განმარტებანი - რატომ იწოდებიან ადამიანები - "ღვთის მონებად", და არა "ღვთის შვილებად" - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
რატომ იწოდებიან ადამიანები - "ღვთის მონებად", და არა "ღვთის შვილებად"?
ღმერთი და ადამიანი
კითხვა: გვიპასუხეთ, თუ შეიძლება, რატომ იწოდებიან ქრისტიანულ რელიგიაში ადამიანები - "ღვთის მონებად", ხოლო წარმართობაში - "ღმერთების შვილებად"? იქნებ სულელური კითხვაა, მაგრამ მაინც მიპასუხეთ, რადგან ძლიერ მაინტერესებს.

***
 
პასუხი: დავიწყებთ იქიდან, რომ ქრისტიანობაშიც ადამიანები, - მკაცრად რომ ვთქვათ, - არ არიან მონები. და მითუმეტეს იმ აზრით, როგორი აზრითაც დღეს აღვიქვამთ ამ სიტყვას. უპირველეს ყოვლისა მოცემულ შეკითხვას ვუპასუხებთ არსებითად, უმთავრესი მომენტის დაფიქსირებით:

ღმერთს არასოდეს მოსურვებია ადამიანში ეხილა ნების არმქონე და მისი განკარგულებების მონური შემსრულებელი.

როდესაც საიდუმლო სერობის შემდეგ მოწაფეებს დაშორდა, უფალმა იესუ ქრისტემ მათ უთხრა: "უკვე აღარ გიწოდებთ მონებს, ვინაიდან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი; არამედ მეგობრებს გიწოდებთ, რადგანაც გაუწყეთ ყველაფერი, რაც მსმენია მამაჩემისგან" (იოანე 15:15). "მეგობრები" - ტრადიციულად ასე უწოდებენ მართლმადიდებლურ ქრისტიანობაში წმინდანებს. სიწმიდისკენ კი მოწოდებულია ყოველი ადამიანი. ჯერ კიდევ ძველაღთქმისეულ იუდეველებს უფალი ამცნებდა:  "განწმიდენით და იყვენით წმიდაჲ" (ლევ. 11:44); მოციქულმა პეტრემ ქრისტიანებსაც შეახსენა ეს სიტყვები (1 პეტრე 1:16).

ღმრთის მეგობრად ყოფნა, სიწმიდისკენ სწრაფვა - აი ამოცანა, რომელიც გულისხმობს ყოველი ქრისტიანის სულიერ ზრდას და, რომელიც განსაკუთრებულად მაღალია, თუმცა მიღწევადია იმისთვის, ვისაც შეგნებული აქვს საკუთარი ძალების შეზღუდულობა და შეწევნას ღმერთში ეძებს, ვინც ესწრაფვის ცხოვრება დააფუძნოს მის წმიდა მცნებებს.
 
თანაც მცნებები - ეს ღმრთის მიერ ნების არმქონე ქვეშევრდომთათვის გაცემული ბრძანებები კი არ არის, არამედ მოსიყვარულე შემოქმედის მითითება თავისუფალი ნების მქონე ქმნილებისადმი, რომელიც ამჟამად დაბნეული და გაუბედურებულია. მცნებების მიზანი სწორედაც რომ ადამიანის გათავისუფლება გახლავთ დამმონებელი ვნებებისგან, რომელიც ადამიანს ართმევს სიცოცხლის სისრულეს და სიხარულის ჭეშმარიტ სიტკბოებას.

მაშ, რატომ გვესმის ეკლესიაში ასე ხშირად - "მონა ღვთისა"? უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ვერავინ გაბედავს უწოდოს საკუთარ თავს "მეგობარი ღვთისა".

