განმარტებანი - საკუთარი განსჯის შესახებ - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
საკუთარი განსჯის შესახებ
საკუთარი თავის განსჯა
წმიდა მამის ანტონი დიდის გამონათქვამები და გადმოცემები მასზე.
 
ერთხელ წმიდა ანტონისთან იმის გამოსარკვევად შეიკრიბნენ მამები, თუ რომელი სათნოებაა ყველაზე აღმატებული და რომელს შეუძლია ყველაზე საიმედოდ დაიცვას მოსაგრე კაცთა მოდგმის მტრის ყველა მზაკვარებისგან. თითოეულმა ამ მამათაგან გამოთქვა თავისი შეხედულება, ამასთან ზოგი მარხვას აქებდა და მღვიძარებას, რადგან ეს ორი სათნოება შეაკავებს გულის ზრახვებს, გამოსწვრთნის გონებას და უადვილებს ადამიანს ღმერთთან მიახლოებას.
 
სხვანი სიგლახაკესა და მიწიერ საგანთა უგულებელყოფას იწონებდნენ უფრო მეტად, იმიტომ, რომ ამ სათნოებათა მეშვეობით გონება მოსაგრისა უფრო მშვიდი, წმიდა შეიქნება ხოლმე და თავისუფლდება საერო, ამაო საზრუნავთაგან, რისი ძალითაც მიახლოვება ღმერთთან კიდევ უფრო გაადვილებულია.
 
მესამენი კი მოწყალების ნიჭს აძლევდნენ უპირატესობას სხვა სათნოებათა შორის, რადგან თვით უფალი ჩვენი იესუ ქრისტე ეუბნებაო მოწყალეთ: "მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაით, რამეთუ მშიოდა, და მეცით მე ჭამადი, მწყუროდა, და მასვით მე; სნეულ ვიყავ, და მომხედეთ მე; საპყრობილესა ვიყავ და მოხვედით ჩემდა"-ო (მათე 25:34-36).
 
ზოგიერთნი კი ამ მამათაგან სხვა სათნოებებსაც ასახლებდნენ. მამა ანტონიმ კი ასე თქვა: ყველა ის სათნოება, თქვენ რომ მოიხსენიეთ, მეტად მაცხოვნებელია და აუცილებელი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ღმერთს ეძიებენ და აღნთებულნი არიან ძლიერი მისწრაფებით მასთან მიახლებისა. მაგრამ ჩვენ არაერთგზის გვიხილავს, რომ მრავალს გაუთანგია თავისი სხეული უკიდურესი მარხვით, მღვიძარებით, უდაბნოში დიდი ხნის განმარტოებით. ამასთან, ამ მოსაგრეებს შრომაშიც გულმოდგინედ უღვაწიათ, სიღატაკეც ჰყვარებიათ, საერო კეთილდღეობა მოუძაგებიათ, ისე, რომ ერთი დღის სამყოფ საზრდოსა თუ სხვა რამ სახმარს არ იტოვებდნენ თავისთან და ყველაფერს, რაც კი ებადათ ღარიბ-ღატაკთ ურიგებდნენ.
 
ჰოდა, გვინახავს, ამგვარი მოსაგრენიც, წარმატებულნი თქვენს მიერ დასახელებულ ყველა სათნოებაში, მაგრამ ბოლოს მაინც ისე ხდებოდა ხოლმე, რომ ისინი, ანუ ბევრნი მათგან ბოროტისაკენ მიიდრიკებოდნენ და დაეცემოდნენ, რის შედეგადაც მოაკლდებოდნენ ხოლმე ყველა უწინდელ სათნოებას და გაკიცხვა-დაგმობის ღირსნი შეიქნებოდნენ. მიზეზი კი ამისა მხოლოდ ის იყო, რომ ამ მამებს არ ჰქონდათ შეძენილი განსჯის და კეთილგონიერების სათნოება. სწორედ ეს სათნოება ასწავლის მოსაგრეს ყველაფერ ჯეროვანს და სწორი გზით სვლისათვის განამზადებს ისე, რომ ღმერთისკენ მავალმა არსად არ გადაუხვიოს ამ გზიდან.
 
თუკი ჩვენ ყოველთვის სამეუფო გზით ვივლით, არასდროს არ ვიქნებით წარტაცებულნი ბოროტ შემასმენელთაგან - ეშმაკთაგან არც მარჯვნივ - უკიდურესი თავშეკავებისკენ და არც მარცხნივ - მცონარებისკენ. განსჯა და კეთილგონიერება - თვალნია სულისა, მისი კანდელი, ისევე როგორც თვალებია სხეულის კანდელი (განმანათლებელი); ასე რომ, თუკი თვალი განათლებული გვექნება, მაშინ მთელი სხეულიც (ჩვენი საქმეებისა) ნათელი იქნება; ხოლო თუკი ეს თვალი სულისა - განსჯა - ბნელი გვექნება, მაშინ მთელი ჩვენი სხეულიც წყვდიადით იქნება მოცეული. როგორც თვით უფალი გვეუბნება წმიდა სახარებაში (მათე 6:22-23).
 
განსჯის უნარით ჩვენ განვიხილავთ ჩვენს სურვილებს, სიტყვებსა და საქმეებს, და განვიშორებთ ყველაფერ იმას, რაც ღმერთისგან განგვაგდებს; განსჯითა და კეთილგონიერებით დავარღვევთ და ვძლევთ მზაკვარი მოწინააღმდეგის ყველა მანქანებას, რადგან შეგვიძლია მართლაც განვარჩიოთ - რა არის კარგი და რა - ცუდი ჩვენი სულების ხსნისთვის, რა არის სასარგებლო და რა საზიანო ჩვენი ღვაწლის წარმატებული დასრულებისთვის.
 
ამავე საგანს ეხება აგრეთვე შემდეგი გამონათქვამი წმიდა მამისა: როცა რკინის რამ ნაჭერს აიღებს ხოლმე მჭედელი, მას წინდაწინ წარმოუდგენია გონებით ის საგანი, რომლის გამოჭედვასაც აპირებს - ცელი იქნება ეს, მახვილი თუ ცული. ასევე ჩვენც ამ სახედვე წინდაწინ უნდა განვსაჯოთ ხოლმე ჩვენი კეთილგონიერებით, თუ რომელ სათნოებას სჯობს რომ შევუდგეთ, რათა ამაო არ გამოდგეს ჩვენი განზრახვა და შრომა.
 
რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნებოდა, თუკი ყოველ საქმეში და განსაცდელში მხოლოდ საკუთარი განსჯით გვეხელმძღვანელა; მაგრამ საქმეც იმაშია, რომ საკუთარი განსჯა ადამიანისთვის ყოველთვის საკმარისი შემწე ვერ არის ხოლმე, და ყველა ადამიანს თანაბრად როდი აქვს იგი მომადლებული. ამიტომაც, რაკი არასდროს ბოლომდე არ უნდა მივენდოთ საკუთარ თავსა და საკუთარ განსჯას, უფრო სარწმუნო და უხიფათო ხელმძღვანელი ჩვენთვის არის არჩევა გამოცდილ მამათა.

წყარო: წმიდა მამის ანტონი დიდის გამონათქვამები და გადმოცემები მასზე. საქ. ეკლ. კალენდარი. 1991 წ. გვ. 287-288.
Назад к содержимому