განმარტებანი - რომელ ენაზე მეტყველებდა ქრისტე? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
რომელ ენაზე მეტყველებდა ქრისტე?
მაცხოვარი
ავტორი: ანდრეი დესნიცკი.

ახალ აღთქმას ჩვენ ვკითხულობთ თარგმანში - ეს ჩვენთვის იმდენად ჩვეულია, რომ მკითხველი უკვე თითქოსდა ივიწყებს, რომ თავიდან ეს ტექსტი დაწერილი იყო სხვა ენაზე. ამასთან მრავალმა იცის, რომ ორიგინალის ენა არის ძველბერძნული, ვიღაცას ახსოვს, რომ იმ დროს პალესტინაში სალაპარაკო ენა იყო არამეული, და რომ სახარების მრავალი გამონათქვამი ჟღერს განსაკუთრებულად, თუკი მას არამეულად წარმოვთქვამთ... მაგრამ, მართლაც, სინამდვილეში რომელ ენაზე მეტყველებდა ქრისტე, როდესაც ელაპარაკებოდა მოციქულებს?

არ არსებობს აბსოლუტურად ზუსტი პასუხი ამ კითხვაზე, რადგან ამ საუბართა ჩანაწერებმა ჩვენამდე უბრალოდ ვერ მოაღწია. თუმცა, მეცნიერებს მაღალი დარწმუნებულობით შეუძლიათ გვითხრან, თუ რომელ ენაზე მეტყველებდნენ იმ დროს პალესტინაში. მათ ამისი თქმის უფლებას აძლევს არქეოლოგთა და მკვლევართა მიერ აღმოჩენილი იმდროინდელი პირადი წერილები და სხვადასხვა სახის წარწერები, ისტორიკოსთა მოწმობები... და ბოლოს და ბოლოს, თვით სახარების ტექსტი.

პირველი საუკუნის პალესტინის ენობრივი  სიტუაცია რომ გავიგოთ, მოდი ჯერ გადავიდეთ ... თანამედროვე ქალაქ დუშანბეში. ჯერ ერთი, იქაურ ტაჯიკებში არსებობს საერთო სამეტყველო ენა, თანამედროვე ტაჯიკური. მეორეც, არსებობს კლასიკური კულტურის ენა - ფარსი. ის წააგავს თანამედროვე ტაჯიკურს, მაგრამ არც ისე ტოლფარდოვანია მისი; ყოველმა განათლებულ ადამიანს ის კარგად ესმის და შეუძლია მასზე რაიმეც თქვას, მაგრამ ყოფა-ცხოვრებაში მას ჩვეულებისამებრ არ იყენებენ. არსებობს ერთაშორისი ურთიერთობის ენა - რუსული, რომელზეც ტაჯიკები სხვა ერების წარმომადგენლებს ელაპარაკებიან. მათზე რამოდენიმე სიტყვის თქმა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, მაგრამ კარგად ფლობენ მას მხოლოდ ის ადამიანები, რომლებმაც განსაკუთრებული უმაღლესი საერო განათლება მიიღეს. და ბოლოს, გზას იკვლევს ყველაზე პრესტიჟული და მძლავრი ინგლისური ენა: შეიძლება დავინახოთ რამოდენიმე ინგლისური წარწერა ტაჯიკეთში, შეიძლება შევხვდეთ ისეთ ადამიანსაც კი, რომელსაც შეუძლია ამ ენაზე ლაპარაკი (სასტუმროებში ან კომპიუტერულ კლუბებში), მაგრამ ქალაქის ბაზრობაზე ან ტროლეიბუსში ის სრულიად უსარგებლოა. სამაგიეროდ მასზე ლაპარაკობენ ქვეყანაში ჩამოსული ბიზნესმენები და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დაახლოებით ასეთი მდგომარეობა იყო მაშინ პალესტინაშიც. მარტივად რომ თქვათ, იმდროინდელი პალესტინის "ინგლისურს" წარმოადგენდა - ლათინური ენა, რომელზეც მეტყველებდნენ რომაელი ჯარისკაცები და ადმინისტრატორები. მათ ისტორიას დაუტოვეს გარკვეული რაოდენობის წარწერები, მაგრამ ყველა მათგანი დაკავშირებულია მხოლოდ რომაელებთან. ებრაელებს შეეძლოთ ესარგებლათ ლათინური სიტყვებით, როდესაც ლაპარაკობდნენ რომაულ რეალიებზე (მაგალითდ ისეთებზე, როგორიც არის ნახსენები მარკოზის სახარებაში: "ლეგიონი" - სამხედრო ნაწილი ან "კოდრანტი" - მცირე კუპიურა), მაგრამ საკუთრივ ლათინურზე ისინი არ მეტყველებდნენ.

