სწავლანი > განმარტებანი
შობა - საკვირველი დღესასწაული
ქრისტეს შობა - ერთ-ერთი ყველაზე უძვირფასესი და უსაყვარლესი დღესასწაულია, რომელიც მყარად შემოვიდა კაცობრიობის ცხოვრებაში. მას 2000 წელზე მეტია მთელ მსოფლიოში აღნიშნავს სხვადასხვა ეროვნების, სოციალური სტატუსის, სქესისა და ასაკის მილიარდობით ადამიანი.
შობა - საოცარი დღესასწაულია. ჩვენ, მართლმადიდებელი ქრისტიანები ამ მოვლენას ვზეიმობთ იულიანური კალენდრით - 25 დეკემბერს (ახალ, გრიგორიანულ სტილში მას შეესაბამება 7 იანვარი). არსებობს დიდი დავა ქრისტეს შობის ზუსტი თარიღის გამორკვევასა თუ სხვადასხვა კალენდრებს შორის სიზუსტის მნიშვნელობაზე. ამჯერად განზე გავწევთ რა ამ მნიშვნელოვან საკითხს, აღვნიშნავთ, რომ პრინციპში მართლმორწმუნეთათვის მნიშვნელოვანია არა ბუკვალიზმი (რომელიც ასე ახასიათებს დასავლურ აღმსარებლობებს), არამედ თვით სასწაული. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ განვიცდით ამ სიხარულს, როდესაც დღესასწაულს ვუშვებთ ჩვენს სულებში.
სამწუხაროდ, ცხოვრება აჩვენებს რაოდენ განსხვავებულია ამ დღესასწაულთან დაკავშირებული ასოციაციები. ბევრად განქრისტიანებულ ევროპასა და აშშ-ში - ეს არის ფასდაკლებებისა და გაყიდვების პერიოდი. ურწმუნო ადამიანებისთვის ლამაზი ნაძვის ხე და ახალი წელი, მოსწავლეთა და სტუდენტთათვის - არდადაგები.
მხოლოდ მორწმუნე ქრისტიანთათვის არის ქრისტეს შობა არა ერთ-ერთი რიგითი დღესასწაული, არამედ უპირველეს ყოვლისა - რწმენის დაბადება. შორეულ I საუკუნეში არა მდიდრულ დარბაზებში, არამედ საქონლის შესარეკ ბაგაში იშვა ღვთაებრივი ყრმა. და დღეს საინტერესო შედარება მოგვდის აზრად. აღმოსავლური ლეგენდის თანახმად, დიჰარტა გაუტამა (ბუდა) დაიბადა სამეფო ოჯახში, მუჰამედი - წარჩინებული ვაჭრის ოჯახში, და მხოლოდ ქრისტე გვევლინება ქვეყნად, როგორც მწირი.
შობის დღესასწაული - ეს არის ღმრთის განკაცების აქტი, როდესაც "თვით ღვთაება მოექცა ადამიანურ ბუნებაში, რათა აეტაცა იგი ყოველგვარი სიწმიდისკენ", - ამბობს წმ. ეფრემ ასურელი.
ნებისმიერ სხვა რელიგიაში ღმერთი - რაღაც შორეულია, ტრანსცენდენტურია, ხშირად დამსჯელი, სასტიკი და ადამიანთაგან მკაცრად მომთხოვნი არსება. და მხოლოდ ქრისტიანებს სწამთ და სჯერათ, რომ სამყაროს შემოქმედი გახდა ადამიანის მსგავსი. ღმერთი ურთიერთობდა ადამიანებთან, ქადაგებდა, იყოფდა მათ საჭმელს, ცხოვრობდა მათ ჭერქვეშ, რათა მათ ყოველ გულამდე მიეტანათ ღმრთის სასუფევლის დადგომის სამახარობლო სიტყვა. დღეს ყოველ ადამიანს, ყველაზე გლახაკს, ღატაკს და ავადმყოფსაც კი შეუძლია მიმართოთ სამყაროს შემოქმედს და ჰქონდეს იმედი, რომ შევა ცათა სასუფეველში.
ქრისტეს შობა გვიახლოვდება. ამიტომ დაფიქრდეს ყოველი, თუ როგორ უნდა გავატაროთ იგი სულის სარგოდ, რათა ამ დღესასწაულმა დიდი სიკეთე დატოვოს ჩვენს გულებში.
შობის ზეიმობაში ყველაზე მთავარი ზეთისხილითა და შამპანიურით გაწყობილი "საბჭოური სუფრა" ან მრავალრიცხოვანი საჩუქრების მირთმევა კი არ არის, არამედ ღვთისმსახურება და ევქარისტიაა. მხოლოდ იქ, ტაძარში, ამ ნათელ ღამეს შეიძლება ფიზიკურად იგრძნო, როგორ იცვლება სივრცე ჩვენს გარშემო, როგორ იწევიან დროის საზღვრები.
ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ, როდესაც არ არის დევნულება და აკრძალვები, როდესაც არავინ იწვევს პარტშეკრებებს იმათი ქცევის გასარჩევად, ვინც შობა იზეიმა, როდესაც არ ადგენენ საშობაო ღვთისმსახურებაში "შემჩნეულთა" სიებს. მაგრამ ამასთან ქრისტეს შობა ჩაივლის მონათლულ ადამიანთა უამრავი რაოდენობის სულისა და გონების მიღმა, ჩაივლის ისე, რომ არ შეეხება მათ ყოველდღიურ ყოფას. არადა სულ ახლახან, გასულ საუკუნეში, მორწმუნეები თავს სწირავდნენ შობის ზეიმობის უფლება რომ მიეღოთ. რამდენი ადამიანი იყო გადასახლებული და დახვრეტილი მხოლოდ იმისთვის, რომ შობა იზეიმა.
ყველაზე კარგ პასუხს კითხვაზე: "როგორ ვიზეიმოთ"? გვაძლევს წმიდა ეფრემ ასურელი: "წინამდებარე (შობის) ღამე მშვიდობასა და სიჩუმეს ანიჭებს მთელ სამყაროს. ეს ღამე ეკუთვნის თავმდაბალს, ამიტომაც დაე ყოველმა ადამიანმა განზე გადადოს მრისხანება და სისასტიკე, დაე ყოველმა დაიოკოს თავისი ამპარტავნება და საკუთარი ქედმაღლობა დაამდაბლოს. დღეს წყალობის დღე აღმობრწყინდა, დაე ნურავინ იზრახავს შურისგებას მოყენებული წყენისთვის; დღეს სიხარულის დღეა, დაე ნურავინ იქნება მწუხარებისა და წუხილის მიზეზი სხვებისთვის. ეს დღე - წყალობის დღეა, ამიტომ დაე შეჩერდეს სისასტიკე; ეს - უღრუბლო და ნათელი დღეა, დაე შეჩერდეს მრისხანება, მშვიდობისა და მდუმარების შეშფოთება; დღეს ღმერთი ჩამოვიდა ცოდვილებთან, ... შერცხვეს ყველას, ვინც მზვაობრობს ცოდვილთა წინაშე..."
"აპოკალიფსისი" 2022-23
მომზადებულია მართლმადიდებლურ წყაროებზე დაყრდნობით.