განმარტებანი - სახარების ყველაზე რთული მცნება - "ვინც შემოგკრას მარჯვენა ყვრიმალში, მეორეც მიუშვირე მას" (მთ. 5:39) - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
სახარების ყველაზე რთული მცნება - "ვინც შემოგკრას მარჯვენა ყვრიმალში, მეორეც მიუშვირე მას" (მთ. 5:39)
მოწყალე სამარიტელი
ეს მცნება უკომპრომისო მოწოდებაა მოქმედებისკენ (უმოქმედობის წინააღმდეგაც კი, რადგან, ასე თუ ისე, მაინც მეორე ყვრიმალის მიშვერაა საჭირო) თუ ქცევის ერთ-ერთი ვარიანტი?
 
სახარებაში ბევრი რამ ერთდროულად გაგების სხვადასხვა დონეზე ითქმება. მაგალითად, "თუ გაცთუნებს შენი მარჯვენა ხელი, მოიკვეთე და გადააგდე, ვინაიდან გიჯობს დაჰკარგო ერთი შენი ასოთაგანი, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენას" (მათე 5:30) არ ნიშნავს სხეულის დასახიჩრებას. მიუხედავად ამისა, იყვნენ ადამიანები, რომლებიც თავს ისაჭურისებდნენ, რათა არ მისცემოდნენ ცთუნებას, თუმცა ეკლესია ამგვარ ქმედებას არასწორად მიიჩნევს და მეტიც, გმობს მას.
 
განსახილველი მცნების შემთხვევაში ("ვინც შემოგკრას მარჯვენა ყვრიმალში, მეორეც მიუშვირე მას" (მთ. 5:39)) უფრო ფაქიზი ვითარებაა. არის შემთხვევები, როდესაც მისი შესრულება ბუკვალურადაც შესაძლებელია და საჭიროც კია: შენს წინააღმდეგ ცუდად მოქმედებენ, შენ კი სანაცვლოდ სიკეთით მიაგებ.
 
მაგრამ ამ სამყაროს მრავალი მოვლენის აღწერა ზოგჯერ მხოლოდ წინააღმდეგობრივად არის შესაძლებელი. ეს მრავალწახნაგოვნება ეხება იმასაც, თუ როგორ შეიძლება გამოვავლინოთ თავი ამა თუ იმ ვითარებაში. "იყავით გონიერნი, როგორც გველები, და უმანკონი, როგორც მტრედები" (მათე 10:16)ს. რეალური ცხოვრების ზოგიერთ ვითარებაში უნდა გამოვიჩინოთ სიმტკიცე, უკომპრომისობა, შემართება, გაბედულობა, და ამავდროულად, ბოროტებას ვუპასუხოთ სიკეთით, გვიყვარდეს მტრები, ვილოცოთ მტერთათვის.
 
ეს შეუსაბამობაა, მაგრამ ეს არის სწორედ ის, რისკენაც ვართ მოწოდებულნი. ამასთან ჩვენ გვჭირდება არჩევანის გაკეთება, თუ როგორ მოვიქცეთ სხვადასხვა ვითარებაში. არადა ყოველი ჩვენთაგანი სისასტიკისკენ თუ არა, სიხისტისკენ მაინც არის მიდრეკილი, ამიტომაც, თუკი არჩევანს "უპასუხოდ დატოვებისკენ" გავაკეთებთ, ვფიქრობ არ შევცდებით.
 
 
 
სანაცვლოს მაინც ნუ მიაგებთ
 
იქნებ ეს მცნება მხოლოდ ყველაზე ძლიერთათვის არის მოცემული? ან იქნებ ვეძებოთ მისი შესრულების საზომი? თან როგორ ვეძებოთ ისე, რომ თავი არ მოვიტყუოთ, არ ვთქვათ - მე ძალიან უძლური ვარ. სად არის კრიტერიუმი?
 
მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მცნება მოცემულია ყველასთვის, მაგრამ მისი შესრულების ზომა, მართლაც, სხვადასხვა შეიძლება იყოს.
 
