განმარტებანი - რით განსხვავდება მეფე სოლომონის სიბრძნე ქრისტიანული თავმდაბლობისა და მორჩილებისგან? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
რით განსხვავდება მეფე სოლომონის სიბრძნე
 
ქრისტიანული თავმდაბლობისა და მორჩილებისგან?
მეფე სოლომონი და ორი დედაკაცი
როგორც ვიცით, სიცოცხლის ბოლოს მეფე სოლომონმა მძიმედ შესცოდა, რადგან ღმრთის პირველი მცნება დაარღვია: მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტელთა ქვეყნიდან, მონობის სახლიდან.  არ გაიჩინოთ ჩემს გარდა სხვა ღმერთები (გამ. 20:2-3).
 
ისრაელის მმართველობის დაწყებამდე მან ღმერთს სიბრძნე სთხოვა და მიიღო ეს ნიჭი, ვინაიდან გახდა უბრძენესი ადამიანი მთელ დედამიწაზე.
 
ეს დადასტურებული იყო არა მარტო ებრაელი ხალხის მიერ, არამედ სხვა ხალხთა წარმომადგენლების მიერაც, როგორიც იყო, მაგალითად, საბიელი დედოფალი (3 მეფ. 1:1).
 
მართალია, სოლომონმა მიიღო სიბრძნის ნიჭი, ბრძნულად განაგებდა და სჯიდა კიდევაც ხალხს, დაწერა ბრძნული იგავები და სხვა წიგნები, მაგრამ ვერ შეძლო ბრძნულად განეგო თავისი პირადი ცხოვრება.
 
როგორც სტატიის დასაწყისში ითქვა, მან შესცოდა და თანაც შეგნებულად შესცოდა სიბრძნის წინააღმდეგ.
 
სიცოცხლის ბოლოს მან მოიწყო უზარმაზარი ჰარემი - 700 ცოლი და 300 ხარჭა.
 
მაგრამ უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია არა რაოდენობას, არამედ იმას, რომ ის ქალებს ირჩევდა იმ ხალხებიდან, რომელთაგან ებრაელებს ცოლების შერთვა ღმრთის სჯულით აკრძალული ჰქონდათ.
 
როგორც ღმრთითრჩეული ადამიანისთვის, სოლომონისთვის ეს აკრძალვა კარად იყო ცნობილი და მან მაინც დაარღვია იგი. ვნებითი ლტოლვა სილამაზისადმი, უჩვეულოსადმი, ეფექტური ქალებისადმი საბოლოოდ სოლომონი ცოდვამდე მიიყვანა.
 
ისევ იგივე დილემა!
 
ადამიანს მიეცა თავისუფლება და როგორ განაგებს ის ღმრთის ნიჭებს, მხოლოდ მასზეა დამოკიდებული.
 
ნებისმიერი ნიჭი, შემოქმედებითი ტალანტებიდან სულიწმიდის ნიჭებამდე, არ გვაძლევენ ცხონების უეჭველობის პირობას. თვით რაიმე ნიჭის არსებობა და ფლობა არ წარმოადგენს დიდებისა და პატივისცემის გარანტიას.
 
დავუშვათ, ადამიანს ღმრთისგან მიეცა მუსიკალური ტალანტი ან ნიჭი მოძღვრობისა... მხოლოდ მასზეა დამოკიდებულია, შეძლებს თუ არა ის მის განვითარებას. რას გააკეთებს იგი? იმუშავებს საკუთარ თავზე ამ მიმართულებით? სოლომონმა ბოლომდე ვერ გაუძლო ამ გამოცდას და სწორად ვერ გამოიყენა მისთვის ღმრთისგან ბოძებული ნიჭი.



სოლომონის სამსჯავრო (3 მეფ. 3:16-28)

 
მეფეთა მესამე წიგნი ღიად არ გვეუბნება, თუ როგორი შინაგანი ცვლილებები მოხდა ისრაელის მეფეში, მაგრამ სავარაუდოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი დაცემის ძირითადი მიზეზი - ეს სიამაყეა, განდიდების მანიაა, ან როგორც დღეს ამბობენ - "ვარსკვლავური ავადმყოფობაა".
 
ღმრთის ნებისმიერი ნიჭის "წყალქვეშა ქვები" იმაშია, რომ ის ადამიანს გამოყოფს სხვა ადამიანთაგან. ასეთი პიროვნება სხვებს არ ჰგავს და განსაკუთრებულია. ამიტომ ის უფრო იოლად შეიძლება ჩავარდეს სიამაყესა და ამპარტავნებაში, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანი.
 
