განმარტებანი - თუ ჩვენი სახარება დაფარულია, წარწყმედილთათვის არის დაფარული - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
"თუ ჩვენი სახარება დაფარულია, წარწყმედილთათვის არის დაფარული..."

(2 კორინთ. 4:3-4)
წმ. იოანე ოქროპირის მერვე ჰომილიიდან კორინთელთა მიმართ მე-2 ეპისტოლეზე.

3. ხოლო თუ ჩვენი სახარება დაფარულია, წარწყმედილთათვის არის დაფარული,
 
4. რომელთაც ღმერთმა დაუბნელა ურწმუნო გონი, რათა არ ბრწყინავდეს მათთვის ნათელი ქრისტეს დიდების სახარებისა, ქრისტესი, რომელიც არის ღვთის ხატი.

***

"თუ ჩვენი სახარება დაფარულია, წარწყმედილთათვის არის დაფარული, რომელთაც ამ სამყაროს ღმერთმა დაუბნელა ურწმუნო გონება" (2 კორინთ. 4:3-4).
 
აქ იგი იმავეს ამბობს, რაც ადრე უკვე თქვა: ”ზოგისთვის სიკვდილის სურნელი სასიკვდილოდ, ზოგისთვის სიცოცხლის სურნელი სასიცოცხლოდ" (2 კორინთ. 2:16).
 
ვის გულისხმობს მოციქული, როდესაც ამბობს: "ამ სამყაროს ღმერთმა"? გზას ამცდარი მარკიონეს მიმდევრები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ მართლმსაჯულ სამებაზეა ნათქვამი და არა კეთილზე. ისინი ამტკიცებენ, რომ არსებობს ვიღაც ღმერთი მართლმსაჯული, და არა - კეთილი. მანიქეველებს სრულიად უგუნურად უნდათ, რომ შემოქმედი იყოს ღმერთი ქმნილებისა, ოღონდაც არა ჭეშმარიტი. ამბობენ, რომ აქ ეშმაკზეა ლაპარაკი და ამიტომაც წერილი ხშირად ღმერთს ეძახის არა იმას, ვინც ნამდვილად ასეთია თავისი ღირსებით, არამედ, მისდამი მორჩილთა უძლურების გამოისობით. ამგვარად ის მამონას უწოდებს ბატონს (მათ. 6:24) და მუცელს ღმერთს (ფილიპ. 3:19).
 
თუმცა, ამავდროულად არც მუცელია ღმერთი და არც მამონაა უფალი, არამედ, ასეთებად იწოდებიან იმათ გამო, ვინც მათ უმორჩილებს თავს. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ ეს ნათქვამია არა ეშმაკზე, არამედ ყოველთა ღმერთსა და უფალზე. და ეს ასე უნდა წავიკითხოთ და გავიგოთ: "ღმერთმა დაუბრმავა გონება ამ სამყაროს ურწმუნოებს" (τών απιστων του αιώνος τούτου ετύφλωσεν ο Θεός τά νοήματα). რადგანაც არა მომავალი, არამედ, მხოლოდ ამჟამინდელი ცხოვრება აქვთ ურწმუნოებს. თუკი ვინმე ასე წაიკითხავს ამას: "ამ სოფლის ღმერთი" (ο Θεός τού αιόνος τόύτου), არც ამდაგვარი გაგება და გააზრებაა დაკავშირებული რაიმენაირ გაუგებრობასთან, რადგანაც სულაც არ აჩვენებს იმას, რომ იგი ღმერთი, მხოლოდ ამ ცხოვრების ღმერთია. იგი ღმერთს უწოდებს ზეცისასაც; მაგრამ, ცხადია, ღმერთი მარტო ცის ღმერთი არ არის.
 
ჩვენ ღმერთს ვუწოდებთ ასწევე დღევანდელი დღის ღმერთს, თუმცაღა მისი ძალაუფლების განსაზღვრისას არ შემოვფარგლავთ მხოლოდ ამ ერთი, დღევანდელი დღით. სწორედ ამგვარივე სახით იგი იხსენიებაი, როგორც აბრაამის ღმერთი, ისააკის ღმერთი, იაკობის ღმერთი. თუმცაღა ცხადია, რომ იგი მხოლოდ და მხოლოდ მათი ღმერთი არ არის. მრავალი სხვა ამის მსგავსი მტკიცებულების მოძებნაა შესაძლებელი წმინდა წერილში. და როგორ დააბრმავა ღმერთმა ისინი? არა ისე, რომ იმოქმედა მათი დაბრმავებისთვის და ხელი შეუწყო ამას, არამედ, დაუშვა და დატოვა ისინი. წერილში ხშირად გამოიყენება ხოლმე ამგვარი გამოთქმები და გამოხატვის საშუალებები.
 
მასაც ამბობს წერილი: "მისცა ღმერთმა ისინი გაუკუღმართებულ გონებას" (რომ. 1:28). რამდენადაც წარმართებმა თავად არ ირწმუნეს და საკუთარი თავები ღმრთის საიდუმლოს შემეცნების უღირსებად აქციეს (იგულისხმება რაკიღა მათ არ ისურვეს ღვთის საიდუმლოს შეცნობა), სწორედ ამის შედეგად მიატოვა ღმერთმა ისინი. და სხვა რანაირად უნდა მოქცეულიყო მათთან მიმართებაში? ძალად მიეზიდა და გაეცხადებინა საიდუმლოებები, რომელთა შეცნობაც მათ არ სურდათ?
 
