განმარტებანი - სულიწმიდის გმობა - მიუტევებელი ცოდვა - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
სულიწმიდის გმობა - მიუტევებელი ცოდვა
 
მათეს სახარება: 12:30-32

"ვინც ჩემთან არაა, ჩემს წინააღმდეგაა; და ვინც ჩემთან არა კრებს, - ფანტავს. ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება ადამიანებს, მაგრამ სულის გმობა არ მიეტევება მათ. ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება მას; მაგრამ ვინც იტყვის სიტყვას სული წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება მას, არც ამ წუთისოფლად და არც საუკუნო სოფლად".
სინანულისკენ მოწოდება
ახ. ქართ.:

30. ვინც ჩემთან არაა, ჩემს წინააღმდეგაა; და ვინც ჩემთან არა კრებს, - ფანტავს.

ძვ. ქართ.:

30. რომელი არა არს ჩემ თანა, იგი მტერი ჩემი არს; და რომელი არა შეჰკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს.


ანონიმი კომენტატორი (IV ს.): ვინც ჩემთან არაა, ჩემს წინააღმდეგაა. რა სურს ეშმაკს? - ბოროტება. რა სურს ღმერთს? - სიკეთე. ამიტომაც იხილე, თუკი მე არ ვარ ეშმაკთან, მაშინ მის წინააღმდეგა ვარ. როგორც სიკეთე არ შეიძლება იყოს ბოროტებასთნ, არამედ ყოველთვის ბოროტების წინააღმდეგაა, ასევე ისინი არ არიან ერთად, არამედ ეწინააღმდეგებიან ერთურთს, რომელთა სურვილები და საქმეები ურთიერთსაპირისპიროა. ეშმაკი გვთავაზობს გარყვნილებას, მე - უბიწოებას. ეშმაკი უარყოფს უბიწოებს და გარყვნილებს შემოიკრებს, მე კი უარვყოფ გარყვნილებს და ვკრებ უბიწოთ. ეშმაკი ასწავლის განხეთქილებას, მე კი - მშვიდობას. ის მოუხმობს მეამბოხეთა და ბოროტმოქმედთ, მე კი - ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ მშვიდობასა და თანხმობაში. ამიტომაც იხილე: მე კი არ ვუერთდები მას (ეშმაკს), არამედ განვეშორები. ის ბევრს არ ლაპარაკობს, რათა მეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. რადგან თუკი ვინმე ჩემთან არ არის, ის ჩემს წინააღმდეგაა, მაშინ მითუმეტეს ის, ვინც ჩემი მოწინააღმდეგეა ვერ იქნება ჩემთან. ის არ არის ჩემთან, რადგან არ აკეთებს იმას, რასაც მე. ის ჩემი მოწინააღმდეგეა, რადგან საწინააღმდეგოს იქმს. მაგალითად, მე რაღაცას ვაშენებ. თუკი მე ვინმე არ მეხმარება, რომც არ ანგრევდეს, მაინც არ არის ჩემთან, არამედ ჩემი წინააღმდეგია, რადგან არ შემეწევა მე, თუმც კი შეეძლო შეწევნა. მაგრამ თუკი ის განზრახვით დაიწყებს დანგრევას, რაოდენ უფრო იქნება ჩემი მოწინააღმდეგე? (PG 56:786).


ექვთიმე ზიგაბენი: "ხვა მოსაზრებითაც ამტკიცებს, რომ დემონთა თავადი - მისი უდიდესი მტერია. რომ ის არ არის ქრისტესთან და, რომ არ ჰკრებს მასთანმ, ეს ცხადია, როგორც ერთის, ასევე მეორის საქმეებიდან. ქრისტე ყოველგვარ სიკეთეს გვასწავლის, და უყვარს რა ადამიანებს, კურნავს სნეულთ, ხოლო ეშმაკი, პირიქით, ასწავლის ყოველგვარ ბოროტებას, და რადგან სძულს ადამიანები, ვნებს მათ ჯანმრთელობას. ამიტომაც, თუკი ის არ არის ქრისტესთან, ანუ არაფერში არ ეთანხმება მას, როგორც ნაჩვენებია, და არ ჰკებს მასთან ერთად სარწმუნოებასთან მიმართებაში, - მაშინ, რა თქმა უნდა, მისი წინააღმდეგია და, რამდენიც შეუძლია ფანტავს მათ, ვისაც ქრისტე თავისთან შეჰკრებს. როდესაც უფალმა თქვა: ვინც ჩემთან არაა, ჩემს წინააღმდეგაა, ­­- გაუგებრად რომ არ მოჩვენებოდა ვინმეს დაამატა: და ვინც ჩემთან არა კრებს, - ფანტავს. ეშმაკებს იუდეველებიც მიამატა, რომლებიც მის წინააღმდეგ იყვნენ და, რამდენიც შეეძლოთ, ფანტავდნენ იმას, რასაც ის ჰკრებდა".


ნეტ. ჰიერონიმე სტრიდონელი: (დაახლ. 347–419/20): "ნურავინ იფიქრებს, რომ ეს სიტყვა ეხებოდეს მწვალებლებს და სქიზმატიკოსებს (თუმცა, რა თქმა უნდა, შეიძლება ასეც გავიგოთ); მეტყველებისა და შემდგომი სიტყვების საფუძველზე ის უნდა განეკუთვნოს ეშმაკს, რადგან მაცხოვრის საქმენი შეუძლებელია ბელზებელის საქმეებს შეედაროს: ბელზებელს ადამიანთა სულების შეპყრობა სურს, ხოლო უფალს - მათი გათავისუფლება; ის (ბელზებელი) კერპებს ქადაგებს, ხოლო უფალი - ერთი ჭეშმარიტი ღმერთის შემეცნებას; ის (ბელზებელი) ვნებებისკენ უბიძგებს ადამიანებს, ხოლო უფალი სათნოებებისკენ მოუწოდებს. ამიტომაც, როგორ არის შესაძლებელი თანხმობა იყოს მათ შორის, ვინც თავიანთი საქმეებით აჩვენებენ განყოფას ან სრულიად განსხვავებულნი არიან?"


წმ. იოანე ოქროპირი: "აი, მეოთხე უარყოფაც. როგორია ჩემი განზრახვა? ამბობს ქრისტე. მივიყვანო ადამიანები ღმერთთან, ვასწავლო მათ სათნოების ქმნა, ვახარო მათ სასუფეველი. ეშმაკსა და ბოროტ სულებს რაღა სურთ? ამის საწინააღმდეგო. ამრიგად, ის ვინც არ შეჰკრებს ჩემთან და ჩემთან არაა, როგორღა დამეხმარება მე? და რას ვამბობ - დამეხმარება? პირიქით, იგი ცდილობს განაბნიოს კიდეც, რაც ჩემია. ამრიგად, ის, ვინც არამ ხოლოდ არ მეხმარება, არამედ განაბნევს კიდეც ჩემსას, როგორღა იქნება ჩემთან ისეთ თანხმობაში, რომ ჩემთან ერთად განასხას ეშმაკები? ამას ის, მგონი, ამბობდა არა მხოლოდ ეშმაკზე, არამედ საკუთარ თავზეც, რამდენადაც ის თავად ეწინააღმდეგება ეშმაკს და განაბნევს მის ქონებას. რატომ ამბობს ვინც ჩემთან არაა, ჩემს წინააღმდეგაა? იმიტომ, რომ იგი არ კრებს უფალთან ერთად. თუკი ეს სამართლიანია, ასეთი სწორედ ის უნდა იყოს, ვინც მის წინააღმდეგია. თუკი ის, ვინც არ ეხმარება ქრისტეს, მტრად იწოდება, მით უფრო მტერია ის, ვინც მის წინააღმდეგ შეიჭურვება. და მაინც ეს, - ამბობს იგი, - იმისთვისაა, რომ გვიჩვენოს თავისი დიდი და შეურიგებელი მტრობა ეშმაკთან. მითხარი, განა შენს წინააღმდეგ არაა ის, ვისაც შენი დახმარება არ სურს მაშინ, როდესაც ვინმე გებრძვის? თუკი ის სხვა ადგილას ამბობს: ვინც ჩვენს წინააღმდეგ არაა, ჩვენს მხარესაა (ლუკა 9:50), ეს არ ეწინააღმდეგება აქ თქმულს, აქ მან მიუთითა, ვინ არის მათი მოწინააღმდეგე, ხოლო იქ უჩვენებს, ვინ არის მათი თანამონაწილე, რადგანაც ნათქვამია: შენი სახელით არ ვაძევებდით ეშმაკთ (მათე 7:22)? ვფიქრობ, აქ ქრისტე იუდეველებზეც მიგვანიშნებს და მათ ადგილს ეშმაკის გვერდით მიუჩენს. ისინიც მის წინააღმდეგ იყვნენ და განაბნევდნენ, რაც მან შეიკრიბა. ხოლო ის, რომ ამ ადგილას მათზეცაა მინიშნება, ამას მოწმობს მაცხოვრის შემდგი სიტყვები: ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება ადამიანებს (მათე 12:31)" (წმ. მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი. ჰომილიები. V ტ. წმ. მათე მახარებლის სახარების განმარტება. ნაწილი პირველი. ორმოცდამეერთე ჰომილია მათეს სახარებაზე. § 3. გვ. თბილისი, 2016 წ. გვ. 497-498).


ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი: "როგორ შემეწევა მე ბელზებელი, ამბობს ქრისტე, თუკი ის ყველაზე მეტად მეწინააღმდეგება? მე ვასწავლი სათნოებებს, ის - ბოროტებას. მაშ, როგორ არის ის ჩემთან? მე შემოვიკრებ ადამიანებს საცხოვნებლად, ის კი ფანტავს. უფალი ფარისევლებზეც უთითებს, რადგან ისინი, როდესაც იესუ ასწავლიდა და მრავალთათვის სიკეთე და სარგებლობა მოჰქონდა, ფარისევლები ხალხს ფანტავდნენ, რათა ისინი არ მისულიყვნენ მასთან. ამრიგად, უფალი აჩვენებს, რომ ფარისევლები მართლაც მსგავსნი იყვნენ დემონებისა".
 
 
წმ. ქრომატიუს აკვილეველი (†~407): "სამართლიანად დაუმატა მან, როდესაც თქვა: ვინც ჩემთან არაა, ჩემს წინააღმდეგაა; და ვინც ჩემთან არა კრებს, - ფანტავს, რათა აჩვენოს, რომ სხვაა მისი საქმე, და სულ სხვა - ეშმაკისა. ეშმაკი ხომ - კაცთა მოდგმის ცხონების მტერია. ეშმაკს ახასიათებს ხალხის გაბნევა მათ წარსაწყმედად, ხოლო ქრისტეს - ხალხის შემოკრება საცხოვნებლად. ამიტომაც ნაჩვნებია, რომ შეუძლებელია უფალთან იყოს ის, ვინც უფლის წინააღმდეგია. როდესაც ეს თქვა, უფალი, როგორც ჩანს, ამხელს ფარისევლებსაც, რომლებსაც არ სურდათ ქრისტესთან გაერთიანება და ემტერებოდნენ უფალს, თუმცა, უფალი ყველა მწვალებელსა და სქიზმატიკოსზეც ამბობს, რომლებიც ან შერყვნილი სწავლებით, ან სქიზმაში გახევებით შემოიკრებენ უკეთურ საკრებულოებს ეკლესიის წინააღმდეგ, უფრორე კი - უფლის წინააღმდეგ, და ცდილობენ განყონ და შერყვნან ეკლესიის დაუზიანებელი სხეული, მშვიდობისა და რწმენის ერთობა. მათ არ ახსოვთ სოლომონის სიტყვები: ხის გამჩეხავს ხევე დაასახიჩრებს (ეკლ. 10:9), რომლებიც აჩვენებენ, რომ ეკლესიაში განხეთქილების ჩამომგდები მარადიულ სიკვდილს ექვემდებარება" (Трактат на Евангелие от Матфея. 50.2 Сl. 0218,50.57; CCSL 9А:466-67).
 
 
წყარო: https://ekzeget.ru/bible/evangelie-ot-matfea/glava-12/stih-30/
 

***


ახ. ქართ.:

31. ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება ადამიანებს, მაგრამ სულის გმობა არ მიეტევება მათ.
ძვ. ქართ.:

31. ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ყოველი ცოდვაჲ და გმობაჲ მიეტეოს კაცთა, ხოლო სულისა წმიდისა გმობაჲ არა მიეტეოს კაცთა.
 
 
წმ. ათანასე დიდი: "აქ ჯეროვანია დავიმოწმოთ მოციქულის სიტყვა: "წიგნი მოაკუდინებს, ხოლო სული აცხოვნებს" (2 კორ. 3:6). რადგან თუკი საღმრთო წერილში ყველაფერს ბუკვალურად გავიგებთ, მაშინ უკეთურ გმობაში შთავცვივდებით. ასეთია აქაც უფლის მიერ შემოთავაზებული გამოთქმა. თუკი მას მკაცრად პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებთ, არა მარტო უკეთურ ცნებებამდე მივალთ, არამედ აღმოვაჩენთ, რომ უფალიც კი საკუთარ თავს ეწინააღმდეგება. რადგან, თუკი ვინმე იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება მას (მთ. 12:30); მაშინ რატომ თქვა თვით ძემ, ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, თავადაც უარიყოფა ღმრთის ანგელოზთა წინაშე (ლუკა 12:9)? და კიდევ: თუკი ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება ადამიანებს, მაშინ რატომ უნდა ვაგოთ პასუხი განკითხვის დღეს: ყოველი ფუჭი სიტყვისთვის, რომელსაც იტყვიან კაცნი (მათე 12:36)? და ვინც ეტყვის თავის ძმას: შლეგო, ცეცხლის გეენაში ჩავარდეს (მათე 5:22)? პავლეც ხომ ამბობს: ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს (1 კორინთ. 6:10).
 
მაშ, თუ ეს ყველაფერი ასეა, მაშინ მითხარი: ყოველი ცოდვა და გმობა როგორ მიეტევება ადამიანებს? და კვლავაც, თუკი ეს უკანასკნელი სამართლიანია: რისთვის ადანაშაულებენ საცოდავ ორიგენეს, რომელიც ქადაგებდა, რომ ტანჯვას დასასრული ექნება და ღმერთი ადამიანებსა და ეშმაკთ ყოველგვარ ცოდვას მიუტევებს? და კიდევ, თუკი სულიწმიდის გმობა მიუტევებელია, რისთვის გმობს ეკლესია ნოვატს, რომელიც უარყოფდა სინანულს? მაგრამ, კიდევ უფრო ბუნდოვანი და გაუგებარია ის, რასაც სიტყვა ამბობს ძეზე: ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება მას; მაგრამ ვინც იტყვის სიტყვას სული წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება მას, თითქოსდა ძე მამაზე და სულიწმიდაზე ნაკლები იყოს.
 
მაშ, ამის შემდეგ რატომ უნდა უარვყოთ ბილწი არიანელები, რომლებიც ძეს აკნინებდნენ სულიწმიდის წინაშე? და რატომ ამბობს ძე: მე და მამა ერთი ვართ (იოანე 5:23); აქ კი ამბობს: ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება მას? ამიტომ, მითხარი, - ნუთუ ძის გმობა მიეტევება არიანელებს, სიმონიანელებს, საბელიანოზთ, ფოტინელებს და ყველა მტერს, ვინც კი გმობდა ძის განკაცებას? ნუმც იყოფინ! დე განგვაშოროს ღმერთმა ასეთი აზრი! თუკი, ვინც ეტყვის თავის ძმას: შლეგო, ცეცხლის გეენაში ჩავარდეს (მათე 5:22): მითხარი, - რომელ გეენაში ჩავარდება ის, ვინც თავის ღმერთს ქმნილებას უწოდებს, და არა ღმრთის ძეს, უწოდებს მონას, მსახურს და უკნინესს? და თუკი, ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება მას (მათე 12:32), რატომ თქვა თვით ძემ: თუკი არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში (იოანე 6:53)? როგორ არის შესაძლებელი, ვინც ძეს გმობს, არ გმობდეს წმიდა სამებას? ხოლო ვინც წმიდა სამებას გმობს, ის აშკარად უარყოფს ნათლისღებას. მისი უარმყოფელი კი განიოტებს სულიწმიდას; და როგორ არ გავრცელდება  შენი შეურაცხყოფა გრძნობისმიერი მზის მთელ ბუნებაზე, თუკი შეურაცხყოფ მის სითბოს ან მის სხივებს? აი ასე, სამბრწყინვალე ნათელსა და წმიდა სამების საიდუმლოში ერთი იპოსტასის შეურაცხყოფა ღვთაების მთელი სისრულის შეურაცხყოფაა.
 