პატერიკში არის ისტორია, როგორ მივიდნენ ერთ მხცოვანთან მოგზაურები და ჰკითხეს: "რა ვქნათ, როდესაც ყვრიმალში გცემენ, ჩვენ კი უძლურები ვართ აღვასრულოთ ქრისტეს მცნება და მივუშვიროთ მეორე ყვრიმალი?" მხცოვანმა უპასუხა, კარგი, უბრალოდ ილოცეთ ამ ადამიანებზე და კეთილად მოეპყარით. "არც ეს გამოგვდის", - მიუგეს მათ. მაშინ მხცოვანმა სტუმრებს შესთავაზა სხვადასხვა დაღმავალი ვარიანტები, და ბოლოს დავიდა აქამდე: "სამაგიეროს მაინც ნუ მიაგებთ". მათ კი უპასუხეს: "არც ეს ძალგვიძს". მაშინ მხცოვანმა თავის მორჩილს მიმართა და უთხრა: "შეამზადე წამალი, ეს ადამიანები ძლიერ ავად არიან, მათ არაფერი ძალუძთ".
 
ცხოვრებაში ასე თუ ისე ვაწყდებით ამ მცნების შესრულების აუცილებლობას. მაგრამ, სამწუხაროდ, არ გვახსოვს შემთხვევა ჩვენს პრაქტიკაში ვინმე მრევლთაგან მოსულიყოს და ეკითხა - როგორ გავიგო ეს მცნება, როგორ შევასრულო ის ჩემს ცხოვრებაში? მოდიოდნენ სხვადასხვა ყოფითი პრობლემებით, ითხოვდნენ რჩევებს, მაგალითად, როგორ გაიყონ მემკვიდრეობა, ნათესავები დავობენ ბინაზე, თუმცა კანონიერად მათ ის არ ეკუთვნით და ა. შ.
 
შეიძლება სასამართლო წესით მათთან დავა, კონფლიქტში შესვლა, ურთიერთობის გაფუჭება, მაგრამ იქ, სადაც ნათქვამია "ვინც შემოგკრას მარჯვენა ყვრიმალში, მეორეც მიუშვირე მას", ისიც არის ნათქვამი: "მთხოვნელს მიეცი და სესხების მსურველს ზურგს ნუ შეაქცევ" (მათე 5:42). მეორე მხრივ, შენ არა მარტო საკუთარ თავს ართმევ ქონებას, არამედ შენს შვილებსაც. რეალურ ცხოვრებაში ვითარებები არცთუ მარტივია.
 
 
როდესაც ქრისტე პილატეს წარუდგინეს ერთ-ერთმა მსახურმა სილა გააწნა იესუს. ქრისტემ მიუგო: "თუ ცუდად ვთქვი, მიჩვენე ცუდი, და თუ კარგად - რატომღა მცემ?" (იოანე 18:22). ეს ეპიზოდი ხომ არ ეწინააღმდეგება მცნებას: "მეორეც მიუშვირე მას"?
 
ეს ეპიზოდი კი არ ეწინააღმდეგება, არამედ ავსებს ამ მცნებას. თუ როგორ უკვე ვისაუბრეთ.
 
ეს მცნება - ყოველთვის ბუკვალურად როდი უნდა გავიგოთ, ეს არის სახე იმისა, მთლიანობაში თუ როგორ უნდა ვუპასუხოთ ჩვენსკენ მომართულ აგრესიას. აშკარაა, თუკი ცუდი სიტყვის გამო სცემ, ხოლო ხელის გარტყმის შემთხვევაში - კიდევ უფრო ძლიერ, ჩხუბი არასოდროს დამთავრდება. უფალს სურს, რათა ჩვენ არ ვიყოთ კონფლიქტის პროვოცირების მიზეზნი და არც ის სურს, სხვის მიერ ვიყოთ მტრობაზე პროვოცირებულები, რათა კონფლიქტი სიძულვილში არ გადაიზარდოს, არამედ საკუთარ თავში ვპოვოთ მისი შეწყვეტის შესაძლებლობანი.
 
