Перейти к контенту

განმარტებანი - როგორ დაისჯებიან მკრეხელები? - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
სწავლანი > განმარტებანი
წმინდა იოანე ოქროპირი
 
როგორ დაისჯებიან მკრეხელები
 
(მატყუარები, ეკლესიის მძარცველები, ფიცის გამტეხები, ცრუდ მოფიცარნი, და სხვები)
წმ. მღვდელმოწამე პიონიუს სმირნელი
წყარო: წმ. იოანე ოქროპირის მე-12 ჰომილიიდან "მოციქულთა საქმეებზე".
 
 
"ერთმა კაცმა, სახელად ანანიამ, თავის ცოლთან - საფირასთან ერთად გაყიდა ყანა, ცოლის თანხმობით, დამალა ფასი, მხოლოდ ნაწილი მიიტანა და მოციქულებს ფერხთით დაუდო.
 
მაგრამ პეტრემ თქვა: ანანია, რატომ აღავსო სატანამ შენი გული, რომ გეცრუა სული წმიდის მიმართ და დაგემალა ყანის ფასი? განა შენი არ იყო, სანამდის გქონდა, და რაც გაყიდვით აიღე, განა შენვე არ გეპყრა ხელთ? მაშ, რაღად ჩაიდე გულში ეს საქმე? ხალხს კი არ ეცრუე, არამედ ღმერთს.
 
ამის გამგონე ანანია დაეცა და სული განუტევა, და ვინც ეს მოისმინა, თავზარი დაეცა ყველას. წამოდგნენ ჭაბუკები, შემოსეს იგი, წაიღეს და დამარხეს.
 
სამიოდე საათის შემდეგ მოვიდა მისი ცოლი, რომელმაც არ იცოდა, რა მოხდა. ჰკითხა მას პეტრემ: მითხარი, ამდენად გაყიდეთ ყანა? ხოლო მან თქვა: დიახ, მაგდენად.
 
უთხრა მას პეტრემ: ხომ არ შეითქვით, რომ უფლის სული გამოგეცადათ? აჰა, უკვე კარს მოადგნენ შენი ქმრის მესაფლავენი და შენც წაგასვენებენ.
 
მაშინვე მის ფეხებთან დაეცა იგი და სული განუტევა. შემოვიდნენ ჭაბუკები და მკვდარი რომ ნახეს, წაიღეს და ქმრის გვერდით დამარხეს. თავზარი დაეცა მთელ ეკლესიას და ყველას, ვინც მოისმინა ეს" (საქმე. 5:1-11).
 
2. ნურავინ ცდუნდება იმის გამო, რომ ზოგიერთები დღესაც მკრეხელობენ. თუკი მკრეხელები მაშინ (მოციქულთა დროს - "აპოკ." რედ.) იყვნენ, მით უმეტეს - დღეს, როცა ამდენი ბოროტებაა. ვამხილოთ ისინი ყველას წინაშე, რომ სხვებსაც ეშინოდეთ. იუდა მკრეხელი იყო, მაგრამ ამან ვერ აცდუნა მოწაფეები. ხედავ, რამდენ ბოროტებას წარმოშობს ფულისადმი ლტოლვა?
 
"თავზარი დაეცა მთელ ეკლესიას და ყველას, ვინც მოისმინა ეს" . ის დაისაჯა, ხოლო სხვებმა სარგებელი მიიღეს. მაშ, ეს უმიზნოდ არ მომხდარა; მართალია, სხვა სასწაულებიც მოხდა, მაგრამ ასეთი შიში ჯერ არ ყოფილა. ჭეშმარიტი ნათქვამია: "განცხადებულ არს უფალი ყოფად სასჯელისა" (ფსალმ. 9:17). ასე მოხდა კიდობნის შემთხვევაშიც: ყუზა დაისაჯა, სხვებს კი შიშის ზარი დაეცათ. იქ შეშინებულმა მეფემ არ ინდომა კიდობნის ქალაქში შეტანა; აქ კი ესენი უფრო ყურადღებიანები ხდებიან. ნახე: პეტრე არ უხმობდა საფირას, არამედ ელოდა, სანამ თვითონვე მოვიდოდა; ვერც სხვებმა გაბედეს მოეყოლათ, რაც მოხდა. ეს მასწავლებლის მიმართ მოწაფეების შიში, მოწიწება და მორჩილებაა.
 