რას ნიშნავს იუდეველთადმი თქმული: ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება მას; მაგრამ ვინც იტყვის სიტყვას სული წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება მას, არც ამ წუთისოფლად და არც საუკუნო სოფლად? ყურადღებით ვისმინოთ, და საკუთარ თავს ნუ ვაცდუნებთ. წმიდა წერილი გვამცნობს, რომ ქრისტე გამოუთქმელი ერთიობით ორბუნებოვანია, კერძოდ, - ღმრთეებრივი და კაცებრივი. სიტყვა ხორცად იქცა (იოანე 1:14). ამრიგად, თვით ქრისტე უწოდებს სიტყვის ღმრთეებას სულიწმიდას, როგორც სამარიტელ დედაკაცს უთხრა: ღმერთი სულია (იოანე 4:24), ხოლო სიტყვის კაცებას - ძე კაცისა (იოანე 13:31); რადგან ამბობს: აწ იდიდა ძე კაცისა (იოანე 13:31). და იუდეველები, რომლებიც მარადჟამ შეურაცხყოფდნენ ღმერთს, ქრისტესთან მიმართებაში ორმაგ გმობაში ვარდებოდნენ. ერთნი, ბრკოლდებოდნენ რა მისი ხორცით, მით, რომ ის ძე კაცისა იყო, მას წინასწარმეტყველად მიიჩნევდნენ, ღმრთეებას კი უარყოფდნენ, და მჭამელსა და ღვინის მსმელს უწოდებდნენ (იხ. მათე 11:9); და მათ ის მიუტევებდა, რადგან მაშინ ახალდაწყებული იყო ქადაგება, და სამყაროსთვის დაუტევნელი იყო განკაცებული ღმერთისადმი რწმენა. ამიტომაც ამბობს ქრისტე: ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, ანუ მისი ხორცის წინააღმდეგ, მიეტევება მას. რადგან გავბედავ და ვიტყვი, რომ თვით ნეტარ მოწაფეებსაც კი არ ჰქონდათ სრული წარმოდგენა მის ღვთაებრიობაზე, სანამ მათზე გადმოვიდოდა სულიწმიდა ორმოცდამეათე დღეს; რადგან მკვდრეთით აღდგომის შემდეგაც, იხილეს იგი და თაყვანი სცეს; ხოლო ზოგიერთი შეეჭვდა (მათე 28:17), თუმცა ამისთვის როდი დაისაჯნენ. მაგრამ ვინც გმობს სულიწმიდას, ანუ ქრისტეს ღმრთეებას, და ამბობს, რომ  ეს ბელზებულის, ეშმაკთა მთავრის შეწევნით აძევებსო ეშმაკთ (ლუკა 11:15), მათ ეს ცოდვა არ მიეტევებათ არც ამ წუთისოფლად და არც საუკუნო სოფლად.
 
საჭიროა აღინიშნოს, რომ ქრისტეს არ უთქვამს: არ მიეტევება მგმობელს და მონანულსო, არამედ მხოლოდ მგმობელს, ანუ მას, ვინც ამ გმობაში იმყოფება. რადგან ჯეროვანი სინანული ყოველგვარ ცოდვას მიუტევებს.
 
სხვები, რომლებიც იკვლევენ ნათქვამს, რომ სულიწმიდის გმობა არავის მიეტევება არც წუთისოფლად და არც მომავალ საუკუნეში, ამბობენ, რომ ოთხია მეთოდი, რომლითაც ხდება ცოდვათა მიტევება, რომელთაგან ორი აქ აღესრულება, ორი კი - მომავალ საუკუნეში. ჩვენს მეხსიერებას არ შესწევს უნარი გაიხსენოს მთელ ცხოვრებაში ჩადენილი ცოდვები, რომ ისინი აქ შეინანოს; ამიტომ, როგორც ისინი ამბობენ, კაცთმოყვარე უფალმა მოუნანიებელთათვის მოამზადა სინანულის ორი სახე მომავალ საუკუნეში. როდესაც ვინმე განურჩევლად იქმოდა კეთილ საქმეებს, ან აღძრული იყო მოყვასისადმი მოწყალებითა და თანაგრძნობით, ან სხვა რაიმე კაცთმოყვრული მოსაზრებით; მაშინ, მომავალ საუკუნეში, სამსჯავროს დროს, ეს ყველაფერი აწონ-დაწონილი იქნება, და თუკი მათში სიკეთე გადაწონის, მიეტევება მას. და ეს არის - პირველი მეთოდი.
 
მეორე კი ასეთია: როდესაც ვინმეს, ცოდვებით შეპყრობილს, ესმის, რომ ამბობს უფალი: ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხნეთ, და ამით შეშინებული, არავის განიკითხავს მისი ცხოვრებისთვის; როგორც მცნების დამცველი, არ დაისჯება, რადგან სრულიად ჭეშმარიტი ღმერთი საკუთარ მცნებებს არ ივიწყებს.
 
მიტევების ორი სხვა მეთოდი აქ ხორციელდება. როდესაც ვინმე, ცოდვებში მყოფი, ღმრთის განგებულებით დაექვემდებარება უბედურებებს, ჭირვებას და სნეულებებს, - რამეთუ ამათ მიერ რმერთი, ჩვენთვის მიუწვდომელი სახით, განწმენდს მას, - და თუკი განსაცდელში მყოფი მადლობს ღმერთს, ამ მადლობისთვის ღმრთისგან დაჯილდოვდება. ხოლო თუ არ მადლობს, მაშინ მსჯავრი დაედება იმ ცოდვებისთვისაც, რომელთა გამოც ისჯება, და მეტიც, უმადურობისთვის პასუხისგებაში მიეცემა.
 
ამიტომ, ვინმე თუ სცოდავს კაცთა წინაშე, მას მრავალი შესაძლებლობა აქვს მისატევებლად. რადგან, ვინც ერთი ადამიანის მიმართ სცოდავს და სიკეთეს იქმს სხვა ადამიანის მიმართ, ის განისჯება იმავე წესით, რომლის წინააღმდეგაც სცოდავდა. მაგრამ სულიწმიდის წინააღმდეგ შეცოდება არის ურწმუნოება, და არ არსებობს სხვა შემთხვევა მიტევებისთვის, თუ არა რწმენა ღმრთისა; და უღმრთოებისა და ურწმუნოების ცოდვა მას არც აქ და არც მომავალ ცხოვრებაში არ მიეტევება" (Из Бесед на Евангелие от Матфея).

წმ. ბასილი დიდი: "ისინი, ვინც რაიმეში სულიწმიდის ნაყოფს ხედავენ, რომელიც ყველგან ღვთისმოსაობას იცავს, და მას სულიწმიდას კი არა სუპოსტატს მიაწერენ, - გმობენ სულიწმიდას" (Правила богоугодной жизни. Правило 35).


მისივე: "კითხვა: როგორი საქმეებით შეიძლება ვინმემ "დაგმოს სულიწმიდა" (მარკოზი 3:29; მათე 12:31-32)?
 
პასუხი: იმ გმობიდან, როგორიც მაშინ წარმოთქვეს ფარისევლებმა, და რომელთა მისამართითაც ითქვა ეს გაკიცხვა, ჩანს, რომ დღეს სულიწმიდას გმობს ის ადამიანი, ვინც სულიწმიდის ნაყოფს მიაწერს ეშმაკს" (Правила, кратко изложенные в вопросах и ответах". Вопрос 273).


ექვთიმე ზიგაბენი: "ამიტომ, - ე. ი. რადგან ამას ჩემს წინააღმდეგ ამბობთ, - გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება ადამიანებს, მაგრამ სულის გმობა არ მიეტევება მათ (მათე 12:31). აქ ყოველგვარი ცოდვა და ყოველგვარი გმობა როდი იგულისხმება; შემდეგ სიტყვებში აჩვენებს, თუ როგორ გმობას და ცოდვას გულისხმობდა".
 
 
წმ. იოანე ოქროპირი: "... ნათქვამია: განა შენი სახელით არ ვაძევებდით ეშმაკთ (მათე 7:22)? ვფიქრობ, აქ ქრისტე იუდეველებზეც მიგვანიშნებს და მათ ადგილს ეშმაკის გვერდით მიუჩენს. ისინიც მის წინააღმდეგ იყვნენ და განაბნევდნენ, რაც მან შეიკრიბა. ხოლო ის, რომ ამ ადგილას მათზეცაა მინიშნება, ამას მოწმობს მაცხოვრის შემდეგი სიტყვები: ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება ადამიანებს, მაგრამ სულის გმობა არ მიეტევება მათ (მათე 12:31). ამრიგად, განაქარვებს რა მათ ცილისწამებას, გადაწყვეტს მათ კამათს და უჩვენებს მათ უგუნურ სიჯიუტეს, ბოლო იგი აშინებს მათ, რამდენადაც რჩევის მიცემისა და გამოსწორების საქმეში, არცთუ უმნიშვნელოა ისიც, რომ არა მხოლოდ უპასუხო ყველა კითხვასა და დაარწმუნო, არამედ დაემუქრო კიდეც, რასაც ხშირად აკეთებს კიდეც ის, ვინც კანონებსა და რჩევებს იძლევა.თუმცა იესუ ქრისტეს სიტყვები ძლიერ ბუნდოვნად გვეჩვენება, მაგრამ თუ ჩავუკვირდებით, ადვილად გავიგებთ მას. ამრიგად, თავდაპირველად ყურადღებით მოვისმინოთ ეს სიტყვები:
 
"ყოველი ცოდვა და გმობა, ამბობს ის, მიეტევება ადამიანებს, მაგრამ სულის გმობა არ მიეტევება მათ. ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება მას; მაგრამ ვინც იტყვის სიტყვას სული წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება მას, არც ამ წუთისოფლად და არც საუკუნო სოფლად (მათე 12:31-32). რას ნიშნავს ეს სიტყვები? თქვენ ბევრს საუბრობდით ჩემზე, რომ მე მატყუარა ვარ, რომ მე ღმერთის მოწინააღმდეგე ვარ. მე თქვენ გაპატიებთ ამას და არ მოვითხოვ თქვენს დასჯას, თუკი შეინანებთ, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ მონანულთაც. ეს როგორღაა? ეს ცოდვაც ხომ მიეტევათ მონანულთ. მრავალმა მათ შორის, ვინც სულიწმიდის გმობას ანთხევდა პირიდან, შემდგომში ირწმუნა და ყველაფერი მიეტევათ. რას ნიშნავს ეს სიტყვები? იმას, რომ სულიწმიდის წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვა უმეტესად მიუტევებელია. რატომ? იმიტომ, რომ მათ არ იცოდნენ, ვინ იყო ქრისტე; სულიწმიდის შესახებ კი საკმარისი ცოდნა მიიღეს. ასე რომ, ყველაფერი რასაც ამბობდნენ წინასწარმეტყველნი სულიწმიდის შთაგონებით ამბობდნენ, ძველ აღთქმასიც ყველას ძალზე ნათელი წარმოდგენა ჰქონდა მასზე.
 
