განმარტებანი - როგორ უნდა შევხვდეთ შეურაცხყოფას?! როგორ შევრიგდეთ? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
როგორ უნდა შევხვდეთ შეურაცხყოფას?! როგორ შევრიგდეთ?
მაცხოვრის მხატვრული სახე
წყარო: წმ. იოანე ოქროპირი. 50-ე ჰომილიიდან "მოციქულთა საქმეებზე".
 
 
3. შევეცადოთ მივბაძოთ (პავლე მოციქულს) ისე, როგორც თავად ბაძავდა ქრისტეს. თუკი შეურაცხჰყო თვთ ისინიც კი, ვინც მის დაღუპვასა და სიკვდილს ცდილობდა, მაშ, როგორღა გვეპატიება ჩვენ, ვინც ჩხუბისა და დავის დროს ველურ მხეცებს ვემსგავსებით? ბოროტმოქმედებს და დაწყევლილებს ვეძახით ჩვენს მტრებს. განა მისატევებელია, რომ საერთოდ გვყავს მტრები? განა არ იცი, რომ ის, ვინც პატივს სცემს სხვას, ამით საკუთარ თავს სცემს პატივს?! ჩვენ კი ჩვენსავე თავს უპატიოდ ვეპყრობით.
 
შენ სხვას სდებ ბრალს იმაში, რომ შეურაცხგყო, მაგრამ თავად შენ რად აგდებ თავს ბრალეულობის ქვეშ? რატომ იწყლულებ საკუთარ თავს? უვნებელი იყავი, მოუწყვლელი იყავი - სხვისთვის რამის დაშავებით საკუთარ თავს ნუ დაიწყლულებ. განა არ გვყოფნის სხვა, სრულიად უმიზეზოდ აღძრული სულიერი შფოთი, როგორიცაა: უადგილო სურვილები, წყენა, შფოთი და ამის მსგავსი; განა მათ კიდევ გამრავლება უნდა?
 
მაგრამ, როცა შეურაცხმყოფენ, როგორ უნდა მოვითმინო? - იტყვი შენ. და რატომ არ შეიძლება? თავად მიპასუხე! განა სიტყვები გვაწყლულებენ? ან - ნაჭრილობევს გიტოვებენ სხეულზე? რამეს გვიშავებენ ისინი? არა! თუ მოვინდომებთ, შეგვიძლია საკუთარ თავს ვუთხრათ: ეს ყველაფერი მტრობის შედეგი კი არ არის, არამედ, სისუსტის, და ნამდვილად სისუსტის გამო ხდება ეს: როდესაც გონებაში მტრობა ან ბოროტი განზრახვა არ არის, მაშინ შეურაცხყოფილი, თუნდაც ათასი წყენის გადატანა უწევდეს, თავის შეკავებას მოინდომებს.
 
თუკი ჩვენ შევძლებთ, რომ მხოლოდ ეს წარმოვიდგინოთ: რომ ყველაფერი ბოროტების გამო კი არ ხდება, არამედ - სისუსტის გამო, ყველაფერს ავიტანთ, შეურაცხმყოფელსაც შევუნდობთ და თავადაც შევეცდებით, რომ იგივე არ მოვიმოქმედოთ.
 
ამ ყველაფრის შემდეგ, მე გკითხავთ ყველას, ვინც აქ ესწრებით: შეგიძლიათ თუ არა, თუკი მოინდომებგთ, იმდენი სიბრძნე გამოიჩინოთ, რომ შეურაცხყოფა მოითმინოთ? ვფიქრობ, რომ მიპასუხებთ: შევძლებთო! ამგვარად, შეურაცხმყოფელი შეურაცხგყოფთ უნებურად, არა თავისი სურვილით, არამედ ვნებისგან იძულებული. თავი შეიკავე. განა შეპყრობილს ვერ უყურებ? ამ მადომარეობაში იგი იმდენად მტრობის კი არა, სისუსტის გამო მოხვედრილა; ასე რომ, ჩვენშიც წყენა იმდენად თავად შეურაცხყოფის ხარისხიდან არ მომდინარეობს, რამდენადაც თავად ჩვენივე თავიდან.
 