მეორე ყვრიმალის მიშერა ნიშნავს - შეწყვიტო ბოროტების გადაცემა, შეწყვიტო მრისხანება, საკუთარი აგრესია, არ გახდე სამყაროში მისი განმტარებელი. ღმრთის შეწევნის გარეშე, ეს, რა თქმა უნდა, შეუძლებელია.
 
სილის გაწნა პილატეს სამსჯავროზე შეურაცხყოფას, დამცირებას ნიშნავს. მაგრამ, ქრისტემ ამ დამცირებას შეურაცხყოფითვე როდი უპასუხა.
 
 
თქვენ როგორ ასწავლით თქვენს შვილებს? რას ურჩევთ კონფლიქტური ვითარებების შემთხვევაში?
 
მე ვფიქრობ, სამაგიეროს გადახდას ისინი თვითონ სწავლობენ. მე ვასწავლი არ დაიუდუმონ, თუკი პრობლემები ჩნდება. ამის შესახებ უნდა იცოდნენ მშობლებმა, საკლასო დამრიგებელმა, სკოლის ადმინისტრაციამ, თუკი ეს აუცილებელია. მე ხშირად მომმართავენ ეკლესიის წევრები პრობლემით, როდესაც მათი შვილი დამცირების მსხვერპლი ხდება. ასეთ ვითარებებში მე ვაძლევ რეკომენდაციას დაუყოვნებლივ სხვა სკოლაში გადაიყვანონ ბავშვი.
 
 
"პირადი საზღვრების" ნებაყოფლობითი მოხსნა - მოწამეობრივი აქტია
 
როგორ შევუთავსოთ ერთმანეთს პირადი სივრცე და მეორე ყვრიმალის მიშვერა? ღირს თუ არა თქვენი აზრით ეკლესიაში ვისაუბროთ ამ პირად სივრცეზე თუ საკითხი ფსიქოლოგებს დავუთმოთ?
 
პირადი სივრცე და მეორე ყვრიმალის მიშვერა - სხვადასხვა რეგისტრის საკითხებია. ქრისტეს სიტყვა მიმართულია ჩვენი გულისკენ, სადაც ჩვენი აზრებისა და ქცევების საბუდარია.
 
ფსიქოლოგი გვეხმარება სიტუაციურად მოვახდინოთ ცხოვრებისადმი ადაპტირება. მე არ მსურს დავაკნინო ფსიქოლოგიის მნიშვნელობა. ყოველდღიურ ცხოვრებაში ფსიქოლოგიური რჩევები შესაძლოა ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს ადამიანისთვის, მაგალითად, როდესაც ადამიანს ზედმეტად დამცირებული აქვს საკუთარი ღირსება და, რომელიც ხშირად გვხვედება იმ ქრისტიანთა შორის, რომლებსაც არასწორად ესმით მორჩილების მნიშვნელობა.
 
პირადი საზღვრები - ეს მნიშვნელოვანია.
 
მაგრამ უკიდურეს ზღვარზე ქრისტიანობა ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ ნებაყოფლობით უნდა გავხსნათ ეს პირადი საზღვრები - არა იმიტომ, რომ ჩვენ შევძლებდით მის დაცვას, არა იმიტომ, რომ ჩვენ უძლურები ვართ.
 
რა თქმა უნდა, არსებობს რისკი ადვილად ვიქნეთ მოწყლულნი, ისევე როგორც ნებისმიერ ვითარებაში, როდესაც ვხვდებით სხვა ადამიანს.
 
ბაბილონის გოდოლს რომ აშენებდნენ, ღმერთმა მშენებელთა ენები აურია. გაჩნდა ენობრივი ბარიერები. სხვათა შორის იმისთვისაც, რომ ადამიანებს არ მოეწყლათ ერთმანეთი. იმიტომ, რომ მათთვის, ვინც სასტიკია, გოდოლის მშენებლობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა ადამიანის კეთილდღეობა.
 