ამრიგად, ქრისტეს სიტყვებს შემდეგი მნიშნელობა აქვს: ვთქვათ, თქვენ ცდუნდბით ჩემი ხორციელი შესახედაობით, რომლითაც შევიმოსე. მაგრამ შეგიძლიათ სულიწმიდაზეც თქვათ, რომ არ იცით იგი?! ამიტომაც თქვენი გმობა არ მოგეტევებათ, აქაც და იქაც დაისჯებით ამის გამო. მრავალნი თუმცა ხოლოდ აქ იქნენ დასჯილნი, როგორც მაგალითად მრუში, რომელიც უღირსად ეზიარა საიდუმლოებებს კორინთელებთან, მაგრამ თქვენ აქაცა და იქაც, ამრიგად, მე შეგინდობთ ყველა იმ ბოროტსიტყვაობას ჩემს მიმართ ჯვარცმამდე რომ წარმოთქვით. იმასაც კი, რომ ჩემი ჯვარცმა გსურთ და თავად ურწმუნოებაც კი არ წაგეყენებათ ბრალად. მათ ვინც ჯვარცმამდე ირწმუნეს, არ ჰქონდათ სრული რწმენა. ამიტომაც, ყევალს უკრძალავს, ჯვარცმამდე გამოუცხადოს რაიმე ვინმეს. თავად ჯვარზეც ლოცულობდა იუდეველთა ცოდვების შენდობისთვის. მაგრამ ის, რასაც სულიწმიდაზე ამბობდით, არ მიგეტევებათ. ხოლო ის, რომ ქრისტე მიუთითებს გმობაზე, რომელსაც იუდეველნი მის მიმართ ჯვარცმამდე წარმოსთქვამდნენ, შემდეგი სიტყვებიდან ჩანს: ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება მას; მაგრამ ვინც იტყვის სიტყვას სული წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება მას, არც ამ წუთისოფლად და არც საუკუნო სოფლად (მათე 12:31-32). რატომ? იმიტომ, რომ სულიწმიდა ცნობილია თქვენთვის, ხოლო თქვენ არ გრცხვენიათ უარყოთ აშკარა ჭეშმარიტება. თუკი ამბობთ, რომ მე არ მიცნობთ, უეჭველად იცით, რომ ეშმაკთა განსხმა და კურნების აღსრულება სულიწმიდის საქმეა.
 
ამრიგად, არა მხოლოდ მე მაგინებთ, არამედ სულიწმიდასაც. ამიტომ თქვენი სსჯელი, აქაც და იქაც გარდაუვალია. ერთნი ისჯებიან აქც და იქაც; მეორენი მხოლოდ აქ. სხვები მხოლოდ იქ; ხოლო კიდევ სხვები არც აქ და არც იქ, ან აქაც და იქაც, როგორც მაგალითად ეს სულიწმიდის მგმობარნი. ისინი აქაც დაისაჯნენ, როდესაც საშინელ განსაცდელებს დაექვემდებარნენ, მათი ქალაქქის აღებისას, და იქაც უმკაცრეს სასჯელს მიიღებენ, როგორც სოდომის მაცხოვრებლებმა და მრავალმა სხვამ. მხოლოდ იქ, როგორც მაგალითად მდიდარი, რომელიც ცეცხლის ალსი იწვოდა და არ ჰქონდა ერტი წვეთი წყალიც კი. აქ, როგორც მაგალითად კორინთელი მრუში, არც აქ, არც იქ: როგორც მოციქულები, როგორც წინასწარმეტყვლები, როგორც ნეტარი იობი: ხოლო მატი ტანჯვა სასჯელის შედეგი კი არ იყო, არამედ ღვაწლი და ბრძოლა" (წმ. იოანე ოქროპირი. ჰომილიები. V ტომი. წმიდა მათე მახარებლის სახარების განმარტება. ნაწილი პირველი. ორმოცდამეერთე ჰომილია მათეს სახარებაზე. თბილისი 2016. გვ. 498-499).
 
 
ღირ. მაქსიმე აღმსარებელი: "რა არის სულიწმიდის გმობა, და რატომ მიეტევება ადამიანებს ყოველი ცოდვა, ღმრთის მგმობელებს კი არ მიეტევებათ არც ამ წუთისოფლად და არც საუკუნო სოფლად?... სულიწმიდის გმობასთან დაკავშირებული გაურკვევლობა ასე გადაწყდება: როდესაც უფალი იქმოდა მრავალრიცხოვან განკურნებებს, იუდველები სულიწმიდის მოქმედებას მიაწერდნენ ეშმაკთა მთავარს (მათე. 9:34; 12:24; იოანე 3:8). იგივე სიტყვები, რომ სულიწმიდის მგმობელთ არ მიეტევებათ არც წუთისოფლად, არც მომავალ საუკუნეში, ასე უნდა განვიხილოთ. ზოგიერთი იმათგან, რომელთაც სულით მიიღო ამის შესახებ ზუსტი ცოდნა (1) ამბობს: არსებობსო ოთხი სახე, რომელთა მეშვეობითაც ხდება ცოდვათა მიტევება - ორი სახე აქ და ორიც მომავალ საუკუნეში. ჩვენს მეხსიერებას არ შესწევს უნარი გაიხსენოს მთელ ცხოვრებაში ჩადენილი ცოდვები, რომ ისინი აქ შეინანოს; ამიტომ, როგორც ისინი ამბობენ, კაცთმოყვარე უფალმა მოუნანიებელთათვის მოამზადა სინანულის ორი სახე მომავალ საუკუნეში. როდესაც ვინმე განურჩევლად იქმოდა კეთილ საქმეებს, ან აღძრული იყო მოყვასისადმი მოწყალებითა და თანაგრძნობით, ან სხვა რაიმე კაცთმოყვრული მოსაზრებით; მაშინ, მომავალ საუკუნეში, სამსჯავროს დროს, ეს ყველაფერი აწონ-დაწონილი იქნება, და თუკი მათში სიკეთე გადაწონის, მიეტევება მას (2). და ეს არის - პირველი მეთოდი.
 
მეორე კი ასეთია: როდესაც ვინმეს, ცოდვებით შეპყრობილს, ესმის, რომ ამბობს უფალი: ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხნეთ, და ამით შეშინებული, არავის განიკითხავს მისი ცხოვრებისთვის; როგორც მცნების დამცველი, არ დაისჯება, რადგან სრულიად ჭეშმარიტი ღმერთი საკუთარ მცნებებს არ ივიწყებს.
 
მიტევების ორი სხვა მეთოდი აქ ხორციელდება. როდესაც ვინმე, ცოდვებში მყოფი, ღმრთის განგებულებით დაექვემდებარება უბედურებებს, ჭირვებას და სნეულებებს, - რამეთუ ამათ მიერ ღმერთი, ჩვენთვის მიუწვდომელი სახით, განწმენდს მას, - და თუკი განსაცდელში მყოფი მადლობს ღმერთს, ამ მადლობისთვის ღმრთისგან დაჯილდოვდება. თუ არ მადლობს, მაშინ განიწმინდება (καθαίρεται) იმ ცოდვებისგან, რომელთა გამოც დაისაჯა, მაგრამ უმადურეობისთვის დაისჯება.
 
ამიტომ, ვინმე თუ სცოდავს კაცთა წინაშე, მას მრავალი შესაძლებლობა აქვს მისატევებლად. რადგან, ვინც ერთი ადამიანის მიმართ სცოდავს და სიკეთეს იქმს სხვა ადამიანის მიმართ, ის განისჯება იმავე წესით, რომლის წინააღმდეგაც სცოდავდა. მაგრამ სულიწმიდის წინააღმდეგ შეცოდება არის ურწმუნოება, და არ არსებობს სხვა შემთხვევა მიტევებისთვის, თუ არა რწმენა ღმრთისა; და უღმრთოებისა და ურწმუნოების ცოდვა მას არც აქ და არც მომავალ ცხოვრებაში არ მიეტევება". (3) რა თქმა უნდა, არ მიეტევება ადამიანს, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება ურწმუნოებით სცოდავდა" (Преп. Максим Исповедник. "Вопросы и затруднения". Разъяснение некоторых трудностей в Св. Писании, писаниях Святых Отцов и других вопросов и недоумений. § 189).

