განმარტებანი - რწმენის თვალები - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
რწმენის თვალები
თომას მიერ უფლის გვერდის განხილვა
წმ. იოანე ოქროპირის მეოთხე ჰომილიიდან ტიმოთეს მიმართ მე-2 ეპისტოლეზე.

1. "ნეტარ არიან თქვენი თვალნი იმიტომ, რომ ხედავენ, და თქვენი ყურნი იმიტომ, რომ ისმენენ" (მათ 13:16). ნება მომეცით ეს სიტყვები თქვენც გითხრათ, ვინაიდან თქვენც ასეთ გულმოდგინებას ამჟღავნებთ: "ნეტარ არიან თქვენი თვალნი იმიტომ, რომ ხედავენ, და თქვენი ყურნი იმიტომ, რომ ისმენენ". თუმცა თქვენი ყურები რომ ისმენე, ეს ნათელია; ხოლო თქვენი თვალები რომ ისე ხედავს, როგორც მაშინ ხედავდნენ მოწაფეები, ამის ჩვენებას შევეცდები, რათა თქვენი ნეტარება სანახევრო კი არ იყოს, არამედ მთელი.
 
მაინც რას ხედავდნენ მაშინ მოწაფეები? ისინი ხედავდნენ აღდგენილ მკვდრებს, თვალახელილ ბრმებს, განწმენდილ კეთროვნებს, განთავისუფლებულ ეშმაკეულებს, გამართულ კოჭლებს, ხედავდნენ, როგორ სწორდებოდა ყოველგვარი ბუნებითი დაზიანება. თქვენც ამას ხედავთ ახლა, ოღონდ არა ხორციელი, არამედ რწმენის თვალებით. სწორედ ასეთია რწმენის თვალები: ხედავს იმას, რაც ჩნდება და ჭვრეტს იმას, რაც ჯერაც არ აღსრულებულა.
 
საიდან ვიცით, რომ რწმენა არის უხილავის ხედვა და უჩინარის დაჯერება? მოუსმინე პავლეს, რომელიც ამბობს: "ხოლო რწმენა არის უეჭველობა იმისა, რასაც მოველით, და წვდომა უხილავისა" (ებრ. 11:1). ისიც გასაკვირია, რომ ხორციელი თვალები ხილულს ხედავს, ხოლო უხილავს ვერ ხედავს; რწმენის თვალები კი, სრულიად საპირისპიროდ, ხილულს ვერ ხედავს, ხოლო უხილავს ხედავს. ხოლო ისინი რომ მართლაც ვერ ხედავს ხილულს, ხოლო უხილავს ხედავს, ეს პავლემ ახსნა, როცა ასე თქვა: "ვინაიდან ჩვნეი წამიერი და მცირედი ტანჯვა უზღვავსა და უსაზომო დიდებს შეიქმს ჩვენთვის, როცა ხილულს კი არ მივაპყრობთ მზერას, არამედ უხილავს" (2 კორინთ. 4:17-18). როგორ შეუძლია ვინმეს უხილავი იხილოს? სხვაგვარად როგორ იხილავს, თუ არა რწმენის თვალებით? სხვა ადგილასაც ამბობს პავლე: "რწმენით შეიცნობთ, რომ ღვთის სიტყვით შეიქმნენ საუკუნენი". როგორ, როცა ჩვენ ამას ვერ ვხედავთ? "და რომ ხილული, ამბობს იგი, უხილავისგან იღებს დასაბამს" (ებრ. 11:3). გნებავთ, სხვა საბუთსაც მოვიტან იმაზე, რომ რწმენის თვალები უხილავს ხედავს? გალატელთა მიმართ წერილში პავლე ერთ ადგილას ამბობს: "ვის თვალწინაც გამოისახა იესუ ქრისტე, როგორც თქვენშივე ჯვარცმული" (გალატ. 3:1)?
 
