განმარტებანი - შემთხვევითობა თუ კანონზომიერება? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
შემთხვევითობა თუ კანონზომიერება?
განსაცდელები
ავტორი: მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორი ალექსეი ოსიპოვი.
 
ხშირად გვგონია, რომ ჩვენს ცხოვრებაში მრავალი რამ შემთხვევით ხდება, თუმცა ქრისტიანული თვალსაზრისით, ჩვენს ცხოვრებაში არაფერია შემთხვევითი.
 
ყველაფერი, რაც ხდება - კანონზომიერია. მაგრამ, რაზეა დამოკიდებული კანონზომიერება? - ღმერთი ხომ არც მსაჯულია და არც ჯალათი, - ის მოსიყვარულე მკურნალია.
 
ადამიანური ცხოვრებაა სხვა არაფერია, თუ არა მოსამზადებელი ეტაპი მარადიული ცხოვრებისთვის. ცხოვრება მხოლოდ მაშინ იწყება, როდესაც შევალთ მარადისობის სფეროში. აქედან, ყველა ჩვენი ამქვეყნიური ჭირი და ტანჯვა, სნეულებანი და განცდანი შემთხვევითი როდია.
 
არაფერში არიან დამნაშავე ბუნებრივი კატაკლიზმები, არც მემკვიდრეობითი სნეულებანი, არც ბოროტი ადამიანები. ქრისტიანობა ამბობს, რომ ბოროტი ადამიანები - ეს მხოლოდ იარაღია ღმრთის სახიერი და ბრძნული განგებულების ხელში.
 
ეს ცხოვრება მოსამზადებელი პერიოდია და არა აქვს მნიშვნელობა როგორი იქნება იგი. ყოველ ადამიანს ამ ცხოვრებაში იმისი გადატანა უწევს, რაც მისთვის ყველაზე სასარგებლოა და ოპტიმალური. ყველა ტანჯვა, რომელსაც ადამიანი განიცდის, სასჯელი კი არ არის ღმრთისგან, არამედ მარადისობის დასამკვიდრებლად გამოწერილი აუცილებელი წამალი.
 
რას ნიშნავს შევიდეს? რატომ არის მარადისობაში შესვლა შეუძლებელი ტანჯვისა და განსაცდელების გარეშე? ადამიანი ქმნილი ბუნების მეფედ არის დაწესებული. აქ ვხვდებით კოლოსალურ პრობლემას ან კითხვას: ვის შეიძლება ანდო მარადიული ცხოვრების სამეფო? მხოლოდ იმას, ვინც, ბოლოს და ბოლოს, შეიგნებს, რომ ის მეფე შეიძლება გახდეს მხოლოდ იმ პირობით, - თუ ერთიანი იქნება იმასთან, ვინც მას მიანდო ეს პატივი.
 
ეს ძალზედ მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური მომენტია. ვიქნები კი მე იმასთან, ვინც ეს სამეფო მომანდო? გახსოვდეთ, სწორედ ეს მოხდა პირველქმნილ ადამიანებში. გველმა ადამსა და ევას უთხრა: "ღმერთებივით იქნებით".
 
აი რაშია ადამიანური ცხოვრების არსი - რათა გავიგოთ, რომ ღმრთის გარეშე, იმის გარეშე, ვინც ყოველივეს გვაძლევს, არაფრის მაქნისები არ ვართ. მხოლოდ ღმერთთან ერთად ვართ ძლიერნი, მხოლოდ მასთან ერთად ვართ - მეფენი.
 
ყველა ის ტანჯვა, რომლის გადატანაც ადამიანს უწევს - შემთხვევითი როდია. ეს ყველაფერი განისაზღვრება ჩვენი დაცემული სულიერი მდგომარეობით, რომლის განკურნებისთვის თითოეულ ჩვენგანს განსხვავებული პირობები სჭირდება.
 
ერთნი ამ ცხოვრებაში სნეულებათაგან იტანჯებიან, სხვებს, პირიქით, ეძლევათ დიდება და პატივი. როგორც ერთ, ასევე მეორე შემთხვევაში, ადამიანს ენიჭება პირობები, რათა გონს მოეგოს და შეიგნოს, რომ ყველაფერი ამ წუთისოფელში წარმავალია.
 