_________________________
   
1. შემდეგში სიტყვასიტყვით მეორდება ნაწყვეტი, რომელიც შეგვიძლია ვიპოვოთ თხზულებაში Scholia in Matthaeus (რუსულ თარგმანში: Беседы на Евангелие от Матфея), რომელიც წმ. ათანასე ალექსანდრიელს მიეწერება  
 
2. ანუ ამ საქმეებს მნიშვნელობა ექნება საუკუნო სამსჯავროზე.
 
3. ღირ. მაქსიმეს ტექსტი პრაქტიკულად სიტყვასიტყვით ემთხვევა მათეს სახარების განმარტების ტექსტს (Scholia in Matthaeus), რომელიც წმ. ათანასე ალექსანდრიელს მიწერება, მნიშვნელოვანი აზრობრივი განსახვავება შემჩნეულია მხოლოდ ერთ სიტყვაში (გარდა ამისა, ღირ. მაქსიმესთან ჩამატებულია ერთი დამატებითი განმარტებითი ფრაზა). მოვიტანთ ამ ნაწყვეტის თარგმანს რევოლუციამდელი რუსუილ თარგმანიდან, რომელთან განსხვავება ღირ. მაქსიმეს ჩვენ მიერ მოტანილ თარგმანში (ორი ადგილის გარდა, რომელთა შესახებაც ცალკე ვიტყვით) დაკავშირებულია არა ორიგინალში განსხვავებასთან, რომლებიც უმნიშვნელოა, არამედ ცალკეულ გამოთქმათა გარკვეულწილად სხვაგვარ განგებასთან: "სხვები, რომლებიც იკვლევენ ნათქვამს, რომ სულიწმიდის მგმობელს არ მიეტევება არც წუთისოფელში და არც მომავალ საუკუნეში, ამბობენ, რომ არსებობს ოთხი მეთოდი, რომლითაც აღსრულდება ცოდვათა მიტევება, და ორი მათგანი აღესრულება აქ (წუთისოფელში), ორი კი - მომავალ საუკუნეში. რადგან ჩვენს მეხსიერებას არ ძალუძს გაიხსენოს მთელ ცხოვრებაში ჩადენილი ცოდვები, რათა ადამიანმა ისინი ჯერ კიდევ აქ შეინანოს, კაცთმოყვარე უფალმა მოუნანიებელთათვის, როგორც ისინი ამბობენ, მომავალ საუკუნეში სინანულის ორი მეთოდი გაამზადა. როდესაც ვინმე სიკეთეს იქმოდა უანგაროდ, ან აღძრული იყო მოყვასისადმი მოწყალებითა და თანაგრძნობით, ან კიდევ სხვა რომელიმე კაცთმოყვრული მოსაზრებით, მაშინ მომავალ საუკუნეში, სამსჯავროს დროს, ეს აიწონ-დაიწონება, და თუ სიკეთისკენ რაიმე გადაწონვა მოხდება, მიეტევება. და ეს პირველი მეთოდია.
 
ხოლო მეორე მეთოდი ასეთია: როდესაც ვინმეს, ცოდვებით შეპყრობილს, ესმა, რას ბრძანებს უფალი: ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხნეთ, დაფრთხება და არავის განიკითხავს მისი ცხოვრების გამო, როგორც მცნების დამცველი, არ დაისჯება, რადგან უტყუარი უფალი არ ივიწყებს თავის მცნებებს.
 
რაც შეეხება ორ დანარჩენ მეთოდს, ისინი მოქმედებენ აქ (წუთისოფელში). როდესაც, ვინმე ცოდვებში მყოფი, ღმრთის განგებულებით დაექვემდებარება უბედურებებს, ჭირვებებს და სნეულებებს, - რამეთუ ამათ მიერ უფალი ჩვენთვის უცნობი სახით განწმენდს მას, - და თუკი განსაცდელში მყოფი ამისთვის მადლობს უფალს, ამ მადლიერებისთვის დაჯილდოვდება. ხოლო თუ არ მადლობს, მაშინ იმ ცოდვებისთვისაც დაისჯება, რომელთა გამო უკვე იწვნია ჭირვებანი, და მეტიც, უმადურობისთვის უმეტეს პასუხისმგებლობასაც დაექვემდებარება.
 
ამიტომ, ვინც მრავალს სცოდავს კაცთა წინაშე, მას მრავალი საშუალება აქვს მიტევებისთვის. ვინც ერთი ადამიანის მიმართ სცოდავს და სიკეთეს იქმს სხვა ადამიანის მიმართ, ის განისჯება იმავე წესით, რომლის წინააღმდეგაც სცოდავდა. მაგრამ სულიწმიდის გმობა არის ურწმუნოება, და არ არსებობს სხვა საშუალება მიტევებისთვის, თუ არა რწმენა ღმრთისა; რადგან უღმრთოებისა და ურწმუნოების ცოდვა მას არც აქ და არც მომავალ ცხოვრებაში არ მიეტევება" (Athan.(?) schol. in Matth.: PG 27, 1388A-C, რუს. თარგმ. ციტ. შემდეგი გამოცემის მიხედვით: Афанасий Великий 1994, т. 4, с. 442).
 
ღირ. მაქსიმეს და Scholia in Matthaeus-ის ტექსტების შედარება შესაძლებლობას გვაძლევს ვთქვათ, რომ ღირ. მაქსიმეს აზრი ერთ ადგილას განსხვავებულია. კერძოდ: "თუ არ მადლობს, მაშინ განიწმინდება (καθαίρεται) იმ ცოდვებისგან, რომელთა გამოც დაისაჯა, მაგრამ უმადურეობისთვის დაისჯება", Scholia-ს ტექსტში კი ნათქვამია: "თუ არ მადლობს, მაშინ მსჯავრი დაედება (κρίνεται) იმ ცოდვებისთვისაც, რომელთა გამოც ისჯება, და მეტიც, უმადურობისთვის პასუხისგებაში მიეცემა" (PG 27, 1388В-С).
 
ეს განსხვავება აჩვენებს, რომ ღირ. მაქსიმესთვის ცოდვილთა უკვე ამ სიცოცხლეშივე დასჯა ყოველგვარი უბედურებებითა და ტანჯვით გაიგება, როგორც ცოდვათაგან განწმენდა სხვა ადამიანთა წინაშე (შეად. qu. dub. I, 37), და ერთადერთი, რაც ამ შემთხვევაში ადამიანს მოეთხოვება, - ეს სატანჯველები უნდა მიიღოს მადლიერებით. გარდა ამ განსხვავებისა, ღირ. მაქსიმესთან ნაწყვეტის ბოლოს ვპოულობთ განმარტებას, რომელიც არ არის Scholia-ში: "რა თქმა უნდა, არ მიეტევება ადამიანს, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება ურწმუნოებით სცოდავდა", - ცხადია, რომ ღირ. მაქსიმემ ეს განმარტება გააკეთა იმისთვის, რათა ხაზი გაესვა, რომ მნიშვნელოვანია ადამიანის სულის საბოლოო მდგომარეობა.
_________________________

 
ღირ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი: "რადგან ჩვენი უფალი იესუ ქრისტე წმიდა სახარებაში ბრძანებს: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება ადამიანებს, მაგრამ სულის გმობა არ მიეტევება მათ. ... არც ამ წუთისოფლად და არც საუკუნო სოფლად (მათე 12:31, 32), უნდა გამოვიკვლიოთ და შევიმეცნოთ, თუ რა გმობაა ეს, რომელსაც გამოთქვამენ სულიწმიდის მიმართ? სულიწმიდის გმობაა, როდესაც ვინმე სულიწმიდის მოქმედებას ეშმაკს მიაწერს, როგორც ამას ბრძანებს წმ. ბასილი დიდი (Крат. прав. 273). როდესაც ვინმე ხედავს, რომ ქრისტიანი ძმა აღასრულებს სასწაულს, ან გააჩნია სულიწმიდის ნიჭი, როგორიცაა: გულის შემუსვრილობა, ან ცრემლთადენა, ან მორჩილება, ან საღმრთო საგანთა გულისხმისყოფა, ან კიდევ რაიმე ისეთი, რასაც სულიწმიდა ანიჭებს ღმრთისმოყვარეთ, - და ამბობს, რომ ეს დემონური ხიბლია, - ის გმობს სულიწმიდას.
 
ასევე ის, ვინც იტყვის, რომ საღმრთო სულის ზემოქმედების ღირსქმნილი, როგორც ღმრთის შვილები, და აღმასრულებელნი ღმრთისა და მათი მამის განკარგულებებისა, ეშმაკის მიერ მოხიბლულები არიან, - ესეც სულიწმიდის გმობაა, რომელიც მათში ისევე მოქმედებს, როგორც ებრაელებში, რომლებიც გმობდნენ უფალს, როდესაც ხედავდნენ, როგორ დევნიდა ქრისტე ეშმაკთ და კადნიერად ამბობდნენ, რომ ეშმაკთა თავადის, ბელზებელის ძალით დევნისო მათ.
 
