვამია: "მნეტარებელნი თქვენნი გაცდუნებენ თქვენ, და კვალს გირევენ"(ესაია 3:12); "თქვენი ამამღვრეველი, ვინც უნდა იყოს იგი, იტვირთავს სასჯელს"(გალატ. 5:10). ამიტომ, ჩვენც, მსგავს განკითხვას რომ არ ვეწიოთ, ჯერ არს ძმებთან საუბარში მივყვეთ მოციქულის განწესებას: "არასოდეს გვიხმარიაო ლიქნის სიტყვა - ბრძანებს მოციქული - და არც ანგარებისათვის მიგვიმართავს, ღმერთია მოწმე: "არც ვეძებთ კაცთაგან დიდებას, არც თქვენგან და არც სხვებისგან"(1 თესალონიკ. 2:5-6).

ამიტომაც ამ ვნებათაგან გათავისუფლებულს შეუძლია გვატაროს უსაფრთხო გზით და მოუპოვოს ჯილდო, როგორც საკუთარ თავს, ასევე მის მიმდევართაც; რამეთუ, ის, ვინც პატივმოყვარეობითა და კაცთმაამებლობით კი არა, ჭეშმარიტი სიყვარულით უდგება თავის საქმეს და უტყუარი და გულწრფელი სიტყვით გაბედულად მიმართავს ყველას, მიეწიფება იმას რაც შემდგომ არის ნათქვამი მოციქულთან: "მშვიდნი ვიყავით თქვენს შორის, როგორც ძიძა, თავს რომ ევლება თავის პატარებს. ასევე ჩვენც, თქვენდამი კეთილგანწყობის გამო, მოვისურვეთ გადმოგვეცა თქვენთვის არა მარტო სახარება ღმრთისა, არამედ ჩვენი სულიც..."(1 თესალონიკ. 2:7-8). ხოლო, ვინც ასეთი არ არის, ის ბრმა წინამძღოლია, რომელიც თავპირისმტვრევით მიექანება უფსკრულში და თან ითრევს სხვებსაც.

ნათქვამიდან ადვილი დასანახია, როგორი ბოროტებაა ჭეშმარიტების გზიდან ყალბ გზაზე ხეტიალის მიზეზად ექმნე საძმოს, მაგრამ ამავე დროს, ეს სიყვარულის მცნების არშესრულების ნიშანიც გახლავთ, რამეთუ არც ერთი მამა არ იქნება გულგრილი უფსკრულისაკენ გაქანებული პირმშოსადმი. მაშ, რაოდენ საშინელია უთქმელობით და უმოქმედობით წარსაწყმედად გაწირო სული, რომელიც ბოროტებათა სიღრმეში დანთქმულა? მაშ, არის თუ არა საჭირო მისი გაფრთხილება? ამიტომაც, წინამძღვარი მოვალეა იფხიზლოს ძმათა სულებზე და თითოეული მათგანის ცხოვრებაზე იზრუნოს, რამეთუ თითოეული მათგანისათვის პასუხს აგებს ღმერთთან, ამიტომაც, ის ისე უნდა ზრუნავდეს მათზე, რომ თვით სიკვდილამდე აჩვენოს თავისი მონდომება, არა მხოლოდ სიყვარულის შესახებ უფლის საზოგადო და საყოველთაო სჯულის მიხედვით, რომლის თანახმადაც "არავის აქვს იმაზე მეტი სიყვარული ვინც სულს დადებს თავის მოყვასისათვის"(იოანე 15:13), არამედ მთქმელის განსაკუთრებული კანონის მიხედვითაც: "მოვისურვეთ, გადმოგვეცა თქვენთვის არა მარტო სახარება ღმრთისა, არამედ ჩვენი სულიც" (1თესალონიკ. 2:8). (Св. Василий Великий. Творения. Москва. 1901г. ч. V. с. 130-131).

იგივე წმიდა მამა შეკითხვაზე: "როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს დაუმორჩილებელთან (სულიერ შვილთან - რედ.)?" პასუხობს:

ვინც უფლის მცნებებს არ ემორჩილება, უპირველეს ყოვლისა მას, როგორც დაავადებულ ასოს, ვუთანაგრძნობთ, ხოლო მოძღვარი მოვალეა უმკურნალოს მას თავისი დარიგებებით; მაგრამ, თუ გაჯიუტდება და მის გამოსასწორებლად გაწეულ ღონისძიებათა უგულებელყოფას შეუდგება, ჯეროვანია ძმათა წინაშე მისი მკაცრად მხილება, მცდელობა არ უნდა დავაკლოთ ასეთს როგორმე იმკურნალოს და, თუკი მრავალჯერადი დარიგებისა და შეგონების შემდეგაც გონს არ მოვა, თავისი საქციელისა არ შერცხვება და საქმით არ დაადასტურებს რომ გამოსწორდა, დიდი ცრემლით და გლოვით, როგორც სრულიად უსარგებლო და უხმარი ასო, საჭიროა მოვიკვეთოთ საეკლესიო ერთობიდან, რამეთუ მკურნალნიც ხომ, როგორც კი განიუკურნებელი დაავადებით მოწყლულ ასოს შეამჩნევენ, დაუყოვნებლივ აღმოკვეთენ ხოლმე მას, სხვა, მასთან შეხებაში მყოფი ასოებიც რომ არ დაასნებოვნოს. იგივეს ვიტყვით მათ შესახებაც, რომლებიც უფლის მცნებებს ემტერებიან, ან ეწინააღმდეგებიან მათ შესრულებას. უფლის მცნებისამებრ მათი მოკვეთაც გვამართებს რამეთუ წერილ არს: "თუკი გაცთუნებს მარჯვენა თვალი, ამოითხარე და გადააგდე"(მათე 5:29).

ამგვარი ადამიანებისადმი კაცთმოყვარეობის გამოჩენა ჰგავს საკუთარი შვილებისადმი იმ უგუნურ ლმობიერებას, რომლის არაღვთითსათნო გამოყენებისათვის მხილებულ იქნა მღვდელი ელია (იხ. 1 მეფ. 2). ეს არის ყალბი ლმობიერება, ცოდვებში გახევებულთა გაუმართლებელი შეწყალება, საზოგადო სიკეთისადმი ბოროტ-განზრახვა, ჭეშმარიტების ღალატი და სხვათა მიჩვევა გულგრილად უყურონ ყოველგვარ ვნებას. ამიტომაც, ასეთ შემთხვევაში არა თუ არ შესრულდება დაწერილი, რომ უნდა "გვეგლოვა, რათა მოგვეკვეთა ჩვენგან ამნაირი საქმის მოქმედი"(1 კორინთ. 5:20), არამედ, აუცილებლად შესრულდება ის, რომ "მცირეოდენი საფუარი მთელ ცომს ააფუებს" (1 კორინთ. 5:6; გალატ. 5:9). ამიტომაც, "შემცოდენი ყველას წინაშე ამხილონ, - ბრძანებს მოციქული და იქვე გვისახელებს ამის მიზეზს - რათა ეშინოდეთ დანარჩენთ"(1 ტომ. 5:20).

ვინც წინამძღვრის მიერ შემოთავაზებულ კურნებას არ შეიწყნარებს, საკუთარ თავს ეწინააღმდეგება, რამეთუ მისდამი მორჩილება თუ არ სურს, რისთვისღა ცხოვრობს მასთან? ან რისთვისღა აირჩია იგი თავისი ცხოვრების წინამძღოლად?

წინააღმდეგობა და შეპასუხება მრავალ ბოროტებას წარმოაჩენს, კერძოდ, რწმენის სიმცირეს, სასოების სიმყიფეს, მედიდურობას და ზნეობის სიყოყოჩეს, რამეთუ მრჩეველს, ჯერ თუ არ განიკითხა, დაუმორჩილებლობას არავინ გამოუცხადებს და უფლის მცნებათა მორწმუნე, რომელიც თავის ცხოვრებასა და სასოებას მას აფუძნებს, მათ შესრულებას თავს არ აარიდებს, რამეთუ იცის "აწინდელნი ვნებანი ვერ შეედრებიან მომავალ დიდებას, რომელიც გაგვიცხადდება ჩვენ"(რომ. 8:18) და დარწმუნებული იმაში, რომ "ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება"(მთ. 2:12) მაქსიმალურად შეეცდება იღვაწოს, რამეთუ უწყის""ჩვენი წამიერი და მცირედი ტანჯვა უზღვავსა და უსაზომო დიდებას შეიქმს ჩვენთვის"(2 კორინთ. 4:17) (Св. Василий Великий. Творения ч. V. Москва 1901. с. 132-134).


