განმარტებანი - თუკი ეკლესია წმიდა და უძლეველია, რატომ არის მასში ამდენი უწესივრობა? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
თუკი ეკლესია წმიდა და უძლეველია, რატომ არის მასში ამდენი უწესივრობა?
ეკლესია-ხომალდი
მართლმადიდებლური სწავლებით სულთმოფენობის დღიდან სულიწმიდა ეკლესიაში განუწყვეტლივ იმყოფება და უხვად აძლევს ეკლესიას ყველა საღმრთო ნიჭსა და ცხოველმყოფელ ძალას (იხ. საქმე 10:44-48; 11:15-16; 15:8-9; 19:6). ეკლესიაში ყველაფერი სულიწმიდის მიერ აღსრულდება: მცირედიც და დიდიც. აი რა არის ეკლესია. ეკლესია - თვით ცხოვრებაა წმიდა სამებაში: მამასა, ძესა და სულიწმიდაში.
 
თავად ეკლესიის შესახებ მართლმადიდებლური სახელმძღვანელოები ასწავლიან, რომ "ეკლესია - ეს არის ღმერთკაცობრივი ორგანიზმი, რომლის თავი არის თვით უფალი იესუ ქრისტე, და რომელსაც განაცხოველებს სულიწმიდა. ის დაფუძნებულია და იმართება უფლის მიერ, მამა ღმერთის ნებით, (ეკლესიის მიწიერ ნაწილშიც, რომელსაც გააჩნია ღმრთითდაწესებული წმიდა იერარქია), და შედგება როგორც მიწაზე მცხოვრებ, ასევე ზეცაში მყოფ მორწმუნეთაგან, რომლებიც ელტვიან მარადიულ ცხოვრებას და ნეტარ ერთობას წმიდა სამებასთან, მისი მეშვეობით კი ერთმანეთთანაც" (Проф. протопресвитер Евгений Аквилонов. Церковь. Научные определения Церкви и апостольское учение о ней как о Теле Христовом. Глава VI. § 41. Санкт-Петербург. Тип. А. Катанского и К°, 1894).
 
წმიდა მთავარმოციქული პავლე ეკლესიის შესახებ ამბობს: "ხოლო თქვენ ერთად ქრისტეს სხეული ხართ, ცალ-ცალკე კი - მისი ასონი" (1 კორინთ. 12:27). და კიდევ: "ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს. ვინაიდან ქმარი არის ცოლის თავი, ისევე როგორც ქრისტე არის ეკლესიის თავი და ის არის სხეულის მაცხოვარი. მაგრამ, როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც — თავიანთ ქმრებს ყველაფერში. მამაკაცებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, ისევე როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის, რათა წმიდაეყო იგი და განეწმიდა წყალში განბანით სიტყვის მეშვეობით. რათა განემზადებინა იგი თავისთვის დიდებულ ეკლესიად, არ ჰქონოდა მწიკვლი ან მანკი, ან რაიმე მისი მსგავსი, არამედ, პირიქით, რათა წმიდა და უბიწო ყოფილიყო. ისე უნდა უყვარდეთ მამაკაცებს თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები. ვისაც თავისი ცოლი უყვარს, მას საკუთარი თავი უყვარს. ვინაიდან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ კვებავს და უვლის მას, ისევე როგორც უფალი ეკლესიას. იმიტომ, რომ მისი სხეულის ასოები ვართ, მისი ხორცთაგანნი და მისი ძვალთაგანნი. ამიტომ მიატოვებს კაცი თავის მამას და თავის დედას და მიეკრობა თავის ცოლს, და ორივენი ერთ ხორცად იქნებიან. დიდია ეს საიდუმლო, მე ვამბობ ქრისტეზე და ეკლესიაზე" (ეფეს. 5:22-32).
 
