სწავლანი > განმარტებანი
რა არის ვნებები და როგორ ვებრძოლოთ მათ?
ძველქართულიდან სიტყვა "ვნება" ითარგმნება, როგორც წამება (აქედან მომდინარეობს "ვნებული", ანუ "ნაწამები", "წამებული". ამ შინაარსს, ანუ "წამებას" შეიცავს ძველქართულიდან მიღებული გამოთქმა "ქრისტეს ვნებები"). და მართლაც, არაფერი ისე არ აწამებს ადამიანს - არც დაავადება, არც სხვა რამ, - როგორც საკუთარი გზნება, ანუ ძლიერი, თავშეუკავებელი, ხორციელი თუ სულიერი ხასიათის მისწრაფება. თავიდან ისინი ემსახურებიან ცოდვითი მიდრეკილებების დაკმაყოფილებას, შემდეგ კი ადამიანები თვითონ იწყებენ მისდამი მსახურებას: "ყველა, ვინც სცოდავს, ცოდვის მონაა" (იოანე 8:34).
რა თქმა უნდა ყოველ ვნებაში არსებობს ცოდვითი დაკმაყოფილების მომენტი, მაგრამ მიუხედავად ამისა ვნებები აწამებენ, ტანჯავენ და იმონებენ ადამიანს.
ვნებითი დამოკიდებულების ყველაზე მკაფიო მაგალითებია - ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, სიგარეტის მწეველობა და სიძვა-მრუშობა. ალკოჰოლი და ნარკოტიკები არა მარტო იმონებენ ადამიანს, არამედ შედიან მის ნივთიერებათა მომოცვლაში, რითაც ადამიანის ორგანიზმში ბიოქიმიური პროცესების ნაწილნიც ხდებიან. აქედან, ადამიანი ცუდად გრძნობს თავს, როდესაც მისი სისხლის განიცდის ამ ნივთიერებათა ნაკლებობას. ანუ, გახლავთ სულიერ-ხორციელი დამოკიდებულება. მისი მკურნალობა ორგვარია - სულიერი და ხორციელი, ანუ მკურნალობას უნდა ექვემდებარებოდეს, როგორც სული, ასევე ხორცი. თუმცა, ყოველივეს საფუძველში ძევს ცოდვა და ვნება. ალკოჰოლიკებს და ნარკომანებს ენგრევათ ოჯახები, მათ აგდებენ სამსახურიდან, ისინი კარგავენ მეგობრებს, მაგრამ ამ ყველაფერს ისინი მსხვერპლად სწირავენ ვნებას. ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანი მზად არის ჩაიდინოს ნებისმიერი დანაშაული, ოღონდ თავისი ვნება დაიკმაყოფილოს. შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ მკვლელობათა უდიდესი ნაწილი ალჰოკოლურ-ნარკოტიკულ ნივთიერებათა ზემოქმედების დროს ხდება. აი როგორი ძლიერია თრობის დემონი!
სხვა ვნებებსაც არანაკლები ზიანის მიყენება შეუძლიათ ადამიანის სულისთვის. მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ეს ამავე დროს ძლიერდება ხორციელი დამოკიდებულებითაც.
უპირველეს ყოვლისა ცოდვა ზიანს აყენებს თვით შემცოდეს. ხოლო ვნებებით შეპყრობილობის შემთხვევაში ცოდვისგან მოყენებული ზიანი მრავალგზის ძლიერდება, რადგან ის მუდმივი ხდება და ქრონიკული დაავადების ხასიათს იძენს.
როგორც ღირ. იოანე კიბისაღმწერელი ბრძანებს: "ვნებას იმას უწოდებენ, როცა აზრი ხანგრძლივადაა დაბუდებული სულში, ჩვეულებადაა ქცეული და გონება თავისით ილტვის მისკენ" (წმიდა იოანე სინელი - კლემაქსი, ანუ კიბე. თავი მეთხუთმეტე. მისივე თქმული უხრწნელი სიწმინდისა და ქალწულებისთვის, რომელსაც ხრწნადი კაცნი შრომითა და ოფლით მოიპოვებენ. § 99). მაშასადამე ვნება - ეს უკვე ცოდვაზე მეტია, ეს - ცოდვითი დამოკიდებულებაა, ბიწიერების განსაზღვრული სახეობისადმი მონობაა.