2. რას ამბობ, ნეტარო პავლე? ნუთუ გალატელებმა გალატიაში იხილეს იგი ჯვარცმული? განა ყველანი არ ვაღიარებთ, რომ მისი ვნება პალესტინაში იყო, იუდეაში? როგორღა ხედავდნენ მას ჯვარცმულს გალატელები? რწმენის თვალებით და არა ხორციელი თვალებით. ხედავ, რწმენის თვალები როგორ ხედავს უხილავს? ასეთ მანძილზე და ესოდენ დიდი დროის შემდეგ მათ იხილეს ჯვარცმული ქრისტე. თქვენც ასევე ხედავთ აღმდგარ მკვდრებს; თქვენც დღეს ხედავთ განწმენდილ კეთროვნებს, თქვენც ხედავთ ფეხზე დამდგარ დავრდომილებს და იმ იუდეველებზე მეტს ხედავთ, რომლებიც მაშინ იქ იმყოფებოდნენ. მათ, იქ მყოფებმა, არ აღიარეს სასწაული, თქვენ კი არ შესწრებიხართ და აღიარეთ; ისე რომ, მე მართებულად ვთქვი თქვენზე, რომ "ნეტარ არიან თქვენი თვალნი იმიტომ, რომ ხედავენ" (მათე 13:16).
 
თუკი შენ სხვა შემთხვევიდან გსურს გაიგო, რომ რწმენის თვალები უხილავს ხედავს, ხოლო ხილულს არ უყურებს, - მათ ხომ სხვაგვარად არ შეუძლია უხილავის დანახვა, თუ უყურადღებოდ არ დატოვებს იმას, რაც ზემოთ ითქვა, - ამისთვის მოისმინე პავლეს საუბრები აბრაამის შესახებ, თუ როგორ იხილა მან რწმენის თვალებით ისააკის დაბადება და ამგვარად მიიღო აღთქმა.
 
რას ამბობს მოციქული? "არ შერყევია რწმენა, თუმცაღა ას წელს მიტანებული ხედავდა, რომ მისი სხეული უკვე სიკვდილად იყო მიწურვილი" (რომ. 4:19). უდიდესია რწმენის ძალა! რამდენადაც მფრთხალი და უსუსურია ადამიანური განსჯა, იმდენად მაგარი და ძლიერია რწმენა. არ უფიქრია, "თუმცაღა ას წელს მიტანებული ხედავდა, რომ მისი სხეული უკვე სიკვდილად იყო მიწურვილი". ხედავ, როგორ არად ჩააგდო ის, რაც ნახა, როგორ უ გულებელყო სიბერე, თუმცა თვალწინ ედგა? მაგრამ ის რწმენის თვალებით ჭვრეტდა და არა ხორციელი თვალებით. ამიტომაც ვერ ხედავდა ვერც სიბერეს, ვერც სარას მომაკვდავობას "და კვდებოდა საშოც სარასი" (რომ. 4:19). აქ მოციქული უნაყოფობაზე მიუთითებს. უძლურება ორმაგი იყო: ერთი სიბერიდან მოდიოდა, მეორე - ბუნებიდან; სხეულია რა მარტო სიბერის გამო იყო უუნარო შვილების გასაჩენად, არამედ თვით საშო იყო მკვდარი, თვით შვილიერების ბუნებრივი წიაღი ჯერ კიდევ სიბერემდე იყო უუნარო უნაყოფობის გამო.
 
ხედავ, რამდენი დაბრკოლება არსებობდა? ქმრის სიბერე, ცოლის სიბერე, უნაყოფობა, რომელიც სიბერეზე უუნაროა და განსაკუთრებით უშლის ხელს შვილიერებას. და მაინც, აბრაამმა ეს ყველაფერი არად ჩააგდო და რწმენის თვალებით ამაღლდა ცამდე, რადგან დანაპირების აღსრულების უდიდესი საბუთი ჰქონდა - აღმთქმელის ძალა. ამიტომაც "არ შემკრთალა და არც ეჭვი შეპარვია ღვთის აღთქმაში, არამედ განმტკიცდა რწმენით და დიდება მიაგო ღმერთს" (რომ. 4:20).
 