ამ შემთხვევაში ისინი კიდევ უფრო მეტად შეიძულებდნენ და უარს იტყოდნენ მათ შეცნობაზე. ამიტომაა, რომ მოციქული შემდგომ დაურთავს: "რათა არ ბრწყინავდეს მათთვის ნათელი ქრისტეს დიდების სახარებისა". არა იმის გამო, რომ მათ ღმერთი არ სწამდათ, არამედ, იმის გამო, რომ როგორც ურწმუნოები ღვთის საიდუმლოთა შემეცნების ვერშემძლებელნი იყვნენ. სწორედ იგივე გამცნო და გვიბრძანა ჩვენ უფალმა, რომ მარგალიტები ღორების ფერხთით არ გაგვეშალა (მათე 3:6).
 
სხვაგვარად, მას რომ საიდუმლო ურწმუნოებისთვისაც გაეცხადებინა, მაშინ ურწმუნოების სნეულება კიდევ უფრო გაძლიერდებოდა და გამძაფრდებოდა მათში. სწორედ ასევე, თუკი ვინმე სნეული თვალის მქონე ადამიანს მზის ცქერას აიძულებს, ამით მის ავადმყოფობას კიდევ უფრო გააღვივებს და გააძლიერებს. აი, რატომაა, რომ ექიმები ამისთანა ავადმყოფებს სიბნელეში ამყოფებენ, რათა არ გააძლიერონ მათი ავამდყოფობა. სწორედ ამგვარივე სახით წარმოიდგინე აქაც. წარმოიდგინე და მიხვდი, რომ ურწმუნოები ასეთებად საკუთარი ნებით იქცნენ, ისინი თავად გახდნენ ურწმუნოები და ამის გამო უკვე ვეღარ შეძლეს სახარების გამოუთქმელ საიდუმლოთა ჭვრეტა. რადგანაც ღმერთმა მათ თვალებს სახარებისეული ნათლის ბრწყინვალება დაუმალა. ამის შესახებ თავად უფალიც ეუბნებოდა მოციქულებს: "იგავებით იმიტომ ველაპარაკები მათ, რომ მხედველნი ვერას ხედავენ, მსმენელნი ვერას ისმენენ, და არც არა გაეგებათ რა" (მათე 13:3).
 
მაგრამ იმისთვის, რომ კიდვ უფრო კარგად, მაგალითებით აგიხსნათ ის, რის შესახეაც ახლა ვლაპარაკობ, წარმოიდგინე ელინი ვინმე, რომელიც ჩვენს საიდუმლოებებს არაკად და ზღაპრად მიიჩნევს: დიდ სარგებელს მიიღებდა განა იგი, რომ მოსულიყო და საიდუმლოებებში ჩვენი მონაწილეობა ენახა; თუ ის უკეთესი იქნებოდა რომ საერთოდ არ მოსულიყო და არ ენახა საიდუმლო? სწორედ ამგვარივე აზრითა და მნიშვნელობით ამბობს მოციქული: "რათა არ ბრწყინავდეს მათთვის ნათელი" ქრისტესი. განაგრძობს ჯერ კიდევ მოსეს ისტორიაზე დაყრდნობას. რაც კონკრეტულად დაემარტათ ებრაელებს მოსეს დროს, სწორედ იგივე ემართებათ ახლა - სახარების ქადაგების ჟამს - ურწმუნოებს.
 
და რომ მართლაც დაფარულია მათ წინაშე და მათ არ იციან ეს, ამის შესახებ მოუსმინე თავად მოციქულს, რომელიც ამბობს: "რათა არ ბრწყინავდეს მათთვის ნათელი ქრისტეს დიდების სახარებისა, ქრისტესი, რომელიც არის ღვთის ხატი" (2 კორ. 4:4). იგულისხმება, რომ ჯვარი არის მთელი სამყაროს გადარჩენა და მისი დიდება; რომ თავად იგი - ჯვარცმული კვლავაც მოვა და მოვა უმაღლესი დიდებით და ყოველივე დანარჩენი ამჟამნდელი და მომავალი, ხილული და უხილავი მომავალ სიკეთეთა გამოუთქმელი დიდებაა. აი, რატომ თქვა მოციქულმა: "გამოუბრწყინდეს"... რომ შენ ყველაფერს ამჟამინდელ ცხოვრებაში არ ეძებდე; რადგანაც დიდება, რომელიც ახლა გვებოძება, არის მხოლოდ და მხოლოდ ერთგვარი ნათება სულისა.
 
ამის შესახებ მოციქულმა ზემოთაც მიანიშნა. როდესაც "კეთილსურნელება" ახსენა და ასევე, როდესაც ახსენა "წინდი". რითაც აჩვენა, რომ უმეტესი იქ, მომავალ ცხოვრებაშია დარჩენილი. თუმცა ეს ყველაფერი დაფრულია ურწმუნოთა თვალებისთვის. დაფარულია იმის გამო, რომ თავად არ ისურვეს ერწმუნათ.
 
შემდეგ, იმის საჩვენებლად, რომ მათ, ვინც ქრისტეს დიდება ვერ შეიცნო, არ აქვთ შეცნობილი არა მარტო ქრისტეს დიდება, არამედ დიდება მამისა, დაურთავს: "რომელიც არის უხილავი ღვთის ხატი". არ შეიძლება აქ მხოლოდ ქრისტე ვახსენოთ, რადგანაც, სწორედ ისევე, როგორც ქრისტეს მიერ და საშუალებით შენ ხედავ მამას, ასევე, თუ ქრისტეს დიდებას ვერ შეიცნობ, ვერც მამას შეიცნობ" (წმ. იოანე ოქროპირი. მერვე ჰომილია კორინთელთა მიმართ მე-2 ეპისტოლეზე. 2 კორ. 4:1-4).

წყარო: წმინდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი. შრომები XVI ტომი. კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლეს განმარტება. მერვე ჰომილია. თბილისი. 2017 წ. გვ. 129-132.
Назад к содержимому