"სამიოდე საათის შემდეგ მოვიდა..." და ცოლს არ გაუგია, არც დამსწრეთაგან უთქვამს ვინმეს, თუმცა საკმაო დრო გავიდა, ხმა რომ გამოსულიყო. მაგრამ ისინი შეშინებულები იყვნენ. მწერალიც ამას ამბობს გაკვირვებით, რომ "მოვიდა მისი ცოლი, რომელმაც არ იცოდა, რა მოხდა". ქალი მარტო ამით უნდა მიმხვდარიყო, მოციქულმა მათი დაფარული განზრახვა რომ იცოდა: არავისთვის უკითხავს და შენ რატომ გეკითხება? იმიტომ ხომ არა, რომ იცის? მაგრამ უკიდურესმა სიბრმავემ ქალი სასჯელს ვერ ააცდინა, ის პასუხობდა თამამად, ეგონა, უბრალო ადამიანს ელაპარაკებოდა.
 
მნიშვნელოვანია, რომ ისინი ცოდვით დაეცნენ ერთი განზრახვითა და გარკვეული შეთანხმებით. "ხომ არ შეითქვით, ამბობს ის, რომ უფლის სული გამოგეცადათ? აჰა, უკვე კარს მოადგნენ შენი ქმრის მესაფლავენი და შენც წაგასვენებენ". მოციქული თავიდან მას შთააგონებს, რომ შესცოდა, შემდეგ კი უჩვენებს, რომ სამართლიანად გაიზიარებს თავისი ქმრის ხვედრს, ვინაიდან იმავე ცოდვით შესცოდა.
 
მაინც როგორ მოხდა, რომ "მაშინვე მის ფეხებთან დაეცა იგი და სული განუტევა"? - იკითხავ შენ. იმიტომ, რომ ახლოს იდგა. ამგვარად, თავად დაიტეხეს თავს სასჯელი. ვინ არ შეძრწუნდებოდა? ვის არ შეეშინდებოდა მოციქულისა? ვინ არ გაოცდებოდა? "ყველანი ერთად იყვნენ სოლომონის ბჭესთან" (საქმე 5:12), - ამბობს იგი. აქედან ის ჩანს, რომ ისინი სახლში კი არ იმყოფებოდნენ, არამედ ტაძარში; აგრეთვე ისიც, რომ აღარ ერიდებოდნენ არაწმინდას შეხებოდნენ, მკვდრებს უბრალოდ ეხებოდნენ. დაუკვირდი, როგორ სიმკაცრეს იჩენდნენ თავისიანების მიმართ, ხოლო სხვათა მიმართ არ იყენებდნენ ამ ძალაუფლებას. "და სულ უფრო მეტი მორწმუნე ემატებოდა უფალს, სიმრავლე კაცთა და ქალთა. ასე რომ, ქუჩაში გამოჰყავდათ სნეულნი და საკაცეებსა და სარეცლებზე აწვენდნენ, რათა ჩავლილი პეტრეს ჩრდილი მაინც დაჰფენოდა მათ" (საქმე. 5:14-15).
 
3. დიდია მათთან მოსულთა რწმენა, უფრო დიდიც კი, ვიდრე ქრისტეს დროს იყო! ასე რატომ მოხდა? იმიტომ, რომ ქრისტემ წინასწარ გვამცნო: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც მე ვწამვარ, საქმეს, რომელსაც მე ვაკეთებ, თვითონაც გააკეთებს, და მეტსაც გააკეთებს... " (ინ. 14:12). ისინი იქ იდგნენ, ქალაქებსა და სოფლებში არ დადიოდნენ, ავადმყოფები მათთან საწოლებითა და საკაცეებით მოჰყავდათ და ყველას შეეხო მათგან მოხდენილი სასწაულები: მოქცეულებს, განკურნებულებს, დასჯილებს, სასწაული თავს იჩენდა მათ გაბედულებაში ებრაელთა მიმართ, იმათ სათნოებებში, ვინც ღრმად ირწმუნეს, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ სასწაულების ძალით არ ხდებოდა.
 