ერთა შორის სამეტყველო ენად ებრაელებსა და მთელს აღმოსავლეთ შუამდინარეთში გამოიყენებოდა ბერძნული - იმ დროების მემკვიდრეობა, როდესაც ბერძენი მმართველები ფლობდნენ ყველა ამ ქვეყნებს, ასწავლიდნენ მათ საკუთარ ენას და საკუთარ კულტურას აზიარებდნენ, ზუსტად ისე, როგორც საბჭოთა კავშირში ასწავლიდნენ ხალხებს რუსულ ენას. მაკაბელთა წიგნები მოგვითხრობენ იმის შესახებ, რომ ყველა ებრაელი როდი იყო ბეჯითი მოწაფე, მაგრამ ... დროთა განმავლობაში ბერძნული ენა ყველამ შეისწავლა, თუმცა სხვადასხვა დონით. ზოგიერთი ებრაელი, მაგალითად ისეთი, როგორიც იყო თუნდაც იოსებ ფლავიოსი, ბერძნულს სრულყოფილად ფლობდა და ლიტერატურული ნაწარმოებებიც კი დაგვიტოვა, რომლებიც თვით ელინთა ნაწარმოებებს არაფრით ჩამოუვარდება. სხვები, როგორც კერძო წერილების მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ასე თუ ისე მეტყველებდნენ ბერძნულ ენაზე, მრავალი შეცდომის დაშვებით, თუმცა საერთოდ და მთლიანობაში ახსნა-განმარტება შეეძლოთ. სხვათა შორის, მარკოზის სახარება სწორედ ასეთ "ხალხურ" ბერძნულ ენაზეა დაწერილი (ხოლო მახარობელთა შორის ყველაზე საუკეთესო სტილისტი, უდავოდ, არის ლუკა).

ყოფა-ცხოვრებაში პალესტინელი ებრაელები მართლაც მეტყველებდნენ არამეულზე, თუმცა განსაკუთრებულად ელინიზირებულ ქალაქებში  (როგორიცაა, მაგალითად, კესარია) მათ ადვილად შეეძლოთ გადასვლა ბერძნულზე. არამეული მათ გადმოიღეს უფრო მძლავრი მეზობლებისგან, ჯერ კიდევ ბაბილონის ტყვეობის დროიდან - სწორედ ეს ენა დარჩა ძირითად სამეტყველო ენად სხვადასხვა ერებ შორის როგორც ბაბილონის, ასევე სპარსეთის იმპერიებში. ის საკმაოდ ახლოს იდგა ძველბერძნულთან, და ამიტომაც ებრაელები ადვილად გადავიდნენ მასზე. სახარებაში ჩვენ ვხედავთ იესუს ცალკეულ სიტყვებს, რომლებიც ჩაწერილია ზუსტად ისე, როგორც მათ გაიჟღერეს, და ყველაზე ხშირად ეს სწორედ არამეული სიტყვებია. ცნობილი ფრაზა, რომელიც მან წარმოთქვა ჯვარზე: "ილი, ილი! ლიმა საბაქთანი?" (მათე 27:46) - არის ციტატა 21-ე ფსალმუნიდან, მაგრამ როდესაც ქრისტემ მამას მიმართა და ჰკითხა, თუ რატომ მიატოვე იგი, ეს მიმართვა წარმოთქვა არამეულად, და არა ძველებრაულად - ორიგინალის ენაზე.

