განმარტებანი - როგორ მოვერიოთ მრუშობის ვნებას: გვპასუხობენ წმიდა მამები - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
როგორ მოვერიოთ მრუშობის ვნებას: გვპასუხობენ წმიდა მამები
მრუშების დასჯა ჯოჯოხეთში
თანამედროვე საზოგადოება სიძვა-მრუშობის საშინელ ნაკადში ცხოვრობს. არიან დაინტერესებული ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ ეს ვნება ყველა ადამიანის არსებობის ნორმად აქციონ. ამაოდ როდი ამბობდნენ მოსაგრე მამები, რომ სწორედ სიძვა-მრუშობა აძლევს ჯოჯოხეთს მსხვერპლთა ყველაზე უდიდეს რაოდენობას. სწორედ ამ ვნების გამო კარგავენ ადამიანები საკუთარ თავს, საკუთარ პიროვნებას, სულიერ სიწმიდეს და თავმოყვარეობას, რადგან სიყრმიდანვე იცის მართლმადიდებელმა ადამიანმა, რომ ე. წ. "თავისუფალი სექსი" ყველასთვის ცოდვაა და საეკლესიო სამართლის ენაზე მას სიძვა ან მრუშობა ეწოდება.
 
საბედნიეროდ, მრავალი ცდილობს სიძვა-მრუშობის ვნების დაძლევას. მათ დასახმარებლად უნდა მივმართოთ მართლმადიდებლური ეკლესიის უდიდეს საგანძურს - წმიდა მამათა სულიერ გამოცდილებას. მათგან ბევრს საკუთარ თავზე გამოუცდია მრუში აზრები, მაგრამ დაუმარცხებია ისე, რომ არც სული შეუბილწავს ცოდვით და არც სხეული.
 
 
ღირ. ეფრემ ასურელი

ეფრემ ასურელი გვირჩევს ვნებიანი აზრების გაჩენისას გავიხსენოთ საშინელი სამსჯავრო და ცოდვილთა ხვედრი - მარადიული ტანჯვა. ცოდვას ერთხელ მაინც თუ გავამარჯვებინებთ, შევეჩვევით და მასზე დამოკიდებულნი გავხდებით. მართალია, შეიძლება სწრაფად შეინანო ეს ცოდვა, მაგრამ სინდისი მაინც დაგტანჯავს. გარეგნულად ეს არ გამოვლინდება, ადამიანი ყოველთვის მხიარული და მშვიდი იქნება, მაგრამ სული უკვე ვეღარ იქნება ადრინდელივით წმიდა, რადგან ყოველთვის გაიხსენებს ჩადენილ ცოდვას. ამიტომაც, ღირსი მამა გვირჩევს მკაცრად მოვეპყრათ სიძვა-მრუშობის ყოველგვარ მოსურვებას და იოტისოდენა შანსიც კი არ მივცეთ მას ადგილი მოიპოვოს ჩვენში. სულიერი სატანჯველების ხსოვნა და საკუთარ გულში ღმრთის მარადიული დამკვიდრება - აი მეთოდი, რომელიც არ გაამარჯვებინებს ცოდვას.
 
 
ღირ. იოანე კასიანე
 
იოანე კასიანე ამბობდა, რომ მრუშობის ვნება ორმაგია, რადგან ის აღიძვრის როგორც სულში, ასევე სხეულში და ადამიანს ყოველმხრივ უტევს. ამიტომ მასთან ბრძოლაც ორმაგი უნდა იყოს. ეს ორპირალესული მახვილი კი გახლავთ მარხვა და ლოცვა. გარდა ამისა, საჭიროა წმიდა სახარების ხშირი კითხვა, ფიზიკური შრომა და საკუთარი თავის დასაქმება. განსაკუთრებით კი - მორჩილება, რათა არანაირი შესაძლებლობა არ მივცეთ ამპარტავნებას დაეუფლოს ჩვენს სულს.
 