მაგრამ სხვები, ესმით რა ეს ყოველივე, ყრუდ რჩებიან და, ხედავენ რა ყოველივე ამას, თავს იბრმავებენ, და ყოველივე იმასაც უარყოფენ, რასთან დაკავშირებითაც საღმრთო წერილი მოწმობს და ადასტურებს, რომ ის სულიწმიდისგან და საღმრთო მოქმედებისგან არის. ასეთები, წმიდა წერილისა მიერ ბოძებული ცოდნის უარმყოფელნი, ჭკუიდან გასულები, არც კი ძრწიან და ამბობენ, ასეთი მოქმედებები სიმთვრალისა და დემონებისგან არისო.
 
როგორც ურწმუნონი და სრულიად უმეცარნი, საღმრთო საიდუმლოთადმი განუსწავლელნი, ისინი, როდესაც მოისმენენ საღმრთო გამობრწყინვების ან სულისა და გონების გამონათების, ან კიდევ უვნებობაში ღმრთის ჭვრეტის, ასევე მორჩილებისა და ცრემლთდენის შესახებ, რაც სულიწმიდის მადლით ხდება, იმწამსვე, რაკიღა არ ძალუძთ დაითმინონ მათი ბრწყინვალება და სიტყვის ძალა, განათლების ნაცვლად საკუთარი სულის მხედველობა უბრმავდებათ, და დიდი კადნიერებით ბედავენ თქმას, რომ ეს ყოველივე ეშმაკისეული ხიბლია; ამ წყეულთ არც ღმრთის სამსჯავრო აშინებთ, და არც ის ზიანი, რომელიც მსმენელთათვის მოაქვთ. მეტიც, ისინი უყოყმანოდ და კადნიერად ამტკიცებენ, რომ დღეს ამგვარი რამ ღმრთის მიერ არცერთ მორწმუნეში არსად ხდება; ეს კი მწვალებლობაზე უმეტესი უკეთურებაა" (Преп. Симеон Новый Богослов. "Слова". Т. 2. Слово шестьдесят четвертое. "О богохульстве. Кто говорит, что в нынешние времена невозможно получить Духа Святаго, и кто хулит действия Святаго Духа, говоря, что такия действия от диавола, тот вводит новую ересь в Церковь Божию").
 
 
ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი: "აქ შემდეგს ამბობს: ყოველ ცოდვას აქვს თუნდაც მცირედი გამართლება, მაგალითად, სიძვა-მრუშობას, ქურდობას. რადგან ჩვენ ასეთ შემთხვევაში თავს ადამიანური უძლურებით ვიმართლებთ და ვიმსახურებთ მიტევებას. მაგრამ, როდესაც ვიღაც ხედავს სულიწმიდით აღსრულებულ სასწაულებს, და ცილს სწამებს მათ, თითქოსდა ამას იქმოდნენ ეშმაკის შეწევნით, რა გამართლება შეიძლება ჰქონდეს მათ? ცხადია, მათ იციან, რომ ეს სასწაულები მომდინარეობენ სულიწმიდისგან, მაგრამ მის წინააღმდეგ შეგნებულად გამოდიან. მაშ, როგორ მიიღებს ასე მოქმედი მიტევებას?"
 
 
წყარო: https://ekzeget.ru/bible/evangelie-ot-matfea/glava-12/stih-31/

 
***

 
ახ. ქართ.:
 
32. ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება მას; მაგრამ ვინც იტყვის სიტყვას სული წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება მას, არც ამ წუთისოფლად და არც საუკუნო სოფლად.
   
 
ძვ. ქართ.:
 
32. და რომელმან თქუას სიტყუაჲ ძისა კაცისათჳს, მიეტეოს მას; ხოლო რომელმან თქუას სულისა წმიდისათჳს, არა მიეტეოს მას არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას.
 
 
ნეტ. ავგუსტინე იპონიელი: "ამ უშურველი ნიჭისა (1) და ღმრთის ამ წყალობის წინააღმდეგ ლაპარაკობს სინანულის არმქონე გული. ამგვარად, თვით ეს მოუნანიებლობა არის სულიწმიდის გმობა (2), რომელიც არ მიეტევება მას, არც ამ წუთისოფლად და არც საუკუნო სოფლად. რადგან ისინი გმობენ და უკეთურ სიტყვას წარმოთქვამენ ან გონებაში გაივლებენ სულიწმიდის წინააღმდეგ, რომლითაც ისინი მოინათლნენ, ვინც მიუტევებს მათ ყველა ცოდვას და, რომელიც მიიღო ეკლესიამ ისე, რომ ვისაც ის მიუტევებს მიტევებული იქნება.
 
მაშინ როდესაც ღვთის სიკეთეს სინანულისაკენ მიჰყავხარ, შენ კი სიკერპითა და უსინანულო გულით თვითონვე იუნჯებ რისხვას ღვთის რისხვისა და მისი მართალი მსჯავრის გამოცხადების დღისთვის, როცა, მათი საქმისამებრ, კუთვნილს მიაგებს ყველას (რომ. 2:4-6). ამრიგად, ეს არის სინანულის არქონა. აი ასე, ერთი სახელით შეგვიძლია, ასე თუ ისე, ვუწოდოთ სულიწმიდის გმობას და სიტყვას მის წინააღმდეგ, რომელსაც საუკუნოდ არა აქვს მიტევება. ეს, ვამბობ მე, არის სინანულის არქონა, რომლის წინააღმდეგაც გამოდიოდა წინამორბედი (3) და მსაჯული (4), რომლებიც მოუწოდებდნენ: მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა ცათა სასუფეველი (მათე 3:2; 4:17). მის წინააღმდეგ მეტყველებდა უფალი სახარებისეულ ქადაგებებში და მის წინააღმდეგ ქადაგებდა, რომ თვით სახარება უნდა იქნას ნაქადაგები მთელ მსოფლიოში. და იმის შემდეგაც, რაც მკვდრეთით აღდგა, მან მოწაფეებს უთხრა: ასე დაიწერა და ასე უნდა ვნებულიყო ქრისტე, მესამე დღეს კი აღმდგარიყო მკვდრეთით,  და ქადაგებულიყო მისი სახელით სინანული ცოდვათა მისატევებლად ყველა ხალხში, იერუსალიმიდან მოყოლებული (ლუკა 24:46-47). და მხოლოდ ერთადერთ მოუნანიებლობას არა აქვს არანაირი მიტევება, როგორც წუთისოფელში, ასევე მომავალ საუკუნეში, რადგან სინანული იღებს მიტევებას ამ საუკუნეში, რომელიც რჩება მომავალშიც" (Блаж. Августин. Проповеди).
_________________________
 
1. სულიწმიდის ნიჭის: ადრე ამ ქადაგებაში ავგუსტინე მსჯელობდა სიყვარულზე, როგორც სულიწმიდის სრულყოფილ ნიჭზე, რომლითაც გვენიჭება ცოდვათა მოტევება და, რომლითაც ერთად შეიკრიბება ღმრთის ერი. უწმინდური სულები ეწინააღმდეგებიან ამ ნიჭს.
 
 
2. იესუ მიუტევებელ ცოდვად მიიჩნევს სინანულის უარყოფას. ავგუსტინეს წამს ის, რომ ნებისმიერი ცოდვის მიტევება შესაძლებელია. ამიტომაც ერთადერთი ვითარება, რომელშიც ცოდვა მიუტევებელი რჩება, არის ის,
 
3. ანუ იოანე ნათლისმცემელი.
 
4. ანუ, იესუ ქრისტე.

_________________________
 
წმ. ამბროსი მედიოლანელი: "ახლა მიაქციე ყურადღება, თუ რატომ თქვა უფალმა: ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება მას; მაგრამ ვინც იტყვის სიტყვას სული წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება მას, არც ამ წუთისოფლად და არც საუკუნო სოფლად (ლუკა 12:10). ნუთუ სხვაა ძის შეურაცხყოფა და სხვა სულიწმიდისა? არა. რადგან ერთია ღირსება, ერთია შეურაცხყოფაც. თუკი ვინმე ადამიანური მზერით მოტყუებული, თავს უფლებას მისცემს, ზომაზე მეტად ცუდი რამ იფიქროს ქრისტეს ხორცზე (რადგან არ გვმართებს რაიმე ამაო მივაწეროთ სათნოებათა ამ საცავს, მარადქალწულის ნაყოფს), დამნაშავეა; მაგრამ ამგვარსაც კი არ მოაკლდება წყალობა, რომელიც მან შეიძლება რწმენით მოიხვეჭოს. თუკი ვინმე მართლა უარყოფს ღირსებას, სიდიადეს და გარდაუვალ ძალას სულიწმიდისა, და მიიჩნევს, რომ დემონები განიდევნებიან არა სულიწმიდით, არამედ ბელზებულის ძალით, ასეთი ღმერთს არ ევედრება წყალობას, რადგან მკრეხელობის ბუდედ არის ქცეული. სულიწმიდის უარმყოფელი, უარყოფს მამა ღმერთსაც და ძესაც, რადგან სული ღმრთისა ამავდროულად არის სული ქრისტესი (Св. Амвросий Медиоланский. К Августу Грациану три книги о Святом Духе. Книга 1. Гл. 3, § 54).
 
