განმარტებანი - რას წარმოადგენს მართლმადიდებლობის ზეიმი? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
რას წარმოადგენს მართლმადიდებლობის ზეიმი?
მართლმადიდებლობის ზეიმი
დიდი მარხვის პირველ კვირას, როდესაც წმიდა მართლმადიდებლური ეკლესია მართლმადიდებლობის ზეიმს აღნიშნავს, საეკლესიო ცხოვრებაზე დაკვირვებულ ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა: კი, მაგრამ, სადღაა ზეიმი? რა გვაქვს საზეიმო? დღეს მართლმადიდებლურ სივრცეში ისეთი მდგომარეობაა, რომელსაც საზეიმოს ვერანაირად უწოდებ: მუდმივად სკანდალები, განხეთქილებები, გაბოროტებები... ეკლესიაში საზეიმო განწყობაზე მეტად იმედგაცრუება სუფევს... უკვე არა მარტო ეკლესიის კრიტიკოსები, არამედ ყველაზე მოშურნე მოძღვრებიც კი ამბობენ, რომ ადამიანები ნელ-ნელა შორდებიან ეკლესიას, რაც ამცირებს აღმსარებელთა და მოზიარეთა რაოდენობას, ნაკლებად ინათლებიან ბავშვები, მცირედნი არიან მლოცველები. ყველგან კრიზისისა და იერარქთა კანონიკურ დანაშაულობებზე გვესმის... მოკლედ, ამის შესახებ ყველამ ყველაფერი კარგად იცის.
 
მაშ, რას ვზეიმობთ დღეს? გვაქვს თუ არა რამე საზეიმო? დიახ, გვაქვს. თუნდაც ეს ასე თვალსაჩინოც არ იყოს.
 
მოდი, დღეს, დიდი მარხვის პირველ კვირადღეს გონებით გადავინაცვლოთ მისი დასასრულისკენ, წმიდა პასექის წინა ბოლო დღისკენ - დიდი შაბათისკენ. რას წარმოადგენს იგი? მის შესახებ წმიდა წერილში თითქმის ვერაფერს ვხვდებით. სახარებები დუმან ამ დღეზე, რადგან - რას იტყვი მასზე? და მაინც - რა დღე იყო ეს, დიდი შაბათი? მოწაფეთათვის, რომლებიც "იუდეველთადმი შიშის გამო" ჩაკეტილ ოთახში რომ იმალებოდნენ, ეს დრე გაპარტახებისა და სასოწარკვეთის დღე გახლდათ: "ჩვენ გვეგონა, რომ ქრისტე არის ის, ვინც დაიხსნიდა ისრაელს", ის კი მოკვდა. ის მეტად აღარ არის. ყველაფერი ამაო გახდა: სასწაულები, ქადაგებები. პურთა გამრავლება, ზღვაზე სიარეული, თვით ლაზარეს მკვდრეთით აღდგომაც კი. იყო და - გაცურდა. იყო და - გადაეგო.
 
ამ წუხილის შესახებ ვერაფერს იტყვი, რადგან შეუძლებელია სიტყვით გადმოსცე ესოდენ შემაძრწუნებელი სიცარიელის ტანჯვა. აქ შესაძლებელი იყო ეშმაკის სიხარული, ბოროტსიტყვაობა ქრისტეს მიმართ, მაგრამ ამგვარ სიტყვებს წმიდა წერილის გვერდებზე ადგილი არა აქვს. იმ დღეს, სავარაუდოდ, მხოლოდ იუდეველი მწიგნობრები და ფარისევლები ზეიმობდნენ, რომლებმაც, ბოლოს და ბოლოს, თავიდან მოიშორეს მომაბეზრებელი გალილეველი.
 
ასეთი იყო დიდი შაბათი დედამიწაზე. მაგრამ როგორი იყო ის სულიერ სამყაროში? - იქ დიდი შაბათი უდიდესი ზეიმის დღე გახლდათ, რადგან ამ დღეს ქრისტე, როგორც მძლეველი შთახდა ჯოჯოხეთს და მისი კარიბჭენი შემუსრა. ამ დღეს დაემხო უძველესი ბოროტება, ამ დღეს გამოუბრწყინდათ ბნელში მსხდომარეთ ნათელი დიდი. IV საუკუნის ძველქრისტიანული აპოკრიფი, "ნიკოდიმოსის სახარება" ასე აღწერს ამ მოვლენას: "გაიწვდინა ხელი უფალმა და თქვა: "მოვედით ჩემდა ჩემო წმიდანო, რადგან გაგაჩნიათ ჩემი ხატების მსგავსება - თქვენ, ვინც ეშმაკისეული სცთურით სასიკვდილოდ განიკითხენით, დღეს იხილეთ: ეშმაკისეული ძელით ძლეულ არს სიკვდილი". როდესაც მან ასე თქვა, ყველა წმინდანი მის ხელქვეშ იყო. ადამს მარჯვენა ხელი ჩასჭიდა უფალმა და უთხრა: "მშვიდობა შენდა ყველა შენს შვილთან ერთად". ადამმა მუხლი მოიდრიკა უფლის წინაშე და ცრემლმორეულმა თქვა: "აღგამაღლო შენ, უფალო, რამეთუ შემივედრე მე და არა ახარე მტერთა ჩემთა ჩემ ზედა.  უფალო ღმერთო ჩემო, ღაღად-ვყავ შენდამი და განვიკურნო.  უფალო, აღმოიყვანე ჯოჯოხეთით სული ჩემი და მიჴსენ მე მათგან, რომელნი შთავლენან მღჳმესა. უგალობდით უფალსა ღირსნი მისნი და აუვარებდით საჴსენებელსა სიწმიდისა მისისასა" (ახ. ქართ.: "განგადიდებ შენ, უფალო, რადგან მიხსენი და ჩემზე მტრები არ გაახარე.  უფალო, ღმერთო ჩემო! მოგიხმე და შენ განმკურნე მე.  უფალო, შენ ამოიყვანე სული ჩემი ჯოჯოხეთიდან, და გამაცოცხლე, რომ საფლავში არ ჩავსულიყავ.  უგალობეთ უფალს, მისო წმიდანებო, ადიდეთ ხსენება მისი სიწმიდისა") (ფსალმ. 29:1-5).  
 