მართალია, თავმდაბლობის გამო ამბობენ, რომ ამას ქრისტეს სახელით ახდენენ, მაგრამ ისინი თავიანთი ცხოვრებითა და სათნოებებით თანამონაწილეები იყვნენ ამ სასწაულებისა. ნახე: მწერალი აქ არ ასახელებს მოქცეულთა რიცხვს, ამის წარმოდგენას მსმენელს მიანდობს; მორწმუნეთა რაოდენობამ უთვალავს მიაღწია და ქრისტეს აღდგომის ხარება კიდევ უფრო გავრცელდა. "დანარჩენთაგან ვერავინ ბედავდა მათ გაკარებას, ხალხი კი აქებდა მათ" (საქმე. 5:13). ამით იმას გამოხატავს, რომ ისინი უკვე აღარ სძულდათ, რომ მოკლე ხანში, ერთ წამში, მებადურისა და უბრალო კაცის მიერ ასე ბევრი აღსრულდა.
 
ამგვარად, მიწა ცად იქცა მათი ცხოვრებით, გაბედულებით, სასწაულებით და ყველაფრით; ისინი, როგორც ანგელოზები, განცივფრებას იწვევდნენ, რადგან ოდნავადაც არ დაგიდევდნენ არც დაცინვას, არც მუქარას, არც საფრთხეებს. აგრეთვე იმიტომაც, რომ, როგორც კაცთმოყვარეებსა და მზრუვნელებს შეჰფერით, ადამიანებს შველოდნენ, ვის - ფულით, ვის - სხეულის განკურნებით.
 
"რატომ აღავსო სატანამ შენი გული, რომ გეცრუა სული წმიდის მიმართ"? პეტრე თითქოს თავს იმართლებს, როცა მის დასჯას იწყებს და ამასთანავე სხვებსაც შეაგონებს. ვინაიდან დანაშაული ძალიან მძიმე იყო, იგი საშინლად სჯის მასაც და მის ცოლსაც. ორივე რომ არ დაესაჯა, უპატიებელი ცოდვის ჩამდენები, საღმრთო საქმეების მიმართ მოურიდებლობას დაედებოდა სათავე. ასე, სწორედ ამიტომ რომ მოიქცა, იქიდან ჩანს, რომ მაშინვე კი არ დასაჯა ისინი, არამედ ჯერ მათი ცოდვა გამოააშკარავა. ამიტომაც არავის უტირია, არავის დაუწყია მოთქმა, არამედ ყველანი შეძრწუნდნენ.
 
გასაკვირი არ არის, რომ სარწმუნოების გავრცელების პერიოდში სასწაულებიც მეტი იყო და თავისიანებს შორის დანერგილთა შიშიც, რადგან ისე არ გვაღელვებს გარეშე, როგორც - შინაური. ამგვარად, თუკი ჩვენც გავერთიანდებით, ვერავინ აგვიმხედრდება; ხოლო თუ დავიქსაქსებით, მაშინ, პირიქით, თავდასხმებს გაგვიხშირებენ. ისინი ამით მაგრობდნენ, სავაჭროებში მტრებს შორის გაბედულად გამოდიოდნენ და იმარჯვებდნენ; და აღესრულებოდა ნათქვამი: "უფლებდე შორის მტერთა შენთა" (ფსალმ. 109:2); მათ დიდ ძალას ის ამტკიცებდა, რომ სასწაულებს შეპყრობილები და შეკრულები ახდენდნენ.
 
