განმარტებანი - რატომ არ გამოეცხადა უფალი იუდეველთ თავისი აღდგომის შემდეგ? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
რატომ არ გამოეცხადა უფალი იუდეველთ თავის აღდგომის შემდეგ?
ქრისტეს აღდგომა მკვდრეთით
ავტორი: წმ. იოანე ოქროპირი. ტექსტი აღებულია გამოცემიდან: «Воскресное чтение», 1809.

მრავალი გვეკითხება, აღდგომის შემდეგ რატომ არ გამოეცხადა უფალი მაშინათვე ყველა იუდეველს? კითხვა არის ფუჭი და ამაო. თავისი გამოცხადებით უფალს ყველას რწმენისკენ მოქცევა რომ შეძლებოდა, ის ამის გაკეთებას არ დააყოვნებდა. მაგრამ ის ვერანაირად მიდრეკდა იუდეველთ რწმენისკენ, აღდგომის შემდეგაც რომ გამოცხადებოდა. ამაში გვარწმუნებს ლაზარეს მაგალითი, რადგან როდესაც ქრისტემ ეს ოთხის დღის მკვდარი ადამიანი აღადგინა, რომელსაც უკვე გახრწნის ნიშნები ეტყობოდა, მაშინ, მისი ხმის გაგონებაზე, სახვევებში შეხვეული ლაზარე ყველას თვალწინ წარდგა, - და ამან არა თუ ვერ მოაქცია რწმენისკენ, არამედ კიდევ უფრო გააცოფა ისინი. იქ მისულ იუდეველთ თვით ლაზარეს მოკვლაც კი უნდოდათ იმის გამო, რომ მასზე ქრისტეს სასწაული აღსრულდა (ინ. 12:10).
 
ამრიგად, თუკი ხედავდნენ, რომ უფალმა მკვდრეთით აღადგინა ლაზარე, და არ ირწმუნეს მისი, როგორი გააფთრებით აღდგებოდნენ უფლის წინააღმდეგ, საკუთარი თავი რომ წარმოედგინა აღმდგარი თავისივე ძალით? მართალია, ისინი ვერაფერს უზამდნენ მას, მაგრამ დიდი სიშმაგით გადაეშვებოდნენ უკეთურებაში. ამიტომაც, ამგვარი ამაო გააფთრებისგან რომ ეხსნა ისინი, ემალებოდა მათ. თანაც ისინი უმეტეს და უმკაცრეს სასჯელს დაექვემდებარებოდნენ, თუკი უფალი მათ თავისი ვნებების შემდეგ გამოეცხადებოდა.
 
ამიტომ, ზოგავდა რა მათ, ემალებოდა, ოღონდ იმავდროულად (მათ მოსაქცევად) ნიშებსა და სასწაულებში ეცხადებოდა. ასე, მაგალითად, პეტრეს სიტყვები: "იესუ ნაზარეველის სახელით აღდეგ და გაიარე" (საქმე 3:6), მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს დანახვაზე არა უნაკლებესი მნიშვნელობისა იყო. სასწაულები ადასტურებდნენ ქრისტეს აღდგომას და განაწყობდა ადამიანებს რწმენისკენ; ადამიანთა გულები სასწაულთა ხილვით უფრო მალე შეიძლებოდა განმტკიცებულიყო რწმენაში, ვიდრე თვით უფლის გამოცხადებით მისი აღდგომის შემდეგ. ეს ჩანს იქიდან, რომ როდესაც ქრისტე აღდგა და გამოეცხადა თავის მოწაფეებს, მათ შორისაც კი გამოჩნდა ურწმუნო თომა. მან მოისურვა თავისი თითები ჩაედო ნალურსმნევ ჭრილობებში, მოესინჯა ქრისტეს ნეკნები, რათა მის აღდგომაში დარწმუნებულიყო.
 
მაშ, თუკი ამ მოწაფემ, რომელიც სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა ქრისტეს გვერდით, მონაწილეობდა უფლის ტრაპეზზე, თვითმხილველი იყო მისი უდიადესი ნიშებისა და სასწაულებისა, ისმენდა უფლის ქადაგებებს და მკვდრეთით აღმდგარსაც კი ხედავდა, ყოველივე ამის მიუხედავად, იმაზე უადრეს არ ირწმუნა, სანამ არ იხილა ნალურსმნევი და მახვილით მიყენებული იარები, როგორ ირწმუნებდა მისას მთელი მსოფლიო მხოლოდ იმიტომ, რომ ყველამ ის მკვდრეთით აღმდგარი ნახა? ვინ გაბედავს ამის მტკიცებას?
 
მაგრამ არა მარტო ამ, არამედ სხვა მაგალითებსაც მივუთითებთ იმისა, რომ სასწაულები უფრო არწმუნებდა ხალხს, ვიდრე მკვდრეთით აღმდგარის გამოცხადება. როდესაც ხალხმა ისმინა პეტრესი, რომელიც კოჭლს ეუბნებოდა: "იესუ ნაზარეველის სახელით აღდეგ და გაიარე" (საქმე 3:6), "მრავალმა, ვინც ისმინა სიტყვა, ირწმუნა; და იყო მათი რიცხვი ხუთი ათასამდე" (საქმე 4:4); ხოლო მოწაფე, რომელმაც თვით მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი იხილა, ურწმუნოებას მოეცვა.
 
