სწავლანი > განმარტებანი
რატომ უკუ-იქცა იორდანე?
რით იყო გამოწვეული იორდანეს უკუქცევა?
ეს უფლის მიერ დაშვებული სასწაული იყო და არა მდინარის თვითნებური მოქმედება; რომ იორდანესაც ისევე უნდა აღესრულებინა ღმრთის ნება, როგორც იოანე ნათლისმცემელს. შიშით იოანესაც შეეშინდა, როდესაც მასთან მოსანათლად მისული მაცხოვარი დაინახა და შეჰღაღადა: "მე მიჴმს შენ მიერ ნათლისღებაჲ, და შენ ჩემდა მოხუალა?", რაზეც ასეთი პასუხი მიიღო მაცხოვრისგან: "აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შუენის ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე" (მათე 3:14- 15).
ეს ჭეშმარიტება კარგად არის ასახული ლიტურგიკულ ტექსტებშიც, კერძოდ, იმავე ძველ იადგარში ვკითხულობთ: "ნათლის-ღებასა უფლისასა იხილა იოანე, ძრწოდა შიშით და უჩვენებდა ერსა: აჰა მოვალს მეუფე ცათაი, რომლისთუისცა ვიტყოდე. შეძრწუნდა იორდანე ნათლის-ღებად შთასვლასა უფლისასა,უკუნიქცა კუალსა და იტყოდა: ვინაი ღირს ვარ განბანად დამბადებლისა? განმწმიდე და ღირს მყავ მე, უფალო" (უძველესი იადგარი. თბილისი. "მეცნიერება" 1980 წ. გვ. 61).
ამრიგად შეშინდა არა მარტო იორდანე, არამედ იოანე ნათლისმცემელიც, მაგრამ კი არ გაიქცა, უფლის ნებას დაემორჩილა და აღასრულა "ყოველი სიმართლე". ცხადია, ამ სიმართლის აღსრულებაში მონაწილეობს იორდანეც, რამეთუ უფალი სწორედ მასში უნდა მოინათლოს. მაგრამ რას ნიშნავს იორდანის "შეშინება" და "უკუქცევა"?
ნეტ. თეოდორიტე 113-ე ფსალმუნის განმარტებაში ბრძანებს: "უსულო საგნებისადმი გრძნობების მიკუთვნებით, წინასწარმეტყველი ღმრთის ძლიერებას წარმოაჩენს. როდესაც ებრაელ ერს წინამძღოლობდი, ეუბნება ის უფალს, ზღვა შეშინდა და უკან დაიხია, რათა ხელი შეეწყო მას ფარაონისგან გამოქცეულთათვის;მდინარე შეჩერდა, ვითარც გონიერი არსება, რადგან მის წიაღში განვლო კიდობნის ძლიერებამ; და მთანი და გორაკნი ხარობდნენო, ვითარც მეტყველნი არსებანი, რამეთუ უფალი ზეცათა მოევლინა მათ. ხოლო მთებში სინასა და ხორებს გულისხმობს, რამეთუ სწორედ მათზე გამოავლინა ღმერთმა თავისი დიდება" (Блаж. Феодорит Кирский († 457 г.). Толкование на сто пятьдесятъ псалмов. ასევე: Творения блаженнаго Феодорита, епископа Кирскаго. Часть третья. М.: В типографии В. Готье, 1856. С. 273-278. იხ. აგრეთვე: Творения святых отцев в русском переводе, издаваемыя при Московской Духовной Академии, том 28).
წმ. ევსუქი, ფსალმუნის სიტყვების "იორდანე უკუნიქცა მართლუკუნ" განმარტებაში ბრძანებს: "დაფარული და ღრმა აზრით "ზღვაში" ვნებათა დაუდგრომლობა უნდა ვიგულისხმოთ, ხოლო "იორდანეში" - მადლინათლისღებისა. ამრიგად, წუთისოფლის მღელვარება გაურბის მონანულთ, რადგან შეუძლებელია ვნებათა დაუდგრომლობა შეუერთდეს იმას, ვინც სამუდამოდ განეშორა ცოდვის სიმწარეს. ხოლო იორდანე კი არ გარბის, არამედ უკან მიემართება, რითაც მონანულთა ცრემლებსა და მათ უკან მოქცევას გამოსახავს; სინანულსაც ხომ ნათლისღების ძალა იწვევს; ვერანაირ სარგებლობას მოუტანდა სინანული ადამიანს, რომ არა ნათლისღება. სწორედ ამიტომაც ქადაგებდა იოანე ჯერ სინანულს, რომელსაც შემდეგ მოსდევდა ნათლისღება.რატომ უკუიქცა იორდანე? იმიტომ, რომ შემცოდეც სინანულის მიერ უკუიქცევა და ტოვებს ადრინდელ გზას (რამეთუ იორდანე სინანულის გამომხატველადაც მიიღება) (Евфимий Зигабен. Толкования на Пс. 113:3. http://bible.optina.ru/old:ps:113:03 )
წმ. იოანე ოქროპირი 113 ფსალმუნის 3-ე მუხლის სიტყვების "ზღუამან იხილა და ივლტოდა, და იორდანე უკუნიქცა მართლუკუნ" (ფსალმ. 113:3) განმარტებაში ბრძანებს: "იხილე, როგორ აძლიერებს სიტყვას და უმეტეს წყალობაზე უთითებს. რისთვის უნდა ვახსენოთო ბარბაროსნი ან წარმართნი, როდესაც თვით ბუნება, დამნახველი თვისი წინამძღოლისადა ბელადისა, ემორჩილება მას და უკუიქცევა? მართლაც, მაშინ ყველაფერი ემორჩილებოდა და ადგილს უთმობდა ებრაელ ერს, რათა სცოდნოდა მას, რომ ყოველივე, რაც კი მის თავს ხდება ადამიანურ ძალისხმევათა შედეგი კი არა, ღმრთის გამოუთქმელი ძალით აღსრულებული სასწაულია. დაკვირდი, როგორი ბრწყინვალებით აგებს წინასწარმეტყველი თავის სიტყვას. "გაშორდაო" კი არ თქვა, არამედ: "ზღუამან იხილა და ივლტოდა". გამოთქმით "ივლტოდა" მას უკანდახევის სისწრაფის ჩვენება სურს, რომელიც არის შიშისა და ღმრთის მოქმედების სიადვილის გამოვლინება" (Св. Иоанн Златоуст. Беседа на псалом 113. https://ekzeget.ru/tolk.php?kn=ps&gl=113&st=3&id_tolk=157).