ამგვარად, თუკი ტყუილის მთქმელები ასე დაისაჯნენ, მაშ როგორღა დაისჯებიან ფიცის გამტეხები? უკეთ რომ ვთქვათ, თუკი ქალი, რომელმაც თქვა: "დიახ, მაგდენად" (საქმე 5:8), ასე დაისაჯა, ვერ გაექცა სასჯელს, მაშინ წარმოიდგინეთ, როგორი სასჯელის ღირსი ხართ თქვენ, ვინც იფიცებთ და არ ასრულებთ ფიცს? დროული იქნება ძველი აღთღქმიდანაც მოვიტანოთ ფიცის გატეხვის მძიმე დანაშაულის მაგალითი: "აჰა, აფრიალებული გრაგნილი, ამბობს წინასწარმეტყველი, - სიგანით - ათი წყრთა" (ზაქ. 5:1-2). გამოთქმა "აფრიალებული" გამოხატავს სასჯელის მეყსეულობას, რომელიც ფიცს მოსდევს; ხოლო "სიგანით - ათი წყრთა" და "სიგრძით - ოცი წყრთა" ნიშნავს ბოროტების სიმძიმესა და სიდიდეს; ცაში აფრიალებული ნიშნავს უზენაეს სამსჯავროს; ხოლო ნამგლის ფორმა რომ ჰქონდა, ნიშნავს სასჯელის გარდაუვალობას. როგორც კისერში ჩარჭობილი ნამგლის მოცილებაა შეუძლებელი, თუ თავს არ მოკვეთენ და მასთან ერთად არ მოაცილებენ, ასევე სასჯელიც, რომელიც ეწევა მოფიცარს, საშინელია და მანამ არ დაიხევს უკან, სანამ თავისას არ იზამს.
 
თუკი ჩვენ დაგვიფიცია და ამას სასჯელი არ მოჰყოლია, ამის იმედად ნუ ვიქნებით; მით უარესი ჩვენთვის. რას ფიქრობთ? რომ ანანიას და საფირას შემდეგ მრავალნი ბედავდნენ იმავეს და მათსავით არ დასჯილან? რატომ არ დაისაჯნენო - იკითხავთ. არა იმიტომ, რომ ეპატიათ, არამედ იმიტომ, რომ უფრო დიდი სასჯელი ელით.
 
4. ამგვარად, ვინც ბევრს სცოდავს, მეტი შიში და ძრწოლა მართებს, როცა არ ისჯებიან, ვიდრე მაშინ, როცა ისჯებიან, იმიტომ, რომ მათი სასჯელი იზრდება დაუსჯელობითა და ღვთის ხანგრძლივი მოთმინებით. ამიტომ იმას კი ნუ შევხედავთ, რომ არ ვისჯებით, არამედ იმას მივაქციოთ ყურადღება, შევცოდეთ თუ არა? თუ ვცოდავთ და არ ვისჯებით, მეტად უნდა ვძრწოდეთ.
 
მითხარი, მონა რომ გყოლოდა, რომ დამუქრებოდი მხოლოდ და არ გეცემა, როდის უფრო მეტად შეეშინდებოდა, როდის დააპირებდა გაქცევას? ხომ მაშინ, როცა დაემუქრებოდი? ჩვენც იმიტომ გარიგებთ, ერთმანეთს მუდმივად არ ემუქრებოდეთ, ერთმანეთს გულები შიშით რომ არ შეუშფოთოთ, იარებზე უფრო მეტად არ დატანჯოთ. ერთ შემთხვევაში სასჯელი დროებითია, მეორეში - სამუდამო. ამიტომ, თუკი ამ გრაგნილით ახლა არავინ იტანჯება, ამას ნუ უყურებ, იმას დაუკვირდი, ხდება თუ არა ასეთი ამბები? ახლაც ბევრი რამე ხდება ისეთი, რაც წარღვნის დროს ხდებოდა; მაგრამ წარღვნა არ მოსდევს, იმიტომ, რომ არსებობს გეენა და ტანჯვა. ბევრნი სცოდავენ სოდომელთა მსგავსად, მაგრამ ცეცხლოვანი წვიმა თავს არ ატყდებათ, რადგან ცეცხლოვანი მდინარე ელით. ბევრმა გაბედა ექნა ის, რაც ფარაონმა ქნა, მაგრამ მისი ხვედრი არ გაიზიარეს, არ შთანთქმულან მეწამულ ზღვაში, რადგან მათთვის უფსკრულია გამზადებული, სადაც სასჯელს გრძნობის დაკარგვა არ ახლავს და არ ბოლოვდება სიკვდილით, არამედ სადაც დაიტანჯებიან კიდევ და კიდევ, დაიწვებიან და დაიხრჩობიან.
 