მაშ, ხედავ, რომ ამ სასწაულმა უფრო აღძრა მკვდრეთით აღმდგარისადმი რწმენა?
 
აღმდგარი ქრისტეს გამოცხადებამ ურწმუნოებიდან ვერ გამოიყვანა მისი უახლოესი მოწაფეც კი, ხოლო პეტრეს სასწაულის თვითმხილველები, ქრისტეს მტრებიდან მორწმუნეებად გადაიქცნენ...
 
მაგრამ რას ვიტყვი თომაზე? თუ გინდა იცოდე, სხვა მოწაფეებმაც, როდესაც მკვდრეთით აღმდგარი უფალი იხილეს, უცებ კი არ ირწმუნეს მისი. ისმინე ყურადღებით, ოღონდ არ განიკითხო ისინი, საყვარელო. თუკი ქრისტემ არ გაკიცხა ისინი, შენც ნუ გაკიცხავ; რადგან მოწაფეები ხედავდნენ უჩვეულო და საკვირველ მოვლენას თვით პირველშობილის აღდგომისა მკვდრეთით. ესოდენი დიადი სასწაულები, თავიდან, ჩვეულებისამებრ, საშინლად გამაოგნებელია, სანამ, გარკვეული დრო არ გავა, და მორწმუნეთა გულებში სიმშვიდე არ დაისადგურებს.
 
სწორედ ეს დაემართათ მაშინ მოწაფეებს. რადგან იმის შემდეგ, რაც მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე მათ მიესალმა სიტყვებით "მშვიდობა თქვენდა", ისინი, როგორც ნათქვამია, "შეკრთნენ და შეძრწუნდნენ: ასე ეგონათ, სულსა ვხედავთო. მაგრამ იესუმ უთხრა მათ: რას ძრწიხართ?" შემდეგ კი "ხელ-ფეხი უჩვენა მათ. მაგრამ რაკი სიხარულისაგან ვერ დაეჯერებინათ და განცვიფრებულნი იყვნენ, უთხრა მათ: საჭმელი თუ გაქვთ აქ?" (ლკ. 24:36-41).
 
აი რანაირად სურდა მას დაერწმუნებინა თავისი მოწაფეები საკუთარ აღდგომაში! თუკი, ამბობს, თქვენ ვერ გარწმუნებთ შუბით განგმირული ჩემი ფერდი, არ გარწმუნებთ სხვა ჭრილობები, ტრაპეზმა დაგარწმუნოთ... ასე რომ, როდესაც "მრავალი სარწმუნო ნიშნით, ცოცხლად წარუდგა თავისი ვნების შემდეგ; ორმოცი დღე ეჩვენებოდა და ღვთის სასუფეველზე ესაუბრებოდა მათ" (საქმე 1:3), და ჭამდა მათთან ერთად არა იმიტომ, რომ თვითონ საჭიროებდა საკვებს, არამედ იმიტომ, რომ მოწაფეთა განმტკიცება სურდა. აქედან კი ნათელია, თვით მოციქულთა ნიშები და სასწაულები ქრისტეს აღდგომის ყველაზე შეუვალი მტკიცებულება გახლდათ.
 
მას შეეძლო თვით სიკვდილის მომენტშიც აღედგინა თავისი სხეული და ცოცხლად წარმდგარიყო. მაგრამ წინდახედულად არ გააკეთა ასე, რადგან მაშინ იტყოდნენ, სხეული საერთოდ არც მომკვდარა ან სიკვდილი თითქოსდა არც ისე ძლიერ შეხებოდა მას. და თუკი სიკვდილი და აღდგომა მოხდებოდა დროის მოკლე მონაკვეთში, არ იქნებოდა აშკარა უხრწნელების სიდიადე. სხეულის სიკვდილი რომ ეჩვენებინა, სიტყვამ ის მესამე დღეს აღადგინა.
 
სწორედ ამიტომ, აღდგა რა საფლავში ხანგრძლივი დებისა და ხრწნილების შემდგომ, ეჭვისთვის საბაბი რომ არ მიეცა, თითქოსდა უკვე სხვა სხეული ჰქონოდა მას და არა ის, რომლითაც დაიფლო, სამ დღეზე მეტ ხანს არ შეაყოვნა. არ გაახანგრძლივა მსმენელთა მოლოდინი, არამედ აღასრულა ის, რაც აუწყა მათ აღდგომის შესახებ; სანამ სიტყვა ჯერაც ისმოდა მათ მეხსიერებაში, სანამ თვალები ჯერაც მიპყრობოდნენ მას და არ მომწყდარიყვნენ გონებით, სანამ დედამიწაზე ჯერაც ცოცხალნი იყვნენ და იმავე ადგილას იმყოფებოდნენ მკვლელნიც და მოწმენიც უფლის სხეულის სიკვდილისა, თვით ღმრთის ძემ აჩვენა, რომ სხეული, რომელიც სამი დღის განმავლობაში იყო მკვდარი, უკვდავი და უხრწნელია.
 
 
წყარო: Св. Иоанн Златоуст. «Воскресное чтение», 1809. Барсов М. В. Сборник статей по истолковательному и назидательному чтению Четвероевангелия. Издательство «Лепта Книга», 2006.

მასალა ითარგმნა და მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2023 წ.
Назад к содержимому