https://ekzeget.ru/bible/evangelie-ot-luki/glava-12/stih-10/
 
***
 
მისივე: 119. ყველას, ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება; მაგრამ ვინც იტყვის გმობას სულის წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება (ლუკა 12:10). კაცის ძეში ჩვენ გვესმის ქრისტე, რომელიც იშვა სულისაგან წმიდისა და ქალწულისგან, რადგან დედამიწაზე მისი მშობელი არის მხოლოდ ქალწული. ნუთუ სულიწმიდა ქრისტეზე მეტია, თუკი ქრისტეს წინააღმდეგ სიტყვის მთქმელნი მიტევებულ იქნებიან, ხოლო სულიწმიდის წინააღმდეგ ამხედრებულნი არ იმსახურებენ პატიებას? იქ, სადაც ერთობა ძალაუფლებაა, არ ადარებენ და არ დაობენ სიდიადეზე, რადგან დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად, და სიდიდისა მისისა არა არს დასასრულ (ფსალმ. 144:3). ამრიგად, თუკი ჩვენ გვწამს სამების ერთობის, მაშინ სიდიადე, რა თქმა უნდა, განუყოფელია, როგორც არის განუყოფელი მოქმედება, რაც შემდგომ არის ნაჩვენები. სხვა ადგილას, როდესაც მან თქვა: ხოლო როდესაც გაგცემენ, ნუ იზრუნებთ, როგორ ვთქვათ, ანდა რა ვთქვათო; ვინაიდან თავად მოგეცემათ მაშინ სათქმელი (მათე 10:19), - იქვე შესძინა: რადგანაც სული წმიდა გასწავლით მაშინ, რა უნდა თქვათ (ლუკა 12:12). როდესაც სამის მოქმედება ერთია, ერთია მათ წინააღმდეგ ცალ-ცალკე გამოთქმული გმობაც. მაგრამ დავუბრუნდეთ ჩვენს გადმოცემას.
 
ზოგიერთის აზრით, ეს სიტყვები ასე უნდა გავიგოთ: კაცის ძეც და სულიწმიდაც - ერთი და იგივე ქრისტეა, თუმცა პირთა განსხვავება და არსთა ერთობა დაცულია, რადგან ერთი ქრისტე, ღმერთი და კაცი, ამავე დროს სულიცაა, როგორც წერია: სული პირისა ჩუენისაჲ ქრისტე უფალი (გოდება იერემიასი 4:20 (86). ის წმიდაა, რადგან, როგორც ღმერთია მამა და ძეა - უფალი, როგორც მამაა - უფალი და ძე - ღმერთი, ასევე მამაც წმიდაა, ძეც წმიდაა და სულიწმიდაც. ქერუბიმები და სერაფიმები შეუსვენებლივ შეჰღაღადებენ მას: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს (ეს. 6:3), რითაც სამგზისი შესხმით აღნიშნავენ ღმრთის სამპიროვნებას. თუკი ქრისტე ერთიც არის და მეორეც, განა იმისთვის არ არის განსხვავება, რათა ვიცოდეთ, რომ არ გვაქვს უფლება უარვყოთ ქრისტეს ღმრთეება? დევნულების დროს ჩვენგან სწორედ ქრისტეს ღვთაებრიობის უარყოფას ითხოვენ! მაგრამ ვინც ქრისტეში არ აღიარებს ღმერთს, ან იმას, რომ ქრისტე არის ღმრთისგან და ღმერთში, ის არ იმსახურებს მიტევებას. ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესო ქრისტეს, ღვთისაგან კი არ არის, არამედ ესაა სული ანტიქრისტესი (1 იოანე 4:3); ხოლო ვინც უარყოფს, რომ ის არის კაცი, უარყოფს იმასაც, რომ ღმერთია, რადგან ქრისტე - ღმერთია კაცში და კაცია ღმერთში.
 
121. მრავალი მიუტევებელ მკრეხელობად მიიჩნევენ სიტყვებს, რომ ქრისტე დემონებს დევნიდა არა ღმერთის, არამედ ბელზებელის ძალით (იხ. ლუკა 11:15)" (Амвросий Медиоланский свт. Толкование на Евангелие от Луки. Книга седьмая// Собрание творений. Т. 8. ч.2. М.: ПСТГУ, 2020. С. 171-173).

 
ექვთიმე ზიგაბენი: "ყოველი, ვინც შესცოდავს ჩემი კაცობრივი ბუნების მიმართ, ანუ ვინც სიტყვას იტყვის ჩემს წინააღმდეგ, დაბრკოლებული მით, რომ მე, როგორც კაცი, ვჭამ, ვსვამ, მძინავს, ვშრომობ და სხვა, რაც დამახასიათებელია ადამიანური ბუნებისთვის, როგორც ადამიანი ვიქმ და ვითმენ, და ვინც იტყვის, რომ მე გავხდი ადამიანი, ასეთი, რა თქმა უნდა, მიიღებს მიტევებას, რადგან მან ეს გააკეთა არა ბოროტნებელობით, არამედ ჭეშმარიტების უცოდინრობის გამო. მაგრამ, ვინც ხედავს ჩემს საღმრთო საქმეებს, რომელთა ქმნა მხოლოდ ერთ უფალს ძალუძს, მიაწერს მათ ბელზებელს, როგორც ახლა თქვენ იქმთ, და ასე იტყვის სიტყვას სულიწმიდის ან ღვთაების წინააღმდეგ (რომელსაც აქ სულიწმიდა ეწოდება), - ის, როგორც აშკარად ბოროტგანმზრახველი, ღმრთის შეგნებულად შეურაცხმყოფლი და მიუტევებლად შემცოდე, მიტევებას ვერ მიიღებს. ყველაფერ ამას მიამატა: არც ამ წუთისოფლად და არც საუკუნო სოფლად, რათა აჩვენოს, რომ ღმრთის გმობა არის უდიდესი და უსაშინელესი დანაშაული და, რომ ზოგიერთი ადამიანი ისჯება აქაც, და იქაც, როგორც სოდომელები და იუდეველები.
 
სოდომელებზე ჩვენ ვილაპარაკეთ მეთერთმეტე თავში; ხოლო იუდეველებმა აქაც განიცადეს დასჯა, როდესაც დატყვევებულ იქნენ რომაელთა მიერ, და იქ კიდევ უმეტესად დაისჯებიან. ზოგიერთები დაისჯებიან მხოლოდ აქ, როგორც ცნობილი კორინთელი სისხლისაღმრევი, რომელიც გადაეცა სატანას. ზოგიერთი მხოლოდ იქ, როგორც ცნობილი მდიდარი, რომელიც ცეცხლში იწვოდა. დასასრულ, ზოგიერთი, არც აქ ისჯება და არც იქ, როგორც მოციქულები, წინასწარმეტყველები და იობი; ის, რაც მათ დაითმინეს, იყო არა ღვთიური სასჯელი, არამედ ღვაწლი და ბრძოლა. ამრიგად, ეს არის მუქარა მათდამი, ვინც მოუნანიებელი დარჩა; ხოლო მათ, ვინც ინანიებს, ცხადია, აქაც მიეტევებათ და იქაც. და მრავალმა მსგავსად შემცოდემ, ოღონდ მოგვიანებით რწმენაში შესულებმა, ყოველივეში მიიღეს მიტევება".


ნეტ. ჰიერონიმე სტრიდონელი: "როგორ იღებს ზოგიერთი ჩვენთაგანი იმავე ხარისხში ეპისკოპოსებსა და პრესვიტერერებს იმის შემდეგ, რაც მათ წარმოთქვეს სულიწმიდის გმობა, მაშინ როდესაც, მაცხოვარი ამბობს: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება ადამიანებს, მაგრამ სულის გმობა არ მიეტევება მათ არც ამ წუთისოფელში და არც მომავალ საუკუნეში? საკმარისია, თუკი ჩვენ ავიღებთ მაგალითს მარკოზის სახარებიდან, რომელიც უფრო ნათლად გამოხატავს ღმრთის ესოდენი მრისხანების მიზეზს, როდესაც წერს: მწიგნობრები ამბობდნენ: ბელზებული ჰყავს და ეშმაკთა მთავრის შეწევნით აძევებსო ეშმაკთ (მარკ. 3:22). ამრიგად, ვინც მაცხოვრის საქმეებს მიაწერს ბელზებელს, ეშმაკთა თავადს, და იტყვის, რომ ღმრთის ძეს აქვს უწმინდური სული, მას ეს ცოდვა არასოდეს მიეტევება.
 