ოჯახებში დღემდე, მაგალითად, როდესაც კამათობენ, ერთმა შეიძლება უთხრას მეორეს: "მე შენი არ მესმის" ან "ჩვენ უკვე ვეღარ ვუგებთ ერთმანეთს". ჩნდება "ენობრივი ბარიერი". იმიტომ, რომ ადამიანები თუ გაუგებენ ერთმანეთს, მოისმენენ იმას, რისი თქმაც სურთ კამათის მომენტში, მათ ძლიერი ტკივილი მიადგებათ. ეს არის პირადი საზღვრების სახე, რომელიც გვიცავს.
 
მაგრამ სულთმოფენობის დროს მოციქულებს სხვადასხვა ენებზე ლაპარაკის ნიჭი მოევლინათ. სულიწმიდით ენობრივი ბარიერი კვლავ გაიხსნა. ამ დღიდან დაიწყო მათი გზა სამყაროში, რომელმაც ისინი, იოანე ღვთისმეტყველის გარდა, მოწამეობრივ აღსასრულამდე მიიყვანა. მათ მოხსნეს პირადი საზღვრები და ბოლოს მოწამეები გახდნენ.
 
საბოლოო ზღვარზე ქრისტიანი მოწოდებულია გაიხსნას და ადვილად მოწყვლადი გახდეს, ნებაყოფლობით შეწიროს თავი მსხვერპლად. ეს უკიდურეს ზღვარზე, და ეს უძლულრების გამოხატულება კი არა, ძლიერების გამოხატულებაა.
 
მოწამეებს კლავდნენ არა იმიტომ, რომ მათ გაქცევა არ შეეძლოთ, არამედ იმიტომ, რომ ნებაყოფლობით გააკეთეს ასეთი არჩევანი: "მე ვკვდები ქრისტესთვის,  მე ქრისტიანი ვარ". ამ საზღვრების მოხსნა, რომელზეც მსჯელობენ ფსიქოლოგები, - ნებაყოფლობითი მოწამეობრივი აქტია.
 
ამასთან ქრისტიანული ტრადიცია ამბობს, რომ შეგნებულად არ უნდა შეეჩეხო პრობლემას, თვითნებურად არ უნდა ეძებო მოწამეობა. ქრისტიანს უნდა შეეძლოს საზღვრების მოხსნა, როდესაც ეს ვინმეს დასჭირდება,
 
 
როგორ შემთხვევებში შეიძლება ძალადობის აღკვეთა?
 
ყველა შემთხვევაში, თუკი ასეთი შესაძლებლობა მოგვეცემა. ერთი ბავშვი თავს ესხმის მეორეს და მის საცემად იწევს, მე ხელს შევუშლი ამას. ჩემი სამრევლოს წევრები ერთმანეთს გადაეკიდნენ, მე შევეცდები მათ დაშოშმინებას და გაშორებას, უკეთეს შემთხვევაში შერიგებას.
 
როდესაც ვიცი, რომ მეზობელ ქვეყანაში მიმდინარეობს საშინელი ძალადობა, მე ვერ შევძლებ მის შეწყვეტას, მაგრამ შინაგანად თანაგრძნობას გამოვუცხადებ და ვილოცებ ღმრთის მიმართ, რომ შეწყდეს ძალადობა.
 
 
როგორ გავიგოთ განსხვავება ბოროტებისადმი წინააღმდეგობის არგაწევასა და საკუთარ უძლურებას შორის, როდესაც უბრალოდ გამბედაობა არ გყოფნის პასუხის გასაცემად?
 
ღმერთს არ სურს ჩვენი ღირსების დაკნინება, მას არ სურს ვიყოთ უძლურები და სნეულები. ჩვენ უნდა ვიზარდოთ სხვადასხვა მიმართებით, რომლისკენაც უფალი მოგვიწოდებს. საჭმლის მომზადებისას, თუ რომელიმე ინგრედიენტს გადავაჭარბებთ ან დავაკლებთ კერძი გაფუჭდება, ყველაფერი ზომიერად უნდა იყოს. ქრისტე არ მოუწოდებს მორიდებისა და უძლურებისკენ. ის მოუწოდებს ბოროტებას უპასუხონ სიკეთით, წყევლას კი - კურთხევით.
 
