სწავლანი > განმარტებანი
"თეატრალური მართლმადიდებლობის" საშიშროებანი
ავტორი: მღვდელი ანდრია ჩიჟენკო.
სამწუხაროდ, ჩვენს მართლმადიდებლურ საზოგადოებაში საკმაოდ ძლიერ არის განვითარებული ისეთი მოვლენა, როგორიცაა "თეატრალური მართლმადიდებლობა", ანუ მაჩვენებლობითი მორწმუნეობა. ჩვენ ვატარებთ ხშირ წვერს და ლამაზ თავსაფრებს, მიღებული გვაქვს მმარხველ-მლოცველ ადამიანთა უსათნოესი გამომეტყველება, მაგრამ სრულიად დაუფიქრებლად ისეთ სიტყვიერ ჭექა-ქუხილს დავატეხთ ხოლმე თავზე მოყვასს, რომ, ამ სიტყვებს ისრებად გადაქცევა რომ შეეძლოთ, ალბათ ვინმეს მოკლავდნენ.
ხშირად უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ ღვთისმოსაობის გარეგან ფორმებს: სწორად თაყვანისცემას, სანთლის სწორად დადგმას სასანთლეზე, ზუსტ მობრუნებას ტაძარში კმევის დროს (ღმერთმა დაგვიფაროს ზურგით დგომა საკურთხეველისკენ!) და სხვა, მაგრამ რამდენჯერ გვიქცევია ზურგი ჩვენი მოყვასისთვის?! რამდენს წავუსისინებთ ხოლმე ნეოფიტს, რომელიც პირველ და მოკრძალებულ ნაბიჯებს დგამს ტაძარში? როგორ ულმობლად "ჩავქოლავთ" ხოლმე ამ საწესჩვეულებო გეომეტრიით ადამიანს და მთელ ჩვენს "სამართლიან" აღშფოთების ახალმოქცეულს გადავასხამთ; ასე რომ, ღმერთთან ცოცხალი საუბრის ადგილი სულში აღარ გვრჩება, რადგან მთელი ჩვენი ყურადღება კონცენტრირებულია არა უზენაესზე, არა მასთან ურთიერთობაზე, არამედ იმაზე, თუ რომელი მხრიდან შემოვბრუნდეთ, საითკენ რამდენი ნაბიჯი გადავდგათ, რომელ ადგილას მოვკალათდეთ ტაძარში და სხვა.
ნიკოდიმე მთაწმინდელი თავის წიგნში "უხილავი ბრძოლა" წერდა: "... მრავალი მორწმუნე, მშვიდობისა და მაცხოვნებელი სულიერი ღვაწლის ნაყოფს კარგავს იმით, რომ ახანგრძლივებს მას, რადგან ფიქრობს, რომ დაზიანდება, თუკი ბოლომდე არ მიიყვანს, თითქოსდა ამაში მდგომარეობდეს სულიერი სრულყოფილება. ეს ცრუ თავდაჯერებულობაა. ამგვარად, მიჰყვებიან რა საკუთარ ნებას, ისინი მრავალს იღვწიან და თავს იტანჯავენ, თუმცა ჭეშმარიტ მოსვენებას და შინაგან მშვიდობას ვერ ჰპოვებენ..."
მაშ, განა მართლა სანთელშია საქმე? არა, საქმე სანთელში როდია. შეიძლება მილიონობით სანთელი დაანთო - და სულ ამაოდ; და პირიქით, შესაძლოა ვერაფერი დაანთო, მაგრამ თუკი იცხოვრებ თავმდაბლობით, მეზვერესავით მორჩილად იდგები ეკლესიაში და მასავითი იტყვი: "ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას" - ცხონდები. მეზვერეს არაფერი დაუნთია ეკლესიაში, არაფერი შეუწირავს და გამართლებული გამოვიდა ტაძრიდან (ლუკა 18:9-14), ხოლო ფარისეველი, რომელიც ყოველივე დაწესებულს ზედმიწევნით ასრულებდა და შესაწირიც მოჰქონდა - გამტყუნდა. მეზვერისეული სინანული და თავმდაბლობა - ცხონების საწინდარია, ხოლო ფარისევლური "სიმართლე" - წარწყმედისა.
ამიტომაც, ძმანო და დანო, გვახსოვდეს, რომ საეკლესიო საიდუმლონი და წეს-ჩვეულებანი თვითმიზანი და ჩვენი საეკლესიო ხომალდის საბოლოო ნავთსაყუდელი როდია. არა. ეკლესიის მოძღვართა განმარტებით, ისინი მხოლოდ მადლმოსილი საშუალებებია, რომლებიც ადამიანს ღმერთთან დაკარგული ურთიერთობის აღდგენაში ეხმარებიან. ისინი ის კარებია, რომელთა მიერაც ჩვენ ზეცად აღვალთ.
მაშ, რა ყოფილა ქრისტიანული ცხოვრების მიზანი? - სულიწმიდის მადლის მოხვეჭა, - როგორც ეკლესიის მოძღვარნი გვასწავლიან, - რადგან მადლის მიერ გვენიჭება: მორჩილება, სინანული, საკუთარ ცოდვათა გლოვა და, რაც მთავარია, უზენაესი სათნოება - ღმრთისა და მოყვასის გულწრფელი სიყვარული, რამეთუ "ღმერთი სიყვარულია" (1 იოანე 4:8).
წყარო: პორტალი «Православная жизнь».