ბევრმა გაბედა ებრაელთა მსგავსად შეეცოდა, მაგრამ გველებს არ დაუგესლავთ, რადგან მატლით დაუსრულებელი გვემა ელით. ბევრმა გაბედა ექნა ის, რაც გეხაზმა ჩაიდინა, მაგრამ კეთრი არ შეჰყრიათ, რადგან კეთრის ნაცვლად შუაზე გაკვეთა და ფარისეველთა ხვედრის გაზიარება ელით (მთ. 24:51).
 
მრავალნი ფიცულობდნენ და არღვევდნენ ფიცს, მაგრამ, თუ გაექცნენ სასჯელს, ამას ნუ მივენდობით, რადგან მათ ელით კბილთა ღრჭენა. შესაძლოა, ვერც აქ გაექცნენ სასჯელს, თუ მაშინვე არა, სხვა ცოდვებთან ერთად, ისე, რომ სასჯელი უფრო მძიმე იქნება. ჩვენც ხომ ხშირად მცირე გადაცდომები მიზეზად გვექცევა ხოლმე, დიდი დანაშაულისთვის ბოლომდე რომ მივუზღათ.
 
მაშ, თუკი რამე შეგემთხვევა, ეს ცოდვა გაიხსენე. ზუსტად ასე დაემართათ იაკობის ძეებს. გახსოვდეთ იოსების ძმები: ძმა გაყიდეს, აპირებდნენ მოეკლათ, უფრო სწორად, მოკლეს კიდეც, რამდენადაც შეეძლოთ; მოატყუეს და დაადარდიანეს მოხუცი მამა და არაფრით არ დასჯილან. მაგრამ მრავალი წლის შემდეგ საშინელი საფრთხე დაემუქრათ და ეს ცოდვა გაიხსენეს.
 
ეს ნათქვამი გამოგონილი არ არის, მოისმინე, რას ამბობენ: "დამნაშავე ვართ ჩვენს ძმასთან... ამიტომ დაგვატყდა თავს ეს გასაჭირი" (დაბ. 42:21). შენც ასევე თქვი, როცა რამე მოხდება: ვცოდეთ, იმიტომ, რომ არ დავუჯერეთ ქრისტეს, იმიტომ, რომ ვიფიცებდით: ხშირი ფიცისა და ფიცის დარღვევის გამო მომეზღო. ამგვარად, თქვი აღსარება, რადგან მათაც აღიარეს და გადარჩნენ. მერე რა, რომ მაშინვე არ გვეწევა სასჯელი? აქაბმაც ხომ მაშინვე არ მიიღო ის სასჯელი ნაბოთის გამო, რომლითაც მერე დაისაჯა.
 
ასე რატომ ხდება? ღმერთი დროს გაძლევს, რათა განიბანო, ხოლო, როცა აყოვნებ, ბოლოს და ბოლოს გიგზავნის სასჯელს. ნახეთ, რა მიიღეს ტყუილის მთქმელებმა? აქედან მიხვდით, რას მიიღებენ ფიცის გამტეხნიც, მიხვდით და ნუ შესცოდავთ. ვინც იფიცება, არ შეუძლია ნებით ან უნებლიეთ ფიცი არ გატეხოს; ხოლო ვინც ფიცს ტეხს, ვერ გადარჩება. ფიცის ერთხელ გატეხვას შეუძლია ყველაფერი ქნას და თავს დაგატეხოთ სრული სასჯელი. ამიტომაც, გევედრებით, ყურადღებით ვიყოთ, რათა აქაც გადავურჩეთ სასჯელს და ღვთის მოწყალების ღირსნიც გავხდეთ, მადლითა და უხვებითა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესითა, რომელსაც შვენის დიდება და უფლება მამასთან და სულიწმიდასთან ერთად, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
 
 
წყარო: წმ. იოანე ოქროპირი. ჰომილიები. III ტომი. მე-12 ჰომილიიდან "მოციქულთა საქმეებზე". §§ 2-4. გამომც. "ალილო" // "ქორონიკონი". თბილისი 2015 წ. გვ. 132-136.
Назад к содержимому