წმიდა მამათა უმრავლესობა რვა ძირითად ვნებაზე მსჯელობს. ესენია: 1) მუცელღმერთობა; 2) სიძვა-მრუშობა; 3) ვერცხლისმოყვარება; 4) მრისხანება; 5) მოწყენილობა; 6) ურვა 7) ამპარტავნება; 8) სიამაყე.
ზოგიერთი ღვთისმეტყველი ვნებებზე მსჯელობისას აერთიანებს მოწყენილობასა და ურვას.
ზოგჯერ რვა ვნებას მომაკვდინებელ ცოდვებსაც უწოდებენ, რადგან მათ (თუკი ისინი სრულიად ფლობენ ადამიანს) შეუძლიათ დაარღვიონ სულიერი ცხოვრება, ადამიანი განაშორონ მადლს და მარადიულ სიკვდილამდე მიიყვანონ. წმიდა მამათა თანახმად, ყოველი ვნების უკან შესაბამისი დემონი დგას, რომელიც ადამიანს განსაზღვრული ვნებისკენ უბიძგებს და უმონებს მას.
წმ. იოანე კასიანე რომაელი წერს, რომ პირველი ექვსი ვნება ერთი მეორის მიყოლებით ჩნდება: "წინამორბედი ვნების სიჭარბე დასაბამს აძლევს მომდევნო ვნებას".
მაგალითად, მუცელღმერთობის სიჭარბიდან მომდინარეობს სიძვა-მრუშობის ვნება; სიძვა-მრუშობიდან - ვერცხლისმოყვარება; ვერცხლისმოყვარებიდან - მრისხანება; მრისხანებიდან - მოწყენილობა; მოწყენილობიდან - ურვა. ყოველი ამ ვნებათაგანი წინა ვნების განდევნით იკურნება. მაგალითად, სიძვა-მრუშობის ვნება რომ დავამარცხოთ, საჭიროა მოვთოკოთ მუცელი, ვებრძოლოთ მუცელღმერთობას; მოწყენილობა რომ დავამარცხოთ, საჭიროა მოვერიოთ მრისხანებას და ა. შ.
განსაკუთრებულ ადგილზე დგანან ამპარტავნება და სიამაყე. ისინი ურთიერთდაკავშირებული ვნებებია. ამპარტავნება დასაბამს აძლევს სიამაყეს, და სიამაყესთან მხოლოდ ამპარტავნების დამარცხებით არის შესაძლებელი ბრძოლა. ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ ვნებები ხორციელი სიკვდილის შემდეგაც არ ქრებიან. სხეული, როგორც ინსტრუმენტი, რომლითაც ადამიანი ცოდვას ჩადის, კვდება, იხრწნება და ქრება. მაგრამ სული ამ ვნებებისგან ვერ თავისუფლდება. საკუთარი ვნებების დაკმაყოფილების შეუძლებლობა - აი რა დატანჯავს და დაწვავს ადამიანს სიკვდილის შემდეგ.
წმიდა მამები ამბობენ, რომ საიქიოში ვნებები ადამიანს იმაზე მეტად გააწამებენ, ვიდრე დედამიწაზე ცხოვრებისას, რადგან კაცნი ჯოჯოხეთში ვნებათა მოძალებისგან მუდმივად და შეუსვენებლივ დაიხრუკებიან. ვნებათა ცეცხლი მათ სულს აუტანლად დასწვავს; და არა მარტო ხორციელი ვნებები იქნებიან ესოდენ მტანჯველნი, რადგან ვერ ჰპოვებენ დაკმაყოფილებას, არამედ სულიერი ვნებებიც: სიამაყე, ამპარტავნება, მრისხანება - იქ არც ამ ვნებათა დაკმაყოფილების შესაძლებლობა იარსებებს. და, რაც მთავარია, ადამიანი იქ ვნებებთან ბრძოლასაც ვერ შეძლებს, ეს შესაძლებლობა მხოლოდ დედამიწაზეა, რადგან კაცს სინანულისა და გამოსწორებისთვის მხოლოდ მიწიერი ცხოვრება ეძლევა.
