Перейти к контенту

განმარტებანი - თითოეულ ჩვენთაგანს შეეძლო იუდა გამხდარიყო - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
სწავლანი > განმარტებანი
თითოეულ ჩვენთაგანს შეეძლო იუდა გამხდარიყო
ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი. პასექი.
ავტ. მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი).

"ხოლო როცა ბეთანიაში იყო იესო, სიმონ კეთროვანის სახლში, მიუახლოვდა ერთი ქალი, ალებასტრის ჭურჭლით რომ მოჰქონდა ძვირფასი ნელსაცხებელი, და თავზე დაასხა ინახად მჯდომს. ეს რომ დაინახეს, მისი მოწაფეები განრისხდნენ და თქვეს: რა საჭიროა ასეთი ფლანგვა? ვინაიდან შეიძლებოდა დიდ ფასად გაგვეყიდა ნელსაცხებელი და გლახაკთათვის მიგვეცა ფული. მაგრამ იესო მიუხვდა და უთხრა მათ: რას ერჩით ამ ქალს? მაგან ხომ კეთილი საქმე მიყო: ვინაიდან გლახაკნი ყოველთვის გვერდითა გყავთ, მე კი ყოველთვის როდი გეყოლებით. ნელსაცხებელი რომ მცხო ტანზე, ამით დასამარხათ გამამზადა. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელს ქვეყანაზე, საღაც იქადაგება ეს სახარება, ყველგან ითქმება მისი საქმე მისსავე მოსაგონებლად. მაშინ წავიდა ერთი თორმეტთაგანი, იუდა ისკარიოტელად წოდებული, მღვდელმთავრებთან. და უთხრა მათ: რის მოცემას ინებებთ ჩემთვის, თუკი მას მოგცემთ? ხოლო მათ მიუწონეს ოცდაათი ვერცხლი. და მას მერე ეძებდა ხელსაყრელ დროს, რათა მათთვის მიეცა იგი"
 
მთ. 26:6-16.
 
 
წმიდა წერილის ამ საკითხავში მოთხრობილია, რომ როდესაც ჩვენი უფალი თავის ვნებათათვის ემზადებოდა, მოვიდა ერთი დედაკაცი და ძვირფასი მირონით სცხო მას. ძალიან შთამბეჭდავია იმისი ხილვა როგორ მიიღო უფალმა უბრალო ხალხის მისდამი ასეთი სიყვარული. მაგრამ იმავე წამს იუდამ — მის მიმდევარ თორმეტ მოწაფეთაგან ერთ-ერთმა — შეხედა ამას, და რაღაც შეიცვალა მის გულში. როგორც ჩანს, ეს იყო "უკანასკნელი წვეთი". ხომ იუდა ფულზე იყო პასუხისმგებელი, და იფიქრა, რომ ეს ფულის ფუჭი ხარჯვა იყო.
 
ჩვენ შეგვიძლია მისი ფიქრების მსვლელობაც კი წარმოვიდგინოთ. შეგვიძლია გავიგონოთ, როგორ ფიქრობს იგი ქრისტეზე: "მე კი მეგონა, ეს ადამიანი რაღაცას წარმოადგენდა! ფულს ამაოდ ხარჯავს, ყველაფერს არასწორად აკეთებს, თავს ვიღაც მნიშვნელოვან პირად მიიჩნევს…" და სხვა ამგვარი წვრილმანი ფიქრები, რომელთაც ეშმაკი ადამიანის გონებაში თესავს. ეშმაკმა იუდა მის მთავარ ვნებაზე წამოაგო, როგორც ანკესის კაუჭზე (იუდას მთავარი ვნება ვერცხლისმოყვარეობა იყო) და ქრისტეს გაცემა აიძულა. იუდას ეს არ უნდოდა, მაგრამ სურდა უფრო მეტი ფული ჰქონოდა. ის საკუთარ თავს არ აკვირდებოდა და ქვეყნისთვის ჯვარცმას არ აპირებდა.
 
ნებისმიერი ჩვენთაგანი შეიძლება აღმოჩნდეს მსგავს მდგომარეობაში. ჩვენ უნდა ვაკვირდებოდეთ ჩვენს გულს და ვამჩნევდეთ, ჩვენს რომელ ვნებაზე შეიძლება დაგვიჭიროს ეშმაკმა, რათა შემდეგ ქრისტეს გაცემა გვაიძულოს. ხოლო თუ ვფიქრობთ, რომ იუდაზე უკეთესები ვართ, — რომ ის "არანორმალური" იყო, ჩვენ კი ნორმალურები ვართ, — ძალიან ვცდებით. თითოეული ჩვენთაგანის გულშიც არის დაბუდებული უამრავი ვნება. მოდი, ჩავხედოთ მათ.
 