რატომაა, რომ ამავე შეურაცხყოფას შეპყრობილისგან ვიტანთ? ვიტანთ მაშინაც, როდესაც შეურაცხმყოფელი ჩვენი მეგობარი ან ზემდგომია. განა უგუნრება არ არის, ამ სამ შემთხვევაში - ვგულისხმობ შეპყრობილებს, მეგობრებსა და ზემდგომებს - ადვილად რომ ვიტანთ შეურაცხყოფას, ხოლო იმავეს ჩვენი თანასწორისგან ან ქვემდებარისგან ვერ ვიტანთ. არაერთგზის მითქვამს, რომ ეს მხოლოდ წამიერი შემოტევაა: ცოტა თავი შევიკავოთ და ყველაფერი გაივლის.
 
რაც მეტად შეურაცხგყოფს ვინმე, მით უფრო სუსტია იგი; იცი, სინამდვილეში როდის უნდა დარჩე შეურაცხყოფილი? როდესაც შენგან შეურაცხყოფილი დუმს; ამ შემთხვევაში ის ძლიერია, შენ კი - სუსტი. ხოლო, თუ პირიქით ხდება, უნდა გიხაროდეს კიდეც. ამ შემთხვევაში შენ გვირგვინის ღირსი ხარ. ქების ღირსი ხარ. შეგიძლია, ბრძოლაში არც კი გახვიდე; მზის, სიცხისა და მტვრის უარყოფითი ზემოქმედება არ განიცადო; არ შეხვდე და შეეჭიდო მოწინააღმდეგეს, არამედ მხოლოდ ისურვო, რომ მჯდომარემ თუ მდგომარემ შეგიძლია, მიიღო დიდებული გვირგვინი და თანაც - არა უბრალოდ დიდებული, არამედ, იმაზე გაცილებით უპირატესი, რასაც ის მებრძოლები იღებენ ხოლმე: ერთიდა იგივე როდია, მოწინააღმდეგე მტერს დაამარცხებ, თუ მრისხანების ისრებს დააჩლუნგებ. შენ მოწინააღმდეგესთან უბრძოლველად გაიმარჯვე, შენში აღძრული ვნება დათრგუნე, მძვინვარე მხეცი მოაკვდინე, შენს წინააღმდეგ მებრძოლი მტერი გაანადგურე, როდესაც შენში უდიდესი სულიერი ბრძოლა, შინაომი იყო აღმდგარი.
 
როგორც მტერი ქალაქს რომ მოადგება და ალყას შემოარტყამს მას, მაშინ აღწევს გამარჯვებას, როდესაც შიდა დაპირისპირებას მიაღწევს, ასევე შეურაცხმყოფელი თუკი თავად ჩვენში ვერ შეძლებს ვნების გაღვივებას, ვერც ჩვენს დამარცხებას შეძლებს. თუ თავად ჩვენ არ აღვინთებით, მას არანაირი ძალა არ შესწევს. დაე რისხვის ნაპერწკალი ღვიოდეს ჩვენში და მხოლოდ თავის დროზე აღიგზნებოდეს იგი ცეცხლად - ოღონდ არა - ჩვენს წინააღმდეგ, არა იმისთვის, რომ თავად ჩვენვე გვავნოს რაიმე. ნუთუ ვერ ხედავთ, რომ სახლში ცეცხლს ერთ ადგილას ინახავენ და არა იქ - სადაც მოხვდებათ: არა თავისთან, არა ტანსაცმელთან, რომ ქარის მობერვამ არ ააალოს იგი.
 
როდესაც მოახლე ან მზარეული ცეცხლს ანთებს, ის მკაცრად არის გაფრთხილებული, რომ არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოს ეს ქარში, ხან საგნების სიახლოვეს, ანდა - სიბნელეში. ხოლო, როდესაც დაღამდება, ცეცხლს ვაქრობთ იმის შიშით, რომ ძილის დროს, როდესაც მას არავინ აქცევს ყურადღებას, უეცრად არ აალდეს და ყველაფერი არ გადაწვას. სწორედ ასე უნდა ვექცეოდეთ მრისხანებასაც. დაე, ნუ იქნება იგი ჩვენი ფიქრის მეგზური, არამედ შიგნით ღრმად ჩავიმარხოთ, რომ მოწინააღმდეგის სიტყვისგან ამდგარმა ქარმა არ გააღვივოს. რომ მხოლოდ საკუთარი განზრახვით ვაღვივებდეთ მას და ვაღვივებდეთ დროულად და უსაფრთხოდ.
 