რასაც და ვისაც ემსახურებოდა ადამიანი მიწიერ ცხოვრებაში, მასთან ერთადვე იქნება მარადისობაშიც. თუ ის თავის ვნებებს და ეშმაკს ემსახურებოდა, მასთანვე დარჩება ჯოჯოხეთში. მაგალითად, ნარკომანისთვის ჯოჯოხეთი - ეს უსასრულო, დაუმთავრებელი "მტვრევაა" ("ლომკა"), ალკოჰოლიკისთვის - მარადიული ნაბახუსევობა და ა. შ. მაგრამ თუკი ადამიანი ემსახურებოდა ღმერთშ, იყო მასთან და დედამიწაზეც ღმრთის სწავლებებითა და სათნოებებით საზრდოობდა, შეუძლია იმედი იქონიოს, რომ საიქიო ცხოვრებაშიც ღმერთთან ერთად იქნება.
როგორ იკურნება ვნება? ვნებებტან ბრძოლა უფრო ძნელია, ვიდრე ჩვეულებრივი ცოდვებთან. ქრონიკული, მიშვებული დაავადების დამარცხებაც ხომ უფრო ძნელია.
პირველი, რისი გაკეთებაც მართებს ვნებებით შეპყრობილს არის ის, რომ უნდა შეიგნოს სნეულების სიმძიმე და დამოკიდებულების ხარისხი; რომ ის კი არ ბატონობს თავის ვნებებსა და მავნე ჩვეულებებზე, არამედ პირიქით - ვნებები ბატონობენ მასზე. ვნებებზე დამოკიდებულს უნდა ესმოდეს, რომ საჭიროებს სულიერ მკურნალობას.
მეორე, ვნებებით შეპყრობილმა ადამიანმა, უნდა შეიძულოს ვნება და მასთან ბრძოლის მტკიცე გადაწყვეტილება მიიღოს.
მესამე, - ბრძოლის დაწყება აუცილებლად მართებს ღმრთისადმი ლოცვით. ღმრთის შეწევნის გარეშე, წმიდა საეკლესიო საიდუმლოებებსა და ევქარისტიაში მუდმივი მონაწილეობის გარეშე, მხოლოდ საკუთარი ძალისხმევის იმედით, ვნებებს ვერავინ გაუმკლავდება.
და მეოთხე, რაც მუდმივად უნდა გვახსოვდეს: ყოველი ვნება მისი საწინააღმდეგო სათნოებით იკურნება. მაგალითად, თუ ადამიანი მოწყლულია მუცელღმერთობით, მან საკუთარ თავში უნდა დანერგოს თავშეკავება და მარხვა: თუ ვერცხლისმოყვარებას შეუპყრია, მაშინ საკუთარ თავში აღზარდოს თანაგრძნობა ღარიბთა და უპოვართადმი, გაიღოს მოწყალება და იცხოვროს მოკრძალებითს. მრისხანება გაღიზიანებისგან თავის არიდებით იკურნება. აქ საჭიროა მოთმინება, სულში თავმდაბლობის გაღვიძება, სიყვარული და მიმტევებლობა. და აი ასე, ყოველ ვნებას მისი საწინააღმდეგო სათნოება აქრობს და ადამიანიც, ღვთის შეწევნით, ამ სათნოებათა მიერ იკურნება.
წყარო: https://pravoslavie.ru/104749.html
თარგმანი: საიტი "აპოკალიფსისი". 1 მაისი. 2021 წ. ვნების შვიდეული.