 
იოანე კიბისაღმწერელი
 
წმიდა იოანე კიბისაღმწერელი საკმაოდ ხატოვნად აღწერს მრუშობის ვნებასთან ბრძოლას:
 
ვინც მრუშობისგან მხოლოდ თავშეკავებას ცდილობს, დინების საწინააღმდეგოდ ცალი ხელით მოცურავე ადამიანს წააგავს;
 
ვინც ფიზიკურად შრომობს, ოფლად იღვრება და ვნებას ებრძვის, წააგავს იმ კაცს, რომელმაც მტერი მსუბუქად შეჰკრა;
 
ვინც ვნებას თავშეკავებითა და მუდმივი მღვიძარებით ებრძვის ისე, რომ გასაქანს არ აძლევს თავის აზრებს, იმ ადამიანს ემსგავსება, რომელმაც მტერი ბორკილებით შეკრა;
 
ვინც აღიჭურვება ღმრთისმოშიშებით, მორჩილებით, თავმდაბლობითა და ცხონების წყურვილით, წააგავს ადამიანს, რომელმაც მოკლა მტერი და ქვიშაში ჩამარხა.
 
ამრიგად, მრუშ ვნებებთან და აზრებთან ბრძოლა მარტო ხორციელი მეთოდებით როდი უნდა წარმოებდეს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, სულიერი ძალისხმევით.
 
 
წმ. ნილოს სინელი
 
საყურადღებოა წმ. ნილოს სინელის რჩევაც: როგორც სვეტები დგანან საძირკველზე, მრუშობასაც თავისი საძირკველი გააჩნია და ეს - ნაყროვანება გახლავთ. სწორედ ნაყროვანება იწვევს თანამედროვე ადამიანებში უმეტესი სიამოვნების განცდის მოსურვებას; სწორედ ნაყროვანების შედეგად არ იკლებენ ისინი არანაირ სიამოვნებას, და არაფერში ზღუდავენ საკუთარ თავს.
 
ნაყროვანებისგან გათავისუფლება, ღარიბებზე და უძლურებზე ზრუნვა - აი კიდევ ერთი მეთოდი, თუ როგორ შეიძლება დავამარცხოთ მრუშობის ვნება. სიკეთის ქმნა და სხვათა გაჭირვების გაზიარება, მოყვასის ტანჯვის დანახვა და მისი შემსუბუქება - აი მეთოდი დაივიწყო ყოველგვარი ვნება.
 
 
წმ. ბასილი დიდი
 
ჩვენი ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი მამა, ღვთისმეტყველი და მწერალი, წმიდა ბასილი დიდი ქალებს ურჩევს, ფრთხილად იყვნენ თავიანთ მოსურვებაში მოსწონდეთ ირგვლივ მყოფთ: "ქალი, რომელიც თავს იმშვენებს მამაკაცთა სურვილებისა და ყურადღების აღსაძვრელად, ხორციელ კავშირშიც რომ არ შედიოდეს მათთან, უკვე ეძლევა მრუშობას თავის გულში".
 
რაოდენ მნიშვნელოვანია ეს დღევანდელი გოგონებისთვის, რომლებიც უფრო გახდას ელტვიან, ვიდრე ჩაცმას, რათა ირგვლივ მყოფებში გამოიწვიონ სასურველი აღტყინება. არადა ამ საქციელისთვის მათ პასუხისგება მოუწევთ საშინელ სამსჯავროზე, თანაც არა მარტო საკუთარი ცოდვისთვის, არამედ იმ ადამიანთა ცოდვებისთვისაც, რომლებშიც სიძვა-მრუშობის სურვილი გამოიწვიეს და ცოდვის ჩადენისკენ უბიძგეს. განა მართლა საშინელება არ არის ეს ყოველივე?
 
 
დასკვნა
 
ამრიგად, მართლმადიდებლური ეკლესიის მამათა რჩევებიდან, შეიგვიძლია გავიგოთ, რომ სიძვა-მრუშობის ცოდვასთან ბრძოლა უნდა წარმოებდეს თავშეკავების, თავმდაბლობის, თავდაჭერილობის, მორიდებულობის, მორჩილების, ლოცვისა და მარხვის გზით. საჭიროა მრავალი შრომა და ღვაწლი, საკუთარ თავზე მუშაობა, რათა სრულიად აღიხოცოს მრუში აზრები კაცის ცხოვრებიდან.
 
ხოლო მათ, ვინც უკვე ჩაიდინა ეს ცოდვა, უნდა შეინანონ იგი და ხანგრძლივი დროის განმავლობაში იდგნენ შეტირილში, რათა სული სირცხვილისა და სიბინძურისგან განწმინდონ, რომელიც მათში უძლურ ადამიანთა ხორციელმა ვნებებმა შემოიტანეს.

წყარო: omolitvah.ru
Назад к содержимому