სწავლანი > განმარტებანი
სიკვდილი - იქნებ არც ისე საშინელია?
ავტორი: ვიქტორია კოლტიგა
"შენი აღსასრული გაიხსენე და არასოდეს ჩაიდენ ცოდვას" (ზირაქი. 7:39)
სიკვდილი გვაშინებს, მის შესახებ საზოგადოებაში არ ლაპარაკობენ, ის რაღაც შორეულ მოლანდებად და ცნობიერებისთვის არაბუნებრივ რამედ გვეჩვენება. სიკვდილი - ეს გაელვებაა, მაგრამ რა არის შემდეგ?
მორწმუნეებმა იციან, თუ რა მოსდევს სიკვდილს, ხოლო ურწმუნოები ძრწიან მის წინაშე, რადგან ის ხომ ანგრევს მათი ცხოვრების აზრსს. სიკვდილი ულმობელად ბატონობს დედამიწაზე, მაგრამ მას ზღვარი დაუწესა ქრისტემ, თუმცა ამას ყველა როდი გრძნობს და ყველა ამ აზრით როდი ცხოვრობს. მაშ, რატომ ეშინიათ მისი, იქნებ ის არც ისე საშინელია?
სიკვდილისწინა ბორგვა, ტანჯვა, განსაცდელები, ახლობლებისგან მოწყვეტა, უცნობ რეალობასთან შეხვედრის შიში უკვე შობს ჩვენს ცნობიერებაში გარკვეულ ძრწოლას. ადამიანი ხომ მოკვდება, სამყაროსთვის კი არაფერი შეიცვლება. ერთმა ბერძენმა ფილოსოფოსმა იხუმრა; "ნუ გეშინია სიკვდილის: სანამ ცოცხალი ხარ - ის არ არსებობს, ხოლო როდესაც მოვა - შენ აღარ იქნები". მაგრამ ვაი რომ ამ სოფიზმით როდი გაუქმდება ყველა შიში მის წინაშე.
საბედნიეროდ იესუ ქრისტეს სახით კაცობრიობას ჰყავს მაცხოვარი. არავინ იცის, როგორ გადადის სული საიქიოში, მაგრამ ჩვენ ვხედავთ მას, ვინც დაამარცხა სიკვდილი და ეს უდიდეს იმედს გვმატებს. საიქიო ცხოვრება - დისნეილენდი არ არის, იქ სხვა რეალობაა. ლაზარე, რომელიც საფლავში 4 დღე იწვა შეიძლებოდა სიცოცხლის "რუპორი" გამხდარიყო სიკვდილის შემდეგ, მაგრამ მას ამის შესახებ არაფერი უთქვამს.
კიევო-პეჩორელი ბერები, რომლებმაც სიკვდილი პირისპირ უწყოდნენ, თავიანთ აღსასრულამდე არაფერს ამბობდნენ მასზე, არამედ ოდენ ტიროდნენ მისი ხსენებისას. შესაძლოა, ამ თემას დიდი აკრძალვა ადევს, ან შეუძლებელია ისეთი სიტყვების პოვნა, რომელიც ადამიანის ცნობიერების ჩარჩოებში ჩაატევდა საიქიო ცხოვრების საიდუმლოებებს. ზოგჯერ რაღაცის უცოდინრობა ცოდნაზე უკეთესია, რადგან ადამიანს საჭიროზე მეტი რომ გაეცხადოს, ეს წაართმევდა მას დედამიწაზე ცხოვრების სურვილს.
სიკვდილის შიშით, ჩვენ სიცოცხლეს ვამჯობინებთ, არ ვამჩნევთ მას, რათა მასზე ფიქრით სიცოცხლის დღესასწაულობა არ ჩავიმწაროთ. თუკი ის სადმე გვერდით ჩაგვიქროლებს, ვცდილობთ ყურადღება არ მივაქციოთ, თითქოსდა არც ყოფილა. ღირ. იოანე კიბისაღმწერელის აზრით ასეთი შიში "არაბუნებრივია". ჩვენ კი შევნიშნავთ: ის სირაქლემასავით ქვიშაში თავის ჩარგვას წააგავს. ეს შესაძლებლობას აძლევს სიკვდილს იყოს მოულოდნელი და მტკივნეული, რადგან ქვიშაში თავჩარგულს არ შეუძლია მოახლოებული მტრის დანახვა. საკუთარ შიშებს პირისპირ უნდა ვიცნობდეთ, რათა მასთან შესახვედრად მოვემზადოთ და მოულოდნელობის ფაქტორი გამოვრიცხოთ. წმიდა მამები გვარწმუნებენ, რომ ადამიანს, რომელსაც სურს სინანულით თავის განწმენდა, მოულოდნელი სიკვდილი არ ეწვევა.
სიკვდილი, ვითარც მაცხონებელი ხიდი მიწიერ სამყაროს მარადისობასთან აერთებს, რადგან მხოლოდ მას შეუძლია მოთოკოს ამაოებას აყოლილი ადამიანის გრძნობები. საეკლესიო მოღვაწეები ამტკიცებდნენ, რომ მიწიერი სიკვდილით იწყება ჩვენი ნამდვილი ცხოვრების ეპოქა. მაგრამ ვინ არის მზად მისთვის?
უმრავლესობისთვის ქრისტე, ეკლესია, საშინელი სამსჯავრო ინტერესთა სფეროში არ შედის, მეტიც, მათზე ხუმრობენ და ირონიით "ბებიების ზღაპრებს" უწოდებენ. "ეძებეთ უპირველესად უფლის სასუფეველი და სიმართლე მისი, და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ" (მათე 6:33), მაგრამ ადამიანები ნებისმიერი საშუალებით და საკუთარი სინდისის საზიანოდ სწორედ მიწიერ კეთილდღეობას ეძიებენ, ხოლო უხილავისა და მიუწვდომელისთვის თავს არ იწუხებენ.
კარგია სიკვდილი, როდესაც მისთვის ქრისტიანულად მზად ხარ, როდესაც არ გაქვს არაფრის შიში და ძრწოლა. "ჯოჯოხეთის ხელიდან გამოვისყიდი მათ, სიკვდილისგან ვიხსნი. სად არის შენი ნესტარი, სიკვდილო? სად არის შენი ძლევა, ჯოჯოხეთო?" (ოსია 13:14). ეს ჯერ კიდევ ქრისტეს მოსვლამდე ითქვა.
მაშ, ღირს თუ არა გვეშინოდეს სიკვდილის, თუკი თვით მაცხოვარი გვიწვდის დახმარების ხელს? - პასუხი აშკარაა.
წყარო: zen.yandex.ru