აბბა დოროთე და ეკლესიის სხვა მამები ამბობენ, რომ ადამიანს ღმრთის მცნებების შესრულება შეუძლია სამი მიზეზით. პირველი - დასჯის შიშით. მეორე - ანაზღაურების (ჯილდოს) მიღების, პირობითად რომ ვთქვათ, "სამოთხის საგზურის" მიღების სურვილით; და მესამე - უანგაროდ, მხოლოდ ღმრთისადმი სიყვარულით.

შიში სასჯელის წინაშე ახასიათებს მონას. ცათა სასუფევლის "გამომუშავების" სურვილი - დაქირავებულ მუშაკს. და მხოლოდ მაშინ შეიძლება ადამიანი იწოდოს ღმრთის მეგობრად, როდესაც ის სიყვარულით მისდევს ღმერთს და იცავს ყველა მის მცნებას. მეტიც, ასეთ შემთხვევაში ადამიანი შეიძლება იწოდოს ღმრთის შვილად - ძედ ან ასულად. შემთხვევითი როდია ლოცვა, რომელიც თვით ქრისტემ მისცა თავის მოწაფეებს და ღმრთისადმი შვილებრივი მიმართვის იწყება: "მამაო ჩვენო".

მაგრამ, სანამ არ გვისწავლია ღმრთისადმი ჭეშმარიტი სიყვარული, ჩვენ, სამწუხაროდ, ხშირად თავს ვიყენებთ მონურ მდგომარეობაში, და შორს ვართ მეგობრობისა და ღმრთისშვილობისგან.

ამისი მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი გულია. ხოლო, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ჩვენდამი ღმერთს, ნათლად ჩანს უძღები შვილის იგავიდან. ყმაწვილი, რომელიც რამოდენიმე წლის განმავლობაში გაშორებული იყო ოჯახს, მამას უბრუნდება და ემზადება სათქმელად: "მამი, ვცოდე ცის მიმართ და შენს წინაშე და აღარ ვარ იმისი ღირსი, რომ შენი ძე მერქვას" (ლუკა 15:21). ის მზად არის დაბრუნდეს ნებისმიერი პირობით, თუნდაც, როგორც დაქირავებული მუშა. მაგრამ, როგორც კი მამამ დაინახა ძე, გაიქცა მის შესახვედრად, მოეხვია მას და, დაუყოვნებლივ უბოძა საუკეთესო სამოსელი, თითზე წამოაცვა ბეჭედი (ნიშანი სახლის სრულუფლებიანი მართვის აღდგენისა) და მონატრებული შვილის საპატივცემოდ ნადიმიც კი გამართა, რადგან ასე ბრძანა: "ეს ჩემი ძე მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა. და დაიწყეს მხიარულება" (ლუკა 15:11-24).

ღმერთისთვის ჩვენ ყოველთვის საყვარელ ძეებად და ასულებად ვრჩებით. მაგრამ ზოგჯერ სასარგებლოა საკუთარ თავსაც კრიტიკული თვალით შევხედოთ, როგორც მონებს. ასე გვირჩევს თვით უფალი: "ასევე თქვენც, როცა აღასრულებთ ყველაფერს, რაც ნაბრძანები გქონდათ, თქვით: უვარგისი მონები ვართ, ვინაიდან ვქენით ის, რაც უნდა გვექნა" (ლუკა 17:10).
 
ეს უპირველეს ყოვლისა, მაგრამ არის კიდევ მეორეც:

თუკი ადამიანი ვინმეს მონაა - მაშასადამე, ის სხვას არავის დაემორჩილება. ღმრთის მონად საკუთარი თავის წოდეა, ეს ნიშნავს დაადასტურო, რომ შენ მხოლოდ ღმერთს უძღვნი შენს თავს სრულიად და აბსოლუტურად: ღმრთის გარდა არავისი გეშინია, შენ უკვე აღარავისი მონა აღარ ხარ: არც კაცთა, არც საკუთარი უძლურებებისა და დამოკიდებულებებისა, არც ტელევიზიისა, არც ინტერნეტისა, არც პოლიტიკისა... არავისი, გარდა ღმრთისა.