როდესაც ეს ცეცხლი გარედან ინთება, მან ზომა არ იცის და ყველაფრის გადაწვა შეუძლია. ხშირად მისი გაღვივება და ხანძარი ძილის დროსაც კია მოსალოდნელი. დაე, მხოლოდ იმისთვის ვანთებდეთ მას ჩვენში, რომ გაგვინათოს; რადგანაც რისხვის მიერ გამოღებული სინათლე - როდესაც ის დროული და ჯეროვანია - შეგვიძლია მათ წინააღმდეგ გამოვიყენოთ, ვინც სხვებს ჩაგრავს, და ასევე - ეშმაკის წინააღმდეგ. დაე არც ყველგან და არც ყოველთვის არ ღვივდებოდეს ეს ნაპერწკალი, არამედ ჩვენთან, ფერფლის ქვეშ იყოს დაცული. თავმდაბლურ ფიქრებში შევინახოთ იგი. ის ყოველთვის როდი გვჭირდება; არამედ, მხოლოდ მაშინ, როდესაც რაიმე უნდა გამოვასწოროთ და შევარბილოთ; როდესაც სიჯიუტე უნდა დავძლიოთ; ანდა ვიღაცის სული გონს მოვაგოთ.
 
4. რამდენ ბოროტებას შობს აღშფოთება და რისხვა! ყველაზე უარესი ის არის, რომ როდესაც ვინმესთან მტრობა გვაქვს ჩამოგდებული, თავად არ გვინდა შერიგება და მას ველოდებით. ყველას რცხვენია მეორესთან მისვლა და შერიგება. არადა, შეხედე: განშორებასა და ჩხუბს რომ დაუდო სათავე, ამისა არავის რცხვენია, მისვლა და კვლავ ერთად ყოფნა კი სირცხვილად მიაჩნია. ამაზე რას იტყვი, ადამიანო? განა შენ არ აწყენინე სხვას და უდიდესი მტრობა თავად არ ჩამოაგდე? სამართლიანობა განა არ მოითხოვს, რომ თვად მიხვიდე და პირველად შენ შეურიგდე, როგორც ამ მტრობის მიზეზი? მაგრამ, თუკი იმ მეორემ გაგანაწყენა და იმან დაუდო სათავე უთანხმოებას? ამ შემთხვევაშიც შენ გეკუთვნის შერიგების დაწყება, რომ ყველა გააკვირვო, რომ პირველობა მოიპოვო როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში: როგორც მტრობის მიზეზი არ ყოფილხარ, ისევე ნუ იქნები მტრობის გაგრძელების მიზეზი. შესაძლოა, რომ იმანაც იგრძნოს თავისი დანაშაული, შერცხვეს და გონს მოეგოს.
 
მაგრამ რა? ქედმაღალია იგი? მითუმეტეს ნუ აყოვნებ მასთან მისვლას. მას ორმაგი სნეულება სტანჯავს: ამპარტავნება და რისხვა. თავად შენვე ამბობს მიზეზს, რატომ უნდა მიხვიდე თავად პირველი: შენ ჯანმრთელი ხარ, შენ დანახვა შეგიძლია; ის კი წყვდიადშია. სწორედ ასეთები არიან რისხვა და ამპარტავნება. შენ ესენი არ გჭირს: მიდი მასთან, როგორც ექიმი სნეულთან. განა რომელიმე ექიმი იტყვის: ვიღაც ავადაა და ამიტომ მასთან არ მივალო? პირიქით, ექიმები სწორედ მაშინ მიდიან კაცთან, როცა ის ავადაა და თვითონ მათთან მისვლა არ შეუძლია. მათზე, ვისაც თავის ფეხით შეუძლია მისვლა, ისინი ნაკლებს ზრუნავენ, რადგანაც მათი სნეულება ნაკლებად სახიფათოა; მწოლიარეების კი პირიქით, განა ყოველგვარ სნეულებაზე მძიმე არ არის ამპარტავნება და რისხვა? განა მეორე ცხელებას არ ჰგავს, პირველი კი სიმსივნეს? წარმოიდგინე, რამდენად მძიმეა, როდესაც ივნმეს სიმსივნე და ცხელება ერთდროულად სტანჯავს. წადი და ჩააქრე ეს ცეცხლი, ღვთის შეწევნით ამის გაკეთება ნამდვილად შეგიძლია. შეაჩერე ეს სიმსივნე, თითქოს სველ საფენებს უცვლიდე.
 