ყოველივე ზემოთდამოწმებული, რა თქმა უნდა, ეფუძნება ჩვენი უფლის ბრწყინვალე, მოზეიმე და ძლევამოსილ სიტყვებს, რომელშიც არის რაღაც პასქალური, ნეტარი სიხარულის მომგვრელი ჩვენთვის: "სიმონმა, იმავე პეტრემ, მიუგო: შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა. ხოლო იესუმ პასუხად თქვა: ნეტარი ხარ შენ, სიმონ, იონას ძეო, რადგან ხორცმა და სისხლმა კი არ გაგიცხადა ეს, არამედ ჩემმა ზეციერმა მამამ. და მე გეუბნები: შენა ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას. მოგცემ შენ ცათა სასუფევლის გასაღებს, და რასაც შეკრავ მიწაზე, შეკრული იქნება ცაშიც, ხოლო რასაც დახსნი მიწაზე, დახსნილი იქნება ცაშიც" (მთ. 16:16-19). ანუ, თვით ღმერთმა თქვა, რომ ეკლესია გაიმარჯვებს და, როგორც ხომალდი, თავის ერთგულ შვილებს ნეტარ სამოთხემდე მიიყვანს.
 
მაშ, რატომ არის ეკლესიაში ამდენი უწესივრობა? მაგალითად, განხეთქილებები, მწვალებლობები, სხვადასხვა კონფლიქტები და გაუგებრობები ადამიანთა შორის?
 
ჯერ-ერთი, ღმრთის ეკლესიის წინააღმდეგ საშინელი შურითა და სიძულვილით აღდგება სატანა, რომელიც ცდილობს ჩამოაშოროს მას მართლმადიდებელი ქრისტიანები და შთააგდოს ისინი ჯოჯოხეთში. ეს ძალიან კარგად არის გამოხატული ხატზე, რომელიც ამშვენებს ღირ. იოანე სინელის თხზულებას "კიბე".
 
ამ სიტყვების დასტურს ვპოულობთ ასევე იოანე მახარობლისა და მოციქულის "გამოცხადებაში", კერძოდ მის მეთორმეტე თავში. ის მთლიანად ეძღვნება მოცემულ თემას. მისგან მხოლოდ ერთ მუხლს დავიმოწმებთ: "მაშინ განრისხდა ურჩხული ქალზე და გასწია, რათა შებმოდა დანარჩენებს მისი მოდგმიდან, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და აქვთ იესუს მოწმობა" (გამოცხ. 12:17).
 
სწორედ ამიტომ იწოდება მიწიერი ეკლესია მებრძოლ ეკლესიად, რადგან ის ებრძვის ცოდვებსა და სატანას თავის დემონებთან ერთად. ზეციერი ეკლესია კი ამ გამარჯვებას უკვე დღესასწაულობს.
 
სწორედ ამიტომ, აქ, ჩვენთან, მიწიერ ეკლესიაში ყველაფერი ესოდენ რთულია. ჩვენ ჯერ კიდევ ვებრძვით ვნებებსა და ცოდვას. ვეცემით და ვდგებით, და კვლავ ვეცემით, მაგრამ კვლავ ვდგებით და ვცდილობთ მივეახლოთ უფალს.
 
მართლმადიდებელი ქრისტიანის გაპატიოსნების წესში, სადაც ეკლესია განსაკუთრებულად ღრმად და ძლიერად ლოცულობს ჯოჯოხეთისა და სამოთხის საზღვარზე მდგომი გარდაცვლილი ადამიანის ცოდვების მიტევებისთვის, რომელიც ღმრთის წინაშე თავისი კერძო და საშინელ სამსჯავროს ელოდება, არის ასეთი სიტყვები (გთავაზობთ ძველი ტექსტების გაახალქართულებულ ვარიანტს): "ყოველი შეცოდება, ჩადენილი მის მიერ სიტყვით ან საქმით, ან ზრახვით, როგორც სახიერმა და კაცთმოყვარე ღმერთმა, მიუტევე. რამეთუ არ არის კაცი, რომელიც ცხოვრობდეს და არ სცოდავდეს, რამეთუ მხოლოდ შენ ხარ უცოდველი, სიმართლე შენი - საუკუნოა და სიტყვა შენი - ჭეშმარიტება". რადგან არ არსებობს ადამიანი, რომელსაც დედამიწაზე უცხოვრია და არ შეუცოდავს.
 
ჩვენ ყველანი ცოდვილები ვართ. ყველას გააჩნია თავისი ცენტრალური ვნება. ყოველი ეცემა და დგება სინანულით დღეში მრავალჯერ. უფალმა დაუშვა ეს, რადგან მას არ სჭირდება რობოტები, რომელთაც თავისი ყოვლადძლიერებით თვალის დახამხამებაში შექმნის მართლებად. მას სჭირდება თავისუფალი ნების მქონე პიროვნებები, რომლებიც ნებაყოფლობით, წმიდა გულით და მთელი სულით ემსახურებიან უფალს და სიკეთეს. ეს კი იმდენად მდგომარეობა არ არის, რამდენადაც გზაა. ღმრთისკენ მოძრაობა დაცემებითა და ადგომებით ხდება (ამას გამოხატავს მუხლმოყრითი მეტანიები). და ჩვენ ყველანი ამ გზით მივდივართ.
 