მეორე მხრივ, ეს ადგილი ასეც შეიძლება გავიგოთ: თუკი ვინმე იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, რომელიც დაბრკოლდა ჩემი ადამიანური ბუნებით და მე მხოლოდ ადამიანი ვგონივარ, რადგან ვარ ხელოსნის შვილი, და მყავს ძმები: იაკობი, იოსები და იუდა, მე კი ვარ - კაცი, რომელიც ბევრს ჭამს და სვამს ღვინოს; ასეთი აზრი და ბოროტსიტყვაობა: (ან ბოროტსიტყვაობის გარეშე) (თუკი atque blasphemia-ს ნაცვლად წავიკითხავთ absque blasphemia (მთარგმნ. შენიშვნა)) ხორციელი უძლურების გამო შეიძლება მიეტევოს, თუმცა არ არის თავისუფალი დანაშაულისგან, რომელიც დამახასიათებელია ცდომილებისთვის (მარკოზი 6:3; ლუკა 3:23; მათე 11:19). და ის, ვინც, ნათლად ხედავს ღმრთის საქმეებს და არა აქვს შესაძლებლობა მათი ძალის უარყოფის, შურით აღძრული ბოროტსიტყვაობს და ქრისტეს, ღმრთის სიტყვას, და სულიწმიდის საქმეთ ბელზებელს მიაწერს, - ის ვერ მიიღებს მიტევებას ვერც აქ, წუთისოფელში, და ვერც მომავალ საუკუნეში".
 
 
ღირ. ისიდორე პელუსიელი: "შენ შემომთავაზე ძალიან მნიშვნელოვანი და ხშირად დასმული კითხვა, რომელსაც მრავალი იკვლევს, ჭეშმარიტებას კი წვდებიან მხოლოდ ღვთითშთაგონებული ადამიანები. ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება მას; მაგრამ ვინც იტყვის სიტყვას სული წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება მას, არც ამ წუთისოფლად და არც საუკუნო სოფლად. რატომო, მეკითხები, თუკი საღმრთო სამების არსი ერთია, ძის მგმობელს მიეტევება, და ისჯება მხოლოდ სულიწმიდის მგმობელი? ამიტომ ისმინე. ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, ის, როგორც უფალმა თქვა, არ დაექვემდებარება სასჯელს, რადგან ვინ არის ღმერთი გონების დაავადებული თვალის მქონეთათვის, რომელიც შეუერთდა ხილული ხორცის სიმწირეს, და რომელიც არის გონებისთვის მიუწვდომელი და უხილავი, სანამ არ შემეცნებულა დაფარული ღმრთეება. ხოლო წმიდა გონების მქონეთათვის აშკარა იყო განკაცებული ღმერთი, და მათში სულაც არ ჰქონია ადგილი ურწმუნოებას, ამიტომ მათ უფალი არ ემუქრება სანაცვლოს მიგებით. სულიწმიდის გმობა კი უპატიებელი ცოდვაა, რადგან თვით აშკარა საქმეები, ამხელენ მგმობელებს იმაში, რაშიც ისინი უმადურნი არიან და ურწმუნონი. რადგან, როდესაც ღმრთის ძალით შეწყდა ტანჯვა და განიდევნენ დემონები, ბუზღუნა იუდეველები ცილს სწამებდნენ უფალს, თითქოსდა საღმრთო ნისნები ბელზებელის ძალით იყო ნამოქმედარი (მათე 11:27). სწორედ ამ გმობაზე, როგორც აშკარად ღმრთის არსისკენ მიმართულზე, თქვა უფალმა, რომ მიუტევებელია" (Преп. Исидор Пелусииский. "Письма". 58. Горгонию).
 
***

მისივე: "თვით უფლის სიტყვიდან, რომელშიც ნათქვამია: ვინც იტყვის სიტყვას სული წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება მას, ჩანს, როგორც შენ ამბობ, თუ რა არის სულიწმიდის გმობა, ასევე ნათელია ისიც, რომ სულიწმიდის გმობა დასჯადია. მაგრამ შენ მთხოვ წერილით განგიმარტო ის, რომ სულიწმიდა არის ღმრთის არსი. ამ თხოვნაზე პასუხი შეიძლება იპოვო უფლის იმ სიტყვებში, რომლებიც ხელთა გაქვს, თუკი დაწერილს მცირედით ჩაუღრმავდები: თუ მე ბელზებულის შეწევნით ვაძევებ ეშმაკთ, ვისი შეწევნითღა აძევებენ მათ თქვენი ძენი? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულნი. ხოლო თუ მე ღმერთის სულით ვაძევებ ეშმაკთ, მოუწევია კიდეც თქვენამდე ღმრთის სასუფეველს (მათე 11:27-28). ხოლო სხვა სახარებაში კიდევ უფრო მკაფიოდ არის ნათქვამი:  ხოლო თუ მე ღმერთის თითით ვაძევებ ეშმაკთ, მოუწევია კიდეც თქვენთან ღმრთის სასუფეველს.  (ლუკა 11:20). მაგრამ თითი, თუკი ჩვენი სხეულიდან ავიღებთ ნიმუშს, - სხეულის თანაარსია. შედეგად, თითის ხსენებით მახარობელმა აშკარად გვიჩვენა, რომ სულიწმიდის იპოსტასი განუყოფელია საღმრთო არსისგან და თანაარსია მისი" (Преп. Исидор Пелусииский. "Письма". 59. Горгонию).
 
 
წმ. კირილე იერუსალიმელი: "ჭეშმარიტად სულიერი მადლია საჭირო, რათა ვიმსჯელოთ სულიწმიდაზე: არა იმისთვის, რათა ვილაპარაკოთ მასზე რამდენიც საჭიროა, რადგან ეს შეუძლებელია; არამედ, ვილაპარაკებთ რა მასზე საღმრთო წერილზე დაყრდნობით, ავიცილოთ (შეცდომის) საშიშროებანი. რამეთუ მართლაც საშინელი სიტყვებია მოცემული სახარებაში, სადაც ქრისტემ ნათლად თქვა: ვინც იტყვის სიტყვას სული წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება მას, არც ამ წუთისოფლად და არც საუკუნო სოფლად; და ხშირად უნდა გვეშინოდეს იმისა, რათა ვინმემ უმეცრებით, ან ღვთისმოსაობის ყალბი გრძნობით, რაიმე უკადრისი არ თქვას მის შესახებ, და არ დაექვემდებაროს სასჯელს. ცოცხალთა და მკვდართა მსაჯულმა იესუ ქრისტემ თქვა, რომ ამგვარს არ მიეტევება. ამრიგად, თუკი ვინმდე აქ წაიბორძიკებს, რაღა დარჩება მას სანუგეშო?"ს.
 
 
ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი: "ამრიგად, როდესაც იუდეველები ხედავდნენ, რომ უფალი ჭამს, სვამს, მეზვერეებთან და მეძავებთან ერთად ზის და, როგორც ძე კაცისა აკეთებს ყველაფერ დანარჩენს, რაც კაცთათვის არის დამახასიათებელი, გმობდნენ მას, როგორც მჭამელსა და მსმელს, და ამაში კიდევ შეიძლება მათი გაგება, და არ მოეთხოვებათ სინანული, რადგან როგორც მათ ეჩვენებოდათ, ისინი დაბრკოლებულნი იყვნენ საკმარისი მიზეზებით. მაგრამ თუკი ისინი, ხედავდნენ რა, რომ უფალი აღასრულებს სასწაულებს, და მაინც გმობდნენ სულიწმიდას, რადგან ამბობდნენ, რომ - ეს არის ეშმაკის საქმე, როგორ შეიძლება დაშვება იმისა, რომ მათ ეს მიეტევებათ, თუ არ შეინანებენ?
 
მაშ, იცოდე, ვინც კიცხავს კაცის ძეს, როდესაც ხედავს, რომ ის ცხოვრობს, როგორც ადამიანი, და, უწოდებს მას მეძავთა მეგობარს, მჭამელსა და მსმელს იმის გამო, რომ ქრისტე ასე აკეთებდა, - ასეთი ადამიანი, თუ არ შეინანებს, პასუხისგებაში არ მიეცემა: ის პატიებას იმსახურებს, რადგან არ იცოდა, რომ ქრისტეში დაფარულია ღმერთი. მაგრამ ვინც გმობს სულიწმიდას, ანუ ქრისტეს სულიერ საქმეებს და მათ დემონურს უწოდებს, ის, თუ არ შეინანებს, არ იქნება შეწყალებული, რადგან არ ჰოქნდა ცილისწამების საკმარისი მიზეზი, როგორც იმას, ვინც ქრისტეს ხედავდა ინახად მჯდომს მეძავთა და მეზვერეთა შორის.
 
ამრიგად, არ მიეტევება მას არც აქ, არ მომავალ ცხოვრებაში, არამედ აქაც დაისჯება, და იქაც. რადგან მრავალნი ჯერ კიდევ აქვე ისჯებიან, იქ კი საერთოდ არა, როგორც ღარიბი ლაზარე; სხვები კი აქაც ისჯებიან და იქაც, როგორც სოდომელები და ისინი, ვინც გმობენ სულიწმიდას; მესამენი კი არ ისჯებიან არც აქ, და არც იქ, როგორც მოციქულები და წინამორბედი. მათ, როგორც ჩანს, უკვე გადაიტანეს სასჯელები, როდესაც დაექვემდებარნენ დევნილებას, მითუმეტეს, ეს არ იყო სასჯელი მათი ცოდვებისთვის, არამედ მათი რწმენის გამოცდა და გვირგვინები".
 
წყარო: https://ekzeget.ru/bible/evangelie-ot-matfea/glava-12/stih-32/

პუბლიკაცია რუსულიდან თარგმნილია და მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" მიერ. 2022.10.
Назад к содержимому