სიამაყე კი ფიტავს ადამიანს, ის კარგავს მადლს და ხდება უძლური, რა დროიდანაც ღიაა ბნელ ძალთა ზემოქმედებისთვის. ქედმაღალთ მუსრავს ღმერთი, მდაბალთ კი მადლით მოსავს (იაკობი 4:6).
 
ადამიანი თუ ვერ ამჩნევს სიამაყის გამოვლინებებს და არ ებრძვის მას, შედეგი სოლომონისეული იქნება:

დაივიწყებს ღმერთს;

უარყოფს მის მცნებებს;

დაებინდება გონება;

სულიერად დაბრმავდება;
 
ის, რაც ადამიანისთვის იყო ცხადი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, მძიმე და აუტანელი ხდება. ის, რომ ღმრთისა გვწამს, გვახსოვს იგი, ვლოცულობთ მის მიმართ, ვმარხულობთ, დავდივართ ტაძარში... - ეს ყველაფერი მარტო ჩვენი სურვილი და თავისუფალი არჩევანი როდია, არამედ ღმრთის მადლის მოქმედებაც. ხოლო როდესაც დავიწყებთ ნებისმიერი დამსახურების საკუთარი თავისადმი მიწერას და დავივიწყებთ ქრისტეს მცნებას:
 
როცა აღასრულებთ ყველაფერს, რაც ნაბრძანები გქონდათ, თქვით: უვარგისი მონები ვართ, ვინაიდან ვქენით ის, რაც უნდა გვექნა (ლუკა 17:10).
 
მაშინ დიდ წარმოდგენას შევიქმნით საკუთარ თავზე და საკუთარ თვალში გავმედიდურდებით. ამის შედეგად, დავკარგავთ მადლს და სულიერ მკვდრებად გადავიქცევით.
 
ადამიანებს სხვადასხვა უძლურება იმიტომ ეგზავნებათ, რომ არ გამედიდურდნენ, რათა შეიგნონ, რომ მათში არსებული ძალა - ღმრთის ნიჭია. სწორედ ამიტომ გაეცხადა ეს მოციქულ პავლეს, რადგან ის წერს: უფალმა მომიგო: "შენთვის საკმარისია ჩემი მადლიც, რადგანაც ჩემი ძალა უფრო სრულად ვლინდება უძლურებაში“. ამიტომაც მეტი ხალისით დავიქადი ჩემს უძლურებას, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში (2 კორინთ. 12:9).
 
მოციქულისთვის დატოვებული უძლურება გახლდათ შეხსენება მისთვის, რომ ის არის თიხის ჭურჭელი, ფაქიზი და არასრულყოფილი. და რომ ყველაფერი, რაც კი მას გააჩნია - ღმრთის ნიჭია.
 
ვნებით დაბრმავებულმა სოლომონმა კი ამის შესახებ დაივიწყა.
 
ასე რომ, სიბრძნე, მის მთელი სასურველი მიმზიდველობისდა მიუხედავად, ადამიანისთვის, სინამდვილეში, სულაც არ არის უპირობო სიკეთე.



მეფე სოლომონი და საბიელი დედოფალი (3 მეფ. 1:1)

 
თავისი სიცოცხლის მიწურულს, სოლომონმა შეინანა და თქვა: როცა დიდია სიბრძნე, დარდიც დიდია; მრავლის შეცნობა ადამიანს წუხილს უმრავლებს (ეკლ. 1:18).
 
მოციქული პავლე უფრო კონკრეტულად ბრძანებს: ცოდნა აამპარტავნებს, სიყვარული კი აშენებს კაცს (1 კორინთ. 8:1).
 
მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდა მამები არასოდეს მსჯელობდნენ სიბრძნეზე, მაგრამ აქებდნენ თავმდაბლობას, ანუ სიბრძნეს, რომელიც გაჯერებულია თავმდაბლობით.
 
ჭეშმარიტად, ადამიანი მხოლოდ მაშინაა ბრძენი, როდესაც მან ღმრთის წინაშე ქედი მოიდრიკა. საკუთარი არარაობის, უძლურების, სიღატაკის, სიბრმავის და სიშიშვლის შეგნება - ადამიანს ბრძენად შეიქს.
 
ამიტომაც ბრძანებს ქრისტე: ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი (მათე 5:3).
 
არსებითად, სულიერი სიღატაკე ადამიანს შეუდარებლად მეტს აძლევს, ვიდრე ამქვეყნიური სიბრძნე, განათლება და სამეცნიერო ხარისხი, - ის შემძლეს ხდის ადამიანს მიიღოს მადლი ღმრთისა.
 
