სწავლანი > განმარტებანი
რას ნიშნავს მოწოდება: "ნუ აღუდგებით წინ ბოროტს" (მთ. 5:39)?
ავტორი დეკ. ოლეგ სტენიაევი.
მოდი, ვისაუბროთ წმიდა წერილის ძნელად გასაგებ ადგილებზე. დღეს განვიხილოთ ასეთი საკითხი. რა აზრით მოუწოდა ქრისტემ ამაღლებულ ადგილზე ქადაგებისას თავის მოწაფეებს არ შეწინააღმდეგებოდნენ ბოროტებას, და იმის შესახებაც, რომ თუ ერთ ლოყაზე გაგვარტყამენ, მივუშვიროთ მეორეც?
ამ საკითხის გარკვევას დავიწყებთ მათეს სახარების ტექსტიდან, სადაც ნათქვამია: "თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ". ეს ნათქვამი იყო ძველ აღთქმაში, ღვთის რჯულში. "ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ნუ აღუდგებით წინ ბოროტს: არამედ ვინც შემოგკრას მარჯვენა ყვრიმალში, მეორეც მიუშვირე მას. და თუ ვინმეს სურს გიჩივლოს და წაგართვას შენი პერანგი, მიეცი მას მოსასხამიც. ანდა თუ ვინმე გაიძულებს ერთი მილის მანძილზე გამომყევიო, ორზე გაჰყევი მას. მთხოვნელს მიეცი და სესხების მსურველს ზურგს ნუ შეაქცევ" (მთ. 5:38-42).
მოდი ვნახოთ, როგორ განმარტავენ ამ ნაწყვეტს წმიდა მამები: წმ. ჰილარიუს პიქტავიელი (IV ს.) წერს: "უფალს სურს, რათა ჩვენი რწმენის სასოება, რომელიც მიმართულია მარადისობისკენ, ისეთი საგნებით გამოიცდებოდეს, რომ თვით წყენის გადატანის უნარმაც დაადასტუროს ჩვენ შესახებ მომავალ სამსჯავროზე. რჯული შიშით აკავებდა ერთგულ ისრაელსაც, და უსამართლობის აღსრულების მათ სურვილს იმის ცოდნით აკავებდა, რომ პასუხად იგივეს მიიღებდნენ. რწმენა ვერ ითმენს ძლიერ გულისტკენას, მაგრამ არ დაუშვებს შურისგებას, ... რადგან ღმრთის სამსჯავროზე მათ, ვინც წყენა დაითმინეს, უდიდესი ნუგეშისცემა ელოდებათ, ხოლო მათ, ვინც მიაყენა წყენა, - უმკაცრესი სასჯელი. ამრიგად, სახარება განგვიწესებს არა მარტო თავი შევიკავოთ უსამართლობის ჩადენისგან, არამედ ითხოვს გავთავისუფლდეთ შურისგების ფარული მოსურვებისგანაც. რამეთუ ჩვენ გვევალება, თუკი ერთ ყვრიმალში მივიღებთ დარტყმას, მეორე მივუშვიროთ და თუ ვინმე გვაიძულებს უღლის ტარებას ათას ნაბიჯზე, ორიათასზე ვატაროთ, რათა წყენის გაზრდით მათ გაზარდონ შურისგებაც, რამეთუ უფალიც თავისი დიდების გამოსაბრწყინვებლად თავის ყვრიმალებს უშვერდა დარტყმისთვის და ზურს გასაროზგად. ადგილი დაუთმეთ ღვთის რისხვას, რადგანაც დაწერილია: "ჩემია შურისგება და მე მივაგებ, - ამბობს უფალი" (რომ. 12:19).
ძეგლი, რომელიც მიეძღვნა ფაშისტების მიერ დახოცილ 82 ბავშვს.
1942 წლის 10 ივნისს SS-ის ჯარებმა ალყა შემოარტყეს ლიდიცეს (ჩეხეთი. პრაღის დასავლეთით 20 კმ-ზე). 16 წელზე მეტი წლოვანების ყველა მამაკაცი (172 ადამიანი) დახვრიტეს. ლიდიცელი ქალები (172 ადამიანი) რავენსბრიუკის საკონცენტრაციო ბანაკში გაამწესეს (მათგან 60 ბანაკშივე დაიღუპა). ბავშვებიდან (105 ადამიანი) ერთ წლამდე ასაკის პატარები გასაგერმანელებლად ცოცხლად დატოვეს. ხოლო დანარჩენი (82 ადამიანი) ჰელმნოს ახლოს მდებარე სიკვდილის ბანაკში გაანადგურეს. სოფლის ყველა ნაგებობა ცეცხლში დაწვეს და მიწასთან გაასწორეს. 11 ივნისის დილისთვის სოფ. ლიდიცისგან მხოლოდ ცარიელი ფერფლიღა დარჩა. ბავშვები დაიღუპნენ, მაგრამ მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად ლიდიცეს ახლოს აღმართეს ძეგლი. 82 ვერცხლის სკულპტურა, 40 ბიჭუნა და 42 გოგონა შემოგვცქერიან და ნაცისტების მიერ მოწყობილ სასაკლაოს შეგვახსენებენ...