მაგრამ - იტყვი შენ, - მაშინ რაღა ვქნა, თუ ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად გააამაყებს მასო? შენ ამასთან არაფერი გესაქმება. შენ შენი საქმე გააკეთე და ის კი თავის თავზე აგებს პასუხს. ოღონდაც სინდისი არ გვქენჯნიდეს და არ ვფიქრობდეთ, რომ ეს ყველაფერი იმის გამო მოხდა, რომ ჩვენ რაღც მნიშვნელოვანი გავუშვით ხელიდან. "ამრიგად, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე; თუ მწყურვალია, წყალი ასვი: რადგანაც ამით მოგიზგიზე ნაკვერჩხლებს აგროვებ მის თავზე" (რომ. 12:20). თუმცა, იგი ასეთ შემთხვევაშიც გვავალებს, რომ მივიდეთ, შევურიგდეთ და კეთილი საქმე გავაკეთოთ მტრისთვის. ისე კი არა, რომ თავზე ანთებული ნაკვერჩხლები დავაყაროთ, არამედ, იმგვარად, რომ იგი გამოსწორდეს, რომ მას ქველმოქმედებისა უფრო მეტად ეშინოდეს, ვიდრე მტრობის და - სიყვარულის ამგვარი გამოვლინებისა - უვრო მეტად, ვიდრე - წყენისა.
 
მტრისთვის იმდენად საშიში მტერი კი არ არის, რომელიც რაღაც ბოროტებას უკეთებს, რამდენადაც კეთილისმოქმედი, რომელიც მას სიკეთეს მიაგებს, რადგანაც ავმეხსიერი მასაც და საკუთარ თავსაც ვნებს, ხოლო კეთილისმოქმედი თავზე ანთებულ ნაკვერჩხალს აყრის. ამიტომ - იტყვი შენ, - სიკეთე სწორედ იმის გამო არ უნდა გავუკეთო, რომ ანთებული ნაკვერჩხალი არ დავწვაო. აბა რა, განა საკუთარ თვზე გინდა ამის გამოცდა? ეს გამომდინარეობს სწორედ ავმეხსიერებიდან. და მერე, თუკი ამგვარი მოპყრობით მტრობას კიდევ უფრო გავაძლიერებ? არა! ამაში დამნაშავე შენ არ იქნები, ის იქნება: თუკი იგი მხეცივით იქცევა. თუკი იგი ყველაფერ ამის შემდეგ, რაც შენ სიკეთეს გაუკეთებ მას, პატივსა და შერიგების სურვილს შესთავაზებ, ის კი ჯიუტად განაგრძობს ბრძოლას, გამოდის, რომ თავის თავზე ის კრებს ნაკვერჩხალს, იგი თავად იწვავს თავს, შენ კი ოდნავადაც არ ხარ დამნაშავე.
 