"ანკესის კაუჭად" შეიძლება იქცეს სიყვარული სისუფთავისადმი, სიზუსტისადმი, მშვენიერებისადმი: ჩვენი ყოველი პატარა ნაკლი, რომელზეც ვართ მიჯაჭვულნი, შეიძლება ის კაუჭი აღმოჩნდეს, რომელზეც ეშმაკი დაგვიჭერს. ჩვენი ვნებიდან გამომდინარე, ანკესზე წამოგებულნი მაშინვე ვიწყებთ ჩვენი მდგომარეობის "ლოგიკურ" გამართლებას. და ამ "ლოგიკური" ფიქრის პროცესში მივუახლოვდებით ქრისტეს ღალატს, თუ არ ვისწავლით საკუთარი თავის შემჩნევას და ვერ გავიგებთ, რომ ვნებებით ვართ სავსენი, რომ თითოეულ ჩვენთაგანს შეეძლო იუდა გამხდარიყო. ამიტომ, როგორც კი ვნება ჩვენში მოქმედებას იწყებს და ვნებიდან ღალატამდე "ლოგიკურად" ვითარდება, მაშინვე უნდა შევჩერდეთ და ვთქვათ: "უფალო, შემიწყალე მე, ცოდვილი".
 
ჩვენ არ უნდა შევხედოთ საკუთარ ცხოვრებას ჩვენი ვნებების "სათვალეებიდან" და არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ "მოვარგოთ" იგი ჩვენსავ წარმოდგენას: მშვიდი უნდა იყოს ის თუ წყნარი, ხმაურიანი თუ აგზნებული. ასე თუ ვიზამთ, ეს ყველაფერი სრული კატასტროფით დასრულდება.
 
ცხოვრებაზე საკუთარ შეხედულებებში კეთილგანწყობით უნდა მივიღოთ ყველაფერი, რაც ღვთის განგებულებით ჩვენზე მოიწევა, რადგან ვიცით, რომ ის მოწოდებულია გაგვაღვიძოს ცოდვილი ძილისაგან. ჩვენ უნდა ვევედროთ ღმერთს მიგვითითოს ის საქმე, რომელიც მისთვის სათნო იქნებოდა.
 
როდესაც შევიწყნარებთ იმას, რაც ჩვენზე მოიწევა, ვემსგავსებით იმ უბრალო დედაკაცს სახარებიდან, რომელმაც უფლის მოწოდება შეისმინა და ამის მეშვეობით ღვთის მსახურად იქცა. როგორც უფალი გვამცნობს, ამ დედაკაცის შესახებ მთელ ქვეყანაში იქადაგეს, და ყველას გააგებინეს, რაც მან ქმნა — ძვირფასი მირონი დაასხა თავის მაცხოვარს. ამიტომაც, მოდი, მის მსგავსად ვიყოთ მიმღებნი ღვთის ყოველი მითითებისა და ნიშნისა, რომლებიც ყოველმხრივ გარს გვეხვევიან. ეს ნიშნები ყველგანაა: ბუნებაში, მოყვასთა საქციელსა და სიტყვებში, თითქოსდა შემთხვევით მოვლენებში... ყოველთვის, ყოველდღე, ყველგან არის რაღაც, რაც უფლის ნებას გვაუწყებს.
 
როდესაც ჩვენს სულებში ვნებათა არსებობის შეცნობას და მათთან ბრძოლას ვიწყებთ, საკუთარ თავს არ ვაძლევთ უფლებას ჩვენშიც დაიწყოს ის პროცესი, რაც იუდას სულში მოხდა. იუდამ დაიწყო უმცირესით: ფულის სწორად ხარჯვის საკითხით. და ასეთი უმნიშვნელო მიზეზის გამო მაცხოვარი გასცა!
 
ჩვენ უნდა ვიფხიზლოთ და გარშემო მომხდარ მოვლენებში ვეძებოთ არა საკუთარი ცოდვილი მისწრაფებების აღსრულება, არამედ საღმრთო ნებელობა, რათა უმალვე გამოვფხიზლდეთ და შევუდგეთ ქრისტეს, რათა შევძლოთ საკუთარ სულთა გადარჩენა. ამინ.
 

წყარო: antimodern.ru.
Назад к содержимому