ასევე მოიდრიკა მუხლი ქრისტეს წინაშე ყველა წმიდამ და ერთხმად შეჰღაღადეს: "მოხვედ საუკუნეთა მხსნელო! აღსრულდა სჯულისა და წინასწარმეტყველთა მიერ თქმული. გამოგვისყიდე შენი ცხოველმყოფელი ჯვრით და ჯვრის მიერ ჩამოხვედ ჩვენთან, რათა გაგვათავისუფლო სიკვდილისგან შენი ძალით, უფალო. რადგან ამოტვიფრულია შენი დიდება ცაში, და აღმართულია გამოსყიდვის წარწერა; უფალო, დაამყარე შენი ჯვარი მიწაზე, ჯოჯოხეთში კი შენი ჯვრის გამარჯვების ნიში, რადგან განქარდა სიკვდილის საწერტელი" (Евангелие от Никодима, 24 (http://apokrif.fullweb.ru/apocryph1/ev-nikodim.shtml)
 
მოციქულთაგან უხილავად, რომლებსაც სასოწარკვეთის გამო არ სჯეროდათ უფლისა და მაცხოვრის აღდგომა მკვდრეთით; ასევე ბოროტად მოზეიმე იუდეველთაგან უხილავად აღსრულდა სხვა ზეიმი - ქრისტეს გამარჯვება სიკვდილსა და ჯოჯოხეთზე. ასეთია დღევანდელი ზეიმიც. მართლმადიდებლობის ზეიმი - ეს მართლმადიდებელთა ზეიმი კი არ არის. აქ, ქვეყანაში, ეკლესია "იბრძვის და გზაშია", ხოლო ომში გარდაუვალია დამარცხებანი და გზებზე - ჩიხები. აქ, დედამიწაზე, ჩვენ განვიცდით იესუს მოწაფეთა სასოწარკვეთას, "ნაცარს პურივით ვჭამთ და ჩვენს სასმელს ცრემლით ვაზავებთ" (შეად. ფსალმ. 101:10), მაგრამ ჩვენგან უხილავად, სულიერ სამყაროში ზეციური ეკლესია "უკვე ზეიმობს გამარჯვება ზეციურ სამშობლოში" (Православное Исповедание Восточной Церкви (Послание патриархов Восточно-Кафолической Церкви о православной вере), определение X // Борозенец Т. А. Путь, Истина и Жизнь: вероучительные тексты Православной Церкви. К., 2013. С. 229). ამ ზეიმს ერთხელ ჩვენც შევუერთდებით, თუკი შევინარჩუნებთ ერთობას ამ მოზეიმე ეკლესიასთან - კავშირს, რომელიც მდგომარეობს სარწმუნოებასა და წმიდა საიდუმლოებებში.
 
დღეს ზეიმობს მართლმადიდებლური სარწმუნოება. და ზეიმობს ის თვით მართლმადიდებელ ქრისტიანებზეც, ჩვენს ცოდვებზე, ჩვენს სასოწარკვეთილებებზე, ჩვენს გაბოროტებებზე. დღევანდელი დღე - ეს სულიწმიდის გამარჯვების დღა, რომელიც მიუხედავად ჩვენი უძლურებისა, არ გვართმევს ერთი ჭეშმარიტი სარწმუნოების შემეცნების ნიჭს - რწმენისა, რომელიც არის სამოციქულო და, რომელსაც ეფუძნება სამყარო.


ტროპარი: უხრწნელსა ხატსა შენსა თაყვანის ვცემთ ქველის-მოქმედ და ვითხოვთ შენდობასა ცოდვათა ჩვენთასა. ქრისტე ღმერთო, განზრახვით სათნო-იყავ აღსვლა ხორცითა ჯვარსა ზედა, რათა იხსნე, რომელი შექმენ მონებისაგან მტერისა, ვინაცა მადლობით გიღაღადებთ: სიხარულით აღმავსენ ყოველნი, ვითარცა მაცხოვარმან ჩვენმან, მოსრულმან ცხოვრებად ყოვლისა სოფლისა.
 
კონდაკი: გარეშემოუწერებელი სიტყუა მამისა, ქალწულო, შენგან ხორცშესხმული გარეშეწერილ-იქმნა და განხრწნილი ხატი თვისი განაახლა, და საღმრთო სიკეთე უსაზღვრო შემოსა, მას აღვიარებთ სიტყვით და საქმით, გამოვხატავთ და ვმონებთ, და ხატს შენსა წმიდასა თაყვანს ვსცემთ.

წყარო: pravblog.ru
Назад к содержимому