საკუთარ თავს ღმერთზე კაცთმოყვარედ ნუ ჩათვლი, თორემ უამრავი ბოროტი რამ შეგემთხვევა. ანდა უკეთ რომ ვთქვათ: რომც მოინდომო, ამას მაინც ვერ მიაღწევ, და როგორ? "როგორც ცა არის მიწაზე უფრო მაღალი, ასევე ამაღლებულია ჩემი ზრახვები თქვენს ზრახვებთან შედარებით" (ეს. 55:9). და კიდევ: "თუ თქვენ, უკეთურთ, შეგიძლიათ კეთილი საბოძვარი მისცეთ თქვენს შვილებს, რაოდენ უფრო მეტ სიკეთეს მისცემს მამა თქვენი ზეციერი მის მიმართ მთხოვნელთ?" (მთ. 7:11). არა, ეს სიტყვები მიზეზი ვერ იქნება. შეუძლებელია ღვთის მცნებები განსხვავებულად განვმარტოთ. მაშ, როგორ უნდა განვმარტოთო? - იკითხავ შენ. მან თქვა: "... ამით მოგიზგიზე ნაკვერჩხლებს აგროვებ მის თავზე" (რომ. 12:20). შენ კი ამბობ: იმ მტრის გამო ვშიშობ, სასტიკად რომ შეურაცხმყოო. განა ამას არ გულისხმობდი?! მაგრამ რად გაიჩინე მტერი? რატომაა, რომ შეურაცხყოფა გაშინებს, საკუთარ თვზე კი არ სწუხხარ? ჰოი, შენ რომ საკუთარ თავზე ზრუნავდე! ამ მიზნით მტერს სიკეთეს ნუ გაუკეთებ. ანდა უკეთ რომ ვთქვათ, ამი მიზნით მაინც გააკეთე! პავლე ამას იმიტომ გეუბნება, რომ შენ - თუნდაც მტრის დასჯის იმედით - მტრობა შეწყვიტო.
 
ჩვენ ისეთი სასტიკები ვართ, რომ სხვაგვარად მტერთან შერიგებას არ მოვისურვებდით, თუ არა იმის იმედით, რომ ის რამენაირად დაისჯება. სწორედ ამიტომ, სატყუარასავით, როგორც მხეცებს ისე გვაწვდის ამ აზრს. მაგრამ უფალს ეს არ უთქვამს მოციქულებისთვის, არამედ, რაო: "იყავით შვილნი თქვენი ზეციერი მამისა" (მთ. 5:45). მეორე მხრივ შეუძლებელია, რომ ქველისმოქმედი და ამ ქველმოქმედების მიმღები მტრებად დარჩნენ. ამიტომაც გვაძლევს მოციქული ამგვარ მცნებას. რატომ ხდბეა, რომ სიბრძნეს მეტყველებ და საქმით კი არ ასრულებ ნათქვამს?! კარგი, დავუშვათ, რომ შენ არ მიდიხარ მტერთან იმის გამო, რომ მის თავს გავარვარებული ნაკვერჩხლები არ შეიკრიბოს; შესაბამისად რა: შენ ინდობ მას? განა გიყვარს? განა ამ მიზნით უკეთებ სიკეთეს? ღმერთმა იცის, ნამდვილად არის თუ არა შენი მიზანი ის, რასაც სიტყვით ამბობ. იქნებ შენ მზაკვრობ ჩვენს წინაშე და სიტყვებით თამაშობ. შენ მტერზე ზრუნავ? გეშინია, რომ არ დაისაჯოს? შესაბამისად, უკვე ჩაგიხშვია მრისხანება! ვინც განიცდის იმგვარ სიყვარულს, რომ საკუთარ სარგებელს სხვის სასარგებლოდ სწირავს. მასში შეუძლებელია მტრობა არსებობდეს. ასე უნდა გეთქვა შენც! მაგრამ როდემდე უნდა ვიხუმროთ იმ საკითხებზე, რაც ხუმრობასა და მიტევებას არ ექვემდებარება?
 
ამიტომაც გიქადაგებთ თქვენ, ჩვენს საძმოს, ჩვენი მაცხოვრისა და ღმერთის იესუ ქრისტეს მიერ საყვარელნო, გთხოვთ და გევედრებით, თავი ანებეთ მომიზეზებას, საღვთო რჯულის მიმართ უყურადღებობას, მის მცნებებს ნუ ეურჩებით, რათა შევძლოთ, რომ ღვთის საამებლად გავატაროთ ამჟამინდელი ცხოვრება და მივიღოთ აღთქმული სიკეთე. მადლითა და კაცთმოყვარებით მხოლოდშობილისა ძისა მისისათა, რომელსაც მამასთან და სულიწმიდასთან ერთად შვენის დიდება, უფლება და პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
 
 
წყარო: წმ. იოანე ოქროპირი. ჰომილიები. III ტომი. 50-ე ჰომილიიდან "მოციქულთა საქმეებზე". §§ 3, 4. გამომც. "ალილო" // "ქორონიკონი". თბილისი 2015 წ. გვ. 505-510.
Назад к содержимому