ხოლო თუ ადამიანში ღმერთი თავისი მადლით მყოფობს, განა ასეთი ადამიანი ბრძენი არ არის?
 
სხვა ვინ გაეშურა მთელი დედამიწის კუთხეებისკენ თავისი მადლმოსილი ქადაგებებით, თუ არა უწიგნური მეთევზეები, რომელთა წინაშე უძლურნი იყვნენ იმ ეპოქის ბრძენკაცები?!
 
რადგანაც სიშლეგე ღვთისა კაცთა სიბრძნეზე უფრო ბრძნულია, და უძლურება ღვთისა - კაცთა ძლიერებაზე უფრო ძლიერი (1 კორინთ. 1:25).
 
ქრისტეს შობის შემდგომდროინდელ ეპოქებში, არსებობს უამრავი ფაქტი, როდესაც მარტივი ადამიანები, გაუნათლებელნი, მაგრამ ღმრთის მადლით სავსენი, აღასრულებდნენ იმას, რაც ვერ ხელეწიფებოდა ამა ქვეყნის ბრძენკაცთ.
 
ამრიგად, როგორც მეფეთა მე-3 წიგნი მოწმობს, უკეთურებას სჩადიოდა სოლომონი უფლის თვალში და ისე არ ერთგულებდა უფალს, როგორც მამამისი დავითი (3 მეფ. 11:6). მიდრიკეს მისი გული ცოლებმა (3 მეფ. 11:3) და დაიწყო თავისი უცხოტომელი ცოლების ნების აღსრულება.
 
საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ თავისი ცოლების სურვილით აუგო სოლომონმა სამსხვერპლო ქამოშს, მოაბის საბილწეს, მთაზე, იერუსალიმის პირდაპირ, და მოლოქს, ყამონიანთა სიბილწეს (3 მეფ. 11:7).
 
მომავალში ამ კერპთა გამო ისრაელის მიწაზე დიდძალი სისხლი დაიღვრება.
 
და აი, დედამიწაზე უბრძენესმა მეფემ, სოლომონმა, წმიდა ქალაქ იერუსალიმში პირველად ააგო კერპთა სამსხვერპლო. ასეთ გონებადაბინდულობამდე შეიძლება მივიდეთ თვით უბრძენესი ადამიანის ცკი, თუკი ის პატივს არ მიაგებს ღმერთს და მის მცნებებს არ დაიცავს.
 
დაუმორჩილებლობა და საკუთარ გონიერებაზე დაიმედება, ადამიანს უგუნურს შექმნის. წინასწარმეტყველმა სამუელმა ძალზედ მნიშვნელოვანი სიტყვები უთხრა უარყოფილ მეფე საულს: განა ისევე ეამება უფალს აღსავლენი მსხვერპლი და საკლავები, როგორც მოსმენა უფლის სიტყვისა? მოსმენა უკეთესია საკლავზე, მორჩილება - ცხვრების ლურთებზე (1 მეფ. 15:22).
 
ღმრთის ნებისმიერი ნიჭი, იქნება ეს სიბრძნე თუ განსწავლულობა..., მხოლოდ მაშინ იქნება სასიკეთო, როდესაც მათი მფლობელი ღმრთის მცნებებს დაიცავს.
 
სხვა შემთხვევაში, ადამიანი ნიჭს დაკარგავს და მისგან არანაირი სარგებლობა არ ექნება.
 
ამიტომაც ჭეშმარიტი სიბრძნე ღმრთისადმი მორჩილებით იძენს თავის ძლიერებას.
 
ჩვენთვის, ქრისტიანთათვის სანიმუშოა იესუ ქრისტე, რომელიც არასოდეს ავლენს თავის სიბრძნეს უადგილოდ, მაჩვენებლურად, არამედ ამას დაფარულად იქმს, თავშეკავებით, ხშირად იგავურად და კითხვა-მიგებით, როდესაც მას ფარისევლები და მწიგნობრები გამოცდიან.
 
დაჰფარა რა თავისი სიბრძნე, ქრისტემ ადამიანებს აჩვენა სხვა გზა, რომელზე შედგომილი არასოდეს დაეცემა.
 
ამის შესახებ მოციქულმა პავლემ ასე ბრძანა: თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე. ამიტომაც აღამაღლა იგი ღმერთმა და ყველა სახელზე უზენაესი სახელი მისცა (ფლპ. 2:8-9).
 
ამას გვასწავლის ძველი და ახალი აღთქმის ბიბლიური ისტორია და ჩვენი უფალი იესუ ქრისტე თავის სახარებაში.
 
მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით.

საიტი "აპოკალიფსისი". 2022 წ. ნოემბერი.
Назад к содержимому