რწმენა თითქოს მაგარი კვერთხია და უსაფრთხო ნავთსაყუდელი, რომელიც ათავისუფლებს განსჯის ცდომილებისგან და სულს უდიდეს მყუდროებაში ამშვიდებს. "ნეტარ არიან თქვენი თვალნი იმიტომ, რომ ხედავენ" (მათე 13:16), - კვლავ საჭიროა ამ გამოთქმის განმეორება. მართალია, იუდეველები უყურებდნენ იმას, რაც მაშინ ხდებოდა, მაგრამ უფალი ნეტარს გარეგან მხედველობას არ უწოდებს, იმიტომ, რომ სასწაულებს გარეგანი მზერა კი არ ხედავს, არამედ შინაგანი. "განა ეს არ არის... ეს არის... უხმეს თვალახელილის მშვობლებს" (იოანე 9:8-18). ხედავ, როგორ ყოყმანობენ? ხედავ, რომ ხორციელი თვალი საკმარისი არ არის სასწაულის დასანახად? ისინი, ვინც იქ იმყოფებოდნენ და უყურეს, ასე ამბობდნენ: "ეს არის; მას ჰგავსო". ჩვენ კი არ შევსწრებივართ და არ ვამბობთ, რომ ეს ის არ არის, არამედ ვამბობთ, რომ ეს სწორედ ის არის.
 
დარწმუნდი, რომ დაუსწრებლობა სულაც არ ვნებს, როცა არსებობს რწმენის თვალები და დასწრებასაც არანაირი სარგებელი არ მოაქვს, როცა არ არსებობს სულიერი თვალები? რა სარგებელი მიიღეს იუდეველებმა იმისგან, რაც ნახეს? არავითარი. ჩვენ მათზე ნათლად ვხედავთ.
 
ამგვარად, თუკი თქვენი თვალები ხედავს იმ ხედვით და თქვენი ყურები ისმენს იმ სმენით, რომლებსაც ქრისტემ ნეტარი უწოდა, მაშინ ჩვენ ახლა წმინდა წერილის მარგალიტებს შემოგთავაზებთ. ქრისტე როგორც იუდეველებისთვის ვერ წყვეტდა საკითხებს, არამედ კიდევ უფრო ზრდიდა გაურკვევლობას, იმიტომ, რომ ისინი ვერ ისმენდნენ, ისევე თქვენთვის, იმიტომ, რომ ისმენთ, საჭიროა ნათლად წარმოიდგინოთ დაფარული.
 
"მივიდნენ მოწაფეები და უთხრეს მას: რატომ ელაპარაკები მათ იგავებით? ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: იგავებით იმიტომ ველაპარაკები მათ, რომ მხედველნი ვერას ხედავენ" (მათე 13:10-13). ხოლო რადგან თქვენც ვერ მხედველნი ხედავთ, ამიტომ აუცილებელია იგავებით არ გელაპარაკოთ, ისე არა, როგორც იმათ, რომლებიც ისმენენ და არ ესმით.
 
ამგვარად, თუკი თქვენ, ვისაც არ მოგისმენიათ მაშინ და გესმით ახლა იმაზე არანაკლებ, ვიდრე მაშინ რომ მოგესმინათ, არ უნდა მოგაკლოთ ეს სუფრა. ქრისტემაც უკანასკნელებს პირველებზე არანაკლები ნეტარი უწოდა: "რაკი მიხილე, იმიტომ მიწამე; ნეტარ არიან, ვისაც არ ვუხილავარ და მაინც მიწამებს" (იოანე 20:29).
 
ამიტომ, ნუ იქნებით სათნოებებში ზანტები, იმიტომ, რომ დროში კი არ ცხოვრობთ, არამედ ახლა. თუ მოისურვებ, ამით არაფერს დაკარგავ, ისევე, როგორც მაშინ მცხოვრებთაგან ბევრმა ვერაფერი ისარგებლა, იმიტომ, რომ არ ისურვა.
 
წყარო: წმინდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი. შრომები XII ტომი. წმიდა წერილის რამოდენიმე ეპიზოდის განმარტება. მეოთხე საუბარი მოციქულის სიტყვებზე: "ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში მოიწევა საზარელი ჟამი" (2 ტიმ. 3:1). თბილისი 2016. გვ. 203-206.
Назад к содержимому