რას ნიშნავს მორწმუნე ადამიანისთვის ტანჯვა და ძლიერი განცდები? ეს ღმრთის უსამართლობა როდია. შენ თუ ასე ფიქრობ, შენ თუ საკუთარი თავი იდეალური გგონია - იტანჯები კიდეც.
 
ტანჯვასთან და განსაცდელებთან დაკავშირებული ცხოვრებისეული გამოცდილება მხოლოდ ერთადერთი მიზნით არის საჭირო, რათა ადამიანმა შეიგნოს, რომ ემზადება მეფობის და არა რაიმე უმნიშვნელოს მისაღებად. მაგრამ ვერავინ იმეფებს ამპარტავნებით და იმ აზრით, რომ ღმერთი საჭირო არ არის. ამგვარი ადამიანი განიდევნება სამოთხიდან და გაგდებულ იქნება გარესკნელის ბნელში.
 
თუკი ადამიანი ტანჯვა-განსაცდელებს ჯეროვნად ეპყრობა, მაშინ ის საკუთარ თავს, საკუთარ ცხოვრებას კრიტიკულად შეხედავს. ის დაინახავს საკუთარ ვნებებს და ცოდვებს, შემდეგ კი იტყვის: "ღირსეულად მომეგო მე ჩემის საქმეების მიხედვით!"
 
ის, ვინც ამ შეგნებამდე მიდის, იღებს იმას, რაც კეთილგონიერმა ავაზაკმა მიიღო. ალბათ გახსოვთ, რა უთხრა მას იესუმ: "დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში".
 
მიწიერი ცხოვრება წარმავალია, წუთისოფელია. ადამიანი, რომელსაც ესმის, რომ ყველაფერს საკუთარი საქმეების შესაბამისად იღბს, უკვე სხვაგვარად აფასებს ამ განსაცდელებს.
 
წარმოვიდგინოთ ორი ადამიანი, რომლებიც სნეულებებით იტანჯებიან. ერთს არ ესმის, რატომ ხდება ეს, წყევლის თავის ბედს და ყველაფერს ქვეყანაზე, მრისხანებს და ბობოქრობს უბედურებებისა და სასოწარკვეთილებისგან. მეორე კი ღმერთს მადლობს, რადგან იცის, თუ რა მიზეზით მოიწია ამ ყველაფერმა მის თავზე. მისი ცხოვრება სულ სხვა ხასიათს იძენს.
 
როგორ ღირებულებას წარმოადგენს ქრისტიანობა ადამიანებთან მიმართებაში? მორწმუნე ადამიანი საკუთარ ცხოვრებას აანალიზებს, თავს ღმრთის მცნებათა შუქზე აფასებს. იხედება საკუთარ თავში, საკუთარი სულის სიღრმეში.
 
როდესაც ვხედავ, რაც ჩემს ირგვლივ ხდება, მეჩვენება, რომ ვებრძვი ყოველივე ამას (სიცრუეს, მაამებლობას, განკითხვას, პირმოთნეობას, მრისხანებას), მაგრამ არაფერი გამომდის. მაშ, როგორი დამოკიდებულება უნდა მქონდეს სხვა ადამიანების მიმართ, რომლებშიც იგივეს ვხედავ?
 
ლოთები არასოდეს განიკითხავენ ერთმანეთს, არამედ ურთიერთდაახლოვებას და დალევის მიზეზის გამოძებნას ცდილობენ. საავადმყოფოშიც არავინ განიკითხავს ერთურთს, არამედ ერთმანეთს თანაუგრძნობენ და ეხმარებიან.
 
იგივე ხდება სულიერ სფეროშიც. როდესაც მე ვხედავ ჩემს ვნებებს, როგორც შემიძლია განვიკითხო სხვები? ისააკ ასურელი წერდა: "ნეტარია, ვინც შეიცნო საკუთარი თავი".

წყარო: zen.yandex.ru

თარგმანი: საიტი "აპოკალიფისი". 9 აპრილი. 2021 წ. დიდი მარხვა.
Назад к содержимому