საერთოდ, იბადება კითხვა, მეტყველებდნენ თუ არა იმ დროს ძველებრაულზე? დიახ, და წერილებსაც წერდნენ. ჩვენამდე მოაღწია მცირედმა მიმოწერებმა, რომლებიც დაწერილია სწორედ ძველებრაულზე, მაგრამ ... ერთ-ერთ წერილში, რომელიც ბერძნულად არის დაწერილი რომაელთა წინააღმდეგ ამბოხების დროს, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ებრაელი ამბობს, რომ იმ მომენტში მას არ ჰქონდა ებრაულად წერის განწყობა. მაშასადამე, მისთვის ეს არც ისე მარტივი იყო. ეს ენა უნდა ცოდნოდა ყოველ განათლებულ ებრაელს თუნდაც იმიტომ, რომ სწორედ ამ ენაზე იკითხებოდა სინაგოგაში წმიდა წერილი, და ზოგიერთი ძალდატანების შემთხვევაში თვითონაც შეეძლოთ მასზე წერა-კითხვა და მეტყველება. მაგრამ ადამიანთა უმრაველსობისთვის, როგორც შეგვიძლია ამაზე ვიმსჯელოთ, ეს ენა უკვე აღარ იყო მშობლიური, ისინი აზროვნებდნენ არა ამ ენაზე, და თვით ქრისტეც კი ჯვარზე ლოცულობდა არამეულად.

სხვათა შორის, ამ ენათა გარჩევა ყოველთვის ადვილი როდია. ანტიკურ პერიოდსა და შუასაუკუნეებში ბერძნები და რომაელები მუდმივად ურევდნენ ებრაულის, არამეულისა და სირიული ენების სახელწოდებებს (ეს უკანასკნელი, მკაცრად რომ ვთქვათ, არის კიდევაც არამეულის სახესხვაობა). შუასაუკუნეების წყაროებში შეიძლება შევხვდეთ მტკიცებულებას, რომ ყველაზე ძველი ენა ქვეყნიერებაზე, რომელზეც ჯერ კიდევ ღმერთი ელაპარაკებოდა ადამს სამოთხეში - არის სირიული (ასურული). რა თქმა უნდა, სინამდვილეში იგულიესმება ებრაული ენა როგორც ძველი აღთქმის ორიგინალი, მაგრამ ბერძნები და რომაელები მათ შორის ვერ ხედავდნენ დიდ სხვაობას.

ყველაზე გამაოგნებელი არის ის, რომ სახარებებმა ჩვენამდე მოიტანეს მხოლოდ ცალკეული ებრაული და არამეული სიტყვები. მახარობლები წერდნენ ისე, რათა ნაწერი გასაგები ყოფილიყო ადამიანთა დიდი უმრავლესობისთვი და არ აცბუნებდათ ის გარემოება, რომ ბერძნულ ენას არ შეუძლია გადმოსცეს სიტყვების ფაქიზი თამაში და ორიგინალის პოეზია. მოდი შევადაროთ: "მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა..." - გრძელი, მძიმე ფრაზაა. ბერძნულად უფრო მოკლედ ითქმის: "პატერ იმონ, ო ენ ტის ურანის..." სამაგიეროდ არამეულად სულ ორი სიტყვაა საჭირო მთელი ამ წინადადების გამოსათქმელად: "აბუნ დბაშმაია". და ასეთი მიმართვა ახლოაღმოსავლელი ადამიანისთვის სრულიად ბუნებრივად ჟღერს დღესაც კი - მე თვითონ მომისმენია, როგორ მიმართავდნენ ლიბანელი მორწმუნეები თავიანთ მიტროპოლიტს სიტყვით - "აბუნა", ანუ "მამავ ჩვენო".

ასე რომ, მახარეობლებმა, არსებითად, ერთხელ და სამუდამოდ უარი თქვეს რომელიმე ენის განსაკუთრებულ "კურთხეულობაზე" ქრისტეანთათვის, თუმცა პრაქტიკაში ეს იდეა არაერთხელ გამოჩნდება ეკლესიის ისტორიაში. აღმოჩნდა, რომ სულაც არა აქვს მნიშვნელობა რომელ ენაზე იყო ნათქვამი და როგორი სიზუსტით. და ამაში არაფერია უცნაური. ქრისტეანობა არის არა წმიდა სიტყვებისადმი რწმენა, არამედ სიტყვისადმი (ქრისტესადმი), რომელიც განკაცდა "ჩვენთვის და ჩვენი ცხოვნებისთვის", და ვერავითარ სიტყვიერ ფორმულირებას ვერ ძალუძს მისი გადმოცემა სისრულეში.

წყარო: http://foma.ru/na-kakom-yazyike-govoril-xristos.html
Назад к содержимому