ამრიგად, მართლაც, ჩვენ ვხედავთ უფლის მოწოდებას ჩვენდამი, რათა ბოროტს ბოროტებით არ მივაგოთ. ამრიგტად, უფალს სურს გამოგვიყვანოს ნივთიერ-საბაზრო ურთიერთობებიდან, როდესაც ჩვენ გვიყვარს ისინი, ვისაც ვუყვარვართ და გვძულს ისინი, ვისაც ვძულვართ. არამედ, ახალი აღთქმის მტვირტველნი, არა ხორცისა, არამედ სულისა, სწორად უნდა ვაგებდეთ ჩვენს ურთიერთობებს ყოველი შესაძლო შეურაცხმყოფელის მიმართ. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა დავიცვათ, როგორც საკუთარი, ასევე ჩვენი ახლობლებისა და მოყვასის უფლებები.
მაგალითად, იოანეს სახარების 18-ე თავის 22-23 მუხლებში ქრისტეს შესახებ ვკითხულობთ: "ეს რომ თქვა, ერთმა იქვე მდგომმა მსახურმა სილა გააწნა იესუს და უთხრა: ასე მიუგებ მღვდელმთავარს? უთხრა მას იესუმ: თუ ცუდად ვთქვი, მიჩვენე ცუდი, და თუ კარგად - რატომღა მცემ?".
მართლაც, არავისა აქვს უფლება დაუსჯელად დაესხას თავს სხვა ადამიანს. ამ სიტყვებით ქრისტე გვაძლევს მაგალით, რომ შეგვიძლია მეორე ყვრიმალი მივუშვიროთ, მაგრამ ამასთან უფლებაც გვაქვს მჩაგვრელს პირდაპირ ვუთხრათ ყველაფერი, რასაც ვფიქრობთ.
წმიდა მოციქულთა საქმეებში ლაპარაკია იმაზე, როგორ ითხოვდა მოციქული პავლე საერო ხელისუფლებისგან მისი, როგორც რომაელი მოქალაქის უფლებების დაცვას (საქმე 25:7-12). იმ დროის კანონების მიხედვით რომის მოქალაქის გაროზგვა სრულიად დაუშვებელი იყო. და ჩვენ ვკითხულობთ: "როცა მოვიდა, გარს შემოერტყნენ იერუსალიმიდან ჩამოსული იუდეველნი, რომელთაც მრავალი მძიმე ბრალდება წაუყენეს პავლეს, თუმცა მათი დამტკიცება კი არ შეეძლოთ. ხოლო მან, - ანუ მოციქულმა პავლემ, - თავის გასამართლებლად თქვა: არც იუდეველთა რჯულის, არც ტაძრისა და არც კეისრის წინაშე არ შემიცოდავს.
ფესტუსს იუდეველთა მომადლიერება უნდოდა და პასუხად უთხრა პავლეს: იქნებ იერუსალიმს ასვლა გინდა, რომ იქ განისაჯო ჩემს წინაშე ამ ბრალდების გამო?
პავლემ მიუგო: კეისრის სამსჯავროს წინაშე ვდგავარ, სწორედ იქ, სადაც უნდა განვისაჯო".
რადგან ეს სამსჯავრო მაინც მიუკერძოებლად ეპყრობა სხვადასხვა რელიგიურ მიმართულებებს. შემდეგ პავლე ამატებს:
"იუდეველთათვის კი ცუდი არაფერი მიქნია, როგორც თავად მოგეხსენება. თუ უსამართლოდ მოვიქეცი და ისეთი რამ ჩავიდინე, რომ სიკვდილს ვიმსახურებ, არ გავექცევი სიკვდილს".
აქ მოციქული პავლე ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ თუკი იმსახურებს სიკვდილით დასჯას, ის მზად არის მიიღოს ეს განაჩენი, მაგრამ მას უნდა იცოდეს რისთვის და რამდენად სამართლიანი შეიძლება იყოს ეს განჩინება.
"ხოლო თუ ისინი ტყუილად მდებენ ბრალს, არავის შეუძლია მათ მიმცეს ხელში. კეისრის მსჯავრს მოვითხოვ".
ის ითხოვს საიმპერატორო მსჯავრს, ანუ კეისრისას.
"მაშინ ფესტუსი თავის მრჩევლებს მოეთათბირა და მიუგო: კეისრის მსჯავრს მოითხთვ და კეისართანვე წახვალ".
ჩვენ ვიცით, რომ შემდეგ მოციქული პავლე რომში გაემგზავრა. ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც ლაპარაკია ბოროტებისადმი წინააღმდეგობაზე, მართლმადიდებლურ საზოგადოებაში ხშირად ამბობენ ხოლმე: "პირადი მტერი შეგიძლია გიყვარდეს, ქრისტეს მტერი - უნდა გძულდეს, სამშობლოს მტერი კი - უნდა მოჰკლა". ასეთი მოწოდება სიძულვილისკენ ქრისტიანთათვის მიუღებელია. უფალი ესაია წინასწარმეტყველის პირით შეგვაგონებს: "სიკეთის ქმნა ისწავლეთ". შემდეგ კი ნათქვამია: "ეძიეთ სამართალი, შეეწიეთ ჩაგრულს, განიკითხეთ ობოლი, ქვრივს გამოესარჩლეთ" (ეს. 1:17).