ამ აზრით ძალიან მომწონს ერთი საზღვაო ისტორია. მის სინამდვილეში დარწმუნებული არ ვარ. არც საზღვაო საქმეში ვარ ძლიერი და არც საზღვაო ისტორიები მიზიდავს, მაგრამ ეს ისტორია თავისი მორალისა და ზნეობრივი შეფერილობის გამო მომწონს. მოკლედ მოვყვები ამ ამბავს.
 
გემზე იმყოფება მაშველთა გუნდი. როდესაც მეზღვაურები, რომლებიც დიდი ხანია ხმელეთზე არ ყოფილან, პორტში შედიან და ტავერნებში ქეიფობენ. შემდეგ კი ძლიერ დამთვრალნი კვლავ ხომალდზე ბრუნდებიან. გემზე ისინი მაშველთა გუნდს აჰყავს. და აქ ხდება ყველაზე საინტერესო რამ, როგორც მითხრეს, მაშველებს გემზე აჰყავთ მხოლოდ ისინი, ვინც მიწაზე თავით ხომალდისკენ წვანან. ანუ ის პატიოსნად მიდიოდა მისკენ, მაგრამ სიმთვრალის გამო ხომალდამდე ვერ მიაღწია. ასეთებს მაშველები გემზე აბრუნებენ. და კვლავ ზღვაში გადიან.
 
ვფიქრობ, ჩვენ, მართლმადიდებელი ქრისტიანები, ვგავართ ამ მეზღვაურებს. ყოველ ჩვენგანს აქვს რომელიღაც ცენტრალური ცოდვა. ვიღაცისთვის ეს არის ამპარტავნება და სიამაყე, ვიღაცისთვის გემოთმოყვარება. ვიღაც შეპყრობილი ჰყავს ლოთობას, ვიღაც კიდევ ვერცხლისმოყვარებას. ვიღაც სიძვა-მრუშობას არის აყოლილი, ვიღაც - ბოღმასა და მრისხანებას და ა. შ. ყოველი ადამიანი ებრძვის თავის ვნებას. ყველა ეცემა, რადგან არ არსებობს ადამიანი, ამქვეყნად ცხოვრობდეს არ სცოდავდეს.
 
მაგრამ უფალი კაცის გულს უმზერს, და მაშველები, რომლებიც არიან ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, წმინდანები და ანგელოზები, შეეწევიან ასეთ ადამიანს. მთავარია, მან ან იაროს ან იხოხიალოს ხომალდისკენ, ან თუნდაც იწვეს, ოღონდ ისე, რომ თავი ცათა სასუფევლისკენ მიმავალი ეკლესიისკენ ჰქონდეს. თუკი ადამიანის გულში არსებობს ეს მიმართულება, უფალი მას აუცილებლად ხელს გაუწვდის.
 
გარდა ამისა, ეკლესია კიდევ არის მონანულ ცოდვილთა საზოგადოება, რომლებიც ღმრთისკენ მიმავალ გზას მათებურად გადიან. ამ გზაზე ეცემიან და კვლავ დგებიან ჩვენნაირი ადამიანები და ეს უნდა გვახსოვდეს.
 
უწესივრობებისა და კონფლიქტების მიუხედავად, ჩვენი უსაზღვროდ მოყვარული ზეციერი მამა ყოველ ჩვენგანს და ყველას ერთად ზრდის სიყვარულით, მოფერებით, მსხვერპლის გაღებით, ემსახურება თითოეულს და ცხონებისკენ მიჰყავს.
 
ამიტომ, შენც მოფერებით, სიყვარულით და სამსხვერპლო ღვაწლით შეეწიე შენს ცოდვილ ძმებსა და დებს, რადგან ხვალ შეიძლება შენ დაეცე, და ვიღაც ხელს აუცილებლად შემოგაშველებს, მიგიყვანს ხომალდამდე და მის წმიდა მაშველებს ჩაგაბარებს.

საიტი "აპოკალიფსისი". მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით. 2023 წ.
Назад к содержимому