"იორდანე უკუნიქცა". - აგრძელებს ოქროპირი, - ხედავ როგორ აღსრულდებიან სასწაულნი სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ადგილას? რათა უწყოდნენ იუდეველებმა, რომ ღმრთის ძალა ყველგანმყოფია და გარეშემოუწერელი; რომ ღმერთი სასწაულს აღასრულებს ყველგან, უდაბნოშიც, ბარბაროსთა ქვეყნებშიც, ზღვაშიც, მდინარეებშიც, მოსეს მიერაც და იესუ ნავეს ძის მიერაც; და ყველგან, იუდეველთა უგრძნობი და უხეში გონების მოსალბობად მათ თან სდევდათ ნიშები და სასწაულები, რათა მორჩილნი და ღმრთისშემეცნების მიმღებნი გამხდარიყვნენ".
"რაჲ არს შენდა, ზღუაო, რამეთუ ივლტოდე, და შენ, იორდანე, რამეთუ უკუნიქეც მართლუკუნ?" (ფსალმ. 113:5)? კვლავ შეკითხვას სვამს და იმავე აზრით მიმართავს სტიქიას, როგორი აზრითაც გამოხატა მთანი და ბორცვუნი მომღერლად (ანუ სიმბოლურად - არქიეპ. პ.). რადგან, როგორც იქ გრძნობებსა და ემოციებს კი არ მიაწერდა მთებსა და გორაკთ, არამედ აღსრულებადი საქმის სიდიადისა და უსაზღვრო სიხარულის ჩვენება სურდა, ასევე აქ ეკითხება მათ არა იმიტომ, თითქოსდა (ზღვასა და იორდანეს - არქიეპ. პ.) გრძნობები ჰქონოდათ და შეეძლოთ პასუხისგება, არამედ უფრო მკაფიოდ გამოეხატა სათქმელი და მისი საკვირველება წარმოეჩინა. რადგან რაღაც ახალი და უჩვეულო ხდება, ისიც სვამს ასეთ კითხვას - "რა მოხდა?"და პასუხსაც თვითონ იძლევა: "პირისაგან უფლისა შეიძრა ქუეყანა, პირისაგან ღმრთისა იაკობისა" (ფსალმ. 113:7); და აქაცმოვლენის სიდიადისსაჩვენებლად, მოქმედების სახით აღფრთოვანებასა და გაოცებას გამოხატავს" (Св. Иоанн Златоуст. Беседа на псалом 113. https://ekzeget.ru/tolk.php?kn=ps&gl=113&st=3&id_tolk=157).
მსგავსადვე, უფლის განცხადების (ნათლისღების) დღეს ეკლესიაც წინასწარმეტყველთან ერთად კითხულობს:"იორდანე, რად უკუნიქეც გარე?" და თვითონვე განმარტავს: "რამეთუქრისტე დადგა განშიშულებული შენ შორის" (უძველესი იადგარი. თბილისი. "მეცნიერება" 1980 წ. გვ. 81). გარდა ამისა, იორდანეს დინების უკუქცევაში ექვთიმე ზიგაბენი სინანულის სიმბოლოსაც ხედავს.
ამიტომაც, ... იორდანის დინების უკუქცევა ეს არის ქრისტეს ნათლისღებისა და წმიდა სამების განცხადების სიდიადის ნათელყოფა, ღმრთის მიერ იუდეველთა წინაშე აღსრულებული სასწაული.
წყარო: არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა). "გზა - მართლად სავალი". თბილისი 2017 წ. ნაწილი I. შთაფლვა თუ დასხმა?! თ. თავი V როგორ მოინათლა მაცხოვარი?