***

წმ. იოანე ოქროპირი

როდესაც ზოგიერთი არა თუ არ ამხელს შემცოდეს, არამედ ხარობს კიდევაც მასთან ერთად - თვით შემცოდეზე უნაკლებესად როდი სცოდავს. "იხილე თუ მპარავი, თანაურბიოდე მას მეძავსა თანა დასდვი ნაწილი შენი"(ფსალმ. 42:18). აი, ყოველგვარი ბოროტების მიზეზი, რაც განსაკუთრებით ვნებს სათნოებებს და აუძლურებს კეთილმოშურნეობას. შემცოდემ შეიძლება თავი იმართლოს უკიდურესი შეჭირვებით, ან სიღარიბით, თუმცა ამდაგვარი თვითმართლება უსაფუძვლოა. მაშ, რატომ ამართლებ შენ მათ ნამოქმედარს, მითუმეტეს, რომ თავად, მათგან არავითარი სიამოვნება არ განგიცდია? შემცოდემ შესაძლებელია შეინანოს კიდევაც, შენ კი შენთვიაც და მისთვისაც სინანულის კარებს კეტავ, უარყოფ მკურნალობას, საკუთარ თავს ართმევ ნუგეშინისცემას, ყოველგვარ გზას იხშობ სინანულთან მისასვლელად. როდესაც ის იხილავს, რომ შენ, რომელსაც ცოდვაში მონაწილეობა არ მიგიღია და ვალდებული ხარ ამხილო, არა თუ არ ამხელ, არამედ მფარველობ კიდევაც, და არა თუ მფარველობ, შეეწევი კიდევაც, ან საკუთარ თავზე რაღას იფიქრებს ან მის მიერ ჩადენილი საქციელს როგორ შეხედავს?

არიან ადამიანები, რომლებიც ხშირად საკუთარი მოსაზრებით კი არ მსჯელობენ იმის შესახებ თუ რა აკეთონ, არამედ სხვათა შეხედულებებს უთანხმებენ თავიანთ ქმედებას. ამიტომაც, როდესაც შემცოდე ხედავს, რომ ყველამ ზურგი აქცია, მიხვდება, რომ უდიდესი ბოროტება ჩაიდინა; მაგრამ, თუ იხილავს, რომ სხვები არა თუ თავს არ გრძნობენ შეურაცხყოფილად და ზურგს არ აქცევენ, არამედ მორჩილად ითმენენ და მოწიწებითაც კი ეპყრობიან, დათრგუნავს საკუთარ სინდისს და მრავალთაგან მისი უსამართლობის შეწყნარების  შემდეგ რას არ გაბედავს?

მაშ, როდისღა განსჯის საკუთარ თავს და როდის მიატოვებს ასე უშიშრად ცოდვის ჩადენას? მაშ, თუკი მანკიერება, მიუხედავად ესოდენი მხილებისა, ასე ჰყვავის, ხოლო ყოვლად საქებ სათნოებას ხალხი ძლივს თუ შედგომია, წარმოიდგინე რა მოხდებოდა საერთოდ რომ არ ყოფილიყო მხილება? რას სჩადი, ადამიანო? სჯული დარღვეულია, უბიწოება გათელილია, ამდენი ცოდვაა ჩადენილი მავანის მიერ, ყველაფერი დამახინჯებული და შერყვნილია და არა სწუხარ?

წინასწარმეტყველი უსულო სტიქიასაც კი მოუწოდებს იგლოვოს ყოველთა შეცოდება: "გაჰკრთა ამას ზედა ცა და განცვიბრდა უფროის ფრიად"(იერ. 2:12) და კიდევ: "იგლოოს ღვინომან, იგლოვოს ვენახმაც..." ("წყევამან შეჭამოს ქვეყანა, რამეთუ ცოდეს დამკვიდრებულთა მისთა“. ესაია 24:7, 6). გლოვობს უსულო ქმნილება, ოხრავს და მრისხანებს შემოქმედთან ერთად; შენ კი, გონიერო არსებავ, არ სწუხარ, არ ამხელ, საღმრთო სჯულდებებისთვის მრისხანე შურისმაძიებელი არ ხარ, და ჯერაც ცოდვილებთან ერთობას ბედავ? როგორღა მიიღებ მიტევებას? მართალია, ღმერთს შურისმაძიებელი და დამხმარე არ სჭირდება, მაგრამ მას ამ საქმეში შენი თანამსახურობა ნებავს, რათა თავად იგივე ცოდვაში არ შთავარდე, არამედ სხვაზე აღშფოთებული, უბიწო გახდე და მით შენი სიყვარული დაუმტკიცო უფალს. როდესაც გვერდს უვლი ცოდვის ჩადენას, არ ამხელ და არ სწუხარ, უდარდელობისკენ მიგყავს შენი სული, რომელიც ამით ცოდვისადმი მიდრეკილი ხდება და ამზადებ მას ჩაიდინოს იგივე ცოდვა რასაც თვალი მოუხუჭე. ამიტომაც, უადგილო შემწყნარებლობით აზიანებ შენს სულს, აწმყოს ხდი მისთვის უზრუნველად და უმძიმებ მომავალ პასუხგებას. და ეს ეხება არა მხოლოდ მპარავთ, არამედ ყოველგვარ შეცდომას (ჰომილიიდან 49-ე ფსალმუნზე).

საიტი "აპოკალიფსისი". 10.01.2021 წ.
Назад к содержимому