სიტყვებში "ღმრთის მონა", განსაკუთრებულ აქცენტს ქრისტიანები აკეთებენ სიტყვაზე "ღმერთი". იყო ღმრთის მონა ნიშნავს მოიპოვო თავისუფლება ნებისმიერი მიწიერი დამოკიდებულებისგან.

ამის შესახებ საკმაოდ მკაფიოდ წერს მოციქული პავლე: "ნუთუ არ იცით, რომ ვისაც თავს მისცემთ მორჩილებისთვის, მისი მონები ხართ, ... ვინაიდან, როდესაც ცოდვის მონები იყავით, თავისუფალნი იყავით სიმართლისგან. მაგრამ, რა იყო მაშინ თქვენი ნაყოფი? ის, რისიც ამჟამად გრცხვენიათ, ვინაიდან სიკვდილია მისი დასასრული. ხოლო ამჟამად, როცა ცოდვისაგან გათავისუფლდით და ღმერთს დაემონეთ, სიწმიდეა თქვენი ნაყოფი, დასასრული კი - საუკუნო სიცოცხლე" (რომ. 6:16, 20-22).

და ბოლოს. ჩვენი სკოლარული წარმოდგენა მონობაზე ჩამოყალიბდა ძველი რომის ისტორიულ მასალაზე, რაც ღვთის მონებზე საუბრისას გზას გვიბნევს.

ძველ რომში მონები მართლაც აბსოლუტურად უუფლებონი იყვნენ და მიიჩნეოდნენ არა ადამიანებად, არამედ ოდენ შრომის იარაღებადს. ხოლო ძველ ისრაელში მონობა უმეტეს თავისუფლებას გულისხმობდა. ისრაელის პატრიარქალურ საზოგადოებაში მონები ფაქტობრივად ბატონის ოჯახის წევრები იყვნენ. ბიბლიური გაგებით მონა - სულაც არ არის "საოჯახო ნივთი", არამედ ერთგული ადამიანი, რომელიც ოჯახის უფროსს თავდადებით ემსახურება. სწორედ ბატონისადმი სრულ ერთგულებაზე და ასეთსავე პასუხისმგებლობაზე მიანიშნებს პირველ რიგში წმიდა წერილი. მაგალითად, მამამთავარ აბრაამს ჰყავდა მონა ელიაზარი, და სწორედ ის მიიჩნეოდა ბატონის უმთავრეს მემკვიდრედ, სანამ მას შვილი ისააკი არ შეეძინა (დაბ. 15:2-3). მოსეს სჯულის თანახმად მონატა მიმართ რაც შეიძლება მეტი კაცთმოყვარება უნდა გამოეჩინათ: "თუ ებრაელ ყმას იყიდი, ექვსი წელი გემსახუროს, მეშვიდე წელს უსასყიდლოდ გათავისუფლდეს.  თუ მარტო მოვიდა, მარტო წავიდეს; თუ ცოლიანი იყო, ცოლიც თან წაიყოლოს" (გამ. 21:2-3).

სწორედ ასეთ, ბიბლიურ წარმოდგენას გულისხმობს ღმრთისადმი ჩვენი "მონობა" - სხვაგვარად მეტად უცნაური და გაუგებარი იქნებოდა მოციქულ პავლეს სიტყვები ქრისტეზე, რომელმაც "თავი დაიმცრო, მონის ხატი შეიმოსა და გარეგნობით კაცის მსგავსებად იქცა" (ფლპ. 2:7).

როდესაც მორჩილებით და თავმდაბლობით თავს ღმრთის მონას ვუწოდებთ, ჩვენ, ქრისტიანებს არ გვავიწყდება ჩვენი უმაღლესი დანიშნულება - გავხდეთ ღმრთის შვილები. უბრალოდ უნდა გვესმოდეს, რომ ნამდვილ ღვთისშვილობამდე ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს.

წყარო: foma.ru
Назад к содержимому