ეს არის ღმერთის მოწოდება. და ეს არის სიკეთე და ის სიმართლე და სამართლიანობა, რასაც უფალი ელოდება ჩვენგან. მაგრამ ვიღაცამ შეიძლება იკითხოს, რას უნდა ნიშნავდეს იოანეს მეორე ეპისტოლეს სიტყვები: "ვინც თქვენთან მოდის, მაგრამ არ მოაქვს ეს მოძღვრება ნურც შინ მიიღებთ და ნურც მოიკითხავთ" (2 ინ. 1:10). გასაგებია, რომ არანაირ სიძულვილზე აქ საერთოდ არც არის ლაპარაკი.
წმიდა მამათა ტრადიციაში ჩამოთვლილიც კი არის საომარ მოქმედებათა დასაწყისის მიზეზები. მოდი, ვნახოთ რა დასაშვები მიზეზებია ესენი. სამხედრო მოქმედებათა წარმოების შესაძლო მიზეზებთან დაკავშირებით ნეტ. ავგუსტინე (IV ს.) წერს:
"მოკვდავთა შორის ბუნებრივი წესრიგისა და მშვიდობის მხარდაჭერის მსახურთათვის აუცილებელია, რათა ომის ჩაფიქრებისა და გამოცხადების უფლება ჰქონდეს მათ, ვინც ფლობს უმაღლეს ძალაუფლებას".
ანუ ისე არ უნდა იყოს, როგორც ერთ საბჭოურ ფილმშია მიუნჰაუზენის შესახებ, რომელმაც ომი გამოუცხადა ინგლისს, მას იბარებენ და გუბერნატორი თუ მერი ეკითხება: "კი მაგრამ როგორ ხდება, რომ ყოველ ადამიანს შეუძლია ომის გამოცხადება"? აი, ავგუსტინე, მთელი თავისი ავტორიტეტით აცხადებს, რომ ომის გამოცხადება სულაც არ არის ვინმეს კერძო უფლება. ამისი გაკეთება, მაგალითად, შეუძლია მეფეს ან მმართველს. ეს ერთი, მეორეც, ავგუსტინე დაბეჯითებით ამტკიცებს:
"აუცილებელია სამართლიანი მიზეზი, კერძოდ, ვისაც უტევენ მათ ეს შეტევა გარკვეული საქციელით დაიმსახურეს".
ანუ, მხედველობაშია ის, რომ არ შეიძლება თავდასხმა ისეთ ადამიანებზე, რომლებიც თვითონ თავს არავის ესხმიან. ამიტომაც ავგუსტინე ასევე ამბობს:
"ომი სამართლიანია მაშინ, როდესაც ის წარმოადგენს შურისგებას უსამართლობისთვის, როდესაც დასამორჩილებელია ხალხი ან სახელმწიფო აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ბოროტება ან დააბრუნოს ის, რაც უსამართლოდ მიისაკუთრა. მესამეც, აუცილებელია, რათა მებრძოლ მხარეს ჰქონდეს სწორი განზრახვა".
ამასთან დაკავშირებით ავგუსტინე მოწმობს:
"ჭეშმარიტი რელიგია მშვიდობიანს უწოდებს იმ ომებს, რომლებიც იწარმოებიან არა რაიმე უპირატესობის ან სისასტიკისთვის, ანუ შურისძიების თვალსაზრისით, არამედ მშვიდობის გასამყარელბად, ბოროტმოქმედთა დასასჯელად და სიკეთის განსამტკიცებლად".
ავგუსტინე ასევე წერს: "ვნება ზიანის მისაყენებლად - შურისძიების უსასტიკესი წყურვილი, უმოწყალობა და დაუცხრომლობა, გაცხარებული ზიზღი, ძალაუფლებისადმი ლტოლვა და მათი მსგავსნი - ეს ყველაფერი სამართლიანად მიიჩნევა ომის წყევლად".
გავიხსენოთ ბიბლიის პირველი წიგნი, დაბადება, როგორ დასწყევლა იაკობმა სიმეონი და ლევი სიტყვებით: "წყეულიმც იყოს მათი რისხვა, რადგან შეუპოვარია, და მათი გულისწყრომა, რადგან სასტიკია!" (დაბ. 49:7).
დატერორებული ბავშვები... XXI ს-ის ფაშისტების ნამოქმედარი...
მაშასადამე, აღმოჩნდა, რომ ომის დროსაც არ უნდა გადავლახოთ მრისხანების საზღვრები. მრისხანება შეიძლება იყოს, მაგრამ ის არ უნდა იყოს სასტიკი და მძვინვარე. გააფთრება შეიძლება დაეუფლოს მეომარს, მაგრამ ის არ უნდა მძვინვარებდეს, ანუ არ უნდა დაჰყავდეს ამგვარ რისხვას გამხეცებამდე, გაპირუტყვებამდე.
წყარო: .dzen.ru.
მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2023 წ.