შეუძლებელია ყველა ვითარების აღწერა და თქმა - თქვენ ყოველთვის ასე უნდა მოიქცეთ. გზის მაჩვენებლები მიგვითითებენ საით უნდა წავიდეთ, მაგრამ ყოველ კონკრეტულ მოძრაობას საჭესთან მძღოლი განახორციელებს. სახარებისეული სიტყვები მიმართულებას გვაძლევენ, მაგრამ საჭე ხომ ჩვენს ხელშია. ჩვენ უნდა ვილოცოთ, მივაყურადოდ საკუთარ გულს, რადგან ჩვენს ცხოვრებაში ჩვენივ საჭე საკუთარი გულებია.
 
ზოგჯერ, იძულებით, ფორმალური წესების დარღვევაც გვიწევს და შემხვედრ მოძრაობაზე გადავდივართ, რადგან ორი ბოროტებიდან უმცირესის არჩევა უფრო გონივრულია.
 
 
ღირ. მაქსიმე აღმსარებელი - მაცხოვრის სიტყვების "მიუშვირე მეორეც" ბუკვალურ და სულიერ გაგებაზე.
 
ბუკვალური აზრი: რისთვისაა ეს მცნებები? (მათე 5:39-41 – "აპოკ". რედ.) - იმისთვის, რათა შენში შენარჩუნდეს ურისხველობა, უშფოთველობა და უბოროტობა, ხოლო (შენი მოწინააღმდეგე მხარე) აღიზარდოს შენი მოთმინებით; და სახიერ უფალს ორივე თქვენგანი ამგვარი სახით სიყვარულთან მიჰყავს.
 
სულიერი აზრი: რაც შეეხება "მეორე ყვრიმალს", მე მასში ვგულისხმობ სულიერ ღვაწლს. ჩვენში მცნებათა აღსრულებით აღმოცენებულ ღვთაებრივ სიცოცხლეს მთლიანად ეს ღვაწლი განსაზღვრავს, და ბუნებრივიცაა, რომ ის მზაკვარის თავდასხმის ობიექტი ხდება, რომელიც ამ ღვაწლით წარმოქმნილი ზნეობრივი ღვთისმოსაობის გაუქმებას ცდილობს. ის (ეშმაკი) მისით იგვემება, სიამაყით აღინთება და მედიდურობს მათზე, ვისაც ამგვარი ცხოვრება არ მოუხვეჭავს. ამიტომაც საჭიროა მოგონებათა გზით მისკენ მივუშვიროთ მას "მეორე" (მარცხენა) ყვრიმალი - ჩვენი უკვე წარსული და წუთისოფლის სიცრუით აღსავსე ცხოვრება.
 
თავმდაბლობა ღვთისმოსაობის წმიდა საფუძველია, ამიტომაც ვისაც ის არა აქვს, ჯობს დაიოკოს თავი და დაექვემდებაროს ცოდვილთა მსგავს დამცირებას, ვიდრე წმინდანივით აღზევდეს, და დიდი სიმაღლიდან დასცეს ამპარტავნებამ. უფლის მცნების დასაცავად აღსრულებულ ამ მცნებას მჭვრეტელობის დარი და  უმეტესი პატივიც კი მიეგება, რადგან ის არის წმიდა მზადყოფნა და წინაგანწმენდა.
 
ამის აღმასრულებელს სულიერი კეთილშობილების ნიჭი ებოძება, რითაც შეურაცხმყოფელის ურწმუნოება იზღუდება, რადგან დარტყმის მცდელობა მისი მიღების მზადყოფნით მოიგერიება, და დამრტყმელის შერცხვენა სხვა არაფრით შეიძლება, თუ არა თავმდაბლობით. ხოლო უფლის განკარგულებით შეკავებული ამის შემძლე თავის შეურაცხმყოფელს არასოდეს ეწინააღმდეგება ("თეოპემპტე სქოლასტიკოსს").

წყარო:
Назад к содержимому